მეცნიერება და რელიგია

24/05/2017
By

12ავტორი: თემურ ბუაძე

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში დაპატიჟა მსოფლიოს წამყვანი კოსმოლოგები და მეცნიერები, რათა თეოლოგებთან ერთად განიხილონ მეცნიერულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული სამყაროს წარმოშობის კოსმოლოგიური მოდელი – დიდი აფეთქების თეორია. პაპის სურვილია ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოოს ქრისტიანული რწმენა და მეცნიერება; მას უნდა ხაზი გაუსვას, რომ ახალი მეცნიერული თეორიები შინაგანი აუცილებლობით წინააღმდეგობაში არ მოდიან ქრისტიანული რწმენის დოქტრინალურ საფუძვლებთან.
ზოგიერთი მართლმადიდებელი მორწმუნე პაპის ამ სურვილში მოდერნისტული ტენდენციებისადმი ეკლესიის დაქვემდებარების აქტს ხედავს, სინამდვილეში პაპის მოქმედება მოდერნისტული ჟესტი კი არაა, არამედ ღრმად გააზრებული თეოლოგიური პოზიცია.
დიდი ქრისტიანული ღვთისმეტყველება ყოველთვის და ყველგან იქმნებოდა ქრისტიანული რწმენის მიერ თანამედროვე ფილოსოფიური და მეცნიერული ცოდნის სათანადო ასიმილაციის შედეგად. დიდი ქრისტიანი ღვთისმეტყველები ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი და ა.შ. თავიანთი საღვთისმეტყველო აზრის ჩამოყალიბებისას პლატონის, არისტოტელეს, ნეოპლატონური ფილოსოფიების ასიმილაციას ახდენდნენ, ისინი ქრისტიანული რწმენის დოქტრინალური მოძღვრების გადმოსაცემად სისტემატიურად იყენებდნენ მათი თანამედროვე ფილოსოფოსების ნააზრევს, ფილოსოფიურ ტერმინებსა და ინტუიციას. ასევე იყო ნატურფილოსოფიის (წინამოდერნული მეცნიერება) შემთხვევაშიც. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი შესაქმის კომენტირებისას მაშინდელი ნატურფილოსოფიური ცოდნის შეთავსებას ცდილობდნენ გამოცხადებით ჭეშმარიტებასთან. შუა საუკუნეებში პლატონის წიგნთაგან ყველაზე პოპულარული “ტიმეოსი” იყო, რომელშიც პლატონური კოსმოლოგიაა გადმოცემული. ქრისტიანი მამები არასდროს უარყოფდნენ ფილოსოფიას და მეცნიერებას იმ საბაბით, რომ ისინი ყველაფერში ზუსტად არ ეთანხმება წმინდა წერილის ბუკვალურ ინტერპრეტაციას. ასეთ რიგორისტულ, ობსკურატნისტულ და იზოლაციურ პოზიციას ეკლესია გნოსომახიურ (ცოდნისმოძულეობა, მეცნიერებათმოძულეობა) ერესად მოიხსენიებს.
თანამედროვე თეოლოგიის ამოცანაა კარგან ჩაწვდეს თანამედროვე მეცნიერებას და შეეცადოს აჩვენოს, რომ ჩვენი რწმენის პრინციპები წინააღმდეგობაში არაა ფუნდამენტურ მეცნიერულ მონაცემებთან.
მეცნიერებას ათეისტურ გარემოშიც შეუძლია არსებობა, მას არ ჭირდება რელიგიურ დოქტრინებთან ეძიოს თავსებადობა, სამაგიეროდ ეკლესიის ინტერესებში შედის აჩვენოს, რომ მისი მოძღვრება წინააღმდეგობაში არაა ფუნდამენტურ მეცნიერულ ფაქტებთან. აუცილებელი არაა ეკლესიამ რომელიმე კონკრეტული მეცნიერების ჭეშმარიტება აღიაროს (თეორიები ხშირად იცვლება), მაგრამ აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეკლესიური სწავლება წინააღმდეგობაში არაა მეცნიერულ ფაქტებთან. ამის გასაკეთებლად ორი რამაა საჭირო: ახალი მეცნიერული თეორიების კარგად ცოდნა და იმის გათვალისწინება, რომ წმინდა წერილი წმინდად მეცნიერულ ცოდნას არ იძლევა. გალილეო გალილეის ცნობილი გამოთქმის თანახმად, მეცნიერება გვამცნობს, თუ როგორაა ცა მოწყობილი, წმინდა წერილი კი ზეცაში მოხვედრის გზას გვიჩვენებს. წმინდა წერილს სიმბოლური, პრეფიგურაციული და პარაბოლური ენა აქვს, ყოველთვის შეიძლება წმინდა წერილის ტექსტების ისეთი ინტერპრეტირება და მეცნიერული ფაქტების ისეთი ფორმულირება, რომ გამოცხადებითი ჭეშმარიტება და მეცნიერება ერთმანეთში წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.
პაპი ფრანცისკე ცდილობს თანამედროვე კათოლიკურმა თეოლოგიამ ზუსტად ის გააკეთოს, რასაც ძველი დიდი ღვთისმეტყველები აკეთებდნენ – ჩაწვდეს უახლეს მეცნიერულ მიღწევებს, და იქ რაც მისთვის მისაღები და კარგია, ქრისტიანული მსოფლმეხედველობის ელემენტებად აქციოს.
იმისთვის რომ ეკლესიამ მეცნიერები მიიზიდოს, უნდა აჩვენოს, რომ მას მეცნიერება გულწრფელად აინტერესებს. ამას აკეთებს კათოლიკური ეკლესია, ხვდება მეცნიერებს და დიალოგს მართავს მათთან. ასევე თვითონაც ზრდის მის წიაღში პირველხარისხოვან მეცნიერებს. კათოლიკურ ეკლესიას უამრავი პადრე ყავს, რომლების მსოფლიო რანგის მეცნიერები არიან სხვადასხვა დარგში. (დიდი აფეთქების თეორიის წარმოშობაც კათოლიკე მღვდელმსახურს ლემეტრს უკავშირდება).
კათოლიკურმა ეკლესიამ ბევრი რამ ისწავლა გალილეის მაგალითზე, ჩვენს ეკლესიასაც შეუძლია კათოლიკური ეკლესიის გამოცდილება გაითვალისწინოს.

წყარო

Print Friendly

Comments are closed.