ავტორი: ზაზა ოსმანოვი

დღეს მართლმადიდებელ მორწმუნეთა წრეებში ძალიან აქტუალურია ე.წ. კრეაციონიზმის რადიკალური ფორმა, რომლის აღიარება ხშირ შემთხვევაში ეკლესიას მეტად რთულ მდგომარეობაში აყენებს. პირველ რიგში გავმიჯნოთ კრეაციონიზმის ორი გაგება. კრეაციონიზმი წარმოადგენს რელიგიურ რწმენას, რომ სიცოცხლე, დედამიწა და მთელი სამყარო ზებუნებრივი და ყოვლისშემძლე არსების მიერ არის შექმნილი. ასე განმარტებული კონცეფცია არანაირ პრობლემას არ ქმნის თანამედროვე მეცნიერულ თეორიებთან მიმართებაში, რადგან ის, თუ როგორც განიხილავს მეცნიერება სამყაროს და ამ სამყაროში სიცოცხლის წარმოშობას, შეიძლება მოერგოს ქრისტიანულ კოსმოგონიას და ანთროპოლოგიას, რაზეც არაერთი ღვთისმეტყველი და მკვლევარი მიუთითებს [1-4].

თუ ისე გავიგებთ კრეაციონიზმს, როგორც ზემოთ ვახსენეთ და დავსვამთ წერტილს პრობლემა არც იარსებებს, მაგრამ ზოგიერთის აზრით ყოველივე ზემოხსენებულს უნდა დაემატოს უამრავი ისეთი დეტალი, რაც პირდაპირ კონფლიქტში მოდის მეცნიერებასთან და არცთუ კარგ თანხმობაშია ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასთან [1,5]. მაგალითად ასეთს წარმოადგენს კრეაციონისტთა ძალიან სწორხაზოვანი მიდგომა ბიბლიის განმარტებისას და დასკვნა, რომ სამყარო შეიქმნა 6 დღეღამეში, რომელთაგან თითოეული ინტერვალი 24 საათიანი შუალედის ტოლი უნდა ყოფილიყო. ჩვენ სწორედ კრეაციონიზმის ამ რადიკალურ გაგებას შევეხებით, კერძოდ განვიხილავთ ე.წ. მეცნიერულ კრეაციონიზმს, რომელიც ცდილობს მეცნიერული ახსნა მოუძებნოს შესაქმეს ბიბლიური ისტორიის მეტად სწორხაზოვან ინტერპრეტაციას (როგორიც მაგალითად სამყაროს წლოვანებაა). ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ კრეაციონიზმის ეს მიმართულება მეცნიერული მეთოდის კონტექსტში.

დავიწყოთ განმარტებით: ფსევდომეცნიერება არის კონცეფცია, რომელიც წარმოდგენილია როგორც მეცნიერება, მაშინ როცა არ მოდის მეცნიერულ მეთოდთან თანხმობაში. ამ უკანასკნელის განმარტებით ფაქტობრივად მკაცრ ჩარჩოებში მოვაქცევთ მეცნიერულ კონცეფციას. მეცნიერული მეთოდი გულისხმობს ოთხი პუნქტის ერთობლიობას:

ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც საჭიროებს ახსნას

ბ) ჰიპოთეზა, რომელიც გვთავაზობს ახსნის შესაძლო ვარიანტს

გ) აღნიშნული ჰიპოთეტური თეორიის მიერ შემოთავაზებული წინასწარმეტყველება აქამდე უცნობი ბუნებრივი მოვლენის შესახებ

დ) სხვადასხვა ლაბორატორიაში ამ წინასწარმეტყველების დადასტურება.

როგორც ვხედავთ, იმისათვის, რომ ჰიპოთეზა მეცნიერულ თეორიად დამკვიდრდეს, საკმარისი არაა რომ მარტო იმ მოვლენებს ხსნიდეს, რისთვისაც ეს ჰიპოთეზა შემუშავდა. აგრეთვე აუცილებელია, რომ ამ ახალმა კონცეფციამ იწინასწარმეტყველოს რომელიმე მოვლენის შესახებ და შემდეგ ეს მოვლენა უნდა დამზერილი-დაკვირვებული იქნეს რამდენიმე დამოუკიდებელ ლაბორატორიაში.

შევეცადოთ ამ განმარტებას მივუყენოთ კრეაციული „მეცნიერება“. ამ უკანასკნელის თანახმად, მაგალითად ითვლება, რომ სამყაროს წლოვანება აუცილებლად უნდა იყოს სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელი, ოღონდ საქმე ისე არაა, რომ კრეაციული მეცნიერების კვლევის შედეგია ეს, არამედ, აუცილებლად ითვლება, რომ მხოლოდ ის კვლევაა სწორი, რომელიც იძლევა ამ შედეგს. მაშ რასთან გვაქვს საქმე? მარტივი მისახვედრია, რომ უკვე პირველივე კრიტერიუმი მეცნიერული მეთოდისა, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს მოვლენა რომელიც ახსნას საჭიროებს აბსოლუტურად უგულვებელყოფილია კრეაციული მეცნიერების მიერ, რადგან არა მოვლენაა ასახსნელი ადექვატური ჰიპოთეზით, არამედ ფაქტობრივად ჰიპოთეზაა უკვე შემოთავაზებული, რომელიც უპირობო ჭეშმარიტებად საღდება (წლოვანება უნდა იყოს დაახლ. 7500  წელი, ვინაიდან ბიბლიის მიხედვით სწორედ ასეა), ამ მხრივ ის ჰიპოთეზაც არაა, არამედ – დოგმა. შესაბამისად ყოველი კვლევის შედეგები უნდა გაიფილტროს ამ დოგმის მიხედვით და მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ დოგმის აღიარება თავისთავად პრობლემა არაა, როცა საქმე ეხება ღვთისმეტყველებას (თუმცა სქოლასტიკური მიდგომა არც ღვთისმეტყველებისთვისაა უცხო), მაგრამ როდესაც ამა თუ იმ სწავლებას მეცნიერულობაზე გააჩნია პრეტენზია, ეს უკვე კატეგორიათა აღრევაა.

აქ მივადექით მეტად მნიშვნელოვან პუნქტს. მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ პოპერი ფსევდომეცნიერული და მეცნიერული კონცეფციების ერთმანეთისგან გამოყოფის მეტად ორიგინალურ მეთოდს გვთავაზობს, ეს გახლავთ ე.წ. უარყოფის კრიტერიუმი [6], რომლის თანახმად ესა თუ ის კონცეფცია შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულად, თუ მისი უარყოფა პრინციპში შესაძლებელია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თეორია აუცილებლად უნდა უარვყოთ იმისათვის რომ ის ჩაითვალოს მეცნიერულად, არამედ ამ კრიტერიუმის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ყოველთვის უნდა იყოს შესაძლებელი ამა თუ იმ თეორიის სისწორეში ან სისრულეში ეჭვის შეტანა და ამ მიზნით შესაბამისი ექსპერიმენტების დადგმა, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს თეორია. მაგალითად ავიღოთ კვანტური მექანიკა, რომლის ძირეული პრინციპები უკვე მეტად საფუძვლიანადაა შესწავლილი და თუნდაც იმიტომ არ გვეპარება მის სისწორეში ეჭვი, რომ ვხედავთ, თუ როგორ გამართულად მუშაობენ კვანტური მექანიკის პრინციპებზე დაფუძნებული ელქტრული მოწყობილობები დაწყებული რადიო მიმღებებით, დამთავრებული ურთულესი სუპერკომპიუტერებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კვანტური მექანიკის კანონებში ეჭვის შეტანა პრინციპულად შეუძლებელია. სწორედ იმიტომ არის ეს თეორია მეცნიერული, რომ ის უარყოფადობის კრიტერიუმში ჯდება, რადგან უშვებს კითხვის დასმის საშუალებას: სწორად მუშაობს თუ არა კვანტური მექანიკა? და შესაბამისად უშვებს ამ კითხვის შემოწმებას ექსპერიმენტების მეშვეობით. ვნახოთ როგორაა საქმე კრეაციულ „მეცნიერებასთან“ მიმართებაში. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კონცეფციის თანახმად ითვლება, რომ მთელი სამყარო არის სულ რაღაც რამდენიმე ათასი წლის და ეს ხშირად გამოცხადებულია დოგმად. მაგალითად ცნობილი რუსი კრეაციონისტი მღვდელი მამა კონსტანტინე ბუფეევი თავის ცნობილ წიგნში, რომლის სათაურიც საკმაოდ დამაინტრიგებელია (Ересь эволюционизма) ძალიან მკაცრ თვალსაზრისს გვთავაზობს: „დოგმაზე ძალადობის გარეშე, შეუძლებელია (შესაქმეს) თარიღების გაწელვა ან შეკუმშვა“ [7]. ხოლო ვინაიდან დოგმა ეს არის პრინციპი, რომელიც ცხადდება უტყუარ ჭეშმარიტებად და რომელშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა, გამოდის, რომ კრეაციონიზმის ეს რადიკალური ფორმა ვერანაირად ვერ იქნება უარყოფადი, მის დებულებათა დოგმასთან გათანაბრების გამო და შესაბამისად ის ვერ აკმაყოფილებს პოპერისეულ კრიტერიუმს რომ ეწოდოს მეცნიერება.

წინა საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკელმა ფილოსოფოსმა რობერტ მერტონმა, რომელიც სწავლობდა მეცნიერების სოციოლოგიას, შეიმუშავა რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც მერტონის ნორმათა სახელითაა ცნობილი [8], და რომელთა მეშვეობით შევძლებთ გამოვარჩიოთ ჭეშმარიტი მეცნიერება ფსევდომეცნიერებისგან.

ამ ნორმათა სია შემდეგია:

ა) ორიგინალობა: ჩატარებული კვლევა სამეცნიერო საზოგადოებისთვის  უნდა წარმოადგენდეს სიახლეს

ბ) მიუკერძოება: მეცნიერებს არ უნდა ჰქონდეთ პიროვნული მიზეზი კონკრეტული მეცნიერული შედეგის მოლოდინისა

გ) უნივერსალურობა: არავის არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ესა თუ ის მეცნიერული შედეგი უფრო ადვილად, ვიდრე ეს ძალუძთ დანარჩენებს – აქ იგულისხმება, რომ სოციალური კლასი, რელიგია, ეთნიკურობა ან სხვა პიროვნული ფაქტორები არ განაპირობებენ მეცნიერული შედეგის მიღების სიადვილეს

დ) სკეპტიციზმი: მეცნიერული ფაქტები არ შეიძლება ემყარებოდეს რწმენას [9]. ნებისმიერი შემთხვევა და არგუმენტი ყოველთვის კითხვის ქვეშ უნდა დავაყენოთ და მუდმივად შევამოწმოთ ცდომილებებზე ან არასწორ დებულებებზე

ე) საყოველთაო ხელმისაწვდომობა: ნებმისმიერი სამეცნიერო შედეგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის და უნდა გავრცელდეს სამეცნიერო საზოგადოების მიერ.

ამ ნორმათა (ბ) და (დ) პუნქტებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერული კრეაციონიზმის მიერ არჩეული გზა, რადგან ერთი მხრივ კრეაციონიზმის მიმდევართ წინასწარ განსაზღვრული აქვთ თუ რა შედეგი უნდა მიიღონ – ეხება ეს სამყაროს წლოვანებას თუ ადამიანის წარმოშობის მეცნიერულ კონცეფციას და მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამყაროს წლოვანება დოგმის ანუ რწმენის რანგშია აყვანილი. იგივე შეიძლება ითქვას პირველ – ა პუნქტთან დაკავშირებით, რადგან არაა ცნობილი კრეაციული მეცნიერების მიერ შემოყვანილი რაიმე მეცნიერული სიახლე, რომელიც მიუღია სამეცნიერო საზოგადოებას და დამკვიდრებულა მეცნიერებაში.

ამ ბოლო საკითხს უკავშირდება კიდევ ერთი მოაზროვნის, კანადელი ფილოსოფოსის პოლ თაგარდის მეტად საინტერესო კრიტერიუმი [10], რაც გულისხმობს პროგრესულობას. ანუ ამ კრიტერიუმის მიხედვით მარტივად გამოვარჩევთ მეცნიერებას ფსევდომეცნიერებისგან. კრეაციული მეცნიერების ისტორია მოწმობს რომ მან თავისი არსებობის, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია, მაშინ, როცა ბუნებისმეტყველების ყველა დარგის გასაოცარ პროგრესს ვხედავთ დღესაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენი დასკვნა შემდეგია: ვინაიდან მეცნიერული კრეაციონიზმი ვერც მეცნიერული მეთოდის, ვერც მერტონის ნორმების და ვერც თაგარდის კრიტერიუმუის ფარგლებში ვერ ჯდება, ის უპირობოდ მიეკუთვნება ფსევდომეცნიერების დარგს და ვერანაირად ვერ განვიხილავთ მას მეცნიერების სტატუსში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დასკვნა ეხება არა ისეთ დარგებს, რომლებიც მეცნიერებას არ მიეკუთვნებიან, თუმცა დამკვიდრებულნი არიან ჰუმანიტარულ დარგთა სფეროში, არამედ ისეთებს, რომლებსაც პრეტენზია გააჩნიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე.

ბიბლიოგრაფია და შენიშვნები

  1. დიაკვანი ანდრეი კურაევი, „შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი?
  2. ვ. გომანკოვი, „ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი და ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი
  3. ა. გომანკოვი, „შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია
  4. გ. ვოლოჩაკი, „ევოლუციური ბიოლოგიის პრინციპების თავსებადობა აღმოსავლურ მართლმადიდებლობასთან
  5. ზ. ოსმანოვი, „კოსმოსის ევოლუცია VS კრეაციონიზმი
  6. K. Popper, (1959) “The Logic of Scientific Discovery”, 1959
  7. Священник Константин Буфеев. Ересь эволюционизма
  8. Robert K. Merton, (1973), “The Normative Structure of Science”, in Merton, Robert K., The Sociology of Science: Theoretical and Empirical Investigations, Chicago: University of Chicago Press
  9. ეს საკითხი საკმაოდ რთულია მეცნიერების ფილოსოფიაში და ის დაკავშირებულია ე.წ. ჰიუმის პრობლემასთან, რომლის მიხედვითაც მეცნიერება ინდუქციის პრინციპით, ანუ ერთგვარი ექსტრაპოლაციით ხელმძღვანელობს, როდესაც თუნდაც რაგინდ დიდი, მაგრამ მაინც შეზღუდული რაოდენობის ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოგვყავს უნივერსალური დებულება. ჰიუმის აზრით ჩვენ ბრმად გვწამს ინდუქციის რადგან ლოგიკის ფარგლებში შეუძლებელია მისი მკაცრი მათემატიკური ენით დამტკიცება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებაში ინდუქციისადმი რწმენა მუდმივი ემპირიული ფაქტებით უნდა ივსებოდეს და ამ შინაარსით ეს რწმენა ცხადია განსხვადება რელიგიური რწმენისგან, თუმცა ისიც ცხადია, რომ რწმენის ფაქტორი აქაც მონაწილეობს და მას თავს ბოლომდე ვერ ავარიდებთ. ეს საკითხები უფრო ვრცლად გაშლილია ჩვენს პუბლიკაციაში „სამყაროს შემეცნება და ღმერთის იდეა
  10. Paul R. Thagard “Why Astrology is a Pseudoscience” in PSA: Proceedings of the Biennial Meeting of the Philosophy of Science Association, Vol. 1978, Volume One: Contributed Papers (1978), pp. 223-234, The University of Chicago Press on behalf of the Philosophy of Science Association 223