მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

11/01/2018
By

დმ26169079_1647661298626577_1500782352549268283_nანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის , დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

,,მალე დადგება დღესასწაული,
რომელიც არის ყველა დღესასწაულის დედა.
რომ არ ყოფილიყო შობა, არ იქნებოდა აღდგომა”. (წმ. იოანე ოქროპირი)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დმანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის კურთხეულო სამწყსოვ, მღვდელ-მოძღვარნო, მონოზონნო!

ორ ათასწლეულმა განვლო მას შემდეგ, რაც სიყვარულის მოძღვრების მწვერვალთან მყოფმა წმ. მოციქულმა პავლემ ეფესოში ქრისტეს ეკლესიას მიმართა: “გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები (II,11) იმ ჟამს ქრისტეს გარეშე იყავით… არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით სოფელში (II,12) ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით, რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორნი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე (II,13-14)”.


იმ დროისთვის, ეფესოს თანამედროვე რომაულ-ელინური სამყარო ვერ წარმოიდგენდა, რომ ათენელებისაგან აღმართული “უცნობი ღმერთის” სამსხვერპლო დაუკავშირდებოდა იუდეის ბეთლემის ბაგაში შობილ იესო მაცხოვრის სახელს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდნენ, თაყვანს სცემდნენ. რას წარმოიდგენდნენ ათენელები, რომ მათთვის უცნობი, ერთადერთი ღმერთის შობისა და აღდგომის შესახებ დამოწმებით წარსდგებოდა მოციქული პავლე.
მოციქულთა მოღვაწეობამდე, წარმართი ხალხები არ იცნობდნენ ქრისტეს და შესაბამისად, არც მისი მოსვლის მოლოდინი ჰქონდათ. ამიტომ მიმართავდა პავლე მოციქული ეფესოში ქრისტეს ეკლესიის წევრებს შემდეგი სიტყვებით: “ოდესღაც შორს მყოფნი; ქრისტეს გარეშე იყავით; არ გაგაჩნდათ სასოება”.
და აი, დღეს ჩვენ, არმყოფობიდან მყოფობაში უფლის განგებულებით მოსულნი, იესო ქრისტეში ნათელღებულნი, წმიდა ეკლესიაში ვეგებებით “გამყოფი კედლის” მრღვეველს, ჩვენს მაცხოვარსა და უფალს, ყრმა იესოს.
ქრისტოლოგიური სწავლების მიხედვით, ქრისტეს შობა კაცობრიობისათვის ღმერთის მიერ მიცემული აღთქმის აღსრულებაა იმ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რომელშიც ადამიანის დაცემული ბუნება იმყოფებოდა. პირველი ადამიანის ღმერთთან განშორება პირველყოფილი კავშირის აღდგენაში წინაღობის ზღუდეს წარმოადგენდა. ძე ღვთისას განხორციელებამ, მის მიერ ადამიანის ბუნების სრულმა მიღებამ (გარდა ცოდვისა), ჯვარზე მისი კაცობრივი ბუნების სიკვდილმა და მკვდრეთით აღდგომამ შემოქმედ ღმერთსა და მის “ხატად და მსგავსად” შექმნილ ადამიანს შორის ურთიერთობის აღდგენისათვის ბარიერი მოხსნა.
დღეს, ჩვენ ვდღესასწაულობთ ღვთაებრივ ბუნებასთან ადამიანური ბუნების შემრიგებლის – ძე ღვთისას ხორციელ შობას, მამა-შვილობის ურთიერთობის აღმდგენელის მოსვლას.
ქრისტეს შობით, თავად ღმერთი იხილა ადამის მოდგმამ ხილულ სამყაროში. ეს არის უხილავი ღმერთის ხილული მოვლენა, რის შესახებაც ამბობდა ესაია წინასწარმეტყველი: “აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს” (ეს. VII,14). “რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი” (მათე. I, 23).
მისი სახელი – იესო, ზეციდან მოიტანა ხილულ სამყაროში ზეციურმა მაცნემ. წმ. იოანე ოქროპირი, წმ.მათე მახარებლის სახარების განმარტებისას, გვაუწყებს: “იმისათვის მოიტანა ანგელოზმა სახელი ზეციდან, რათა ეჩვენებინა, რომ სასწაულებრივია ქალწულ მარიამისაგან შობილი, რადგანაც თვით ღმერთი უგზავნის მის სახელს იოსებს ანგელოზის მიერ. ღმერთმა სახელის წოდებით აშვილა მართალ იოსებს, როგორც მამის მაგიერს.” (IV,7. ჰომილია).
და აი, დადგა დრო, წარმავალი ცხოვრებიდან გონების თვალით ვიმოგზაუროთ ბეთლემში ახალშობილ იესოსთან, იმ მოგვების მსგავსად რომლებსაც ფიზიკური გადაადგილება მოუწიათ შორეული სპარსეთიდან, რათა ეხილათ იუდეაში შობილი და თაყვანი ეცათ მისთვის.
მარადქალწულ მარიამისაგან ხორციელად შობილი ძე ღვთისა – იესო, ანთროპოლოგიურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ჩვილისგან. მისი სოციალური განმასხვავებლობა უკიდურეს სიღატაკეში შობაა, მისი ფიზიკური თვალის გახელა ბაგაში. დაფიქრდები და შეძრწუნდები, სამყაროს დამბადებელი შენს გამო ჩვილად იშვება პირუტყვთა სადგომში და შენი სიცოცხლისთვის ჯვარზე ხორციელად კვდება.
სრულიად მართებულად ვამბობთ, რომ დღეს, ქრისტეს შობასთან ერთად, ადამიანის იმედის დაბადების დღეა. ქრისტეში ჩვენი ცხოვრებისა და გადარჩენის – სასოების გაჩენის დღე. ქრისტე მშვიდობის ღმერთია, რომელმაც თავის ეკლესიაში დაბადა ახალი კაცობრიობა. მან ახალი ადამიანი მოსეს სჯულსა და მასში არსებულ წეს-ჩვეულებებს განაშორა, რამეთუ ძველი სჯული გააუქმა. ამდენად, ქრისტემ დაბადა ახალი კაცობრიობის მდგომარეობა: ”და მოვიდა და გახარათ მშვიდობა” (ეფეს. II,17)
ვეკითხებით საკუთარ თავს, ქრისტეს სახელით ეკლესიაში ნათელღებულებს რა მიგვაქვს მადლიერებისა და სასოების ნიშნად უფლის წმიდა და უსისხლო სამსხვერპლოზე. სულიერ ძღვნად რას უნდა მივართმევდეთ განხორციელებულ ღმერთს. თუ ჩავუღრმავდებით მაცხოვრის სოტერიოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ სწავლებას, დავინახავთ, რომ უფლისადმი მისართმევი ძღვენი, ჩვენი ახალი ცხოვრებაა. როგორც წმ. წერილი გვამცნობს, ქრისტეში ნათელღებული ადამიანი “ახალ კაცად” არის დაბადებული წმიდა ეკლესიაში. თავის მხრივ, ეკლესია კი, როგორც ქრისტე მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ახალი კაცობრიობის კრებული, რომელიც სულიერად არის “ახალი ისრაელი”, მოწოდებულია თვითშეგნებით იყოს ღმერთის რჩეული ერი. ეკლესიის თითოეული წევრი თვითშეგნებით უნდა იყოს რჩეული ადამიანი. ისმის კითხვა: რაში მდგომარეობს ღვთის რჩეულობა? ეს არის ჩვენი ცხოვრების წესში გამოვლენილი ქრისტეში განახლებული ადამიანის ცხოვრება. იმგვარი ადამიანობა, სადაც უფლისმიერი სრულყოფილების სასარგებლოდ გააზრებული და გათავისებულია სრული ცვლილება. ეკლესიაში პიროვნების განახლება თანაშეზრდილია ქრისტეში სიყვარულის აღორძინების სწრაფვასთან, რადგან სიყვარული არის ის მტკიცე საკვრელი, რაც აერთიანებს ქრისტეს სხეულის (ეკლესია) ნაწილებს.
წმ. მოციქულმა პავლემ, აცნობეს რა მისი თანამედროვე კოლასეს წმ. ეკლესიაში მოსალოდნელი ერესის შეღწევის საფრთხის შესახებ, მათ ეპისტოლეში შემდეგი სიტყვით მიმართა: “სიყვარული, რომელი – იგი არს სიმტკიცე სრულებისაი” (კოლ. III,14). აღნიშნულით, წმ. მოციქულმა ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესის დამახასიათებელ თვისებებს: ლოცვას, მარხვას, მორჩილებას, მოწყალებას, სახიერებას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს, სულგრძელებას, ურთიერთშეწყნარებასა და მიტევებას თუ არ ერთვის სიყვარულის თვისება, ვერ იქნება ქრისტეში ჩვენი ცხოვრება წარმატებული და აქედან გამომდინარე – სრულყოფილი. აღსანიშნავია, რომ მოციქულის თანამედროვე კოლასეს მოსახლეობა განიცდიდა ელინურ-ფილოსოფიური და იუდაურ-ასკეტური ელემენტებისგან შემდგარ სინკრეტულ რელიგიური მიმდინარეობის გავლენას. ქრისტიანული სიყვარულის ძალმოსილებასთან დაკავშირებით, შთამბეჭდავ ახსნას გვაძლევს წმ. თეოდორიტე ანტიოქიელი, როდესაც ამბობს: “როგორც შენობებს განამტკიცებს დეტალთა შემაერთებლები, ისევე სიყვარული წარმოქმნის სრულყოფილებას და აკავშირებს სხეულის ნაწილებს”. საღმრთო სიყვარულზე დაუსრულებლად არის შესაძლებელი საუბარი, რის შესახებაც ფართოდაა წარმოდგენილი მახარებელთა მიერ მოთხრობილ სახარებაში, სადაც გადმოცემულია ჩვენთვის ბოძებული უცვალებელი პოსტულატი: ”ღმერთი სიყვარულია” (1 იოან. IV-8).
სამწუხაროდ, თანამედროვე ეკლესიაში (არათუ ეკლესიის მიღმა) არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სიყვარულზე ძირითადი აქცენტის გაკეთება არ სურთ. უფრო მეტიც, მიიჩნევენ, რომ სიყვარულზე ყურადღების გამახვილება სეკულარულ-ჰუმანურ გავლენას უწყობს ხელს ეკლესიაში და ფსევდოლიბერალურ მსოფლმხედველობას უხსნის გზას. დაფიქრდებოდა ადამიანი ამის შესახებ, რომ არ ვიცოდეთ წმ. პავლე მოციქულის სულისშემძვრელად მგზნებარე ჰომილია სიყვარულის შესახებ: “თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ მაქვს, მაშინ მოჟღარუნე რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები” (1კორ. XIII, 1-3).
სიყვარულისკენ მოწოდებაში არ მდგომარეობს პრობლემა, არამედ ამ გრძნობის არასწორი წარმართვა ქმნის დაბრკოლებას. თავად სიყვარული გამომდინარეობს ღმერთის ბუნებიდან და რადგან ჩვენდამი მის სიყვარულს არ განაპირობებს ჩვენი ღირსებები, ამიტომ მსგავსი მდგომარეობისკენ გვაქვს ჩვენც უფლისაგან მოწოდება. უნდა გვიყვარდეს არა იმიტომ, რომ ვუყვარვართ, არამედ უნდა გვიყვარდეს. თუ სიყვარულია, იგი გულგრილობას გამორიცხავს. სიყვარული შეიძლება განივრცოს არა მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში, ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს ობიექტს, პრინციპებს. თუმცა, ქრისტიანული ეთიკით იგი ვერ დაუკავშირდება ვნებას, (ბერძ. ეროსი).
ადამიანისთვის ქრისტესმიერი სიყვარული რომ საფრთხის შემცველი არაა, ამის შესახებ წმ. წერილი დაგვემოწმება: “სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება… რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული-ეს სამი. უდიდესი მათგან სიყვარულია” (1კორ. XIII, 4-8; 13).
იმისათვის, რომ შევძლოთ საღმრთო სიყვარულიდან გაღებული სამეუფო მსხვერპლის გათავისება, დავუბრუნდეთ ქრისტე შობის იდუმალი ღამის მისტერიას. ღმერთი ადამიანი ხდება, რათა მოგვანიჭოს ცხონება, რაც გულისხმობს ჩვენში ადამიანობის აღდგენასა და განღმრთობას. ღმერთი არ მოსულა პიროვნებისთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის. იგი მოვიდა ადამიანის დაცემული ბუნების აღდგენისათვის, რათა ადამიანმა ჰპოვოს ცხოვრება ღმერთში. ცხონება არის ყველა ადამიანისთვის და აქედან გამომდინარე, თითოეული პიროვნებისთვის, რადგან ჩვენი პიროვნულობა დაკავშირებულია ადამიანურ ბუნებასთან.
ადამიანისთვის განღმრთობამდე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცემამდელ ბუნებასთან მიახლოება. ეს ეკლესიის დიდი მოძღვრისა და მასწავლებლის წმ. იოანე ოქროპირის შეგონებიდან ცხადად ირკვევა: “საერთოდ ადამიანი თუ ხარ, დანამდვილებით იმასაც კი ვერ ვხვდები. როგორ შემიძლია ადამიანად შეგრაცხო, როდესაც შენში ადამიანური ბუნების ნიშნებს ვერ ვხედავ? საშიშროების წინაშე ვდგები, რომ ზოგიერთ ადამიანსა და მხეცს შორისაც კი ვერ ვიპოვი სხვაობას. და რა ვქნა, ან მხეცი როგორ გიწოდო? თითოეულ მხეცს ხომ ამ მანკიერებათაგან მხოლოდ ერთი რომელიმე აქვს, შენ კი საკუთარ თავში ყოველგვარ მანკიერებას მოიცავ და შენი უგუნურებით მათ მეტისმეტად აჭარბებ. ეშმაკი გიწოდო? მაგრამ ეშმაკი მუცელს არ ემონება და ფული არ უყვარს. და თუკი მანკიერებებით მხეცებსა და ეშმაკებსაც კი აღემატები, მითხარი ადამიანად როგორ მოგიხსენიო? და თუკი შენი ადამიანად მოხსენიებაც კი არ შეიძლება, მაშ როგორღა გიწოდო მორწმუნე? და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამდენად ცუდ მდგომარეობაში მყოფნი, საკუთარი სულის უსახურობაზე არც კი ვფიქრობთ, არ გვახსოვს მისი სისაძაგლე. თუკი მონაც კი ვერ შედის მამის სახლში, მაშ შენ, მხეცქმნილი როგორ გადააბიჯებ სახლის კარიბჭეს? როგორ ხდება, რომ შენ, ვინც ცხოველებში ბუნებას ამარცხებ, საკუთარ თავში ბუნებასაც ღალატობ და ნების სრულყოფილებასაც? რით გაიმართლებ თავს იმაში, რომ ვერ ფლობ ბუნებას? (ჰომილია IV, 1-17).
შემთხვევით არ შევეხეთ დასაწყისში წარმართთა ხანას, რადგან ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესი ხშირ შემთხვევაში მათი ცხოვრების წესისგან არ განსხვავდება, ისე როგორც წმ. იოანე ოქროპირის დროს, ეს თემა დღესაც აქტუალურია. წარმართული ცხოვრება არის ის, რაც არ არის ქრისტიანული ცხოვრება.
ქრისტემ მოგვანიჭა უდიდესი პატივი, წყალში მისი სახელით სამჯერ შთაფვლით, გვქონდეს მომასწავებლობა მასთან ერთად საუკუნო აღდგომის. ეს უფლისაგან ჩვენთვის დაუმსახურებლად მონიჭებული მადლია, რაც გვავალდებულებს ვიცხოვროთ ამ წყალობა ბოძებული პატივის შესაბამისად, რაც წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების სახეს, ეთიკას, კეთილ საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ სათნოებათა რიცხვი მრავლადაა, მაინც გამოვყოფ რამდენიმე უმთავრესს. ესენია: უფალ ქრისტესადმი რწმენა, სიყვარული, სასოება, მოშიშება, მისი მცნებების დაცვა, მისი მაგალითის მიბაძვა, სინანული, თავმდაბლობა, მორჩილება, ლოცვა, მარხვა, სიხარული, ცოდვის უარყოფა, ერთმანეთის სიყვარული, კეთილსინდისიერება, მოწყალება, შემწყნარებლობა, მიმტევებლობა, თანაგრძნობა, ქველმოქმედება, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ღარიბთა შემწეობა, თანადგომა, პატივისცემა, გაჭირვებაში მყოფის დახმარება და სხვ. ყოველი აქ ჩამოთვლილი ადამიანს საშუალებას აძლევს თავისში ააღორძინოს ადამიანურობა, გნებავთ ჰუმანურობა და ამავდროულად სრულყოფილებისაკენ სწრაფვით ეწიოს განღმრთობას.
ადამიანის მონაწილეობა ქრისტეში, მისი ცხონებისათვის (ღმერთთან ნეტარება) აუცილებელი ვალდებულებაა, რადგან, მიუხედავად ქრისტესგან უკვე საყოველთაო არსებული გამოხსნისა, თითოეული პიროვნება საკუთარი ნებით ღებულობს მონაწილეობას ზეციური სიცოცხლის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს უფალთან ნეტარებას, სიხარულს, მშვიდობას და ამ ყველაფერს ერთად ეწოდება მარადიული ცხოვრება.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, დასასრულს მინდა, დიდი წმიდა მამის იოანე ოქროპირის სიტყვებით, მოგმართოთ: “უფრო კი იმიტომაც მივესალმები ამ დღეს სიყვარულით და თქვენს წინაშე იმისათვის გამოვავლენ ამ სიყვარულს, რომ თქვენც ამ სიყვარულის მონაწილე გაგხადოთ. ამიტომაც გთხოვთ და გარწმუნებთ ყველას, ამ დღეს დატოვოთ სახლები და ერთად შეიკრიბოთ. ერთად ვიხილოთ გამაოგნებელი და საოცარი სანახავი; უფალი ჩვენი, ბაგას მწოლარე და ჩვილის სახვევვებით შეკრული. თუკი სარწმუნოებით მოვეახლებით, უეჭველად ვიხილავთ მას ბაგაში მწოლარეს, რადგან ეს ტრაპეზი ბაგას ცვლის. აქ იწვება უფლის სხეული, ყოველი მხრიდან სულიწმიდით მოსილი”.
ქრისტეში თქვენთან ერთად მსასოებელი

+მთავარეპისკოპოსი ზენონი

შობა ქრისტესი
2018 წელი

წყარო

 

Print Friendly

Comments are closed.