მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I ის მიმართვა გარემოს დაცვისა და ქმნილის მნიშვნელობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით


წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის მიმართვას მსოფლიოსადმი გარემოს დაცვისა და ქმნილის მნიშვნელობის ამაღლების დღესათან დაკავშირებით;
შევნიშნავთ რომ სწორედ ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს:
მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35: გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის “ .
სპეციალურად საიტისათვის თარგმნა: სერგო ფარულავამ.

ბართლომეოს I უფლის წყალობით მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის ყველა წევრს მადლი და მშვიდობა ყოვლის შემქმნელისა და  ყოველი შექმნილის დამცველისაგან – უფლის, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან!

                                 ძმებო და უფლისმიერ საყვარელო შვილებო!

უფალმა შექმნა სამყარო და დედამიწა, როგორც იდეალური საცხოვრისი ადამიანისათვის, მისცა მას ბრძანება და შესაძლებლობა გამრავლებისა და განვითარებისათვის, დედამიწის ავსებისა და მისი ყოველი ცხოველისა და მცენარის პატრონობისა (შეად. დაბადება 1:28)

სამყარო, რომელიც გარს გვაკრავს, შემოქმედისაგან შეიქმნა, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწოების არეალი, მაგრამ ასევე არეალი განწმედისა მოლოდინის ჟამს, ვიდრე უფალი განაახლებს მის ქმნილებას მომავალ საუკუნეებში.
უფლის წმიდა და დიადი დედაეკლესია ყოველთვის  ემხრობოდა და ცხოვრობდა ამ თეოლოგიური პოზიციით. ამიტომ, როგორც თქვენთვის ცნობილია, თქვენი მონა-მორჩილი, დადგენილ იქნა ამ ეკოლოგიური ინიციატივის მოთავედ, რომელიც ჩვენმა უწმიდესმა მსოფლიო ტახტმა წამოიწყო, რათა დავიცვათ ჩვენი ნებსით თუ უნებლით დატანჯული პლანეტა.
სიცოცხლის სისავსე, რომელიც ღვთის ქმნილებაა, არ ყოფილა მოცემული ადამიანის უსაზღვრო ძალადობისათვის. დედამიწისა და იმ ყველაფრის ფლობა, რასაც დედამიწა შეიცავს, ნიშნავს მის და მის მიერ მოცემულ სიკეთეთა ლოგიკურ გამოყენებას და არა გაუმართლებელ გაუმაძღრობას, უკიდურესად ბოროტად გამოყენებას ან დედამიწის რესურსების განადგურებას.

მიუხედავად ამისა, ჩვენს თვალწინ გამუდმებით ვხედავთ, თუ როგორ ნადგურდება დედამიწის რესურსები, რასაც შედეგად ბუნების წონასწორობის, ეკოსისტემისა და, ზოგადად, ბუნებრივი პირობების დარღვევა  მოჰყვა, იმდენად, რომ ღვთისგან დაწესებული ადამიანის ცხოვრების პირობები მისთვის უფრო და უფრო მტრული ხდება. მაგალითად, ყველა – მეცნიერები, თეოლოგები, პასუხისმგებელი პოლიტიკოსები და, ზოგადად, მსოფლიო ვხედავთ, რომ ატმოსფეროში ტემპერატურამ მოიმატა, გახშირდა საშინელი წვიმები, მიწისზედა, ზღვისა და, საერთოდ, მთლიანი ეკოსისტემა იწამლება და ინგრევა; რიგ შემთხვევებში  კი – ზოგიერთ ადგილას ცხოვრების საშუალება მთლიანად ისპობა.
დედაეკლესია ხედავს და აფასებს  ბუნების პირობების ასეთი განვითარების ხიფათს კაცობრიობისათვის, ამიტომ ჯერ კიდევ ჩვენი წინამორბედის, დაუვიწყარი პატრიარქის – დემეტრიოსის დროიდან დაწესდა ყოველი წლის 1 სექტემბერი ბუნებისა და, საერთოდ, ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ლოცვის დღედ.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლიმატის სავალალო ცვლილებების მიზეზი ღვთისგან კი არა, ადამიანისაგან მომდინარეობს. ამიტომ ეკლესიისა და თითოეული ჩვენგანის თხოვნა და ლოცვა უფლისადმი, ყოველივეს გამგებლისადმი, უნდა იყოს ბუნების პირობების გაუმჯობებისათვის შეწევნა. არსობრივად აუცილებელია თავად კაცობრიობის სინანული თავის მიერ ჩადენილი ცოდვისათვის, დედამიწის რესურსების განადგურებისათვის, სინანული იმისათვის, რომ გონივრულად და სიფრთხილით, მზრუნველობით ვერ გამოიყენა სამყაროს დოვლათი, რათა სამუდამოდ შეენახა იგი შემდგომი გამდიდრებისათვის

ვლოცულობთ და შევთხოვთ უფალს, რომ შეგვინახოს დედამიწის გარემო ისე, რომ ადამიანმა შეძლოს ამქვეყანად ცხოვრება. ამასთანავე, ვლოცულობთ ღვთისა მიმართ, რათა უფალმა გონება გაუნათოს ამაქვეყნის ძლიერთ, არ დაანგრიონ ქვეყნიერების ეკოსისტემა რაიმე ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რაღაც დროებითი ინტერესებისათვის; თუმცა ეს ყველაფერი ასევე ეხება ყოველ ადამიანს, ყოველ ჩვენგანს,  რადგან ჩვენი მცირედი შესაძლებლობების ფარგლებში თითოეული ჩვენგანი ნელ‑ნელა ვიწვევთ მცირე ბუნებრივ კატასტროფებს, რომელთა მიზეზი ისევ და ისევ ჩვენი უგუნურებაა.

შესაბამისად, ვლოცულობთ არა მარტო ბუნების დაცვისათვის, არამედ თითოეულ ჩვენგანში სინანულის გაღვიძებისათვის, იმ დიდი თუ მცირე ზიანისათვის, რომელიც ბუნებას მივაყენეთ და რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით, როგორც შედეგს უმცირესი დაზიანებებიდან იმ  დიდ ბუნებრივ კატასტროფებმდე, წლების განმავლობაში რომ გრძელდება.

ამ თხოვნას, ლოცვას და რჩევას მივმართავთ ჩვენი მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრისა და მთელი მსოფლიოსადმი და ვთხოვთ კეთილის მომნიჭებელ უფალს, რომელმაც გვაჩუქა ეს ამქვეყნიური სამოთხე – დედამიწა, თითოეული ჩვენგანის გულში ჩანერგოს კეთილი აზრი, რათა გავუფრთხილდეთ ბუნებას, რომელიც მან (ღმერთმა) თავისი სიკეთითა და სიბრძნით გადმოგვცა, რათა ჩვენ და მომავალი თაობები დატკბენ ღვთის ძღვენით, უფლისადმი მადლიერებითა და მისდამი დიდების მიგებით. ვლოცულობთ, რომ უფლის სიბრძნემ, მშვიდობამ და ძალამ, რომელმაც შექმნა, შეგვინახა და ბოლო დღისათვის ინახავს მსოფლიოს ხნის მოლოდინში, გარემო მუდამ ნაყოფიერად დაგვიცვას და შეეწიოს კაცობრიობის  მუდმივ პროგრესს, რათა ვინც ამისათვის იღვწის, მისმა კეთილისქმედებამ შედეგი გამოიღოს. მოვიხმობთ უფლის მადლსა და უსაზღვრო წყალობას ყოველ ადამიანზე და განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ზრუნავენ და იცავენ გარემოს, როგორც „სხვა სამოთხეს“.
ამინ!
1 სექტემბერი, 2012.

ღვთის წინაშე ყველასთვის დაუცხრომლად მვედრებელი

+ პატრიარქი კონსტანტინეპოლისა ბართლომეოსი,

Print Friendly

Comments are closed.