ვასილ კარბელაშვილის წერილი სოსო ჯუღაშვილს (სტალინს)

23/02/2018
By

28161677_1758592947530429_6660303136437983758_oვასილ კარბელაშვილის წერილი სოსო ჯუღაშვილს (სტალინს), ეხება ეკლესიისა და სამღვდელო პირების დარბევასა და შევიწროვებას.
(წყარო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts)
თბილისი, 1923 წლის 2 მაისი.
დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
დიდად პატივცემულო ბ. სოსო!

გაგიკვირდება ძველის მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელსაც უნდა მოგაგონოს – რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებონოს, რაც იქნება. მოიგონე სულ ბოლოს რომ შეგხვდი „არწრუნისეულ“ ქარვასლის აივანში, სემინარიიდან რომ გახვედი და, მგონი დარწმუნდი, რომ მე მართალი ვიყავ და ვარ, ვგონებ რომ მომავალშიც.

ეს გითხარი და გეტყვი, – „ვაი იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს“, განათლებას და შეგნებას გაურბის და ქრისტეს მოძღვრებასაც ანგარიშს არ უწვეს. ყველლაზედ უკეთესი გადატრიალება და ნაყოფიერი მოხდა ინგლისში 1850 წ. ქრისტიან-სოციალისტების (5 და 15 კაც.) მეოხებით, იმიტომ რომ რელიგიურ მოთხოვნილებას ანგარიშ გაუწიეს და იმით შეაჩერეს ნაძრალევის აღზრზენა.

1848 წ. საფრანგეთმა თუ წააგო რევოლუცია იმიტომ რომ სწორეთ ეს ელემენტი აკლდა და ანგარიშ არ გაუწია. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და დაფუძნებული ურყევ დასკვნაზედ! ცხოვრებას შკოლა აქვს და იმასაც ანგარიშს გაწევა უნდა.

ეხლა დავიწყოთ ჩვენს უბედურებაზედ. რომ ჩინგიზ-ხანის და ოსმალ-შაჰ ნადირების ბარბაროზობა სანატრელი გაუხადეს ქართველებს.

„სამეგრელოში ზარის ხმა არ ისმის, დაჰკეტეს ეკლესიები, ღვდლებს ჰკრეჭენ ხელ-ფეხ შეკრულებს!! აპატიმრებენ. დასდევენ მღვდლებს დასაკრეჭად; ძალად იჭერენ, ჰკრეჭამენ. ვინც გაუსხლტათ იმათ დასდევენ დასაჭერად და ათასნაირი უსამართლობა, ჭორი ვრცელდება ხალხში. ნუთუ ამისთანა ამბები სასარგებლო და ხელსაყრელია თვით მთავრობისათვის?! სამთავისის X-XI ს. ს. და სვეტიცხოვლის და სხვა დიდებულ ტაძრებს უპირებენ თეატრად გადაქცევას; აღდგომა ღამეს ბევრგან ძალით დაუკეტეს და ლიტანია მოუსპეს.

დიდ ძალმომრეობას ახმარებენ ეკლესიებზედ, მღვდლებზედ, ხალხის ნების წინააღმდეგ, რაც ხალხში დიდ ჩმ უკმაყოფილებას იწვევს და ხალხში ბოროტება ვრცელდება. ზოგიერთ ადგილებშ მორწმუნე ერმა მიმართა იარაღს. ასეთი ძალადობისათვის ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე როგორც. სოფ. მუხრანში და ბევრგან სხვაგან.

რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, მესხეთში სომხობა-კათოლიკობაზედ გადადის ქართველობა და ქართველის ერით იზრდება სომხობა. ბევრი რამ არის მოსაწერი მაგრამ აღშფოთებული მდგომარეობა ნებას არ მაძლევს, რომ დალაგებით მოგწერო ყველაფერი რითაც მეშნის შენი ყურადღება და ისეც დატვირთული აუარებელი საქმეებით არ გადაგღალო…

სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ, საქართველოს მიწამ გამოგზარდა და სამშობლოს და ერის სიყვარულს, ვგონებ, ვერრა დაშრეტს შენს გულში!

კიდევ გთხოვთ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ.

რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს, სიფაქიზეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველს ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისათვის იბრძვი, რომ სომხები, ურიები, ოსები და ვინ გინდა არ-წამოასვით კისერზე ქართველ ხალხსა?

საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ხალხიც და ტერიტორია?

იქნება გწყინს, ჩემო სოსო? ნუ გეწყინება და მომიტევე ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლს შეშრობილს.

იმედია, რო მ ყურად იღებ ყველა ამას და მოალბობ ჩემს გულს და კარგს რასმეს სანუგეშოს მომწერ – რო აღარ განმეორდება და მანუგეშებ შენ მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრათ შესტიკიოდა შენზედ გული. პასუხს ველი.

წყარო და სხვა ფოტოები იხილეთ  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts ოფიციალურ ფეისბუქგვედზე 

Print Friendly

Comments are closed.