მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სააღდგომო ეპისტოლე

†  ბართლომეოსი

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა- ახალი რომისა

და

მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას

მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისგან

„და პირმშო ექმნა შესვენებულთა“.

(სააღდგომო ტროპარი ხმა 3)

 

ეპისტოლე სპეციალურად ბლოგისთვის ინგლისურიდან თარგმნა არჩილ მეტრეველმა

2012 Patriarchal Encyclical for Pascha

საყვარელო უფლისმიერო შვილებო,

თუკი ქრისტეს აღდგომა მხოლოდ თავად მასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაშინ მას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეკლესია აცხადებს, რომ ადგომისას მხოლოდ ღმერთი არ აღმდგარა. მან თავისთან ერთად ყველა ადამიანი აღადგინა. სწორედ ასე აცხადებს წმინდა იოანე ოქროპირი ამ უდიდეს ჭეშმარიტებას, საკუთარი მჭექარე ხმით: „ქრისტე აღდგა, და არავინ დარჩა მკვდარი საფლავში; მისი მკვდრეთით აღდგომით, იგი გახდა პირველნაყოფი ყველასთვის ვინც იყო მძინარე“.

ეს ნიშნავს, რომ ქრისტე გახდა პირველნაყოფი აღდგომისა, ყველას მათი, ვინც იყო განსვენებული და ვინც მომავალში განისვენებს, ისევე როგორც მათი სიკვიდლიდან სიცოცხლეში გადასვლისა. ეს გზავნილი სიხარულით აღსავსეა ყველა ჩვენთაგანისათვის, რადგან საკუთარი აღდგომით ქრისტემ დაარღვია სიკვდილის ხელმწიფება. ისინი, ვისაც მისი სწამთ, მოელიან მკვდრეთით აღდგომას, მისსავე სიკვდილში არიან ნათელღებულნი, მასთან ერთად არიან აღმდგარნი და მასთან ერთად ცხოვრობენ მარადიული ცხოვრებით.

მსოფლიო, რომელიც დაშორებულია ქრისტეს, მთელი ძალით ცდილობს მატერიალური სიკეთის დაგროვებას, რადგან მისი გადარჩენის იმედები სწორედ ამაზეა დაფუძნებული. ის უგუნურად იმედოვნებს, რომ სიკვდილისაგან თავის დახსნა სიმდიდრის დაგროვებით შეძლებს. ამგვარად მოტყუებულნი, იმედოვნებენ რა სიმდიდრის დაგროვებით საკუთარი დღევანდელი ცხოვრების გახანგრძლივებას, ადმიანები, სხვა ადამიანთა შორისაც ავრცელებენ სიკვდილს. ისინი უგულებელყოფენ სხვათა გადარჩენისათვის საჭირო ფინანსურ შესაძლებლობებს, ხშირად ძალადობრივად ართმევენ სხვებს სიცოცხლეს, რათა  საკუთარი დაიცვან.

როგორი ტრაგედიაა! რა დიდი თვალთმაქცობაა. სიცოცხლე მიიღწევა მხოლოდ ქრისტეს რწმენითა და მის სხეულში გაერთიანებით.

ქრისტეს მართლმადიდებლური ეკლესიის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ისინი ვინც გაერთიანდნენ ქრისტეში სიკვდილის შემდეგაც კი აგრძელებენ ცხოვრებას, თანარსებობენ ცოცხლებთან ერთად, არიან მათთან დიალოგში, ესმით მათი და ხშირად სასწაულებრივადაც კი ძალუძთ მათი თხოვნების ასრულება.

ეს იმას ნიშნავს რომ, უკვე აღარ არის აუცილებელი „უკვდავების წყაროს“ ძიება. უკვდავება ქრისტეშია და მისგანვე შეეთავაზება ყველას.

არ არსებობს საჭიროება ზოგიერთი ერის განადგურებისა, რათა სხვა ერები გადარჩნენ. ასევე არ არსებობს საჭიროება დაუცველ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა, რათა სხვა ადამიანებმა უდიდეს კომფორტში იცხოვრონ. ქრისტე ყველა ადამიანს სთავაზოს სიცოცხლეს, როგორც დედამიწაზე, ასევე სასუფეველში. ის აღდგა, და ყველა, ვისაც სწყურია სიცოცხლე შეუძლია მისდიოს მას აღდგომის გზაზე. საპირისპიროდ კი, ყველა ის, ვინც სიკვდილს გამოიხმობს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სწამს რა, რომ ეს არის გზა, რომლითაც ისინი ახანგრძლივებენ და აძლიერებენ საკუთარ სიცოცხლეს, მარადიული სიკვდილისათვის იმეტებენ თავს.

მკვდრეთით აღმდგარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად იმისათვის, რომ ყველა ადამიანს „ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოანე 10:10). ჩვენ ვიტყუებთ თავს, როდესაც გვწამს და გვჯერა, რომ კეთილდღეობა მსოფლიოში მხოლოდ სხვათა განადგურებით დაისადგურებს. ქრისტე აღადგენს მკვდართ და განაქარვებს მათ მომაკვდავობას. ქრისტეს აქვს ძალა ზღვარი დასდოს სიკვდილს. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ მან დათრგუნა სიკვდილი ამტკიცებს მის სიკვდილისამდი დაუქვემდებარებლობას. ქრისტე წინამძღვრობს სიცოცხლეს; ის ხელახლა გვანიჭებს სიცოცხელს, რომელიც წყდება, რადგან ის არის „ჩვენი ცხოვრება და ჩვენი აღდგომა“. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ, მორწმუნეებს, სიკვდილის არ გვეშინია. ჩვენი ძლევამოსილება დაფუძნებულია არა ჩვენი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, არამედ აღდგომის შესაძლებლობაზე.

ქრისტა აღდგა! ჩვენც უნდა აღვდგეთ!

ამიტომაც, საყვარელო ძმებო და ქრისტერმიერო შვილებო, მოდით მივსდიოთ აღდგომილ ქრისტეს ყველა მის მოქმედებაში. დავეხმაროთ მათ, ვინც მოკლებულია გადარჩენის საშუალებებს, რათა მათი ცხოვრება დაცული იყოს.  მათ, ვინც ქრისტეს აღდგომას უარყოფს განვუცხადოთ, რომ ამ გზით, სიკვდილი დაითრგუნა და შედეგად ისინიც გაიზიარებენ მის აღდგომას მისდამი რწმენითვე და მის გზას გაყვებიან. ჩვენი საკუთარი აღდგომა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სხვების, ჩვენი ძმებისა და დების აღდგომისთვისაა გაღებული. მხოლოდ ამის შემდეგ განცხადდება საზეიმოდ, რომ „ქრისტე აღდგა!“ როგორც მთელი კაცობრიობის ხსნის აღმნიშვნელი. დაე, იყოს ასე!

წმინდა აღდგომა 2012

† ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი

ღვთის წინაშე ყველასთვის დაუცხრომლად მვედრებელი

 

Print Friendly

Comments are closed.