სწავლებანი ვნების შვიდეულზე

   წმიდა თეოდორე სტუდიელი 
– სწავლებანი ვნების შვიდეულზე

–ვნების კვირის ორშაბათის სწავლება სიმდაბლისა და მოთმინებისათვის

ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!“ შეიკრიბა ერი და ბოროტი განიზრახა მეუფისათვის, მზაკვარი იუდა უარყოფს სახიერ მოძღვარს და ცრუ ამბორის-ყოფით გასცემს მას. შეკრულს მიიყვანენ და სიცრუის სამსჯავროზე წარადგენენ უფალს. განკიცხავენ და შეასმენენ, ის კი მიუგებს, თანაც რაოდენ საშინელი სასმენელია ეს მიგება! – სულგრძელებით აიტანს მონისაგან ყვრიმალში ცემას და ეტყვის: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამე ბოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?“ და შემდეგ განიკითხავენ, განბასრავენ, შეურაცხყოფენ, აყუედრებენ, შეანერწყვავენ და ჯვარზე გააკრავენ! მაგრამ მიმსჭვალულიც კი მტერთათვის ილოცებს: „მამაო, მიუტევე ამათ ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“ ბოლოს ნაღველის გემოსაც იხილავს და თავს იდებს სიკვდილს! ეს ყოველივეა ვნებანი მეუფისა, რომელიც ჩვენთვის შეიმთხვია. ისინი, ვინც გულისხმისყოფით ისმენენ, არ განრისხდებიან, არც გალანძღავენ და ძმაზე არ ამაღლდებიან; არ იქნებიან მოშურნენი და დიდების მოყვარულნი, არამედ თავს დაიმდაბლებენ, შეიმუსრავენ, მიწითა და ნაცრით შეურაცხყოფენ და ისურვებენ, გაიზიარონ ქრისტეს ვნებანი და სიკვდილი. იჩქარებენ, რათა მისი აღდგომის დიდება შეიგრძნონ. თქვენც ნუ გეშინიათ, შვილნო. მართალია, თქვენც ეზიარეთ და კვლავაც ეზიარებით ქრისტესთვის ვნებებს, მაგრამ იხილეთ კი, სად ხართ, თქვენც რომ იდევნებით? მისი სიტყვისა და მცნებისათვის განა ნაკლები სისხლი დაღვარეთ და მცირედი პყრობილება გადაიტანეთ, ვიდრე რამოდენიმე ძმამ, რომელიც მოწამეობრივ ტანჯვაში აღესრულა და უფალთან წავიდა? ეს ყოველივე უკვე უფლისმიერი სიქადული და მისგან ბოძებული ნიჭია! და რადგან დასაწყისიდან ვიდრე აღსასრულამდე კაცის ნეტარება არაა მტკიცე, სწრაფად ცვალებადი და ადვილად მერყევია, და არც ის ვიცით, თუ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, გევედრებით, შეურყვევლად და შეუცვლელად, განუყოფლად იდექით უფალთან; ამგვარი გონებით თანამოღვაწენი გავხდეთ სახარების ჭეშმარიტებისა და ნუ მოგვინადირებს რაიმე წინააღმდეგობა და ნუ დაგვცემს დაბრკოლებანი, პირიქით, ყველას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ღვთისმსახურის მორჩილებით, სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელებითა და ჭირთა თმენით, რადგან ღვთის ნების აღსრულებისათვის ძლიერი მოთმინება გვმართებს. ახლოა დღე უფლის მოსვლისა, მომავალი ერთ წუთში მოვა და არ დააყოვნებს! ხოლო ჩვენ რად უნდა გვეწყინოს მისი მოსვლა? განა არ გვირჩევნია ჭირთა შინა სიკვდილი მეუფისათვის? რადგან დაწერილია: „უკუეთუ მისთანა მოვჰსწყდეთ, მისთანაცა ვსცხონდეთ; უკუეთუ დავითმინოთ, მისთანა ვჰსუფევდეთ; უკუეთუ უვარ ვჰყვნეთ, მანცა უვარ მყუნეს ჩუენ; უკუეთუ ურწმუნო ვიქმნეთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს და უვარყოფად თავისა თვისისა ვერ ძალუძს“. რაოდენი სიხარულით აღივსებიან წმიდანნი, როდესაც იხილავენ ანგელოზებთან ერთად მომავალ უფალს მთელი თავისი ძლიერებით; გამოუთქმელი სიხარულით მოუწოდებენ, გვირგვინს უბოძებენ და უკუნისამდე შეერთვებიან მათ! ხოლო უფლის მცნების ურჩთ და სახარების შეურაცხმყოფელთ ფრიადი სატანჯველი შეემთხვათ – წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც უფალი მოვა დიდებითა და ყოველთა მოწმუნეთა გასაკვირად, ისინი დაისჯებიან, საუკუნოდ მოისვრებიან ღვთისაგან. ეს ყოველივე განვიცადოთ ძმანო, გულისხმავყოთ, კიდევ უფრო განვიწმიდოთ თავები ხორცისა და სულის შეგინებისაგან და ვაკეთოთ სიწმიდე ღვთის შიშით! გვსურდეს უმჯობესი; განვეშოროთ ბოროტს და შევერთოთ ძმათმოყვარების სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ნუ ვიქნებით მცონარენი – სულით მდუღარენი ვმონებდეთ უფალს, ვსასოებდეთ, დავითმინოთ ჭირი და მოკრძალებით ვილოცოთ, რათა ასეთი გულმოდგინებით ვიდღესასწაულოთ მოახლოებული აღდგომა და ღირსნი გავხდეთ, მივემთხვიოთ საუკუნო შვებას კეთილისა, ბოძებულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,  ამინ! -გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 15 (222), 2003 წ 

–ვნების კვირის სამშაბათის სწავლება სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ

–სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ძვირფასო დებო და ძმებო, უფალი თავისი განსაცდელის მოახლოების ჟამს უფრო განცხადებულად საუბრობდა თავის მოწაფეებთან. „არღარა გეტყვი თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იციან, რასა იქმნ უფალი მისი, ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (იოან. 15, 15) – ეუბნებოდა მაცხოვარი მოციქულებს. ამჯერად დაფარულად კი არა, უკვე განსაკუთრებული სიცხადით აუწყებდა მომავალი ვნების შესახებ, რათა ამგვარად შეემზადებინა მოციქულნი თავისი წამებისათვის: „უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარცუმად“ (მათე 26, 6). როდესაც უფალმა დაინახა, რომ მოციქულები მწუხარებამ მოიცვა, გამხნევება დაუწყო და დაჰპირდა, რომ არ მიატოვებდა მათ. უფალმა მოწაფეებს განუცხადა თავისი მომავალი ვნების ამბავი. „მოიხსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელი გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნენ, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა, რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა“ (იოან. 15, 20, 18 და 19). და კვლავ, როდესაც დამწუხრებულები ნახა ისინი მაცხოვარმა, გაამხნევა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ, ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (შეად. იოან, 16, 33, 14, 16. მათე 28, 20. იოანე 14, 27). უფალმა სთხოვა თავის მოწაფეებს, რომ მასთან ყოფილიყვნენ და მისი მცნებები შეესრულებინათ, რამეთუ ამის გარეშე არ შეეძლოთ რაიმეს ქმნა: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაიცა გინდეს, ითხოვდეთ, და გეყოს თქუენ. მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. კუალად მოვიდე“ (იოან. 15, 4, 7; 14, 2, 3). მაცხოვარმა მოციქულები დაამშვიდა, იმ შეგნებით, რომ მწუხარებას სიხარული მოსდევს და მომავალ სამეფოში ჯილოდ ელით. მოწაფეებს აინტერესებდათ, თუ როგორი იქნებოდა უფლის მეორედ მოსვლა დედამიწაზე, ამიტომ გამოუცხადა მან ღვთაებრივი ჭეშმარიტება: ის, რომ უფალი დიდებით მოვა ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად და ყველას, ვისაც სწამს მისი, თავის სამეუფოს მიამთხვევს, ხოლო ურწმუნოებს, განდგომილებსა და მოუნანიებლად გარდაცვლილებს მარადიული ტანჯვისთვის გაასამართლებს. „ოდეს იყოს ესე?“ (მათე 24, 3) – ჰკითხეს მოწაფეებმა. მაცხოვარმა უპასუხა, რომ „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მათე 24, 36). მაშასადამე, წმიდა წერილი ღრმად ინახავს საიდუმლოს და მისი მეორედ მოსვლის ზუსტ დროს არ გვამცნობს, რათა ყოველთვის სიწმიდესა და უმანკოებაში შევინახოთ თავი და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. უფალმა გააფრთხილა მოწაფეები: „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. და ვითარცა იგი იყო დღეთა მას ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებოდეს, ვიდრე დღემდე შესვლად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით რღუნაჲ და წარწყმინდა ყოველნი. ესრეთ იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (მათე 24, 42. ლუკა 17, 26 და 27, 30. მათე 25, 13). უფლის ეს გაფრთხილება ახლა უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს, ვიდრე ოდესმე, რამეთუ აწ უფრო მეტია სული მთვლემარე და მიძინებული. სულიერი ძილი ორგანიზმის განსამტკიცებლად აუცილებელი ძილი არაა, პირიქით, იგია ძილი არაჯანმრთელი და ავადმყოფური, ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, სინამდვილეში კი ღმერთი და მომავალი, მარადიული, ცხოვრება ავიწყდება. იმისათვის, რომ საშიშროების გრძნობა, სიფხიზლის აუცილებლობა ღრმად ჩავინერგოთ და ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ, უფალმა მოგვითხრო იგავი ათ ქალწულზე, რომელიც დღევანდელი სახარების კითხვისას მოვისმინეთ. „მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი, ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩვენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისათანა ქორწილსა მას და დაეხშა კარი. შემდგომად მისა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (მათე 25, 1-13). ეს იგავი გვასწავლის იმას, რომ რწმენის მიღებას თან ღვთის სათნო საქმენი უნდა მივაყოლოთ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენი სულიერი ცხოვრების სრულყოფას. უგუნურმა ქალწულებმა, რომლებიც სიძის შესახვედრად გამოვიდნენ, ლაპმრებისთვის ზეთი არ მოიმზადეს, ბრძენნი კი ლამპრებთან ერთად ზეთითაც აღიჭურვნენ, რათა თავიანთ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. ასევეა ჩვენი ცხოვრებაც. მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ამისთვის კი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ვიზრუნოთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, შევიძინოთ ღმრთის სიყვარული და რწმენა – შემდგომ სიყვარული მოყვასისა. ამ სოფლის საზრუნავი ბინდავს ყველაზე არსებით საზრუნავს და ჩვენი ცხოვრების მიზანს – სულის ქრისტეს შუქით განათებას, მის ცხონებასა და მარადიული სასუფევლის მომზადებას. უნდა ვიფხიზლოთ, რათა ზეციურ სასუფეველში ბრძენ ქალწულებთან ერთად შევიდეთ და უფლის მარადიული წყალობა მივიღოთ. ამინ. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 15 (222), 2003 წ.   -წყარო: http://www.orthodoxy.ge

Print Friendly

Comments are closed.