„უფლებადამცველთა“ უპასუხისმგებლობა

306676_10151021317726839_313604543_n

ავტორი: არჩილ მეტრეველი

სათაურში მოცემული სიტყვათშეთანხმება თავისთავად წარმოადგენს თემასაც და თემის მიმართ დამოკიდებულებასაც. თუკი უფლებას პასუხისმგებლობის გარეშე გავიაზრებთ მივიღებთ აგრესიულ ეგოიზმს, რაც სხვათა უფლებების აღიარებს გამორიცხავს, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვათა უფლებების საკუთართან გათანაბრებას მაინც. უფლება, თავისთავად, ისეთი ფენომენია, რომელიც ან უნივერსალური შინაარსით არსებობს, ან საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, თუ „სხვისი უფლება“ არ არსებობს, არ არსებობს არც „საკუთარი უფლება“.

უფლების უნივერსალურობის გააზრება მისი უპირობო, საყოველთაო და თანასწორი აღიარებისკენ გვიბიძგებს. უფლებისა და პასუხისმგებლობის თანაბარი განცდა შობს ფართო და მრავალფეროვან სივრცეს, სადაც ადგილი „ყველასთვის“ მოიპოვება. ამ სივრცის არსი გამოიხატება მის წევრთა განწყობაში – არ დაისაკუთრონ ის მთლიანად, ანუ დატოვონ ადგილი „სხვებისთვისაც“. ეს განწყობა უფლების ფენომენის გულწრფელი გაცნობიერებისა და განცდის შედეგია და სხვაგვარად ვერ მიიღწევა.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული, რომ დანარჩენ ადამიანებს არ ესმით საკუთარი რელიგიური უფლებები. მათ საკმაოდ კეთილშობილური სახელი – „რელიგიური უფლებების დამცველები“ ქვიათ. ცხადია, პიროვნებების შეფასება ჩვენი მიზანი არ არის, რადგან გვსურს არა პერსონებზე, არამედ პრობლემებზე ვიმსჯელოთ. ამდენად, ყოველგვარი პიროვნული იდენტიფიცირების გარეშე, მათ კრებსითად „უფლებადამცველებად“ მოვიხსენიებთ.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები რელიგიური უფლებების დაცვის პარალალურად, და ძირითადად, ამ უფლებების არცთუ კეთილსინდისიერი ინტერპრეტირებით არიან დაკავებულები. ამ არასწორი მიდგომის უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც ყველა სხვა სიმახინჯეს წარმოშობს, ხსენებული „ფართო და მრავალფეროვანი სივრცის“ უგულბელყოფა, უფრო კონკრეტულად კი – „მრავალფეროვნების“ მოშლაა. ეს მჟღავნდება მათი კრიტიკის ფორმაში, რაც გულისხმობს: აკრიტიკებდე ყველას და ყველაფერს, ისე, რომ ამ კრიტიკაში სხვათათვის ადგილს არ ტოვებდე, აძევებდე უფლებების საერთო სივრციდან და ცდილობდე ამ სივრცის სრულ დაუფლებას. ეს არის უფლებადამცველების უმთავრესი უპასუხისმგებლობა – მიზანმიმართულად აკრიტიკებდე ოპონენტს მის სრულ დემონიზირებამდე, სანამ ის შენს მიერ ინტერპრეტირებული უფლებების საერთო სივრცის მიღმა არ აღმოჩნდება.

ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ნახსენები „ყველა და ყველაფერი“, „სხვა“ და „ოპონენტი“,  ძირითადად, ერთიანდება კონკრეტულ სუბიექტში – საქართველოს მართლმადიდბელ ეკლესიაში.

ის, რის შესახებაც ვაპირებ საუბარს, რამდენიმე თვის წინ სოფელ ნიგვზიანსა და სოფელ წინწყაროში მომხდარს უკავშირდება. შესაძლოა ეს გამოხმაურება დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ რაკი პრობლემა გრძელდება, ვფიქრობ რეალობიდან აცდენილი მაინც არ ვიქნები. პრობლემაში არ ვგულისხმობ რელიგიურ დაპირისპირებებს, არამედ ქართველი რელიგიური უფლებების დამცველთა უპასუხისმგებლობას.

ხსენებული უმთავრესის შემდეგ, უფლებადამცველთა უპასუხისმგებლობის კონკრეტული გამოვლიბებები შემდეგია:

ხელმძღვანელობდე პირადი დამოკიდებულებით, როგორც უნივერსალურით. უმეტეს შემთხვევაში, ეს პირადი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან კონკრეტულად საპატრიარქოს მიმართ ანტიპატიური დამოკიდებულება. თავისთავად, ამაში კონკრეტული პიროვნებების გამტყუნება მართებული არ იქნება. უნდა ვაღიაროთ, რომ განაწყენების მიზეზს შესაძლოა განაწყენების ობიექტი იძლეოდეს. ამდენად, მათი პირადი განცდები სავსებით ბუნებრივია, თუმცა, მათით ხელმძღვანელობა – დაუშვებელი. ნიგვზიანსა და წინწყაროში განვითარებული მოვლენების დროს, ცხადად გამოჩნდა, რომ საკუთარი ინიციატივით თუ სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში, ადგილზე მივლინებული უფლებადამცველები არ უსმენდნენ მართლმადიდბელი მოსახლეობის პოზიციას, არამედ, მდგომარეობას ოდენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოსადმი საკუთარი ანტიპატიური  დამოკიდებულებიდან გამომდინარე აფასებდნენ.

მსგავსი დამოკიდებულება, თავის მხრივ, წარმოშობს სხვა სიმახინჯეს – ცალმხრივობას. ეს ვლინდება, როგორც პრობლემის, ასევე მხარეთა მიმართ. წინწყაროელი მართლმადიდებლი მოსახლეობა უთანხმოების საწყისად სასაფლაოს კარებდან ჯვრების მოჭრას ასახელებდა, რაც „უფლებადამცველთა“ მხრიდან საერთოდ გამოირიცხა, როგორც რეაგირების საფუძველი. ამგვარი დამოკიდებულებით კონფლიქტის ერთი მხარე და შესაბამისად, მისი უფლებები, მთლიანად უფლებების საერთო სივრცის მიღმა აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, „უფლებადამცველებმა“ კონფლიქტში პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ მართლმადიდებელ მოსახლეობას დააკისრეს, ხოლო მუსლიმი მოსახლეობა, სასაფლაოს კარებდან ჯვრების მოჭრის ფაქტის უგულვებელყოფით, მთლიანად გაანთავისუფლეს ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან. შესაბამისად, „უფლებადამცველთა“ უპასუხისმგებლობის წყალობით არსებული კონფლიქტი წარმოჩინდა, როგორც პრობლემა, რომელთან დაკავშირებული უფლებების საერთო სივრცეში ერთ მხარეს მხოლოდ უფლებები და არანაირი პასუხისმგებლობა, მეორე მხარეს კი მხოლოდ პასუხისმგებლობა და არანაირი უფლებები არ გააჩნდა.

ქართველი „რელიგიური უფლებების დამცველთა“ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს პოლიტიკური მოტივირებულობა. რელიგიური გრძნობები, როგორც განსაკუთრებით ფაქიზი ფენომენი, უკიდურესად ფრთხილ მიდგომებს ითხოვს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი რელიგიის ცნების განმარტებას არ იძლევა, რითაც გამოხატავს კაცობრიობის სამართალშეგნებას – რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს რელიგიური უფლებების რეგულირებაში. ამ ფონზე, როდესაც ლიბერალური სახელმწიფო და სამართალი სულ უფრო უკან იხევს რელიგიური უფლებების რეგულირებისას, ამ უკანასკნელთან სახელმწიფო პოლიტიკის მიბმა გაუგონარ სიმახინჯეს წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, ქართველი „უფლებადამცველები“ არ მალავენ პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპატიებს და როგორც ზემოთ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან მათი დამოკიდებულების კონტექსტში უკვე ვთქვით, თუკი პირადი სიმპატიები, თავისთავად, ბუნებრივი და მისაღებია, მათით ხელმძღვანელობა რელიგიური უფლებების დაცვისას დაუშვებელია. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ტაძრების საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში „უფლებადამცველთა“ პოლიტიკური პოზიცია. ცხადზე უცხადესია, რომ ტაძრების ჩამორთმევა და დაბრუნება უშუალოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროა. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სახელმწიფოს ის პოლიტიკური ძალა მართავდა, რომლის მიმართაც მათი ერთგულება უკიდურესია, ისინი მოცემულ პრობლემაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ოდნავადაც არ ეხებოდნენ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მართვას ახალი, მათგან, ასევე უკიდურესად მოძულებული, პოლიტიკური ძალა შეუდგა და სულ მალევე სომხური ტაძრების რესტავრაციის საშური საქმის ორგანიზების ინიციატივითაც გამოვიდა, მათ ვერ შეძლეს დაეძლიათ საკუთარი პოლიტიკური მოტივირებულობა და ეს ნაბიჯი, რელიგიური უფლებების სახელით დადებითად შეეფასებინათ. ეს მცირე მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ უსპობს ადამიანს ზედმეტი პოლიტიკური მოტივირებულობა სამართლიანობისა და გულწრფელობის გრძნობას.

პოლიტიკური მოტივირებულობა გადაჯაჭვულია ისეთ საკითხთან, როგორიცაა რელიგიური უფლებების რეგულირებაში სახელმწიფოს როლის გაგება. ზემოთ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ თანამედროვე ლიბერალური აზრის შესახებ, რომელიც რელიგიური უფლებებიდან სახელმწიფოს და კანონის მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობს. ამ მიდგომის უცოდინრობა, ან შერჩევითად გაზიარება იწვევს უპასუხისმგებლო მოქმედებებს, რომელიც ნიგვზიანისა და წინწყაროს კონფლიქტებს სდევდა თან, კერძოდ, „უფლებდამცველები“ კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ პრობლემაში სახელმწიფოს მკაცრ ჩარევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას – პრობლემა უშუალოდ მხარეთა შეთანხმებით მოგვარებულიყო, სასტიკად გმობდნენ.

როგორც უკვე ვქვით, რელიგიური უფლებები უკიდურესად მგრძნობიარე ფენომენია. თუკი ადამიანი სხვა უფლებებს საკუთარი პიროვნების გამოხატვისა და რეალიზების საშუალებად აღიქვამს, რელიგიურ მრწამსსა და გრძნობებს – უშუალოდ საკუთარ პიროვნებასთან, საკუთარ იდენტობასთან აიგივებს. შესაბამისად, ამ სივრცეში სახელმწიფოს იმპერატიული შეჭრა სულ მცირე უშედეგოა. ამ მიდგომის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორედ სახელმწიფოს მიერ შერჩეული პასიური ჩარევის პოლიტიკით გახდა შესაძლებელი.

და ბოლოს, უპასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური დავის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტის გაუთვალისწინებლობასთან, კერძოდ, ისლამის მიმართ არამუსლიმთა დამოკიდებულებასთან. საქართველოს ისტორიულ წარსულში, რომელიც ქართველ მართლმადიდებელთა გენეტიკური მახსოვრობის განუყოფელი ნაწილია, ისლამი, ძირითადად, ყველაფერ ქართულთან და ქრისტიანულთან დაპირისპირებულ მოვლენად არის შემორჩენილი. საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ქართველთა ნებაყოფლობით გამუსლიმანების გამოცდილება, ის ყოველთვის ძალადობასთან იყო დაკავშირებული. რა თქმა უნდა, დღეს ამ დამოკიდებულებით ურთიერთობა დამღუპველია, მაგრამ მისი გაუთვალისწინებლობაც არანაკლებ საფრთხეს შიცავს. შესაბამისად, როდესაც დავის ერთი მხარე – მართლმადიდებელი მოსახლეობა, ისტორიული მახსოვრობიდან გამომდინარე, მეჩეთის მშენებლობას საფრთხედ აღიქვამს და ამას მტკივნეულად განიცდის, ქართველი „უფლებადამცველები“ ნაცვლად იმისა, რომ მუსლიმ მოსახლეობასთან ერთად, ისლამის ხელახალ გაცნობას უწყობდნენ ხელს, მეორე მხარეს ისტორიის დავიწყებისკენ მოუწოდებენ.

ამ მხრივ გაუგებარია, თავად საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის პასიურობა. დღეს ისლამი მთელი ევროპისთვის იმდენად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომ ევროპელი მუსლიმები ცდილობენ ხელახლა გააცნონ ის ევროპას. ამ ფაქტის აღიარებით, 2006 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინის მთავარმა მუფთმა მუსტაფა ცერიკმა გამოაქვეყნა „ევროპელ მუსულმანთა დეკლარაცია“, სადაც ევროპელ და არაევროპელ მუსლიმებს ახალ რეალობაში საკუთარი პასუხისმგებლობის აღებისა და დასავლეთისთვის ისლამის, როგორც მშვიდობიანი რელიგიის წარდგენისკენ მოუწოდებს. სწორედ ეს არის მართებული და აუცილებელი გზა ქართველი მუსლიმებისთვის, რომლისკენაც პასუხისმგებლობის მქონე „უფლებადამცველები“ უნდა მოუწოდებდნენ. თუკი მუსლიმი მოსახლეობა არ აირჩევს ამ გზას, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მრავალმხრივ და აქტიურ ჩართვას გულისხმობს, საქართველოს ქრისტიანი მოსახლეობის მახსოვრობაში ისლამი კიდევ დიდხანს დარჩება მხოლოდ უარყოფითი განცდების წყაროდ და „უფლებადამცველების“ კატეგორიული მოწოდებები წარულის ცალმხრივი დავიწყებისკენ, გაღიზიანებისა და დაძაბულობის გარდა სხვა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

ეს არის მოკლე, აღწერა იმ უპასუხისმგებლო მოღვაწოებისა, რასაც ქართველი „რელიგიური უფლებების დამცველები“ ეწევიან. მათი არაკომპეტენტურობა, ცაალმხრივობა და პოლიტიკური მოტივირებულობა, რელიგიური უფლებების განხორციელებისთვის ხელისშემშლელი დაბრკოლებაა და ამ უკანასკნელის ადექვატურ გააზრებასთან საერთო არაფერი აქვს.

Print Friendly

Comments are closed.