ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას – პატრიარქი

17/08/2015
By

Ilia IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ჯარისკაცებს მიმართა. როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ჯარისკაცები იმ ღვაწლის გამგრძელებლები არიან, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
“როცა ვუყურებ ჩვენს ჯარისკაცებს, გული ივსება სიხარულით, დიდი ხანია, ასეთი კავშირი არ ყოფილა ეკლესიას და ჯარს შორის. ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. უპირველეს ყოვლისა, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს და ულმობელი არ უნდა გახდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი სამშობლოს დამცველია. ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ისტორიიდან მეფე დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლაც გაიხსენა, როდესაც მეფემ უკან დასახევი გზა ჩახერგა. ასევე, პატრიარქმა ბიბლიიდან დავით წინასწარმეტყველის ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა გოლიათი დაამარცხა.

ილია მეორემ ამ მაგალითით ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ ისინი არ უნდა შეშინდნენ, რადგანაც საკუთარი სამშობლოს დამცველები არიან.
“ჩემო სულიერო შვილებო, ჯარისკაცებო, ყოველდღე ეკლესია ლოცულობს თქვენთვის და შეავედრებს თქვენს თავს ღმერთს, თქვენ მხნეობა მოგცეთ. ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ქადაგების დასასრულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.

წყარო

Print Friendly

Comments are closed.