ფანატიზმის, მართლმორწმუნეობისა და ჭეშმარიტების შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი


სპეციალურად ბლოგისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა
თემა ფანატიზმის შესახებ, რომელიც ორთოდოქსალური* მოძღვრებების მიმდევრობასთანაა დაკავშირებული, მეტად აქტუალურია. ისტორია დინამიურია, მასში უდიდეს როლს ფსიქიური რეაქციების მონაცვლეობა თამაშობს. და ჩვენ ფეხს ვუწყობთ რიტმს, როდესაც ჭარბობს მიმართულბა იძულებითი ერთობისკენ. როდესაც ის სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისთვის. მიმართულება წესრიგისკენ, რომელიც ახშობს თავისუფლებას. ეს არის რეაქცია XIX საუკუნის წინააღმდეგ,მისი  თავისუფლების მოყვარეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ. გამომუშავდება შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის მასობრივი ფსიქოლოგია.ამასთან ერთად, ირღვევა წონასწორობა და ადამიანი საკუთარ თავს მანიაკალურ შეპყრობილობამდეც კი დაუშვებს. ინდივიდუალური ადამიანი ხდება კოლექტიური ფსიქოზების მსხვერპლი. ხდება ცნობიერების საშინელი შევიწყოება, მრავალი არსებითი ადამიანური თვისების – ადამიანის ემოციონალური თუ ინტელექტუალური ცხოვრების ჩახშობა და გამოძევება. როცა ერთობა მიიღწევა არა სისრულის, არამედ უფრო მეტად და მეტად შებღალვით. შეუწყნარებლობა უშუალო კავშირშია ეჭვიანობასთან. ეჭვიანობა ფსიქოზია, რომლის დროსაც რეალურობის განცდა იკარგება. სულიერი ცხოვრება ემხობა და ფიქსირდება ერთ წერტილზე, მაგრამ ის წერტილი რომელზეც ხდება ფიქსირება,სრულიად არა რეალურადაა აღქმული.

ადამიანი,რომელშიც შეუწყნარებლობამ გააფთრების ზღვარს მიაღწია. ფანატიზმი, მსგავსად ეჭვიანი არსებისა, ყველგან მხოლოდ ერთს ხედავს, ღალატს, გამცემლობას, ერთიანობის მიმართ ერთგულების დარღვევას,ის ეჭვიანი და უნდობია, ფეხის ყოველ ნაბიჯზე გამოაშკარავებს შეთქმულებებს, სანუკვარი იდეის, სიყვარულისა და რწმენის წინააღმდეგ. ძალიან ძნელია ეჭვიანი და ფანატიკურად შეუწყნარებელი ადამიანის მობრუნება რეალობისკენ. დევნილობის მანიით შეპყრობილი ფანატიკოსი თავის გარშემო მხოლოდ ეშმაკის ხრიკებს ხედავს, მაგრამ ის თავად სდევნის გამუდმებით, აწამებს და კლავს. დევნილობის მანიით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც მტრებისგან გარშემორტყმულად გრძნობს თავს, ძალიან საშიში არსებაა. ის ყოველთვის იქცევა მდევნელად და თუკი მას არ სდევნიან, თავად სდევნის სხვას. 
ფანატიკოსები,რომლებიც უდიდეს ბოროტმოქმედებებს, ძალადობას და სისასტიკეს სჩადიან, ყოველთვის ხიფათით გარშემორტყმულნი ჰგონიათ თავი, ყოველთვის განიცდიან შიშს. ადამიანი გამუდმებით სჩადისძალადობას შიშის გამო. შიშის აფექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფანატიზმთან და შეუწყნარებლობასთან.შიშსგან განკურნება იქნებოდა სწორედ კურნება ფანატიზმისა და შეუწყნარებლობისგან.  ფანატიკოსს ეშმაკი ყოველთვის უფრო საშინელი და ძლიერიჰგონია, მას მისი უფრო მეტად სწამს ვიდღე ღმერთის. ფანატიზმს რელიგიური საწყისი აქვს,მაგრამ ის იოლად გადადის ნაციონალურ და პოლიტიკურ სფეროში. ნაციონალურ ან პოლიტიკურფანატიკოსს ასევე სწამს ეშმაკის და მისი ხრიკების, თუნდაც სრულიად უცხო იყოს მისთვისეშმაკის რელიგიური საფუძველი. ეშმაკის წინააღმდეგ ყოველთვის იქმნება ინკვიზიცია ან საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი, ყოვლისშემძლე საიდუმლო პოლიცია ან „ჩეკა“. ეს საშინელი დაწესებულებები ყოველთვის ეშმაკის შიშით იქმნებოდა. მაგრამ ეშმაკი ყოველთვის აღმოჩნდებოდა უფრო ძლიერი, აღწევდა ამ ორგანიზაციებში და თავად მართავდა მათ. 
შიშზეუარესი არაფერია. ყველაზე მეტად შიშისგან ესაჭიროება ადამიანს სულიერი კურნეა. შეუწყნარებელი ფანატიკოსი ძალადობს, განკვეთს, სვამს ციხეში და სიკვდილით სჯის, მაგრამის არსებითად სუსტია და არა ძლიერი. ის დათრგუნულია შიშისგან და მისი ცნობიერება საშინლად დავიწროებულია. მას უფრო ნაკლებად სწამს ღმერთის, ვიდრე შემწყნარებელს. ამ გაგებით,შესაძლებელი იქნებოდა იმის თქმაც, რომ  ფანატიკურირწმენა რწმენის სისუსტეა, ურწმუნოებაა, ეს უარყოფითი რწმენაა. არქიმანდრიტ ფოტიოსს,რომელიც ალექსანდრე I ის დროს მოღვაწეობდა, იმგვარად სწამდა ეშმაკისა და ანტიქრისტესი,რომ ღვთის ძალა ეშმაკის ძალასთან შედარებით უმნიშვნელოდ მიაჩნდა. ინკვიზიციასაც ნაკლებადსწამს ქრისტიანული ჭეშმარიტების ძალისა, როგორც ГПУ – ს (აბრევიატურა – მთავარი პოლიტიკურიგანყოფილება ГПУ – главноеполитическое управление (რედაქტორის შენიშვნა))  ნაკლებადსწამს კომუნისტური ძალის ჭეშმარიტებისა. ფანატიკური შეუწყნარებლობა ადამიანის, მისიღვთის ხატებისადმი რწმენის არქონაა, ურწმუნოებაა ჭეშმარიტების ძალის მიმართ, და ბოლო-ბოლოღვთის მიმართ რწმენის არქონაა. არც ლენინს სწამდა ადამიანისა და ჭეშმარიტების ძალისა, ისევე როგორც პობედანოსცევს (წმინდასინოდის ობერპროკურორი 1980-1905 მთარგმ. შენიშვ.) : ისინი ერთი რასის წარმომადგენლები არიან.  ადამიანი, რომელიცდაუშვებს თავს მსოფლიო  საფრთხისა და მასონების,ებრაელების, იეზუიტების, ბოლშევიკებისა თუ მკვლელთა ოკულტურ საზოგადოებების  შეთქმულების იდეით შეპყრობილობამდე, აღარ ექნება ღვთის ძალისა და ჭეშმარიტების მიმართ რწმენა და მხოლოდ საკუთარ ძალას, სისასტიკეს და მკვლელობებს დაეყრდნობა. ასეთი ადამიანი, თავისი არსით, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიტიკის დაკვირვების საგნად იქცევა. 
ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ შიშით ჩანერგილი მანიაკალური იდეაა. დღესდღეობით ფანატიზმი, საყოველთაოდ აუცილებელი მართლმორწმუნებრივი ჭეშმარიტების პათოსი, გამოხატულებას ფაშიზმში, კომუნიზმში, რელიგიური დოგმატიზმის უკიდურეს ფორმებში და ტრადიციონალიზმში პოულობენ. ფანატიზმი ყოველთვის ჰყოფს მსოფლიოსა და კაცობრიობას ორ ნაწილად, ორ მტრულ ბანაკად. ეს სამხედრო დაყოფაა. ფანატიზმი არ უშვებს მრავალფეროვანი იდეებისა და სამყაროს ჭვრეტის არსებობას. არსებობს მხოლოდ მტერი. მტრული ძალები უნიფიცირდება და ერთიან მტრულ ბანაკად ისახება.ეს წააგავს  ადამიანს, რომელიც ყოფს საკუთართავს არა მე-დ და სხვა მრავალ მე-დ, არამედ მე-დ და არა მე-დ, თან არა-მე ერთ არსებად წარმოუდგენია. ეს საშინელი გამარტივება ბრძოლას აიოლებს. 
კომუნისტებისთვის დღეს მხოლოდ ერთი მტერი არსებობს მსოფლიოში – ფაშიზმი. კომუნიზმის ყოველი მტერი, შესაბამისად, უკვე ფაშისტია. და პირიქით.ფაშისტებისთვის ყოველი მოწინააღმდეგე – კომუნისტია. ამასთან, ფაშისტთა და კომუნისტთა რიცხვი უზომოდ იზრდება. ხალხი კომუნიზმისადმი მტრულად განწყობის გამო ფაშისტთა მხარეს იჭერს, ხოლო ფაშიზმისადმი მტრულად განწყობის გამო – კომუნიზმის მხარეს. ერთობა ხორციელდება ეშმაკის წინააღმდეგ მიმართებაშიც, რომელიც სამყაროს მეორე ნახევარია.  თქვენ გთავაზობენ უაზრო არჩევანს კომუნიზმსა და ფაშიზმს შორის. გაურკვეველია, რატომ უნდა მიხდებოდეს ორ ძალას შორის არჩევანის გაკეთება,რომლებიც ერთნაირად უარყოფენ ადამიანთა პიროვნულ ღირსებასა და სულიერ თავისუფლებას,რომლებიც ერთნაირად იყენებენ ბრძოლის მეთოდებად ტყუილსა და ძალადობას. ნათელია, რომ მე რომელიმე მესამე ძალის მხარე უნდა დავიჭირო: სწორედ ასე იქცევა მიმართულებები, Esprit და La Fleche, რომლებიც ერთნაირად მტრულად არიან განწყობილნი როგორც კომუნიზმის, ასევე ფაშიზმისადმი. ფანატიკური შეუწყნარებლობა ყოველთვის აყენებს მცდარი არჩევანის წინაშე და მცდარად განყოფს. მაგრამ საინტერესოა ის, რომ ფანატიკური შეუწყნარებლობის პათოსი ჩვენს დროში არა მგზნებარე რწმენისა და თავდაჯერებლობის შედეგია, არამედ ხელოვნურად გაღიზიანებისა და ხშირ შემთხვევაში სტილიზაციისა, რომელიც არის კიდეც კოლექტიური შთაგონებისა და დემაგოგიის წარმოშობის წყარო. რა თქმა უნდა, არსებობენ ცალკეული კომუნისტები და ფაშისტები, მორწმუნენი და ფანატიზმამდე მტკიცედ მდგომნი, განსაკუთრებით რუს კომუნისტებსა და გერმანელ ნაცისტებს შორის, უფრო ნაკლებად იტალიელ ფაშისტებში, რომლებიც უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი და აწონ-დაწონილ პოლიტიკას  ექვემდებარებიან. მაგრამ კომუნისტურ თუ ფაშისტურ მასას არანაირი მყარი თუ აწონ-დაწონილი რწმენა ან შეხედულება არ გააჩნია. ეს მასა სტილიზებულია ფანატიზმში, გავლენისგან, მიმბაძველობისგან,  ხშირ შემთხვევაში კი ვინმეს ინტერესიდან გამომდინარე.  
შეუწყნარებლობის თანამედროვე პათოსი მკვეთრად განსხვავებულია შუასაუკუნოვანი პათოსისგან; იმ დროს მართლაც არსებობდა ღრმა რწმენა. ჩვენს დროში მცხოვრებ საშუალო დონის ადამიანს  არ გააჩნია იდეები, არამედ მხოლოდ ინსტიქტები და აფექტები. მისი შეუწყნარებლობა გამოწვეულია ომის პირობებითა და წესრიგისადმი წყურვილით.მან იცის მხოლოდ ორგანიზაციისთვის სასარგებლო ჭეშმარიტება. სამყაროს ორ სახედ დაყოფას,გამოწვეულს ომის მოთხოვნებით, თავისი შეუქცევადი შედეგები გააჩნია. ჩვენი ეპოქისთვის უცხოა კრიტიკა ან იდეური კამათი და მისთვის უცხოა იდეათა ბრძოლა. მან იცის მხოლოდ გამოაშკარავება,განკვეთა და დასჯა. სხვაგვარად მოაზროვნე მოიაზრება როგორც დამნაშავე. დამნაშავესთან კი არ დაობენ. არსობრივად, იდეური მტრები აღარ არსებობენ. არიან მხოლოდ სამხედრო სახის მტრულად განწყობილი ბანაკები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან. კამათი შემწყნარებლობაა, ყველაზე მძვინვარე მოკამათეც კი შემწყნარებელი ადამიანია. ის უშვებსსაკუთარი იდეებისგან განსხვავებული იდეების არსებობას, მას სწამს რომ იდეების შეჯახების შედეგად შეიძლება უფრო უკეთ გაიხსნას ჭეშმარიტება. მაგრამ დღეს მსოფლიოში აღარანაირი იდეური ბრძოლად აღარ მიმდინარეობს. არის მხოლოდ ინტერესებისა და მუშტების ბრძოლა.  კომუნისტები, ფაშისტები, „ორთოდოქსალური“ მართლმადიდებელი ფანატიკოსები, კათოლიკეები თუ პროტესტანტები, არცერთი იდეის წინააღმდეგ არ კამათობენ,ისინი გადაისვრიან მათ საწინააღმდეგო ბანაკებში, რომელთა მხარესაც ტყვიამფრქვევები აქვთ მიშვერილი. 
მართლმორწმუნეობრივი დოქტრინის პათოსი, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე ბრძოლისა და ორგანიზაციისთვის, აზროვნების და იდეის, შემეცნების, ინტელექტუალური კულტურის სრულ დაკარგვამდე მიჰყავს. შუასაუკუნეებთან შედარება კი სრულებით არ არის ხელსაყრელი ჩვენი დროსათვის. ამასთან ერთად, არანაირი იდეური შემოქმედებითი პროცესი არ იჩენს თავს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი შეუწყნარელებლი ეპოქა გასაოცრად უნიჭო და უბადრუკია, მასში კვდება შემოქმედებითი აზრი, ის იკვებება პარაზიტულად წინამორბედი ეპოქებით. თანამედროვე ევროპის შედარებით გავლენიანი მოაზროვნენი, როგორებიც არიან- მარქსი, ნიცშე, კირკეგარდტი, მიეკუთვნებიან იმ XIX საუკუნეს, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს რეაქცია. ერთადერთი სფეროსადაც თავბრუდამხვევი შემოქმედებითი პროცესი შეინიშნება – ტექნიკური აღმოჩენების სფეროა. ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური ნიშნის ქვეშ და ამ სფეროშიც ბევრი დადებითი რამ ხდება,  მაგრამ არავითარი სოციალუდი იდეები, სოციალური თეორიები აქ არ იქმნება, ისინი ყველა XIX ს მიეკუთვნებიან. მარქსიზმი, პრუდონიზმი, სინდიკალიზმი, რასიზმიც კი – ყველას ჩასახვა XIX საუკუნეში მოხდა. მიმდინარე საუკუნის მთავარი უპირატესობაის არის, რომ ის უფრო მეტად მიმართულია რეალობისკენ, ამხელს რეალობას. მაგრამ ძველი კერპების მხილებით, ახალი საუკუნე ახალ კერპებს ქმნის. 
ფანატიკოსისთვის არ არსებობს სამყაროს მრავალფეროვნება. ეს არის ადამიანი შეპყრობილი მხოლოდ ერთით. მას დაუნდობელი და ბოროტი დამოკიდებულებააქვს ყველაფრის მიმართ გარდა ერთისა. ფსიქოლოგიურად ფანატიზმი დაკავშირებულია გამოხსნის ან წარწყმედის იდეასთან. სწორედ ეს იდეა  აქცევს სულს ფანატიკოსად. არის ერთიანი მთლიანი, ის, რაც გამოიხსნის, ყველაფერი სხვა დანარჩენი – წარწყმედს. ამიტომ საჭიროა მთლიანად მინდობა ამ ერთიან მთლიანზე და შეწყალების გარეშე განადგურება ყველა სხვა დანარჩენისა, მთელი მრავალფეროვანი სამყაროსი, რომელიც წარწყმედით იმუქრება. წარწყმედასთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია მრავალფეროვან სამყაროსთან, დაკავშირებულია შიშის აფექტიც, რომელიც ყოველთვის არსებობს ფანატიზმის ქვენიადაგში. 
ინკვიზიტორები ყოველთვის იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ მიერ ჩადენილი სისასტიკე, წამება, კოცონზე დაწვა კაცთმოყვარეობის გამოვლინებაა. ისინი იბრძოდნენ წარწყმედის წინააღმდეგ და გამოხსნისთვის, იცავდნენ სულებს წარწყმედის მომასწავებელი ერესის ცდუნებისგან. უმჯობესია მიაყენო მოკლე დროით ტკივილი მიწიერ ცხოვრებაში, ვიდრე საუკუნოდ წარწყმდეს მრავალი. ტორკვემადა იყო უანგარო, გადადებული ადამიანი, მას არაფერი სურდა საკუთარი თავისთვის, ის მთლიანად მოცული იყო საკუთარი იდეით – თავისი სარწმუნოებით. ადამიანთა წამებით ის ღმერთს ემსახურებოდა და ამას ღვთის სადიდებლად აკეთებდა. მასში რბილი ხასიათიც კი იყო, არავის მიმართ არ განიცდიდა ზიზღს და მტრულ დამოკიდებულებას. ის ერთგვარად „კარგი“ ადამიანი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე „კარგი“ ადამიანი, მტკიცე მორწმუნე და უანგარო იყო ძერჟინსკიც, რომელიც ახალგაზრდობაში მხურვალე მორწმუნე კათოლიკე ყოფილა და სურდა ბერიც გამხდარიყო. ეს საინტერესო ფსიქოლოგიური პრობლემაა. 
მორწმუნე, უანგარო, იდეებით აღსავსე ადამიანი  შეიძლება უმოწყალო ადამიანი იყოს და უდიდეს სისასტიკეებს სჩადიოდეს. სრული თავდადება ღმერთისთვის ან იდეისთვის, რომელიც ღმერთს ჩაანაცვლებს, ადამიანის გვერდის ავლით, გადააქცევს მას ღვთის სადიდებელ ხელსაწყოდ, იარაღაც.. სწორედ სახარებამ აუწყა ადამიანებს, რომ არ შეიძლება უფალთან ურთიერთობის აწყობა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე.   თუკი ფარისევლებმა დააყენეს შაბათი ადამიანზე მაღლა და გაიკიცხნენ ქრისტეს მიერ, ყველა სხვა ადამიანიც, რომელიც რაიმე განყენებულ იდეას ადამიანზე მაღლა დააყენებს, შაბათის რელიგიის აღმსარებელი იქნება, რომელიც ქრისტემ უარყო. ამასთან ერთად, სულერთია საიდან იქნება ეს იდეა – ეკლესიისგან, სახელმწიფოსგან, ნაციონალიზმისგან თუ რევოლუციისა და სოციალიზმისგან. 
ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ერესების ძიებითა და მხილებით, ერეტიკოსთა განკვეთითა და დევნით, დიდი ხნის წინ არის მხილებული და გაკიცხული ქრისტეს მიერ, თუმცაღა ის ამას ვერ ამჩნევს. ერესების მიმართ პათოლოგიური ზიზღი არის „იდეით“ შეპრყობილობა, რომელიც ადამიანზე მაღლაა დაყენებული. მაგრამ მსოფლიოს ყველა ორთოდოქსალური დოქტრინა არაფერია ყველაზე უკანასკნელ ადამიანთან და მის ბედთან შედარებით. ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი. ყველანაირი სისტემა კი არის ადამიანის ფიქრისა თუ დაუფიქრებლობის გაგრძელება. ადამიანი არც გადარჩება და არც წარწყმდება, თუკი რომელიმე იდეის სისტემის მიმდევარია. ერთადერთი ნამდვილი ერესი ცხოვრების ერესია. 
ერესთა გამომააშკარავებლები და მდევნელნი იყვნენ კიდეც ცხოვრების ერეტიკოსები, ერეტიკოსები ცოცხალ ადამიანებთან, სათნოებასთან და სიყვარულთან მიმართებაში.  ყველა ინკვიზიტორი იყო ცხოვრების ერეტიკოსი. ისინი იყვნენ ადამიანის მიმართ ცხოვრებისეული დოგმატის მოღალატეები. ერეტიკოსთა მხილების უკან ყოველთვის იმალება ძალაუფლებისკენ სწრაფვის ავხორცი სურვილი. 
გამოხსნისა და წარწყმედის იდეით პათოლოგიური შეპყრობილობა, რომლისგანაც სასურველია განკურნება, შეიძლება გადატანილი იყოს სოციალურ სფეროშიც. ამგვარი პანიკური იდეა შობს რევოლუციურ ფანატიზმს და ქმნის პოლიტიკურ ინკვიზიციურ დაწესებულებებს. შეუწყნარებლობა და ინკვიზიცია თავს სოციალური დაღუპვის საშიშროებით იმართლებენ. ასე მაგალითად, მოსკოვის კომუნისტური პროცესები ძალზე წააგავს კუდიანთა დევნის საქმიანობას. იქაც და აქაც ბრალდებულები აღიარებენ ეშმაკთან დანაშაულებრივ კავშირს. ადამიანთა ფსიქიკა ნაკლებად იცვლება. არსობრივად, ფანატიზმი ყოველთვის ატარებს სოციალურ ხასიათს. ადამიანი შეუძლებელია იყოს ფანატიკოსი თუკი ის წარმდგარია ღვთის წინაშე, ის ფანატიკოსი მხოლოდ სხვა ხალხის წინაშე ხდება. 
ფანატიკოსს ყოველთვის ესაჭიროება მტერი, ისყოველთვის უნდა სჯიდეს ვინმეს. ორთოდოქსალური დოგმატური ფორმულები არა ღვთის მიმართ,არამედ სხვა ადამიანთათვის არის წარმოქმნილი. ისინი წარმოიშვა იმიტომ რომ გაჩნდა ერეტიკული მოსაზრებები. ფანატიზმი ყოველთვის შეიცავს სოციალურ ძალდატანებას.  ანდა შეიძლება მიიღოს თვითგანადგურების ფორმაც,- როგორც მაგალითად რუსული სქიზმის უკიდურეს მიმდინარეობებში, თუმცა ამ შემთვევაში იცის სოციალური ძალდატანების უკუჩვენებითი ნიშნის მატარებელია. რელიგიაში უკიდურესი ორთოდოქსალური ფანატიზმი სექტანტური ხასიათის მატარებელია. თვითკმაყოფილების გრძნობა, თუკი რიმელიმე რჩეულთა წრეს ეკუთვნი, სექტანტური ბუნების მანიშნებელია. ფანატიზმი აწრთობს ნებისყოფას, უწყობს ხელს საბრძოლო ორგანიზებულობას, ამზადებსადამიანს ტკივილის მისაღებად და ტანჯვის გადასატანად. ყველაზე რბილ, მგრძნობიარე ფანატიკოსსაც კი, რომელიც თავს კაცთმოყვარედ მიიჩნევს და საზოგადოების სულთა გადარჩენაზე ზრუნავს,გააჩნია სადიზმის ელემენტები. ფანატიზმი ყოველთვის ტანჯვასთანაა კავშირში. იდეოლოგიურად ფანატიზმი ყოველთვისაა გააფთრებული მართლმორწმუნეობა. 
მართლმორწმუნეობითი გატეგორია, რომელიც წინაღუდგება ერესს, დღეს გამოიყენება იმგვარი ტიპის აზროვნების წინააღმდეგაც კი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს რელიგიასთან – მაგალითად, მარქსიზმის მიმართ; თუმცა კი ისრელიგიური წარმოშობისაა. და მიუხედავად იმისა ის რელიგიური წამომავლობისაა, მაინც სოციალური მოვლენაა და პიროვნებაზე კოლექტივის ბატონობას ნიშნავს. მართლმორწმუნეობა კოლექტივის გონებითი ორგანიზებულობაა და  გონებისა და სინდისის ექსტერიორიზაციას წარმოადგენს. მართლმორწმუნეობა საკუთარ თავს ერესის საპირისპირო მხარედ მიიჩნევს.  ერეტიკოსი არის ადამიანი, რომელიც კოლექტივის გონებრივი ორგანიზებულობის საპირისპიროდ აზროვნებს. ხალხი, რომელიც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს და ამხელენ ერეტიკოსებს, ანუ მათ ვინც განსხვავებულად აზროვნებს, უყვართ თქმა, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტებას თავისუფლებაზე მაღლა აყენებენ. ეს არის მართლმორწმუნეთა ყველაზე დიდი ცდუნება და ცდომილება.   
მართლმორწმუნეთა პათოსს, რომლითაც იკვებება ფანატიზმი, არაფერი საერთო არ აქვს ჭეშმარიტების პათოსთან, ის სწორედაც რომ მისი საპირისპიროა. მართლმორწმუნეობა წარმოიქმნება წარწყმედისა და ხსნის თემის გარშემო. მართლმორწმუნენი თავად არიან შეშინებულნი და სხვასაც აშინებენ. ჭეშმარიტებისთვის კი შიში უცხოა. მართლმორწმუნეობის დამცველნი ამახინჯებდნენ ისტორიას.  მარქსისტული ან რასისტული მართლმორწმუნეობის მცველებიც ასევე ამახინჯებენ ისტორიას.  ეს ხალხი ყოველთვის ქმნის ბოროტ ლეგენდებს მტრული ძალის შესახებ. ჭეშმარიტებას ორგანიზებული წესრიგის ინტერესები და ანგარება ენაცვლება.
რაიმე ფანატიზირებული იდეით შეპყრობილ ადამიანს, ვისთვისაც ეს იდეა ერთადერთ ხსნის გზას წარმოადგენს, არ შეუძლია ეძიოს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების იდეა თავისუფლებას გულისხმობს. ჭეშმარიტება არ არსებობს თავისუფლების გარეშე, ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლებისას იძლევა. თავისუფლების გარეშე მხოლოდ ანგარებაა და არა ჭეშმარიტება, მხოლოდ ძალაუფლების ინტერესია. ორთოდოქსალური ფანატიკოსი ეძიებს ძალაუფლებას და არა ჭეშმარიტებას. მზა ჭეშმარიტება არ ეძლევა ადამიანს და არ აღიქმებაპასიურად ადამიანის მიერ. ის არის უსასრულო დავალება. ჭეშმარიტება არ ეცემა ადამიანს თავზე, როგორც რაიმე ნივთი. და ჭეშმარიტების გამოცხადება არ უნდა იყოს გაგებული მიამიტ-რეალისტიკურად. ჭეშმარიტება ასევე არის გზა და ცხოვრება, ადამიანის სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრებაკი თავისუფლებაა და თავისუფლების გარეშე ის არ არსებობს. 
მართლმორწმუნე ფანატიკოსთათვის, არსობრივად, უცხოა ჭეშმარიტება, რამეთუ არ იციან თავისუფლება, არ იციან სულიერი ცხოვრება. მართმორწმუნე ფანატიკოსები ფიქრობენ, რომ ისინი თავმდაბალიხალხი არიან, რადგან ეკლესიის ჭეშმარიტებას მორჩილებენ და სხვებს არ სდებენ ბრალს ამპარტავნებაში. მაგრამ ეს დიდი ცდომილებაა და თავის მოტყუება. მიუხედავად იმისა რომ ეკლესიაშია ჭეშმარიტების სისავსე, რატომ ჰგონია ამგვარ მართლმორწმუნეს, რომ სწორედ მას უპყრია ხელთ ეკლესიის ჭეშმარიტება  და მხოლოდ ის იცნობს მას? რატომ მიეცა მხოლოდ მას ეს ნიჭი განარჩიოს საეკლესიო ჭეშმარიტება ერესისგან და მხოლოდ ისარის ერთადერთი რჩეული? ეს არის ამპარტავნება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და არ არსებობს უფრო მეტად ამპარტავანი ხალხი, ვიდრე მართლმორწმუნეობის მპყრობელნი. ისინი საკუთარ თავს საეკლესიო ჭეშმარიტებასთან აიგივებენ. არსებობს ორთოდოქსალური საეკლესიო ჭეშმარიტება. მაგრამ იქნება შენ, მართლმორწმუნე ფანატიკოსი, არ იცნობ მას, შენ იცნობ მხოლოდ მის ნამსხვრევებს შენი შეზღუდული აზროვნების, გულქვაობის, უგრძნობელობის, კანონზე და ფორმაზე მიჯაჭვულობის, უნიჭობისა და მადლის ნაკლებობის გამო. 
ადამიანი, რომელიც ფანატიკურ შეპყრობილობამდეა დაცემული, არასოდეს უფიქრდება საკუთარ თავში ამგვარ შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ისმზად არის აღიაროს თავი ცოდვილად, მაგრამ არასოდეს აღიარებს თავს ცდომილებაში, თვითმოტყუებაში და თვითკმაყოფილებაში. ამიტომაც ის შესაძლებლად თვლის, თავისი ცოდვილობის მიუხედავად, აწამოს და დევნოს სხვები. ფანატიკოსს თავისი თავი მორწმუნედ მიაჩნია. მაგრამ მის რწმენას არ აქვს კავშირი ჭეშმარიტებასთან. ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოღწევაა, ფანატიკოსს კი ეს არ შეუძლია. ის თავის თავს მხოლოდ სხვის მიმართ ბოროტების გამოხატულების დროს ტოვებს. 
ფანატიკოსი – ეგოცენტრიკოსია. ფანატიკოსის რწმენა, მისი თავდადებული და უანგარო ერთგულება იდეის მიმართ, ოდნავადაც კი არ ეხმარება მას დაძლიოს თავისი ეგოცენტრიზმი. ფანატიკოსის ასკეზა (ფანატიკოსები ხშირად არიან ასკეტები) ვერ ერევა საკუთარი თავით გატაცებას, ოდნავადაც არ მიაქცევს რეალობისკენ. ენისმიერი მართლმორწმუნეობითი მიმართულების ფანატიკოსი აიგივებს საკუთარ იდეას, თავის ჭეშმარიტებას საკუთარ თავთან. ის თავად არის ეს იდეა, ეს ჭეშმარიტება. მართლმორწმუნეობა –  თავადის არის. საბოლოო ჯამში მართლმორწმუნეობის ერთადერთ კრიტერიუმად სწორედ ეს გვევლინება.
მართლმორწმუნე ფანატიკოსი ავტორიტეტის პრინციპის უკიდურესი  მიმდევარიც შეიძლება იყოს. თუმცა, ის ყოველთვის შეუმჩნევლად აიგივებს ავტორიტეტს საკუთარ თავთან და არასოდეს არ ემორჩილება იმ ავტორიტეტს, რომელსაც არ ეთანხმება . ავტორიტეტთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ჩვენს ეპოქაში სწორედ ამგვარ ხასიათს ატარებს. ავტორიტარულად განწყობილი ახალგაზრდობა, არანაირ არ სცნობს ავტორიტეტს. ის თავად მიიჩნევს თავს ავტორიტეტის მატარებლად. ულტრამართლმადიდებლურად განწყობილი ახალგაზრდობა, რომელსაც არ უყვარს თავისუფლება და ამხელს ერესებს, მართმადიდებლობის მატარებლად თვლის თავს. ეს მაგალითია იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და არაქმედითუნარიანია იდეა ავტორიტეტთა შესახებ. პრაქტიკაში, ავტორიტეტი არასოდეს არ ავიწროებს თავის ფანატიკურად განწყობილ მიმდევრებს, სამაგიეროდ ის ავიწროებს სხვებს, მათ მოწინააღმდეგეებს და ძალმომრეობს მათზე. არსობრივად, არავინ არ ემორჩილება ავტორიტეტს, თუკი თვლის, რომ ის არ არის თანხმობაში ჭეშმარიტების მისეულ გაგებასთან. რომელიმე უკიდურესი მართლმორწმუნეობრივი გზის ან ტოტალიტარული სისტემის აღმსარებლობა, ყოველთვის ნიშნავს სურვილს ეკუთვნოდე ჭეშმარიტი იდეის მატარებელ რჩეულთა წრეს. ეს კი ყოველთვის აამებს ადამიანთა ამპარტავნებასა და საკუთარ თავზე წარმოდგენას. ამისგან განსხვავებით, თავისუფლებისმოყვარეობა თავმდაბლობის აღმნიშვნელია. 
ძალზე სასიამოვნოა თვლიდე თავს ერთადერთ მცოდნედ,თუ რა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ან ჭეშმარიტი მარქსიზმ-ლენინიზმი (ფსიქოლოგია იგივეა). რობესპიერს თავდავიწყებით სჯეროდა რესპუბლიკელების სათნოებისა, ის ყველაზე სათნო ადამიანი იყო რევოლუციურ საფრანგეთში და, შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი. ის აიგივებდა თავს რესპუბლიკელთა სათნოებასთან, რევოლუციის იდეასთან.  ის იყო დასრულებული ეგოცენტრიკოსის ტიპის ადამიანი.აი, ეს არის ნამდვილი შეშლილობა სათნოების ნიადაგზე, სწორედ ეს გაიგივება იყო ყველაზეაუტანელი. უზნეო დანტონიც  კი ათასჯერ უკეთესიდა ადამიანური იყო მასზე. 
ფანატიკოსის ეგოცენტრიზმი, რაიმე იდეისა თურომელიმე სწავლების, გამოიხატება იმაში, რომ ის ვერ ხედავს ადამიანის პიროვნულობას,დაუკვირვებელია ადამიანის პირადი გზის მიმართ, მას არ შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა პიროვნების სამყაროსთან, ცოცხალთან, კონკრეტული ადამიანის სამყაროსთან. ფანატიკოსმა იცის მხოლოდ იდეა, მაგრამ არ იცის ადამიანი. იმ დროსაც არ იცის როდესაც ადამიანის იდეისთვის იბრძვის.მაგრამ ის ვერც სხვა იდეებს აღიქვამს, გარდა საკუთარისა. არ შეუძლია იდეების ურთიერთობაშიშეაღწიოს. ის, ჩვეულებრივ, ვერაფერს იგებს და არც შეუძლია გაიგოს. სწორედ ეგოცენტრიზმიუშლის ხელს მას გაგებაში. მას არ სურს დაარწმუნოს სხვა რაიმე იდეის ჭეშმარიტებაში,რადგან ის საერთოდ არ ინტერესდება ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტებისადმი ინტერესს შეუძლია ეგოცენტრიზმის დახურული წრიდან გამოყვანა. ეგოცენტრიზმი არ არის იდენტური ეგოიზმისა.
ეგოისტს, სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით, ასეთუ ისე შეუძლია გამოვიდეს საკუთარი ნაჭუჭიდან და ყურადღება სხვასაც მიაქციოს, დაინტერესდეს სხვა ადამიანთა იდეებით. მაგრამ ეგოცენტრიკოს-ფანატიკოსს, უანგაროს, ასკეტურს, რაიმე იდეის თავდავიწყებით ერთგულს  – არ შეუძლია. ჩვენი არეული ეპოქოსთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ფანატიკური გაელვებები, არამედ ფანატიზმის სტილიზაციაც. თანამედროვე ადამიანებინაკლებად ფანატიკურნი არიან და ნაკლებად მისდევენ ორთოდოქსალურ სწავლებებს, როგორცეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მათ სურთ იყვნენ ფანატიკოსები, ფანატიზმის იმიტაციას ახდენენ, ფანატიკოსთა ფრაზებს წარმოთქვამენ. მაგრამ ეს მხოლოდ შინაგან სიცარიელეს ფარავს. ფანატიზმის იმიტაცია და სტილიზაცია სიცარიელის ამოვსების ერთ-ერთი საშუალებაა.         ეს ასევე შემოქმედებით უძლურებას და აზროვნების უუნარობას ნიშნავს.  ორთოდოქსალური ჭეშმარიტების ცოდნის მქონე პრეტენდენტები საკუთარი აზრის არქონის მდგომარეობაში იმყოფებიან. აზროვნებისადმი ან შემეცნებისადმი სიყვარული კრიტიკისადმი სიყვარულიცაა, არის დიალოგური განვითარებაც,არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი აზრის პატივისცემაც.
ფანატიკურ შეუწყნარებლობას შემწყნარებლობას უპირისპირებენ. მაგრამ შემწყნარებლობა რთული ფენომენია. შემწყნარებლობა შეიძლება გულგრილობის რეზულტატი იყოს. გულგრილობა ჭეშმარიტების მიმართ, როცა არ არჩევკეთილსა და ბოროტს. ეს არის ნელთბილი, ლიბერალური შემწყნარებლობა და ის არ უნდა დავუპირისპიროთფანატიზმს. შესაძლებელია დიდი სიყვარული თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მიმართ, ანთებულიმიმდევრობა რაიმე იდეისა, მაგრამ ამასთან ერთად დიდი ყურადღება  უნდა ექცეოდეს ადამიანს, ადამიანის გზას, ადამიანისმიერ ჭეშმარიტების ძიებას. თავისუფლება შეიძლება გავიგოთ როგორც ჭეშმარიტების განუყოფელინაწილი. და ადამიანი არ უნდა იყოს შემწყნარებელი ყველაფრის მიმართ. თანამედროვე შეუწყნარებლობისადმი, ფანატიზმისადმი, თანამედროვე ორთოდოქსომანიისადმი სულაც არ უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი. პირიქით, მათ არ უნდა შევეგუოთ. და თავისუფლების მტერსაც არ უნდა მივცეთ უსაზღვრო თავისუფლება. ჩვენ ერთგვარი რეალური თავისუფლების დიქტატურა გვესაჭიროება. ხოლო თანამედროვე დიქტატურები, ყველა თავისი ფორმით, სულიერ ფუნდამენტზეა დაშენებული, რომელიც მძიმე სულიერ ავადმყოფობაში გამოვლინდება. ის სულიერი კურნების კურსს საჭიროებს.       






* ორთოდოქსია, ორთოდოქსალური – ფუნდამენტალისტური, ულტრაკონსერვატიული მიმართულება რელიგიაში, განსხვავდება ორთოდოქსი ქრისტიანის ტერმინისგან, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანების, მართლმადიდებლების და ძველ-აღმოსავლური კონფესიების მიმართ გამოიყენება.  
Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *