ნათელი სევდა

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

უმრავლესი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის თუ არა, ბევრი მათგანისთვის მაინც, მარხვა გარკვეული რაოდენობის ფორმალური, ხშირ შემთხვევაში კი შემზღუდავი წესებისგან შედგება: ხორციელი საკვებისგან თავშეკავება (ხორცი, რძის პროდუქტი, კვერცხი და ა.შ.), ცეკვა, კინემატოგრაფიაც კი.
ჩვენ იმდენად ვართ დაშორებულნი ჭეშმარიტი ეკლესიის სულისგან, რომ თითქმის შეუძლებელია გავიგოთ, რომ მარხვაში სრულიად სხვა რამეს უნდა ვხედავდეთ, რის გარეშეც ეს წესები კარგავს თავის უმთავრეს მნიშვნელობას. ეს სხვა რამ ყველაზე უკეთ შეიძლება განვსაზღვროთ როგორც რაღაც ერთგვარი ატმოსფერო, განწყობა, უპირველეს ყოვლისა სულიერი მდგომარეობისა, გულისა და გონებისა, რომელიც შვიდი კვირის განმავლობაში ავსებს ჩვენს ცხოვრებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის მიზანი ის კი არ არის, რომ დაგვაძალოს ჩვენთვის ცნობილი ფორმალური აუცილებლობები, არამედ შეარბილოს ჩვენი გული იმდენად, რომ მან შეძლოს სულიერი რეალობების აღქმა, შეიგრძნოს ღმერთისკენ სწრაფვის ფარული წყურვილი.
ეს მარხვითი განწყობაა. ეს არის ერთადერთი სულიერი მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ღვთისმსახურებებით, მარხვის პერიოდში ლიტურგიკურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების წყალობით მიიღწევა. თუკი ამ ცვლილებებს ცალ-ცალკე განვიხილავთ, შეიძლება ბევრი ფორუმალური წეს-ჩვეულება გაურკვეველიც კი მოგვეჩვენოს, რომლებიც შეიძლება ფორმალურად არც კი შესრულდეს. მაგრამ თუკი მათ ერთიანობაში განვიხილავთ, ისინი გვიხსნიან და გვამცნობენ მარხვის ნამდვილ არსს, გვაჩვენებენ და გვაიძულებენ ვიგრძნოთ ის ნათელი სევდა, რაშიც დავანებულია ჭეშმარიტი მარხვის ნიჭი და სული.
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მამებს, სასულიერო ჟანრის მწერლებსა თუ მარხვის მსახურებისათვის გალობის შემთხზველებს, რომლებსაც თანდათანობით შეუმუშავებიათ მარხვათა საღვთისმსახურო სტრუქტურა, მიუციათ ლიტურგიისთვის განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი სილამაზე, გააჩნდათ ადამიანის სულის ერთნაირი, ერთსულოვანი გაგება. მათ ნამდვილად იციან ხელოვნება სულიერი სინანულისა და ყოველ წელს, მთელი მარხვის განმავლობაში, აძლევენ მას ყველას, ვისაც აქვს ყურები, რათა ისმინოს და თვალები, რათა დაინახოს, რომ მიეცეთ ამ ცოდნით სარგებლობის საშუალება.
საერთო შთაბეჭდილება, როგორც უკვე აღვნიშნე, ნათლი სევდის განწყობაა. დარწმუნებული ვარ, ვინც კი შევა ტაძარში დიდმარხვის პერიოდში მსახურების დროს, სულ მციერდი წარმოდგენაც რომ გააჩნდეს ღვთისმსახურების შესახებ, თითქმის იმწამსვე მიხვდება, რას ნიშნავს ამგვარი, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამი. ერთი მხრივ, მართლაც ასეა – ხსენებული ნათელი სევდა თანამდევია მთელი მსახურებისა; მუქი ფერის შესამოსელი, მსახურებები ჩვეულებრივზე უფრო გრძელი, უფრო მონოტონური, თითქმის უძრავი. კითხვა და გალობა ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ ისე, თითქოს არაფერი არ ხდებოდეს. დროის გარკვეულ მონაკვეთებში მღვდელი გამოდის საკურთხევლიდან, კითხულობს ერთსა და იმავე მოკლე ლოცვას და ყოველი შენდობის თხოვნის შემდეგ ყველა აკეთებს მეტანიას და ასე გრძელდება საკმაოდ დიდ ხანს. ჩვენ ვდგავართ ამგვარი ლოცვითი ერთფეროვნების წინაშე, ამგვარ მდუმარე სევდაში.
საბოლოო ჯამში კი ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამგვარი გაწელილი და ერთფეროვანი მსახურება აუცილებელია, რათა გულმა შეიგრძნოს საიდუმლო და ამ მსახურების უხილავი მოქმედება. ნელ–ნელა ჩვენ ვიწყებთ აღქმას, უფრო კი შეგრძნებას რომ ეს სევდა ნამდვილად ნათელია, თითქოს რაღაც სასწაულებრივი ფერიცვალება აღესრულება ჩვენში. თითქოს ვხვდებით იმგვარ გარემოში, სადაც არ აღწევს ხმაური და ამქვეყნიური ორომტრიალი, ქუჩები, ყველაფერი ის რაც ავსებს ჩვენს ყოვედღიურსა თუ ღამისეულ ცხოვრებასაც კი, ადგილი, სადაც მთელ ამ ორომტრიალს არ აქვს ძალა ჩვენზე. ყველაფერი ის, რაც მიგვაჩნდა მნიშვნელოვნად და ავსებდა ჩვენს სულს, განგაშის მდგომარეობა, რომელიც თითქმის ჩვენს მეორე ბუნებად იქცა, სადღაც ქრება და ჩვენ ვგრძნობთ როგორ ვთავისუფლდებით, ვგრძნობთ სიმსუბუქეს და ბედნიერებას.
ეს არ არის ის ხმურიანი, ზედაპირული ბედნიერება, რომელიც დღეში ოცჯერ მოდის და მიდის, წარმავალია და იოლად დასაკარგი. ეს უფრო ღრმა ბედნიერებაა, რომელსაც ერთი რომელიმე კონკეტული მიზეზი კი არ გააჩნია, არამედ, როგორც დოსტოევსკი ამბობდა, ჩვენი სულისა და „იმქვეყნიური სამყაროს“ შეხებაა და ეს შეხება აღსავსეა სინათლით, სიმშვიდით, სიხარულითა და ენით აუწერელი იმედის გრძნობით. მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებით თუ რატომ უნდა იყოს ეს მსახურებები უფრო დიდხნიანი და თითქოს მონოტონურიც. ჩვენ ვხვდებით, რომ სრულებით წარმოუდგენელია გადასვლა იმქვეყნიერ სამყაროში ჩვენი სულის ნორმალური მდგომარეობიდან, რომელიც აღსავსეა ამქვეყნიური ორომტრიალით, სიჩქარით, საზრუნავებით, ისე რომ ჯერ არ დავმშვიდდეთ, აღვიდგინოთ თავში გარკვეული დონის შინაგანი მდგრადობა.
სწორედ ამიტომ, მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს მსახურებები მარტოოდენ რაღაც ვალდებულებებია; ისინი, ვინც მუდამ კითხულობენ რა „მინიმალური მოთხოვნებია“ საჭირო („რამდენად ხშირად უნდა ვიაროთ ტაძარში?“ „რა სიხშირით უნდა ვილოცოთ?“ და ა.შ.) ვერასოდეს ჩაწვდებიან ღვთისმსახურების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, რომელსაც იმქვეყნიურ სამყაროში გადავყავათ – სადაც თავად უფალი მყოფობს! მაგრამ ჩვენ მათ გადავყავართ არა სწრაფად, არამედ ნელ-ნელა, მიზეზად ჩვენი დაცემული ბუნებისა, რომელსაც დაუკარგავს იმქვეყნიურ სამყაროში ბუნებრივად გადასვლის ნიჭი.
და აი, როდესაც ჩვენ განვიცდით ამ საიდუმლოებრივ გათავისუფლებას, სიმსუბუქეს და სიმშვიდეს, სევდიანი ერთფეროვნება ახალ არსს იძენს, ის გარდასახულია; ის შინაგანი ნათლითაა გაბრწყინებული, როგორც განთიადისას ამოსული მზის სხივები, რომელიც ნათელს ფენს მთის წვერებს, მაშინ როცა დაბლობზე ჯერ ისევ წყვდიადია. ეს ნათელი და ფარული სიხარული „ალილუიას“ ხშირად გალობის შედეგია, რომელიც დიდმარხვის მსახურების საერთო განწყობის თანამდევია. ის რაც აქამდე ერთფეროვნებად მიგვაჩნდა, მთელ სამყაროდ გარდაისახება; იმას რასაც ადრე მწუხარე ჟღერადობა ჰქონდა, ახლა აღიქმება, როგორც სულის პირველი გამოძრავება, რომელიც დაკარგულ სიღრმეს უბრუნდება. ეს სწორედ ის პირველი ფრაზაა „ალილუიადან“ ნაგალობევი, რომელიც გვემცნობა დიდხმარხვის მსახურების ყოველ დილას: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა“.
სევდიანი პასუხი: ჩემი გამოძევების მწუხარება, გაფლანგული ცხოვრების გამო; ნათელი ღვთის თანამყოფობისა და მიტევება, სიხარული უფლისადმი აღორძინებული სიყვარულისა და მამისეულ სახლში დაბრუნებით გამოწვეული სიმშვიდე. ასეთია განწყობა დიდმარხვის მსახურებისა; ასეთია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.

Print Friendly

Comments are closed.