"შესწორებული იულიუსის" კალენდარი

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი, რომელთა შორისაც ჩვენი მართლმადიდებელი ძმები და დებიც არიან, ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს. ამიტომ გვსურს ყველა მათგანს მივულოცოთ შობის დღესასწაული და შემოგთავაზოთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი კალენდრულ საკითხთან დაკავშირებით
მემორანდუმი ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა და დაამუშავა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავ დღესასწაულებს აღნიშნავს სხვადასხვა სამოქალაქო და საეკლესიო კალენდრული თარიღებით. მაგალითად: შობას – 25 დეკემბერს და 7 იანვარს, ხარებას – 25 მარტს და 7 აპრილს, ღვთისმშობლის მიძინებას – 15 აგვისტოს და 28 აგვისტოს; ნიკოლოზობას – 6 დეკემბერს და 19 დეკემბერს. 13 დღიანი განსხვავება გამოწვეულია მეცნიერულ-ტექნიკური მიზეზით. საეკლესიო დღესასწაულების თარიღები ერთი და იგივეა საეკლესიო კალენდარში. ამიტომ, მაგალითად, უფლის შობა, რომელსაც ზოგიერთი სამრევლო აღნიშნავს სამოქალაქო კალენდრის მიხედვით 7 იანვარს, საეკლესიო “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარში აღნიშნულია როგორც 25 დეკემბერი.
დასავლეთ სამყაროში მხოლოდ ერთი იულიუსის კალენდარია. თავდაპირველად ეკლესიამ იულიუსის კალენდარი მიიღო მისი ტექნიკური შეცდომების შესწორების გარეშე. შემდგომ იგი ორჯერ იყო შესწორებული: ერთხელ დასავლეთ ეკლესიის და მეორეჯერ – აღმოსავლეთ ეკლესიის მიერ. ქვემოთ მოკლედ მოყვანილია იულიუსის კალენდრის ოთხი ვერსია:
1. “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი შემოღებული იყო რომის იმპერატორ იულიუს კეისრის მიერ ჩვ. წ. აღ.-მდე 45 წ. მზის წელიწადის ხანგრძლივობა (დრო, რომელიც ესაჭიროება დედამიწას რომ მზის ირგვლივ ერთი ბრუნი გააკეთოს) შეფასებული იყო როგორც 365 დღე და 6 საათი. ყოველ მეოთხე წელს ეს დანამატი, 6 საათი იკრიბებოდა ერთ დღედ, რომელსაც უმატებდნენ იმავე წელს, რის საფუძველზეც გამოდიოდა 366 დღიანი ნაკიანი წელიწადი.
ტექნიკურად, ასეთი სამოქალაქო კალენდრული წელი 11 წუთით და 14 წამით უფრო გრძელია ვიდრე მზის ბუნებრივი წელი. სწორედ ამ მცირე ცდომილებამ გამოიწვია კალენდართან დაკავშირებული ყველა პრობლემა. მაგალითად, ისეთი განმეორებადი ბუნებრივი მოვლენა როგორიცაა გაზაფხულის ბუნიობა (გაზაფხულის დასაწყისი, როდესაც დღეც და ღამეც მთელს დედამიწაზე დაახლოებით 12 საათის ხანგრძლივობისაა) მეორდება ყოველ წელს დედამიწის ორიბიტაზე მოძრაობისას დროის დამზერად შუალედში.
“თავდაპირველ” იულიუსის კალენდარში არსებული ცდომილების გამო, დროთა განმავლობაში დამატებითი წუთები და წამები დაგროვდა და ჯამში მოგვცა ერთი მთლიანი დღე, რის გამოც გაზაფხულის ბუნიობამ გადმოინაცვლა არსებული სამოქალაქო კალენდრის ადრეულ თარიღებზე. სულ დასაწყისში კი გაზაფხულის ბუნიობა “თავდაპირველი” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა 25 მარტს.
2. “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარი ჩვ. წ. აღ.-ით 325 წლიდან იღებს სათავეს. მეოთხე საუკუნისათვის გაზაფხულის ბუნიობა “თავდაპირველი” იულიუსის კალენდრით უკვე დაიმზირებოდა 21 მარტს. როდესაც ნიკეაში 325 წელს შესდგა პირველი მსოფლიო კრება რათა სხვა საკითხებთან ერთად პასექის დღესასწაულის საკითხიც გადაეწყვიტა, ეკლესიამ მიიღო “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი და დაადგინა, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს პირველ კვირა დღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის (21 მარტი) შემდეგ პირველ სავსემთვარეობას, და რომელიც იუდეველთა პასექისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. კრებას არ შეუსწორებია კალენდრის ცდომილება და არც გადაუწევია გაზაფხულის ბუნიობის თარიღი უკან 25 მარტზე, ანუ იმ თარიღზე, როდესაც იგი თავდაპირველად დაიმზირებოდა. ეკლესიამ ფიქსირებულ ბუნებრივ მოვლენას შეუსაბამა გაუმართავი სამოქალაქო კალენდრული თარიღი და ამით თავისთვის შექმნა კალენდრული პრობლემა. “ძველი სტილის” იულიუსის კალენდარი თარიღდება 325 წლით ჩვ. წ. აღ.-ით და არა ჩვ. წ. აღ.-მდე 45 წლით, როგორც ზოგადად არის მიჩნეული. 325 წ. ეკლესიის მიერ მიღებულ კალენდარს არანაირი კავშირი არ ჰქონდა უფლის შობის თარიღის დადგენასთან.
3. “ახალი სტილის” იულიუსის კალენდარი თარიღდება 1582 წლით. XVI საუკუნისათვის გაზაფხულის ბუნიობა ”ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა უკვე 10 დღით ადრე, ანუ 11 მარტს – 21 მარტის ნაცვლად, რაც გამოწვეული იყო ”თავდაპირველ” იულიუსის კალენდარში არსებული ცდომილებით, რომელიც არ იყო შესწორებული. იმ დროისათვის არსებული უახლესი ასტრონომიული ინფორმაციის საფუძველზე, რომის პაპმა გრიგორ XIII-მ დახვეწა ”თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი. მისმა ასტრონომებმა შეამცირეს ნაკიანი წლების რაოდენობა, რის საფუძველზეც სამოქალაქო კალენდარით განსაზღვრული წელიწადის ხანგრძლივობა მიუახლოვდებოდა მზის წელიწადის ბუნებრივ ხანგრძლივობას. 400 წლიან პერიოდში მათ შეამცირეს ნაკიანი წლების რაოდენობა სამით და ამით წელიწადში 11 წთ და 14 წმ-იანი ცდომლიება დაიყვანეს მხოლოდ 26 წმ-მდე. ასეთი სქემის მიხედვით კი საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რომ 26 წამით დაგროვდეს ერთი დღე.
1582 წელს სამოქალაქო კალენდარს მოაკლეს 10 დღე, რის შედეგადაც გაზაფხულის ბუნიობის დამზერა დაუბრუნდებოდა 21 მარტს, ისე როგორც ეკლესიამ ეს დაადგინა 325 წელს. ეს “ახალი სტილის” იულიუსის კალენდარი ცნობილია როგორც გრიგორიუსის კალენდარი და გამოიყენება დასავლეთ ეკლესიის მიერ როგორც უძრავი ასევე მოძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის.
4. “შესწორებული” იულიუსის კალენდარი თარიღდება 1923 წლით. 1582 წლიდან მოყოლებული გაზაფხულის ბუნიობა ”ახალი სტილის” იულიუსის კალენდრით დაიმზირებოდა 21 მარტს. XVII საუკუნეში ”ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით გაზაფხულის ბუნიობას ადგილი ჰქონდა 11 მარტს, XVIII საუკუნეში – 10 მარტს, XIX საუკუნეში – 9 მარტს და XX საუკუნეში – 8 მარტს, ანუ 13 დღით ადრე.
იმავე საუკუნეებში, “ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერი შეესაბამებოდა “ახალი სტილის” იულიუსის კალენდრის 4 იანვარს XVII საუკუნეში, 5 იანვარს XVIII საუკუნეში, 6 იანვარს XIX საუკუნეში, და 7 იანვარს XX საუკუნეში – 13 დღით უფრო გვიან. ბუნებრივია, იგი შემდგომ გახდება 8 იანვარი – 14 დღით უფრო გვიან.
ცნობილია, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები სერიოზულად განიხილავდნენ “ახალი სტილის” იულიუსის კალენდრის მიღებას დაწყებული უკვე XIX საუკუნიდან.
16 საუკუნის შემდგომ, XX საუკუნეში ეკლესიამ სცადა კალენდრული პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, 1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა კონფერენციამ დახვეწა ცდომილებიანი “თავდაპირველი” იულიუსის კალენდარი. ტექნიკური შესწორებები დიდად არ განსხვავდებოდა 1582 წელს მიღებული შესწორებებისაგან. როგორც რომის პაპმა გრიგორ XIII-მ, ასევე მართლმადიდებელმა ეკლესიამ კალენდარი დახვეწა ნაკიანი წლების რაოდენობის შემცირების გზით, რის შედეგადაც სამოქალაქო კალენდრით განსაზღვრული წელიწადის ხანგრძლივობა უფრო მიუახლოვდა მზის წელიწადის ბუნებრივ ხანგრძლივობას. ნაკიანი წლების რაოდენობის შემცირება მოხდა 900 წლიან პერიოდში და ამით ცდომილება წელიწადში დაყვანილ იქნა 2.2 წმ-მდე, რაც საკმაოდ ზუსტი მიახლოებაა. ასეთი სქემის მიხედვით გაზაფხულის ბუნიობა დაიმზირება 21 მარტს დაახლოებით 40 000 წლის განმავლობაში.
იმისათვის, რომ გაზაფხულის ბუნიობა დაებრუნებინათ უკან 21 მარტზე, კალენდრიდან ამოიღეს 13 დღე. 2800 წლამდე იულიუსის კალენდრის ორივე ვერსია – “ახალი” და “შესწორებული” სტილი სრულიად დაემთხვევა ერთმანეთს. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს მიეცათ საშუალება მიეღოთ იულიუსის კალენდრის ეს ვარიანტი. ზოგმა მიიღო და ზოგმა – არა. ვინაიდან, არც კალენდრის ამ შესწორებამ მოაგვარა აღდგომის თარიღთან დაკავშირებული პრობლემა, მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ 325 წლის ფორმულით, რომლის მიხედვითაც გაზაფხულის ბუნიობა განსაზღვრული იყო “ძველი სტილის” იულიუსის კალენდრით მანამდე, სანამ ყველა ქრისტიანული ეკლესია შეთანხმდებოდა ერთიან თარიღზე.
ზემოთ ხსენებული თარიღები აღებულია 1923 წ. კონსტანტინეპოლში და 1948 წ. მოსკოვში გამოქვეყნებული წყაროებიდან. “შესწორებული” იულიუსის კალენდარი არ წარმოადგენს ბოროტი ძალის მოქმედების შედეგს ანდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაკათოლიკურობის მცდელობას. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს წმინდა სინოდის მიერ მიეცათ საშუალება კენჭი ეყარათ საკითხზე – უძრავი საეკლესიო დღესასწაულებისათვის გამოეყენებინათ “ძველი სტილის” ან “შესწორებული” იულიუსის კალენდარი. კალენდრული საკითხის ნებისმიერ ცვლილებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ეპისკოპოსს.
მთავარი კრიტერიუმი ჭეშმარიტებაა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანმა ღვთის მიერ შექმნილ სამყაროზე მეტი და მეტი აღმოჩენა გააკეთა. კალენდარი არის ადამიანის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა მოახდინოს ადამიანის მიერ გაზომილი დროის შეფარდება ბუნებრივ, ასტრონომიულ მოვლენასთან. განა ზოგიერთმა მართლმადიდებელმა დედამიწის მზის გარშემო შემოვლისათვის საჭირო დროის დასადგენად იმ კალენდრის გამოყენება უნდა მოითხოვოს, რომელიც ეფუძნება ჩვ.წ.აღ.-მდე 45 წ. შეფასებას?
თუ მართლმადიდებელი ეკლესია არის “სუეტი ჭეშმარიტებისა”, მას არ შეუძლია ადამიანის მიერ აღმოჩენილი მეცნიერული ჭეშმარიტების იგნორირება მოახდინოს. როგორ შეგვიძლია ვაღიაროთ: “მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა…” და არ მივიღოთ მეცნიერულად გაზომილი ხანგრძლივობა წელიწადისა, რომელიც მან შეჰქმნა?
ჩვ. წ. აღ.-მდე 45 წ. იულიუს კეისრის ასტრონომმა, სოზიგენემ, საკმაოდ მიახლოვებული შეფასება მოახდინა, მაგრამ მის მერე ადამიანის ცოდნა მზის სისტემის შესახებ საკმაოდ გაღრმავდა.
—————————————————————
გვსურს შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომ კალენდრული საკითხი ჩვენს ბლოგზე უკვე იყო ადრე განხილული ისტორიულ, მეცნიერულ და თეოლოგიურ ჭრილში. გთავაზობთ შესაბამისს ბმულებს:



Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *