“რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში „აპოკალიფსს”?

uqfjhltpxwv7ced7oh8rავტორი: დეკანოზი ლევან მექოშვილი

„აჰა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე…” 2თეს: 2,1-4

ქრისტიანული სწავლება სამყაროს შეცვლის, მეორედ მოსვლის შესახებ ძირითადად იოანეს „გამოცხადებას” ემყარება. უნდა ითქვას, რომ იესო ქრისტეს დიდებით მოსვლა არ ამთავრებს კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას, ის ღმერთთან მყოფობის ახალ „ფაზას” გვთავაზობს. ქრისტიანული ესქატოლოგია სამწუხარო ამბავს გვაუწყებს, ის გვაფრთხილებს: „და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა”(გამოცხ.13,7). ოღონდ, წმინდანებთან მოპოვებული ეს გამარჯვება დროებითი იქნება. სახარება კი ეკლესიის დაუმარცხებლობას გვაუწყებს (მთ. 16,18), მაგრამ გამარჯვებულობა ყოველთვის დაუმარცხებელს არ გულისხმობს. მეორედ მოსვლამდე მსოფლიო ახალი წესრიგით იცხოვრებს, სადაც ქრისტიანებს თავშესაფარი არ ექნებათ. ადამიანები ისეთ საზოგადოებას შექმნიან, ისეთი ცხოვრების წესით იცხოვრებენ, სადაც ქრისტეს ადგილი არ ექნება. სწორედ ამის გამო დადგება ისტორიის დასასრული. ამ დროს მორწმუნეებზე ყველაზე საშინელი დევნა განხორციელდება, თუმცა „გამოცხადება” ქრისტიანთა „ამა სოფლისაგან” განთავისუფლებასაც გვაუწყებს.


მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია. მის შესახებ წარმართული და ოკულტური პროგნოზები ისევე განქარდება, როგორც გნოსტიკოსების და სხვა მწვალებლების სწავლანი. დღევანდელი, ზოდიაქოს ნიშნის „წინასწარმეტყველები” ისეთივე ცრუ წინასწარმეტყველებად გადაიქცევიან, როგორებიც იყვნენ პირველივე საუკუნეებში. ქრისტიანებს გვჯერა, რომ სამყაროს დასასრული ოდესღაც დადგება, ამ ფაქტის სჯერათ ათეისტებსაც, მეცნიერებსაც, ოღონდ ჩვენეული შეხედულება არა მარტო ამ საკითხში, არამედ მათი რელიგიური ფილოსოფიისგანაც მკვეთრად განსხვავდება. სამყარო ძვირფასი რამაა მარადიული ღმერთისთვის. იგი, მართალია, მარადიული არაა, მაგრამ აუცილებლად უნდა განიღმრთოს. სამყარო მოძრაობს და მოწოდებულია, რომ თავისი ახლანდელი მდგომარეობა შეიცვალოს. ცხადია, ეს პროცესი ღვთის ნების გარეშე არ მიმდინარეობს, ღმერთმა „იცის” სამყაროს ისტორიის არსი, ის ჩვენც უნდა გავიზიაროთ, მის შესახებ ცოდნა არ უნდა შევრყვნათ. ადამიანის ცხოვრების არსი განღმრთობაშია, ღმერთთან მარადიულ სისრულეში მყოფობაა. ისტორიას აქვს დასაწყისი, ღმერთმა მას აზრი შესძინა. როცა კაცობრიობა ამ აზრს უარყოფს, სწორედ მაშინ დადგება ისტორიის დასასრული. სამყარო მოწოდებულია მარადიულობისათვის, თუ იგი ამ მოწოდებას არ უპასუხებს, ის დაირღვევა.
ე.ი. ესქატოლოგიის პრობლემა ჩვენშია. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, ქრისტიანობის და კაცობრიობის მომავალი.
ბოლო, ისტორიული ტრაგედიის განსაკუთრებულობას, ეფრემ ასური ასე გამოთქვამს: „კაცობრიობა მისი (ანტიქრისტეს) მოკავშირე დიდი მონდომებით გახდება”. იმისათვის, რომ კაცობრიობამ ასეთი არჩევანი გააკეთოს, მის ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ანტიქრისტეს გამოჩენამდე, მის არჩევამდე, მისი ღირებულებების სისტემა (რასაც ანტიქრისტეს წინამორბედები აყალიბებენ) იქნება მოწონებული. სახარების ნაცვლად სხვა იდეალი იქნება არჩეული. ანტიქრისტეს მეფობისას ადამიანს კიდევ ექნება თავისუფალი ნება (აირჩიოს ესა თუ ის საქონელი, პოლიტიკური კანდიდატი), ოღონდ მისი სწრაფვა ღმერთისკენ შემცირდება, და ნულსაც გაუტოლდება. ადამიანებს დაავიწყდებათ, რომ რაღაცის ან ვიღაცის გამო ღირს ცხოვრება და სიკვდილი. ამ ვერტიკალური ორიენტირის დაკარგვისას ადამიანს ეჩვენება, რომ მხოლოდ თვითონაა ყველაფრის განმკარგავი, ყველას მსაჯული, და ღმრთის „სტატუსსაც” ადვილად მიითვისებს. ანტიქრისტეს გამოჩინებისას ეკლესიას რიტუალური სახლის დატვირთვა ექნება. ჩვეულების შესახებ ბევრს ილაპარაკებენ და დაწერენ, მაგრამ ჭეშმარიტი რწმენის შესახებ კი ქადაგება შემცირდება (არც დღეისთვის გვაქვს უკეთესი სურათი, როცა მართლმადიდებლობა გარკვეული წესების დაცვა გვგონია, ხოლო საღმრთო გადმოცემის შესახებ კი ძალზე ცოტა ვიცით).
ე.ი. ანტიქრისტეს სამეფო დედამიწაზე სასწაულებრივად, უცბად არ მოგვევლინება. იგი ქვესკნელიდან არ შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში. ის თანდათან მწიფდება ჩვენს საზოგადოებაში. ანტიქრისტეს სამეფო მსოფლიოს მომცველი იქნება. იგი იქნება გლობალური, თუმცა შეიძლება ყველა რეგიონში არ გავრცელდეს მისი ძალაუფლება (რა საჭირო იქნება ზედმეტი ძალისხმევა იმ ქვეყნებში, სადაც უარყოფილი იქნება ქრისტე, ან საერთოდ არ ეცოდინებათ მის შესახებ). არ უნდა დავივიწყოთ, რომ საუბარი ეხება „სამეფოს” და არა ერთ რომელიმე „რესპუბლიკას”. ანტიქრისტეს რეჟიმი ძალზე მკაცრი, ავტორიტარული ხასიათის იქნება.
„აპოკალიფსის” განმარტებას დიდი კრძალვით და სიფრთხილით ეკიდებოდნენ ეკლესიის მასწავლებლები. მასში მოცემული ყოველი წინადადება საიდუმლოებრივია და ხალხის თვითნებური განმარტების ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანი რომ არ მისცემოდა, იგი ახალი აღთქმის წასაკითხი წიგნებიდან ამოიღეს (ღვთისმსახურების დროს). ამ წიგნს განმმარტებლები არ „სწყალობდნენ”, მას სულ სამმა ცნობილმა ეკლესიის მამამ მოჰკიდა ხელი. მიუხედავად ამისა, დღევანდელი განმმარტებლები მაინც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ საქმეს და „სამეუფო გზაზეც” იმიტომ უჭირთ სვლა. მაგალითისთვის: „გამოცხადებაში” ნათლად არის წარმოდგენილი, რომ მეორედ მოსვლამდე ანტიქრისტე და მისი მიმდევრები ჯერ აცდუნებდნენ ადამიანებს, და მხოლოდ ამის შემდეგ დაბეჭდავენ მათ. დღევანდელი განმმარტებლები კი (შტრიხკოდების, პლასტიკური ბარათების და პასპორტების მოწინააღმდეგენი) სხვანაირად ფიქრობენ: ადამიანები პირველად მიიღებენ ანტიქრისტეს ბეჭედს და ამის მერე ცდუნდებიან. „თორმეტი მოციქულის სწავლებაც” მათ ცრუსწავლებას ამხელს: „ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება…”(დიდაქე. 16,5).
ახლებური სწავლების შემოტანა, რაც უცხოა ქრისტიანობისთვის, მოდერნიზმია. რის შესახებაც არაფერი წერია საღმრთო წერილში, და რაზეც დუმან მამები, ჩვენეული განმარტება და წინასწარმეტყველება ძალზე ხშირად „დედაბერთა ზღაპრებს” ემსგავსება. ჩვენ თითქოს ვიცავთ საეკლესიო ტრადიციას, მაგრამ ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით წმ. მამებს, მათ წინააღმდეგ მივდივართ. დღესდღეობით კვლავ დასაშვებია რაღაც საკითხზე სხვადასხვა აზრის არსებობა (რაც უწინაც ასევე იყო), ოღონდ უნდა ვდუმდეთ იქ, სადაც მამები დუმან.
მაგ.: წმიდა მამებს ანტიქრისტეს ბეჭდის გარეგნული ნიშნები ნაკლებად აინტერესებდათ, დღეს კი ამ ბეჭდის სრული ტექნოლოგია თითქმის ყველამ „იცის“. ბიბლიური ამბების იერარქიულობა აშკარად დარღვეულია. ის, რაც მთავარი არაა, პირველ ადგილზე ვაყენებთ, მნიშვნელოვანს კი ვჩქმალავთ.
მრავალ ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას გააჩნია თავისი სიმბოლოები, არ უნდა ვიჩქაროთ და ისინი იმ ბეჭდად არ უნდა მივიჩნიოთ, რომლის შესახებაც „აპოკალიფსის” მე-13 თავშია საუბარი. არ შეიძლება ამ წიგნის რომელიმე საგანგაშო ნიშანი უკვე დადგომილად გამოვაცხადოთ, რადგანაც ეკლესიის დუმილი უფრო მნიშვნელოვანია და საგულისხმო, ვიდრე ზოგიერთი ახალ გამმარტებლების ინიციატივა.
წინასწარმეტყველება იმიტომ არსებობს, რომ მომავალი დროის არსი გაგვაგებინოს, ხოლო ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება (ჩვენს დროს კი პირიქითაა, წინასწარმეტყველების ახდენის დრო და გარემოება უფრო გვაინტერესებს). ის ასტრონომიულ მოვლენად არ უნდა ვაქციოთ, რადგანაც უბრალო არითმეტიკულ გამოთვლებს არ ექვემდებარება. წინასწარმეტყველება მთავარი რომ არაა ქრისტიანისთვის, წმ. იოანე სინელიც მოწმობს: „ბევრი შესულა სასუფეველში წინასწარმეტყველების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე, მაგრამ საქორწილო წვეულებაზე ვერავინ შევა თავმდაბლობის გარეშე”(§25,65). სწორედ სახარება გვაუწყებს ცხონების გზას, სიმდაბლის გზით, ხოლო „აპოკალიფსის” წინასწარმეტყველების უცოდინრობა ვერ დაუხშავს მორწმუნეს სასუფევლის კარს. აპოკალიფსი ხომ გვიან შევიდა ახალი აღთქმის კანონში. მას პირველი ქრისტიანები არ კითხულობდნენ, მაგრამ ცხონებაში ამას არ შეუშლია ხელი. წმ. იოანე იქვე წერს: „ვნებების დასათრგუნად, სასწაულმოქმედებისა და წინასწარმეტყველების მადლის მოსაპოვებლად მრავალს შეუმუსრავს და დაუძაბუნებია საკუთარი ხორცი, მაგრამ თავმდაბლობა ვერ შეუძენია, და ვერ მიმხვდარან საწყლები, რომ შრომა კი არა, თავმდაბლობაა ყოველივე ზემოთქმულის დედა”(§22,39). წმიდა მამა სასწაულმოქმედებისა და წინასწარმეტყველების მადლის მაძიებლებს საწყლებს უწოდებს (რადგან უკანონოდ შრომობენ), საკითხავია, რას უწოდებდა „აპოკალიფსის” იმ განმმარტებლებს, რომლებმაც სიმდაბლის გარეშე მოკიდეს ხელი ამ საქმეს? წმიდა მამები კრძალვით საუბრობდნენ „გამოცხადების” საკითხებზე და შიშით გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს. სხვებსაც ურჩევდნენ ჯანსაღი გონებით დაეკავშირებინათ განვლილი ისტორია „აპოკალიფსის” ამბებთან. ამის გათვალისწინების გარეშე „აპოკალიფსი” მარკეტინგის სახელმძღვანელოდ გადაიქცა, რა უნდა იყიდო და რა გაყიდო, მასში ვაჭრობის სიძნელეების ხერხებს ვერ ამოვიკითხავთ, იქ ხომ ქრისტეს ერთგულებაზეა საუბარი.
„აპოკალიფსის” ზოგიერთი საკითხის გაუგებრობამ მისი „გამიწიერება” გამოიწვია, რის გამოც ღვთაებრივი თემა პოლიტიკურად გადაიქცა (ჩვენს დროში მითუმეტეს).
ესენი და კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც სულ ადვილად იქცა ცდუნების საბაბად და „აპოკალიფსმა” მართლაც აპოკალიფსური მასშტაბის ინტერესი შეიძინა. პირველი საუკუნის ეკლესია კი ჯერ ეჭვის თვალით, მერე კი სიფრთხილით ეკიდებოდა ამ წიგნს. დიდი ინტერესი მისი განმარტებისა მას არ ჰქონია. ისმის კითხვა: რახ დება? ნუთუ ჩვენი დროის სულიერებამ იმ საფეხურს მიაღწია, რომ თითქმის ყველასათვის გასაგები შეიქნა ეს საიდუმლო წიგნი? ალბათ უფრო პირიქითაა, რადგან ჩვენ არ მივყვებით ეკლესიის გადმოცემას, არ გვჯერა მისი.
ეკლესია ღვთისმსახურების დროს მოციქულთა წერილებიდან „აპოკალიფსს” არასოდეს კითხულობს. „გამოცხადება” ერთადერთი წიგნია, რომელიც წლიურ ლიტურგიკულ ტიპიკონში არ შედის. აღმოსავლეთის ეკლესიამ ეს წიგნი საკითხავ კანონში გვიან ჩართო, მაგრამ მისი საყოველთაო კითხვა არ უკურთხებია. ეს აზრი ეკლესიამ ლაოდიკიის კრებაზეც დააკანონა(59-ე კანონი). ადრექრისტიანულ ძეგლ „კანონნი მოციქულთანის” 85-ე მუხლში ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა ნუსხაა მოცემული. მასში იოანეს „გამოცხადება” არაა შეტანილი.
ძველად, ეკლესიურ ადამიანებს იოანეს „გამოცხადების” ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებოდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ქრისტეს სიტყვები იყო: „რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო”(ლკ.16,16). ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ „გამოცხადება” თავისებურ „ანაქრონიზმად” ჩაეთვალათ მამებს. ამას გარდა, ქილიაზმის * შესახებ სწავლება, რომელიც ეკლესიამ დაგმო, „აპოკალიფსის” არასწორი განმარტებიდან იღებდა სათავეს, რაც მის ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებდა. წმ. დიონისე ალექსანდრიელი „გამოცხადების” შესახებ წერს: „ჩვენამდე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მთლიანად უარყოფდნენ ამ წიგნს. კითხულობდნენ რა მიმდევრობით, მიუთითებდნენ მისი თავების ბუნდოვანებაზე და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობაზე, ამის გამო ამ წიგნს ყალბად მიიჩნევდნენ… ზოგიერთი მამა ამ წიგნითაა გატაცებული, იგი ჩემს გონებას აღემატება და ვთვლი, რომ ყოველი მოვლენა და საგანი ღრმა საიდუმლოებრივ აზრს შეიცავს. მე იგი არ მესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ სიტყვაში ღრმა აზრი დევს… ჩემი აზრით, „გამოცხადების” ავტორი და იოანე მახარებელი სხვადასხვა პიროვნებაა. „აპოკალიფსი” და ეს წიგნები (იოანეს წერილები) შეუთავსებელია, მათ შორის მცირედი კავშირიც არ არსებობს… წერილები არაფერს ამბობენ „აპოკალიფსზე”. „აპოკალიფსი” არ ახსენებს არცერთ წერილს…”(ევსები პამფილიელი, საეკ. ისტ. 7,25).
თვითონ ევსები პამფილიელი წერს: „იოანეს წერილებიდან ჭეშმარიტად მისი სახარება და პირველი წერილი მიიჩნევა, მომდევნო ორი წერილი საეჭვოა, „აპოკალიფსის” შესახებ კი სხვადასხვა აზრი არსებობს”(საეკ.ისტ. 1,24).
ნეტარი იერონიმესთვის (Vს.) ცნობილი იყო, რომ ბერძნული ეკლესიები იოანეს „აპოკალიფსს” არ ღებულობდნენ.
„გამოცხადება” რომ ახალი აღთქმის სხვა წიგნებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი იყო, მათი გავრცელებული რაოდენობაც მოწმობს: თუ პირველი ათასწლეულიდან ჩვენამდე სახარების 2328 ბერძნულმა ხელნაწერმა მოაღწია, „აპოკალიფსი” მხოლოდ 287 გვაქვს. ჩვენი ეკლესია Xს-მდე არ იყენებდა ამ წიგნს, ის მხოლოდ X საუკუნეში გადაითარგმნა. ჩვენ სულაც არ ვაკნინებთ „გამოცხადების“ ღირსებებს. არც ეჭვი შეგვაქვს მის ღვთივსულიერებაში. უბრალოდ, გვინდა აღვნიშნოთ ის, თუ როგორი სიფრთხილით ეკიდებოდა მას ეკლესია. ხოლო ძველი მამების „გამოცხადებისადმი” ასეთი დამოკიდებულების გათვალისწინება ჩვენც არ გვაწყენდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ მამებიდან მხოლოდ მცირედმა მოკიდა ხელი მის განმარტებას: წმ. მეთოდი ოლიმპიელის ნაშრომმა ჩვენამდე არ მოაღწია, ვიქტორი პეტავიელის ნაშრომი მხოლოდ 1916 წელს აღმოაჩინეს, ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. არეთა (IX-Xს.), ნეტ. ეკუმენიოსი ( Xს.).
ბოლოს და ბოლოს იოანეს ეს წიგნი ეკლესიამ თავის წმიდა კანონში ჩართო. ოღონდ იგი ყოველდღიურ საკითხავად, პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ და სულიერი ცხოვრების წინამძღვრად არ ჩაუთვლია. ამიტომ ჩვენი დღევანდელი მისწრაფება „აპოკალიფსისადმი”, მისდამი ინტერესი და მისი განმარტებები არატრადიციული საქმიანობაა. ეს მართლმადიდებლური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ბიბლიის სიმბოლოების ახსნა თანამედროვე ტექნიკის ენით საღმრთო წერილის შერყვნაა. „აპოკალიფსის” მისტიკის დაყვანა ბანალური სოციოლოგიის დონემდე საღმრთო გადმოცემის არცოდნაზე მიუთითებს. მაგალითად, მხეცის ბეჭედი არ შეიძლება მიკროჩიპი იყოს, რადგანაც ანტიქრისტ ეყველაფერში მიბაძავს ქრისტეს. რადგანაც ქრისტეს ბეჭედი ადამიანის ორგანიზმში ჩადგმული რაიმე აპარატურა არ არის, ამიტომ „მხეცის ბეჭედიც” არ უნდა იყოს სხვანაირი წარმოშობის. განვითარების დასაწყისში ტელევიზორს სასწაულმოქმედ „ყუთად” მიიჩნევდნენ, მას „მხეცის ხატადაც” სახელდებდნენ. ნუთუ დღეს ვინმე ტელევიზორს სასწაულმოქმედად მიიჩნევს?
არ ღირს იმ ჭორების გამეორება, რომლებიც ტელევიზიის ერის დასაწყისში დაიბადა.
საიდან მოიტანეს „აპოკალიფსის” თანამედროვე განმმარტებლებმა, რომ ანტიქრისტე მამაკაცის უთესლოდ მეძავი დედაკაცისაგან დაიბადება? ვერც საღმრთო წერილში, ვერც მამათა ნაწერებში მსგავს თეორიას ვერ ამოვიკითხავთ. მის არაბუნებრივ ჩასახვაზე გადმოცემაც არაფერს ამბობს. პავლე მოციქული თესალონიკელებს აფრთხილებს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის დღის დადგენაში არ ცდუნდნენ უცხოთა საეჭვო შეგონების გამო. იგი ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობებს „ურჯულოების საიდუმლოს” უწოდებს. ეს საიდუმლოება კი სამწუხაროდ ჩვენი დროის განმმარტებელთა მიერ უკვე „ამოხსნილია”. რაზეც პავლე ფრთხილად საუბრობს, ჩვენ უგუნურ დასკვნებს ვაკეთებთ.
მამები ამბობენ, რომ ანტიქრისტეს წინ დემონთა „გამძვინვარება” მოჰყვება. დღევანდელი „ღვთისმეტყველები” კი ამ ამბის განხორციელებას მაშინვე კომპიუტერზე მიუთითებენ. ნეტარი იპოლიტე წერს, რომ ანტიქრისტეს ნიშნები დემონების და ადამიანების ხელით გავრცელდება, ზოგიერთი თანამედროვე „ღვთისმეტყველისათვის” კი ამ მითითებას გიგანტური კიბორგ-კომპიუტერები განახორციელებენ. და კიდევ უამრავი ცრუ თანამედროვე სწავლება, რომლის მოყვანას აქ არ ვაპირებთ.
აპოკალიფსის თემების დღევანდელი განმარტებების კითხვისას კიდევ უფრო ცხადდება ის ფაქტი, თუ საეკლესიო ტრადიცია რატომ არ თვლიდა საჭიროდ ამ წიგნის ყოველდღიურ კითხვას.

* ქილიაზმი -მოძღვრება (ცრუმოძღვრება, რომელიც არაა გაზიარებული ეკლესიის მიერ), რომლის თანახმად სამყაროს აღსასრულის წინ დედამიწაზე, ღვთის ათასწლიანი მეუფება დადგება.

Print Friendly

Comments are closed.