მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი

მილუტინ მილანკოვიჩი (1879 – 1958 წწ) – სერბი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, კლიმატოლოგი, ინჟინერი, ტექნოლოგიის დოქტორი, პროფესორი და მწერალი. ის ცნობილია გამყინვარების პერიოდების თეორიით, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე თავისი ორბიტის პარამეტრების პერიოდული ცვლილებების გამო დაიმზირება გამყინვარების განმეორებითი პერიოდები, რაც დღევანდელ დღეს ცნობილია როგორც მილანკოვიჩის ციკლები. გარდა ამისა, მისი სახელი დაკავშირებულია იულიუსის კალენდრის რეფორმასთან, კერძოდ, სწორედ მან შეიმუშავა შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელიც ამჟამად გამოიყენება ბევრ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჩვენი ბლოგი წარმოგიდგენთ მისი ნაშრომის – “იულიუსის კალენდრის დასასრული და აღმოსავლეთ ეკლესიათა ახალი კალენდარი” (Astronomische Nachrichten, N5279, 1924) – ინგლისურენოვანი ვარიანტის ქართულ თარგმანს.

 

ექსკლიუზიურად ბლოგისათვის სტატია თარგმნა და შენიშვნები დაურთო დაიკვანმა ირაკლი წაქაძემ

 

1923 წლის მაისში მსოფლიოს პატრიარქის მელეტიუს IV თავმჯდომარეობით კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა (რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის, საბერძნეთის, სერბეთისა და რუმინეთის ეკლესიები) კონგრესი გაიმართა, რომელმაც იულიუსის კალენდრის რეფორმის და უფრო სწორედ კი მისი ახლით შეცვლაზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიამ უკვე განახორციელა [*]: სხვებიც ალბათ მას მალე მიყვებიან, ისე რომ იულიუსის კალენდარი, რომელიც თითქმის 2000 წლისაა ხმარებიდან ამოღებული იქნება.

მე პატივი მქონდა ამ კონგრესში მონაწილეობა მიმეღო როგორც სერბეთის, ხორვატიისა და სლოვენიის მთავრობისა და ასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენელს. შესაბამისად, შემიძლია თავს უფლება მივსცე მოგახსენოთ და მოკლედ ავხსნა ამ კონგრესზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კალენდრულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორ ცნობილია, დღემდე ყველა მართლმადიდებელი ეკლესია იყენებდა იულიუსის კალენდარს, რომელიც გრიგორიუსის კალენდარს ცამეტი დღით ჩამორჩება. ასეთი მდგომარეობა მოუხერხებელი აღმოჩნდა განსაკუთრებით ახლად ჩამოყალიბებულ სამხრეთ-სლავურ და რუმინეთის სამეფოებში, სადაც ბერძნულ-მართლმადიდებელი და კათოლიკე შერეული მოსახლეობაა, რის გამოც მრავალი დღესასწაული იზეიმება ორჯერ. შესაბამისად, იულიუსის კალენდრის რეფორმა წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მეცნიერებამ დიდი ხნის წინ დაგვანახა ამ კალენდრის არაადექვატურობა. თუმცა გრიგორიუსის კალენდრის სრული მიღება არ იყო მიზანშეწონილი რელიგიური ან მეცნიერული თვალსაზრისით, ვინაიდან ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ის ასტრონომიული მონაცემები რაც გრიგორიუსის კალენდარს საფუძვლად დაედო უკვე ჩანაცვლებულია სხვათი. ამიტომ, შემოთავაზებული იყო ამოეღოთ ზემოთ ხსენებული ცამეტი დღის განსხვავება, მაგრამ ნაკიანი წლების განაწილებით ადგილი დაეთმოთ ასტრონომიის პროგრესისათვის. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და ორ ქრისტიანულ კალენდარს შორის მომავალში ახალი განსხვავება რომ არ შემოვიღოთ, მიღებული იყო ჩემს მიერ შემოთავაზებული ნაკიანი წლის წესი, რომელიც გრიგორიუსის კალენდრისაგან განსხვავებულია თუმცა მასთან 2800 წლამდე სრულ თანხვდენაშია.

ნაკიანი წლის ამ წესის პრინციპი საკმაოდ მარტივია. იულიუსის კალენდარში ყოველი მეოთხე წელი ნაკიანი იყო და ასეთი წესი გვაძლევდა კალენდრულ წელს, რომლის ხანგრძლივობა იყო 365 დღე და 6 საათი, რაც ტროპიკული წლის ხანგრძლივობაზე 11 წუთით მეტია. ამ კუთხით გრიგორიუსის კალენდარში ნაკიანია ის ასწლეულები, რომლის პირველი ორი ციფრისაგან შემდგარი რიცხვი ზუსტად იყოფა ოთხზე. მომდევნო საუკუნეებიდან მხოლოდ 2000, 2400, 2800, და ა.შ. წლები იქნება ნაკიანი. ასეთი მეთოდით 800 წლის განმავლობაში 6 დღე იქნება გამოტოვებული (ანუ 2100, 2200, 2300, 2500, 2600, 2700 – არ იქნება ნაკიანი წლები – მთარგმნ.) – იულიუსის კალენდრის საპირისპიროდ – და, შესაბამისად, მიღებული წლის საშუალო ხანგრძლივობა ტროპიკული წლის ხანგრძლივობისაგან 26 წამით არის განსხვავებული. მართლმადიდებელ ეკლესიებში ნაკიანი წლების ახალი წესი კი შემდეგნაირად მოქმედებს. მხოლოდ ის ასწლეულები იქნება ნაკიანი, რომლის პირველი ორი ციფრისაგან შემდგარი რიცხვის ცხრაზე გაყოფისას მიღებული ნაშთი იქნება 2 ან 6. ამდაგვარად, მომდევნო ასწლეულებს შორის შემდეგი ასწლეულები – 2000, 2400, 2900, და ა. შ. იქნება ნაკიანი წლები. პირველი, რისი დანახვაც აქედან შეგვიძლია არის ის, რომ გრიგორიუსის კალენდართან შედარებით პირველი გადახრა მოხდება 877 წლის მერე; მეორეც არის ის, რომ ნაკიანი წლის ასეთი სქემით 900 წლის განმავლობაში იულიუსის კალენდრიდან 7 დღე იქნება ამოღებული. ეს ჯამში გვაძლევს კალენდრულ წელს, რომლის საშუალო ხანგრძლივობაა 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 48 წამი, რაც ტროპიკული წლის თანამედროვე ხანგრძლივობისაგან მხოლოდ 2 წამით განსხვავდება.

კონგრესზე გარკვეული სიძნელეები იყო აღდგომის დღის დადგენასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აღდგომის თარიღი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე, ვინაიდან აღდგომა უნდა აღინიშნოს იმ კვირა დღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ პირველ სავსემთვარეობას. ეს წესი, რომელსაც მისდევს ყველა ქრისტიანული ეკლესია, იმდენად გასაგებად და ზუსტად არის განსაზღვრული, რომ (როგორც ჩანს) აღდგომის თარიღის დადგენასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავება არ იქნებოდა თუ მთვარის ფაზები ზუსტად იქნებოდა დადგენილი და არა როგორც ძველი წესით გამოთვლილი, რაც იძლევა არაზუსტ შედეგს. ამასთან დაკავშირებით კონგრესის თავმჯდომარის შემოთავაზებით კონსტანტინეპოლის კონგრესმა დაადგინა, რომ აღდგომის თარიღისათვის საჭირო მთვარის ფაზები დადგენილი იყოს ზუსტი ასტრონომიული გამოთვლებით იერუსალიმის მერიდიანზე.

ასეთი სქემის მიხედვით, შემდგომი 50 წლის განმავლობაში ქრისტიანული ორი კალენდრის მიხედვით დათვლილ აღდგომის თარიღებს შორის განსხვავებას ადგილი ექნება 6-ჯერ: 1924, 1927, 1943, 1954, 1962 და 1967 წლებში. ხსენებულ წლებში აღმოსავლეთ ეკლესიებში აღდგომის თარიღი იქნება – 23 მარტს, 1924 წ.; 24 აპრილს, 1927 წ.; 28 მარტს, 1943 წ.; 25 აპრილს, 1954 წ.; 25 მარტს, 1962 წ.; და 2 აპრილს, 1967 წ., მაშინ როდესაც გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით აღდგომა დაიმზირება 20 აპრილს, 1924 წ.; 17 აპრილს, 1927 წ., 25 აპრილს, 1943 წ.; 18 აპრილს, 1954 წ.; 22 აპრილს, 1962 წ.; და 26 მარტს, 1967 წ. ამ განსხვავების მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: 1924, 1943 და 1962 წლებში რეალურ სავსემთვარეობას ადგილი ექნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ რამოდენიმე საათში, მაშინ როდესაც გრიგორიუსის ეპაქტების დათვლის წესი სავსემთვარეობას ათავსებს ბუნიობამდე. 1927, 1954 და 1967 წლებში რეალური სავსემთვარეობა მოდის კვირა დღეზე, მაშინ როდესაც ეპაქტების დათვლის წესი ათავსებს მას შაბათ დღეზე.

უფრო მეტიც, იმედია, რომ ეს განსხვავებები მალე იქნება დარეგულირებული, რამეთუ კონსტანტინეპოლის კონგრესმა გადაწყვიტა გადადგას ნაბიჯები რათა ქრისტიანულ კალენდრებს შორის სრული თანხმობა იყოს. ეს კი სრულებით ადვილად მიღწევადია თუ ამაზე ორივე მხარე კეთილ ნებას გამოხატავს.

ამ გაცნობითი შენიშვნების შემდეგ, სავსებით გასაგები იქნება კონსტანტინეპოლის კონგრესის მიერ კალენდრულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგი დებულებები:

1. იულიუსის კალენდრიდან ამოღებული იქნება 13 დღე, რაც წარმოადგენს ტროპიკული წლების დათვლაში დროთა განმავლობაში დაგროვილ განსხვავებას დაწყებული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან ნიკეაში. შესაბამისად, 1923 წლის 1-ლი ოქტომბერი ჩაითვლება 1923 წლის 14 ოქტომბრად.

2. ის დღესასწაულები რომლებიც აღინიშნება ხსენებულ ამოღებულ დღეებში ან უნდა ერთიანად აღინიშნოს 1923 წლის 14 ოქტომბერს, ან როდესაც ეპარქიის ეპისკოპოსი ბრძანებს.

3. წელიწდის ყველა თვეს მომავალში დღეების იგივე რაოდენობა ექნება რაც წარსულშიც ჰქონდა. როგორც ადრე ახლაც თებერვალში ნაკიანი წლის დროს 29 დღე იქნება.

4. ისევე როგორც წარსულში მომავალშიც ორნაირი წელი იქნება, ჩვეულებრივი წელი 365 დღით, და ნაკიანი წელი 366 დღით. ის წლები განიხილება ნაკიან წლებად, რომელთა განაყოფი 4-ზე არ იძლევა ნაშთს, ანუ ისევე როგორც ადრე იყო. გამონაკლისს მხოლოდ ასწლეულები წარმოადგენენ, რომელთათვისაც შემდეგ მუხლში განხილული წესი არის გამოყენებული.

5. ის ასწლეულები (ანუ წლები რომლებიც ორი ნოლით მთავრდება) განიხილება ნაკიან წლებად, თუ მათი პირველი ორი ციფრისაგან შემდგარი რიცხვი 9-ზე გაყოფისას იძლევა ნაშთს 2 ან 6. ყველა დანარჩენი წელიწადი იქნება ჩვეულებრივი წელი. შესაბამისად ქვემოთ მოყვანილი ასწლეულებიდან მხოლოდ მსხვილი შრიფტით აკრეფილი წლები იქნება ნაკიანი:

2000   2100   2200   2300   2400   2500   2600   2700   2800
2900   3000   3100   3200   3300   3400   3500   3600   3700

ასეთი სქემით მიღებული სამოქალაქო წლის საშუალო ხანგრძლივობაა 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 48 წამი, რაც საკმაოდ ახლოს დგას ტროპიკული წლის ხანგრძლივობასთან.

6. ფიქსირებული დღესასწაულები ინარჩუნებენ იგივე თარიღებს რაც მათ აქამდე ჰქოდათ.

7. მოძრავი დღესასწაულები აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. კანონიკური დადგენილებების მიხედვით, რაც უცვლელად რჩება, აღდგომის დღესასწაული აღინიშნება კვირა დღეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობას მოსდევს.

8. აღდგომის სავსემთვარეობა ასტრონომიული გამოთვლებით იქნება დადგენილი; შესაბამისად ადგილი ეთმობა ჩვენი ცოდნის მოსალოდნელ გაუმჯობესებას. აღდგომის თარიღი ყოველთვის განსაზღვრული იქნება წმინდა ქალაქის, იერუსალიმის დროით [**].

9. მსოფლიო პატრიარქი თხოვნით მიმართავს ათენის, ბელგრადის, ბუქარესტისა და პულკოვას (პეტროგრადი) ობსერვატორიებს გამოთვალონ აღდგომის გრძელვადიანი ცხრილები და გადასცენ ეს ცხრილები ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას.

10. იულიუსის კალენდრის რეფორმა არანაირ წინააღმდეგობას არ უნდა წარმოადგენდეს მისი შემდგომი ცვლილებებისათვის, რომლის განხორციელება ყველა ქრისტიანულ ეკლესიას შეუძლია.

მე-5 მუხლის დანართი
ახალი კალენდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის კალენდარი, რომლის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა ტროპიკული წლის ხანგრძლივობისაგან 24-25 წამით განსხვავდება. ახალ და გრიგორიუსის კალენდრებს შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ თარიღებს შორის განსხვავებას ადგილი პირველად 877 წლის მერე ექნება. ქვემოთ მოყვანილი წლებიდან მსხვილი შრიფტით ნაჩვენებია ნაკიანი წლები გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით:

2000   2100   2200   2300   2400   2500   2600   2700   2800

კალენდრებს შორის განსხვავება პირველად 2800 წელს დაიმზირება.

მე-8 მუხლის დანართი
ვინაიდან დღე აითვლება შუაღამიდან შუაღამემდე, გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსემთვარეობის შესაბამისი სამოქალაქო თარიღი დადგინდება უფლის აღდგომის ტაძარზე გამავალი მერიდიანის დროით. ამ თარიღის მომდევნო პირველი კვირა იქნება აღდგომის თარიღი. თუ ეს დღე კვირა დღეზე მოდის, მაშინ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს მომდევნო კვირა დღეს.

მ. მილანკოვიჩი
ბელგრადი, 1923, ოქტომბერი.

————————————————————-

შენიშვნები (მთარგმნელისაგან)

[*] 1923 წ. 24 სექტემბერს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ წმ. პატრიარქ ტიხონის თავმჯდომარეობით მიიღო დადგენილება ეკლესიაში დანერგულიყო კალენდრის ახალი სტილი. 1923 წ. 8 ნოემბერს კი პატრიარქმა გამოსცა ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალი სტილის შემოღება უნდა გადადებულიყო. შესაბამისად მ. მილანკოვიჩის სტატიის დაწერის მომენტისათვის (ოქტომბერი, 1923) რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად უკვე ახალ სტილზე იყო. იხილეთ აგრეთვე შემდეგი წყარო.

[**] ეს გადაწყვეტილება დღემდე არაა განხორციელებული, ამიტომ შესწორებული იულიუსის რეფორმა დარჩა ნახევრად შესრულებული: ავტოკეფალურ ეკლესიათა უმრავლესობა აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც იულიუსის კალენდარს ემყარება, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – შესწორებული იულიუსის კალენდრით (გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომას ზეიმობს გრიგორიუსის პასქალიის მიხედვით) . იხილეთ აგრეთვე შემდეგი წყარო.

Print Friendly

Comments are closed.