25 დეკემბერი ახალი სტილით – დღე როდესაც მართლმადიდებლური სამყაროს ერთი ნაწილი [1] აღნიშნავს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას. სწორედ ამ პერიოდში უფრო ხშირად გვესმის ხოლმე საუბრები ანდა კამათები ეკლესიის კალენდართან დაკავშირებით. მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას (ისევე როგორც სხვა უძრავ დღესასწაულს) აღნიშნავს სხვადახხვა დღეებში. ქრისტეშობის დღესასწაულის შემთხვევაში ესაა 25 დეკემბერი “ახალი” ან უფრო სწორედ კი შესწორებული იულიუსის კალენდრით, და 25 დეკემბერი – “ძველი” ანუ იულიუსის კალენდრით, რაც დღესდღეისობით “ახალი” სტილის მიხედვით 7 იანვარზე მოდის [2]. ორი კალენდრის და რიგ შემთხვევაში კი ორი პასქალიის არსებობა ერთ ეკლესიაში თავისთავად სამწუხარო ფაქტია, თუმცა ეკლესიისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ეკლესია კალენდრულ საკითხს ყოველთვის განიხილავდა პრაქტიკულ და არა დოგმატურ ჭრილში, ის ისტორიულად უშვებდა ისეთი დღესასწაულის, როგორიც თავად აღდგომაა, ეკლესიის სხვადასხვა ნაწილის მიერ სხვადასხვა დღეებში აღნიშვნას. ამით ეკლესიის ერთობა და სიყვარული არ ილახებოდა [2]. ამ მხრივ საინტერესოა 1948 წელს მოსკოვში გამართული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების შეხვედრის დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ ეკლესიური ერთიანობა და სიყვარული ნებისმიერ კალენდარზე მაღლა დგას [3].

აქვე ვსარგებლობთ რა სიტუაციით ყველას, განსაკუთრებით კი შესწორებულ იულიუსის კალენდარზე მყოფ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და დებს, ვულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!

ნაშრომი ბლოგისათვის საგანგებოდ რუსულიდან თარგმნა და მოამზადა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ

1948 წელს მოსკოვში გამართული მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი და კალენდრული საკითხი [4]

1948 წლის 8-18 ივლისს მოსკოვში ჩატარდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა და წარმომადგენელთა თათბირი. სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად განხილული იყო აგრეთვე საეკლესიო კალენდრის საკითხიც. იმ დროისათვის მსოფლიო ეკლესიათა თითქმის ნახევარი უკვე გადასული იყო შესწორებულ იულიუსის კალენდარზე და, შესაბამისად, კალენდრული საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა. გაურკვეველი იყო თუ რა უნდა მოემოქმედათ სამომავლოდ – ყველა, ვინც იულიუსის კალენდარზე (ანუ ”ძველ” სტილზე) იყო გადასულიყო შესწორებულ იულიუსის კალენდარზე (ანუ ”ახალ” სტილზე), რაც საეჭვო იყო, ანდა ყველა ვინც შესწორებულ იულიუსის კალენდარზე იყო გადმოსულიყო უკან – ძველ სტილზე, რაც ასევე საეჭვო იყო. გარდა ამისა, უფრო რთული იყო პასქალიის საკითხიც – ეკლესიებმა, რომლებიც შესწორებულ კალდენარზე იყვნენ დაიტოვეს ალექსანდრიული პასქალია. სინამდვილეში, იმისათვის რომ ყველაფერი თავის რიგზე ყოფილიყო, შესწორებულ იულიუსის კალენდარზე გადასულ ეკლესიებს წესით პასქალიაც უნდა შეეცვალათ. თუმცა, ყველას კარგად ესმოდა, რომ უფლის აღდგომის დღესასწაული ყველას უნდა აღენიშნა ერთდაიმავე დღეს. სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტას ცდილობდა ხსენებული თათბირი.

10 ივლისის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით სამი მოხსენება იყო წარმოდგენილი: პირველი მომხსენებელი იყო ა.ი.გეორგიევსკი მოხსენებით ”საეკლესიო კალენდრის შესახებ”; მეორე – ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელი, არქიმანდრიტი მეთოდი, რომლის მოხსენებაც წარმოადგენდა იმ დროისთვის უკვე აღსრულებულ პროფესორ ნ.ნ.გლუბოკოვსკის ნაშრომის ასლს, და მესამე მომხსენებელი იყო რუმინეთის ეკლესიის წარმომადგენელი, პროფესორი და დეკანოზი პ.ვინტილეკსუ. პირველი მომხსენებელი რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა, მესამე კი მომხრე იყო, მაშინ როდესაც მეორე მოხსენება შეიცავდა იმ დებულებებს, რაც საბოლოო ჯამში შევიდა თათბირის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

13, 14 და 15 ივლისს ჩატარდა კომისიის სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა ”ეკლესიური კალენდრის” საკითხს. მასში შევიდნენ:

1. ანტიოქიის დელეგაცია: მიტროპოლიტი ილია და არქიმანდრიტი ვასილი
2. სერბეთის დელეგაცია: მიტროპოლიტი იოსები და ეპისკოპოსი ბენიამინი
3. რუმინეთის დელეგაცია: პროფესორი და დეკანოზი პეტრე ვინტილეკსუ
4. ბულგარეთის დელეგაცია: არქიმანდრიტი მეთოდი
5. პოლონეთის დელეგაცია: დეკანოზი ევგენი ნაუმოვი
6. ალბანეთის დელეგაცია: გ. ა. ლიუბანი
7. ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია: დეკანოზი გ. ნოვაკი
8. დასავლეთ ევროპის დელეგაცია: მიტროპოლიტი სერაფიმე და დეკანოზი ა. სერგეენკო
9. ბულგარეთის რუსული სამრევლოებიდან: არქიეპისკოპოსი სერაფიმე
10. იუგოსლავიის რუსული სამრევლოებინდა: დეკანოზი ვ. ნეკლიუდოვი
11. ჰოლანდიის დელეგაციიდან: არქიმანდრიტე დიონისე
12. ჩინეთში რუსული სასულიერო მისიიდან: არქიმანდრიტი გაბრიელი
13. რუსეთის ეკლესიიდან: მომხსენებელი ა. ი. გეორგიევსკი, არქიეპისკოპოსი ფილიპე, დეკანოზი ნ. ბაჟანოვი და პროფესორი ც. ვ. ტროიცკი.

სულ 19 მონაწილე.
თავჯდომარე – არქიმანდრიტი მეთოდი. მდივანი – პროფესორი ც. ვ. ტროიცკი.

პირველ სხდომაზე გადაწყვეტილი იყო რეზოლუციის განხილვა გადაეცათ კომისიისათვის, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორი გეორგიევსკი, პროფესორი და დეკანოზი ვინტილეკსუ და არქიმანდრიტი მეთოდი. მეორე სხდომაზე მოსმენილი იყო რეფორმის ცნობილი მოწინააღმდეგის – არქიეპისკოპოსი სერაფიმეს (სობოლევი) მოხსენება. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს მომავალი რეზოლუციისათვის მიეღოთ ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მესამე სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული იქნა რეზოლუციის ის პროექტი, რომელიც თათბირის დასკვნით პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

რეზოლუცია ”საეკლესიო კალენდრის” საკითხზე

”1. მივისწრაფვით რა შევინარჩუნოთ საერთო ეკლესიური ერთიანობა, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა და წარმომადგენელთა თათბირმა მოსკოვში მოახდინა კალენდრული საკითხის გადახედვა და მივიდა დასკვნამდე, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კალენდრის მნიშვნელობა განისაზღვრება, ძირითადში, მის წმინდა აღდგომის დღესასწაულთან კავშირში, რამეთუ ამ დღესასწაულის აღნიშვნა უნდა ემყარებოდეს ბიბლიას და უნდა ეთანხმებოდეს მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, ყველგან ერთდაიმავე დროს, კვირადღეს, მაგრამ არა ერთდროულად იუდეურ პასექთან [5]. ამ საეკლესიო მოთხოვნას სავსებით აკმაყოფილებს ალექსანდრიული პასქალია.

2. წმინდა პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული განსაკუთრებულობების აღმოსაფხვრელად, რომელიც თავს იჩენს ავტოკეფალურ ეკლესიებში არსებული სხვადასხვა კალენდრული სისტემის გამო, თათბირს მთელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის მიაჩნია აუცილებლად რათა წმინდა პასექის დღესასწაული აღინიშნებოდეს მხოლოდ ძველი (იულიუსის) სტილით, ალექსანდრიის პასქალიის მიხედვით.

3. სანამ არ შემუშავდება და დამტკიცებული არ იქნება ყველაზე გაუმჯობესებული კალენდარი, თათბირს მიაჩნია, რომ უძრავი დღესასწაულებისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდარი.

4. თათბირს  სამღვდელოებისათვის და მორწმუნე ერისათვის მიაჩნია აუცილებლობად მისდიონ იმ ადგილობრივი ეკლესიის სტილს, რომლის ფარგლებშიც ისინი ცხოვრობენ, როგორც ეკლესიის ერთ-ერთი ტრადიცია, რომლის შენახვას ერთიანობისა და სიყვარულისათვის გვასწავლიან წმინდა კანონები.

+ ალექსი, ღვთის მადლით პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა,
+ კალისტრატე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
+ სერბეთის პატრიარქი გაბრიელი,
+ იუსტინიანე, ღვთის მადლით რუმინეთის პატრიარქი,
+ სტეფანე, ბულგარეთის ეგზარქი,

ანტიოქიის ეკლესიიდან:
+ ემესის მიტრპოლიტი ალექსანდრე, ლიბანის მიტროპოლიტი ილია,
ალექსანდრიის ეკლესიიდან:
+ ემესის მიტრპოლიტი ალექსანდრე, ლიბანის მიტროპოლიტი ილია,
პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან:
+ ტიმოთე, ბელოსტოკის და ბელსკის არქიეპისკოპოსი ,
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან:
+ კორჩისს ეპისკოპოსი პაისი,
ჩეხოსლოვაკიაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქი:
+ ელეფთერი, პრაღის და ჩეხეთის არქიეპისკოპოსი.

მოსკოვი, 17 ივლისი, 1948 წ.” [4]

JMP-1967

ცხოვრებამ ამა თუ იმ დადგენილების განხორციელებაში თავისი კორექტივები შეიტანა. ერთის მხრივ, ის ეკლესიები, რომლებიც ”შესწორებულ იულიუსის სტილზე” გადავიდნენ იძულებულნი იყვნენ შეენარჩუნებინათ ალექსანდრიული პასქალია. მეორეს მხრივ, მოსკოვის საპატრიარქომ არათუ გააუქმა აღდგომის ახალი სტილით აღნიშვნაზე თავისი ადრინდელი დაშვებები, რომელიც უბოძა მის იურისდიქციაში მყოფ მართლმადიდებელ ფრანგებს და ჰოლანდიელებს, არამედ უფრო მეტად გააფართოვა თავისი იკონომია: 1967 წელს მან გამოაქვეყნა წმინდა სინოდის შემდეგი დადგენილება: ”ადრეული ეკლესიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი (რომი და აზიის ეპისკოპოსები) აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დროს, თუმცა ლოცვითი და კანონიკური ერთობა მათ შორის მთლიანად ნარჩუნდებოდა, და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჰოლანდიაში ჩვენი სამრევლოს და განსაკუთრებით კი უფლის აღდგომის სახელობის სამრევლოს სხვა სარწმუნოების გარემოცვაში მდგომარების გათვალისწინებით, ნება დაერთოს შვეიცარიაში მცხოვრებ და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალ მართლმადიდებელ მორწმუნეებს აღნიშნონ უძრავი და პასქალურ წრეზე დამოკიდებული დღესასწაულები ახალი სტილით”. [6]. ამ მხრივ საინტერესოა, რომ საკითხისადმი ანალოგიური მიდგომა მოსკოვის საპატრიარქოში დღესაც შენარჩუნებულია [7].

—————————

წყაროები / შენიშვნები:

[1] შეგახსენებთ რომ შესწორებული იულიუსის კალენდრით (“ახალი” სტილით) ქრისტეშობას აღნიშნავს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები.

[2] ქრისტეშობის დღესასწაული ”ძველი” ანუ იულიუსის კალენდრით 2100 წლიდან 7 იანვრიდან 8 იანვარზე გადაინაცვლებს. იხ. მაგ.:  მღვდელი ვლ. ხულაპი, ”კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა”

[3] ჩვენს ბლოგზე კალენდრულ თემას არაერთი ნაშრომი დაეთმო:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)
– ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ
– მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი
– საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ
– ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
– ორი სტილი – ერთი კალენდარი
– “შესწორებული იულიუსის” კალენდარი
– კალენდრული საკითხის შესახებ
– ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
– კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა

[4] ხსენებული თათბირის ოქმები და რეზოლუცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდებზე:

– Деяния совещания глав и представителей автокефальных православных церквей в связи с празднованием 500-летия автокефалии русской православной церкви, 1948 год

– Календарный вопрос в Поместных Православных Церквах в XX веке. ч.2

[5] ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგი ნამუშევრები:

– მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი დიმიტრი ოგიცკი, “ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ”, Богословские труды 7, 1971.

– Проф.- Прот. Ливерий Воронов. Календарная проблема. Ее изучение в свете решений Первого Вселенского Собора о пасхалии и изыскание пути к сотрудничеству между Церквами в этом вопросе, Богословские труды 7, 1971

[6] Журнал Московской Патриархии. 1967. № 8. С. 1. , იხილეთ ზემოთ ტექსტში ჩართული დანართი

[7] მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ბელგიასა და ჰოლანდიაში არსებული ზოგიერთი სამრევლოების  (მთავარეპისკოპოსი სიმონი იშუნინი) ჩამონათვალი, რომლებიც

ა) ახალ
სტილზე დაძველ” ანუ ალექსანდრიის პასქალიაზე არიან

ბელგია, ლოვენი:
წმინდა მათე მოციქულისა და მახარებლის სახელობის სამრევლო
ჰოლანდია, ამერსფორტი:
წმინდა კორნილიუს ასეულის სახელობის ტაძარი
ჰოლანდია, გრონინგენი:
მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

ბ) ახალ სტილზე და ახალ პასქალიაზე არიან:

ბელგია, პერვიზე:
“ყოველთა მწუხარეთა ნუგეშისმცემელი”-ს სახელობის მონასტერი
ჰოლანდია, ჰააგა:
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი