პატიმართა წამების საწინააღმდეგო საგანგებო განცხადება

 “… მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;

შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.
მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?
როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?
როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?
მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.”
მათე 25:35-40

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

წმიდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ამ დღეებში გავრცელებულ საშინელ კადრებთან და პატიმართა წამებისა და უმძიმეს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და საპატიმროში აღმოჩნდა, ხშირად სწორედ პატიმრობისას უფიქრდება თავის წარსულ ცხოვრებას, მიზეზებს რამაც კანონდარღვევამდე მიიყვანა და ხშირად, ასეთ თვითჩაღრმავებას ადამიანი ღმერთის რწმენამდე მიყავს, სინანულს უძლიერებს, ხოლო სინანული ადამიანის ღირსებას არათუ  ლახავს, არამედ სხვა ადამიანთა დაფასებისაც ასწავლის.

წმიდა ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ცოდვილი კი არ უნდა გვძულდეს, არამედ ცოდვა, რომ ერთის მხრივ ქრისტიანის მიერ უნდა მოხდეს დანაშაულის დაგმობა და მეორეს მხრივ არ უნდა დაიშვას, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის – თუნდაც დანაშაულით და ცოდვით შებღალულის, რაიმე სახის ძალადობით და შეურაცხყოფით დამცირება!
დასასრულ მოვიყვანთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლიდან ამონარიდს (2010 წელი):

… მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა. სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: `სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად, … რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ~ (მთ. 25. 36,40). ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა_კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის)… ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;
მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.
საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.
ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.”
(უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი)
არა წამებას, არა შეურაცხყოფას, არა დამცირებას! ვამთავრებთ წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით:
“გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ”
ებრაელთა 13:3

© წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი – 2012 წელი

 

 პატრიარქი პატიმართა წამების ფაქტების საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხელისუფლებას გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მედიასაშუალებებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები”, – თქვა კათალიკოს-პატრიარქმა.

 წყარო

Print Friendly

Comments are closed.