პაპი ფრანცისკე წმინდა და დიდ კრებას პოზიტიურად აფასებს

13501703_1796284230603085_591734069037764949_nმედია საშუალებებში გავრცელდა რომის პაპ ფრანცისკეს კომენტარი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ჩემთვის უცხოა, თუ რომელი ენიდან ითარგმნა ქართულად აღნიშნული კომენტარი, რომელიც პაპმა 27 ივნისს, სომხეთში სამოციქულო ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა ი ტ ა ლ ი უ რ ენაზე.
ქართულ ენაზე გავრცელებული ტექსტის საერთო კონტექსტი (ნებსით თუ უნებლიეთ) თითქოს და შეურაცხმყოფელია, ამიტომ, ზოგიერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი ამ განცხადებას კრების მიერ უნიის დაგმობას უკავშირებს (არა და უნია, როგორც ასეთი, ერთობლივად იქნა დაგმობილი მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის ეკლესიის მიერ, 1993 წლის ბალამანდის დოკუმენტში), ზოგი კი ცდილობს კონტრშეურაცხყოფა მიაყენოს რომის ეკლესიის მეთაურს.
საინტერესოა, რომ იტალიური ტექსტი პაპის განცხადებისა, რომელსაც რელიგიური საინფორმაციო სააგენტო ორიგინალ ენაზე ავრცელებს [http://agensir.it/…/papa-in-armenia-conferenza-stampa-aere…/], აბსოლუტურად განსხვავებულ, პოზიტიურ კონტექსტში ჟღერს. აქვე გთავაზობთ ამ განცხადების თარგმანს:
<<“პიზიტიური შეფასება! გადაიდგა ერთი ნაბიჯი წინ, მართალია არა ასი პროცენტით, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია” – ასეთ კომენტარს უკეთებს პაპი ფრანცისკე მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას, რომელიც გუშინ დაიხურა კრეტაზე.
Itar Tas-ის ჟურნალისტის შეკითხვას 4 ეკლესიის შესახებ (ბულგარეთი, საქართველო, ანტიოქია, რუსეთი), რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა, პაპმა უპასუხა: “საკითხებში, რომლითაც არყოფნა გაამართლეს (ბრჭყალებში) – ისინი აბსოლუტურად გულწრფელნი არიან, არის რაღაცეები, რისი მოგვარებაც დროსთან ერთად შესაძლებელია. ამ ოთხს, რომლებიც არ წავიდნენ, მისი [კრების] გამართვა სურდათ ცოტა მოგვიანებით. თუმცა მჯერა, რომ პირველი ნაბიჯი ისე იდგმება, როგორც ამის საშუალება არსებობს. მაგალითად ბავშვები, როდესაც დგამენ პირველ ნაბიჯებს: პირველს დგამენ როგორც კატები [იგულისხმება ნელა, ფრთხილად, მოზომილად], მხოლოდ შემდეგ დგამენ პირველ ნაბიჯებს. მე კმაყოფილი ვარ. ისაუბრეს უამრავ საკითხზე. მრწამს, რომ რეზულტატი პოზიტიურია. თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს ავტოკეფალური ეკლესიები მართლმადიდებლობის სახელით შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ერთმანეთისთვის ეცქირათ, ერთად ელოცათ, ესაუბრათ და იქნებ ეხუმრათ კიდეც – ეს ყველაფერი ხომ ძალიან პოზიტიურია. მე მადლობას ვწირავ უფალს. შემდეგ ჯერზე უფრო მეტნი იქნებიან. კურთხეულ იყოს უფალი!>>
უნდა დავძინოთ, რომ რომ პაპის ქადაგებებში (განსაკუთრებით სასულიერო პირებისადმი მიმართულში), ხშირად ფიგურირებს სამი მოწოდება: არ დაკარგოთ ლოცვა, არ დაკარგოთ ღვთისმშობლის, როგორც საკუთარი დედის შემწეობის შეგრძნება და არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა.
მთლიანად იტალიური ტექსტი და ფრანცისკეს პერსონა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს კომენტარი იქნას აღქმული პოზიტიურად.
მართალია რომში პაპის ეს განცხადება კათოლიკეთა ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა, რადგანაც კლასიკურ, აკადემიურ სტილს არ იმეორებს, მაგრამ მისი პოზიტიურობა ცალსახაა.
იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

Print Friendly

Comments are closed.