მსოფლიო პატრიარქის 2012 წლის საშობაო ენციკლიკა

bartholomewწმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი აგრძელებს ტრადიციას და ქართულ ენაზე გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის 2012 წლის საშობაო ეპისტოლეს და შობას ვულოცავთ იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთ და ყველა მორწმუნეს , რომლებიც ხვალ 25 დეკემბერს ეგებება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სპეციალურად საიტისათვის თარგმნა: სერგო ფარულავამ.

წყარო

2012 წლის საშობაო საპატრიარქო ეპისტოლე

+ ბართლომეოს I
უფლის წყალობით მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის მთლიან სისავსეს,
მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემს შინა შობილი ქრისტე მაცხოვრისგან

„ქრისტე იშვა – ადიდებდით მას! ქრისტე ზეცით გარდამოხდა – მიეგებეთ!“

ღვთის ამქვეყნად გარდამოსვლის გამო ვიხარებთ გამოუთქმელი სიხარულით, პირველმადიდებელნი ანგელოზნი გალობენ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და კაცთა შორის სათნოება.“

და მაინც, დედამიწაზე ვხედავთ და ვცხოვრობთ ომებში და ომთა საშიშროებაში.
მიუხედავად ამ ყველაფრისა არ ვუარყოფთ ამ დიდებულ ხარებას; აღსრულებული მშვიდობა ამქვეყნად მოვიდა, ღვთისა და ადამიანთა შერიგების გზით, იესო ქრისტეს მიერ. მაგრამ, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ, ადამიანები, სამწუხაროდ ერთმანეთში ვერ შევრიგებულვართ. ერთმანეთის წინააღმდეგ ვართ ცუდად განწყობილნი, ვართ დაყოფილნი ფანატიზმით, იქნება ეს ნაკვები რელიგიური შეხედულებებით თუ პოლიტიკურით, მატერიალური კეთილდღეობის შეძენის მოტივით თუ პოლიტიკური გავლენების მოპოვების გამო, და აი ასე ვართ მტრობაში მოყვასის მიმართ.

რომის ბწყინვალე იმპერატორმა, წმიდა კონსტანტინე დიდმა, მილანის ედიქტის მეშვეობით, რომელიც 313 წელს გამოიცა, ქრისტიანობის თავისუფლად აღიარება დაამტკიცა და თანადროულად აღმსარებლობის თავისუფლება შეუნარჩუნდა ყველა სხვა რელიგიასაც. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოვლენიდან 1700 წელი გავიდა, სხვადასხვა ადგილას მაინც გრძელდება რელიგიური დევნები რომელიც ხორციელდება ქრისტიანთა თუ სხვა ქრისტიანულ უმცირესობათა წინააღმდეგ.

პარალელურად ეკონომიკური ანტაგონიზმი [1] სულ უფრო გლობალური ხდება, ხოლო მოჩვენებით (ეფემერული[2]) შემოსავლისაკენ ლტოლვა კი შერაცხულია ყველაზე მთავარ მიზნად. მატერიალური სიმდიდრის უდიდესი რაოდენობით მხოლოდ უმცირესი ნაწილის ხელში მოქცევისა და ფინანსური თამაშების სამწუხარო შედეგები ხალხთა ფართო მასის მიერ იგნორირებულია. ეს არაპროპორციულობა , რომელიც გლობალურად ხასიათდება როგორც ეკონომიკური კრიზისი, არსებითად მორალური კრიზისის პროდუქტია. და სამწუხაროდ, კაცობრიობა არ აძლევს შესაფერის მნიშვნელობას ამ მორალურ კრიზისს. ამ ფაქტის გასამართლებლად მოყავთ ტრანზაქციის [3] თავისუფლების მოტივი, მაგრამ ეს თავისუფლება არ ამართლებს კრიმინალს. კრიმინალური ქმედება კი მხოლოდ ის არ არის რაც სამართლის კოდექსებში წერია; არამედ ისიც, როცა ამ კოდექსების დარღვევების გარეშეც, ითვისებენ სხვათა სიმდიდრეს სხვადასხვა მოქნილი მეთოდებით; რადგანაც კანონი ვეღარ მოქმედებს, დაზარალებულ ადამიანთა რეაქცია, ხშირად არაკონტროლირებულია და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში გამოიხატება.

ამჟამად, ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო, მიყვება რა „ჟამთა ნიშნებს“ , რომელთა მიხედვით ეს ნიშნები „იგრძნობა“ ყოველი კუთხით და ვცხოვრობთ „ომებსა და უწესრიგობაში“, როცა ერნი ერთა წინააღმდეგ აღდგებიან და სამეფონი სამეფოთა წინააღმდეგ და არიან მიწისძვრანი დიდნი სხვადასხვა ადგილებში, ავადმყოფობანი, სნეულებანი და “საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი “ (ლუკა 21: 10-12), ვახორციელებთ წმ. ბასილი დიდის ამ სიტყვებს:“სიყვარულის ორი უმთავრესი მცნებაა, ვიყოთ სავსენი თანაგრძნობითა და ტკივილით, ყველაფერი იმის გამო, რაც ადამიანისათვის მავნეა და ვიხარებდეთ იმ საქმიანობის გამო, რაც შეგვიძლია მის (ადამიანის) სასარგებლოდ გავაკეთოთ. ნათელია რომ ვინც არაა განწყობილი მსგავსი ქმედებებისათვის, მას არ უყვარს თავისი ძმა“(წმ. ბასილი დიდი, P.G. 31, 1200A), (მსოფლიო საპატრიარქო) მართლმადიდებლობის ცენტრის ამ წმიდა საყდარის მიერ აცხადებს , აწ უკვე მოახლოებულ ახალ წელს, როგორც საყოველთაო სოლიდარობის წლად.

ვიმედოვნებთ, რომ ასე შევძლებთ ადამიანთა მოდგმის განსხვავებულ გულთა მგრძნობებლობის ამაღლებას, იმ პრობლემის მიმართ როგორიცაა დიდი და საშინელი სიღარიბე, რათა შემუშავდეს ზუსტი მეთოდები, რომ დაეხმარონ მშიერთ და ღარიბებს.

როგორც რელიგიური და სულიერი ლიდერი, ვითხოვ კეთილი ნების ყველა ადამიანის და მთავრობის დახმარებას, რომ განხორციელდეს საღვთო მშვიდობა დედამიწაზე; ის მშვიდობა რომელიც ანგელოზებმა გვაუწყეს და რომელიც ჩვილმა მაცხოვარმა მოიტანა.

მივისწრაფით რა ამ მშვიდობისაკენ, რომელიც ყოველივე სიბრძნეზე მაღლაა, უნდა ვაქციოთ იგი (მშვიდობა) საქმედ, არ უნდა დავრჩეთ უგრძნობელნი მოყვასის იმ სულიერი თუ მატერიალური პრობლემების მიმართ, რომლის (ადამიანის-მოყვასის) გამოც ქრისტე ამქვეყნად გარდამოხდა.

სიყვარული და მშვიდობა არის მაცხოვრის მოწაფეთა და მოციქულთა, და ასევე ყოველი ქრისტიანის დამახასიათებელი; ამიტომაც მოდით მოვუწოდოთ ერთმანეთს, ამ საყოველთაო სოლიდარობის წელს, როგორც პიროვნებებმა და როგორც ერებმა , გადავდგათ შეგნებული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება არაადამიანური უთანასწორობის უმძიმესი შედეგების შემსუბუქებისაკენ, რათა საყოველთაოდ იქნას აღიარებული ყველაზე სუსტთა უფლება რომ გააჩნდეთ ის რაც აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისათვის. ამ სახით, ადამიანური საზომით შესაძლებლობის ფარგლებში, ვიხილავთ მშვიდობის მიწაზე რეალიზიციას.

მთელს მოაზროვნე და გონიერ ქმნილებათა ერთად, ვადიდებთ ღვთის ძისა და სიტყვის ამქვეყნად მოსვლას, რომელიც იშვა ქალწულისაგან და მუხლსვიყრით ჩვენი განმანთლებლის და მაცხოვრის, ყრმა იესოს წინაშე, რომელიც არის ჩვენი ცხოვრების დამცველი, მეფსალმუნესთან ერთად ვამბობთ: „ვისი გვეშინოდის“ (ფს. 26:1) როგორც ქრისტიანებს, იმ მომენტიდან, როცა „დღეს იშვა მხსნელი“ (ლკ.2:11) და „ უფალი ძალთა და მეუფე დიდებისა?“ (ფს. 23:10)

გულწრფელად ვისურვებთ და მხურვალედ, მთელი გულით ვლოცულობთ რომ ახალი , 2013 წელი ყველასათვის გახდეს საყოველთაო სოლიდარობის, თავისუფლების, შერიგების, კეთილნებელობის, მშვიდობისა და სიხარულის წელი და რომ მარადიულმა სიტყვამ მამისა, შობილმა ბაგაში, რომელმაც ერთ მწყობრად გააერთიანა ანგელოზნი და ადამიანნი და დედამიწაზე მშვიდობა დააფუძვნა – ყველას მიანიჭოს მოთმინება, იმედი და ძალა, და აკურთხოს მთელი მსოფლიო თავისი საღვთო სიყვარულის მადლით.

ამინ!

ფანარა, კონსტანტინეპოლი,
შობა, 2012 წელი.
ღვთის წინაშე ყველასთვის დაუცხრომლად მვედრებელი

+ პატრიარქი კონსტანტინეპოლისა ბართლომეოსი

_____
შენიშვნები:

1. (Gk. antagōnisma
“ბრძოლა” შეურიგებელი წინააღმდეგობა, ინტერესთა შეურიგებელი დაპირისპირება.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი)

2. ეფემერიდი Gk. ephēmeris (ephēmeridos)
მოძვ. ფრთოსანი მწერი, რომელიც მხოლოდ ერთ ან რამდენიმე დღეს ცოცხლობს; მედღეურა.
გადატ. ხანმოკლე, ეფემერული რამე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

3. ტრანზაქცია – (ინტ.) transaction ობიექტთა ურთიერთქმედების მოკლე ციკლი, რომელიც ჩვეულებრივ, დიალოგის რეჟიმში ხორციელდება და მოიცავს მოთხოვნას, დავალების შესრულებასა და პასუხს.

Print Friendly

Comments are closed.