მეცნიერული და ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის შესახებ

07/10/2013
By

universe.297213213_stdავტორი: ვლადიმირ გომანკოვი

წარმოგიდგენთ სტატიას სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის შესახებ, რომლის ავტორიც გახლავთ ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ბარდინის სახელობის შავი მეტალურგიის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  ვლადიმირ გომანკოვი.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს (ებრ. 11, 3)

სტატიის სათაური პირველ რიგში მოითხოვს ცნება მეცნიერების განმარტებას, რომელმაც უკანასკნელ ხანს ზედმეტად ფართო და ოდიოზური განმარტებები მიიღო. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ღმერთი როგორც ბუნების შემოქმედი ადამიანებს ეცხადება თავის ქმნილებათა და ბუნებაში კანონზომიერებათა მეშვეობით: და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება (რომ. 1, 20). ეს ღმერთის „ბუნებრივი გამოცხადებაა“, განსხვავებით „ზებუნებრივი გამოცხადებისგან“, რომელიც გვეძლევა გარდამოცემისა და წმ. წერილის მეშვეობით. ამიტომ მეცნიერება განიმარტება, როგორც ადამიანის ინტელექტუალური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია ღვთის ბუნებრივი გამოცხადების – ბუნების, შემეცნებისკენ. გამარტივებულად: მეცნიერება – ესაა ბუნების, ღვთის ქმნილების ღვთისმეტყველება. ბუნების შესწავლისას ადამიანი „…აღმოაჩენს ფარულ შემოქმედს, ისევე, როგორც პოეტს ვხედავთ ლექსების სიტყვებს მიღმა, ან მხატვარს – ფერთა თამაშის უკან“ [1].

ცხადია აქ ძირითადში საუბარი მიდის ე.წ. ფუნდამენტურ მეცნიერებაზე და არა გამოყენებითზე, სადაც ყველაზე ძლიერად აისახება ადამიანის ცოდვად დაცემა. ამ ცოდვათ დაცემის ერთერთი შედეგია არა მარტო ზნეობრივი პრინციპების დამახინჯება, არამედ ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა მკვეთრი დაცემა, რაც ვლინდება მის მეცნიერულ მოღვაწეობაში. მიიჩნევს რა მეცნიერებას თვითკმარად, ადამიანი არა მარტო უგულვებელჰყოფს ზრბუნებრივ გამოცხადებას, არამედ აგრეთვე იგნორირებას უკეთებს იმის შემოქმედს, რასაც თავად შეისწავლის. უფრო მეტიც, მეცნიერულ კვლევათა (გამოყენებითი მეცნიერება) შედეგების გამოყენებით, როგროც კეთილად, ისე ბოროტად, ადამიანი ამახინჯებს მეცნიერების გაგებასა და მიზნებს. აქედან იწყება მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირება ყოველი ცალკეული ადამიანის სულსა და ზოგადად მთელს საზოგადოებაში. აღორძინებული და გავრცელებული ნეოწარმართობა და ოკულტიზმი ურცხვად სპეკულირებენ როგორც მეცნიერული ტერმინოლოგიით, ისე რელიგიური წარმოდგენებით. ამიტომ, როგორც გლებ კალედა ამბობდა: „დღესდღეობით მართლმადიდებლობაც და მეცნიერებაც საჭიროებენ აპოლოგეტიკას“. ბუნებრივია, აპოლოგია წარმოებს მეცნიერული მონაცემების ბიბლიურ ტექსტებთან შეპირისპირებით. რასაკვირველია, ისე ჩანს, თითქოს ბიბლიას არ სჭირდება დაცვა, მაგრამ ადამიანს ესაჭიროება არაწინააღმდეგობრივი რელიგიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.

სხვა განმარტებას წარმოადგენს ევოლუციის ცნება, რომელიც არაორგანული და ორგანული სამყაროს ყველა მოვლენისადმი მიყენებისას, ხდება საყოველთაო ფილოსოფიური პრინციპი. ამასთან ერთად, ბიოლოგიური ევოლუცია, რომელიც ფართოდ განიხილება ჩ. დარვინის დროიდან მოყოლებული, შედის მასში როგორც კერძო შემთხვევა. ევოლუცია გულისხმობს ობიექტის მდგომარეობის არა ყველა ცვლილებას, არამედ, მხოლოდ იმას, რომლის შედეგადაც ახალი მდგომარეობა არის უფრო რთული, მნიშვნელოვანი და სრულყოფილი. ამიტომ ევოლუციურ პროცესებს მივყავართ მატერიალური სამყაროს (მატერიის ქვეს ვგულისხმობთ ნივთიერებას და გამოსხივებას) ფორმების მრავალფეროვნებასა და გართულებასთან.

ევოლუციის წარმოდგენა გულისხმობს, რომ ყოველივე არსებული იწყებს არსებობას დროის გარკვეული საწყისი მომენტიდან და ვითარდება გარკვეულ მდგომარეობამდე. შემდეგ დგება ევოლუციის საწინააღმდეგო პროცესი, – დეგრადაცია ანუ დაშლა. აქედან გამომდინარე ევოლუცია საკუთარ თავში მოიცავს დასაწყისს და დასაბამს, ვინაიდან ევოლუციის განმარტება არ წარმოადგენს თვითკმარს.

თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები მოწმობენ ევოლუციური პრინციპის შესახებ, რომელიც განჭოლავს მთელ ღვთიურ ქმნილებას. განვითარებადი სამყარო ემორჩილება ბუნების გარკვეულ კანონებს, რომლებიც არაა შექმნილი თავად ბუნების მიერ და თავის მხრივ წარმოადგენენ ღვთის სიტყვის გამოხატულებას. მარტივად რომ ვთქვათ: ბუნების კანონები – ღმერთის აზრია, ხოლო ბუნება – მისი მატერიალური გამოხატულება [1]. ამ თვალსაზრისით ბუნების კანონები იდეალურნი არიან. ისინი იდეალურნი არიან აგრეთვე იმიტომ, რომ უშუალოდ არ დაიკვირვებიან. დაკვირვებადნი არიან მხოლოდ შედეგები ამ კანონებისა, რომელთა მეშვეობით ადამიანური გონება შეიმეცნებს და აყალიბებს მათ.

ამიტომ ადამიანი, რომელიც უარყოფს ბუნებაში ევოლუციურ პრინციპს, ცდილობს შეზღუდოს წარმოდგენები  უსაზღვრო შემოქმედის შესაძლებობების შესახებ, რომლისთვისაც უცვალებელი სამყარო არის განვითარებადი ბუნების ძალიან გამარტივებული ვარიანტი. ევოლუციური პრინციპი განსაკუთრებული ძალით ვლინდება ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროში, რომელიც ქმნილების გვირგვინად განიხილება. ადამიანის სულიერი და გონებრივი ევოლუციის შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენს კაცობრიობის მთელი ისტორია, რომელშიც მოღვწეობდნენ ქრისტიანი ასკეტებიც – კანონიზირებული და არაკანონიზირებული წმინდანები.

ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის ევოლუციის კუთხით ძველი აღთქმის განხილვისას, ჩვენ ვხედავთ ამ ურთიერთობათა მუდმივ განვითარებას, რომელსაც ახალ აღთქმაში მივყავართ ქრისტეს აღქმასთან. ამდენად, სახეზეა ურთიერთობათა ევოლუცია ძველი ადამიდან ახალ ადამამდე.

ამასთან ერთად, ბიბლიის პირველ წიგნში – გამოსვლის წიგნში – გვხვდება მატერიალური სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის აღწერა, რომელიც, ტექსტის არცთუ ძალიან სიმბოლური განმარტებისას თავსებადია თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებთან. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ სამყაროს, როგორც ერთიანის ევოლუცია, ხოლო შემდგომ სამყაროს მატერიის ევოლუცია, რომელსაც მივყავართ ჩვენი გარემომცველი ბუნების ფორმირებამდე.

 

სამყაროს წარმოშობა

Albert Einsteinკლასიკურ ნიუტონის მექანიკას არ შეეძლო ერთიანი სამყაროს აღწერა და XX საუკუნემდე სამყარო განიხილებოდა როგორც უსასრულო და საშუალოდ უცვალებელი სისტემა. ითვლებოდა რომ მატერია მარადიულია სამყაროში, ანუ ოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ასეთი სამყარო არ საჭიროებს შემოქმედს, ის ერთნაირად გამოიყურება დროის ნებისმიერ მომენტში და პრინციპში არ ექვემდებარება შესწავლას [2]. ათეისტურ მსოფლმხედველობაში გაბატონებული წარმოდგენას მარადიულ და უსასრულო სამყაროზე და მის მატერიაზე მივყავართ გარკვეულ მეტაფიზიკურ პარადოქსამდე – „ყოველივეს უსასრულობამდე“, რომელიც გულისხმობს ურთიერთქმედებათა და კანონთა, ძალთა და თავად სამყაროთა უსასრულო რაოდენობას.

ა. ეინშტეინის მცდელობა, რომ ზოგადი ფარდობითობის თეორიაზე (მიზიდულობის არანიუტონისეული თეორია) დაყრდნობით აღეწერა ასეთი სამყარო, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი. სტაციონალური სამყაროს გადასარჩენად ეინშტეინმა კოსმოლოგიურ განტოლებებში შემოიყვანა განზიდვის აღმწერი კოსმოლოგიური წევრი.

თუმცა 1922 წელს ამ თეორიაზე დაყრდნობით პეტროგრადელმა ფიზიკოსმა ა.ა. ფრიდმანმა მიიღო მიზიდულობისRTEmagicC_friedmann.jpg განტოლებათა რამდენიმე ამონახსენი, რომლებიც აღწერდნენ გაფართოებად სამყაროს. ამ სამყაროში ნივთიერების მასები შორდებიან ერთმანეთს, როგორც გაფართოებადი ბუშტის ზედაპირზე წერტილები. ხოლო 1928 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ე. ჰაბლმა, იკვლევდა რა გალაქტიკების სპექტრებს, აღმოაჩინა, რომ ჩვენი სამყაროს ყველა გალაქტიკა მართლაც გაურბიან ერთმანეთს მათგან დამკვირვებლამდე მანძილის პირდაპირპროპორციული სიჩქარით. ამდაგვარად, თეორიულად ნაწინასწარმეტყველები გაფართოებადი სამყბარო გახდა ექსპერიმენტული ფაქტი [3].

დღეს გაფართოებადი სამყაროს ამ მოდელს ეწოდება სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი და გულისხმობს, რომ ადრე გალაქტიკები იყვნენ უფრო ახლოს ერთმანეთთან, ხოლო გაფართოების ადრეულ სტადიაზე, ერთმანეთში იყვნენ შერწყმულნი გავარვარებულ სფეროში. დროის შკალაზე გონებაში უკან დაბრუნებით ჩვენ მივდივართ გაფართოების დასაწყისთან, რომელსაც საწყისი სინგულარობა ეწოდება და რომელშიც დრო და სამყაროს რადიუსი ნულის ტოლია, ხოლო ტემპერატურა და მატერიის სიმკვრივე მიისწრაფვის უსასრულობისკენ. სამყაროს კორექტული აღწერა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში იწყება ე.წ. პლანკის სიდიდეებიდან, ანუ 10^(-43) წმ. (ერთიანი გაყოფილი რიცხვზე 43 ცალი ნულით) დროის მომენტიდან, 10^(-33)სმ – სამყაროს ზომიდან და მისი მატერიის 10^(32)K (რიცხვი 32 ნულით) – ტემპერატურიდან.

სამყაროს გაფართოების მიზეზს ფიზიკოსები ხედავენ „დიდი აფეთქების“ სახელით ცნობილ საწყის მომენტში მატერიის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. სინგულარობაში „დიდი აფეთქება“ განპირობებულია გრავიტაციული განზიდულობით, რომელიც შეიქმნა მატერიის გიგანტური სიმკვრივის შედეგად და ნაწინასწარმეტყველებია ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიერ [3].

ამდაგვარად კოსმოლოგიური მოდელი ადგენს სამყაროს შექმნის დასაწყისს და აფასებს მის წლოვანებას (15-20 მილიარდი წელი – სინამდვილეში დღეს ეს შეფასება უფრო დაზუსტდა და შეადგენს დაახლ. 13,7 მილიარდ წელს – ზ.ო.), რომელიც თანხმობაშია ვარსკვლავთა და გალაქტიკათა წლოვანებასთან. ხოლო თანამედროვე კოსმოლოგია – მეცნიერება, რომელიც აღწერს სამყაროს როგორც ერთიანის თვისებებს, – თვლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გაფართოებად სამყაროში, რომელიც შეიქმნა როგორც მატერიის შემკვრივება, რომლისგანაც შემდგომში წარმოიქმნენ ვარსკვლავები, გალაქტიკები და პლანეტები [3].

ხილული ფიზიკური სამყაროს შექმნა აღწერილია წინასწარმეტყველ მოსეს მიერ შესაქმეს წიგნის პირველ სტროფშიც: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მერვე სტროფში გადმოცემულია მყარის სახელით ცნობილი მეორე ცის ცნება, რომელიც ეხება პლანეტა დედამიწას. ამიტომ პირველ სტროფში გადმოცემული ცისა და მიწის შექმნა გულისხმობს მთელი სამყაროს შექმნას. შესაქმეს მომდევნო სტროფებში ჩვენ ჩვენ ვხედავთ მატერიალური ობიექტების გართულებას და მრავალფეროვნებას და შესაბამისად, სამყაროს შექმნის დასაწყისში განიხილება როგორც ევოლუციური პროცესის დასაწყისი.

ცნება დასაწყისი დაკავშირებულია დროის შესახებ წარმოდგენასთან. კერძო და ზოგადი ფარდობითობის თეორიაზე დაფუძნებული თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები ადგენენ ურთიერთკავშირს დროსა, სივრცესა და მატერიას შორის. ამასთან, აღმოჩნდა, რომ დრო მიბმულია სივრცეზე და ბუნების ყველა კანონები ჩაიწერება ოთხგანზომილებიან სივრცე-დროში, რომლის გეომეტრია, თავის მხრივ, მოიცემა (მატერიის) მიზიდულობის ველით.

აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს წარმოშობამდე არ იყო არც მატერია, არც სივრცე და არც დრო. ამიტომ, შესაქმეს წიგნში პირველი დღის ცისა და მიწის შექმნის დასაწყისი განიმარტება, როგორც სივრცის, დროისა და მატერიის შექმნა. ცისა და მიწის ერთდროული შექმნა არ ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ მეცნიერულ წარმოდგენებს. ხოლო ქმნის აქტზე დაყრდნობით ნეტარი ავგუსტინე წერს: „ყოველნი დრონი შენ შეჰქმენი და შენ აღმატებული ხარ ყველა დროზე და მათ შექმნამდე, ცხადია არ იყო არანაირი დრო“ [4].

ძირითადი პრობლემა, რასაც დღეს მეცნიერები იკვლევენ კოსმოლოგიურ მოდელში, არის სამყაროს მდგომარეობა სინგულარობაში (დასაწყისში), სადაც სივრცე-დრო პლანკის სიდიდის რიგისაა და კარგავს მის ძირითად თვისებას – უწყვეტობას, ანუ ის ხდება კვანტური და აღიწერება კვანტური გრავიტაციის თეორიით. ერთერთი ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო შეიქმნა როგორც სივრცე-დროის მცირე ბუშტულა, რომელიც მოიცავდა საკუთარ თავში მთელ მატერიას. მატერიის ეს ჩანასახი წარმოიქმნება „არაფრისგან“ როგორც „ფიქტიური“ ფიზიკური ვაკუუმის კვანტური ფლუქტუაცია. ან, დაახლოებით თუ გავშიფრავთ ამ მეცნიერულ ტერმინოლოგიას, სამყარო შეიქმნა, როგორც „სიცარიელისა და არარსის“ საშუალოდან მიკროსკოპული გადახრა. გაფართოებისას, ეს ფლუქტუაცია გადაიზარდა „დიდ აფეთქებაში“, რომელიც აღიწერება კოსმოლოგიური მოდელით. ადრეულ სტადიაზე (10^(-35)წმ-მდე) გაფართოებადი სამყარო აღიწერება „ინფლაციური მოდელით“ [3], რაც გულისხმობს მისი ზომების ექსპონენციალურ გაფართოებას.

შემოქმედებითი აქტი, რომლის მეშვეობითაც შემოქმედმა შექმნა სამყარო, წარმოადგენს აბსოლუტურ „ქმნას არაფრისგან“. ვინაიდან ფიზიკური ვაკუუმი არ არის აბსოლუტური სიცარიელე („ფიქტიური“ ვაკუუმი – მასში აშფოთებს ურთიერთქმედებათა ველების უმდაბლეს მდგომარეობებს), ამიტომ ითვლება, რომ „არაფრისგან შექმნა“ შემოქმედმა დაიწყო ფიზიკური ვაკუუმის შექმნით. „არაფრისგან შექმნა“ პრინციპულად განსხვავდება ადამიანის ჩვეულებრივი შემოქმედებითი მოღვაწეობისგან, რომელიც ძირითადში დაკავშირებულია მატერიის ერთი ფორმიდან მეორეში გადაკეთებასთან. მაგალითად, თიხისგან, სილისგან და წყლისგან იქმნება აგურები, აგურებისგან – სახლი. მატერიის ფორმათა ეს გარდაქმნები ემყარება ბუნების კანონთა ცოდნას. გარკვეულ გამონაკლისს წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედება, რომელიც დაკავშირებულია მწერალთა, მხატვართა და სხვათა მოღვაწეობასთან, როდესაც მატერიალურ საშუალებათა მეშვეობით ფორმირდება ნაწარმოებები, რომელთაც გააჩნიათ ერთგვარი სულიერი არსი, ანუ ირეკლავენ მათ შემოქმედთა მსოფლმხედველობას.

ღვთიურ შემოქმედებათა სისავსე ასახულია ბუნების კანონებშიც. ის რაც წარმოქმნილია, შექმნილია გარკვეული კანონებით, ის კანონზომიერია. მატერია არ არსებობს კანონების გარეშე, რომლებიც მას ქმნიან. დედამიწა და მზის სისტემა იმიტომ არსებობენ, რომ არსებობს ნიუტონის მიზიდულობის კანონი; ატომები და მოლეკულები არსებობენ, ვინაიდან არსებობენ კვანტური მექანიკის კანონები დ.ა.შ. არ არის კანონები – არ არის მატერია.

ამრიგად, მატერიის ღვთიურ შექმნას თან სდევს იმ კანონების შექმნა, რომელთა საფუძველზეც ის არსებობს და ვითარდება. ღვთიურ შემოქმედებაში არ არის ქაოსი, ვინაიდან მატერიის წარმოქმნას წინ უსწრებს ბუნების კანონთა მაფორმირებელი ღვთიური ჩანაფიქრი. ღვთიური შემოქმედების ეს სისავსე ასახულია იოანეს სახარებაში: 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

თავად ადამიანს არ შეუქმნია არცერთი კანონი; ის აღმოაჩენს მათ ბუნების კვლევისას, და რელიგიური მსოფლმხედველობის შემთხვევაში მათ თვლის ღვთიური გონის მცირე ნაწილად. ამიტომ რელიგიური ადამიანისთვის მატერიალური სამყარო (ბუნება) წარმოადგენს ღმერთის „ბუნებრივ გამოცხადებას“.

გონებით წარმოუდგენელი მეცნიერული აღწერა სინგულარული სამყაროსი სავსებით ეთანადება შესაქმეს წიგნის მეორე სტროფს: მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. ეს თანადობა ძლიერდება ძველებრაულიდან თარგმანისას: მიწა არ არის არსად და არაფერში, ხოლო ბნელი იდო უფსკრულზე ითარგმნება როგორც (ბუნებრივ – ზ.ო.) მოვლენათა არარსებობა. ღვთის სულის შესახებ ბოლო სიტყვაში თითქოს ხაზი ესმევა უფრომო მატერიისგან, რომლის სიმბოლოც არის წყალი, შემოქმედების გაგრძელების შესაძლებლობის მზადყოფნას.

 

სამყაროს ევოლუცია

გაფართოებადი სამყაროს კოსმოლოგიური მოდელი წინასწარმეტყველებს მისი ევოლუციის ორ შესაძლებლობას. პირველი აღწერს უსასრულო გაფართოებას სამყაროსი. ამ შემთხვევაში უსასრულო გაფართოებისას, მილიარდობით მილიარდობით წლების გასვლის შემდეგ სამყაროს ელოდება მისი ნებისმიერი სტრუქტურის გაქრობა და შესაბამისად სითბური სიკვდილი მარადიულობაში. სამყაროს სტრუქტურის დაკარგვის პროცესი აღიწერება როგორც ყველა მცირე ვარსკვლავის ჩაქრობა ათასობით მილიარდი წლების შედეგ, გალაქტიკათა ცენტრალური უბნების შავ ხვრელებში კოლაფსირება უფრო მეტი მილიარდი წლის შემდეგ, შემდგომში პროტონების და ყველა ელემენტის დაშლა მილიონობით მილიარდი წლის განმავლობაში, დაბოლოს შავი ხვრელების „აორთქლება“ გამოსხივების გზით, რომელიც უფრო გაცივდება სამყაროს გაფართოებასთან ერთად [2,3].

თუმცა სამყაროს სტრუქტურის დაკარგვა არ ნისნავს მის ევოლუციას, არამედ უფრო წარმოადგენს მის საპირისპირო პროცესს – დაშლად, დეგრადაციას. ვინაიდან სამყაროს წლოვანება დღეს არ აღემატება 20 მილიარდ წელს, ალბათ სამყარო იმყოფება ევოლუციის  უფრო დასაწყისთან, ვიდრე დასასრულთან.

მეორე ევოლუციური შესაძლებლობა წინასწარმეტყველებს რომ 100 მილიარდი წლის შემდეგ სამყაროს გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით, რომელიც ასევე დეგრადაციას შეესაბამება. სამყაროს შეკუმშვისას სამყაროს ტემპერატურა დაიწყებს ზრდას და ახლანდელთან მნიშვნელობასთან შედარებით მისი ზომების 0.01 ნაწილამდე შემცირებისას ცაზე გამოსხივების ფონი ღამით იგივე იქნება რაც დღისით. მომდევნო გაფართოებისას 700000 წლის შემდეგ კოსმოსური ტემპერატურა მიაღწევს 10 მილიონ გრადუსს, ხოლო ვარსკვლავები და პლანეტები გარდაიქმნებიან ბირთვებისგან, ელექტრონებისგან და გამოსხივებისგან შემდგარ კოსმოსურ პლაზმად. გასაგებია, რომ ბოლოს და ბოლოს სამყაროს მთელი მატერია გარდაიქმნება ცეცხლოვან ბირთვად და შემდგომში გაქრება სივრცე-დროსთან ერთად „დიდი შეკუმშვისას“ სინგულარობაში.

სამყაროს შესაძლო ევოლუციის და დეგრადაციის შესახებ ზემოთ წარმოდგენილი დასკვნები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ მატერიის საშუალო სიმკვრივეზე, რომელიც განსაზღვრავს, გაფართოება გაგრძელდება უსასრულოდ, თუ გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით. თუ სიმკვრივე ნაკლებია ან ტოლია გარკვეული კრიტიკული მნიშვნელობისა, მაშინ სამყარო გააგრძელებს უსასრულოდ გაფართოებას. თუ სიმკვრივე მეტია კრიტიკულზე, მაშინ სამყარო ჩაკეტილია და გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით.

სამყაროს მატერიის რეალური სიმკვრივის შეფასება ძალიან რთულია, რადგან მასში შედის ნივთიერების ყველა სახეობა და გამოსხივება. თანამედროვე ასტრონომიული მონაცემები ადასტურებენ უფრო უსასრულო გაფართოებას. თუმცა ბოლო წლების მონაცემებში სიმკვრივის ზრდის ტენდენცია ჩანს [3].

ამრიგად, კოსმოლოგიურ მოდელში სამყაროს მომავალი კაცობრიობისთვის გამოიყურება ტრაგიკულად და აპოკალისურადაც. ევოლუციის შემდეგ მას ემუქრება დეგრადაცია ან უსაზღვრო სიცივეში ან აუტანელ სიცხეში. ქრისტიანული ესქატოლოგიაც გვამცნობს „ამ საუკუნის“ დაღუპვას უკანასკნელ კატასტროფაში: და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი (მთ. 24, 29).

 

მატერიის ევოლუცია

კოსმოლოგიური მოდელის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში განიხილება მატერიის ევოლუცია დაწყებული სამყაროს პლანკის დროიდან. ამ განხილვას საფუძვლად უდევს „ცხელი“ მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ სამყაროს დრო, სიმკვრივე და ტემპერატურა (ენერგია) ნივთიერებისა და გამოსხივების ურთიერთგარდაქმნებისას [5].

ცნობილია, რომ მატერიის ყველა ფორმა წარმოიქმნება ოთხი ტიპის ურთიერთქმედების შედეგად: ძლიერი (ბირთვული), ელექტრომაგნიტური, სუსტი (რადიოაქტიური დაშლა) და გრავიტაციული (მიზიდულობა). ველის კვანტური თეორიის მიხედვით, ამ ურთიერთქმედებათა მუდმივები იცვლებიან ენერგიის მიხედვით – „მორბენალი კონსტანტები“. ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით ითვლება, რომ ურთიერთქმედების სახეები თავს იჩენენ როგორც განსხვავებულები შედარებით დაბალ ენეერგიებზე. მაღალ ენერგიებზე ისინი ერთიანდებიან ერთ ძალაში. ასე მაგალითად თეორიის მიერ ნაწინასწარმეტყველები და ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ დაახლოებით მილიონჯერ მილიარდ გრადუსზე ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალები ერთიანდებიან ელექტროსუსტ ძალებში. ასევე ნაწინასწარმეტყველებია, რომ მილიარდობით მილიარდ გრადუს ტემპერატურაზე ხდება ე.წ. „დიდი გაერთიანება“, რომელიც ძლიერი, ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალების უნიფიცირებას ახდენს. დაბოლოს პლანკის ტემპერატურაზე ითვლება რომ ადგილი აქვს ერთიან ძალად ურთიერთქმედებათა სრულ გაერთიანებას გრავიტაციულის ჩათვლით. ბოლო ორი გაერთიანების ენერგია იმდენად დიდია, რომ დღეს დედამიწის პირობებში მიუღწევადნი არიან და მათი მოდელები მოწმდება არაპირდაპირი მონაცემებით [6].

გაერთიანების ენერგიების შედარებისას სამყაროს გაფართოების ტემპერატურებთან, აღმოვაჩენთ, რომ დიდი გაერთიანება უნდა რეალიზდებოდეს სამყაროს პლანკის პარამეტრების დროს, ანუ მისი გაფართოების დასაწყისში. ამგვარად, დროის საწყის მომემტში მოქმედებს ერთიანი ძალა, რომელიც შემდგომ, სამყაროს გაფართოებისა და გაცივებისას განშტოვდა ურთიერთქმედებათა ოთხ სახეობად. ასეთია თეორიული სქემა ერთიანი ძალის შესაძლო განვითარებისა, რომელიც თან სდევს სამყაროს ევოლუციას. ურთიერთქმედებათა ეს მონიზმი კორელირებს ქრისტიანულ მონიზმთან – სამყაროს ერთი შემოქმედი და ერთიანი საწყისი ძალა.

სწორედ სიმკვრივე და ტემპერატურა განსაზღვრავენ ურთიერთქმედებებსა და მატერიის შემადგენლობას „დიდი აფეთქების“ მოდელში. ძირითადი პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ პირველ 100 წამში – ესაა ელემენტარული ნაწილაკების, ანტინაწილაკების და გამოსხივების ურთიერთქმედების, დაბადების, დაშლის და განადგურების (ანიჰილაციის) პროცესები. ნაწილაკისა და ანტინაწილაკის ანიჰილაციისას წარმოიქმნება გამოსხივება. თავის მხრივ, მაღალი ენერგიის გამოსხივებას შეუძლია წყვილის: ნაწილაკის და ანტინაწილაკის წარმოქმნა. ნაწილაკების შემადგენლობის მიხედვით მატერიის ევოლუცია შეიძლება დავყოთ რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ხასიათდებიან დროის ინტერვალებით, სიმკვრივით და ენერგიით [5].

პირველ პერიოდს ეწოდება ადრონული, ძლიერად ურთიერთქმედი მძიმე ნაწილაკების  – ადრონების სახელიდან გამომდინარე. ამ პერიოდის დასაწყისში მატერიის შემადგენლობა წარმოდგენილია იმდენად მაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკებისა და ანტინაწილაკებისგან, რომ მათი ექსპერიმენტული მიღება დედამიწის პირობებში შეუძლებელია. ამ პერიოდში ნაწილაკების და ანტინაწილაკების რაოდენობა ერთნაირი რომ ყოფილიყო, ისინი გამოსხივებაში ანიჰილირდებოდნენ, ნივთიერების ევოლუცია შეწყდებოდა, ხოლო სამყარო იქნებოდა მხოლოდ გამოსხივებისგან შემდგარი გაფართოებადი მოცულობა. მაგრამ ადრონული პერიოდის დასასრულისთვის რჩება ადრონთა ზედმეტი რაოდენობა, რომლებიც არაფერთა აღარ ანიჰილირებენ და ნივთიერების ევოლუცია გრძელდება.

ადრონული პერიოდი არსებობს ბირთვულ სიმკვრივეზე მეტი სიმკვრივეების და წამის მეათიათასედ ნაწილზე მცირე დროისას. მისი მატერია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ადრონული ნაწილაკების, ანტინაწილაკების და გამოსხივების ნარევისგან შედგენილი პლაზმა, რომელიც შემდგომში ევოლუცირებს მატერიის სხვა ფორმებში. ასე მაგალითად, ენერგიების მიხედვით მსჯელობისას, წამის მემილიონედზე მცირე დროებისთვის ნივთიერებას განიხილავენ როგორც „კვარკულ პლაზმას“, რომელიც შედგება თავისუფალი კვარკებისგან და გლუონებისგან, რომლებიც შემდგომში ერთდებიან პროტონებად და ნეიტრონებად (სამი კვარკი ქმნის პროტონს). ამრიგად სწორედ ადრონული პერიოდის ბოლოში ხორციელდება ბირთვული სინთეზი, ანუ ჩნდებიან პროტონები და ნეიტრონები, რომლებისგანაც შემდგომში წარმოიქმნებიან ატომური ბირთვები.

ფიზიკოსებისთვის ეს ყველაზე უფრო საინტერესო და მისტიური პერიოდია მატერიის ევოლუციისა. ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოდში რეალიზდება  ფიზიკურ ურთიერთქმედებათა „დიდი გაერთიანება“ იმ ძალაში, რომელიც შემდგომ ევოლუცირდა დღეს დამზერილ ბირთვულ, ელექტრომაგნიტურ და სუსტ ურთიერთქმედებებში [3,6].

ადრონულ პერიოდში მატერიის რთულად წარმოსადგენი და პრაქტიკულად შეუსწავლელი მდგომარეობა აგრეთვე ეთანადება შესაქმეს წიგნის მეორე სტროფს: მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

ანიჰილაციისა და ადრონთა დაშლის წყალობით სამყაროში იქმნება სუსტად ურთიერთქმედი ლეპტონების, – მსუბუქი ნაწილაკები (ელექტრონები, პოზიტრონები და სხვ.), დიდი რაოდენობა. ამიტომ მეორე პერიოდს ეწოდება ლეპტონური. ამ პერიოდში წარმოებს ნივთიერების შემდგომი გარდაქმნა გამოსხივებაში. ეს ეტაპი სრულდება, როდესაც გადის ყველა ანიჰილაციური პერიოდი, და მოიცავს სამყაროს არსებობის 10 წამს. პერიოდის ბოლოსთვის გამოსხივების სიმკვრივე უკვე აღემატება ნივთიერების სიმკვრივეს.

ევოლუციის ამ პერიოდში გამოსხივების დიდი ნაწილის, მათ შორის ხილული სინათლის, გამოჩენა ეხმიანება შესაქმეს წიგნის მესამე სტროფს: თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თუმცა ეს ტექსტი შესაძლოა შეესაბამებოდეს ევოლუციის მომდევნო პერიოდს – „გამოსხივების პერიოდს“. ამ უკანასკნელში სამყარო სავსეა გამოსხივებით და მისი სიმკვრივე აღემატება ნივთიერების სიმკვრივეს.

ამრიგად, შესაქმეს წიგნშიც და მატერიის მეცნიერული ევოლუციის მოდელშიც სამყაროში სინათლე ჩნდება მზისა და ვარსკვლავების წარმოქმნამდე, რაც პარადოქსულად გამოიყურება „საღი აზრის“ თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც ხშირად აკრიტიკებდნენ ბიბლიას. თუმცა აქ მოსეს წინასწარმეტყველებამ გაუსწრო ფიზიკის და ასტრონომიის თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებს.

სამყაროს მომდევნო გაფართოებისას გამოსხივების სიმკვრივე უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე ნივთიერების სიმკვრივე და გამოსხივების პერიოდის ბოლოსთვის ნივთიერება წარმოადგენს მატერიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს. ამ პერიოდში იწყება ჰელიუმის ბირთვების წარმოქმნა, ხოლო ნივთიერება წარმოდგენილია წყალბადის და ჰელიუმის ბირთვებით და ელექტრონებით, რომლებიც დარჩნენ ლეპტონური პერიოდიდან. „დიდი აფთქებიდან“ 5 მილიონი წლის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა დაეცა მილიარდ გრადუსზე ქვემოთ, „ცხელი“ მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ სამყაროს ნივთიერება უნდა შედგებოდეს დაახლოებით 25% ჰელიუმის ბირთვებისგან და 75% პროტონებისგან.  ნივთიერების ეს შემადგენლობა უნდა შენარჩუნდეს დღევანდელ დღემდე. სამყაროში მსუბუქ ელემენტთა განაწილების ექსპერიმენტული დაკვირვებები ადასტურებენ ჰელიუმისა და წყალბადის ამ თანაფარდობას. ამრიგად, დღევანდელი სამყაროს ნივთიერების ძირითადი შემადგენელობა წარმოადგენს სამყაროს კოსმოლოგიური და „ცხელი“ მოდელის დამადასტურებელ მეორე ექსპერიმენტულ ფაქტს.

საწყისი მომენტიდან მილიონი წლის გასვლის შემდეგ (თანამედროვე მონაცემების მიხედვით დაახლ. 400000 წლის შემდეგ), როდესაც სამყაროს ტემპერატურა დაეცა 4000 გრადუსამდე, ელექტრონები უერთდებიან ჰელიუმისა და წყალბადის ბირთვებს და ქმნიან ატომებს. ამ დროს გამოსხივება უკვე აღარ ურთიერთქმედებს ატომებთან. ამიტომ ნივთიერება ხდება გამჭვირვალე გამოსხივებისთვის, რომელიც გამოეყოფა ნივთიერებას და უკვე აღარ მონაწილეობს მატერიის ევოლუციაში და ცივდება სამყაროს ტემპერატურის დაცემასთან ერთად.

„გამოსხივების პერიოდის“ დასასრულისთვის ნივთიერებისგან განთავისუფლებული გამოსხივება 1965 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი და ეწოდა „რელიქტური გამოსხივება“. რელიქტური გამოსხივების აღმოჩენა წარმოადგენს სამყაროს კოსმოლოგიური და „ცხელი“ მოდელის დადასტურების მესამე ექსპერიმენტულ ფაქტს.

აქ მიზანშეწონილია გავიხსენოთ შესაქმეს წიგნის მეოთზე სტროფი: და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ამრიგად შესაქმეს წიგნშიც და სამყაროს „ცხელ“ მოდელშიც ჩვენ ვხვდებით სინათლეს (გამოსხივებას), რომელიც მატერიალურ წყაროსთან დაკავშირებული არაა.

„გამოსხივების პერიოდთან“ ერთად სრულდება მატერიის ევოლუციის ვარსკვლავამდელი ეპოქა. ის სრულდება ნივთიერების ატომთა წარმოშობით, რომელთა მეშვეობით ფორმირდება სამყაროს ყველა ფიზიკური და ბიოლოგიური ობიექტი. ვარსკვლამდელი ეპოქა არის შესაქმეს წიგნშიც.

370_os1შემდგომი, „ვარსკვლავური პერიოდი“, ხასიათდება მატერიალური ობიექტების წარმოქმნით, რომლებიც დასაბამს აძლევენ ვარსკვლავებს, პლანეტებს და გალაქტიკებს. ეს პერიოდი დღესაც გრძელდება. ატომების წარმოქმნის შემდეგ შესამჩნევი ხდება მიზიდულობის ძალთა მოქმედება, რომელიც ქმნის ნივთიერების არაერთგვაროვან გროვებს. გრავიტაციული ძალები ამკვრივებენ ნივთიერებას, რომელიც ცხელდება, იონიზდება და ბოლოს წარმოქმნის ვარსკვლავებს, პლანეტებს და გალაქტიკებს. ასე წარმოიქმნა ჩვენი მზის სსიტემაც და პლანეტა დედამიწა. ითვლება, რომ წყალბადის გარდა ყველა სხვა ელემენტთა ბირთვები სინთეზირდებიან ვარსკვლავთა წიაღში ბირთვული რეაქციების შედეგად.

მატერიის ატომებისგან წარმოიქმნენ მოლეკულები, რომელთაგანაც შექმნილია ორგანული ნივთიერება, ხოლო ორგანულ მოლეკულათა ევოლუციამ მიგვიყვანა მცენარეთა და ცხოველთა სამყარომდე. ზოგადად ორგანული სამყაროს ასეთი ევოლუცია  აღწერილია შესაქმეს წიგნის მომდევნო სტროფებში.

ამდენად, სამყაროს მატერიის ევოლუცია შემდეგი სქემით მიმდინარეობს: ელემენტარული ნაწილაკები და გამოსხივება – პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები – წყალბადისა და ჰელიუმის ბირთვები – წყალბადისა და ჰელიუმის ატომები – ელემენტთა ატომები – მოლეკულები – მცენარეები  – ცხოველები. ამასთან ვაკვირდებით ევოლუციის „ხელსაყრელ“ მსვლელობას მის ყველა ეტაპზე გავლისას, კოსმოლოგიური ბირთვული სინთეზიდან, სიცოხლისა და გონის დაბადებამდე. მეცნიერების თვალსაზრისით ეს „ხელსაყრელი“ გავლა დაუჯერებელი და შემთხვევითი გვეჩვენება და ამიტომ ზოგიერთ, ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე ფიზიკოსს შემოჰყავს „ანთროპული პრინციპი“. ეს პრინციპი ამბობს, რომ სამყარო ყველა მის ზუსტ კანონთან ერთად უნდა იყოს ისეთი, რომ ევოლუციის რომელიმე ეტაპზე უზრუნველყოს სიცოცხლისა და გონის განვითარება. მართლმადიდებლური პოზიციით კი შემოქმედის მიერ სამყარო შექმნილია ისეთად, რომ მისი განვითარების კანონები არის არა მატერიის თვითგამოხატულება, არამედ ისინი ფორმირდებიან ღვთის სიტყვით, რომელიც უზრუნველყოფს მატერიის ევოლუციას ელემენტარული ნაწილაკებიდან ადამიანამდე. ღმერთის გარეშე ევოლუცია შეუძლებელია.

მატერიის, განსაკუთრებით მისი ბიოლოგიური ფორმის ევოლუციის ალტერნატივას, დღეს უპირისპირებენ ე.წ. „კრეაციონიზმს“, პროტესტანტულ იდეოლოგიას, რომელიც პოსტულირებს „არაფრისგან“ შექმნას, თავდაპირველად შექმნილ ბუნების კანონთა უცვლელობას და შემოქმედის ჩაურევლობას როგორც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში, ისე შექმნილ მატერიაში.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები აჩვენებენ, რომ არა მარტო ბიბლიური, არამედ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებიც ახლოს არიან „არაფრისგან“ სამყაროს შექმნის იდეასთან, რაც შეესაბამება „კრეაციონიზმის“ პირველ პოსტულატს. თუმცა სამყაროს წარმოშობის საწყის მომენტში დროისა და სივრცის შექმნა მიანიშნებს შექმნილი მატერიის ცვლილების შესაძლებლობას. შექმნილი სამყარო არ შეიძლება იმყოფებოდეს დროისა და სივრცის გარეთ, ანუ მარადიულობაში. ამიტომ, გამომდინარე ფილოსოფიური განმარტებებიდან დროისა, როგორც მატერიის „ცვალებადობის“ უნივერსალური თვისებისა, და სივრცისა, როგორც იგივე მატერიის თვისებისა „დაიკავოს ადგილი“ (განივრცოს), შექმნის საწყის მომენტში უმალ ველით სამყაროს ან ევოლუციას ან დეგრადაციას. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი სამყაროსა და მატერიის შექმნის დასაწყისი აგრეთვე წარმოადგენს მათი ევოლუციის საწყის მომენტს.

ამასთან, მიუხედავად „კრეაციონიზმისა“, ურთიერთქმედებათა ფუნდამენტური კანონებიც (მორბენალი კონსტანტები), როგორც აღინიშნა ზემოთ, იცვლებიან ენერგიის მიხედვით სამყაროს გაფართოების გარკვეულ ეტაპებზე. და თუმცა ხადახან სიტყვა „კრეაციონიზმს“ ემატება ეპითეტი „მეცნიერული“ (იხ. ჩვენი სტატია: „მეცნიერული კრეაციონიზმის ფსევდომეცნიერულობის შესახებ“ – ზ.ო.), არ არსებობს სამყაროს წარმოშობის არანაირი კრეაციული მეცნიერული თეორია. „კრეაციონიზმში“ არ არსებობს დადებითი მეცნიერული შინაარსი – რიცხობრივად ის ვერ ხსნის ვერც ერთ ექსპერიმენტულ ფაქტს, აღარაფერს ვამბობთ ექსპერიმენტულ წინასწარმეტყველებაზე. და საერთოდ, „კრეაციონიზმი“ არ ეთანხმება ცოდნის თანამედროვე მეცნიერულ სისტემას და ამიტომ მისი უარყოფა ხორციელდება ერთდროულად მრავალი სამეცნიერო მიმართულებით.

შექმნილ სამყაროში შემოქმედის „ჩაურევლობის“ პროტესტანტულ („კრეაციონისტულ“) კონცეფციაში შემოქმედი უფრო ჰგავს „ვოლტერიანელთა“ ღმერთს, – ის არსებობს, მაგრამ არაფერში ერევა. ამასთან, „ბედნიერ შემთხვევითობათა“ დიდი მწკრივი, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროში სიცოცხლისა და ადამიანის წარმოშობას, მოწმობს ბუნების კანონთა ზუსტ და არაშემთხვევით მოწყობას (ანთროპული პრინციპი), რომელიც აჩვენებს ღმერთის ურთიერთობას შექმნილ სამყაროსთან. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, უფალი ახლაც ქმნის ყველგან, ინარჩუნებს რა სამყაროს არსებობასა და განვითარებას როგორც კლასიკურ კანონთა დეტერმინიზმის, ისე კვანტური მექანიკის ალბათობრივი კანონების მეშვეობით.

მაშასადამე, სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები უფრო ეთანხმებიან, ვიდრე ეწინააღმდეგებიან შესაქმეს წიგნის „პირველ დღეს“ აღწერილ სამყაროს წარმოქმნას. ამიტომ მეცნიერული წარმოდგენების თვალსაზრისით (სამყაროს წარმოშობის – ზ.ო.) ბიბლიური  კრიტიკა უადგილოა.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Яннарас Х. Вера Церкви. Введение в православное богословие. М.: Изд-во Центра по изучению религий, 1992, с. 75-85
  2. Яки С. Л. Бог и космологи. Долгопрудный: “Аллегропресс”, 1993
  3. Новиков И. Д. Эволюция Вселенной. М.: “Наука”, 1990
  4. Блаженный Августин. Исповедь // Творения блаженного Августина, епископа Иппонийского. Ч.1. Киев, 1914, с. 312
  5. Харрисон Э. Ранняя стадия развития Вселенной // Строение и развитие Вселенной. М.: “Знание”. Сер. “Физика, астрономия”. 1969, с. 3-15
  6. Окунь Л.Б. Фундаментальные константы физики // Успехи физических наук. Т. 161. N9. 1991, с. 177-194
Print Friendly

Comments are closed.