განკაცებული ლოგოსის კოსმიური ბუნების შესახებ

09/12/2021
By

263552557_1082592122512290_1360495216488985242_nრომაელთა მიმართ  8, 19-23 განმარტება სამეცნიერო-საღვთისმეტყველო პერსპექტივაში

ავტორი: იოანე კაზარიანი

 

რამდენად მართებულია საუბარი იმაზე, რომ აღდგომა და განღმრთობა მხოლოდ და მხოლოდ გონიერი არსების, ანუ ადამიანის ხვედრია და რომ არაგონივრულ ქმნილებას ეს არ შეეხება? შესაძლებელია თუ არა არაგონივრული სამყაროს განახლება და განმღრთობა მთელი მისი ორგანული და არაორგანული შემადგენლობით? ჩვენი აზრით, ამ მხრივ, ყველაზე პრობლემატურია რომაელთა მიმართ ეპისტოლეს 8, 19-24 მუხლები, როგორ გვესმის ჩვენ ეს მუხლები? სამყაროსა და მისი მიკრო მოლეკულარული წყობის შესახებ ახალი სამეცნიერო მონაცემების ფონზე ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. თანამედროვე სამეცნიერო მონაცემები ახალი აღთქმის ზოგიერთ მუხლის ახლებური ინტერპრეტაციის საფუძველს გვაძლევს და  რომ. 8, 19-23 ამის ერთ-ერთი მაგალითია. რომ. 8, 19-23 შესახებ ერთ-ერთ ჩვენს წინა სტატიაში დაწვრილებით ვწერდით (1), რომელშიც ხსენებული მუხლების ინტერპრეტაციისადმი ალტერნატიული მიდგომის საფუძველზე ჩვენი ხედვა შემოგთავაზეთ. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ “ამაოების” გაგებაზე და “ამაოებიდან” გამომდინარე ქმნილი ბუნების ხრწნადობასა და უხრწნადობაზე. მოცემული სტატია ხსენებული წინა სტატიის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელშიც იმ დასკვნამდე მივედით, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონის ფონზე და ინფლაციის ჭრილში (რომელიც “დიდი აფეთქების” წარმოებულია) შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ადამიანის ცოდვით დაცემამდე ბუნება უხრწნადი იყო. ახლა, გვსურს, პავლე მოციქულის ხსენებული სიტყვების ხედვა და გაგება გავაღრმავოთ: “ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინშირადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით” (რომ. 8, 19-24).

დავსვათ კითხვა: როგორ შეიძლება ჰქონდეს სასოება ცხოველებს და ზოგადად სამყაროს? რათქმაუნდა, ვერც ცხოველებს და ვერც სამყაროს ვერ ექნება ღვთის შვილთა გამოცხადების სასოება, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ სამყაროს “ინსტინქტური სასოება” არ გააჩნია, რომელიც მის ბუნებაში შეიძლება შემოქმედის მიერ არის ჩადებული, ანუ ამ ბუნების თვის იყოს სრულიად იმანენტური მოვლენა. ხსენებული (და მათ შემდგომი) მუხლების კონტექსტი, ზოგადად, ადამიანებს ეხება, მაგრამ ეს რამოდენიმე მუხლი არაგონიერ სამყაროსაც ეხება, რომელიც “ქმნილებად” არის წოდებული. პავლე მოციქულის გაგებით, ქმნილებაც შეიძლება სასოებდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას გონიერება არ გააჩნია. მას მიაჩნია, რომ ქმნილებასაც შეიძლება ჰქონდეს სასოება და ამიტომაც დამორჩილდა ის ამაოებას. ბერძნული ტერმინი ματαιότης – ამაოებას, უაზრობას, შედეგის მიუღწევლობას, მიზნის არ ქონას ნიშნავს. ეს გვაძლევს ხსენებული მუხლების ახალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას: მეცნიერული კოსმოლოგიის თანახმად, სამყაროს არანაირი აზრი და მიზანი არ აქვს. ის მუდამ ვითარდება და ცვალებადობას განიცდის. კოსმიური ენტროპიის კანონი ამას თვალნათლივ გვიჩვენებს.  სამყაროს უაზრობა და უმიზნობა გონიერ ქმნილებაში უნდა იძენდეს აზრსა და მიზანს. გონიერი ქმნილება კი ადამიანია. იგი არის სამყაროს დამკვირვებელი, თუ ანთროპული პრინციპის პერსპექტივით ვისაუბრებთ. ამგვარად, რომ. 8, 19-23-ის “ამაოება” კიდევ ერთ თანამედროვე ალტერნატიულ განმარტებას იღებს (გარდა წინა სტატიაში ამავე მუხლებზე მოცემული განმარტებისა), ამჯერად, ქმნილების უაზრობისა და უმიზნობის მხრივ. როდესაც ადამიანი ფერიცვალების, განმღრთობისა და განახლების მოლოდინშია, ის ამით, თავის თავში, მთელ ქმნილ კოსმოსს აზრსა და მიზანს სძენს. და რატომ “თავის თავში”? იმიტომ რომ, ატომურ მოლეკულურ დონეზე ადამიანი იტევს მთელ სამყაროს. ის არის სამყაროს გონიერი გვირგვინი, რომელიც სამყაროს შეიმეცნებს (ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ). საინტერესოა, რომ რომ. 8, 19-21-ში პავლე მოციქული განმარტავს, რომ ადამიანისა და მისი გარემო ბუნების ურთიერთდამოკიდებულება მიწიერი ცხოვრებით არ შემოიფარგლება, რადგან კაცობრიობის ხსნის ღვთაებრივი გეგმის თანახმად, ეს ურთიერთდამოკიდებულება მომავალ ცხოვრებაშიც გაგრძელდება (“იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში”). მოციქული აზუსტებს: “ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას” (8, 19). აქ, ბერძნული სიტყვები – ἀποκαραδοκία და ἀπεκδέχεται – ნათარგმნია, როგორც “სასოებით მოელის”. ამ ფრაზას ღრმა ემოციური მუხტი აქვს. პირდაპირი გაგებით ეს ნიშნავს დაძაბულ მოლოდინს, მოუთმენლად ლოდინს.  შეიძლება ითქვას, რომ პავლე მოციქულის სიტყვებში მთელი ქმნილება (სულიერიც და უსულოც) პერსონიფიცირდება, როგორც ქმნილება, რომელიც მოუთმენლად და დაძაბულად ელის ესქატოლოგიური დროის დადგომას, რაც ღვთის ძეთა გამოცხადების შედეგად მოხდება. მთელ ქმნილებას აქვს “იმედი”, ის მოელის მომავალ დღეს, როდესაც ყოველივე არსებულის “ამაოებას”, უმიზნობას, უაზრობას ბოლო მოეღება ლოგოსის ადამიანურ ბუნებაში მოვლინებით. არაგონიერი ბუნება ადამიანს არ ჰგავს ამაოების კანონის მორჩილებაში. მოციქულის თანახმად, ადამიანმა გაცნობიერებულად და ნებით აირჩია სიკვდილისკენ მიმავალი გზა, ბუნება კი პირდაპირ ამ გზას “დაადგა” (ვინაიდან ბუნება მოკლებულია თავისუფალი (გონიერი) ნების რეალობას), რადგან დაცემული ბუნების კანონს დაემორჩილა (ეს არის ხრწნადობის და მოკვდავობის კლასიკური საღვთისმეტყველო ინტერპრეტაცია: ხრწნადობა და მოკვდავობა ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგად შემოვიდა სამყაროში; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევოლუციის თეორიის თვალსაზრისით, ქმნილი ბუნების ხრწნადობა, მოკვდავობა და სასრულობა ბუნებრივი ასპექტია (რის შესახებ ადრეც ვწერდით); სამეცნიერო-რელიგიური გაგებით, ქმნილი გონიერი ბუნების თანდაყოლილი არასრულფასოვნება ევოლუციის პირველ ეტაპებზე მის თანდაყოლილ ცოდვიანობას არ გულისხმობდა; გონიერების შეძენასთან ერთად, ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, დაეძლია თავის თავში ცხოველური ეგოიზმი, რომელიც იყო მისი ცხოველური წარსულის გადმონაშთი; თუმცა, კაცობრიობამ ამას ვერ მიაღწია, მაგრამ ლოგოსის განკაცება ნებისმიერ გონიერ ინდივიდს სრულყოფის შესაძლებლობას აძლევს). მომავლის ასეთი ესქატოლოგიური აღწერისას პავლე მოციქულს ძველ ებრაული ლიტერატურულ პერსპექტივაში იმყოფება. ძველ ებრაულ ლიტერატურაში წინასწარმეტყველები სამწუხარო მოვლენებს ისეთი სახეებით აღწერენ, როგორებიცაა: ვენახის ტირილი, ტაძარში ღვინისა და კედლების, მთების ღაღადი. ამით უკიდეგანო მწუხარება გამოიხატება. საკვანძო გამოთქმები – “ქმნილება ამაოებას (ματαιότητι) დაემორჩილა”, “ხრწნილების (φθορας) მონობა” და “მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს (συστενάζει) და წვალობს (συνωδνει)” – წინასწარმეტყველთა მეტაფორული გამოთქმებიდან მოდის, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ გმინავს არაგონიერი ქმნილება ადამიანის ცდოვის გამო და როგორ არის ის ღვთის სამსჯავროს მოლოდინში  (ოსია. 4:1-3; იერ. 4:23-28; 12:1-4; 12:7-13; 23:9-12;  ესაია. 24:1-20; 33:7-9; იოილი. 1:5-20) (2). ჩვენ აქ აღარ ჩავუღრმავდებით იმ მომენტს, რომ  ადამიანის ცოდვით გამოწვეული ქმნილების გმინვა მას ვერ მოუტანდა ბუნების თვისობრივ ცვლილებას, რადგან ეს საკითხი ჩვენს სტატიაშია განხილული (3). ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აზრს იმის თაობაზე, რომ მთელი კოსმოსი ადამიანთან ერთად აუცილებლად განახლდება. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ არაგონიერ ქმნილებას სინანული არ ესაჭიროება, რადგან მას თავისუფალი ნება არ აქვს, მაგრამ, ამავე დროს, მთელი ქმნილება ადამიანის მონანიებას “ინსტინქტურად ელის”, რათა საბოლოო სრულყოფილებასა და განახლებას მიაღწიოს და განმღრთობილ ადამიანთან ჰარმონიაში დამკვიდრდეს. სამყარო ღვთის შვილების გამოცხადებას “ელის”, რადგან მთელი ქმნილება იმთავითვე არასრულყოფილად შეიქმნა (თუმცა კი სრულყოფილებისკენ სწრაფვა მასში ჩადებულია), რის შესახებაც წინა სტატიებში ვწერდით.

მაშ, როგორ გავიგოთ ის აზრი, რომ ადამიანში, მოლეკულურ დონეზე, მთელი სამყაროა თავმოყრილი? როგორ იტევს ადამიანი მთელ კოსმოსს და როგორ აძლევს ამის მეშვეობით ქმნილებას განახლების შესაძლებლობას? ამ კითხვაზე პასუხი მარადიული ლოგოსის განკაცების დოგმატშია. უქმნელი ღვთაებრივი ლოგოსი ჩვენს ფიზიკურ სამყაროს თავისი მეტაფიზიკური ბუნებით მოევლინა და ჩვენს მატერიალურ ბუნებას ეზიარა, ხოლო ჩვენი მატერიალური რეალობა ასეთივე ქმნილი ვარსკვლაური მასალისგან შედგება, ანუ იმისგან, რისგანაც ვარსკვლავები და მთელი კოსმოსი შედგება. თავის მხრივ, კოსმოსმა ფიზიკური სიცოცხლე, უფრო ზუსტად, ჩვენი ორგანიკის ფიზიკური სტრუქტურის სამშენებლო მასალა მოგვცა, რომლის ჩანასახიც “დიდი აფეთქების” მოვლენიდან მოდის. ჩვენი ფიზიკური მასალა “დიდი აფეთქების” შედეგად და ინფლაციის პროცესის წყალობით მივიღეთ, ამის ფონზე კი ვარსკვლავები ყალიბდებოდა.  ლოგოსი (თავისი ღვთაებრივი ჰიპოსტასით, კენოზისის შედეგად) არა მხოლოდ გონიერ ადამიანურ ბუნებასთან კავშირში შევიდა, არამედ ამ გონიერი და ქმნილი ბუნების მიერ მან ჩვენი სხეული და ადამიანური არსი მიიღო და შესაბამისად მთელს ქმნილ სამყაროსთან შეხებაში, თანამონაწილეობაში და ერთობაში შემოვიდა, და ამ მომენტიდან ლოგოსი ორი რეალობით აღიქმება: ფიზიკურით და მეტაფიზიკურით. ხარების მომენტიდან ლოგოსმა თავისი თავით მთელი სამყარო მოიცვა, მთელი მისი არაგონიერი ელემენტებით. მას მერე, რაც ღმერთი-სიტყვა ხორციელად მოგვევლინა, მატერიამ ღვთაებრივი ენერგიის აღქმა შეძლო. მის მიერ აღქმული ქმნილი ბუნება შეიძლება დავახასიათოთ როგორც კოსმიური ბუნება, ამ სიტყვის უფრო ფართო, გლობალური გაგებით.  მსოფლიო ეკლესიის სწავლებით, განკაცებისას ლოგოსი არ აღიქვავს რომელიმე კერძო ბუნებას, არამედ ის ზოგად ადამიანურ ბუნებას აღიქვავს, რომელიც, მათ შორის, ევოლუციის პერიოდის ჰომინიდების ყველა სახეობას მოიცავს. აქ, გვსურს ევოლუციის გაგება გავაფართოვოთ კერძოდ ჰომინიდური გაგებიდან ზოგად კოსმიურ გაგებამდე.

ჩვენი სიცოცხლე პლანეტა დედამიწაზე ჩაისახა. პლანეტის ევოლუცია – ძალზედ რთული პროცესია. ჩვენი პლანეტის კლიმატის ემერჯენტული ჩამოყალიბება სიცოცხლის ჩამოყალიბების გარკვეულ ინტენციონალურობაზე (მიმართულობაზე) უთითებს, ფილოსოფიის ენით თუ ვიტყვით. დავაზუსტოთ ეს რამოდენიმე მაგალითით: სამეცნიერო ენით, ერთის მხრივ, ატმოსფეროში ჟანგბადის დაგროვებამ წარმოქმნა ულტრაფიოლეტისგან დამცავი და სათბურის ეფექტის შემამცირებელი შრე, მეორეს მხრივ კი ატმოსფეროს შემადგენლობის მასშტაბური ცვლილებები: მეთანი ნახშირჟანგად გარდაიქმნა, ამიაკი აზოტად, გოგირდწყალბადი გოგირდის ოქსიდებამდე ჩამოვიდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პლანეტის მზის ორბიტაზე (განსაკუთრებულმა) მდებარეობამ. მაგალითად, ჩვენს პლანეტაზე, იმდროინდელი წვიმები ძალიან მჟავა იყო ამ ოქსიდების გამო, მაგრამ კლიმატი დასტაბილურდა იმ დონემდე, რომ შესაძლებელი გახდა ორგანული უჯრედისა და ბაქტერიის წარმოქმნა, რამაც შემდგომში ჰომინიდების ევოლუციას მისცა საფუძველი. ჟანგბადის და აზოტის დონე იმდენად დასტაბილურდა, რომ ჩვენი ორგანიკის ნაწილი გახდა. თუ უფრი ჩავუღრმავდებით ჩვენს აზრს, ავღნიშნავთ, რომ ჩვენს ფილტვებში არსებული ჟანგბადი და ჩვენს დნმ-ში არსებული აზოტი ვარსკვლავების განადგურების ხარჯზე წარმოიქმნა. როდესაც ვარსკვლავები კვდებიან, ისინი თავიანთ შიდა ელემენტებს გვაძლევენ ჩვენ:   აზოტს, ნახშირბადს და ა.შ. ეს არის სამყაროს ნედლეული. ვარსკვლავები იმისათვის უნდა მომკვდარიყვნენ, რომ ჩვენ გვეცოცხლა. მათ ჩვენთვის თავიანთი საშენი მასალა უნდა მოოეცათ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი რთული პროცესები “სრულიად შემთხვევით”, ყოველგვარი ზრახვის გარეშე იყო მომართული სიცოცხლის ფორმირებისკენ. თუმცა კი, თავად ევოლუციური პროცესების შემთხვევითობას ვეთანხმებით. ამ შემთხვევითობას ისე ვხსნით, რომ ღვთაებრივი სიყვარულისა და გონიერი და არაგონიერი ქმნილებისათვის თავისუფლების, მოქმედების თავისუფლებისა და თვითჩამოყალიბების მინიჭების პრინციპი არ ირღვევა. ჩვენ ამას ვუწოდებთ პან-ენ-თეიზმს (4): ღმერთი სამყაროს განმსჭვალავს, ის მთელს ევოლუციაშია; ღმერთი განგება უწყვეტია. ღმერთი ყოველ მოქმედებაშია. ამ ღვთაებრივ ქმედებას ვერ განვსაზღვრავთ, რადგან ეს ჩვენს წარმოდგენებზე მაღლა დგას, თუმცა ჩვენ ეს გვესმის ჩვენი რელიგიურობის შინაგანი გრძნობით და ჩვენი გონებით, ცნობიერებით, რომელსაც, ჩვემი აზრით, არ აქვს ფიზიკური საფუძველი.

ამგვარად, ადამიანურმა ბუნებამ, რომელიც ლოგოსმა აღიქვა, თავის თავში მთელი ქმნილი კოსმოსი შეითვისა, მიკრომოლეკულურ დონეზე, რაც ლოგოსმა შეითვისა თავის კენოტიკურ აქტში. ლოგოსის განკაცებამ განახლების შესაძლებლობა არა მხოლოდ ადამიანს, არამედ მთელ ქმნილ კოსმოსს მისცა, მთელი მისი ბუნებრივი სახეობებითა და კატეგორიებით  (იხ. გამოცხ.  21, 1;  2 პეტრ. 3, 13). თუკი, ლოგოსი აღიქვამს არა კერძო, არამედ ზოგად ადამიანურ ბუნებას, ეს შესაძლებელს ხდის იმასაც, რომ ლოგოსმა აღიქვას ზოგადი კოსმიური ბუნება, რომელსაც განახლება სჭირდება, მაგრამ ეს განახლება შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის გონიერი ბუნების მეშვეობით, რადგან ასე ინება თავად მარადიულმა ლოგოსმა, რომელის ადამიანად იშვა. ადამიანი ხომ, როგორც ქმნილი და გონიერი დამკვირვებელი, სამყაროს აზრსა სძენს და მიზანს უსახავს. აქვე, პარალელურად და ავტომატურად, სხვა აზრიც იჩენს თავს: სოტეროლოგიური მოდელი, რომელსაც ლოგოსის განკაცებით სახარება გვთავაზობს, რაღაცით ჩვენს ფიზიკურ ყოფას გვაგონებს (ლოგოსი უნდა მომკვდარიყო და ამ სიკვდილით ჩვენთვის სულიერი შობა და ხსნა უნდა მოევლინა, მომავალ საუკუნეში კი აღდგომა). საინტერესოა, რომ თუ მეცნიერულ მონაცემებს მივყვებით, გამოდის, რომ დედამიწა ვარსკვლავის ჩამოყალიბების გვერდითი ეფექტია, ანუ როდესაც ვარსკვლავი ყალიბდება, ის მტვერსა და ნამსხვრევებს ტოვებს, რომლებისგანაც პლანეტა ყალიბდება; ვარსკვლავიდან გამომავალი გამოსხივება კოსიურ ქარს ქმნის და მილიონობით წლის მანძილზე ეს მტვერი და ნამსხვრევები “კვანძებად” იკვრება და ასე იქმნება პლანეტები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ფილტვებში არსებული ჟანგბადი და ჩვენს დნმ-ში არსებული აზოტი ვარსკვლავების განადგურების შედეგად წარმოიშვა, რომლებიც თავის ელემენტებს ახალი, ამჯერად უკვე ორგანული სიცოცხლის ფორმირებისთვის იძლევიან. ანუ ჩვენი ბიოლოგიის ნედლეულს ვიღებთ ვარსკვლავებიდან. ამგვარად, ვარსკვლავები იმისათვის კვდებიან, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ; ჩვენი გენალოგიური ხე აქ იწყება – ვარსკვლავების სიკვდილში, რომელთან ერთადაც ახალი სიცოცხლე იბადება. ასევე, ქრისტეს სიკვდილში ახალი, სულიერად-განახლებული სიცოცხლე, ხოლო ესქატოლოგიურ პერსპექტივაში კი მაქსიმალური სრულყოფილების საშუალება გვეძლევა. ქრისტეს თავგანწირულ სიკვდილში ჩვენ ვიღებთ სამომავლო აღდგენისათვის საჭირო ძალებს.

გასაგებია, რომ მთელი ჩვენი ორგანული მასალა “დიდი აფეთქებისგან” წარმოიქმნა. კოსმოლოგიური სინგულარობის დასაწყისშივე, ”დიდ აფეთქებას” ფიზიკური ნათელი ახასიათებდა, შემდეგ კი სამყარო წარმოიქმნა, შემდეგ – სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე და ბოლოს – ჩვენც. მაგრამ, არსებობს როგორც ფიზიკური ისევე სულიერი ნათელიც (ქრისტე – ნათელია) (იოანე. 8, 12). სინათლე წარმოადგენს ყოფიერების პირველსაწყისს; მონოთეისტურ ტრადიციაში სინათლე (ნათელი) ასოცირდება თავდაპირველ ღვთაებრივ სიტყვიერ («და თქვუა ღმერთმან») ქმნილებასთან («იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი») (დაბ. 1. 3); სამყაროს საწყისი დევს კოსმოლოგიურ სინგულარობაში; ჩვენთვის ცნობილია, რომ კოსმოლოგიური სინგულარობის კვანტურ ფლუქტუაციაში, „დიდი აფეთქების“ საწყის მომენტში სამყაროს მდგომარეობას ახასიათებდა მანათობელი წერთლის ნივთიერების უსასრულო სიმკვრივე და ტემპერატურა; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე ეს დარგი: მეცნიერება და რელიგია, ქმნილ ნათელთან დაკავშირებით, თითოული თავის ენაზე გამოხატავენ იმ რეალობას, რაც დასაბამიდანვე იყო შექმნილი და ის იყო შექმნილი განახლებისკენ და სრუპყოფილებისკენ. და იქნებ, ძველი ხალხები ტყუილად არ აღმერთებდნენ მზის ხატს? მზეც ხომ – ვარსკლავია. ქრისტეც ხომ „ცისკრის ვარსკვლავად“ არის წოდებული (გამოცხ. 22, 16). მათ ინტუიციის დონეზე ესმოდათ, რომ მზე სიცოცხლეს იძლევა. ასევე, შემთხვევითი არ არის, რომ წმ. წერილში ქრისტეს მზე ეწოდება (გამოცხ. 21, 23). ორიგენემ კი ქრისტეს სიმართლის მზე უწოდა: ქრისტე არისსიმართლის მზე  (PG. 12, Col. 751) (შეად. მალაქ. 4, 2; ფსლ. 83, 12) (5).

 

_ _ _ _ _

 

(1) იხ.: „ნეოჰერმენევტიკული შეხედულება რომ. 8, 19-23-ზე თეისტური ევოლუციის ჭრილში. („დაცემული“ ბუნების საკითხი და თერმოდინამიკის მეორე კანონი)“:  https://www.orthodoxtheology.ge/termodinamika/

(2) იხ.: Laurie J. Braaten. All Creation Groans: Romans 8:22 in Light of the Biblical Sources. Horizons in Biblical Theology 28 (2006) 131-159.

(3) იხ.: „ნეოჰერმენევტიკული შეხედულება რომ. 8, 19-23-ზე თეისტური ევოლუციის ჭრილში. („დაცემული“ ბუნების საკითხი და თერმოდინამიკის მეორე კანონი)“:  https://www.orthodoxtheology.ge/termodinamika/

(4) იხ.: „მეცნიერული და რელიგიური კოსმოგენეზი: მეცნიერულ-რელიგიური კოსმოლოგიური სინერგიის პერსპექტივების შესახებ“: https://www.orthodoxtheology.ge/kosmogenezi/

(5) იხ.: ორიგენეს – In Numeros homilia, XXIII, 5.

 

შემოკლებების სია:

PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66.

 

გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა და წყაროები:

Laurie J. Braaten. All Creation Groans: Romans 8:22 in Light of the Biblical Sources. Horizons in Biblical Theology 28 (2006) 131-159.

Origenis – In Numeros homilia, XXIII, 5 (PG. 12, Col. 751).

Карл Саган. КОСМОС. Эволюция Вселенной, жизнь и цивилизация. СПб., 2015.

Ганс Кюнг. Начало всех вещей. ББИ., М., 2007.

 

 

 

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.