ბართლომეოს I-ის სიტყვა წარმოთქმული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა,
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი,
უფალი უფალი ბართლომეოს I
Η Αυτού Θειοτάτη Παναγιότης,
ο Αρχιεπίσκοπος Κωνσταντινουπόλεως, Νέας Ρώμης και Οικουμενικός Πατριάρχης,
κύριος κύριος Βαρθολομαίος Α’
 
ყოვლადუწმიდესი ბართლომეოს I – კონსტანტინოპოლის ეკლესიის 270-ე მწყემსმთავარი (ერისკაცობაში დიმიტრიოს არხონდონისი) დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე (თურქ. გოქჩეადა). დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო – სტამბულში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961-63 წწ იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი.

 

 

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართლომეოსი. ამავე წლის 13 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1963-68 წწ მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე “წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში”. ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა მცირე აზიის ღვთივდაცული ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

 

 

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბულის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

 

 

ყოვლადუწმიდესი ბართლმეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის – თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა.

 

 

ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.

 

მსოფლიო პატრიარქს არაოფიციალურად მინიჭებული აქვს ტიტული Primus inter pares – პირველი თანასწორთა შორის, რითიც ის მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის სარგებლობს უპირატესი პატივით.
 
 
მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის სიტყვა წარმოთქმული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებისა

 

უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა, ბატონო ილია; უწმიდესნო ძმანო მღვდელმთავარნო; თქვენო აღმატებულებავ ხელისუფლების წარმომადგენლებო; ღრმადპატივცემულო ბატონო რექტორო; ღრმადპატივცემულნო რექტორატის წარმომადგენლებო და პროფესორ-მასწავლებლებო; ძვირფასო სტუდენტებო;

ცოდნის ტაძარში მოსულნი ისეთ დიდ სულიერ მღელვარებას განვიცდით, როგორსაც ზებუნებრივი საოცრების წინაშე და მისი განცდით გამოწვეული აღტაცებისას, რამეთუ ამ ტაძარში აღესრულება საიდუმლო შემეცნებისა ანუ თითოეული თქვენგანის ზიარება ჭეშმარიტებასთან. სამყაროს შემოქმედის სახით ნამდვილად არსებობს ჭეშმარიტება. მეცნიერების ყოველი დარგი-ტექნიკური თუ ჰუმანიტარული-სამყაროს ერთ კონკრეტულ ნაწილს იკვლევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცდილობს აღმოაჩინოს და ჩასწვდეს აზრსა და სიბრძნეს თავად შემოქმედისა, მისივე ქმნილებათა არსის შესწავლის მეშვეობით. დიდი და წმიდა საქმეა მეცნიერული მოღვაწეობა. იგი ჰგავს მცდელობას მორწმუნისა, რომელიც ისწრაფვის პირადად შეიცნოს შემოქმედის სიყვარულის მეშვეობით და ამ გზით უშუალო, პირადი კონტაქტი დაამყაროს მასთან. ღმერთმა მისცა ადამიანს უნარი შემეცნებისა და უშუალო, ემპირული ცოდნის დაუფლებისა, რომელსაც საყვარელ სახესთან ურთიერთობით აღწევს. თქვენ, რომლებიც მეცნიერებას ემსახურებით, სხვადასხვა დარგის გამოცდილი მკვლევარნი, შემეცნებით ცოდნას ემსახურებით. ჩვენ კი, რომლებიც ღმერთის სამსახურს მივუძღვენით თავი, სიყვარულის მეშვეობით ვიძენთ უშუალო, პირად გამოცდილებას და ვეუფლებით ცოდნას მიუწვდომლის შესახებ, ღმრთის განკაცებამდე. მაგრამ ის მიუწვდომელი ღმერთი მოვიდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, შეისხა ხორცი და ამ გზით გახდა ხილული და ხელშესახები, ძმა და მეგობარი ჩვენი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობით მოგვმადლა ცოდნა და შვება თვისი პირი (სახის) უსაზღვრო მშვენიერებისა. ერთი სიტყვით, მეცნიერები და მორწმუნენი ერთმანეთს ვხვდებით ერთსა და იმავე საბოლოო წერტილში და ერთი და იმავე მიზნის დასასრულს, თუმცა კი სვლას სხვადასხვა გზით ვიწყებთ. თქვენ მიჰყვებით გზას შემეცნებისას, რათა ღმრთის უხილავი მარადიული ძალა ღმრთისმიერვე ქმნილებათა ხილვით შეიცნოთ (რომ. 1: 20), ჩვენ კი მისი მეშვეობით გზას მივყვებით სიყვარულით, მისი მცნებების დაცვით და მასთან მიმსგავსებით; იმ იმედითა და რწმენით, რომ ისევე “ვიხილავთ მას, როგორიც არის” (იოან. 3:2). ამით აიხსნება ის დიდი სიხარული, რომელიც ამ ტაძარში მოსვლამ აღგვიძრა, ტაძარში, რომელშიც, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მეცნიერების ყოველ დარგში, სამყაროს შემეცნების მეშვეობით სამყაროს შემოქმედის შეცნობაც იგულისხმება. ვხედავთ, რომ საბოლოო მიზნად ჭეშმარიტების შეცნობა დაგისახავთ, მოგმართავთ გულითადი, მეგობრული, ძმური და მშვიდობიანი სალმით. კონსტანტინოპოლის ქრისტეს მიერ დიდი დედა-ეკლესია და პირადად ჩვენ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ჩამოვედით თქვენს ქვეყანაში. მოგიტანეთ კურთხევა და მადლი ჩვენთა სიწმინდეთა და ჩვენისა სასოებისა, რომელიც ჩვენს მოკრძალებულ ტახტზეა დაუნჯებული და აგრეთვე მოგართვით ჩვენი გულები, გამსჭვალული პატივისცემითა და სიყვარულით, აღვსილნი საუკეთესო სურვილებითა და ლოცვა-კურთხევით. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და სასიქადულო ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით ჩვენი უმდაბლესობის დაჯილდოებისათვის. დიდ მადლობას მოგახსენებთ აგრეთვე ამ საპატიო კათედრის დათმობისათვის. ვღებულობთ ამ პატივს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ იგი ეძლევა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მართლმადიდებლობაში დაგროვილი ემპირული ცოდნისათვის. რამეთუ ესეც ნამდვილი ცოდნაა, ძალზე განსხვავებული მეცნიერული ცოდნისაგან, მაგრამ, ნება მომეცით ვთქვა, – უფრო მეტად ცხოველმყოფელი და განმათავისუფლებელი. ეს არის ცოდნა მომნიჭებელი უკვდავებისა, სიხარულისა და მშვიდობისა. ის განსაკუთრებულადაა დაკავშირებული სულის შემეცნებით და სურვილისეულ ანუ მოწმედებისეულ უნარებთან, მაშინ როდესაც მეცნიერული ცოდნა უმეტესწილად ლოგიკასთან (გონებასთან) არის დაკავშირებული. სულიერ ძალებთან ასეთი მიმართების მიუხედავდ, ცოდნის დაუფლების ეს ორი გზა ნაწილობრივ ერთმანეთს ხელს უწყობს, მაგრამ სწორი გზიდან გადახვევის შემთხვევაში ცდომილების სხვადასხვა მიმართულებისაკენ მიგვიძღვის. მეცნიერული ცდომილება არის ისეთი აზრი, შეხედულება, ჰიპოთეზა ან თეორია, რომლის დაცვაც შესაძლებელია, მაგრამ მისი უსაფუძვლობა საბოლოოდ მაინც გამომჟღავნდება. რელიგიური ცდომილება არის პიროვნული მოწონება, შინაგანი რწმენა და დარწმუნება იმ დებულებებში, რომელთა უსწორობაში ხედავენ სხვანი, მაგრამ არა თავად ცდომილნი. ამიტომაც მეცნიერულ ცდომილებაში მყოფი, რომელსაც არა აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება თავისსავე მეცნიერულ შეხედულებებთან, ადვილად დაუბრუნდება მეცნიერულ ჭეშმარიტებას, რასაც ხელს შეუწყობს მეცნიერულ კანონებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული მეცნიერული არგუმენტები და მტკიცებულებანი. რა თქმა უნდა, ამ კანონებს არა აქვთ შეუვალი ავტორიტეტი, რამეთუ ცოდნის გაღრმავება და მეცნიერული პროგრესი აბათილებს ხოლმე ადრე აღიარებულ მეცნიერულ არგუმენტებს. რელიგიურ საკითხებში ცდომილნი კი, რომლებიც ძლიერი აფექტური დამოკიდებულებითაა დაკავშირებული თავისსავე ცდომილებასთან, ძნელად აღიარებენ თავიანთ შეცდომას, თუნდაც უამრავი არგუმენტი და მტკიცებულება მოუყვანონ მცდარი აზრის გასაბათილებლად. განსაკუთრებით შეუვალნი გაუნათლებელნი არიან, რომლებიც არ არიან მიჩვეულნი აზროვნებას და არც სხვათა ნააზრევის პატივისცემას; არ გააჩნიათ თავმდაბლობა და არც კრიტიკული განსჯის უნარი და ამით ამტკიცებენ წმიდა წერილის სიბრძნეს “განსაჯე ბრიყვი და თავს შეაძულებ” (იგავნი სოლ. 9:9) რელიგიურ ცდომილებათა ტიპოლოგიისას ისეთ გამოვლინებათა წინაშე აღმოვჩნდით, რასაც ჰქვია: ერესი, ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, ზილოტიზმი ანუ მოშურნეობა და სიძულვილი. წმიდა სულიერი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ცდომილებაში ჩავარდნენ ის პირებიც, რომელთაც არა აქვს განსაზღვრული დოგმატურ ჭეშმარიტებათაგან გადახვევა. ასეთ შემთხვევებში ცდომილებაზე ვლაპარაკობთ სწორ საქციელთან ზმანებასა და ისეთ სულიერ მდგომარეობასთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც ცდომილებაში ჩავარდნილი პატივისცემით არის გამსჭვალული, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება ფანტაზიის ნაყოფს ან სხვა, განსხვავებული წარმომავლობის მოვლენას. ერესი ბერძნულ ენაზე ნიშნავს არჩევას, მჯობინებას. ერესთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ამჯობინებენ იმას, რაც ჭეშმარიტად ეჩვენებათ, მაგრამ სიღრმისეულად ის მცდარი მოსაზრებაა და მას დოგმატურ ხასიათს სძენენ. მართლმადიდებელ ეკლესიაში არაერეტიკული ჭეშმარიტება კატაფატიკური და აპოფატიკური გზების მეშვეობით გამოითქმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების გამოსახატავად ნებისმიერი ტერმინი არასრულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიყენებთ მათ ურთიერთგაგებისათვის, ვითარცა პირობით ნიშნებს, რომელთა მიღმაც არსებობს ცდუნება. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ჭეშმარიტება არ წარმოადგენს მხოლოდ ფორმულირებას; არ წარმოადგენს მხოლოდ აზროვნებას; იგი არის წმინდანთა გამოცდილება, ხოლო აქედან გამომდინარე, ყოველი ფორმულირება შეიმეცნება არ “წიგნით” (ანუ დაწერილობით), რომელიც, მოციქულის სიტყვის თანახმად, მოაკვდინებს, არამედ სულით, რომელიც აცხოვნებს (2კორ. 2:3). კითხვა, თუ როგორია, მაგალითად, იესო ქრისტე ან სულიწმინდა, შემეცნებით კანონთა და ფორმულირებათა საკითხს კი არ წარმოადგენს, არამედ მისი პირადი გაცნობისა და უშუალო ემპირული გამოცდილების სფეროს განეკუთვნება. ამიტომაც წმინდანების პირად გამოცდილებასა და მოწმობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო დიდი, ვიდრე აზროვნებისეულ ფორმულირებებს. სწორედს ამიტომ პირველი ეკლესია დოგმატების ფორმულირებით არ იყო იმდენად დაკავებული, რამდენადაც ცხოვრებისეული განცდით. იმას, ვისაც ქრისტეს გაცნობა სურდა, მის შესახებ წიგნით კი არ აღჭურვიდა, არამედ ქრისტესკენ მიუძღოდა, რათა მისთვის ეგრძნობინებინა მისი ცხოველმყოფელობა. რა თქმა უნდა, ესაუბრებოდა მას ქრისტეს მოძღვრებების საქმეთა შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, მაგრამ ეს ყოველივე ხდებოდა არა იმისათვის, რომ იგი დოგმატური კანონებითა და ქრისტეს შესახებ თეორიული ცოდნით აღეჭურვა, არა იმიტომ, რომ ქრისტოლოგიის თეორიული მცოდნე გაეხადა, არამედ იმისათვის, რომ ქრისტესთან უშუალო ურთიერთობაში მიეყვანა. დოგმა მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც პირველი ერესები გამოჩნდა, როდესაც გაჩნდა მცდარი მოძღვრებები, რათა გამოემჟღავნებინა ცდომილება და განესხვავებინა ჭეშმარიტებისაგან. ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, სიძულვილი და ზილოტიზმი ძირითადად აფექტური სულიერი მდგომარეობაა ცალკეული რელიგიისა თუ ზოგიერთი მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუკი პირველი სამი მოვლენა ადვილი გამოსაცნობი და დასაგმობია, გაუცნობიერებელი ზილოტიზმი ადვილად შეიძლება აღერიოს გაუცნობიერებულ ზილოტიზმთან, რადგან ზილოტიზმი სულის აფექტური – თავიდან მეტად კარგი – ენერგია და ძალაა, რომელიც შესაძლოა მიიმართოს როგორც ჭეშმარიტი სიკეთის, ასევე ფენომენალური და მოჩვენებითი სიკეთისკენ. წმიდა წერილში არაერთგზის ვხვდებით ღმერთის მოშურნეთა წყებას, მაგრამ წერილი ასევე არაერთგზის გმობს ისეთ მოშურნეობას, რომელიც არაა ღმრთისმიერი. ამ საკითხის შესანიშნავი და სრული ანალიზი იაკობის ეპისტოლეშია მოცემული. ნაჩვენებია, თუ როგორ წარმოაჩენს ბრძენს საქმენი მისნი და ხაზგასმულია ისიც, რომ თუკი გულში მწარე შური და მტრობაა ჩაბუდებული, მაშინ ის სიბრძნე ზეგარდმო გარდამომავალი კი არ არის, არამედ – მიწიერი, ფსიქიკური, დემონური. ამას თან ერთვის ისიც, რომ სადაც არსებობს “შური და ხდომაი”, იქ უსათუოდ არსებობს ცბიერებაც; განმარტებულია ისიც, თუ როგორ გამოიცნობა ზეგარდმო სიბრძნე და ჩამოყალიბებულია ასე: “პირველად სიწმინდე არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაითა, განუკითხველ და შეუორგულებელ” (იაკ.3:17) წმიდა მამანი მრავალგზის წარმოგვიჩენენ სიმშვიდეს, ვითარცა მართებულ სულიერ მდგომარეობას, ხოლო შურს – ვითარცა მცდარს. ათორმეტთა მოციქულთა სწავლანი გვირჩევენ: “შვილნო ჩემო . . . ნუ იქნები მრისხანე, ნუცა მოშურნე” (თავი III), ხოლო ღირსმა თეოდორე სტუდილემა, რომელსაც არაერთგზის იმოწმებენ ზილოტები, თავისი ბერებისადმი მიმართვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერი უნდა იყოს “მიზეზი მშვიდობისაი”, ხოლო თუკი იგი აღვსილია შურითა და მტრობით, განხეთქილების მოსურნეობით, მაშინ იგი არის “ბრმა და ახლომხედველი” (სწავლ. 39-ე). ისაია წინასწარმეტყველი, რომლის სიტყვებში წმინდა განგებებიდანაც არის ცნობილი, ბრძნულად განმარტავს ჭეშმარიტებას და ამბობს: “შური იმონებს გაუნათლებელ ხალხს”, ხოლო სიბრძნე ზირაქისა გვასწავლის: “შური და მრისხანება ამოკლებს დღეთ”; ამასვე ამბობს იობთან თანამოსაუბრე გამონათქვამით: “შეცდომილი იგი მოაკვდინის შურმა” (იობ. 5:2) მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი დღევანდელი ზილოტები კალენდრის საკითხს, დიაქრისტიანულ და რელიგიათშორის დიალოგებს, ე.წ. ეკუმენურ მოძრაობას ძირითად დოგმატურ საკითხთა რანგში განიხილავენ, ვინაიდან მცდარი დამოკიდებულება აქვთ როგორც ამ საკითხთა ზუსტი განზომილებების, ასევე შესაბამისი ქმედებების მიმართ. გამოაცალკევებენ ხოლმე მამათა ზოგიერთ გამონათქვამს და მათზე დაყრდნობით მცდარ მეცნიერულ საფუძვლებს აყალიბებენ. ასე, მაგალითად, კალენდრის საკითხი ცხოვნების საკითხთა რანგში აჰყავთ, თითოეული ადამიანის ცხოვნების კრიტერიუმად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ის მხოლოდ წესრიგის საკითხს განეკუთვნება. ამავე დროს, უგულებელყოფენ წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებას, რომ “არ არსებობს დრო ღმერთისათვის” და ასევე: “არცა დღეთა და არცა დროთ, და არცა წელიწადთ ვითვლით, არამედ ეკლესიას მივყვებით სიზუსტის დაცვით, სიყვარულსა და მშვიდობას ვამჯობინებთ ყველაფერს. და თუკი ეკლესიამ მაინც დაუშვა შეცდომა, ის არ იყო გამოწვეული დროის სიზუსტით, არამედ განხეთქილებითა და სქიზმით ჩადენილი დანაშაულის გამო. ამიტომაც ნურავინ მეტყვის სიტყვას დროის შესახებ, რამეთუ არ იქნება იგი ღმრთის მიერი” (P.G.48,870). რაც შეეხება დიალოგებს, ზილოტები მათ მიუღებლად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი მტკიცებულებების თანახმად, დიალოგების მეშვეობით მზადდება ერთი საყოველთაო რელიგია ან ხდება მცდელობა ეკლესიების შეერთებისა, დოგმატური კანონების უგულებელყოფის ხარჯზე. ორივე ბრალდება არსებითად უსაფუძვლოა. არაერთგზის განგვიცხადებია და კვლავაც ვიმეორებთ, რომ არ მოხდება არც ერთი ეკლესიის შეერთება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თუკი ის ეკლესია, რომელიც მას უნდა შეუერთდეს, არ აღიარებს პირველი განუყოფელი ეკლესიის დოგმატურ მოძღვრებებს ანუ იმ დოგმატებს, რომლებიც რომის ეკლესიასთან მომხდარ განხეთქილებამდე არსებობდა და რომლებსაც მტკიცედ და მყარად იცავს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ დიალოგი ზედმეტია და მას ზიანი მოაქვს, ვინაიდან სხვა აღმსარებლობის ეკლესიები კვლავ თავიანთ განსხვავებულ მოძღვრებებს მიჰყვებიან, მოციქული პავლე კი გვეუბნება, რომ ნუ ვიმსჯელებთ ერეტიკოსებთან, განვეშოროთ მათ პირველი და მეორე სწავლების შემდეგ. მოციქულის რჩევა, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, პატივისცემასა და დაცვას იმსახურებს; მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ მოციქული ლაპარაკობს ცალკეული ერეტიკოსის შესახებ, დღევანდელი დიალოგები კი მიმდინარეობს სხვა აღმსარებლობის ეკლესიათა დელეგაციებთან, ხოლო მათი მეშვეობით ამ ეკლესიათა მილიონობით წევრთან, რომელთაც გააზრებულად კი არ მიუღიათ გადაწყვეტილება გამოჰყოფოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ თავიანთი წინაპრებისაგან გადმოეცათ მემკვიდრეობით. დიალოგები მიმდინარეობს სწორედ მათი და მათ შორის მყოფ კეთილგანწყობილ პირთა მეშვეობით, რომელთაგან ბევრი კვლავ უბრუნდება მართლმადიდებლობის წიაღს, რომელსაც დიალოგების შემდეგ გამოქვეყნებული ლიტერატურის დახმარებით ეცნობა. ჩვენი ვალია დავიმოწაფოთ ყოველი ერი, თვით ისეთებიც, რომელთა უმრავლესობა სხვა აღმსარებლობას აღიარებს; მათ შორის კეთილგანწყობილნი კი ჩვენს წიაღში მივიღოთ, ერთი სიტყვით, საჭიროა გამორჩევა, როგორც ამას მიგვითითებს ჭეშმარიტად მართლმადიდებელი წმიდანი იოანე, ავტორი “კლემაქსისა”, თავის სიტყვაში გამორჩევის შესახებ და გვეუბნება: “ურწმუნოთ და ერეტიკოსებს, რომელნიც ბოროტებით თავს გვესხმიან, განვეშოროთ (შემდგომად ერთისა და ორისა სწავლებისა) (ტიტ.3:10). ხოლო მათ მიმართ, ვისაც სურს ჭეშმარიტების შეცნობა, “სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება” (შდრ.გალ.6:9). მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენი საქციელი ჩვენს სულიერ ძლასა და გამძლეობასთან შესატყვისი უნდა იყო” (სიტყვა XXVI, თავი II, მუხლი 11). იგივე წმინდანი თავის სიტყვაში მწყემსის მიმართ წერს: “უძლურნი ნუ ჭამენ პურს ერეტიკოსებთან ერთად, როგორც ეს წმინდა კანონების მიერ არის დადგენილი. მაგრამ ისინი, ვინც ღმრთის მადლით ძლიერნი არიან, თუკი მიწვეულნი იქნებიან რწმენითა და კეთილი ნებით, და სურვილი აღეძვრებათ მათთან წასვლის, წავიდნენ სადიდებლად ღმრთისა.” წმინდანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენივე მოყვასთან დიალოგის არადელიკატური უარყოფა არ არის სწორი და სამაგალითო. გარდა ამისა, შეუძლებელია ჭეშმარიტების ქადაგება დიალოგის გარეშე. უფრო მეტიც, დიალოგის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანთა შორის მტრობის შესუსტება, რაც უსათუოდ წინ უნდა უსწრებდეს ჭეშმარიტების ქადაგებას (შდრ.საქმე მოციქ.17:22-34). რელიგიებსა და დოგმატებს შორის არსებულმა მრავალწლიანმა პოლემიკამ, მტრობამ და შეტაკებებმა ვერ მიიყვანეს მონანიებამდე განსხვავებული დოგმატებისა და რელიგიების წარმომადგენლები. ვალდებულნი ვართ მოვსინჯოით მეთოდი ურთიერთგაგების, ნამდვილი კეთილი ნების გამომჟღავნების, შერიგებისა და დიალოგისა. მართალია, ძალზედ დამქანცველი, მაგრამ შედეგიანი. ამიტომაც მცდარად მიგვაჩნია ზილოტების თვალსაზრისი განმარტოებისა და სხვა აღმსარებლობათა თუ რელიგიების წარმომადგენლებთან ყოველგვარი დიალოგის შეწყვეტის თაობაზე. განმარტოებას მოჰყვება უარის თქმა ჭეშმარიტებისაგან შორს მყოფი ჩვენივე მოყვასის დამოწაფებაზე, რაც ეწინააღმდეგება ქრისტეს მოძღვრებას იმის შესახებ, რომ დავიმოწაფოთ ყოველნი ერნი (მათე 28:19), რაშიც, რასაკვირველია, სხვა რელიგიათა წარმომადგენლებსაც გულისხმობს. როგორ შეიძლება ველაპარაკოთ მათ ქრისტეს შესახებ, თუკი, უპირველეს ყოვლისა, დიალოგების მეშვეობით არ მოვიპოვებთ მათ ნდობას და არ დავარწმუნებთ ჩვენს მათდამი კეთილ სურვილებში? ყველაფერი ის, რასაც ერთობლივი ძალისხმევით აკეთებენ ქრისტიანთა შორის თუ რელიგიათა შორის მიმდინარე დიალოგებში მონაწილენი ან მართლმადიდებელი ეკლესიები ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობისას, შედეგია საღმრთო მოშურნეობისა, რათა დაიმოწაფონ ყოველნი ერნი და არა იმისათვის, რომ გააღვივონ სინკრეტიზმი და განეშორონ ჭეშმარიტებას. არ ვაცხადებთა იმას, რომ ყოველ დიალოგზე ქრისტიანობისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების უშუალო ქადაგება მიმდინარეობს. ჯერ არ დამდგარა სანუკვარი დრო ასეთი მოქმედებისათვის. მაგრამ ამ დიალოგებზე ხდება ქადაგება ჭეშმარიტების შემადგენელი ნაწილებისა, ისევე როგორც ღაღადჰყვეს იგი წინასწარმეტყველებმა ქრისტეს შობამდე; ისევე როგორც თავად ღმერთმა მოსეს რჯულის მეშვეობით გამოუჩინა ჭეშმარიტება ჯერ კიდევ მის მისაღებად მოუმწიფებელ კაცობრიობას. და თუკი ღმერთი დაელოდა დროის შევსებას იმისათვის, რომ განკაცებულიყო და გამოცხადებოდა კაცობრიობას ქრისტესმიერი ჭეშმარიტებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გამორჩევით და ნაწილ-ნაწილ განვუცხადოთ ჭეშმარიტება იმათ, რომლებიც მას არ იცნობენ. განვუცხადოთ იმ ფარგლებში, რომლის მიღებისათვისაც ისინი მზად არიან. ამის მაგალითს გვაძლევს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოწაფეებს უთხრა: “ბევრი რამ მაქვს სათქმელი თქვენთვის, მაგრამ თქვენ მას ვეღარ იტვირთავთ~ (იოანე 16:12). გარდა ამისა, მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ ელაპარაკა მათ, ვითარცა სულიერად ჩვილებს და მათ ასმევდა რძეს და ჯერ არ აძლევდა საჭმელს, ვინაიდან მათ მაშინ არ შეეძლოთ მისი მონელება (1კორ.3:2) ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია მათ მიბაძოს და მოახდინოს დიფერენციაცია, როდესაც სხვა დოგმატებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ესაუბრება და კიდევაც აკეთებს ამას დიდი დელიკატურობით. ჭეშმარიტების შებღალვას არ ნიშნავს ის, თუკი ყველა შემთხვევაში სრულად არ განაცხადებ მას; ისევე როგორც ქრისტეს არ გადაუხვევია ჭეშმარიტებისაგან, როდესაც ჯვარცმის წინ ბოლომდე არ გაუმჟღავნა სათქმელი თავის მოწაფეებს. გვესმის იმათი მოშურნეობის, რომლებიც სრულ განმარტოებას გვთავაზობენ მას შემდეგ, რაც სხვა აღმსარებლობათა და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები ყურად არ იღებენ ჩვენგან პირველ და მეორე სწავლებას. იმათიც გვესმის, რომელთაც სურთ, რომ სხვა დოგმატებისა და რელიგიების წარმომადგელებთან ყოველი ურთიერთობისას თუ შეხვედრისას უშუალოდ ქრისტეზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ასეთი მოქმედება არ არის დელიკატური. ისინი არ ითვალისწინებენ წმიდა წერილის სიბრძნეს: “ჟამი არს დუმილისაი და ჟამი სიტყვისაი” (ეკლესიასტე 3:7) და აი, დადგა დრო ჩვენი სიტყვის დასრულებისა და ყოველივე ზემოთ თქმულის ერთი მოკლე წინადადებაში თავმოყრისა: `ჟამი ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე~ ღმრთის განგების მიერ დგინდება. მადლობას მოგახსენებთ მოთმინებისა და ყურადღებისათვის. მადლი და ღმრთის მიერი უხვი წყალობა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.
ბერძნულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო თამარ მესხმა.
თბილისი, 2004.

Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *