კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი
ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯის და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიით, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობით შეძრწუნებულმა კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათალიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

მონა ღვთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და
პატრიარქი სრულიად საქართველოისა,
ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს

ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.

მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.

მდაბალი ამბროსი, პატრიარქი სრულიად საქართველოისა,

7/II-22 წ. ტფილისი

წყარო: ეპისკოპოსამბროსისმიმართვაგენუისმსოფლიოსამშვიდობოკონფერენციას,
სრულიადსაქართველოსკათოლიკოსპატრიარქიამბროსიხელაია” – “სილუეტი” –
თბილისი 1994 . გვ 40-43
ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:
მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?
კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.
პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?
კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?
კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?
კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.
მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?
კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს
კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.
სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?
კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.
პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?
კათალიკოსი ამბროსი ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.
მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *