შემოქმედების თავისუფლების შესახებ

Creación_de_Adán_(Miguel_Ángel)ნიკოლაი ბერდიაევი

აქ არა პოლიტიკურ, არამედ სულიერი კულტურის შემოქმედების თავისუფლებაზეა საუბარი.

საკითხი შესაძლოა ელემენტარულადაც მოგეჩვენოთ. შემოქმედება შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. მის გარეშე ის უბრალოდ ჭკნება. შრომა შესაძლოა არსებობდეს იძულებითი, რაც არც თუ ისე იშვიათად შეგვხვედრია და არც მისგან გამოთავისუფლების მცდელობა დაუკლია ვინმეს, მაგრამ იძულებითი შემოქმედება სრულიად უაზრო სიტყვათაშეთანხმებაა.

სინამდვილეში, აქაც, როგორც ყველგან, საკითხი თავისუფლების შესახებ გაცილებით რთულია, ვიდრე ეს საზოგადოდაა ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ის თავისუფლების რაციონალურ განსაზღვრებასთანაა დაკავშირებული. ფილოსოფიური აზროვნება მიდის იქამდე, რომ თავისუფლების რაციონალური განსაზღვრება შეუძლებელია. ამგვარი განსაზღვრებით თავისუფლება ქრება და დეტერმინიზმს ექვემდებარება. ამ საკითხის შესახებ კარგად საუბრობს ბერგსონი. თუმცა, ის იძულებულია საკუთარი აზრი თავისუფლების შესახებ სიტყვით გამოხატოს. რაც არ უნდა იყოს, ნეგატიური შემეცნებაც შემეცნებაა.

იმის აღიარებას, რომ ყოველგვარი შემოქმედებითი თავისუფლება აღმოუფხვრელი შემადგენელი ნაწილია, მივყავართ იქამდე, რომ სულიერი კულტურა, გარეგანი სოციალური ცხოვრებისგან განსხვავებით, შეუძლებელია სრულად რაციონალიზირებული და ორგანიზებული გახდეს, ან დაექვემდებაროს რომელიმე სახის საზოგადო წყობილებას. მასში მუდმივადაა რაციონალურ საზღვრებს მიღმა გარღვევა. ეს გარღვევაა ყველაზე ხშირად გენიალური და შემოქმდებითი, რაც ყველაზე მეტადაა შემცველი სიახლისა. ამგვარი შემოქმედებითი თავისუფლების მიღმა მხოლოდ სამყაროს მატერიის გადანაწილებაღა არსებობს…

შემოქმედებითი თავისუფლების ინდივიდუალიზმთან გაიგივება შეცდომაა. ჭეშმარიტი შემოქმედება პირადულია, ანუ ინდივიდუალური, მაგრამ ინდივიდუალიზმი სულაც არ ნიშნავს შემოქმედის თვითშთანთქმას და მის იზოლაციას საზოგადო და ამქვეყნიური ცხოვრებისგან. რაფინირებული ინდივიდუალიზმი დეკადანსური მოვლენაა და ყველაზე ნაკლებად იყო დამახასიათებელი შემოქმედი გენიოსებისათვის.

შემოქმედება შეუძლებელია სრულად გადმოიცეს საზოგადოებიდან. ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ განისაზღვრება სოციალური გარემოსგან და საკუთარი სიღრმისეული შრეებისგან. შემოქმედებითი აქტის საიდუმლო ყველა სფეროს მოიცავს – ის არა მხოლოდ კულტურული ფასეულობების შემოქმედებაშია, არამედ ადამიანის მიერ სხვა ადამიანის შემოქმედებით სიყვარულშიც. სწორედ ამაშია სამყაროში ყოველგვარი განმანახლებლობის წარმოქმნის საიდუმლო. საიდუმლო იმისა, რასაც აქამდე ჯერ არ უარსებია*. შემოქმდება გულისხმობს სამყაროში არსებულ მატერიას, ბუნების მატერიას, საზოგადოებას და სულს და მასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ მხოლოდ ამ მატერიის გამოყენებით მისი შეცნობა შეუძლებელია. ისევე როგორც შეუძლებელია ის აუცილებლობით იყოს გამოწვეული. ვერანაირ დეტერმინიზმს ვერ ძალუძს ახსნას შემოქმედებითი აქტის საიდუმლო.

მეტნაკლებად სწორად მხოლოდ გარკვეული შემოქმედებითი მიმდინარეობების ახსნაა შესაძლებელი, როგორც ამას დეტერმინისტი ტენი ახორციელებდა. მაგრამ ყოველი მსგავსი მცდელობა შემოქმედებითი აქტის საიდუმლოს ახსნას სცდებოდა. და ყოველთვის ასე იქნება დეტერმინიზმში, რადგან ჩვენ თავისუფლების საიდუმლოთან გვაქვს საქმე, რომელიც ყოველი შემოქმედებითი პროცესის შემადგენელი ნაწილია. მერე რა თუკი იტალიელი რენესანსის მხატვრები მიმართავდნენ ბუნებას და ანტიკურ ხელოვნებას, ამით ბევრი რამ შეიძლება აიხსნას, მაგრამ ლეონარდო და ვინჩის ან მიქელანჯელოს შემოქმედებითი აქტი მუდმივ საიდუმლოდ დარჩება. იმ შინაგანი თავისუფლების აქტის საიდუმლო, რაც სიახლის საწყისი იყო.

მიმსგავსებამ, მიბაძვამ, სოციალური გარემოს გავლენამ ბევრი რამ შეიძლება ახსნას, მაგრამ არა – პირველადი, არა – ყველაზე მთავარი. შემოქმედება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმეს შემატება შინაგანიდან ხდება. თუკი გარედან წამოსული შიგნიდან გამომავალს დათრგუნავს, შემოქმედება აუცილებლად გაქრება.

სწორედ ამიტომ შეუძლებელია, თუმცაღა არსებობდა კიდევაც, კარის ფილოსოფია, კარის ხელოვნება. მაგრამ არსებობს ასევე ინდივიდუალური შემოქმედის კავშირი შინაგან სულიერ გარემოსთან, რომლის წიაღშიც ის აზროვნებს და ქმნის. რომანტიზმის ეპოქაში მეტნაკლებად საინტერესო შემოქმედები სწორედ რომანტიკოსები იყვნენ, ხოლო რუსული სიმბოლიზმის ეპოქაში – ყველა პოეტი სიმბოლისტი. თუმცაღა, ეს სულაც არ ნიშნავს მხოლოდ გარეგან მიმსგავსებას და მიმბაძველობას. მოდა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მაგრამ თუკი მეტად ჩავუღრმავდებით, სწორედ ასე იქმნება სტილი. ბაროკოს სტილი საკმაოდ დიდხანს ბატონობდა ევროპაში, მოდაშიც იყო, მაგრამ არა თავის საწყისებში. შედარებით ყველაზე ორიგინალური რომანტიკოსები და სიმბოლისტები ისინი იყვნენ, ვინც პირველად დაიწყო მსგავს ჟანრში წერა. მათი ამგვარი სიახლე თავისუფლებიდან მოდიოდა.

ასევეა ყველაფერში. ფილოსოფოსი ფილოსოფიის ისტორიაზე და ხალხის კულტურულ გარემოზეა დამოკიდებული, მაგრამ ფილოსოფიაშიც იყო სიახლეები, იყო რაიმეს წამოწყება და ის ფილოსოფოსის შინაგან თავისუფლებაზე იყო დამოკიდებული. შემოქმედებითი თავისუფლების შესაძლებლობა კაცობრიობის არსებობის უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ასევე შემოქმედებითი სახის უნდა ყოფილიყო. კულტურა მოიაზრებს კავშირს და ის ყოველთვის ახლავს ისტორიულ პერსპექტივას, მაგრამ ის ნელდება და ქრება, თუკი მასში არ არსებობს თავისუფალი შემოქმედებითი წამოწყება.

ამიტომ, კულტურაში ყოველთვის არის ორი საწყისი: ტრადიცია და შემოქმედებითი თავისუფლება. ტრადიციის გარეშე არ არსებობს კავშირი და არ არსებობს საზრისი ისტორიული ბედისა. გარდა ამისა, ტრადიცია არ დგას სადარაჯოზე და არ არის შემოქმედებითი განვითარების ხელის შემშლელი. ის შინაგანი კავშირია წარსულის შემოქმედებასთან, წარსულის კულტურულ ფასეულობებთან. შემოქმედების თავისუფლების გარეშე სიახლე წარმოუდგენელია, შეუძლებელია ზრდადი და აღმავალი ცხოვრება, და მხოლოდ სიკვდილია. კულტურული შემოქმედების ისტორიას ახსოვს წყვეტები წარსულთან, მღელვარე აჯანყებები. განსაკუთრებით წყვეტები ახლო წარსულთან. რევოლუცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაშია საჭირო, არამედ კულტურულშიც. მაგრამ ის დიადი მარად ფასეული წარსული მუდმივად დარჩება სიღრმეში და ყოველთვის მოხერხდება მასთან დაბრუნება… საბჭოთა რუსეთში ხშირია მეოცე საუკუნის დასაწყისის რენესანსის უკუგდება, მაგრამ ხდება მე 19 საუკუნის დიდი რუსული ლიტერატურისკენ დაბრუნება. მოგვიანებით საუკუნის დასაწყისის კულტურული რენესანსის ფასეულობებიც დაუბრუნდება მომავლის კულტურას. წარსულთან კავშირის გარეშე, კულტურა ისევე არ არსებობს, როგორც თავისუფლების გარეშე.

არსებობს თუ არა “სოციალური დაკვეთა” შემოქმედებაში ან ფილოსოფიაში? ხელოვნებას ხომ არ კლავს ის? ამ კითხვის განხილვა ფორმალურად არ შეიძლება. ცხადია, სახელმწიფო ხელისუფლების დაკვეთით შექმნილი სოციალური დაკვეთა მომაკვდინებელია. მაგრამ მას შეუძლია სხვა აზრიც გააჩნდეს. მაგალითისათვის, მცდარია ვიფიქროთ თითქოს საბერძნეთში არსებობდა წმინდა ხელოვნება და მისი შემქმნელები ინდივიდუალისტები იყვნენ. ბერძნული ტრაგედია საერთო სახალხო ხელოვნების ნიმუში იყო, რომელსაც რელიგიური შინაარსი გააჩნდა. ესქილე, როგორც ცნობილია, სწორედ ათენის ქალაქ-სახელმწიფოს სოციალურ დაკვეთას ასრულებდა და მას ეს მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული. მაგრამ ის ესქილეს შინაგან მსოფლხედველობასთან და რელიგიურ გრძნობასთან თანხვედრაში იყო და სულაც არ წააგავდა ვინმეს დაკვეთას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდა შესაძლებელი ბერძნული ტრაგედიის უდიდეს შემოქმედებად გადაქცევა. აქ არ იყო საზოგადოების ძალადობა შემოქმედ პიროვნებაზე, არამედ ორგანული თანხვედრა – შემოქმედში და საზოგადოებაში ერთ სულიერ ორგანიზმად.

ასეთი იყო ყოველი რელიგიური ხელოვნება. ასეთები იყვნენ შუა საუკუნეების ტაძრების მშენებლები. ასეთი იყო დანტე და ხელოვნება რენესანსისა. ძველებური ტერმინოლოგიით, ამით გამოირჩეოდა “ორგანული” ეპოქა “კრიტიკულისგან”.

აი, მაგალითად, შემთხვევა, რომელმაც შესაძლოა შექმნას სოციალური დაკვეთის შთაბეჭდილება. თითქოს ეს დაკვეთა “ზევიდან” მოდიოდა, თუმცაღა უდიდეს ხელოვნების ნიმუშზეა საუბარი. ვერგილიუსი კეისარ ავგუსტუსის დაკვეთას ასრულებდა, როდესაც “ენეიდა”-ს წერდა. ავგუსტუსი რომის აღორძინებისკენ ისწრაფოდა, ცდილობდა გახრწნისგან დაეხსნა იგი და, უპირველეს ყოვლისა, გამოსავალს რომაული რელიგიის აღორძინებაში ხედავდა. ის შეხვდა გენიალურ პოეტს, რომელიც როგორც რელიგიით, ის პატრიოტული განწყობით ზუსტად მიესადაგებოდა მის ჩანაფიქრს. ვერგილიუსი ქმნიდა თავისუფლად, სიღრმიდან, რელიგიურ-პატრიოტული რწმენიდან გამომდინარე. გარეგნულად თითქოს ავგუსტუსის და მისი ტოტალიტარული წყობილების დაღი აქვს დასმული. თავად რომაული რელიგიის აღორძინების ჩანაფიქრი უიმედო იყო, რადგან არ იყო ის მომავლის რელიგია. მიუხედავად ამისა, ვერგილიუსს ქრისტიანობის წინამორბედად აღიარებენ, რადგან ყველაზე ახლოს მდგომი აღმოჩნდა ქრისტიანობასთან წარმართთა შორის. ის იქნება დანტეს თანამგზავრი იმქვეყნად მგზავრობის დროს. ვერგილიუსის შემოქმედება არ იყო ინდივიდუალური, მისი თანამედროვე, ევროპული გაგებით, მაგრამ ის თავისუფალი იყო.

თავისი მნიშვნელობით საყოველთაო შემოქმედება შეუძლებელია მიღწეულ იქნეს მატერიალური მსოფლმხედველობის ნიადაგზე, რაც არა კულტურას, არამედ მე-18, მე-19 საუკუნეების ბურჟაზიული ელიტის მიერ ვულგარიზირებულ წარმონაქმნს წააგავდა. მარქსი, რომელიც სრულებთ არ გავს ბიუხნერს ან მოლეშოტს, თავისი არსით არ ყოფილა მატერიალისტი, ის გაცილებით რთული პიროვნება იყო. გერმანული იდეალიზმის წიაღიდან გამოსულს, სამუდამოდ ჰქონდა შენარჩუნებული ბევრი რამ. მატერიალიზმი ზედაპირულია, მაგრამ ხელოვნების საყოველთაობა მხოლოდ სიღრმისეულად მიიღწევა, სადაც ცალკეული შემოქმედი ხალხისა და მთელი კაცბრიობის ბედთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დიდ ხელოვნებაში ტრადიცია და თავისუფლება მუდმივ კავშირშია. ტრადიცია არ უნდა განვიხილოთ როგორც კონსერვატიული რამ. უნდა შევხედოთ როგორც შემოქმედებით კავშირს, როგორც მეხსიერების გამარჯვებას დროზე.

ბევრს დაობდნენ იმის შესახებ, შემოქმედება ინდივიდუალურია თუ სახალხო-კოლექტიური. კითხვის დასმას ისეთივე მნიშვნელობა აქვს როგორც პასუხს მასზე. ამ შემთხვევაში კითხვა არასწორადაა დასმული. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვაშოროთ ტერმინი კოლექტიური შემოქმედება, რადგან ამგვარი რამ ბუნებაში არასოდეს არსებობდა არც იარსებებს. მაგრამ სახალხო შემოქმედების შესახებ კითხვას დიდი მნიშვნელობა გააჩნია, თუკი მას იმგვარი ფორმით მოვიხმართ, რომ არ აღმოჩნდება ინდივიდუალურის ანტონიმი. პუშკინის ან ტოლსტოის შემოქმედება ინდივიდუალურია. სასაცილო იქნებოდა მათი შემოქმედებისთვის კოლექტიური გვეწოდებინა. თუმცა, ამასთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი შემოქმედება სახალხოა. ის რუსი ხალხის სულს გამოხატავს.

პუშკინის და ტოლსტოის შემოქმედების ხალხურობა თანამედროვე საბჭოთა რუსეთშიც აისახება, სადაც მთელი ქვეყანა კითხულობს და პატივს სცემს. პუშკინის კულტიც კი არსებობს. ეს სახალხო სახე სრულებით არ უშლიდა ხელს როგორც პუშკინს, ისე ტოლსტოის ყოფილიყვნენ მაღალი საზოგადოების ტიპიური წარმომადგენლები, რაც ასახულია კიდეც მათ შემოქმედებაში. ეს ცხადად ადასტურებს იმას, თუ რამდენად ზედაპირულია კლასობრივი დაყოფა, როდესაც საქმე გენიალურ შემოქმედებასთან გვაქვს. “კაპიტანის ქალიშვილი” ან “ომი და მშვიდობა” სახალხო ნაწარმოებებია, სადაც მთავარ როლში რუსი ხალხია წარმოდგენილი. მსგავსი სახის სახალხო ფორმა შემოქმედებითი აქტის სიღრმეში იხსნება და ის შეუძლებელია არსებობდეს ზედაპირზე. გენიალურ შემოქმედებაში პირადული სახალხოსთან გაიგივდება, საერთო სახალხო კი ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურია თავისი მნიშვნელობით.

საერთო სახალხო არ არის დაკვეთა გარედან და, მითუმეტეს, ინდივიდუალური შემოქმედების თავისუფლება არანაირად არ იზღუდება ან იჩაგრება. მხოლოდ თავისუფალ შემოქმედებით აქტში იხსნება საყოველთაო სახალხო სიღრმე. ამასთან, ეს საერთო სახალხო არ უნდა იყოს ხელოვნური და ძალდატანებითი.

ადამიანის სული არ არის დახშული ქოხი ფანჯრებისა და კარის გარეშე, როგორადაც ოდესღაც ლეიბნიცს მიაჩნდა. მას შეუძლია აზროვნება და მეტნაკლებად ძალუძს საკუთარ თავში სამყარო შემოუშვას. ადამიანს საზოგადოებასთან გარეგანი კავშირი გააჩნია, რომელიც საშინელი წნეხის ქვეშ ამყოფებს და ხშირად უშლის ხელს თავისუფლებაში. მაგრამ ადამიანი მეტაფიზიკური ბუნებითა და დანიშნულებით სოციალური ქმნილებაა და მისი ნამდვილი კავშირი სოციალურ ცხოვრებასთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან და სამყაროსთან არა გარედან, არამედ შიგნიდან, ადამიანის სიღრმიდან ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ ზეპიროვნულ ცხოვრებაშია ჩაფლული, მაინც თავისუფალ პიროვნებად რჩება.

ეს არის შემოქმედების თავისუფლების ძირითადი თემატიკა და ზოგადად მთელ სულიერ კულტურას ეხება. იტალიური მხატვრობა თავისუფალი ინდივიდუალური შემოქმედების შედეგი იყო. ის იყო სულის თავისუფალი აქტი მატერიალურ სამყაროზე, მაგრამ ამავე დროს ის იყო სახალხოც, ან, როგორც დღეს არის მიღებული, ნაციონალური, იტალიური და ამავე დროს უნივერსალურიც თავისი მნიშვნელობით. გერმანული ფილოსიფია თავისუფალი ინდივიდუალური შემოქმედების შედეგი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური გერმანული სახე გააჩნდა, მაინც რჩებოდა უნივერსალურად თავისი მნიშვნელობით. მეტად ნაციონალურ-რუსულია დოსტოევსკისა თუ ტოლსტოის შემოქმედება, მაგრამ ის უნივერსალურ მნიშვნელობას იძენს. ცნობილია, რომ გოეთე პირადი მიზეზების გამო წერდა. ის სუბიექტური იყო თავის შემოქმედებაში, თუმცა, დღეს ობიექტური შემოქმედების ნიმუშად მიიჩნევა. ანუ, სუბიექტურად პირადული გარდაიქმნება უნივერსალურად და საერთო საყოველთაო მნიშვნელობას იძენს.

ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. პირადის აღება არ შეიძლება უხარისხოდ. მისთვის ნაციონალური და უნივერსალური თვისებებია დამახასიათებელი. სამყარო სოციალისტურ და კომუნოტარულ ეპოქაში შედის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის აუცილებლად უნდა იყოს დამახასიათებელი კოლექტივიზმის ცრუ-მეტაფიზიკა, რომელიც უარმყოფელია თავისუფალი შემოქმედებისა. სულის შემოქმედებით აქტში საიდუმლოა, რომელიც რაციონალიზირებაც შეუძლებელია. არ შეიძლება მისი დაყვანა დეტერმინიზმამდე.

თავისუფლების საიდუმლო სწორედ ამაშია. სამყაროს უდიდესი საიდუმლო, რომელზეც ილეწება ნებისმიერი სახის დეტერმინიზმის სისტემა, ნატურალისტიკური იქნება ის, თუ სოციალური. არ არსებობს არანაირი ძალა სამყაროში, რომელსაც შესწევს ძალა დაამარცხოს ან ჩააქროს ეს პირველსაწყისი თავისუფლება, მისი შემოქმედებითი ცეცხლი. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებულად ინდივიდუალურ-პირადული განსაკუთრებულად უნივერსალურ-საყველთაოა. ნამდვილ თავისუფლებას შეუძლია ჩაკეტილობისგან გაღწევა, შეუძლია გაარღვიოს შეზღუდულობა, რაშიც ასე ბუნებრივად ეფლობა ადამიანი. შემოქმედებითი თავისუფლება მიმართულია ახალი სიცოცხლის შექმნისკენ, ახალი ფასეულობებისკენ. ის არასოდეს ტოვებს ადამიანს მის პატარა სამყაროში. ის დიდი სამყაროსკენ მიმართავს მას. თავისუფალ შემოქმედებაზე ძალადობა ვერ გაანადგურებს მას, მაგრამ შეუძლია საცოდავი ოპორტუნისტების ან ფსევდომოწამეების გაჩენას შეუწყოს ხელი.

სული თავისუფლებაა და მისი ჩაქრობა შეუძლებელია.

შენიშვნა:

* იხილეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რეიმონდ პოლეკის ავტორობით გამოსული წიგნი:  «La creation des valeurs». ავტორი თანამედროვე ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენელია. ის მძაფრად საუბრობს შემოქმედებითი ფასეულობების თემაზე. მაგრამ მისი ფილოსოფიური გადაწყვეტა, მსგავსად სარტრისა, უნაყოფოა და მხოლოდ ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის სუსტ მხარეზე მეტყველებს.

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

Print Friendly

Comments are closed.