რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტული გარემო

386310_427130237324511_2031367429_n

გთავაზობთ ამონარიდს (ოფიციალური ტექსტი) საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში რელიგიური უფლებების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2012 წელი

საანგარიშო მოხსენების წინამდებარე თავი საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების კუთხით 2012 წლის ტენდენციებს ასახავს.

მართალია, 2012 წელს, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა (მთლიანობაში, სახალხო დამცველისთვის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ფიზიკური ძალადობის 3 ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი), თუმცა საგრძნობლად იმატა ქსენოფობიური რიტორიკის გამოყენების შემთხვევებმა.

შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობიის ტირაჟირება 2012 წლის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. ამ ტენდენციამ, გარკვეულწილად, ასახვა ჰპოვა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტულ გამოვლინებებშიც, კერძოდ კი, მუსლიმთათვის ტრადიციული ლოცვის რიტუალის ხელის შეშლის მცდელობებში, რასაც წლის მიწურულს ჰქონდათ ადგილი.

ტრადიციულად პრობლემატურ სფეროებს განეკუთვნებოდა მედიაში რელიგიური უმცირესობათა საკითხების გაშუქება და საზოგადოების ნაწილის შეუწყნარებელი განწყობა განსხვავებული რელიგიური ჯგუფებისადმი.

კვლავ გადაუჭრელი დარჩა ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობებისა და საბჭოთა პერიოდში ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანებისთვის ჩამორთმეული ქონების ისტორიული მფლობელებისთვის დაბრუნებისა და საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

არ გადადგმულა ნაბიჯები საგადასახადო უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, ისევ პრობლემატური იყო საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალური იმპლემენტაცია, რომლის მიხედვით იკრძალება პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური ნიშნით გამოფენა.

გამოუძიებელი დარჩა 2009-2011 წლებში დანაშაულის ნიშნების შემცველი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი 40-მდე ფაქტი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ასევე გამოიკვეთა რამდენიმე პოზიტიური ტენდენცია, რომელთა შესახებ ანგარიშში იქნება საუბარი.

ქსენოფობია

2012 წლის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ქსენოფობიური რიტორიკა, სიძულვილის ენა შეიძლება დასახელდეს.

თუ 2011 წელს ქსენოფობიის გამოვლინება უმთავრესად არმენოფობიასთან იყო დაკავშირებული, რაც დიდწილად რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის ცვლილებით იყო განპირობებული, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი ისლამოფობიამ შეიძინა.

ამ ტენდენციამ 2012 წლის დამდეგს, ბათუმში, სულთან აზიზის სახელობის ისტორიული მეჩეთის აღდგენის გარშემო დაწყებული დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლებისას იჩინა თავი.

მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მეჩეთის აღდგენის გარშემო დაწყებულმა მღელვარებამ ანტიისლამური და ანტითურქული განწყობების ესკალაციას შუწყო ხელი, რაც კიდევ უფრო გააძლიერა წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელმა დაძაბულობამ.

ბათუმში გამართულ რამდენიმე ოპოზიციურ აქციაზე გაკეთდა ანტიისლამური და ანტითურქული განცხადებები; ბათუმის ქუჩებში გაჩნდა წარწერები „ბათუმი თურქების გარეშე“, „აჭარა ხოჯების გარეშე“, ხოლო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპის მთავარი გზავნილი ზოგადად უცხოელების და კონკრეტულად, საქართველოში ყველანაირი თურქული და ანტიმართლმადიდებლური კომპონენტის შეზღუდვის დაპირება იყო. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და საჯარო ფიგურამ ისლამის გეოგრაფიის გაფართოებად შეაფასა ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის გარშემო არსებული დისკუსია.

საბოლოო ჯამში, ანტითურქულმა და მასთან მიბმულმა ანტიისლამურმა კამპანიამ შედეგს მიაღწია და ერთი მხრივ, სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის და მეორე მხრივ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის თაობაზე დაწყებული მრავალწლიანი მოლაპარაკებები, 2012 წელს არ დასრულებულა.

 

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა

წინასაარჩევნო ქსენოფობური განწყობების ერთგვარ რეზონანსად შეიძლება იქნეს მიჩნეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზიანსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. წინწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ, 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელებული ქმედებები.

სოფ. ნიგვზიანში მოსახლეობის ნაწილმა, ადგილობრივი მართლმადიდებლი სამღვდელო პირების აქტიური მონაწილეობით, გააპროტესტა სოფელში მცხოვრები მუსლიმების პარასკევის საერთო ლოცვისათვის ტრადიციული შეკრება მეჩეთში.

2012 წლის 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მუსლიმებისგან შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი ფორმით მოითხოვდნენ საერთო ლოცვისთვის კერძო სახლში (რომელიც, სამლოცველოს, მეჩეთის სახით ფუნცქიონირებდა) შეკრებაზე უარის თქმას.

ნიგვზიანელი მუსლიმების განმარტებით, მათ ეჭრებოდნენ სამლოცველოში და ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დამორჩილებოდნენ ულტიმატუმებს, გადაწვავდნენ სამლოცველოს და მუსლიმების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგებოდა; ადგილი ჰქონდა მუსლიმი ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარებსაც. შესაბამისად, ამ ქმედებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა (რელიგიური რიტუალისთვის ხელის შეშლა (მუხლი 155) და მუქარა (მუხლი 151)).

2012 წლის 2 ნოემბერს სოფელში ჩასულ ქართველ მუსლიმთა ლიდერს, მუფთი ჯემალ პაქსაძეს და მასთან ერთად მყოფ მუსლიმ მლოცველებს გადაუღობეს მეჩეთისკენ მიმავალი გზა, რის გამოც მათ ვერ შეძლეს სალოცავად შესვლა.

ამ ქმედებას სამართალდამცველების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. კერძოდ, მათ ვერ უზრუნველყვეს მლოცველთათვის გადასაადგილებლად დერეფნის გაკეთება და აღნიშნული ფაქტების ადგილზე აღკვეთა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ დაკითხა 10-მდე სოფლის მცხოვრები, არ მომხდარა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირების დასჯა.

სოფელში ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მუსლიმთა მუფთსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. ვითარების დასარეგულირებლად შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტშიც. მიუხედავად სოფლის მოსახლეობის ნაწილის მომდევნო პარასკევს მუსლიმების ლოცვისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა აღარ შეზღუდულა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები გაკეთდა იმის თაობაზე, რომ ორივე მხარის ინტერესები დაცული და გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო და, რომ ჯერ „ეკლესიებს“, ანუ საპატრიარქოსა და მეჩეთის წარმომადგენლებს უნდა მისცემოდათ ურთიერთმორიგების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერეოდნენ პროცესში სამართალდამცველი ორგანოები.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს როგორც კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან გარკვეულწილად თავის არიდებად. მკაფიო სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, მათ რელიგიურ უმცირესობასა და უმრავლეოსობას შორის მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობა არჩიეს.

საბოლოო ჯამში კი, გარკვეულწილად, სწორედ სამართალდამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების არაადეკვატური რეაგირება გახდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. წინწყაროში ანალოგიური პრობლემის წარმოშობის მიზეზი.

კერძოდ, 2012 წლის ნოემბერ – დეკემბერში, სოფ. წინწყაროში ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი, ნიგვზიანის შემთხვევის ანალოგიურად, აგრესიული ფორმით აპროტესტებდა მუსლიმი მოსახლეობის ლოცვას.

სოფლის მეჩეთის მოლასა და სხვა ადგილობრივ მუსლიმებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მათი და მათი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელდა მუქარა იმის თაობაზე, რომ თუ არ შეწყვეტდნენ მეჩეთის მშენებლობას, დაუწვავდნენ სახლს, გააძევებდნენ სოფლიდან, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

სოფლის ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი შეუწყნარებლობის წარმოშობის მიზეზად, სოფლის ახალი სასაფლაოს ჭიშკრიდან ჯვრის უნებართვოდ ჩამოხსნას ასახელებდა.

მომხდარი ინციდენტის მომდევნო პარასკევს, 7 დეკემბერს, ტრადიციულ ლოცვის რიტუალის შესასრულებლად მხოლოდ ერთი წინწყაროელი მუსლიმი გამოცხადდა, რაც მან სოფლის დანარჩენი მუსლიმი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარით და დაშინებით ახსნა. ამის გამო, სოფელში პარასკევის ლოცვა არა ადგილობრივმა, არამედ წალკიდან ჩამოსულმა მუფთმა და მისმა თანმხლებმა პირებმა აღასრულეს.

ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა და მუსლიმებმა ერთად შეიმუშავეს წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ მუსლიმებს ადგილზე უნდა დაებრუნებინათ სასაფლაოს ჭიშკრიდან ჩამოხსნილი ჯვარი, რის შემდეგაც მათ მიეცემოდათ ლოცვის უფლება, თუმცა, სხვა რეგიონებიდან მუსლიმები აღარ უნდა ჩამოსულიყვნენ წინწყაროში სალოცავად. ეს შეთანხმება ბეჭდით დაამოწმა თეთრიწყაროს მინუციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა სოფელ წინწყაროში. წერილობითი შეთანხმება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა და ზღუდავდა მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებას.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროცესში ჩაებნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მუსლიმთა კავშირმა 11 დეკემბერს გამოაქვეყნა წერილი[1], რომელშიც მადლიერება გამოხატეს საკითხის მოგვარებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.

აქვე უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის წინწყაროში ადგილობრივ მოსახლეობას ლოცვაში ხელი აღარ შეშლია. მომდევნო პარასკევს, 14 დეკემბერს, წინწყაროში, მუსლიმთა სალოცავს აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეწვია, რითაც სოლიდარობა გამოხატა ადგილობრივი მუსლიმი მრევლისადმი და მხარი დაუჭირა რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპის უპირობო დაცვას. ასევე, ამ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული სხვა ძალადობრივი ქმედებები

წინა წლებთან შედარებით საანგარიშო პერიოდში იკლო რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური თავდასხმებისა და ანგარიშსწორების რაოდენობამ. საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ ტიპის ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი და ორივე მათგანი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთანაა დაკავშირებული.

კერძოდ, 2012 წლის 15 აპრილს, საგარეჯოში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იეჰოვას მოწმე მ.ი.-ს, რის თაობაზეც მან ადგილობრივ პოლიციაში განაცხადა. ხოლო პოლიციაში მისვლისას, მისი თქმით, უკვე თვითონ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასცინეს მას საკუთარი განსხვავებული რწმენის გამო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა, საანგარიშო პერიოდში იგი არ დასრულებულა.

ამავე წლის 12 ივნისს, თბილისში, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რელიგიურ შეკრებაზე მიმავალ იეჰოვას მოწმეებს გ.ბ.-ს და გ.ა.-ს. ამ შემთვევაშიც საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

შეიძლება ითქვას, რომ წინა წლების მსგავსად, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე და, ზოგადად, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით განხორციელებულ ქმედებებზე, სამართალდამცველების რეაგირება ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია. როგორც წესი, დაწყებული გამოძიებები ან უშედეგოდ სრულდება, ანდა ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე ჭიანურდება.

ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობები, რესტიტუციის საკითხი და ახალი ნაგებობების მშენებლობისთვის ხელის შეშლა

საანგარიშო პერიოდში კვლავაც არ დაწყებულა რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის (სომეხთა სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი, ლუთერული ეკლესია, იუდაური თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია) საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი – ამ ფონზე ისინი დროთა განმავლობაში ინგრევა ან ხდება მათი იერსახის შეცვლა.

მაგალითად, 2012 წლის მაისში, თბილისში ჩამოინგრა ე.წ. სადავო, უმოქმედო სომხური ტაძრის, სურბ ნშანის (შესულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში) სამრეკლო, ხოლო ზაფხულის მიწურულს დაიწყო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის (ასევე შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში და ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა) იერსახის შეცვლა, გალავნისა და გუმბათის გადაკეთება დაიწყო, რაც არ იყო შეთანხმებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან.

საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჩარევის შედეგად პროცესი შეჩერდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემატიკის შესახებ ჟურნალისტთან საუბარში, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, გამოთქვა სპეციალური კომისიის შექმნის სურვილი, რომელიც სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხებს განიხილავს, თუმცა საანგარიშო პერიოდში ეს კომისია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.

საანგარიშო პერიოდში იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები მშენებლობასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობასაც აწყდებოდნენ. მათი თქმით, ხაშურსა და სურამში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიური მოტივით უარი ეთქვა სამეფო დარბაზის მშენებლობას.

 

რელიგია და საჯარო სკოლა

კვლავ პრობლემატურია საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრულფასოვანი დაცვა.

რელიგიური უმცირესობები წლებია, აცხადებენ, რომ სკოლებში ადგილი აქვს კანონმდებლობით აკრძალულ ქემედებებს: პროზელიტიზმს, ინდოქტრინაციას, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენას, ბავშვების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმას, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მოსწავლეების დამცირებას. საჯარო სკოლაში რელიგიური ნიშნით დისკრიმანიციის შესახებ საუბრობდნენ სოფელ ნიგვიზიანში მცხოვრები მუსლიმებიც.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ერიდებიან დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას, 2012 წელს სახალხო დამცველისთვის ინდოქტრინაციის ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ქალაქ ონში ადგილობრივი საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, 12 წლის ნ.გ., რომლის დედა იეჰოვას მოწმეა, მშობლის ნებართვის გარეშე, სასწავლო პერიოდში წაიყვანა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ნ.გ მართლმადიდებლური წესით მოინათლა.

როგორც ნ.გ.-ს მშობელი აღნიშნავს, პედაგოგის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის დირექტორმა. ნ.გ-ს განმარტებით, მას გადაწყვეტილი არ ჰქონდა მონათვლა და მხოლოდ სასულიერო პირთან გასაუბრება სურდა. იგი ასევე აცხადებს, რომ ზემოხსენებული პედაგოგი, წლების განმავლობაში, სასწავლო პროცესის დროს ეწეოდა პროზელიტიზმს ნ.გ.-ს მიმართ მართლმადიდებლურ სარწმუნეობაზე მისი გადაყვანის მიზნით, დამამცირებელ კონტექსტში იხსენიებდა იეჰოვას მოწმეებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნ.გ არ არის იეჰოვას მოწმე, რადგანაც მის მშობელს სურდა, რომ ნ.გ.-ს სრულწლოვან ასაკში თავად მიეღო გადაწყვეტილება. მონათვლის ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ნ.გ.-მ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნ.გ-ს მშობელმა ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა იეჰოვას მოწმეების ადვოკატებს, რომლებიც ვითარებაში გასარკვევად აღნიშნულ საჯარო სკოლაში ჩავიდნენ, ნ.გ-სა და მისი დისადმი, რომელიც სკოლაში აცილებდა ნ.გ.-ს, სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება დაფიქსირდა. სკოლაში იეჰოვას მოწმეთა ადვოკატების სტუმრობის შემდეგ ნ.გ. პედაგოგების მხრიდან საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა. კერძოდ, ერთ-ერთმა პედაგოგმა მას განუცხადა, რომ ამ აურზაურის ატეხვის გამო თავისი საქცილის უნდა რცხვენოდეს.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142 – ე მუხლით, რომელიც რელიგიის საფუძველზე ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ძიება საანგარიშო პერიოდში, არ დასრულებულა.

 

საგადასახადო უთანასწორობა

2011 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი. აღნიშნული კანონი, ისევე, როგორც მანამდე მოქმედი, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას არ მიიჩნევს ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად არ ხდება მათი დაბეგვრა რიგი გადასახადებით, თუმცა ეს წესი ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის ერთნაირი არ არის.

საგადასახოდო რეჟიმი უმცირესობათა რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულია, ვინაიდან ისინი, რამდენიმე საგადასახადო კომპონენტში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან განსვავებული წესით იბეგრებიან.

ასევე დისკრიმინაციის შემცველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსების არსებული პრაქტიკაც, რადგან წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება მხოლოდ საპატრიარქო, ხოლო გადასახადის გადამხდელები, ცხადია, სხვა რელიგიური გაერთიანებები და მათი წევრებიც არიან.

ამასთან დაკავშირებით, 2012 წლის მიწურულს განცხადება გააკეთა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად სხვა რელიგიური გაერთიანებებიც, კონკრეტულად კი, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, უნდა ფინანსდებოდნენ სახელმწიფოსგან იმ წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით, როგორი პროცენტულობითაც არიან ისინი წარმოდგენილი საქართველოში.

რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა ასევე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, სასურველია დაფინანსდნენ სხვა რელიგიური გაერთიანებებიც. აღნიშნული დაფინანსება მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც და სხვა კონფესიებისთვისაც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციის ფორმას უნდა ატარებდეს და გარკვეული ფინანსური ოდენობითა და დროითი ჩარჩოებით უნდა იყოს განსაზღვრული.

რელიგიური მრავალფეროვნების ასახვა მედიაში

საანგარიშო პერიოდში, მედიის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, არამარტო სიძულვილისა და ქსენოფობიის ტირაჟირებას ახდენდა, არამედ ხშირად თავად გვევლინებოდა რელიგიური შეუწყნარებლობის გამოხატვის წყაროდ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მედია ორგანიზაცია რელიგიურ მრავალფეროვნებას ადეკვატურად და ობიექტურად აშუქებდა. რელიგიური შეუწყნარებლობა ხშირად ვლინდებოდა ასევე სოციალურ ქსელებში, მაგრამ, სხვა მხრივ, ეს სივრცე გახსნილია რელიგიური მრავალფეროვნების საკითხზე დისკუსიებისთვისაც.

ტელე და რადიო მედია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუების გამოკლებით, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც უთმობდნენ დროს რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური მრავალფეროვნების თემატიკას, როგორც წესი, არ ინტერესდებოდნენ რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკით (თუ არ ჩავთვლით ნიგვზიანისა და წინწყაროს შემთხვევებს) ან მათი ინტერესი მხოლოდ დიდი დღესასწაულების შესახებ სიუჟეტებით იფარგლებოდა.

პოზიტიური შედეგები

გასულ წლებში საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერო პირების შესვლა საპატრიარქოს ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც დისკრიმინაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. 2010-2011 წლებში დაიწყო პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზე მუშაობა. ამ ეტაპზე ეს პრობლემა დაძლეულად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, მუსლიმთა თემი, სვამენ საკითხს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური რიტუალების განხორციელებისთვის შესაბამისი ადგილის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.

2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რითაც აღიარა პირის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართ. სარჩელი შეეხებოდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირებისთვისაც, რომლებიც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 უნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „სამხედრო სარეზერვოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენდა იმ პირთა მიმართ, რომლებიც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. შესაბამისად, წინა წლებში არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით შეიცვალა.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ეხება. კერძოდ, 2012 წლის 27 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები რომელთა მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეული იყოს „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით“ ჩადენილი დანაშაული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2012 წელს, პოლიციელებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე „დისკრიმინაციის დაუშვებლობა“, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტს საფუძვლად დაედო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციები. ტრენინგების ციკლს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და მასთანარსებული ტოლერანტობის ცენტრის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტები უძღვებოდნენ.

ბოლო წლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკასა და სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებში ეთნიკურთან ერთად უფრო მეტად გამოიკვეთა რელიგიური უმცირესობების თემატიკაც. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს რელიგიური დღესასწაულები მუსლიმთა და იუდაურ თემებს, ეწვივნენ სომხურ, კათოლიკურ, ბაპტისტურ, ლუთერულ და სახარებისეული რწმენის (ორმოცდაათიანელთა) ეკლესიებს.

2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძვლეზე რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცათ აერჩიათ და რეგისტრაცია გაევლოთ მათთვის მისაღები სამართლებრივი ფორმით. ამ ეტაპზე, საჯარო სამართლიას იურიდიულ პირად 18 რელიგიური გაერთიანებაა რეგისტრირებული.

უნდა აღინიშნოს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს აქტიური საქმიანობა. 2012 წელს რელიგიათა საბჭოს წევრებმა დაასრულეს მუშაობა რეკომენდაციებზე, რომელთა ადრესატები მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედია ორგანიზაციები არიან. რელიგიათა საბჭო 2013 წლისთვის, სახალხო დამცველის მხარდაჭერით, გეგმავს მითითებული რეკომენდაციების წარდგენისა და მათი შესრულების მიზნით დიალოგის გამართვას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით შესაბამის უწყებებთან. რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტული გარემოს განვითარებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას.

რეკომენდაციები

  • · საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

დასრულდეს 2009 -2012 წლებში დაწყებული და გაჭიანურებული გამოძიებები, რომლებიც პირთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება.

მოხდეს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი თითოეული დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

  • · საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

გონივრულ ვადაში შეიქმნას და ამოქმედდეს ე.წ. სადავო ისტორიული ძეგლების წარმომავლობის დამდგენი წარმომადგენლობითი სახელმწიფო კომისია.

აღინუსხოს ის ძეგლები, რომლებიც ე.წ. დავის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე რელიგიურად არ ფუნქციონირებს და რომელთა დაბრუნებას სახელმწიფოსგან მოითხოვს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება, როგორც მათი ისტორიული მეპატრონე.

  • · საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას

დაიწყოს სხვა რელიგიური გაერთიანებების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხის განხილვა, საერთაშორისო გამოცდილებისა და არსებული განსხვავებული მოდელების გათვალისწინებით. უზრუნველყოფილ იქნეს, ამ პროცესში შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და უშუალოდ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების ჩაბმა.

აღმოფხვრილ იქნეს უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიური გაერთიანებების დაბეგვრა ხდება მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული წესით.

  • · საქართველოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

შემუშავდეს სისტემური და ეფექტური მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი საჯარო სასკოლო სივრცეში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრულფასოვანი იმპლემენტაციისათვის.



[1] http://www.facebook.com/gmuslimsunion

წყარო (519-530 გვ.)

Print Friendly

Comments are closed.