სნეულთა მოვლის შესახებ

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
„როდესაც ჩვენ ავადმყოფობის ჟამს უარს ვეუბნებით დახმარებაზე სხვას, ამით მათ უდიდეს ბედნიერებას ვაშორებთ“ 
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა 
დავით ხოსიტაშვილმა 

ფოტოზე აღბეჭდილია ფრესკა წმ. ანთიმოზ ივერიელის კარიბჭიდან, რომელიც ასახავს სახარებისეულ სიუჟეტს:  
“უძლურ ვიყავ… და არა მოხუედით ჩემდა”  (მათე 25:43)

ვფიქრობ, რომ ავადმყოფობა და ტანჯვა ღვთისგან იმიტომ გვეძლევა, რათა გავთავისუფლდეთ სიცოცხლეზე მიჯაჭვულობისგან, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას უფრო გახსნილად და იმედით ვუცქიროთ მომავალს. ყველაფერი სრულყოფილი რომ ყოფილიყო, ჩვენ არ გვეყოფოდა ძალა მოვცილებოდით ამ სრულყოფილებას. მაგრამ ის სრულყოფილება რომელიც გვაქვს მიწაზე, მეტად შორსაა იმ სისრულისგან, რომელიც ღვთისგან შეგვიძლია მივიღოთ. 
და მე მგონია, რომ ხალხს, რომლებიც დიდი ხანი ავადმყოფობენ, უნდა დავეხმაროთ ორ რამეში. უპირველეს ყოვლისა, იმაში, რაც ეხლახანს ვთქვი – დავეხმაროთ გაცნობიერებაში: მე ღმერთი ეხლა ტყვეობიდან მათავისუფლებს, მაძლევს საშუალებას არ მივეჯაჭვო სიცოცხლეს, რომელიც ასეთი მტანჯველი და მტკივნეულია, მაძლევს საშუალებას გავიხედო სხვა მხარეს – იქით, სადაც აღარასოდეს იქნება ტკივილი, ტანჯვა, შიში, სადაც განიხვნება კარი და პირდაპირ ჩვენი მხსნელის – ქრისტეს წინაშე აღმოვჩნდები, რომელმაც თავად გაიარა ეს ყველაფერი.

ქრისტე ხომ თავისი კეთილი ნებით შემოვიდა ცხოვრებაში, სადაც ბატონობს სიკვდილი, ტანჯვა და დაკარგვა ღვთისა. და სიკვდილის გზით, იტვირთა რა ჩვენი კაცობრივი ბუნება და მოკვდავობა, დაუბრუნდა ღვთაებრივი მარადისობის სამყოფელს; ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გვათავისუფლებს ყველაფერ იმისგან, რაც ტყვეებად, მონებად გვაქცევს.

და მეორე (ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია): როდესაც ჩვენ მძიმედ ავად ვართ, ან ვუახლოვდებით სიკვდილს, ახლობლები ზრუნავენ ჩვენზე და ხშირად ავადმყოფს სულს უმძიმებს ის ფაქტი, რომ მათ ტვირთად აწევს. აი, სწორედ ამაში უნდა გადავარწმუნოთ იგი. ის სულაც არ გამხდარა ზედმეტი ტვირთი და ამით ბედნიერებას ანიჭებს ხალხს, აძლევს რა მათ საშუალებას თავიანთი სიყვარული და ადამიანობა გამოხატონ, იყონ მათი მეგზურები უსასრულობისკენ, მათი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში. ავადმყოფები უნდა დავარწმუნოთ, რომ სანამ ისინი იყვნენ ჯანმრთელები და ძლიერები, თავად ზრუნავდნენ სხვებზე, ეხმარებოდნენ მათ, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ავადმყოფობის ჟამს, არამედ უბრალოდ, ცხორებაში; ახლა კი მათ შეუძლიათ ამ ხალხისგან მიიღონ ის სიყვარული, რომელიც თავად დათესეს მათ სულებში და მისცეს საშუალება მათაც გამოხატონ  სიყვარული და მადლიერება. როდესაც ჩვენ ავადმყოფობის ჟამს უარს ვამბობთ სხვათა დახმარებაზე, ამით მათ უდიდეს ბედნიერებას ვაცილებთ – ბოლომდე გამოხატონ სიყვარული. არ არის აუცილებელი, რომ ისინი ჩვენი ახლობლები იყვნენ; ეს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს.
ვფიქრობ, რომ ის, ვინც ზრუნავს მომაკვდავზე, შეიძლება აღიქვამდეს იმას, რასაც განიცდის ეს ადამიანი. უბრალოდ იჯდეს მის გვერდით, არ შეიტანოს არაფერი, არამედ, უბრალოდ, იყოს გამჭვირვალე, მდუმარე, რაც შეიძლება ღრმა და მაშინ შესაძლებელია აღმოაჩინოს თუ რამდენად ბრმაა იგი მარადისობის მიმართ, თითქოსდა ჩაკეტილი მარადისობისგან თავისი ხორცით, სხეულებრიობით, ადამიანობით. თანდათანობით ყოველივე ეს გამჭვირვალე ხდება და მომაკვდავი სხვა სამყაროს ხილვას იწყებს. ვფიქრობ, თავდაპირველად ის ბნელ სამყაროს ხედავს, შემდეგ კი მეყსეულად – მარადისობის ნათელს. მე განვიცადე ეს ერთხელ: მთხოვეს ერთ მოხუც ქალთან ვმჯდარიყავი სანამ გარდაიცვლებოდა. მკაფიოდ ჩანდა თუ როგორ სცილდებოდა იგი დროებით, სხეულებრივ, საზოგადოებრივ ცხოვრებას (მეტად ჩაფლული იყო ამქვეყნიურ ცხოვრებაში: 98 წლის იყო და საწოლს მიჯაჭვული თავის კომერციულ დაწესებულებებს მართავდა). შემდეგ კი თანდათან განერიდა ამას და უცებ მან იხილა შავბნელი, ეშმაკეული სამყარო და ამ წყვდიადში შეიჭრა ღვთის ნათელი – და მთელი ეს ეშმაკეული სამყარო დაიმსხვრა და ის მარადისობაში შევიდა. მე არ შემიძლია ამის დავიწყება; მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი, სამედიცინო ფაკულტეტის პირველი თუ მეორე კურსის სტუდენტი და ეს სამუდამოდ ჩამრჩა. 
ამიტომაც, ის ახალგაზრდები, რომლებიც უვლიან ავადმყოფებს, გარდა იმისა, რომ აძლევენ მათ საშუალებას მადლიერებით და გულღიად მიიღონ სიყვარული, რომელიც ეძლევათ (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია), აგრეთვე შეუძლიათ ისხდნენ მათთან ერთად, როდესაც ავადმყოფს უკვე აღარ ძალუძს გამოთქვას რას გრძნობს ან რას ფიქრობს, მაგრამ იცის რომ სწორედ იმ დროს ხორციელდება გადასვლა და ამ გადასვლის მომენტში იყოს მის გვერდით. 
ლონდონი, 2000 წლის 8 ივნისი                                        



Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *