კარგად წაკითხვა წასაკითხისა

წარმოგიდგენთ დიდი ქართველი მოაზროვნის, ცნობილი პუბლიცისტის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის (წმინდა ილია მართლის) საინტერესო ნარკვევს, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ივერიაში 1890 წელს (იხ. გაზ. ”ივერია”, 1890 ., 18 II, № 37, გვ. 1 – 2.) და მიუხედავად მას შემდეგ გასული საკმარისად დიდი დროისა შესაძლებელია დღესაც მეტად აქტუალური იყოს.



დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისა. ერთი ფრიად სასიამოვნო და ფრიად სასარგებლო ხელოვნება ეგ კარგად წაკითხვაა და ვისაც ამ ხელოვნების უნარი აქვს, შეუძლიან სთქვას, რომ მეც მომმადლებია მადლი ღვთისაგანაო, არც მე დავიწყებივარ ჩემს დამბადებელსაო.

კარგად წაკითხული სიტყვა ერთი ათად აძლიერებს აზრსაც, გრძნობასაც, რადგანაც ერთსაცა და მეორესაც მეტისმეტად ამშვენიერებს და ამკობს, აცხოველებს და აფერადებს. ამის გამო ხელოვნური, კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთან აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდა მიაღწიოს მთელის სავსეობით, მთელის თავის სიღრმესიგანით, მთელის თავის მხურვალებით, რომ გული მისძრასმოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგან გამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექაქუხილისათვის.

ძლიერია თავისთავადაც სიტყვა. ხოლო რაც გინდ ზედმიწევნილი იყოს, რაც გინდ ზედგამოჭრილი, რაც გინდ მოსწრებული, სიტყვა ბუნებითად მაინც უძლურია მთელიმზიანჩრდილიანობაგრძნობისა გამოსთქვას უმეტნაკლებოდ. სიტყვას, მთელის ხელოვნების მეოხებით მორთულსა და გაწყობილს, მაინც ბევრი იმისთანა ჰრჩება გამოუთქმელად, რაც მთქმელის გულში ჰბგერს და სძგერს და რაშიც საკუთრივ არის ძალღონე, მთელის ასე თუ ისე გამოსათქმელ გრძნობისა. სიტყვა, ენა კაცისა უღონოა ყოველივე ეს აღმობეჭდოს იქამდე ზედმიწევნით, რომ მსმენელმა იგრძნოს მთელი სავსეობა გულის ძგერისა. მარტო შეწყობილს, შეფერებულს ხმას ადამიანისას ანუ, უკედ ვსთქვათ, წაკითხვას შეუძლიან გაუწიოს სიტყვას იგი სამსახური, რომ საიდუმლო გამოთქმული ბგერა, ბგერა და მოძრაობა გულისა გამომეტყველდეს და მთქმელისაგან მსმენელს გადაეცეს სავსედ და უნაკლულოდ. აქ ხმა სიტყვას ჰშველის და სიტყვა ხმასა. მოჭარბებული არ მოგვივა ვსთქვათ, რომ აქ ცოტად თუ ბევრად სიტყვიერება ჰმუსიკობს და მუსიკა ჰსიტყვიერობს. სწორედ მუსიკა და სიტყვიერება აქ ხელიხელ ჩართულნი არიან საყვარელ დაძმასავით, რომ ერთმანეთის შემწეობით, ერთიანი გრძნობა აღმოშობონ მთელის ზედმიწევნილობით და ძალღონით. ტყუილად კი არა სთქვა სახელოვანმა ლესსინგმა, რომ პოეზია ენამეტყველი მუსიკაა და მუსიკა უტყვი პოეზიააო. აქ რომ სიტყვაპოეზია” ”სიტყვიერებადშევცვალოთ, დიდი შეცდომა არ მოგვივა, იმიტომ რომ ხმაშეწყობილი გამოთქმა სიტყვისა, თუნდა უბრალო ლაპარაკში, თუ მთლად მუსიკა არ არის, მისი ერთი დარგია მაინც, რადგანაც მის კანონს ცოტად თუ ბევრად ექვემდებარება. ასეა თუ ისე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წასაკითხისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღიძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, როგორც ზემოდა ვსთქვით.

ეს ამისთანა ადგილი ეკკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ სამღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით. ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგად წაკითხულს სამღვთო წერილს ეკკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის. კარგად ესმოდათ დაძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელს, მთავარს თუ დიაკვანსა. ჩვენ ზოგიერთი იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ყმობიდამაც კი განუთავისუფლებიათ კაცი მარტო იმისთვის, რომ კარგი კითხვა სცოდნია სამღვთო წერილისა. ბევრს, უკვე განსვენებულს მოძღვარს, დღესაც პატივისცემით იხსენიებს ქართველობა კარგის კითხვისათვის. მამა ტარასის, დანიელ ზურიაშვილს და ბევრს სხვას დღესაც ბევრნი ჰნატრულობენ და ქებითა და პატივისცემით იხსენიებენ. ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწურთვნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ვლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მაღლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია სამღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკკლესია სახლია ღვთისა, საცა ხალხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმე ღვთისმოსავს ადამიანს. აი რა მიიზიდავდა, რა მიიწვევდა ხოლმე ჩვენში მლოცველს წირვალოცვაზედ უწინდელ დროში. იესო ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებით სახელითა ჩემითა, მეც თქვენთანა ვარო და ეკკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოს ჩვენთან ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკკლესიაში. ამას მარტო კარგად და სასოებით გამოთქმულ ლოცვით, კარგად და სასოებით წაკითხულ სამღვთო წერილით გვაგრძნობინებს ხოლმე იგი წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან. აი მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროში მიისწრაფებოდა ეკკლესიაში სალოცავად, როცა წირვისა თუ ლოცვის ზარი სამრეკლოდამ გაიხმაურებდა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართულად კარგი მკითხველი სამღვთო წერილისა იშვიათია და ძნელად მოიპოვება ჩვენს სამღვდელოებაში. დღეს აღარავის არ მიაჩნია სასიქადულოდ კარგად კითხვა ეკკლესიაში და ეს არცოდნა კითხვისა მით უფრო უნდა ემძიმებოდეს სამღვდელოებას, მით უფრო შესაწუხებელი უნდა იყოს, რომ, თუ სულ არა, ბევრში მაინც ამაზეა დამოკიდებული მეტნაკლებობა სარწმუნოებრივის გრძნობისა,რომელსაც ეკლესია დღეყოველ უნდა აღვიძებდეს და აძლიერებდეს. ამისათვის სამღვდელოებას ხელთა აქვს ის დიდებული, მშვენიერი სიტყვიერება ქართულისსამღვთო წერილისა, ქართულის ლოცვებისა, რომლის ძალა, რომლის ზედმოქმედება გულს თავის ბუდეში სასოებით შესძრავს ხოლმე, როცა კარგად წაკითხულია, კარგად გამოთქმულია. ჩვენ კარგა ხანია არ გაგვიგონია ჩვენის სამღვდელოებისაგან კარგად თქმული ლოცვა ან კარგად წაკითხული სამღვთო წერილი ეკკლესიაში. არც არსაიდამ ისმისღა ხმა, რომ ამისთანანი დღეს იყვნენ სადმე. სამწუხაროა ეს ამბავი და მით უფრო მადლობით სახსენებელია მთავარდიაკვანი კარგარეთელი, რომელმაც . ბაქრაძის დასაფლავების დღეს წაიკითხა წმინდა სახარება; მან დაგვანახვა, რომ ჯერ კიდევ ღვთის მადლით ქართველები, არ გამოვკლებივართ მშვენიერს კითხვას, რომ ჩვენში არიან კიდევ იმისთანა ღვთისმსახურნი, რომელთაც მიმადლებული აქვთ ნიჭი და ცოდნა, დიდებული მეტყველება სამღვთო წერილისა მსმენელთა გულში უმეტნაკლებოდ აღბეჭდონ და ღვთის მიერ აღთქმული ნუგეშინის ცემა და სასოება ხსნისა უნუგეშოს და უსასოოს ღვთისმოსავს მიჰმადლონ. მთავარდიაკვანმა კარგარეთელმა თავის სასახელოდ ეს შესძლო და ეს, ვით იშვიათი ამბავი, მეტი არ არის, რომ ჩვენ ჩვენს მატიანეში შევიტანეთ ჩვენის სამღვდელოების სამაგალითოდ და საყურადღებოდ.

1890 ., 17 თებერვალი

Print Friendly

Comments are closed.