ღმერთის არსებობის ადამიანური მტკიცებულება

29/10/2015
By

Why-Believe-In-Godავტორი: ნ. ბერდიაევი

 

ნაწყვეტი თავიდან: – ადამიანი და ღმერთი. სულიერება.

ნიკოლაი ბერდიაევის თხზულებიდან: “სამეფო სულისა და სამეფო კეისრისა”  

 

თარგმანი რუსულიდან: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

ადამიანი დგას ყველა საკითხთა საკითხის წინაშე – საკითხის ღმერთის შესახებ. ეს საკითხი იშვიათად დგება მისი თავდაპირველი სისადავით, მეტისმეტად შეეზარდა იგი მომაკვდინებელ სქოლასტიკას, ვერბალურ ფილოსოფიას და ცნებებით თამაშს. ვისაც ღმერთის იდეის ამაღლება სურდა, საშინლად დაამცირეს იგი, მიაწერეს რა ღმერთს თვისებები კეისრისა და არა სულის სამეფოდან. არ არსებობს ღმერთის არსებობის გარანტია, ადამიანს ყოველთვის შეუძლია დაეჭვება და უარყოფა. ღმერთი არ გვაიძულებს მის აღიარებას, ისე, როგორც გვაიძულებენ მატერიალური საგნები. ღმერთი ადამიანის თავისუფლებას ეხმიანება. ღმერთის რწმენა მხოლოდ შინაგანი შეხვედრაა სულიერი გამოცდილების გზაზე.

გადაჭრით უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთის არსებობის ყველა ტრადიციული მტკიცებულება – ონტოლოგიური, კოსმოლოგიური და ფიზიკა-თეოლოგიური – არამარტო სუსტია, არამედ სრულიად უსარგებლო და  უფრო მეტიც – საზიანოა. ღმერთის არსებობის მტკიცებულებების კანტისმიერი კრიტიკა ფრიად დამაჯერებელია და ტრადიციული აპოლოგეტიკაც არ უარყოფს მას. ბევრად უფრო ძლიერია მტკიცებულება, რომელსაც ანთროპოლოგიური შეიძლება ვუწოდოთ. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არსებაა, რომელიც ორ სამყაროს ეკუთვნის. იგი ვერ ეტევა ამ ბუნებრივი სამყაროს აუცილებლობაში, ტრანსცენდენტირებს როგორც ემპირიულად მოცემული არსება და პოულობს არაამქვეყნიურ თავისუფლებას. ეს არ ამტკიცებს, მაგრამ გვიჩვენებს ღმერთის არსებობას, რამეთუ მიგვანიშნებს სულიერ საწყისზე ადამიანში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პირველი შეგრძნება, რომლის მთელი სისავსით გამოხატვაც შეუძლებელია.

თუ ერთი წამით წარმოიდგენთ სამყაროს თვითკმარობას (самодостаточность), მაგალითად მოძრავი მატერიის თვითკმარობას როგორც პირველსაწყისისა, შეგაძრწუნებთ ასეთი სამყაროს გაუგებრობა, უაზრობა, წყვდიადი და არარეალიზებული აზრი. ღმერთზე ფიქრის უეჭველი შედეგია ის ფაქტი, რომ ღმერთისთვის უცხო, ამქვეყნიური,  რაციონალური ცნებებით შუძლებელია ღმერთზე მსჯელობა. სიმართლე მხოლოდ აპოფატური ღვთისმეტყველების მხარეზეა. შეუძლებელია ღმერთის ონთოლოგიის შექმნა. ღმერთი არ არის ყოფიერება, რომელიც ყოველთვის უკვე განყენებული აზრის შედეგია. ღმერთია არ არის ყოფიერება, ღმერთი სულია. ღმერთი არ არის ესენცია, არამედ ის არის ეგზისტენცია. ღმერთზე მხოლოდ სულიერი გამოცდილების სიმბოლიკის ენით შეგვიძლია საუბარი. საერთოდაც, მეტაფიზიკა შესაძლებელია მხოლოდ როგორც სულიერი გამოცდილების სიმბოლიკა, როგორც სულიერი შეხვედრების ინტუიტიური აღწერა. არ შეიძლება განყენებულად ანუ ადამიანისგან განყენებულად დავსვათ ღმერთის საკითხი.

ღმერთის არსებობის ერთადერთი მტკიცებულებაა ადამიანის არსებობა, არა ზედაპირული ადამიანის, არამედ სიღრმისეული ადამიანის, რამეთუ ღვთის სახის ხატებაა იგი, თუმცა ხშირად ამახინჯებს საკუთარ სახეს. ადამიანი არა მარტო სასრული არსებაა, როგორც ამტკიცებს თანამედროვე აზრი, არამედ იგი უსასრულოცაა. იგია უსასრულობა სასრული ფორმით, იგია სინთეზი უსასრულოსი და სასრულის. ადამიანის უკმაყოფილება სასრულობით და მისი სწრაფვა უსასრულობისკენ ღვთაებრივობის ნიშანია მასში. ეს არის ადამიანური მტკიცებულება ღმერთის არსებობის და არა მარტო სამყაროს არსებობის შესახებ.

გაგება ღმერთის, როგორც თვითკმარი და უძრავი არსებისა შეზღუდული და განყენებული რაციონალური აზრია და ასეთი გაგება არ მოიპოვება სულიერ გამოცდილებაში, რომელშიც ღმერთთან ურთიერთობა მუდამ დრამატულია. ადამიანი ღმერთს ხვდება არა ყოფიერებაში, რომელზეც ცნებების მიხედვით მსჯელობენ, არამედ შეხვედრა ხდება სულში, სულიერ გამოცდილებაში. ყოფიერებაში კი ან უკვე ობიექტივაციაა ან მომაკვდინებელი ცნებების განყენებულობა ან იდეალიზირებული ბუნების აუცილებლობა და სოციალური იძულება. მხოლოდ სულში შეხვედრაა თავისუფლებაში შეხვედრა. დრამატული მოვლენაა მხოლოდ სულში და თავისუფლებაში შეხვედრა ღმერთთან.

 

 

Print Friendly

Comments are closed.