მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი

ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)


გთავაზობთ მეორე სიტყვას, რომლითაც ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლის მაისში წარსდგა ეპისკოპოსი კალისტე (უეარი).
“ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა.”
გამოცხ. 7:3
“წმინდანების სიყვარული მთელს სამყაროს მოიცავს.”
წმ. სილოვან ათონელი (გარდ. 1938 წელს)
“გიყვარდეთ ხეები!”
ათონის წმინდა მთაზე ტყის გასწვრივ მიმავალ ბილიკებზე ბერები ზოგჯერ საგანგებო ნიშნებს აღმართავენ ხოლმე, გზად მიმავალ მოგზაურთა გამხნევებისა თუ გაფრთხილების მიზნით. 70-იან წლებში შეინიშნებოდა ერთი ისეთი წარწერა, რომელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. იგი სხარტად და ნათლად გადმოსცემდა სათქმელს: “გიყვარდეთ ხეები!”
წმ. იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარი კ. პატმოსზე მამა ამფილოქე (გარდ. 1970 წელს) სავსებით იზიარებდა ამ წარწერის შინაარსს. ერთხელ მამა ამფილოქემ მითხრა: ”იცი თუ არა, რომ ღმერთმა კიდევ ერთი მცნება დაგვიტოვა ხეების სიყვარულის შესახებ, თუმცა იგი ბიბლიაში შეტანილი არ არის?!” მამა ამფილოქეს სწამდა, რომ ვისაც ხეები არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს. ხის დარგვა მისთვის იმედის, მშვიდობის, სიყვარულის დათესვის ტოლფასი იყო, რის სანაცვლოდაც ადამიანი ღმერთის კურთხევას იმსახურებს. მამა ამფილოქე ეკოლოგი იყო მანამდე, ვიდრე ეკოლოგია მოდური გახდებოდა. აღსარებაზე ხშირად გლეხებს ხის დარგვას ავალებდა, გვალვიანი ზაფხულის დროს კი იგი ახალგაზრდა ხეების მორწყვას ითავებდა ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ მისი მიბაძვით კუნძულ პატმოსმა ფერი იცვალა: თუ საუკუნის დასაწყისის ფოტოებზე აღბეჭდილი კუნძულის ტერიტორია უნაყოფო ფერდობს ასახავს, დღეს იქ ხშირი ტყე ხარობს.
“გიყვარდეთ ხეები!” – ნეტავ, მართლა თუა კავშირი ხეების სიყვარულსა და ღმერთის სიყვარულს Oშორის? ჩვენი ბუნებრივი გარემოს- ცხოველების, ხეების, დედამიწის, ჰაერის, წყლის უპატივცემულობა არის თუ არა ცოცხალი ღმერთის უპატივცემულობის მაჩვენებელი?
სამყარო როგორც საიდუმლო
ალმოდებული მაყვლის ბუჩქის ხილვით გამოწვეულ მოსესეულ განცდაში (გამოსვლათა 3:1-6) სამი რამ შეინიშნება:
1. პიროვნული ხილვა ანუ პირისპირ შეხვედრა და დიალოგი ორ სუბიექტს შორის. ღმერთი სახელით უხმობს მოსეს: “მოსე, მოსე!” ხოლო მოსე უპასუხებს: “მე აქ ვარ.” მაშადამე, მოსე ბუჩქის საშუალებით უკავშირდება ცოცხალ ღმერთს.
2. ღმერთი არა მხოლოდ გამოეცხადება მოსეს, არამედ საქმიანად ავალებს: “გაიძვრე ფეხსამოსი.”
ეკლესიის მამების, კერძოდ, წმ. გრიგოლ ნოსელის მიხედვით, ცხოველის ტყავისგან დამზადებული ხამლი თავად უსიცოცხლო და მიწიერია და ამდენად, სიმძიმის, გაცვეთილისა და წარმავალის სიმბოლოა. ამიტომ სიტყვები – “გაიძრე ხამლი” – შეიძლება გავიგოთ, როგორც გაცვეთილის, მექანიკურად ქცეულის თავიდან მოშორება, გამოფხიზლება.
3. ღმერთის სიტყვები: “მიწა, რომელზეც შენ დგახარ წმინდა მიწაა” – მიგვანიშნებს, რომ გამოფხიზლებული, შინაგანად თვალგახელილი ადამიანი გარემო სამყაროს სულ სხვაგვარად აღიქვამს. ბუნება სასიცოცხლო ძალის მომნიჭებელია, ხოლო ყველაფერი რაც ცოცხალია, წმინდაა.
ასე რომ, ჩვენ შევდივართ წმინდა სივრცისა და დროის განზომილებაში. დიდი და მნიშვნელოვანი მცირედშიც შეგვიძლია განვჭვრიტოთ, ხოლო არაჩვეულებრივი ჩვეულებრივში. “მთელი სამყარო ქვიშის ერთ ნამცეცში…… მარადისობა ერთ წამში.” (რ. ბლეიკი) ეს ადგილი, ეს ხე, ეს ცხოველი, ეს ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრები, დროის ეს მონაკვეთი, რომელშიც ვცხოვრობ – ყველაფერი წმინდაა, ყოველი მათგანი განუმეორებელია და ამდენად განუსაზღვრელი ღირებულებისაა.
სწორედ ასე უნდა გვესმოდეს მოსეს მიერ ალმოდებული ბუჩქის ხილვა: იგი სამყაროს განსაკუთრებულსა და განუმეორებელ გაგებაზე მიუთითებს. ბუნება საკრალურია, სამყარო ღვთიური ძალების საიდუმლო ადგილსამყოფელია, ღმერთთან ურთიერთობის საშუალებაა. გარემო შედგება არა უსიცოცხლო მატერიისგან, არამედ ცოცხალი ურთიერთობებისგან. მართლაც, მთელი კოსმოსი შეიძლება მოვიაზროთ როგორც ერთი უზარმაზარი ალმოდებული ბუჩქი, გაჯერებული ღვთიური ძალითა და დიდებით: ის, რაც მოსემ განიცადა, შინაგანი თვალის გახელის შემთხვევაში თითოეულმა ჩვენგანმაც შეიძლება განიცადოს.
არსი და ენერგიები, ლოგოსი და ლოგი
გარემო სამყაროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება პანთეიზმის საშიშროების წინაშე ხომ არ გვაყენებს? ჩვენ, როგორც აღმოსავლური მართლმადიდებლობის წარმომადგენლები ვერ გავიზიარებთ თვალსაზრისს ღმერთის სამყაროსთან გაიგივების თაობაზე და ამდენად, პანთეიზმსაც ვერ გავიზიარებთ. სავსებით მისაღებად მეჩვენება იმის მტკიცება, რომ “ღმერთი ყველაფერშია და ყველაფერი არის ღმერთში”, განსხვავებით იმისგან, რომ “ღმერთი ყველაფერია და ყველაფერი ღმერთია.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ერთსა და იმავე დროს ტრანსცენდენტურიცაა და იმანენტურიც: იგი ყველაფერში არსებობს, მაგრამ ამათანავე ყოველთვის ყველაფერს მიღმა რჩება. ეს პარადოქსი კარგადაა გადმოცემული ინგლისელი პოეტის ჩარლზ უილიამსის მიერ: “ეს ყოველივე ღმერთია, მაგრამ არც ერთი ამათგანი არ არის ღმერთი.”
დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი წმ. გრიგოლ პალამა (1296-1359) მარადიულის სიშორესა და სიახლოვეზე საუბრობდა ღვთის არსისა და ენერგიების ერთიანობა-სხვაობის საშუალებით. თავისის არსით ღმერთი უსაზღვროდ ტრანსცენდენტურია, სავსებით შეუცნობელია და ყოველგვარი ქმნილების, ადამიანური მიხვედრისა და მონაწილეობის მიღმა იმყოფება. თუმცა თავისი ენერგიებით ღმერთი ამოუწურავად იმანენტურია, ყოველივეს გულისგულია. პალამური მოძღვრების მიხედვით, ეს ღვთიური ენერგიები ღმერთსა და სამყაროს შორის რაღაც შუალედურ ერთეულს კი არ წარმოადგენს, არამედ თავად ღმერთია მოქმედებაში. თითოეული შეუქმნელი ენერგია წარმოადგენს ღმერთს თავის დაუნაწევრებელ მთლიანობაში; არა ღვთის ნაწილს, არამედ მთლიანობას.
თუ წმ. გრიგოლ პალამა სათქმელის გამოხატვას არსისა და ენერგიების განსხვავებით ცდილობს, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (გარდ. 662 წელს) ლოგოსისა და ლოგის განსხვავებას მიმართავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმ. მაქსიმეს მიერ არჩეული გზა, ისევე როგორც მისი ნააზრევის საერთო კონტექსტი, წმ. გრიგოლ პალამას მთლიანად არ თანხვდება. მაქსიმეს მიხედვით, ქრისტემ, შემოქმედმა-ლოგოსმა თითოეულ ქმნილებაში ჩანერგა ლოგოსი, იგივე “აზრი” ან “სიტყვა”, რომელიც ამ კონკრეტულ საგანში ღვთის მონაწილეობის ნათელმყოფელია; აგრეთვე, იმ შინაარსისა, რომელიც განაპირობებს ამ საგნის სრულიად განსაკუთრებულ თავისთავადობას და იმავდროულად (ამ საგანს) ღმერთთან აახლოებს. ამ თანაარსებული ლოგის მეშვეობით, თითოეული ქმნილება წარმოადგენს არა უბრალო ობიექტს, არამედ შემოქმედის მიერ ადამიანებისთვის წარმოთქმულ პიროვნულ სიტყვას. ღვთიური ლოგოსი, სამების მეორე პირი, ღვთის სიბრძნე და წინასწარგანზრახვა, ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ლოგის ანუ ცალკეული ლოგოსის სათავესა და დასასრულს. ამდენად, ღვთიური ლოგოსი მოქმედებს როგორც ყოვლისმომცველი და გამამთლიანებელი კოსმიური სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ ლოგოსი ყოვლისმომცველია, თავად თავისუფალი რჩება ყოველგვარი საზღვრულობისგან. იმანენტური ღმერთი ინარჩუნებს ტრანსცენდენტურობას. წმ. მაქსიმე, წმ. გრიგოლ პალამას მსგავსად, მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ღვთის ტრანსცენდენტურობისა და იმანენტურობის ორმაგი ჭეშმარიტება. წმ. მაქსიმე და წმ. გრიგოლ პალამა ერთსა და იმავე აზრს გამოხატავენ სამყაროს თეოფანურობის, ღვთივგამოცხადებულობის შესახებ. თითოეული პიროვნება და საგანი პირისპირ დგას იმასთან, რაც ჩვენს მიღმაა, მაგრამ ამასთანავე ჩვენს შორისაა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამყაროს შექმნა უნდა გვესმოდეს, არა როგორც წარსულში მომხდარი ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც აქ და ახლა მიმდინარე აწმყო; აქედან გამომდინარე, შესაძლებელია საუბარი განგრძობად/ უწყვეტ შესაქმეზე. ამავე კონტექსტში უნდა დავძინოთ, რომ ღმერთი სამყაროს ჰქმნის არა გარედან, არამედ შიგნიდან. შესაქმე არ არის შორეულ წარსულში მომხდარი ერთჯერადი და პირველადი აქტი, რომელმაც დასაბამი მისცა ქრონოლოგიას. ამიტომაც მართებულია იმაზე საუბარი, რომ ღმერთი სამყაროს შექმნის პროცესშია, ხოლო ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ამ პროცესში აქ და ახლა, ამწუთას და ყოველთვის.
ჩვენი მსჯელობისთვის საჭიროა, ჩამოვთვალოთ ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნები. ასეთია:
1. სიცილისა და ტირილის უნარი.
2. თვით-შეგნება, დანაწევრებული აზროვნება, კონცენტრაცია.
3. თემური, საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილება.
4. ღმერთთან ურთიერთობის მოთხოვნილება.
5. მადლიერების გამოხატვის უნარი.
ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, ადამიან შეიძლება ეწოდოს სიცილისა და ტირილის უნარის მქონე ცხოველი, რაციონალური ცხოველი (როგორც ამას ამბობს სტოიკოსი ქრიზიპე, გარდ. ძვ. წ. 207 წ.), პოლიტიკური ცხოველი (როგორც ამას ამბობს არისტოტელე, გარდ. ძვ.წ. 322წ.), განღრმთობის პოტენციის მატარებელი ცხოველი (როგორც ამას ამბობს წმ. გრიგოლ ღვითისმეტყველი, გარდ. 390წ.), მადლიერების გამომხატველი ცხოველი.
ჰომო საპიენსის ეს ხუთი მახასიათებელი იმისათვის მოვიხმეთ, რომ განვსაზღვროთ გარემო სამყაროს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა. ადამიანი მოწოდებულია, გაუძღვეს სამყაროს, როგორც რაციონალური ცხოველი, რომელსაც თვით-შეგნებისა და თავისუფალი არჩევანის უნარი აქვს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ევქარისტული ცხოველი, რომელსაც მოთხოვნილება აქვს მადლობა უძღვნას შემოქმედს მისთვის ნაბოძები სამყაროსთვის. ადამიანის ეს განსაკუთრებული დანიშნულება კარგად აისახება ჟამისწირვაში, სულიწმიდის მოხმობის წინ, როდესაც ღვთისმსახური შესაწირ პურსა და ღვინოს მაღლა ასწევს და ამბობს: “შენთა, შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის.”
რას ნიშნავს სიტყვები “სამყაროს გაძღოლა” ან “შეწირვა”?
ჟამისწირვის დროს ასე ვამბობთ, რომ “ჩვენ ვწირავთ” და არა “მე ვწირავ.” ადამიანი შეწირვის აქტს მარტო კი არ ახორციელებს, არამედ სხვა ადამიანებთან ერთად. ადამიანის, როგორც პოლიტიკური ცხოველის მოვალეობაა სოციალური თანადგომა, ხოლო შეწირვა პიროვნებათა ურთიერთობის ნაყოფია. XVII საუკუნის ინგლისელი პოეტისა და მქადაგებლის ჯონ დონის სიტყვებით, “არცერთი ადამიანი არ არის თავისთავადი კუნძული.” ადამიანებისთვის დამახასიათებელ ამ თანადგომა-ურთიერთობას დღესდღეობით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუ ჩვენ არ ვისწავლით დედამიწის განაწილებას, მას (და ჩვენც მასთან ერთად) დაღუპვა ემუქრება: დედამიწა ყველასათვის ან არავისთვის.
ადამიანი თავისი ბუნებით უფრო შემწირველია, ვიდრე მსახური ან ბატონი. ბატონობისა და მსახურების მნიშვნელობა ხშირად შეიძლება არასწორად იქნას გაგებული, როგორც განუკითხავობა, ექსპლუატაცია, თითქოს დედამიწა ჩვენს მიერ შეძენილი, ჩვენს საკუთრებაში მყოფი იყოს და არა ღვთისგან ბოძებული. ხშირად ჩვენ არასწორად გვესმის დაბადების სიტყვები: “აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და მთავრობდით” მასზე. (დაბ. 1:28). უნდა გვახსოვდეს, რომ “ეუფლენით” ჩაგვრას არ გულისხმობს, ხოლო ადამიანს იმიტომ მიენიჭა ეს უპირატესობა, რომ ღვთის ხატის მიხედვითაა შექმნილი. ამდენად, ადამიანის დედამიწაზე ბატონობა ქრისტეს მორჩილების ფონზე უნდა გავიაზროთ. “ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების. უმჯობესად უკუÀ და უფროÁს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაÁთა დაიმკვიდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან” (2კორინთ. 12:9). რადგან ძე ღვთისამ საკუთარი ძალა განახორციელა კენოზისის გზით, თავის “წარმოცალიერებით”, სიკვდილისა და ჯვრის მიღებით (ფილიპ. 2:7-8), ბუნებაზე ჩვენს “ბატონობასაც” კენოზისური ხასიათი უნდა ჰქონდეს: თავმდაბლური, თანაგრძნობითი, მსხვერპლად მიტანილი.
“გიყვარდეთ ხეები.”
ადამიანი – პიროვნება ერთსა და იმავე დროს ზეციურ-სულიერიცაა და ფიზიკურიც. იგი მიკროკოსმოსია. ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის უპირატესობაა შუამდგომლობა. ჩვენი ამოცანაა, როგორც ამას წმ. იოანე ოქროპირი (გარდ. 404წ.) იტყვის, ვიყოთ ღვთის მიერ შექმნილის საკრველი და ხიდი. მიწისა და ცის გაერთიანებით, ქვეყნის სამოთხედ ქცევითა და ზეცის გაქვეყნიურებით ადამიანს მთელი მატერიალური სამყაროს სულიერი პოტენციალი სამზეოზე გამოაქვს და ამდენად, შექმნილის საფუძველში ჩადებულ ღვთიურ საწყისს ააშკარავებს. სწორედ ეს იყო სამოთხეში პირველი ადამისთვის დასახული ამოცანა, ხოლო პირველი ადამის დაცემის შემდეგ ეს ამოცანა მეორე ადამმა, ქრისტემ განახორციელა თავისი განკაცებით, ფერიცვალებით, ჯვარცმითა და აღდგომით.
ადამიანის დანიშნულებაა ბუნების დაცვა და არა მისი კონტროლი. ადამიანს ღვთისგან მინიჭებული აქვს სამყაროს შეცვლისა და გარდაქმნის უნარი. მაშასადამე, ადამიანი ღმერთს უბრუნებს სამყაროს არა იმავე სახით როგორც იგი მიეცა, არამედ შრომის შედეგად გარდაქმნილს. ევქარისტიის დროს ადამიანი ღმერთს სთავაზობს დედამიწის ნაყოფს არა პირველად სახით, ვთქვათ ხორბლის მარცვალსა და ყურძნის მტევანს, არამედ პურსა და ღვინოს.
ადამიანი ღვთის შექმნილ სამყაროს ფორმასა და მოდუსს უცლის, რადგან სამყარო, ერთის მხრივ, საჩუქარია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამოცანა და დავალებაცაა. რუმინელი ღვთისმეტყველის დიმიტრი სტანილოას (1903-1993) სიტყვებით, “ადამიანი სამყაროზე საკუთარი აღქმისა და შეგნების ნიშანს ტოვებს, ამდენად, მას აადამიანურებს და ღმერთს გაადამიანურებულ სამყაროს უბრუნებს.” ადამიანი სამყაროს პოტენციას ააქტიურებს.
თვითშეგნების გზით, სამყაროს გარდაქმნისა და შეცვლის უნარის გზით ჩვენ შეგვიძლია სამყაროს მივანიჭოთ ენა, მჭევრმეტყველება ღვთის შესხმის საქმეში. სწორედ ადამიანის მეშვეობით ზეცა გამოთქვამს ღვთის დიდებას (ფს. 18/9:1). ადამიანის მეშვეობით მთვარე, მზე, ვარსკვლავები, კლდეები, ხეები, ყვავილები და ცხოველები სამყაროს ხოტბას ასხმამენ და ეთაყვანებიან.
“რადგან ადამიანი განსხეულებულია, იგი მონაწილეობს მის გარშემო არსებულ მატერიალურ სამყაროში, რომელიც
ადამიანის შეგრძნებებთან ერთად უჩინარდება. ადამიანი, როგორც გონიერი არსება, განეკუთვნება უმაღლეს რეალობას. რადგან იგი ორივე რეალობას მოიცავს, წმ. კირილე ალექსანდირელის სიტყვებით, ადამიანი “ღვთის გვირგვინდადგმული ხატია,” მას შეუძლია გამოძერწოს მატერიალური სამყარო და მას გაუძღვეს, მიანიჭოს გამომსახველობა. ბიზანტიური საგალობლის ხმოვანება, ლიტურგიკული ჟესტი, ეკლესიის აგური, მოზაიკის ელემენტი ღვთის შესხმაში სიცოცხლეს იძენს.”
სამყაროს გამთლიანება და მადლიერებით ღვთისათვის მისი უკან დაბრუნება ადამიანის სერიოზული და რთული პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანი არის მიკროკოსმოსიც და შუამდგომელიც, რომელსაც უნარი აქვს შეგნებულად, წინასწარი განზრახვით გარდაქმნას სამყარო. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, რომელსაც არჩევანის თავისუფლება აქვს მინიჭებული, უზარმაზარი საფრთხის წინაშეა, მას შეუძლია შემოქმედებითი ძალის გამოყენება როგორც სასიკეთოდ, ასევე საზიანოდ; მას შეუძლია სამყაროში, ერთის მხრივ, სინათლე შემოიტანოს და გარდამქნას იგი, ხოლო მეორეს მხრივ, დაანგრიოს. ადამიანის შემოქმედებითობის ავად გამოყენების შედეგი დღეს კარგადაა ცნობილი ეკოლოგიური კრიზისის სახით.
ადამიანს მოეთხოვება თვითშეზღუდვა ბუნებრივი რესურსების მოხმარებაში, ცოდნა იმისა, თუ რა გვჭირდება, რა არის აუცილებელი და ამის გამიჯვნა იმისგან, რაც გვსურს. თვითუარყოფით, მარხვით, უარის თქმით ადამიანი სამყაროში თავის ჭეშმარიტ ადგილს მიაგნებს და ამით სამყაროს საკრალურ ძალას გამოააშკარავებს. ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ “ზიარება და ასკეტური სულისკვეთება” , მადლიერების განცდა და არაეგოისტური სიყვარული.
“გიყვარდეთ ხეები”: ჩვენს გარშემო არსებული ეკოლოგიური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სიყვარული გახლავთ, რადგან ადამიანს იმის გადარჩენა შუძლია, რაც უყვარს, ხოლო საკუთარი თავის გარკვეულწილად მსხვერპლად მიტანის გარეშე სიყვარული არ არსებობს.
მოქმედება საჭიროა დღეს, რადგან ხვალ შესაძლოა გვიან იყოს.


Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *