შვილთა აღზრდის შესახებ

   წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით
იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. 6, 4).

თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ჰხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირე წლოვანისა ყრმისა, მისი ყოფა-ქცევა, მისი ხასიათი და, ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე.
ამ ჭეშმარიტებას თითქმის კარგად ჰგრძნობენ ყოველნი, ჩვენს ქვეყანასა, იმერეთსა, შინა მცხოვრებნი. ვინც კარგად იცის, რომ თითქმის ყოველთა მცხოვრებთა და მეტადრე კეთილ-შობილთა კარგად ესმისთ, რა დიდი საქმე არის შვილების გაზრდა. ზრდილობა დიდი სიტყვა არის ჩვენს ქვეყანაშიო;კარგს გაზრდილს კაცს ყოველთგან ჩვენში დიდი ქება აქვს; ამისთვის მშობელნი ძლიერ ჰფიქრობენ და ადრითგანვე შეუდგებიან შვილების აღზრდასა. გარნა რა სახით ზრდიან ჩვენში მშობელნი შვილთა? როგორ ესმისთ მათ ეს საქმე? რას უფრო ასწავლიან და მიაჩვევენ თვისთა შვილთა? ამაზედ საჭირო წინაპირველად ვსთქვათ ორიოდე სიტყვა.

ჩვენს ქვეყანაში ამ საგანზე დამყარებული არის ძველთაგანვე ერთი ჩვეულება. აქ ყოველთა მცხოვრებთა, და მეტადრე კეთილ-შობილთა, შვილების გაზრდაში ბეჯითი ყურადღება მიქცეული აქვსთ მხოლოდ ერთს კერძოზე. იგინი ყოველთვის ამ საქმეში მხოლოდ ამას სცდილობენ, რომ თვისთა შვილთა ასწავლონ მოსაწონი მიხვრა-მოხვრა, კარგი სიტყვა-პასუხის მიცემა, თავაზიანად ლაპარაკი და მოქცევა. ჩვენში კარგად გაზრდილი ყრმა ის არის, რომელმან ისწავლა კარგად თავის დაკვრა, კარგად შესვლა და გამოსვლა, სტუმრებთან დგომა და ჯდომა, შესაფერი ზრდილობიანი ლაპარაკი და პასუხის-გება, ერთი სიტყვით, რომელიც არის კარგი დარბაისელი, ამას ეძახიან ჩვენში გაზრდას! და მართლა ამ კერძოით დიდი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანაში შვილების გაზრდას. აქ უკანასკნელი გლეხი კაცის შვილიც კი გაგაკვირვებს თვისი თავაზიანობით და ზრდილობით, ხოლო კეთილ-შობილნი რა საკვირველია, უმეტესად.

გარნა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, თვით თქვენ არა გრძნობთაა, რომ ეს არის მხოლოდ ერთი და თვით უმცირესი კერძო შვილის გამოზრდისა? ესრედი გარეგანი ზრდილობა და დარბაისლობა მხოლოდ მაშინ არის მოსაწონი და საქები, როდესაც იგი შეერთდება სულიერსა, შინაგანსა ზრდილობასა-თანა, ესე იგი, გულისა და სულის სიკეთესთანა. უმთავრესი საქმე შვილის გამოზრდაში ის არის, ძმაო, რომ შენს ბავშვს გული გაუკეთო, ხასიათი გაუსწოროსო. თუ კეთილი, შინაგანი ხასიათი გაუჩნდა შენს შვილს, მაშინ გარეგანი ზრდილობა თავის თავათ მოუვა, როდესაც წმიდა მოციქული პავლე შეაგონებს მამათა: განზარდეთ შვილნი თქვენნი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა. ამით იმას კი არ გეტყვის იგი, რომ შენს შვილს მხოლოდ დარბაისლობა და თავაზიანობა ასწავლო, არამედ გასწავლის, რათა მის გულში დანერგო ქრისტიანული შინაგანი სახიერება. იგივე წმიდა მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: ხორციელი წვრთნილება წუთ-ერთ-ჟამს სარგებელ არს; ხოლო ღვთის-მსახურება ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქმა აქვს ცხოვრებისა აწინდელისა და მერმისა (ტიმოთ. 4, 8); ესე იგი, გარეგანი ზრდილობა მხოლოდ ამ ქვეყნისათვის არის სასარგებლო, ხოლო ღვთის-მსახურება, რომელიც დამოკიდებული არის შინაგანსა კეთილსა ხასიათსა ზედა, ამ ქვეყანაშიც სასარგებლო არის და მერმისა საუკუნოისა ცხოვრებისათვისცა.

მაშასადამე, რა სახით უნდა გამოზრდიდენ შვილთა მშობელნი მათნი და რა უნდა ასწავლონ მათ? თუ გსურთ, ძმაო, რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულ-წრფელობას. პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირე წლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულისაგან ეს ცოდვა, იგი გარდაიქცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა.

მეორედ, ეცადე და ყოველი ღონის-ძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვოს ყოველს საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, ყოველი თვისი საქმე აღასრულოს ხალისით და კეთილ-სინიდისით ბოლომდის მიიყვანოს. ამისი სწავლა ერთობ საჭირო არის, ძმაო ჩემო! ჩვენ ყოველთა, ამ ქვეყანაში მცხოვრებთა, ერთი დიდი ნაკლულევანება გვაქვს, ესე იგი, დაუდევნელობა. დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილ-სინიდისითა. დიდი ცოდვა არის, ძმანო, დაუდევნელობა! თუ კი კაცს რომლისამე საქმის კარგად გაკეთება შეუძლია და არ მოინდომებს, და ცუდად აკეთებს, იგი არის კაცი საწყალი და საცოდავი. ჩვენ, ამ ქვეყანასა შინა მცხოვრებთა, ღმერთმან არ მოგვაკლო არცა ნიჭი, არცა ღონე; თითქმის ყოველისა საქმისა შეგვიძლია სწავლა და გაკეთება; გარნა ვართ დაუდევნელნი, გვაკლია ბეჯითობა, ხშირად ვართ აღტაცებულნი და წარმატებულნი სოფლის ამაოებითა; თითქმის ყოველს საქმეს დავიწყებთ მხურვალედ და ბეჯითად, გარნა მალე დავღონდებით და ბოლომდის საქმეს ვერ მივიყვანთ წარმატებით. ეცადე, ძმაო, რომ შენი შვილიც არ გამოვიდეს ამ ხასიათსა, არამედ იყოს ყოველს საქმეში მტკიცე და ბეჯითი.

და ესრედ, ძმანო ჩემნო, ვგონებ, რომ ორთა ამა თვისებათა ზედა, ესე იგი, სიმართლესა და ბეჯითობასა ზედა უნდა იყოს დაფუძვნებული გამოზრდა შვილთა. იგინივე არიან საფუძველნი ვითარცა ამ სოფლის ცხოვრებისა, ეგრედვე მომავალის სოფლის ცხოვრებისა, მოპოვნებისა. კაცი ცრუ და მზაკვარი ვერც ამ ქვეყანაში იქმნება ქებული და წარმატებული, ვერცა სასუფეველსა ღვთისასა დაიმკვიდრებს. აგრედვე კაცი დაუდევნელი, მოკლებული ბეჯითობითა და ხასიათის სიმტკიცითა ვერც ამ ქვეყანაში ბედნიერს ცხოვრებას გაატარებს და ვერცა მომავალის ცხოვრებისათვის იქმნება მომზადებული.

დასასრულ, ისიც უნდა დაუმატოთ, ძმანო ჩემნო, რომელ შვილები მცირეწლოვანნი ისე სიტყვიერის დარიგებით ვერა რას ისწავლიან, როგორც მაგალითით. ამისათვის თუ მშობელნი არ აძლევენ მათ კეთილსა სახესა, ძნელად შეიძლება, რომ იგინი კარგნი გამოვიდენ. ეს უმეტესად უნდა ახსოვდესთ ყოველთა მშობელთა. ამინ.

 

Print Friendly

Comments are closed.