ქრისტიანობა და მეცნიერება

ატორი: დიაკონი ანდრეი კურაევი

4 ნოემბერი, 2011

ისტორიისა და კულტუროლოგიის თვალსაზრისით ნათელია, რომ მეცნიერება ეს არის ისტორიული მოვლენა. კაცობრიობის ისტორიაში იყო დიდი პერიოდები, იყვნენ სხვადასხვა კულტურები და ცივილიზაციები, რომლებიც არ იცნობდნენ მეცნიერებას, რომელთაც არ შეუქმნიათ სამყაროს მეცნიერული სურათი. თავად სამყაროს მეცნიერული წარმოდგენა იქმნება საკმაოდ გვიან და გააჩნია ძალიან მკვეთრი სივრცე-დროითი მიკუთვნება. სამყაროს მეცნიერული სურათი იბადება დასავლეთ ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში. ფაქტობრივად ეს პირველი მეცნიერული რევოლუციაა.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ამ დრომდე იყო პარამეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერებამდელი ცოდნა და ნატურფილოსოფია. მეცნიერებამდელ ცოდნაში ცოტა იყო ბოლომდე სწორი წარმოდგენები ჩვენ სამყაროსა და ადამიანის შესახებ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რეალობის და თვით ბუნების ყველა წარმოდგენაც კი არ არის მეცნიერება. დავუშვათ ჩუკჩა მიდის ტუნდრაში და იგონებს სიმღერას პრინციპით: „ვმღერი იმაზე, რასაც ვხედავ“. და ის მღერის: „ირემი სწრაფია, თოვლი თეთრი“. ცხადია, რომ ეს სავსებით მართალია – ერთიც და მეორეც. ანუ, სამყაროს ის სურათი, რომელიც საკუთარ თავში მან შექმნა, სავსებით მართალია. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის მეცნიერული სურათია.

მეცნიერება არის იქ, სადაც ადამიანს ძალუძს ცხადად მოახდინოს იმ მეთოდების დემონსტრირება, რომელთა მეშვეობითაც მან მოიპოვა ესა თუ ის ინფორმაცია. მეცნიერებაში უმნიშვნელოვანესია, შეგეძლოს მეთოდის დემონსტრირება. უფრო მეტიც, არა უბრალოდ დემონსტრირება: მეცნიერული თეზისები უნდა იყოს ტირაჟირებადი, ისინი განმეორებადი უნდა იყვნენ. მეორე მკვლევარს საშუალება უნდა ჰქონდეს იგივე გზით სვლა, განახორციელოს ანალოგიური ტექნოლოგია და მიიღოს მსგავსი შედეგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში რაიმე ჰიპოთეზა უკვე აღარ არის უბრალოდ ჰიპოთეზა, არამედ აღიარებულია მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.

 

მაშ ასე, სამყაროს ასეთი ერთიანი სურათის ჩამოყალიბება იწყება XVI-XVII საუკუნეებში. ვიტყვით სხვაგვარად: ეს არის დრო პირველი სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბებისა, კერძოდ კი სამეცნიერო ასტრონომიისა (ანუ მეცნიერული მექანიკისა). და აქ წამოიჭრება რიგი კითხვებისა: რატომ მაინცა და მაინც ამ რეგიონში (კერძოდ კი ევროპაში) და რატომ მაინცა და მაინც ამ დროს (XVI-XVII საუკუნეებში) ხორციელდება სამყაროს ახალ შემეცნებაში გარღვევა? რა მიზეზები იყო ამისთვის?

 

პასუხი საკმარისად ცხადია: მეცნიერებამდელი ცოდნა თანდათანობით გროვდებოდა და შედეგად მან მიგვიყვანა იქამდე, რომ ის ადრინდელი სურათი, რომელიც ევროპულმა მეცნიერებამ იანდერძა ანტიკური პერიოდიდან, ვეღარ უზრუნველყოფდა სამყაროს აღწერას და ამიტომ საჭირო იყო პტოლემეოსის სისტემის გადაგდება და კოპერნიკის სისტემაზე გადასვლა [1]. მაგრამ აი სად არის პრობლემა: ეს ახსნა შესაძლებელია მისაღები იყოს, თუ მეცნიერების ისტორიას შევხედავთ შორიდან.

 

თუ ახლოდან დავაკვირდებით, უმალვე აღმოვაჩენთ ასეთ უცნაურობას: ბოდიშით, და ზუსტად რა დაგროვდა? ისეთი რა ახალი დაკვირვებები, ახალი ფაქტები იყო დაგროვილი ევროპული ასტრონომიის, ევროპული მათემატიკის, ХIV-XV საუკუნეების ფიზიკის მიერ, რომ მათ მოითხოვეს კოპერნიკის სისტემის შექმნა? მაგრამ არა, ადამიანი რომელიც მოღვაწეობს მეცნიერების და ასტრონომიის ისტორიაში, გეტყვით, რომ სინამდვილეში მხოლოდ XVI საუკუნისთვის ისწავლეს ევროპელმა ასტრონომებმა პტოლემეის ცხრილების სწორად გამოყენება.

 

თუ გადაშლით კოპერნიკის წიგნს, მაშინ მაპატიეთ, და გეტყვით, რომ მასში არ არის არანაირი ახალი დაკვირვებები. უფრო მეტიც, ისინი არც კი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო [2]. უბრალოდ იმ მიზეზით, რომ როგორც ცნობილია, კოპერნიკი პოლონელია. და თავად გესმით, რომ პოლონეთის დაბლობის ტრამალები საუკეთესო ადგილი არ არის ასტრონომიული დაკვირვებებისთვის. მუდმივად ნისლიანი ცა, რომლებიც ბალტიკიდან მოსული ღრუბლებით და წვიმით არის დაფარული. არა, პოლონეთი ეს არის ყველაზე მოუხერხებელი ადგილი ასტრონომიული დაკვირვებების წარმოებისთვის.

 

და, ამას გარდა, მართლაც, არანაირი ახალი დაკვირვებები, რომლებითაც კოპერნიკმა გაამდიდრა მსოფლიო და ევროპული ასტრონომია, მის წიგნში არ გვხვდება. ის წამოჭრის ჰიპოთეზას, მაგრამ ეს ჰიპოთეზა არ იგება რომელიმე ახალ დაკვირვებებზე. ამიტომ მეცნიერების შინაგანი განვითარების ამ კონცეფციის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია. უფრო მეტიც, თავად ასტრონომები მთელი მომდევნო საუკუნის განმავლობაში არ განიცდიდნენ კოპერნიკის წიგნის მიმართ განსაკუთრებულ აღფრთპოვანებას. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ საუბარს.

 

მეორე შესაძლო ახსნა (მარქსისტული): ვითარდებოდა ეკონომიკა, წარმოება, და ახალი ეკონომიკა და ახალი წარმოების კლასი – ბურჟუაზია ითხოვდნენ სამყაროს მეცნიერული სურათის შექმნას. მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება ვამტკიცოთ, თუ შორიდან შევხედავთ რეალიებს. კონკრეტულად კი კითხვა ისმის… მართლაც, XIX-XX საუკუნეებში, განსაკუთრებით ჩვენს დროში, მეცნიერების განვითარება შეუძლებელია საწარმო-საფინანსო კაპიტალის მხრიდან სისტემური დაფინანსების გარეშე. მაგრამ, ასე მაინც არ იყო XVI საუკუნეში.

 

დღეს თუ მეცნიერს არ შეუძლია მუშაობა შეკვეთის და გრანტის მიღების გარეშე, ასე არ იყო XVI საუკუნეში. აი თუ მართლაც წარმოგვიდგენენ დოკუმენტებს, საიდანაც ცხადი იქნება, რომ გარკვეულმა კომპანიამ ნიუტონს შეუკვეთა გრავიტაციის კანონის აღმოჩენა, მაშინ ვიტყვით: „მართლაც, რომ ეს ძალზედ საინტერესოა!“. თუ ვნახავთ, რომ რომელიღაც ლიონის ბანკმა „ლიონის კრედიტი“ დეკარტეს შეუკვეთა დეკარტეს კოორდინატთა სისტემის შექმნა, მაშინ ვიტყვით: „იცით, რომ აქ საფინანსო-საწარმოო ჯგუფების ინტერესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სამყაროს ახალი სურათი გაჩნდა“.

 

არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ის ადამიანები, რომელთაც უწოდებდნენ სამყაროს მეცნიერული სურათის ავტორებს, თავისი სოციალური სტატუსით იყვნენ მეტწილად არისტოკრატები. არისტოკრატები და მღვდლები (ნიკოლაი კოპერნიკის მსგავსად). და როგორც გესმით, სწორედ ეს ორი ფენა არცთუ დაინტერესებული იყო ახალ ვაჭართა სურვილების ასრულებაში. გაიხსენეთ დეკარტე, როემლსაც მიმოწერა ჰქონდა დანიის დედოფალთან, ან ლეიბნიცი, რომელიც არისტოკრატი გახლდათ.

 

ეს ადამიანები ეკუთვნიან მაღალ საზოგადოებას და კაპიტალისტთა ინტერესები მათ ნამეტანი არ აღელვებთ. ამიტომ საკითხის უფრო ღრმად განხილვისას ჩვენ ვერ მივიღებთ მარქსისტულ სქემას, მით უფრო, რომ XVI საუკუნის დასასრული (სამყაროს მეცნიერული სურათის შექმნის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი), მისი მეორე ნახევარი – ესაა ევროპაში ეკონომიკური კრიზისის და სტაგნაციის დრო.

 

ძალიან კარგი, მაშინ მეცნიერული რევოლუციის მიზეზი უნდა ვეძიოთ რაღაც უფრო მასშტაბურში, სხვა პროცესებში, ადამიანის კულტურაში. კიდევ ერთხელ ვნახოთ ის ახსნა, რომელიც შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში: „ადამიანების აზროვნების სეკულარიზაციის, შუასაუკუნეების ქრისტიანული დოგმების გადაშენების და ტყვეობიდან ადამიანური გონების გამოსვლის შედეგად იბადებოდა არა რელიგიური, არამედ საერო სურათი სამყაროსი“. მაგრამ აი საქმე როგორაა…

 

ჯერ ერთი, სამყაროს მეცნიერული სურათი იქმნება არა XV, არამედ XVI საუკუნეში. საქმე ის გახლავთ, რომ XV საუკუნე არის აღორძინებისა და ჰუმანიზმის უკანასკნელი საუკუნე, ესაა სეკულარიზმის საუკუნე – ეს მართლაც ასეა. მაგრამ აღორძინების საუკუნე უკან დარჩა. ხოლო თქვენ მოგეხსენებათ ქანქარას კანონის შესახებ ჩვენს ფსიქოლოგიაში და მათ შორის საზოგადოებრივ-ისტორიულში: ადამიანები მიდრეკილნი არიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში ჩავარდნისკენ. და რენესანსის ეპოქის უკიდურესობებზე პასუხად, ფაქტიურად მატერიალიზმზე, რენესანსის ყოფით მატერიალიზმზე, მის საყოველთაო ურწმუნოებაზე, ქრისტიანობისადმი გულგრილობაზე პასუხად ქანქარა რეაგირებს საწინააღმდეგო მიმართულებით ქანაობით.

 

XVI საუკუნე – კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რელიგიური პერიოდია. ესაა რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის დრო, დრო რელიგიური ომებისა. გესმით რა არის რელიგიური ომი? ცხადია რომ არ შეიძლება წახვიდე ომში და იბრძოლო იმისთვის, რასაც არ უფრთხილდები. თუ ადამიანები იბრძვიან არა ნავთობდოლარებისთვის, როგორც დღეს ერაყში, არამედ საკუთარი რწმენისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის რელიგიური საზოგაოდება, რელიგიური დრო. ესაა დრო ძალიან სერიოზული რელიგიური ძალისხმევების და ჰუმანისტური იდეალებისადმი (ჩვენ ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ) რადიკალური რეაქციების.

 

ასე რომ, სწორედ რელიგიური ცნობიერების, რელიგიური გრძნობის მაქსიმალური დაძაბულობის ეპოქაში იბადება სამყაროს მეცნიერული სურათი ევროპაში. სხვათა შორის, ეს ამავე დროს გახლავთ ჯადოქრებზე ნადირობის დრო: XVI საუკუნე – ინკვიზიციის გაფურჩქვნის პერიოდია.

 

შეიძლება ვთქვათ ასეც: „მართალია, მასობრივი განწყობა იყო ულტრარელიგიური, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ქმნიდნენ სამყაროს ახალ სურათს, არ მისდევდნენ მასების განწყობას, ისინი წინ უსწრებდნენ თავის დროს“, თუმცა, ეს ფორმულა რამდენადაც ზოგადია, იმდენად მცდარი. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ის ადამიანები, ვის შესახებაც ვსაუბრობთ (რომელთა რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია) იყვნენ ძალიან რელიგიურები. და სწორედ მათი რელიგიური დაინტერესება იდგა უფრო მაღლა, ვიდრე ქუჩიდან მოსული ადამიანისა.

 

მე ვახსენე, რომ დეკარტეს მიმოწერა ჰქონდა დანიის პრინცესასთან. შემთხვევით ხომ არ გახსოვთ რა იყო იმ მიმოწერის თემა? დეკარტე ცდილობს დაითანხმოს პრინცესა, რომ გადმოვიდეს კათოლიკობაში და მიატოვოს ლუთერანობა. ნიუტონი წერს აპოკალიფსის და დანიელის წიგნის კომენტარების შესახებ ტრაქტატს. აღარაფერს ვამბობ მღვდელი კოპერნიკის შესახებ. რა არის დიფერენციალური აღრიცხვის დამაარსებლის, ლეიბნიცის მთავარი ნაშრომი? „თეოდიცეა“ – „ღმერთის გამართლება“. ეს ხალხი მართლაც მეტად რელიგიურნი არიან.

 

მაგრამ მაინც ჩნდება უსერიოზულესი კითხვა. შეხედეთ: მეცნიერება შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არის მზაობა მეცნიერთა ნაშრომის პატივის მიგებისა. თუ საზოგადოება პატივს არ სცემს ნაშრომს, არაა მეცნიერის მადლიერი მისი ღვაწლისთვის, თუ საზოგადოება ერთგვარად უგულვებელჰყოფს მკვლევარის და ბუნებისმეტყველის შრომას, ასეთ შემთხვევაში მეცნიერება ვერ მიიღებს აღიარების ბუნებრივ სტატუსს, მეცნიერება ვერ გახდება მნიშვნელოვანი სოიციალური ფაქტორი.

 

მაგრამ მეცნიერება გახდა ასეთი ფაქტორი XVII საუკუნეში. რატომ? როგორ მოხდა, რომ ამ საზოგადოებამ – რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის ეპოქის საზოგადოებამ – ასე შეაფასა მეცნიერების სოციალური სტატუსი? დაგვერწმუნეთ XVI — XVIII საუკუნეებში ეკლესიის (როგორც კათოლიკურის, ისე პროტესტანტულის) ძალები საკმაოდ დიდი იყო, საკმარისად დიდი, რომ აკვანშივე გაეგუდათ ნებისმიერი ოპონენტი. როგორ გეკადრებათ, არანაირი სენტიმენტალობა! ხომ გახსოვთ ჰუგენოტებზე თქმული: „დახოცეთ ყველა, ხოლო ღმერთი საკუთარს გამოარჩევს!“? მნიშვნელობა არა აქვს, კათოლიკეა იქ თუ ერეტიკოსი. ეს გახლდათ საკმარისად მკაცრი საზოგადოება. და თუ (პროტესტანტი ან კათოლიკე) ინკვიზიტორები, დაინახავდნენ რაიმე საშიშროებას მეცნიერებაში, ისინი მას გაგუდავდნენ. ასე არ მოხდა. რატომ? და მაინც რატომ დაიბადა მეცნიერება და რატომ მოიპოვა მან სოციალური აღიარება და კურთხევა?

 

ადამიანებისთვის, ვინც იცნობს მეცნიერული ცოდნის მეთოდოლოგიას, შემეცნების თეორიას, ლოგიკას, ახსოვს გედელის თეორემა ფორმალურ სისტემათა არასრულობის შესახებ. მოკლედ შეგახსენებთ მის მთავარ შედეგს: არცერთ ფორმალიზებულ (მკაცრად დამტკიცებულ, ასე ვთქვათ, ლოგიკურად შემოწმებულ) მსჯელობათა სისტემას, არ ძალუძს დაასაბუთოს მისი შემცველი ყველა დებულება, რომელსაც ის მოიცავს.

 

ანუ, ნებისმიერი თეორია მოიცავს აქსიომათა ნაკრებს, რომლებიც არ მტკიცდება თავად ამ თეორიის ფარგლებში, თუმცა პრინციპში ისინი შესაძლოა დამტკიცდნენ მეტათეორიის ფარგლებში. მაგრამ ეს მეტათეორიაც შეიცავს ისეთ აქსიომათა ნაკრებს, რომელთა დამტკიცება თავად მას არ ძალუძს. ასე რომ, იმისათვის, რომ მეცნიერს შეეძლოს სამყაროს შესწავლა, მის ცნობიერებაში აქსიომათა სავსებით კონკრეტული ნაკრები უნდა იყოს. და ამ აქსიომებს ის არ იგონებს თავისით – ეს აქსიომები მას უნდა შესთავაზოს იმ კულტურამ, რომელშიც ის აღზრდილია.

 

მოდით ერთად შევეცადოთ ჩამოვთვალოთ ეს აქსიომები.

 

პირველი: მეცნიერს უნდა სჯეროდეს მატერიალური სამყაროს არსებობის. რადგან, როგორც გესმით, მეცნიერება, ფიზიკა უპირველეს ყოფლისა იკვლევს მატერიალურ სამყაროს. ამიტომ მეცნიერს უნდა სჯეროდეს მატერიალური სამყაროს არსებობისა. თითქოს უცნაურია, რა არის აქ რწმენის საგანი? „ეს ისედაც ცხადია!“, მაპატიეთ, არაა ცხადი!. ჩვენ ვიცნობთ უამრავ ფილოსოფიურ სისტემას, რომლებიც უარყოფენ მატერიალური სამყაროს არსებობას.

 

შედარებისთვის გაიხსენეთ ბუდიზმი და ინდუიზმი. იქ მატერიალური სამყარო – ესაა მაია, ილუზია, ის სინამდვილეში არ არსებობს, და ამიტომ იმის კვლევა, რაც არ არსებობს, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს საკუთარი თავის ჩაფლობას არყოფნასა და ილუზიაში. ამიტომ ბუდიზმსა და ინდუიზმზე დაფუძნებულ კულტურაში შეუძლებელია წარმოიშვას მატერიალური სამყაროს მეცნიერული შემეცნებისადმი ინტერესი.

 

შემდეგი რამ, რისი რწმენაც უნდა ჰქონდეს მეცნიერს: ის უნდა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ეს მატერიალური სამყარო არა მარტო არსებობს, არამედ ეს მატერიალური სამყარო კეთილია. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: უამრავი რელიგიური და ფილოსოფიური კონცეფცია თვლის, რომ მატერიის სამყარო – ესაა სულიერად გაუკუღმრთებული და დეგრადირებული. ესაა ექსკრემენტების სამყარო, ყველაზე უმდაბლესი, და უბინძურესი ილუზიებისა და ექსკრემენტების სამყარო.

 

გაიხსენეთ ნეოპლატონური კონცეფციები, გნოსტიკური (გნოსტიკოსები – ადრეული ქრისტიანული პერიოდის ერეტიკოსები) კონცეფციები. ერთი გნოსტიკური გამონათქვამი ამბობს: „ვინც იპოვა სამყარო, იპოვა გვამი“. და ამ შინაარსით ნებისმიერი მეცნიერი, რომელიც იკვლევს მატერიალურ სამყაროს, მხოლოდ გვამების ანატომირებას ახდენს. და ყველა ტრადიციულ კულტურაში ეს არცთუ სასიამოვნო საქმეა. დღესაც კი, პათოლოგოანატომი – არცთუ პატივცემული პროფესიაა. და მით უმეტეს, თუ მთელი სამყარო – ესაა ხრწნადი გვამი (გაიხსენეთ პურუშების გვამი ინდუიზმში), მაშინ ამ სიბინძურეში თხრა…

 

რა არის მაშინ მეცნიერი? ასენიზატორი. ცხადია, რომ საზოგადოება, მით უფრო რელიგიური, პატივს არ სცემს ასენიზატორებს. ის მათ ითმენს (ცხადია, რომ მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია), ესაა და ეს, არაფერი მეტი – დამსახურებული ლეგიონერის ორდენს მკერდზე მათ არ ჰკიდებენ. ამიტომ, იმისათვის, რომ მეცნიერი დაკავდეს სამყაროს შესწავლით, ის უნდა დარწმუნებული იყოს, რომ სამყარო და მატერია კეთილი საწყისები არიან.

 

მესამე რამ, რისი რწმენაც უნდა გააჩნდეს ჰქონდეს მეცნიერს, ეს შემდეგია: ის უნდა დარწმუნებული იყოს, რომ თუმცა სამყარო კეთილია, ის არ არის ღმერთი. აი როგორაა საქმე: თუ ადამიანი თვლის, რომ მთელი სამყარო ღვთაებრივია (ეს პანთეიზმის სისტემაა), ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ უაღრესი სიფრთხილე სამყაროსთან ურთიერთობისას. როდესაც ვამბობ, რომ მეცნიერება იბადება XVI საუკუნეში (XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე), მე ვგულისხმობ ძალიან მარტივ რამეს: სწორედ ამ დროს ჩნდება სამყაროს მეცნიერული შემეცნების ორი მეთოდი. კერძოდ: ექსპერიმენტის მეთოდი და ფიზიკური პროცესების მათემტიკური მოდელირების მეთოდი.

 

მათემატიკა არსებობდა ანტიკურ საბერძნეთში, და შუმერებში – ბაბილონში იყო მათემატიკა. მაგრამ იქ მათემატიკა ცალკე იყო და ფიზიკა ცალკე, ოდნავ მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ თუ რატომ. ხოლო აქ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. გალილეი, ვისი დამსახურებაცაა ამ მეთოდების ასტრონომიაში დანერგვა, ამას ხსნის ასე: „ექსპერიმენტი – ესპანური ჩექმებია, რომლებშიც მე ვკუმშავ ბუნებას, რათა ის ვაიძულო მომცეს ჩემთვის საჭირო პასუხი“. არის საჭირო იმის ახსნა, თუ რა არის ეს ესპანური ჩექმები? რომ ეს არაა იტალიური (თანამედროვე – ზ.ო.) ჩექმები?

 

და მაინც გადავთარგმნი გასაგებ ენაზე. ერთხელ ქ. დუბნაში იქაურმა ფიზიკოსებმა ამიხსნეს, თუ რას მოღვაწეობენ იმ საერთაშორისო ბირთვულ ცენტრში სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე. „რა არის ჩვენი ამაჩქარებელი რომელიც აქ დგას? წარმოიდგინეთ, რომ არის დიდი გრძელი ტირი, თქვენ იღებთ შვეიცარულ საათს, ჰკიდებთ მას აი აქ, ამ ბოლოში, მიდიხართ ტირის საპირისპირო მხარეს, იღებთ მსხვილკალიბრიან ტყვიამრქვევს, ესვრით ამ საათს, შემდეგ აგროვებთ ნამსხვრევებს და მათი მეშვეობით ცდილობთ გაიგოთ, რას წარმოადგენდა ის, რატომ და როგორ იყო მოწყობილი. აი ზუსტად ასევე ჩვენც: ვაჩქარებთ მძიმე ნაწილაკებს ძალიან დიდ სიჩქარეებამდე, ვხლეჩთ ატომებს, ატომების ნამსხვრევებს ვიჭერთ ვილსონის კამერაში და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იყო ეს და რაში სჭირდებოდა ის ატომს“. დამიჯერეთ, ეს საკმარისად ბარბაროსული მოპყრობაა ბუნებასთან.

 

ასე რომ, მეცნიერება ექსპერიმენტთან ერთად შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ იმ სამყაროში, რომელიც აღიქმება საკმარისად პროფანულად. სამყარო უნდა განაჯადოვო, მოახდინო მისი დემითოლოგიზაცია და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი მეცნიერული შესწავლა. მოდით სხვაგვარად ვთქვათ… თუ შეიძლება მითხარით, შეუძლია თუ არა მორწმუნე ქრისტიანმა ჩაიდინოს ასეთი ქმედება. ის დააინტერესა საკითხმა: ლიტურგიისას რა შინაარსით ხდება პური და ღვინო ქრისტეს სხეული და სისხლი? ის მიდის ტაძარში, ეზიარება, მაგრამ ზიარებას არ ყლაპავს, ენის ქვეშ იჩერებს.

 

მიდის უახლოეს ქიმიურ ლაბორატორიამდე, იღებს ზიარებას, ნაწილს დებს სინჯარაში და მინის ქვეშ აკვირდება, ახორციელებს სხვადასხვა ანალიზს, ჩიჩქნის რაღაცით დ.აშ. შეიძლება თუ არა ქრისტიანი ასე მოიქცეს? არა. ხოლო თუ მე ბერძენი (ანტიკური პერიოდის ბერძენი – ზ.ო.) ვარ? ჩემთვის მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი – ესაა ცოცხალი ღვთაებრივი არსება ხომ გესმით, რომ ეს ნიშნავს, რომ აქაც ჩემი რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსი იწვევს გარკვეულ აკრძალვას: „მთელი კოსმოსი სიწმინდეა.“ ხოლო სიწმინდესთან პროფანული მოპყრობა აკრძალულია – არ შეიძლება მასზე ძალადობა, მისი განადგურება დ.ა.შ.

 

ასე რომ, იმისათვის, რომ დაიბადოს მეცნიერება, ტექნიკური პროგრესის, სამყაროს ტექნიკური ფლობის იდეა, ამისათვის სამყარო უნდა განჯადოვდეს.

 

შემდეგი, რისი რწმენაც უნდა ჰქონდეს მეცნიერს: ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამყარო ერთიანია. ამას იზომორფიზმი და იზოქრონიზმი ეწოდება. ანუ მეცნიერი დარწმუნებულია, ბრმად სწამს (ხაზს ვუსვამ: ბრმად სწამს!) რომ ყველა ფიზიკური კონსტანტა [3] მუდმივია სივრცისა და დროის ნებისმიერ წერტილში. ანუ, თუ მე გავზომე პროტონის მასა [4] აქ ჩემთან დუბნაში, მაშინ მისი მასა იგივე იქნება ოკლოჰომაში, იმდენივე ირმის ნახტომზე და სხვა გალაქტიკებშიც. პროტონის მასა იგივე იყო 10 მილიარდი წლის წინ და იმდენივე იქნება 5 მილიარდი წლის შემდეგაც. ამიტომ იზოქრონიზმის პრინციპის შემოწმება შეუძლებელია…, შემოწმება შეუძლებელია, თუმცა მეცნიერები ამას იღებენ ამოსავალ წერტილად, მათ ამისი სწამთ.

 

ასე რომ, სამყაროს ამ ტიპის ქოლისტიკური (კალკია რუსულიდან) ჰოლისტიკური მოდელი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვემხრობით პოლითეიზმს. პოლითეიზმის პირობებში მრავალი ღმერთი ქმნის სამყაროს, უამრავი ღმერთი, სხვადასხვა სული მართავს ქვეყნიერებას, მის სხვადასხვა ნაწილებს, როგორც კარმა სულს… (მას საკუთარი სურვილები აქვს). ამიტომ აქ ძალიან გართულებულია ერთიანი მოდელის ფორმირება.

 

შედარებისთვის. „აგადაში“ („აგადა“ – ესაა ადრეული შუასაუკუნეების რაბინისტურ გადმოცემათა ნაკრები) ასე განიმარტება, თუ რატომ იზრდებიან მცენარეები: იმიტომ, რომ ყველა მცენარის სიახლოვეში იმყოფება მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც მკაცრად უბრძანებს მცენარეს: „გაიზარდე!“, ამიტომ ამ სიტუაციაში ყოველგვარი ბოტანიკა შეუძლებელია, – ბოტანიკა უცებ გარდაიქმნება ანგელოლოგიად, სულთა მცოდნეობად. იმისათვის, რომ მეცნიერება არ გადაიქცეს თეოლოგიად, მითოლოგიად, უნდა არსებობდეს მკვეთრი საზღვარი სულების სამყაროსა და მატერიის სამყაროს შორის. და ამასთან ერთად უნდა არსებობდეს რწმენა რომ ერთმა, ერთიანმა გონმა შექმნა მთელი ქვეყნიერება და მართავს მათ, და ეს გონი უცვლელია.

 

დაბოლოს, მეცნიერებს უნდა სწამდეთ, რომ სამყაროში არსებობს გონი, რომ სამყარო არ დაიყვანება მკვდარ ატომთა თამაშამდე. მეცნიერება ხომ ატომებს არ შეისწავლის, ის შეისწავლის მოძრაობის კანონებს, შემადგენლობას, ატომთა ურთიერთქმედებას დ.ა.შ. და მეცნიერი დარწმუნებულია: მას ძალუძს ამ კანონების შეცნობა, და რომ ეს კანონები დაწერილია ადამიანური ენით. ძალიან სერიოზული კითხვაა: საიდან გვწამს, რომ სამყაროს გააჩნია ისეთი სარჩული, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ჩვენი, ადამიანური მათემატიკის ენაზე.

 

აი ყველა ეს აქსიომა იქნა შეთავაზებული მეცნიერებისადმი სწორედ ქრისტიანობის მიერ. სადაც სამყარო რეალურია, იქ სამყარო კეთილია (ხომ გახსოვთ ბიბლიის დასაწყისი: “და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად”), სამყარო არ არის ღმერთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამყაროს ძალუძს საკუთარ თავში ატაროს სულიერი, გონიერი საწყისი, რადგან სიტყვა (ლოგოსი) გახდა ხორცი. და ამ ღმერთის სახელი, რომელმაც ჩვენი სამყარო შექმნა – სიყვარულია.

 

ახლა მოგიყვებით ერთ ისტორიას, საიდანაც ბევრი რამ თქვენთვის გასაგები გახდება. მაშ ასე, ერთერთი მორიგი ფრანკო-ესპანური ომის დროს, რომელიც როგორ ფიქრობთ სად მიმდინარეობდა? ბენილუქსში – ბელგიისა და ჰოლანდიის ტერიტორიაზე. იმ დროს ფრანგები ესპანელებს იქ ეომებოდნენ. ერთხელაც ფრანგული ასეული კაპიტან დეკარტეზიუსის მეთაურობით იკავებს ბრძოლის შემდეგ გადამწვარ სოფელს.

 

ნოემბერია, ცივა და საჭიროა ღამის გასათევზე ფიქრი. სახლები არ არის – სოფელი გადამწვარია, მაგრამ დარჩენილია დიდი ჰოლანდიური ღუმელები. ეს ღუმელები ხანძრის შემდეგ ინახავენ სითბოს და სწორეთ მათში არის შესაძლებელი გათბობა. კაპიტანი დეკარტე თავსდება ღუმელში და კეტავს საფარს რათა არ დაიკარგოს სითბო. წარმოიდგინეთ როგორ სიტუაციაში მოხვდა ის: ღუმელის სქელი კედლები არ ატარებს არც ბგერას, არც სინათლეს, ანუ არის სრული სიბნელე, ბგერების სრული არარსებობა, მარტოობა და ნორმალური ტემპერატურა – არც ცხელა და არც ცივა.

 

ანუ ესაა სიტუაცია სრული სენსორული შიმშილის – რასაც თანამედროვე ფსიქიატრები უწოდებენ სუდროკამერას. და დეკარტე აღმოჩნდება სრული იზოლაციის სიტუაციაში. და ამ პირობებში ის იწყებს ფიქრს. დეკარტე არის ფილოსოფიურად განათლებული ადამიანი. ის იწყებს იმ არგუმენტების გახსენებას, რომლებსაც ჯერ კიდევ ანტიკური სკეპტიკოსები იყენებენ სამყაროს შეუცნობადობის თაობაზე: ჩვენი გრძნობის ორგანოები ყოველთვის გვატყუებენ: წყალში ჩაშვებული ცოცხი ჩანს გადატეხილი, შორს არსებული ნივთი ჩანს პატარა, სიყვითლით დაავადებულ ადამიანს ფერთა და გემოს არასწორი აღქმა აქვს. ისმის კითხვა: თუ გრძნობათა ორგანოებს შეუძლიათ (ხანდახან მაინც) ჩვენი მოტყუება, იქნებ ისინი ყოველთვის გვატყუებენ?

 

დეკარტე ვარდება ძირეულ ეჭვში («De omnibus dubito» —„ყველაფერში ეჭვი მეპარება“): „შეიძლება ახლა ჩემი გრძნობათა ორგანოები მეუბნებიან: არაფერი არ არსებობს? ისინი ახლა ცრუობენ, თუ მათ იცრუეს ერთი საათის წინ? როდის მატყუებდნენ ჩემი გრძნობათა ორგანოები?“. და აი, დეკარტე მიდის ამ ეჭვის გზით, და ბოლოს ის მიდის წერტილამდე, რომლის იქითაც ეჭვი შეუძლებელია: „მე ვაზროვნებ, მე ეჭვი მეპარება, ე.ი. მე ვარსებობ“ («Cogito, ergo sum»). შეიძლება ჩემი სხეული არ არსებობს? თქვენ გაგიგიათ ფანტომური ტკივილების შესახებ: ხელი არ გაქვს და გეჩვენება, რომ ის გტკივა. შეიძლება მთელი ჩემი სხეული – ესაა ერთი დიდი ფანტომი? მაგრამ ჩემი გონი არსებობს. ჩემი ეჭვი, ჩემი კითხვა – რეალურია, ხოლო თუ არსებობს ჩემი გონი, ე.ი. მე ვარსებობ.

 

მეორე: „ჩემს გონში არის ერთი ფუნდამენტური იდეა – ღმერთის და აბსოლუტური არსობის იდეა“. (აქ ბოდიშს გიხდით უნდა გამოვტოვო, თუ როგორ ასაბუთებს დეკარტე ღმერთის არსობას, რადგან დრო გვაქვს ცოტა. ეს არის ღმერთის არსებობის ე.წ. ონტოლოგიური დამტკიცება). რეაქცია სავსებით ლოგიკურია, ფილოსოფიურად სრულყოფილი და უაღრესად კომპეტენტური (რაც არ უნდა თქვას მოგვიანებით კანტმა). ამის შემდეგ დეკარტე ახორციელებს ძალიან საინტერესო ლოგიკურ ნახტომს. ხაზს ვუსვამ: ის, რასაც აქამდე აკეთებდა, – ლოგიკურია. ხოლო ახლა ქრისტიანული ცრურწმენების ხარჯზე დეკარტეს შემოაქვს ფილოსოფიური ლოგიკა.

 

კერძოდ, დეკარტე ამბობს: „კარგით, ღმერთი არსებობს. მაგრამ ღმერთი ხომ სიყვარულია!“. აი აქ არის ნახტომი. რადგან „ღმერთი არის სიყვარული“ – ეს არ არის ფილოსოფიიდან გამომდინარე დებულება. უამრავი ფილოსოფიური სისტემებია, რომლებიც არ აღიარებენ, რომ ღმერთი არის სიყვარული. გაიხსენეთ ჰესიოდი, როდესაც ის წერს ქრონოსის შესახებ: “შვილები მამამ მოიძულა პირველი შეხედვისთანავე“. ხოლო დეკარტე ქრისტიანია, ის აღზრდილია ქრისტიანულ კულტურაში. „ღმერთი სიყვარულია. ხოლო თუ ღმერთი სიყვარულია, მას არ შეეძლო ისეთი შეექმნა ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდება. ღმერთმა ისეთები შეგვქმნა, ისეთი გრძნობათა ორგანოები მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შეცნობა!“ და მორჩა! აი ამ აღმოჩენით გაიხსნა ევროპული მეცნიერების რადიკალური ოპტიმიზმის გზა: ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ სამყარო!

 

ხოლო ამისთვის საფუძველი ჩაყრილი იყო ასწლეულების წინ. მე მოვიყვან მხოლოდ ერთ ციტატას კლიმენტი ალექსანდრიელიდან (II-III საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქრისტიანი მწერალი): „ძე ღმერთისთვის არაფერია შეუცნობადი. შესაბამისად არაფერია ისეთი, რისი შეცნობაც შეუძლებელი იქნებოდა. განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ის, ვინც კაცობრიობისთის დაითმინა ამდენი ტანჯვა, ადამიანის შემეცნებას მოაკლო თუნდაც ერთი პუნქტი?“.

 

ეს II საუკუნეა. გახსოვთ სახარებისეული იგავი: საფუარს აგდებენ ცომში, თუმცა ის ფუვდება თანდათან? მთელი ის ოპტიმიზმი, რომელიც თავიდანვე იყო ქრისტიანობაში, ნელნელა ჩნდება XVI საუკუნისთვის და ამართლებს სამყაროს შემეცნებას. სწორედ ქრისტიანობის წყალობით შემოვიდა ის აქსიომები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა სამყაროს კვლევისადმი მეცნიერული ინტერესი.

 

ახლა კითხვა: რატომ მაინცა და მაინც XVI საუკუნეში? პასუხი ძალიან მარტივია. საქმე ის გახლავთ, რომ ბიბლიას საერთოდ არანაირად არ აინტერესებს სამყარო. ბიბლიის პათოსი გამოხატულია ნეტარი ავგუსტინეს (V საუკუნე) „აღსარებანის“ ერთი ეპიზოდით: „და ღმერთმა მკითხა: „რისი შემეცნება გსურს?“ მე ვუპასუხე: „ღმერთის და საკუთარი თავის

და „მეტი არაფრის?“. „მეტი არაფრის“.“

 

ცხადია, რომ ქრისტიანობაში უმთავრესია, იპოვო ღმერთი. წარმართობაში მართლაც დიდია ინტერესი სულებისადმი, ღმერთუკებისადმი, ბუნების სტიქიებისადმი დ.ა.შ. ქრისტიანობა ამბობს: ღმერთი კოსმოსზე მაღლაა (მან შექმნა კოსმოსი), ამიტომ მასთან მისვლა კოსმოსის გავლის გარეშე ხდება, ისე, რომ არ გაება კოსმოსის სტრუქტურებში.

 

და აი დაუკვირდით: მთელს ბიბლიაში არ არის ერთი პეიზაჟული ჩანახატიც კი (ძალიან მნიშვნელოვანია იმის შემჩნევა, თუ რაზე დუმს ბიბლია). არცერთი პორტრეტული ჩანახატი! არადა მოდით ვთქვათ, ხომ ნათელია, რომ პეიზაჟი ბუნებრივად ითხოვს შემოსვლას. წარმოიდგინეთ, რომ ბაბილონიდან იუდეაში ებრაელთა დაბრუნების აღწერა მიდის და აი იუდეველები ბრუნდებიან თავის სამშობლოში, მათ გადალახეს იორდანე, ავიდნენ ელეონის მთაზე… და მათ თვალწინ გადაიშალა მშობლიური იერუსალიმი? ხომ ბუნებრივია, იმის აღწერა, თუ რა ნახეს მათ იქ. „და მათ ნახეს, რომ ხმელთაშუა ზღვიდან პროკურატორის მიერ შეძულებულ ქალაქზე მოდიოდა წყვდიადი“.

 

არა, ბიბლიაში არაფერი მსგავსი არ არის, არანაირი პეიზაჟული ჩანახატები. ბიბლიაში არ არის სოლომონის ტაძრის აღწერილობა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის. მასში არის ინსტრუქციები, თუ როგორ ააშენო სოლომონოს ტაძარი. არ არის აღწერა აღთქმის კიდობანისა, – არის მისი აშენებისთვის საჭირო ინსტრუქციები. ბიბლიაში არ გვხვდება ნოეს კიდობანის აღწერილობა, – არის (დეტალური, ტექნოლოგიური) ინსტრუქციები ნოეს კიდობანის ასაშენებლად. ბიბლიაში არ გვხვდება ბუნების სილამაზის აღწერილობა, – არის თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა სამყარო 6 დღეში. რაღაც ძალიან თავისებური ტექნოლოგიურ-საინჟინრო აზროვნებაა. შედეგად ნახეთ რა გამოდის: ბიბლიაში, ძველ და ახალ აღთქმაში, არ არის თანავარსკვლავედთა არანაირი აღწერილობა, – არაფერი ამისი მსგავსი იქ არ გვხვდება.

 

მაგრამ მიპასუხეთ, თუ შეიძლება, რომ კულტურა მთლიანობაში (არა ცალკე ადამიანი, არამედ კულტურა) ისე არსებობდეს, რომ არ აინტერესებდეს სამყარო? ცხადია არა. მაშინ ისმის კითხვა: როგორ მოხდა რომ შუასაუკუნეების ქრისტიანულმა ცივილიზაციამ შეძლო იმ ცოდნის მიღება, რომელიც სამყაროს შესახებ მის ინტერესს დააკმაყოფილებდა, და ეს მაშინ, როცა არაფერი მსგავსის ამოკითხვა ბიბლიაში მას არ შეეძლო? ცხადია ანტიკური, წარმართული მემკვიდრეობიდან. და ეკლესიისთვის ეს სიტუაცია მისაღები იყო? რაღაც დრომდე კი, ის მას შეიწყნარებდა. რადგან, ცხადია, რომ როდესაც არისტოტელესგან, პლატონისგან იღებ ფიზიკას, ის იქ იმდენად მჭიდროდაა გადახლართული მეტაფიზიკასთან, რომ როგორც გესმით ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

 

ამიტომ ეკლესია ამას ითმენდა, თუმცა სურდა მისგან გამიჯვნა. და უეცრად დადგა XVI საუკუნე და კიდევ რენესანსის ეპოქა მასზე ადრე, როდესაც ამოხეთქა ინტერესმა ანტიკურობისადმი, წარმართობისადმი, ოკულტიზმისადმი, ჰერმენევტიკისადმი დ.ა.შ. და ცხადია, რომ ეკლესიას უნდა მოეძებნა ამასთან ბრძოლის ძლიერი ინსტრუმენტი: კოცონი არასაკმარისია, ინკვიზიცია არასაკმარისია – ეს არასერიოზულია. საჭირო იყო სერიოზული გონთა ჭიდილში, რათა დაემარცხებინათ ანტიკური ოკულტიზმი. და აქ უეცრად არენაზე გამოდიან მეცნიერები.

 

ეკლესიისთვის ეს იყო უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი. მოგიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს. იცით თუ არა, რომ ბოილის ცნობილი კანონი (სკოლაში გისწავლიათ ბოილ-მარიოტის კანონი, რომელიც ეხება ზიარ-ჭურჭელში წნევის ვარდნას [5]) ХVII საუკუნეში შესული იყო ანგლიკანური ეკლესიის საღვთო სჯულის სახელმძღვანელოებში. საღვთო სჯულის კანონის ფარგლებში მრევლის ყოველ წევრს უნდა სცოდნოდა ეს კანონი ზეპირად. რატომ? აი საქმე როგორაა. როგორ ხსნიდნენ, მაგალითად, მეცნიერებამდელი ფიზიკოსები, ნატურფილოსოფოსები, სხეულთა და მათ შორის სითხეების მოძრაობას?

 

აი როგორ ხსნის არისტოტელე, თუ რატომ მიფრინავს ისარი: „მშვილდის სიმი უბიძგებს ისარს წინსვლას, ის მოძრაობს პირდაპირ, მოძრაობისას აფართოებს ჰაერს, ბუმბულის უკან წარმოიქმნება სიცარიელე, ჰაერი იკუმშება და ისარს კიდევ წინ უბიძგებს მოძრაობას“. მთავარი ფრაზა: „ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს“.

 

მაგრამ უკაცრავად, აქ ერთი კითხვა ჩნდება: თუ ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, ე.ი. მას აქვს თვითშემეცნების რაიმე ორგანო? რაღაცას იტანს, რაღაცას ვერ იტანს. ეს კი პირდაპირი გზაა პანთეიზმამდე და ანიმიზმამდე – წარმართულ კონცეფციებამდე. ეკლესიას ეს არასოდეს არ მოსწონდა. და აი მოდის ბოილი: „რას ამბობთ მეგობრებო, საქმე ისე არ გახლავთ, როგორც გგონიათ! არამედ საქმე ისაა, რომ იქ წნევათა ვარდნაა, იქ კი წმინდა მექანიკა და სხვა არაფერი!“. ამ დროს ეკლესია ითვისებს ამ ყოველივეს და ამბობს: „აი ეს კი არაჩვეულებრივია, აი ამისთვის დიდი მადლობა!“.

 

როგორც ცნობილია, დამეგობრების საუკეთესო მეთოდია – იპოვო საერთო მტერი. ეს ხომ ცნობილია? როდესაც ორი ახალგაზრდა ქალი სადმე გასასვლელში დგანან და რაღაცაზე ჩურჩულებენ, უნდა მიეპაროთ მათ უკნიდან და ჰკითხოთ: „გოგონებო, ვის წინააღმდეგ მეგობრობთ?“. ასევე ქრისტიანული ეკლესია და მეცნიერება ХVI — ХVII საუკუნეებში მეგობრობდნენ ოკულტიზმის წინააღმდეგ. ამიტომ, ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მხარი დაეჭირა სულებისგან თავისუფალი სამყაროს შემეცნების მეცნიერული მეთოდის დაბადებისთვის.

 

მე მესმის, რომ ყველაფერს, რასაც ვამბობ, ემყარება სამ სახელზე, რომლებიც ერთ კითხვაში ამოტივტივდებიან. როგორც წესი ეს კითხვა ფორმულირდება შემდეგნაირად: „რატომ დაწვით ჩვენი ჯორდანო ბრუნო?“ დამიჯერეთ, მართლაც ასე ფორმულირდება. პირდაპირ გეტყვით: ჯერ ერთი ჩვენ არა. მე მაინც მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ მოვალეობისთვის, მეცნიერული მოვალეობისთვის, მე ვალდებული ვარ იმ ადამიანების დაცვაც ვითავო, ვისაც არ ვეთანხმები.

 

ეს მითია, რომ ეკლესია სდევნიდა მეცნიერებს. თუნდაც ერეტიკული, კათოლიკური ეკლესია, მაგრამ მაინც, ეს მითია და კარგი არ არის იყენებდე მითს.

 

მოდით ვისაუბროთ ამის შესახებ. არის სამი სახელი: ნიკოლაი კოპერნიკი, ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი. როდესაც ადამიანს სურს იმის თქმა, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ის იხსენებს ამ სამ სახელს. მოდით უფრო ყურადღებით შევხედოთ მათ.

 

დავიწყოთ კოპერნიკით. კიდევ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კოპერნიკი იყო სასულიერო პირი, უფრო მეტიც, – ის იყო კანონიკოსი. ეს მსგავსია დეკანოზის ტიტულის (დეკანოზი – უფროსი სასულიერო პირი გარკვეულ რაიონში). საკუთარი მოსაზრებების გამო კოპერნიკი არანაირ რეპრესიებს არ განიცდიდა. პირველად მან თავისი ჰელიოცენტრული იდეის ხელნაწერის გავრცელება დაიწყო 1512 წელს. 20 წლის შემდეგ, 1533 წელს, ამ ხელნაწერმა მიაღწია პაპ კლიმენტი VII-მდე.

 

პაპი გაეცნო ხელნაწერს და არაფერი არ თქვა – არანაირ წინააღმდეგობას ან რეპრესიებს არ ჰქონია ადგილი. კოპერნიკის წიგნი გამოვიდა 1543 წელს – ესაა მისი სიკვდილის წელი. თავად ავტორმა საკუთარი წიგნი ვერ იხილა. მისი წიგნი ეძღვნება მაშინდელ პაპს და გამოცემულია მმართველი ეპისკოპოსის დაჟინებული სურვილითა და კურთხევით. ის სავსეა ღვთივსათნო მოსაზრებებით (ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ წიგნის თუნდაც რუსულ თარგმანს აიღებთ).

 

ანუ, წიგნი წყნარად გამოიცა და ავტორისთვის არანაირი უსიამოვნება არ მოუტანია. უფრო მეტიც, საინტერესოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამოდის კოპერნიკის საწინააღმდეგო პირველი კრიტიკა. ეს იყო 1581 წელი (აქ ძალიან მნიშვნელოვანია თარიღები, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ მათ მიმართ). ესე იგი, წიგნის გამოცემის დრო – 1543 წელი და პირველი კრიტიკისა – 1581 წელი. პირველი კრიტიკოსი გახლდათ რომში იეზუიტური კოლეჯის მათემატიკის პროფესორი ვინმე კლავიუსი. სამი წლის შემდეგ, 1584 წელს, ესპანელი ღვთისმეტყველი ზუნიგა გამოსცემს კოპერნიკის მხარდამჭერ წიგნს.

 

ყურადღება მიაქციეთ: მთელი ХVI საუკუნის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიაში მისაღებია კოპერნიკის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციების გამოთქმა. აქ არ არის ცხადი პოზიცია, რაიმე ცენზურა დ.ა.შ. უფრო მეტიც, რაც გასაკვირია: კოპერნიკის წინააღმდეგ გამოდიან მათემატიკოსები და მხარს უჭერენ ღვთისმეტყველები. და ბოლოს, კოპერნიკის წიგნის აკრძალვა ხდება 1616 წელს – 100 წელზე მეტი დროის შემდეგ რაც გამოიცა (ხელნაწერის სახით) მისი წიგნი და დაიწყო გავრცელება მისმა ჰიპოთეზამ.

 

სანამ გავაგრძელებთ, მოდით შევეცადოთ რაღაცაში ერთ რამეში გავერვკვეთ. ადამიანი, რომელიც მიჩვეულია, რომ პასუხი აგოს თავისი სიტყვების გამო უფლება არა აქვს თქვას, რომ ХVI საუკუნეში მოხდა რელიგიასა და მეცნიერებას შორის კონფლიქტი. როდის გახდა ჰელიოცენტრული მოდელი მეცნიერული ფაქტი? მხოლოდ 1851 წელს, როდესაც ფუკომ თავისი ქანქარას მეშვეობით [6] დაამტკიცა დედამიწის (საკუთარი ღერძის გარშემო – ზ.ო.) ბრუნვა.

 

ამიტომ, ამ დრომდე შეიძლებოდა საუბარი ჰელიოცენტრიზმის ჰიპოთეზის შესახებ, მაგრამ ის არ იყო დამტკიცებული ფაქტი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ მოხსნა კოპერნიკის წიგნზე აკრძალვა 100 წლით ადრე, ვიდრე ფუკომ დაამტკიცა დედამიწის ბრუნვა. ჯერ კიდევ ХVIII საუკუნეში, კერძოდ კი 1757 წელს, ხოლო საბოლოოდ 1822 წელს, ეს აკრძალვა გაუქმდა. ნებისმიერ შემთხვევაში მრავალი წლით ადრე ფუკოს ექსპერიმენტამდე.

 

ამიტომ სახეზეა კონფლიქტი რაღაც ჰიპოთეზასა (დაუმტკიცებელი ჰიპოთეზის) და კათოლიკურ ინკვიზიციას შორის. უნდა ითქვას, რომ თავად კოპერნიკმა ვერ დაამტკიცა თავისი სისტემა. და ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ასტრონომებმა მისი სისტემა არ მიიღეს. და სწორადაც მოიქცნენ. რადგან მეცნიერული სიმკაცრის ყველა ის პრინციპი, რომლებიც მიღებულია თანამედროვე მეცნიერებაში, კოპერნიკისა და მოგვიანებით გალილეის მიერ, იყო სრულიად გათელილი [7].

 

უფრო დაწვრილებით ავხსნათ, გასაგები რომ იყოს თუ რატომ არ იქნა კოპერნიკის იდეა მიღებული ასტრონომების მიერ. როგორც გესმით, კოპერნიკი გამომდინარეობს ამოდის იმ რწმენიდან, რომ პლანეტების ორბიტები სფერულია – ანუ, რომ პლანეტები მოძრაობენ წრეზე. კოპერნიკის ეს მსჯელობა ეფუძნება წმინდად რელიგიურ წარმოდგენას. ღმერთმა ყველაფერი სრულყოფილი შექმნა, ყველაზე სრულყოფილი ფიგურაა წრე, ამიტომ სწორედ წრეზე უნდა მოძრაობდნენ პლანეტები. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პლანეტები მოძრაობენ ელიფსურ ტრაექტორიაზე. კოპერნიკმა ეს ვერ გაითვალისწინა.

 

ეს ნიშნავს, რომ მეცნიერი, ასტრონომი, რომელიც აიღებდა კოპერნიკის წიგნებს ხელში და შეეცდებოდა გამოეთვალა პლანეტების განლაგება, უსათუოდ შეცდომაზე იქნებოდა განწირული [7]. ამას ძალიან მალე მიხვდნენ ასტრონომები და ამიტომ მისი სისტემა ვერ დამკვიდრდა. მას მაინც ჰქონდა გადახრა, ცდომილება. ტიხო ბრაგეც კი, უკვე ХVII საუკუნეში ამბობდა, რომ შესაძლებელია ორივე სისტემით სარგებლობა – ვისთვისაც რომელი უფრო მოსახერხებელია.

 

და ამის მიუხედავად, კოპერნიკის წიგნი, გახდა პოპულარული, თუმცა სერიოზულად დასაბუთებული ის არ გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ მას, მან მაინც მოიპოვა პოპულარობა. რატომ? ეს წიგნი პოპულარული გახდა ევროპული ჰუმანიტარული ინტელიგენციის წრეებში. იმისათვის, რომ გავიგოთ კოპერნიკის იდეების ასეთი პოპულარობის მიზეზი, საჭიროა კიდევ ერთხელ შევეხოთ ХVI საუკუნის ატმოსფეროს. კიდევ და კიდევ ვიმეორებ: ეს არის საუკუნე, რომელიც საკუთარ თავს შეიმეცნებს რენესანსის ეპოქისადმი დაპირისპირების გზით. და თუ ХV საუკუნე – ესაა ჰუმანიზმის საუკუნე, ХVI საუკუნეში ყველაზე გავრცელებული დამოკიდებულებაა – მიზანტროპია. ხომ გესმით, რომ ХVI საუკუნეში ევროპული კაცობრიობა დადგა მის ისტორიაში უპრეცედენტო კონფლიქტის წინაშე: რელიგიური და ტოტალური ომების წინაშე.

 

საქმე ისაა, რომ შუა საუკუნეებში ევროპელები გადაეჩვივნენ ბრძოლას. ომები იყო, მაგრამ სადღაც საზღვრებს გარეთ (ჯვაროსნული ომები). ომები იყო ევროპაში, მაგრამ ეს იყო პროფესიონალთა შეტაკებები. გაიხსენეთ შუასაუკუნეების უდიდესი შეტაკება პუატიესთან. ორივე მხრიდან რამდენი რაინდი დაიღუპა იქ? 100 კაცზე ნაკლები. ბოლო ბოლო გაიხსენეთ ყინულის სასაკლაო. რამდენი რაინდი დაიღუპა? რამდენიმე ათეული, არა უმეტეს ორმოცისა. ერების დიდი მიგრაციებისა და რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპა გადაეჩვია მასობრივი ომის ფენომენს.

 

ამიტომ, როდესაც უეცრად ХVI საუკუნეში, რელიგიური კონფლიქტების დროს, ის კიდევ ერთხელ შეეჯახა მას, ეს იყო იმ შოკის მაგვარი, რაც ევროპულმა ინტელიგენციამ განიცადა ჩვენს დროში – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. როდესაც აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე კულტურული ერი – გერმანია – მზადა გამოიყენოს მომწამვლელი გაზები, დაბობბოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ შეიძლება ომი გაიწელოს მილიონი მსხვერპლის ფასად! ეს იყო შოკი, რომელმაც შექმნა რემარკისა და ჰემინგუეის რომანები. და აი სწორედ ასეთი შოკი, ასეთივე იმედგაცრუება ჩნდება ХVI საუკუნის ევროპის ადამიანში და ევროპულ საზოგადოებაში.

 

ესაა მიზანტროპიის პერიოდი. ამ დროს იქმნება განთქმული ჰოლანდიური ნატურმორტები. იცით, ეს ჩვენთვისაა დღეს ნატურმორტი – გემრიელი და ჯანმრთელი საკვების შესახებ წიგნის ილუსტრაცია. ХVI საუკუნეში ასე არ იყო, ეს იყო რელიგიური, ასკეტური ხელოვნება. იქ ბატია მოგრეხილი კისრით, თევზია ამოშიგნული, ღორის მოჭრილი ფეხი და მომძვრალი, გამხმარი ყვავილია ვაზაში – ეს სიკვდილის სახეებია. ამიტომ ХVI საუკუნის ნატურმორტი – სიკვდილის შეხსენებაა. «Memento more» – „ადამიანო, გახსოვდეს სიკვდილი!“. «Nature mort» — „მკვდარი ბუნება“.

 

ამ დროს ძალიან დიდ პოპულარობას იხვეჭს ლექსები, რომლებიც აცხადებენ ადამიანის სიმცირეს: „ნებისმიერი სტიქია სუფთაა, ხოლო ჩვენი სულები – სავსე არიან სიბინძურით“. ამიტომაც ამ ასწლეულში ძალიან მოდურია ბუნების შესწავლა. რატომ? მქადაგებლები ამბობენ: „უყურე ადამიანო: ვარსკვლავები არ უხვევენ საკუთარ გზას, მთელი ქმნილება სამყაროში აღასრულებს შემოქმედის ნებას და მხოლოდ შენ ადამიანო, შეგიძლია ჩაიდინო სიბინძურე! წადი და ისწავლე სამყაროსგან!“. ეს არის რელიგიური შინაარსი, რომლითაც ეპოქა ბუნებისმეტყველებას აღავსებს.

 

წარმოიდგინეთ, მიზანტროპიის ამ სამყაროში, სადაც ადამიანები უკვე არ თვლიან თავს ქმნილების გვირგვინად – ისინი იმდეგაცრუებულნი არიან ХV საუკუნით, და უცებ ეს ადამიანები ისმენენ, რომ რომელიღაც მღვდელმა და ასტრონომმა დაამტკიცა, რომ დედამიწა არ იმყოფება სამყაროს ცენტრში. „ჰმ! ჩვენ ხომ ამას დიდი ხანია ვგრძნობდით. ადამიანი – ეს არის რაღაც გონიერი ობი კენჭზე, რომელიც ბრუნავს სადღაც კოსმოსური სანაგვის კიდესთან! მართალია, რანაირი გვირგვინი ვართ ქმნილებისა?! რას ამბობთ?! სამყარო ავადაა ადამიანით და მეტი არაფერი!“ კოპერნიკის წიგნიდან გამომდინარეობს რადიკალური მიზანტროპული იდეები.

 

ასე რომ, როდესაც საუბარი ეხება ეკლესიის და კოპერნიკის კონფლიქტს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ იყო ეკლესიის და მეცნიერების კონფლიქტი, ეს იყო კონფლიქტი ორი სახეობის იდეოლოგიას შორის – ქრისტიანულის (კათოლიკურის) და მიზანტროპულის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია: ეკლესია არასოდეს შედის მეცნიერებასთან კონფლიქტში, მაგრამ ეკლესია ყოველთვის და ყველა ასწლეულში იბრძოლებს ამა თუ იმ მეცნიერული აღმოჩენების შესახებ იდეოლოგიურ სპეკულაციებთან. იქ, სადაც მეცნიერული რეალური მონაცემებიდან ძალიან ნაჩქარევად ხდება იდეოლოგიურ და ფილოსოფიურ განმაზოგადებელ თავისებურებათა შედეგების გამოწოვა. აი სწორედ ამ საკითხში სიფთხილის შესახებ ეკლესია ყოველთვის გამოდიოდა.

 

მაშ სად არის კონფლიქტის საბაბი? თავისთავად, ХVI საუკუნე ჰუმანიზმის იდეების მემკვიდრეა. გაიხსენეთ, აღორძინების ეპოქის ტიტანებს არ ჰქონდათ პრობლემები ეკლესიასთან. ურთიერთობა იყო ძალიან კარგი – ვატიკანიდან შეკვეთები მოდიოდა რეგულარულად. ХVI საუკუნის საეკლესიო იერარქებმა და ღვთისმეტყველებმა ჰუმანიზმის ეპოქიდან მემკვიდრეობად მიიღეს მისი იდეალები (ცხადია ქრისტიანული გაგებით).

 

გაიხსენეთ, ვის მხარეზე იდგა ХVI საუკუნის ჰუმანისტების უმეტესობა ლუთერისა და რომს შორის გამართულ კამათებში? გაიხსენეთ ერაზმუს როტერდამელი. ისინი იცავდნენ ვატიკანს, რომს. და ლუთერი რას ამბობდა? „გონება – ესაა ეშმაკის მეძავი“. ცხადია, რომ ჰუმანისტისთვის, ფილოსოფოსისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც შეითვისა პლატონისა და იოანე ოქროპირის იდეები, ასეთი ტიპის გამონათქვამები … არაკულტურულია, არაქრისტიანული, არაა კარგი. ამიტომ, ეკლესია იცავდა ჰუმანიზმის იდეებს მიზანტროპიასთან პოლემიკაში, რომელიც ცდილობდა დაყრდნობოდა კოპერნიკის აღმოჩენას.

 

აი სად იყო პრობლემა: ძალიან ხშირად ჩვენ ვაწყდებით ასეთ სიტუაციას, რომელსაც მე დავარქმევდი კონტექსტუალურ უპატრონობას – როდესაც საკუთარ კონტექსტში ჭეშმარიტი რაიმე თეზისი, ხდება მცდარი, სხვა კონტექსტში გადატანისას.

 

 

აი მაგალითი. აქამდე ქრისტიანი – ესაა ადამიანი, რომლიც სამყაროს უყურებს გეოცენტრულად. ჩვენ დღემდე დარწმუნებულნი ვართ, რომ დედამიწა იმყოფება სამყაროს ცენტრში. მაგრამ საჭიროა გვესმოდეს, რომ არსებობენ სხვადასხვა სამყაროები: არის სამყარო ფიზიკური, და არის სამყარო მეტაფიზიკური, შინაარსობრივი სამყარო. მახსოვს, ახალი ჩარიცხული ვარ სემინარიაში და გვიკითხავენ ლექციას წმინდა სამების სერგის ლავრის ისტორიის შესახებ. კითხულობს მამა ანდრონიკე, პავლე ფლორენსკის შვილიშვილი.

 

და აი, გვიყვება ლავრის ისტორიას და გვეუბნება ასეთ ფრაზას: „ძმებო იცით, რომ სამების ტაძრის ცენტრში არის ნიშა წმინდა სერგის წმინდა ნაწილებით“. ჩვენ ვხმაურობთ დარბაზში. აქ უკვე ორი კვირაა ვცხოვრობთ, ხომ გესმით…ჩვენ ყველაფერი ვიცით!). „მამაო, ეს არასწორია! ნიშა ცენტრში კი არა, კედელთან გვერდით მარჯვნივ დგას!“. „ძმებო, მომიტევეთ, და რა შეიძლება იყოს სამების ტაძრის ცენტრი, თუ არა მისი მთავარი სიწმინდე – წმ. სერგის წმინდა ნაწილები?“.

 

შემდეგ ამბობს: „თავად სამების ტაძარი იმყოფება ჩვენი წმინდა სამების სერგის ლავრის ცენტრში.“ ჩვენ ისევ ვხმაურობთ: „მამაო, შეუძლებელია! ცენტრში მიძინების ტაძარია, თქვენ შეგეშალათ! ხოლო სამების ტაძარი – მარცხნივაა იქვე ქვემოთ კუთხეში.“ „ძმებო მაპატიეთ, რა შეიძლება იყოს სამების სერგის ლავრის ცენტრი, თუ არა სამების ტაძარი სერგის წმინდა ნაწილებით?“.

 

და აგრძელებს: „დაბოლოს თავად ლავრა იმყოფება რუსეთის ცენტრში“. აქ როგორც იქნა მივხვდით და არ დავიწყეთ რუქებზე საზღვრამდე სახაზავით მანძილების გაზომვა – ცხადია, რომ საუბარია შინაარსობრივ მანძილზე და შინაარსობრივ ცენტრზე. თუ ვიხილავთ რუსეთს, მაშინ სად არის მისი გეოგრაფიული ცენტრი? სადღაც კრასნოიარსკის მხარეში. მაგრამ ხომ გესმით, რომ რუსეთის შინაარსობრივი ცენტრი მოსკოვია? წინა საუკუნეში (ეს სტატია მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწერა – ზ.ო.) კი ეს იყო პეტერბურგი – საერთოდ სასაზღვრო ქალაქი. და აქ საკმაოდ ნათლად იყო ხაზმაგმსული ადამაინის ფიზიკური და შინაარსობრივი სამყაროს განსხვავება.

 

ზუსტად ასევე იყო ХVI-ХVII საუკუნეებში. ეკლესიისთვის ცხადია, რომ ადამიანია სამყაროს ცენტრი. რადგან უფალმა მთელი სამყარო ადამიანისთვის შექმნა. ყველა სამყაროთა შემოქმედი მოვიდა დედამიწაზე (არა მარსზე და არა იუპიტერზე) და გახდა ადამიანი, და არა მარსიანელი. ეს გეოცენტრიზმი, ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი ХVI საუკუნის ჰუმანიტარი ინტელიგენციის მიერ იდევნებოდა მიზანტროპიით ჩანაცვლების გზით და ეკლესია გამოექომაგა ადამიანურ ღირსებას. არ შეიძლება ასე მდაბლად ფიქრი ადამიანზე.

 

ეს გახლდათ კოპერნიკის მემკვიდრეობის შესახებ კონფლიქტის წყარო.

 

კიდევ შორს წავიდეთ. ჯორდანო ბრუნო. ბრუნოს შესახებ საერთოდ არ შეიძლება ამ ტიპის ფრაზების წარმოთქმა: „ინკვიზიციამ დაწვა უდიდესი მეცნიერი ჯორდანო ბრუნო“. უბრალოდ იმიტომ, რომ მეცნიერების ისტორია ასეთ მეცნიერს არ იცნობს. ევროპული იდეოლოგიის ისტორიაში არის ასეთი სახელი. ესაა მითი ჯორდანო ბრუნოს შესახებ. ხოლო მეცნიერ ჯორდანო ბრუნოს მეცნიერების ისტორია არ იცნობს. დამისახელეთ, თუნდაც ერთი აღმოჩენა, თუნდაც ერთი მის მიერ დამტკიცებული თეორემა, ან ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც დაკავშირებულია მის სახელთან! ეს იყო ჟურნალისტი და არა მეცნიერი თანამედროვე შინაარსით.

 

დიახ, ბრუნოს ჰქონდა ორი იდეა, რომლებიც ახლოსაა თანამედროვე ცოდნასთან სამყაროს შესახებ. პირველი: ჰელიოცენტრიზმის იდეა. ბრუნო მართლაც დარწმუნებული იყო, რომ მზე იმყოფება სამყაროს ცენტრში. ბოდიშით, მაგრამ განა ბრუნომ მეცნიერული არგუმენტაციის მოშველიებით დაასაბუთა მისი ეს რწმენა? არა. ბრუნოს არგუმენტები იყო უსაზღვროდ მარტივი: ის თვლიდა, რომ მზე – ესაა მსოფლიო სულის მყოფობის ადგილი და საერთოდ ესაა ღვთაების თვალი. ეს იყო წმინდა ოკულტური იდეა და მეტი არაფერი. არანაირი მეცნიერული აღმოჩენები მას არა აქვს.

 

მისი მეორე იდეა ეხებოდა იმას, რომ არსებობს უამრავი სამყარო და რომ ის უსასრულო ზომისაა, და რომ შეიძლება არსებობდნენ სხვა პლანეტები და სხვა ვარსკვლავები, რომლებზეც ცხოვრობენ ცოცხალი არსებები.

 

პიველ რიგში, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მეცნიერების მიერ დღემდე დამტკიცებული არაა, რომ სამყაროში არსებობენ სხვა გონიერი არსებები. რაც შეეხება სამყაროს უსასრულობას, ბრუნო ამას ასაბუთებდა ასე: „რადგან ღმერთი უსასრულო ენერგიაა, ღმერთი უსასრულობაა, მაშინ მას ღირსეულად შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება მხოლოდ უსასრულო სამყაროს შექმნით. ღმერთის შეურაცხმყოფელია, მასზე ფიქრი ისე, რომ უსასრულო ღმერთმა შექმნა შეზღუდული სამყარო.“ უნდა ითქვას, რომ პრინციპში ეს ნააზრევი შეიძლება მიიღოს ქრისტიანმა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ნააზრევი რელიგიურია.

 

ახლა ამის ახსნას არ დავიწყებ, მაგრამ ამ არგუმენტის წინააღმდეგ მაქვს რამდენიმე წმინდა ფილოსოფიური კონტრარგუმენტები. ბრუნოს ნააზრევში არის ერთგვარი დაუფიქრებლობა და პრიმიტივიზმი. მაგრამ ეს საჭიროებს ცალკე საუბარს. კიდევ და კიდევ ვიმეორებ: მის ამ დასკვნებს, რომლებიც შესაძლებელია წააგავს სამყაროს თანამედროვე სურათს, ბრუნო ასაბუთებს არამეცნიერული გზით. ამიტომ ბრუნოსა და ეკლესიის კონფლიქტი – ეს იყო კონფლიქტი ორ რელიგიას შორის: ოკულტურ-ჰერმეტულ რელიგიასა და კათოლიკურ რელიგიას შორის. ეს არ იყო ეკლესიისა და მეცნიერების კონფლიქტი.

 

ბრუნოს სასამართლოზე ჰელიოცენტრიზმის საკითხი საერთოდ არ იდგა. ვიმეორებ: ჩვენს წინაშეა მასონურ-ანტიქრისტიანული მითის წმინდაწყლის ნიმუში, რომლიც შეიქმნა ХVIII — ХIX საუკუნეების მასონური ჟურნალისტიკის მიერ. ბრუნოს დაკითხვის რეალური ოქმები გამოქვეყნებულია. არსებობს რუსული თარგმანიც. ესაა კრებული „Вопросы истории, религии и атеизма, Москва, 1950г.“, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა იხილოს ეს ოქმები და დარწმუნდეს ჩემს მიერ ნათქვამის სიმართლეში. მოვიყვან მხოლოდ ერთ ციტატას. ის ეკუთვნის რომელიღაც იეზუიტ კასპარ შოპეს, რომელიც ესწრებოდა ბრუნოს სასამართლოს.

 

ის ასე აჯამებს ბრუნოს მიმართ წაყნებულ ბრალდებებს: „ამ წიგნებში ის ასწავლიდა, რომ სამყაროები უსასრულოა; რომ სული ერთი სხეულიდან მეორე სხეულში და სხვა სამყაროშიც კი გადასახლდება; რომ ერთი სული შეიძლებაიყოს ორ სხეულში; რომ მაგია – ესაა კარგი და ნებადართული რამ; რომ სული წმინდა – სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს სული; ის ამბობდა, რომ მოსე სასწაულებს ახდენდა მაგიის მეშვეობით; ამბობოდა, რომ მოსემ თავისი კანონები გამოიგონა და რომ წმინდა წერილი მხოლოდ აჩრდილია; ის ამბობდა, რომ ეშმაკი ხსნილი იქნება. ადამიდან და ევადან მას გამოჰყავს მხოლოდ ებრაელთა წარმოშობა – ხოლო დანარჩენები ღმერთმა შექმნა ერთი დღით ადრე. მისი აზრით ქრისტე ღმერთი არაა. ის იყო ცნობილი მაგი და ამის გამო დამსახურებისამებრ იყო დაკიდებული ჯვარზე. წინასწარმეტყველები და მოციქულები იყვნენ უვარგისი ხალხი და მაგები და მათგან უმრავლესობა ჩამოახრჩეს“.

 

ეს სრული ნუსხაა იმ ბრალდებებისა, რომლებიც წაუყენეს ბრუნოს. დააკვირდით: ჰელიოცენტრიზმში ბრალდება აქ არ არის. ეს ცალკე საკითხია, მართლაც ასწავლიდა თუ არა ბრუნო ყოველივე იმას, რაშიც ბრალს სდებდნენ. ამის შესახებ ცალკე შეიძლება საუბარი, თუ მისი წარმოდგენები რამდენად კორექტულად იყო წარმოდგენილი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ: დაუკვირდით თუ რა არ არის იქ, – არ არის ჰელიოცენტრიზმის ქადაგებაში ბრალდება. დაბოლოდ გაიხსენეთ, რომ ბრუნოს წვავენ 1600 წელს. და როდის დაიგმო კათოლიელკბის მიერ ჰელიოცენტრიზმი? 1616 წელს. თუნდაც ამიტომ კიდევ და კიდევ ვიმეორებ, სულ მცირე საშუალებაც არაა რომ ვისაუბროთ კოპერნიკის მხარდაჭერის გამო ბრუნოს დაწვაზე: კოპერნიკი ჯერ აკრძალული არ იყო!

 

კიდევ ერთი პატარა დეტალი: კოპერნიკიც და ჯორდანო ბრუნოც თავიდან ანათემირებულნი იყვნენ პროტესტანტების მიერ (დღეს მიღებულია, რომ ყველა ცოდვა გადავაბრალოთ კათოლიკებს, სწორედ იმიტომ, რომ ისინი მართლმადიდებლებთან ყველაზე ახლოს არიან). ყურადღება მიაქციეთ: თავიდან სწორედ პროტესტანტებმა დაგმეს კოპერნიკი. 1539 წელს კოპერნიკის შესახებ ლუთერმა განაცხადა: „ამ სულელს სურს გადმოაყირაოს მთელი ასტრონომია, მაგრამ, როგორც წმინდა წერილი აცხადებს, მზეს და არა დედამიწას უბრძანა იესო ნავეს ძემ გაჩერება“.

 

რომელ ბიბლიურ ტექსტზე ახდენს ლუთერი ციტირებას? ძველი აღთქმის იესო ნავეს წიგნში აღწერილია ფილისტიმელებთან ბრძოლა, როდესაც იუდეველებმა გამარჯვება მოიპოვეს მათ მტერზე, მაგრამ დადგა საღამო. იცით თუ არა, თუ როდის დგება საღამო სამხრეთში: მყისიერად ყველაფერი ბნელდება, არ არის არანაირი ბინდი, არამედ სრული სიბნელეა. და ამ პირობებში შეუძლებელია ბრძოლის გაგრძელება. და აი მომხვდურის ჯარი შედრკა და დაიწყო უკან დახევა, და დროა განახორციელო წარმატებული შეტევა, რომ დადგა სრული სიბნელე. ბრძოლა უნდა შეწყდეს ხოლო დილით მტრის ჯარში ისევ აღდგება წესრიგი და ისრაელის ხალხს შორის კიდევ საჭირო იქნება მსხვერპლი.

 

და მაშინ იესო ნავეს ძე, ებრაელთა ბელადი აღაპყრობს ხელებს და ლოცულობს: „მზეო, დადექ თავს ზემოთ!“ (ხეობის ზემოთ, სადაც ბრძოლა გაიმართა). და ბიბლია მოგვითხრობს, რომ მისი ლოცვით მზე გაჩერდა, მზისმიერი დღე გახანგრძლივდა და ებრაელებმა შეძლეს მათი მტრის დამარცხება. ჩვენს წინაშე ეპიკური ტექსტია! იქიდან იმ დასკვნის გაკეთება, რომ ზუსტად მზე გაჩერდა, ან დედამიწამ შეწყვიტა სრბოლა – ეს იგივეა, რომ დავადანაშაულოთ ლევ ტოლსტოი უცოდინარობაში, რადგან ხომ გახსოვთ, როგორ წერს: „მზე გაჩერდა აუსტერლიცის ზემოთ“. აი როგორი ბებერი იდიოტია! იმას კი არ იტყვის: „დედამიწა მოტრიალდა ამდენი და ამდენი გრადუსით თავისი ღერძის გარშემო, ისე, რომ მზის სხივები ამ კუთხით შეეხნენ ასეთი კოორდინატების (გრძედის და განედის) ამ ველს“.

 

ეპიკურ ტექსტს თავისი კანონები აქვს და ამიტომ მისი კონტექსტიდან ამ ტექსტის ამოჭრა და მისგან ასტრონომიის დოგმატის შექმნა – სისულელეა. ამ შემთხვევაში სისულელე ჩაიდინა ლუთერმა. მაგრამ არანაკლებ სისულელეს სჩადიოდნენ კოპერნიკის დამცველები, როდესაც იგივე ფიზიკური აღმოჩენიდან ან მათემატიკური მოდელიდან რელიგიურ დასკვნებს აკეთებდნენ. აქ ორივე მხარე ცდებოდა.

 

რაც შეეხება ბრუნოს, ის ლუთერანული ეკლესიიდან განიკვეთა 1589 წელს. ხოლო კათოლიკებთან — 1600 წელს, 10 წლის შემდეგ.

 

ახლა გალილეის შესახებ. გალილეისთან ყველაფერი კიდევ უფრო რთულად და კიდევ უფრო საინტერესოდაა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ თქვენთვის გასაგები იყოს გალილეის ტიპაჟი (ვიტყვით), გალილეი საკუთარ თავზე ძალიან შეყვარებული, და ძალიან დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი გახლდათ. ყურადღება მიაქციეთ, მისი ცნობილი წიგნი (დიალოგი ასტრონომიის ორი მოდელის – პტოლემეოსისა და კოპერნიკის შესახებ), თავდაპირველად შეიცავს სიყალბეს. კერძოდ: საქმე ისაა, რომ კოპერნიკის დროინდელ სამეცნიერო წრეებში ტრიალებდა არა ორი მოდელი, არამედ ოთხი. პტოლემეოსისა და კოპერნიკის მოდელების გარდა იყო კეპლერის სისტემა და ტიხო ბრაგეს სისტემა. ამ უკანასკნელის თანახმად მზე ტრიალებს დედამიწის გარშემო ხოლო ყველა სხვა პლანეტა – მზის გარშემო (უფრო რთული სისტემაა). გალილეი არასოდეს ციტირებს კეპლერს, არასოდეს. ის არ ციტირებს ბრაგესაც. ის მათ მოისვრის და აი მხოლოდ ორი მოდელია და მორჩა.

 

მეორე საინტერესო დეტალი: 1618 წელს ევროპის ცაზე დაიკვირვებოდა კომეტა (ახლა ბოდიშს ვიხდი, ვერ ვიხსენებ მის სახელს, მაგრამ ეს არაა მთავარი [8]). გალილეი იმ ღამეს ავად გახლდათ. სხვები ავად არ იყვნენ, ისინი დააკვირდნენ და აღწერეს კომეტა. გალილეისთვის ეს აუტანელი იყო. მთელი სამეცნიერო სამყარო საუბრობს მნიშვნელოვან ფენომენზე ცაზე და გალილეიმ ეს ვერ დაინახა. როგორ ფიქრობთ, როგორი გამოსავალი მოძებნა გალილეიმ ამ სიტუაციაში? მან განაცხადა, რომ კომეტები საერთოდ არ არსებობენ!

 

მან განაცხადა, რომ კომეტები ატმოსფერული მოვლენებია და მეტი არაფერი. არა კოსმოსური, არამედ ცისარტყელის მსგავად – ატმოსფერული. ანუ ეს იყო ღრუბლებში სინათლისა და ფერების თამაში და მეტი არაფერი. კიდევ რა მიზეზით არ შეეძლო გალილეის კომეტების არსებობის დაჯერება? იმიტომ, რომ კომეტების ორბიტები არ იმყოფებიან ეკლიპტიკის (მზის დედამიწის გარშემო ხილული მოძრაობის ტრაექტორია) სიბრტყეში. მის მოდელში ესეც არანაირად არ ჯდებოდა. ამიტომ მან აუცილებლად ჩათვალა საერთოდ უარეყო კომეტების არსებობა. გალილეის ასეთი ნარცისიზმი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროცესში, რომლის შესახებაც გვექნება საუბარი.

 

საერთოდ როგორი იყო გალილეის დამოკიდებულება კათოლიკურ ეკლესისთან? დამოკიდებულება უბრალოდ იდეალური იყო. საქმე ის გახლავთ, რომ 1616 წელს ხდება კოპერნიკის წიგნის დაგმობა, ინკვიზიციის კომისიის მეთაური, რომელიც გმობს ამ წიგნს გახლდათ ვინმე კარდინალი ბარბერინი. მან პირველ რიგში ხელი შეუშალა, რათა კოპერნიკის წიგნის დაგმობიდან სერიოზული დისციპლინარული დასკვნები გაკეთებულიყო. ასე ვთქვათ, დაგმეს წიგნი, მაგრამ თავად კოპერნიკი არ გადაუციათ ანათემას (ეს ძალიან მნიშვნელოვანია).

 

ამ წიგნის შემნახველთა და გამავრცელებელთა წინააღმდეგ არ ხორციელდებოდა დევნა. ეს იყო ბარბერინის პოზიცია. ჭკვიანი ადამიანი გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერების ისტორიის თანამედროვე სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ის რასაც აკეთებდა ბარბერინი, – წარმოადგენს თანამედროვე თვალსაზრისს მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთკავშირის შესახებ. ბარბერინი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა მათემატიკური მოდელებით სარგებლობა, მაგრამ საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც საკუთარ მათემატიკურ მოდელს აძლევთ ფიზიკურ სტატუსს, ფიზიკურ შინაარსს. აქ სიფრთხილეა საჭირო.

 

ასე რომ, როდესაც 1616 წელს იგმობა კოპერნიკის წიგნი, ბარბერინი ხვდება გალილეის და განუცხადებს მას: „ბატონო გალილეი, მე ვიცი, რომ თქვენ მხარს უჭერთ კოპერნიკის იდეას. ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ. გთხოვთ მხოლოდ ერთის შესახებ: რომ თქვენ ყოველთვის თქვათ, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ჰიპოთეზაა. ჰიპოთეზა, რომელსაც შეუძლია ზოგიერთი მათემატიკური გამოთვლების გაადვილება, ხოლო სინამდვილეში ასეა, თუ არა, – ამ საკითხებში დიდი სიფრთხილეა საჭირო“.

 

გადის რამდენიმე ხანი და ბარბერინი ხდება რომის პაპი.

 

და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო რამ. პირველ რიგში, მისი დამოკიდებულება გალილეისადმი იყო მაქსიმალურად მეგობრული. ეს გახლავთ პაპი ურბან VIII. 1624 წელს გალილეი პაპ ურბანს ანდობს მის გეგმას დიალოგების წიგნის გამოცემის თაობაზე. პაპის რეაქცია საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო, ის ითხოვს მხოლოდ ერთს: რომ ორივე მხარე წარმოდგენილი იყოს ღირსეულად, რათა გადმოცემული იყოს ორივე მხარის , როგორც ტრადიციული პტოლემეოსის, ისე კოპერნიკის სისტემის მომხრეთა, არგუმენტები. 1630 წელს გალილეი კიდევ ერთხელ ხვდება პაპს, და საუბარი ისევ იგივე საკითხს ეხება.

 

გალილეი იმეორებს, რომ ის კოპერნიკელია. პაპი მას სთავაზობს ასეთ რამეს: „წინასიტყვაობაში დაწერეთ ისეთი არგუმენტი, რომ დიახ, წმინდა ადამიანურად უფრო მოსახერხებელია პლანეტების ორბიტების გამოთვლა, თუ გამოვალთ ჰელიოცენტრული მოდელიდან. ეს ჩვენთვისაა მოსახერხებელი, ხოლო უფალი არაა ვალდებული შექმნას სამყარო ისე, რომ მოსახერხებელი იყოს დედამიწელი ასტრონომებისთვის. და რადგან გზანი ღმრთისანი გამოუკვლევნი არიან, ამიტომ აქ არის ერთგვარი საიდუმლო, და იმ ფაქტიდან, რომ ჩვენ გვირჩევნია ასე გამოთვლა, არ გამომდინარეობს, რომ ღმერთმა მართლაც ასე გააკეთა“.

 

გალილეი უარს ამბობს შეასრულოს პაპის ეს თხოვნა. და სწორადაც იქცევა. რადგან, პაპ ურბანის ეს არგუმენტი რომ შესულიყო ევროპულ მეცნიერულ აზროვნებაში, ის ხელს შეუშლიდა სიღრმისეულ რწმენას იმისა, რომ ადამიანს ძალუძს ჩასწვდეს სამყაროს და რომ ღმერთმა ისე შექმნა სამყარო, რომ ადამიანს შეუძლია მისი შემეცნება. ესაა ოპტიმიზმი, გნოსეოლოგიური ოპტიმიზმი, რომლის გარეშეც შეუძლებელია მეცნიერება.

 

მაგრამ გალილეიმ უარესიც გააკეთა, აი რაშია საქმე. ის უბრალოდ არ დაეთანხმა ამ არგუმენტს. გალილეიმ ეს არგუმენტი შეიტანა თავის წიგნში, მაგრამ არა წინასიტყვაობაში. საქმე ისაა, რომ გალილეის წიგნი დიალოგია, რომელშიც მონაწილეობს 3 ადამიანი. ორ სახელს ახლა ვერ ვიხსენებ, ისინი იყვნენ გალიელის თანამედროვე ასტრონომები ფლორენციიდან. დღეს მათი სახელები არავის ახსოვს, ხოლო იმ დროს მათი სახელები საკმაოდ ცნობილი იყო და სწორედ მათი ბაგეებით გამოთქვამს გალილეი კოპერნიკის არგუმენტებს. მესამე პერსონაჟის სახელია სიმპლიციუსი [9].

 

ეს რეალური პერსონაჟია – VI საუკუნეში ცხოვრობდა ასეთი ასტრონომი, რომელიც ევკლიდეს და არისტოტელეს კომენტირებას ახდენდა. მაგრამ აი საქმე როგორაა…თქვენ გესმით, რას ნიშნავს სახელი „სიმპლიციუსი“? შეგიძლიათ თარგმნოთ? „გულუბრყვილო“.“ბრიყვიც“ კი. და სიმპლიციუსის ბაგეებით გალილეი წარმოაჩენს არგუმენტს, რომელიც პაპის მიერ იყო ნაკარნახევი. და გამოჩნდა პაპთან დაახლოებული ადამიანი, რომელმაც მას განუმარტა: „თქვენო უდიდებულესობავ,ხედავთ, როგორ გიწოდათ ამ გალილეიმ? თქვენ კი მას მფარველობთ! თქვენ მას იცავთ!“.

 

და ეს ისტორია გავლენას ახდენს კიდევ ერთ რამეზე. საქმე ისაა, რომ გალილეის შესახებ ინკვიზიციაში მიდის დასმენის წერილი, რომელშიც მას ბრალს სდებენ ატომიზმის ქადაგებაში. აი ეს კი საშინელი რამ არის. საქმე ისაა, რომ ტრიდენტის კრების (კათოლიკური ეკლესიის კონტრრეფორმაციული კრების) გადაწყვეტილებით ეს სწავლება გამოცხადდა მიუღებლად კათოლიკური ეკლესიის ფუნდამენტურ დოგმატთან ზიარების შესახებ (გარდასახვის დოგმატი). ამის ახსნა შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო სჭირდება. დიდხანს არ ვილაპარაკებ, თუ სად არის აქ წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტი ფაქტია: წმინდა ძღვენის გარდასახვის შესახებ კათოლიკურ კონცეფციასთან ატომიზმის პრინციპი ემპიდოკლესეულ და დემოკრიტესეული თვალსაზრისით მართლაც შეუთავსებელია.

 

იტალიური სახლემწიფოს კანონების მიხედვით, ატომიზმის ქადაგება განიხილებოდა ღვთის გმობად ევქარისტიაზე, უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე და ამ გმობის ჩამდენი იმსახურებდა კოცონზე დაწვას. და სწორედ ასეთი დასმენის წერილი მიდის ინკვიზიციაში. მაგრამ დამსმენმა არ გაითვალისწინა, რომ პაპი გალილეის მეგობარია. საქმე ისაა, რომ ეს სადმე რიაზანში რომ მომხდარიყო…. წარმოიდგინეთ სიტუაცია: მე რიაზანელი ეპისკოპოსი ვარ. ჩემთან მოდის დასმენის წერილი, სადაც ჩემს საუკეთესო მეგობარზე არის ბრალდება, რომ ის ერეტიკოსია. რას ვუკეთებ დასმენის წერილს? წერილს ვხევ და ღუმელში ვყრი ნაკუწებს, ხოლო დამსმენს ციმბირში ვუშვებ. და ყველა პრობლემა მოგვარებულია.

 

მაგრამ საქმე რომს ეხება და არა რიაზანს. ბოლო ბოლო სამართლებრივი სახელმწიფოა. ამიტომ ასე უბრალოდ დახიო და გადაყრო არ შეიძლება – ქაღალდს ფასი აქვს. ამიტომ პაპი იღებს გადაწყვეტილებას: დანაშაულის შეცვლა. პირველი – პაპი ქმნის სპეციალურ კომისიას, ის არ ანდობს გალილეის სასამართლოს ჩვეულებივ ინკვიზიტორებს.

 

საქმე კიდევ ისაა, რომ საინკვიზიციო სასამართლოებით დაკავებულები იყვნენ იეზუიტები, ხოლო იეზუიტებს ურბან VIII-თან ძალიან ცუდი ურთიერთობები ჰქონდათ. ესეც განსაკუთრებული და ძალიან გრძელი ისტორიაა. მხოლოდ ერთი მცირე დეტალი: ურბან VIII-ის პონტიფიკატის პერიოდში (ყოველ შემთხვევაში მის პირველ ნახევარში) არცერთი იეზუიტი არ გამხდარა ეპისკოპოსი, არცერთი. მათი ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი.

 

აქ საჭიროა ერთი რამის თქმა. საქმე ის გახლავთ, რომ ურბანი ორიენტირებული იყო საფრანგეთზე და მხარს უჭერდა მას. იეზუიტები კი ფრანგებს ვერ იტანდნენ. რატომ? წმინდა რელიგიურ ნიადაგზე: ფრანგები ამ დროს, ეს ნაძირლები, კათოლიკური სამყაროს წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მხარს უჭერდნენ პროტესტანტებს (შემთხევითი არაა ეს ფრანკო-ესპანური ომები). და ამ ქვეყანაში იეზუიტები თვლიდნენ, რომ საფრანგეთი უნდა შეავიწროვო. პაპი მათ აჩერებდა. ფრანგებს ეკლესიიდან არ განკვეთდა დ.ა.შ.

 

სწორედ ამ მომენტში, 30-იანი წლებისთვის, წინა პლანზე წამოიწია ანტიკათოლიკურმა ფედერაციამ. და ამ პირობებში პაპს უკვე აღარ შეეძლო ფრანგების მხარდაჭერა და იძულებული იყო კოჭი გაეგორებინა იეზუიტებისთვის. ხოლო იეზუიტები კაი ხანია კბილებს ილესავდნენ, მათ შორის გალილეიზეც.

 

მაშ ასე, შემოდის დასმენის წერილი, მაგრამ პაპი არ ენდობა იეზუიტებს, რომ ჩაატარებინოს გალილეიზე სასამართლო და იწვევს სპეციალურ კომისიას, რომლის მეთაურადაც დააყენებს კარდინალ ბარბერინის. (სახელი თქვენთვის უკვე ნაცნობია? პაპს რაღა ჰქვია? ანუ მან საკუთარი ძმისშვილი დააყენა – სწორი მეთოდია, იმისათვის, რომ საქმის მსვლელობა ზუსტად აკონტროლო). კომისიაში შედიან შედის კიდევ სამი ადამიანი: ერთი იეზუიტი, მამა ინკოფერი, მაგრამ ამავე დროს ეს იეზუიტი პროფესიონალი ასტრონიმია და არა უბრალოდ რომელიღაც მწიგნობარი დოგმატისტი ღვთისმეტყველი.

 

ანუ ერთი ასტრონომი და ორი ღვთისმეტყველი. მათგან ერთერთი – პაპის პირადი ღვთისმეტყველ-კონსულტანტია (კიდევ ერთი მისი მორჩილი ადამიანი). მეორე, ვინმე მამა პასკუალინო, იმით გამოირჩეოდა, რომ მომხრე იყო ფიზიკისა და ღვთისმეტყველების მკვეთრი გამიჯვნის, მათ რიგში ევქარისტიულ საკითხშიც. ანუ ის იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა, რომ ღვთისმეტყველებას და ფიზიკას შესწავლის განსხვავებული სფეროები აქვთ.

 

აი ასეთი ტიპის კომისია შექმნა პაპმა იმისათვის, რომ გარკვეულიყო გალილეის საქმეში. რატომ? საქმე ის გახლავთ, რომ პაპს გალილეიზე დასმენის წერილისთვის მსვლელობა რომ მიეცა, მაშინ საკუთარ თავსაც ჩააყენებდა დარტყმის ქვეშ. რადგან მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ პაპი გალილეის საუკეთესო მეგობარია. და თუ დამტკიცდებოდა, რომ გალილეი ერეტიკოსია, პაპის ავტორიტეტი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა. განსაკუთრებით იეზუიტების თვალში – ისინი შეეცდებოდნენ ეს საკითხი გაებერათ. უფრო მეტიც, საქმე ისაა, რომ სასამართლომდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე ფლორენციის ელჩთან საუბრისას პაპი პირადად არწმუნებს, რომ რჩება მის (გალილეის) მეგობრად. ეს სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე იქამდე, სანამ შეიქმნება კომისია. ეს იყო 1632 წლის სექტემბერი, ხოლო 1633 წელს გაიმართება სასამართლო.

 

ახლა ვნახოთ, რა მოხდა მერე. ვინაიდან ბრალდება იყო ძალიან სერიოზული, არ შეიძლებოდა მისთვის მსვლელობის მიცემა. როგორ უნდა დაემალათ ნამდვილი დანაშაული? რომაელ მოსამართლეებს ამისთვის უკვე ჰქონდათ ილეთი. ეს იწოდებოდა დანაშაულის შეცვლად. მაგალითისთვის, დანაშაულის ასეთი ცვლილება აღწერილია III საუკუნის ქრისტიან მწერალთან ტერტულიანესთან.

 

წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ ჩრდილოეთ აფრიკის გუბერნატორი და ჩემთან უცბად მოდის დასმენის წერილი, რომ ტიტუს ლივიუს უმცროსი – ქრისტიანია. მე ვიძახებ ტიტუს უმცროსს დაკითხვაზე და უცებ აღმოჩნდება: მისმინეთ, ეს ხომ მართლაც ტიტუს ლივიუს უმცროსია! ჩვენ ხომ მის მამასთან ერთად ერთ სახელოვან მეხუთე ლეგიონში სირიაში ვმსახურობდით ახალგაზრდობაში! მე ტიტუს ლივიუს უმცროსს ბავშვობიდან ვიცნობ. ის თავზე მაშარდავდა. მერე სვამდა წვენს და ისევ მაშარდავდა. შემდეგ ისევ წვენი და ისევ მოშარდვა დ.ა.შ. აი ასე…

 

დიდი რამე, ბიჭი გაიზარდა, მოექცა სექტის გავლენის ქვეშ, მერე რა? ვის არ მოსვლია? და რა ვქნა, ამის გამო სიკვდილით დავსაჯო? მე რა გიჟი ხომ არ ვარ? ნუთუ მარკოზ ავრელიუსი არ წაგიკითხია? არა, შემწყნარებლობა აუცილებელია. ამიტომ მე ვუძახი ბიჭს და ვიწყებ საუბარს: „მისმინე, მოდი მოვილაპარაკოთ ასე: მე ჩემთვის აქ დავწერ, რომ შენ ჩემი თანდასწრებით გაიღე სასურველი მსხვერპლი ჩვენი ღვთაებრივი იმპერატორის ქანდაკებასთან, კარგი? და ამაზე მოვრჩეთ. თუ არ გინდა, მე ვიზამ. სიმართლე გითხრა, არ მჯერა მე ჩვენი ოლიმპიური ღმერთების დ.ა.შ. და ჩვენში დარჩეს და მით უმეტეს იმპერატორის ღვთაებრიობის (ოღონდ მამას არ უთხრა). მაგრამ ხომ იცი, ზრდილობა ზრდილობაა, პროტოკოლი პროტოკოლია. მოდი დავწერ და რომში გავაგზავნი“. ბიჭი პასუხობს: „არა, მე ამას არ ვიზამ, მე გავალ მოედანზე და ვიტყვი, რომ ეს სიცრუეა, არ დაიჯეროთ, მე არ უარმიყვია ქრისტე, ანტიქრისტეს ბეჭედი არ მიმიღია დ.ა.შ.“.

 

რა უნდა ვქნათ? უნდა გავხსნათ პროცესი. მაგრამ პროცესზე ვაკეთებ განცხადებას: „მაშ ასე ბატონებო, ტიტუს ლივიუსს ბრალი ედება: ა) იმაში, რომ ის ქრისტიანია და ბ) იმაში, რომ ის ღამღამობით იტაცებდა მოტოციკლებს. არიან მოწმეები ღამღამობით მოტოციკლების გატაცებისა? არა? უკაცრავად, ბრალეულობა არაა დამტკიცებული, პროცესი დახურულია, თქვენ თავისუფლები ხართ“. ამას ეწოდება დანაშაულის შეცვლა. და სწორედ ასე იქცევა ინკვიზიცია პაპის დავალებით. იმისათვის, რომ გალილეი არ დასაჯონ სიკვდილით, არ დაადანაშაულონ სერიოზულ საქმეში, რათა ამით ჩრდილი არ მიადგეს პაპს, გალილეის მსჯავრს სდებენ კოპერნიკის მიმდევრობაში.

 

ამ დროს მთავარი არგუმენტია: „ბატონი გალილეი, 1616 წელს კარდინალმა ბელარმინომ გითხრათ, რომ კოპერნიკის იდეა არაკათოლიკურია და ჩვენი ეკლესია მხარს არ უჭერს“. გალილეი: „ეს არ ყოფილა“ „როგორ, თუ ასე არ ყოფილა? ოქმი არსებობს! ჩვენში ქაღალდს ფასი აქვს. აი არქივიდან ამოიღეს: 1616 წელი, თქვენთან ინკვიზიტორების შეხვერდის ოქმი“. გალილეი: „სად არის აქ ჩემი ხელმოწერა?“. უყურებენ: გალილეის ხელმოწერა არაა დაკითხვის ოქმზე. შესაბამისად ოქმი არაა კანონიერი. მორჩა, ეს ხელმოსაკიდი არგუმენტიც გაქრა. ამას გარდა, უბრალოდ განვმარტავ. კომისია, რომელიც მე ვახსენე, მუშაობდა ერთი თვე. ამ თვის განმავლობაში ის შეიკრიბა 5-ჯერ. 3 – ჯერ მას შეხვდა გალილეი. აი მთელი სასამართლოც გალილეიზე.

 

გალილეიმაც ძალიან ლამაზი არგუმენტები გამოიყენა. კერძოდ, ის ამბობდა დიდ სიტყვებს (ეს ციტატა მგონი ბარონისს ეკუთვნის): „ბიბლია არ ასწავლის იმას, თუ როგორაა მოწყობილი ზეცა. ბიბლია ასწავლის, როგორ მიმვაღწიოთ ზეცას“. ძალიან მკვეთრი გამიჯვნაა ფიზიკისა და ღვთისმეტყველების. მოჰყავდა წმინდა მამების უამრავი საინტერესო განმარტებები. წმინდა მამების ციტატების მეშვეობით ასაბუთებდა, რომ ბიბლიის ერთი და იგივე ტექსტიც კი სხვადასხვაგვარად განიმარტება სხვადასხვა წმინდა მამის მიერ. შედეგად ინკვიზიციამ გამოიტანა განაჩენი: მას მიესაჯა ორთვიანი დაკავება (ორთვიანი დაკავება ძალიან არაბუნებრივად ჟღერსJ) შინაპატიმრობა რომის პაპის რეზიდენციაში ქალაქგარეთ. და ამავე დროს ის ვალდებული იყო ყოველდღიურად ეკითხა ექვსი ფსალმუნი. მართალია, აი ამას ის არ აკეთებდა. ამ ფსალმუნებს მის მაგივრად მონაზონი და კითხულობდა. თავიდან ის რამდენიმე თვე ცხოვრობდა პაპთან, შემდგომ ფლორენციის ელჩის რეზიდენციაში მედიჩის ვილაში, შემდეგ მისი მეგობრის არქიეპისკოპოსის სიენას სასახლეში და ბოლო დროს ფლორენციაში ვილაზე. ცნობილი გამონათქვამი რომ „ის მაინც ბრუნავს“, გალილეის არ უთქვამს. კიდევ ვიმეორებ: ეს მას არ მოეთხოვებოდა. მას სთხოვდნენ მარტო ერთ რამეს: ეღიარებინა, რომ კოპერნიკის მოდელი მათემატიკური მოდელია და მეტი არაფერი.

 

არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. გალილეის სასამართლოს ჰქონდა ძალიან საინტერესო შედეგები. დეკარტემ 1633 წელს დაასრულა თავისი ტრაქტატი „სინათლის შესახებ“. როდესაც გაიგო გალილეის სასამართლოს შესახებ, უარი თქვა ამ ტრაქტატის გამოქვეყნებაზე და გადადო. მხოლოდ 1664 წელს, დეკარტეს სიკვდილის შემდეგ გამოიცა დეკარტეს წიგნი. ეს გახლავთ სამწუხარო გამოძახილი გალილეის სასამართლოსი. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: ტრაქტატში „სინათლის შესახებ“ განა არის საუბარი იმის თაობაზე, რომ დედამიწა მზის გარშემო ან მზე დედამიწის გარშემო ტრიალებს? ამ წიგნში დეკარტე განიხილავს ატომიზმის საკითხს.

 

რას ნიშნავდა რომ დეკარტემ უარი თქვა წიგნის გამოქვეყნებაზე? ეს ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. მან იცოდა თუ სინამდვილეში რაში ადანაშაულებდნენ გალილეის და რის შესახებაც იყო დასმენის წერილი. და ვინაიდან პაპი არ გახლდათ მისი ახლო მეგობარი, ამიტომ დეკარტეს შეეშინდა და არ გამოსცა საკუთარი წიგნი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს კიდევ ერთი (ცხადია არაპირდაპირი) არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ გალილეის სასამართლო სინამდვილეში ინიცირებული იყო არა კოპერნიკის პრობლემის, არამედ ატომიზმის პრობლემის მიერ. და ინკვიზიციამ შეცვალა რა დანაშაული, სინამდვილეში გალილეი იხსნა ძალიან სერიოზული უსიამოვნებებისგან.

 

—————————————–

შენიშვნები

 

  1. პტოლემეოსის სისტემის მიხედვით დედამიწა არის სამყაროს ცენტრში და მზე და დანარჩენი პლანეტები ბრუნავენ დედამიწის გარშემო. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემის მიხედვით მზე იმყოფება ცენტრში და დანარჩენი პლანეტები მის გარშემო მოძრაობენ

 

  1. ავტორის ეს განცხადება ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ცნობილია, რომ კოპერნიკი ძალიან გატაცებული იყო დაკვირვებებით, რომლებსაც აწარმოებდა საკუთარ ობსერვატორიაში

 

  1. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე თეორიულ ფიზიკაში განიხილება იმის შესაძლებლობაც, რომ ისეთი ფიზიკური კონსტანტები, როგორიცაა მაგ. ელექტრონის მუხტი, სინათლის სიჩქარე დ.ა.შ. დროში იცვლებიან

 

  1. ორიგინალურ ტექსტში გამოყენებულია ტერმინი „წონა“, რაც ძალის სახეობაა, ხოლო ავტორი გულისხმობს მასას და ქართულ თარგმანში ჩვენც ყველგან ამ ტერმინს ვიყენებთ

 

  1. ბოილ მარიოტის კანონი ამბობს: მუდმივი მასის და მუდმივი ტემპერატურის პირობებში იდეალური აირის წნევა უკუპროპორციულია მისი მოცულობის, ანუ მოცულობის რამდენჯერმე გაზრდით/შემცირებით წნევა იმდენჯერვე მცირდება/იზრდება

 

  1. ფუკოს ექსპერიმენტი ამტკიცებს არა მზის გარშემო დედამიწის ბრუნვას, არამედ დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას

 

  1. ეს მსჯელობა არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან პტოლემეოსის მოდელი ნამდვილად ვერ პასუხობდა უამრავ პრობლემას. ერთერთი იყო პლანეტების ე.წ. რეტროგრადული მოძრაობა: კერძოდ, თუ აკვირდებით პლანეტებს, აღმოაჩენთ, რომ ისინი რაღაც მომენტიდან იწყებენ საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას. ამისთვის პტოლემეოსის მოდელს ექმნებოდა სერიოზული პრობლემები, რის გამოც ის საჭიროებდა სერიოზულ რევიზიას და იმისათვის, რომ გამოთვლები უფრო ახლოს ყოფილიყო დაკვირვებებთან, ასტრონომები იძულებულნი იყვნენ დაეშვათ, რომ პლანეტები ასრულებენ მცირე წრიულ მოძრაობას და ამ მცირე წრის ცენტრი თავად ასრულებს დიდ წრიულ მოძრაობას დედამიწის გარშემო. ამიტომ ეს მოდელი ძალიან შორდებოდა რელობას და შემოჰქონდა პლანეტების ისეთი მოძრაობა, რომელიც არანაირად არ დაიკვირვებებოდა. რაც შეეხება კოპერნიკის მოდელს, მას ეს ხარვეზი არ გააჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაში პლანეტები მოძრაობენ წრეზე, ხოლო სინამდვილეში ვიცით, რომ მოძრაობა ელიფსურია, კოპერნიკის მოდელი პტოლემეოსის სისტემასთან შედარებით, გაცილებით კარგად ეთანადებოდა დაკვირვებებს.

 

  1. ეს კომეტა ცნობილია ორი სახელით: „განრისხებული ვარსკვლავი“ და „1618 წლის დიდი კომეტა“

 

  1. გალილეის დიალოგში დანარჩენი ორის სახელებია სალივატი და საგრადო

 

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზაზა ოსმანოვმა

რედაქტირებულია დავით თინიკაშვილის მიერ

 

ქრისტიანობა და მეცნიერება

Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *