საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ

26/03/2012
By

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ჩვენს ბლოგზე ბოლო პერიოდში განთავსდა საეკლესიო კალენდრის თემატიკისადმი მიძღვნილი რამდენიმე სტატია, სადაც კალენდრული საკითხი სხვადასხვა კუთხით იქნა გაშუქებული. კერძოდ [1]–ში წარმოვადგინეთ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის მთავარეპისკოპოსის – პეტრე ლ’იულეს ნარკვევი, სადაც ავტორის მიერ დეტალურად არის წარმოდგენილი ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ბატონ ზურაბ კიკნაძის მიერ შემოთავაზებული პუბლიკაცია ძირითადად პოლემიკური ხასიათისაა, რომელიც გვთავაზობს არქ. რაფაელ კარელინის და მ. ანდრია ბოროდას სტატიების კრიტიკას [2]. მომდევნო პუბლიკაციაში (იხ. [3]) შემოგთავაზეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი კალენდრული რეფორმის თაობაზე, ხოლო სტატია [4], რომლის ავტორი გახლავთ ღვთისმეტყველების დოქტორი მ. ვლადიმერ ხულაპი, მიეძღვნა პასქალური რეფორმის ისტორიულ ასპექტებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. მომდევნო ორ სტატიაში [5],[6] წარმოგიდგინეთ მ. ბიძინა გუნიას ბროშურის კრიტიკული ანალიზი ღვთისმეტყველების [5] და ასტრონომიის [6] თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე საკმარისი რაოდენობაა კალენდრისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებისა, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ საკმარისად ბევრია იმ მითების რაოდენობა, რომელთა განხილვა ვერ მოხერხდა ზემოთ ჩამოთვლილ სტატიებში. ვინაიდან მორწმუნე საზოგადოებაში კიდევ მუსირებს კალენდრული პრობლემატიკისადმი სრულიად არაადექვატური დამოკიდებულება, მიგვაჩნია, რომ  სასურველია იმ მითების გამოააშკარავებაც, რომლებიც მხოლოდ პრობლემებს ქმნიან და ერთის მხრივ შფოთს ტეხენ არაფრის გამო და მეორეს მხრივ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას და მეცნიერებას დაპირისპირებულ კონცეფციებად წარმოგვიდგენენ.

პირველ რიგში შევეხებით ერთერთ მეტად პოპულარულ ქადაგებას, სადაც ხსენებული მონოლოგის ავტორი წარმოგვიდგენს მისეულ პოზიციას იულიუსის და გრიგოლის კალენდრების თაობაზე [7]. პატივცემული დეკანოზი დავითი (ქვლივიძე), ცდილობს რა დაასაბუთოს იულიუსის კალენდრის ჭეშმარიტება, გვამცნობს, რომ ა) „7 იანვარს ახალი სტილით კოსმოსში არის 25 დეკემბერი“, ბ) „იანუსის დღესასწაულია პირველი იანვარი“ და სწორედ ამ მოტივით არ შეიძლება ახალი წლის აღნიშვნა, გ) „გრიგოლის კალენდარი გეოცენტრული კალენდარია“, დ) გრიგოლის კალენდარში ხარვეზები უფრო მეტია, ვიდრე იულიუსის კალენდარში და რომ თურმე გრიგოლის რეფორმის დროს რეფორმატორებმა ნაკიანი წლები ამოღეს კალენდრიდან და ამის მიუხედავად ის მაინც ჩამორჩება. მივყვეთ თანმიმდევრობით თითოეულ საკითხს.

ა) ამ წინადადების გაგება შესაძლებელია ორგვარად, ან რიტორიკულად, ან პირდაპირ. თუ ის მხოლოდ რიტორიკული ფორმაა და მეტი არაფერი (შედეგად კი არც არის სერიოზულად განსახილველი), მაშინ გაუგებარია, რატომ იყენებს მას მ. დავითი იულიუსის კალენდრის აპოლოგიისთვის. ხოლო, თუ პირდაპირ უნდა გავიგოთ აღნიშნული გამონათქვამი, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციას ვაწყდებით. კალენდარი ოდითგანვე დედამიწაზე დროის აღრიცხვის მათემატიკურ–ასტრონომიულ სისტემას წარმოადგენდა და სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს სადღაც კოსმოსში კონკრეტული თარიღის მნიშვნელობა, როდესაც კალენდრის ორიენტირი მხოლოდ დედამიწაზე და მხოლოდ დედამიწის მკვიდრთათვის არის.

ბ) ამ უკანასკნელზე საუბრისას საინტერესოა, თუ რას იტყოდა პატივცემული დეკანოზი ე.წ. ჭეშმარიტ ძველით ახალ წელზე, რომელიც ასე ძლიერ უყვართ ჩვენს ძველმესტილე ზილოტებს და რომელიც მართალია ახალი სტილით 14 იანვარს აღინიშნება, თუმცა მისი ე.წ. „ჭეშმარიტი“ თარიღი 1 იანვარია – ანუ იგივე იანუსის დღესასწაული. ცხადია, რომ თანმიმდევრულობისთვის მ. დავითს მოუწევს აღიარება, რომ არათუ ახალი სტილით, ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნაც სერიოზული ცდომილებაა.

გ) ამ პუნქტის განხილვისას სასურველია გაირკვეს რას ნიშნავს გეოცენტრული კალენდარი? თუ ეს იმას ნიშნავს, რომ კალენდარი შექმნილია იმ დაშვებით, რომ დედამიწა უძრავია და მის გარშემო მოძრაობს მზე, და საპირისპირო დაშვებით სხვა კალენდარი გამოვიდოდა, მაშინ ასეთი განცხადება მცდარია ძირშივე. ფიზიკაში არსებობს ფარდობითობის პრინციპი, რომლის თანახმად სხეულთა მოძრაობა ყოველთვის რომელიღაც სხვა სხეულის მიმართ განიხილება. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველთვის შეიძლება ავირჩიოთ რომელიმე სხვა სხეული, ჩათვალოთ იგი უძრავად და მის მიმართ განვიხილოთ ყველა დანარჩენ სხეულთა მოძრაობა. ფიზიკური მოვლენების აღწერა იქნება ერთმანეთის იდენტური ყველა შემთხვევაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ იულიუსის კალენდრისთვის ჩვენ გვჭირდება ე.წ. ტროპიკული წელიწადის მნიშვნელობა, რაც ორი ფაქტის, (I) დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის და (II) დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას პრეცესიის მოვლენის გათვალისწინებით მიიღება. ხოლო ფიზიკის კანონები კი იმის საშუალებას იძლევიან, რომ დედამიწაზე მდგომი დამკვირვებლის თვალით განვიხილოთ ყველა ასტრონომიული მოვლენა. ამ შინაარსით გრიგოლის კალენდარი გეოცენტრულია, მაგრამ ზუსტად იმავე შინაარსით გეოცენტრულია იულიუსის კალენდარიც.

დ) ამ უკანასკნელზე უნდა ითქვას, რომ იულიუსის კალენდარს გააჩნია ცდომილება იმდენად დიდი, რომ 1 დღიან ჩამორჩენას აგროვებს დაახლოებით 128 წლის განმავლობაში. მეორეს მხრივ, აღნიშნულ კალენდარში ყოველ 4 წელიწადში ერთი ნაკიანია, შესაბამისად ყოველ 400 წელიწადში 100 არის ნაკიანი. მაგრამ 400 წელიწადში დაგროვდება იმდენი ზედმეტი დღე, რამდენჯერაც მასში მოთავსდება 128. ადვილი სანახავია, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 3–ის ტოლია, რის გამოც გრიგოლის რეფორმის შედეგად 400 წელში ნაკიანად გამოაცხადეს არა 100, არამეტ 100–3=97, რამაც საგრძნობლად გაზარდა კალენდრის სიზუსტე. ეს უკანასკნელი გრიგოლის კალენდრის შემთხვევაში დაახლოებით 20–ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იულიუსის კალენდრის შემთხვევაში. ამ საკითხის უფრო ღრმად გარკვევისთვის მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს ჩვენს ბლოგზე განთავსებულ შესაბამის სტატიას [6].

ჩანს, რომ აღნიშნული ქადაგების ავტორი არათუ ვერ ერკვევა კალენდართან დაკავშირებულ პრობლემატიკაში, ის ძალიან კურიოზულ სიტუაციაში ვარდება, როდესაც აცხადებს, რომ „ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები 25–ში შობას არ ვზეიმობთ… მართლმადიდებლებს გვირჩევნია 7 იანვარს იესო ქრისტეს ხორცისა და სისხლის ჭამით შევხვდეთ“. ანუ პატივცემული დეკანოზის საუბარს იმის შესახებ, რომ თურმე ჭეშმარიტი თარიღები ძველი სტილით უნდა აღინიშნებოდეს, თავად მისთვის ჩაუვლია ფუჭად, რადგან, როგორც ჩანს ქვეცნობიერად ისიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული თარიღი არა 25 დეკემბერია, არამეტ 7 იანვარი, არადა ეკლესია ამ დღეს გალობს: „25–სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“.

როდესაც გვსაყვედურობენ შობის თარიღის ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშვნის მხარდაჭერას, მოჰყავთ ერთი მეტად აბსურდული „არგუმენტი“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ოპონენტების სრულ არაკომპეტენტურობას. მაგალითად მ. ბიძინა (გუნია) იულიუსის კალენდრის შესახებ ერთერთი ლექციისას, იხსენებს რა საბჭოთა პერიოდს, ამბობს: „ოქტომბრის რევოლუცია აღინიშნებოდა 7 ნოემბერს…კი მაგრამ რატომ აღნიშნავდნენ 25 ოქტომბერს მომხდარ რევოლუციას 7 ნოემბერს?“ [8]. ერთი შეხედვით თითქოს ლოგიკურად ჟღერს: თუ 25 დეკემბრის შობა არ უნდა გადავიტანოთ 7 იანვარს, მაშინ რატომ „გადაიტანეს“ ბოლშევიკებმა 25 ოქტომბრის რევოლუციის აღნიშვნის თარიღი 7 ნოემბერს? ამ საკითხის გასარკვევად დავსვათ შემდეგი კითხვა: რა პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როცა გვინდა შობის თარიღი დავაფიქსიროთ? ცხადია, რომ ჩვენი ამოცანაა დღესასწაულის იმ თარიღის შენარჩუნება, რომელიც იყო ნიკეის კრების დროს და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ თარიღმა (25 დეკემბერი) არ განიცადოს საგრძნობი წანაცვლება დროთა განმავლობაში. ანუ თუ გვინდა, რომ კონკრეტულ კალენდარზე (ამ შემთხვევაში გრიგოლის ან შესწორებული იულიუსის კალენდარზე) გადავიტანოთ დღესასწაული საჭიროა, ახალი კალენდრის ფარგლებში ავიღოთ იგივე თარიღი, რაც იყო იულიუსის კალენდარში იმ პერიოდში, რომელზე სწორებაც გვაქვს აღებული (ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პერიოდი, როდესაც ეკლესიამ დაარეგულირა პასქალიის კანონი და ზოგადად დღესასწაულების აღნიშვნის წესი). ზუსტად ანალოგიურადაა საქმე ოქტომბრის რევოლუციის შემთხვევაშიც, ერთი მცირე განსხვავებით, რომ რევოლუციის მომენტისთვის გრიგოლის კალენდარი უკვე არსებობდა და ვინაიდან პრიორიტეტს წარმოადგენს ზუსტი კალენდრული სისტემის გამოყენება, ვუყურებთ, თუ როგორი იყო თარიღი ახალი სტილით იმ კონკრეტული მოვლენისას და ამ თარიღს ვაფიქსირებთ სწორედ ახალი სტილის ანუ უფრო ზუსტი კალენდრის ფარგლებში. ჩვენი ოპონენტები ცდებიან იმ მარტივი ფაქტის გაუთვალისწინებლობაში, რომ კალენდრის წანაცვლებას ავითვლით ნიკეის პერიოდიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი ჯერ არ იყო წანაცვლებული ბუნებრივი ორიენტირების მიმართ და ახალი და ძველი სტილის კალენდრები ერთი და იგივე თარიღს გვაძლევენ (25 დეკემბერი). თუმცა ჩვენი არჩევანი ახალი სტილის თარიღებით ხელმძღვანელობაა, ვიცით, რა რომ მხოლოდ ამ კალენდრით არჩეული თარიღი იქნება მდგრადი. სხვაგვარადაა საქმე „დღეს“, როდესაც ხსენებული მოვლენის (ძველი სტილით 25 ოქტომბრის რევოლუციის) დროს ხმარებაში იყო როგორც ახალი ისე ძველი სტილის კალენდრები და ეს უკანასკნელი უკვე საგრძნობლად წანაცვლებული იყო ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში. ამ დროს ვხელმძღვანელობთ მაინც იმავე არჩევანით – ვიღებთ მომხდარი მოვლენის ახალი სტილის თარიღს (შეადარეთ წინა შემთხვევას, როცა არჩევანი ისევ ახალი სტილის კალენდრულ თარიღზე კეთდება, თუმცა ძველითაც იგივე თარიღი გამოდის) და არ ვუყურებთ რას აჩვენებდა ძველი სტილის ქრონომეტრი. ჩვენი ოპონენტების ცდომილება ის გახლავთ, რომ მათ ჰგონიათ, რომ იულიუსის კალენდრის მდგომარეობა ნიკეის კრების დროს და დღეს აბსოლუტურად ერთნაირია და ამიტომ თუ დღევანდელი მოვლენების განხილვისას ფარდობითი ცდომილება 13 დღეა, იგივე უნდა იყოს ნიკეის პერიოდშიც, არადა ეს ელემენტარულია, რადგან ნიკეის პერიოდში დროის ათვლის მომენტიდან ჯერ არ გასულა საგრძნობი დრო. მ. ბიძინას მიაჩნია, რომ 7 ნოემბერში ზუსტად იგივე ლოგიკაა, რაც 7 იანვარში, მაგრამ ეს ასე არაა, თუნდაც იმიტომ, რომ პირველი თარიღი მიბმულია ახალ სტილზე და 128 წლის შემდეგ არავის მოუვა თავში ის გადაიტანოს ერთი დღით და აღნიშნოს 8 ნოემბერს. სხვაგვარადაა საქმე 7 იანვართან მიმართებაში, რადგან ეს თარიღი ახალი სტილით კი არ არის დაფიქსირებული, არამეტ ის მიბმულია იულიუსის კალენდარზე და შესაბამისად 2100 წელს ძველ სტილზე მყოფ ეკლესიებს შობის აღნიშვნა მოუწევთ უკვე 8 იანვარს.

მამა ბიძინამ ამა წლის (2012) 13 მარტს სასულიერო აკადემიაში ჩაატარა საჯარო ლექცია კალენდრის თემაზე, სადაც ერთი მეტად იმედისმომცემი პოზიცია გააჟღერა, რომ ის მიესალმება მეცნიერებთან შეხვედრას და ამ საკითხზე საუბარს. მ. ბიძინას წინა პოზიციისგან განსხვავებით [8], ის ცდილობდა კალენდრის საკითხი უფრო საეკლესიო კანონიკის სფეროში გადაეყვანა და ნაკლებად მეცნიერული კუთხით განეხილა. მან აღნიშნა: „ნუთუ შეიძლება ასტრონომიულ აზრზე წინ დავაყენოთ სჯულის კანონის მითითება, წმინდა მამათა შეგონებანი?“. აღნიშნული გამონათქვამი, როგორც ზოგადი თეზა სრულიად მისაღებია, თუმცა, თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველები კალენდრულ საკითხს არ განიხილავენ სჯულის კანონის ფარგლებში [1],[4], ხოლო რიგ შემთხვევაში მთელი ადგილობრივი ეკლესია აფიქსირებს მსგავს პოზიციას [3]. პატივცემული დეკანოზის პოზიცია ნაკლებად რიგორისტული გამოიუყურება, როდესაც ის ამბობს, რომ კონკრეტული კალენდრული სისტემის გამოყენება მხოლოდ არჩევანის საკითხია. ამის საჩვენებლად მას მოჰყავს ანალოგი ფიზიკაში ცნობილი გალილეის ფარდობითობის პრინციპიდან და პარალელს ავლებს ორ სხვადასხვა კალენდარსა და ერთი და იგივე მოვლენის ორი სხვადასხვა ათვლის სისტემიდან დაკვირვებას შორის [9]: „სად ავირჩევთ ათვლის სისტემას?…..თუ არის ორი განსხვავებული ათვლის სისტემა, ორივე გაზომვა…არის მართებული…სამწუხაროდ კალენდრის რეფორმის მომხრეებს ასეთი საკითხები არ ესმით. მათ ჰგონიათ, რომ ერთი (გაზომვის შედეგი – ზ.ო.) 20 მეტრით უფრო ზუსტია ვიდრე მეორე“. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პარალელი არაა გამართლებული (რადგან სხვადასხვა კალენდრებს სხვადასხვა სიზუსტე გააჩნიათ და ერთმანეთის იდენტურები ვერ იქნებიან), ასეც რომ არ იყოს, იმავე ლექციის მსვლელობისას პატივცემული დეკანოზი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ახალი სტილის მიმართ სიზუსტის შესახებ [10] თანამედროვე ასტრონომთა პოზიციას შეცდომას და მათემატიკაში კომედიურ ჟანრს უწოდებს. ასეთ თვალსაზრისს ლექციის წამყვანი მეტად ბუნდოვანი მეთოდით წარმოგვიდგენს. ის ამბობს, რომ სახალისო მათემატიკის ერთერთ სახელმძღვანელოში ნაჩვენებია თუ როგორ უნდა დაამტკიცო მცდარი დებულება (მაგ. 4=5) შეპარული არასწორი დაშვებით. მ. ბიძინას ლოგიკა კალენდრის სიზუსტის შესახებ შემდეგია: „თუ ჩვენ ამ გამოთვლებში ღრმად არ ჩავიხედეთ ისეთ შეცდომებს დავუშვებთ, რასაც ქვია, რომ 128 წელიწადში 1 დღე აკლდება“. ანუ აქედან ორგვარი დასკვნა კეთდება: ჯერ ერთი, თავად მ. ბიძინას მიერ შემოთავაზებული თითქოს რბილი პოზიცია, რომელსაც კითხვის ფორმით გამოხატავს: „რომელი ათვლის სისტემა შეიძლება ავირჩიო, რაიმე უპირატესობა აქვს?“ და რომელსაც იქვე პასუხობს – „არა“, თავადვე არ ეთანხმება და თვლის რომ 128 წლიანი ცდომილება ფიქციაა. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ გრიგოლის კალენდარი გაცილებით უფრო უზუსტოა, ვიდრე იულიუსის კალენდარი: „დიახაც რაღაც უზუსტობები არის (იულიუსის – ზ.ო.) კალენდრში, მაგრამ გრიგოლის კალენდარს რა უნდა ამასთან საერთოდ ვერ ვხვდები, იმიტომ  რომ იქ უზუსტობების მეტი რა არის, მაგალითად: ნაკიანი წელის რიტმულობა ირღვევა“. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არასერიოზულად ჟღერს, როდესაც პატივცემული დეკანოზი ფიზიკისა და ასტრონომიის სპეციალისტებს შესაბამისი დისციპლინების ცოდნას უწუნებს და არაპირდაპირ ურჩევს სახალისო ალგებრის გაცნობას, სადაც თურმე სწორი პასუხის მიგნების გზაა მოცემული. აღნიშნული პუბლიკაციის მიზანს არ წარმოადგენს ხსენებული საკითხის დეტალურად განხილვა, რადგან ჩვენ შეძლებისდაგვარად სრული მათემატიკურ-ასტრონომიული ანალიზი შემოგთავაზეთ ჩვენს ერთერთ წინა სტატიაში და ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს მას (იხ. [6]). რაც შეეხება ნაკიანი წლის რიტმულობის დარღვევას, უნდა ითქვას, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს კალენდრის სიზუსტესთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მრავლადაა სტერეოტიპები კალენდრის შესახებ, რომელთა განეიტრალება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს საკითხი ხშირ შემთხვევაში არასწორი პოზიციიდან არის დანახული მორწმუნე საზოგადოებაში, რაც ერთის მხრივ ნერგავს მეცნიერებისადმი უნდობლობას მრევლში და მეორეს მხრივ ხშირად უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი ხდება.

არაერთხელ გაგვიმეორებია და ახლაც ვიმეორებთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი და-ეკლესიების მსგავსად საჭიროა კალენდრული რეფორმის განხორციელება, თუმცა, რომ არ მივიღოთ რეფორმა რეფორმისთვის, აუცილებელია ამ თემაზე საჯარო ლექციების და დებატების მოწყობა და ღიად მსჯელობა, რის იმედსაც მ. ბიძინას მიერ აკადემიაში წარმოთქმული სიტყვაც გვაძლევს: „დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ასტრონომებთან, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ფიზიკოსებთან“. ყოველივე ამის ფონზე უდავოდ აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ გადამწყვეტი სიტყვა ნებისმიერი რეფორმის განხორციელებაში ეკუთვნის ეკლესიის სისავსეს და ჩვენც, როგორც მისი შვილები ვემორჩილებით მას, თუმცა ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა და ეკლესიის დახმარება გვსურს, რის მაგალითსაც ზოგადად ჩვენი პუბლიცისტური მოღვაწეობა და კერძოდ აღნიშნული სტატია წარმოადგენს.

 

პუბლიკაციები, ქადაგებები და შენიშვნები

  1. ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის მთავარეპისკოპოსი პეტრე ლ’ურიე, „ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი“.
  2. ზ. კიკნაძე, „ორი სტილი – ერთი კალენდარი“.
  3. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი.
  4. მ. ვლადიმერ ხულაპი, „კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა“.
  5. ზ. ჯაში, „ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?“.
  6. ზ. ოსმანოვი, „კალენდრული საკითხის შესახებ“.
  7. დეკანოზ დავითის (ქვლივიძე) ქადაგება, „ახალი წელი და საეკლესიო კალენდარი“, 29 აგვისტო, 2011.
  8. დეკანოზ ბიძინას (გუნია) ქადაგება ძველი და ახალი სტილის კალენდრების შესახებ.
  9. გალილეის ფარდობითობის პრინციპის მიხედვით, სხეულის სიჩქარე და მდებარეობა ყოველთვის განიხილება რომელიმე ათვლის სისტემის მიმართ. მაგალითად თუ ერთი სხეული ჩანს ერთი ათვლის სისტემის სათავიდან 5 მეტრ მანძილზე, ხოლო მეორე ათვლის სისტემის სათავიდან – 20 მეტრ მანძილზე, უაზროა იმის თქმა თუ რომელი გაზომვაა უფრო სწორი. ორივე შედეგი სწორია, უბრალოდ ერთი შედეგი ერთ ათვლის სისტემას ეხება, ხოლო მეორე – მეორეს.
  10. იულიუსის კალენდარი ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში ჩამორჩენას განიცდის იმდენად სწრაფად, რომ ყოველ 128 წელიწადში ცდომილება უტოლდება ერთ დღეღამეს, მაშინ როცა გრიგოლის კალენდარში იგივე ცდომილება გროვდება დაახლოებით 3300 წელიწადში, ხოლო ე.წ. შესწორებულ იულიუსის კალენდარში – 45000 წელიწადში.
Print Friendly

Comments are closed.