მონარქიის შესახებ – ვიდეო ლექცია და ტექსტი

poll-monarchy-tsar-russians.siავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი

მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება მონარქიას. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი ბოლო ხანებში აქტუალური გახდა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, იქნება ეს სამეფო ქორწინებები, განქორწინებები თუ მემკვიდრის დაბადება, რასაც მოჰყვა მედია-საშუალებებით ამ მოვლენების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებული ფორმით განხილვა. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის მონარქია, რამდენად მისაღებია იგი ქართული რეალობისთვის, და ზოგადად, რა მმართველობაა ეს. ვისაუბრებთ, ერთის მხრივ, თეოლოგიური არგუმენტებზე მონარქიის გამართლების თუ გაუმართლებლობის შესახებ. მეორეს მხრივ, შეიძლება თუ არა მონარქი იყოს სხვა დინატიის წარმომადგენელი, ან რაიმე განსაკუთრებული დამსახურება თუ აქვთ ბაგრატიონებს საქართველოს ისტორიაში. ხოლო მესამეს მხრივ, შეიძლება განვიხილოთ რეალურად ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ვის ეკუთვნის. ანუ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეიძლება გამოგვივიდეს ისტორიულ-თეოლოგიური მსჯელობები მონარქიის გარშემო, კერძოდ, საქართველოში.

დავიწყოთ სულ თავიდან და განვიხილოთ მონარქიის გაჩენის სათავეები. საქართველოში მონარქიის მომხრეები ავითარებენ ასეთ აზრს, რომ მონარქია არის ერთადერთი ღვთივ-კურთხეული მმართველობის ფორმა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ერი ადეკვატურად, სწორად, მართებულად და რაც მთავარია, მართლმადიდებლურად ვითარდება. ამგვარი არგუმენტი მსმენია ხშირად მათგან, ვისაც უნდა მონარქიის აღდგენა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ბიბლიურ ისტორიას,თუ როგორ გაჩნდა დედამიწის ზურგზე მონარქია, (ამ შემთხვევაში, თეოლოგიური კუთხით, თორემ მონარქია, მანამდეც არსებობდა, მაგრამ მე მხედველობაში მაქვს ღვთივკურთხეული ერი, ებრაელები, თუ როგორ შემოვიდა მათში მონარქია). ჩვენ თუ ამას გავეცნობით, მაშინ დავინახავთ, რომ თურმე მონაქია სულაც არ ყოფილა ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი ღვთივ-რჩეული საზოგადოების განვითარებისთვის, თუ ღვთივ-რჩეული საზოგადოების მაგალითად ჩვენ განვიხილავთ ებრაელი ერს, მაშინ ჩვენც, ქრისტიანები ხომ ახალი ისრაელი ვართ, ანუ ის, ვინც აღიარებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. აქედან გამომდინარე, ეს ბიბლიური ფაქტი მნიშვნელოვანი იქნება მონარქიის თემის გაშლისთვის. ებრაელ ხალხს საუკეთესო მმართველობა, ანუ თეოკრატიული მმართველობა ჰქონდა მსაჯულების პერიოდში. 15 მსაჯულის ხელით ღმერთი მართვდა ებრაულ საზოგადოებას ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ებრაელმა ხალხმა მოინდომა სხვა არარჩეული, წარმართული ხალხის- მიდიელების, სირიელების, ამურეველების მსგავსად ჰყოლოდათ მეფე. ანუ თეოკრატიული მმართველობა აღარ მოინდომეს ებრაელებმა და მოინდომეს მეფე. ბიბლია ცალსახად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ რჩეული ხალხის ეს ქმედება ღვთისთვის არ იყო სათნო იმიტომ, რომ ხალხის იდეალური, უკეთესი მმართველობა ყოფილა თეოკრატია. ეს პირდაპირ გაცხადებულია ძველ აღთქმაში, მაგრამ რადგან ხალხს უნდოდა მეფე, უფალი უშვებს მათზე მმართველობის ამ სისტემას არა სათნოყოფის, არამედ დაშვების გამო.
მეორე მომენტი ეხება იმას, თუ რატომ არის მონარქიული წყობილება უკეთესი მმართველობა სამყაროში. მაგალითად, როდესაც საუბრობენ პეტრე მოციქული და პავლე მოციქული ზოგადად ხელისუფლებაზე და არა- მონარქიაზე, მირონცხებული მეფეები პეტრეს და პავლეს მოღვაწეობის დროს, ცხადია, არ არსებობდნენ. პეტრე საუბრობს თავის ეპისტოლეში, რომ ადამიანები თავიანთ ბატონებს უნდა დაემორჩილონ (ცხადია, მეფეებიც იგულისხმება მათში) როგორც სახიერთა, ისე უსახურთაო, ანუ როგორც კეთილებს, ისე უკეთურებს. ხოლო პავლე მოციქული უფრო შორს მიდის და იძახის, რომ ყოველი ხელმწიფება არის ღვთისგან. ხელმწიფებაში იგულისხმება ხელისუფლება. აქ საუბარი არ შეიძლება ყოფილიყო მირონცხებულ მონარქიაზე იმიტომ, რომ მაშინ, პირველი საუკუნის 60-იან წლებში, ნერონი არის რომის წარმართი იმპერატორი, რომელიც, ცხადია, ვერ იქნებოდა მირონცხებული მეფე. ანუ ნებისმიერი ძალაუფლების წყარო არის ღვთივკურთხეული, ღვთისგან დაშვებული. უფრო მეტიც, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდი დაწყებულია ამგვარი არაქრისტიანული მეფეების ქვეშ. იმდროინდელი ქრისტიანებისთვის, მათი სულის გადარჩენისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და უფრო მეტიც, ქრისტე როდესაც მოდის და სამნახევარი წლის განმავლობაში ქადაგებს თავის გამომხსნელ სიტყვას, ის არც ერთხელ არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, ხელისუფლების სტრუქტურა თუ როგორ უნდა მოეწყოს. პირიქით, როდესაც დაუსვამენ მას მზაკვრულ კითხვას, ვაძლიოთ თუ არა ხარკი კეისარსო, იესო კარგად პასუხობს: მიეცით ღმერთს ღვთისა, ხოლო კეისარს – კეისრისა. პოლიტიკური, მმართველობითი მდგომარეობა, მონარქიული იქნება ეს თუ რესპუბლიკური, მას არ განუხილავს. პირიქით, როდესაც პილატე ეუბნება: “შენა ხარ მეუფე ჰურიათა?” იესო პასუხობს, რომ მისი მეუფება ამ ქვეყანაზე არ არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ პოლიტიკურ წყობას, რომელშიც ქრისტიანი მოღვაწეობს. იქნება ეს მონარქია, რესპუბლიკა, ტირანია, დიქტატურა თუ სხვა რამ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და უფრო მეტიც, რაც უფრო ტოტალიტარული წყობილებაა, ქრისტიანის შინაგანი თავისუფლებისთვის ფანტასტიური სარეალიზაციო საშუალებები და ასპარეზი არსებობს, მაგარამ, ცხადია, ეს სხვა საკითხია.
დავუბრუნდეთ მონარქიას საქართველოში. საქართველოში მონარქია, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენს ისტორიოგრაფიას ახსოვს, იწყება ფარნავაზ მეფიდან. საქართველოში ფეოდალურ-მანარქიული დინასტიებიც არსებობდა ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში. ბაგრატიონები ბოლო დინასტიაა და როგორც თვითონ ამბობენ, ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი დინასტიაა მათი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. თუკი ჩვენ მაინცდამაინც სიტყვა “ბაგრატიონებს” ვიტყვით, მაშინ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თუკი ვიგულისხმებთ გენეტიკურ-თანმიმდევრულ მემკვიდრეობას-ეს პირველობა ქართულ სამეფო სახლის წარმომადგენლებს არ დარჩებათ, მით უფრო , რომ ქალების მეფობის შემთხვევაში მათი მემკვიდრეები ბაგრატიონები სულაც აღარ გამოდიან! უბრალოთ მათ შთმომავლობას მეფობის უფლება გადაეცათ (ჩვენში მეფობის უფლება და გვარი „ბაგრატიონი“ ერთი და იგივე გახდა! სამაგიეროდ ევროპაში ასე არ იყო, უახლოესი ევროპული მაგალითია დიდი ბრიტანეთის დედოფალი-ელისაბედ მეორე და მისი მემკვიდრეები-ოფიციალურად უელსის პრინცის გვარი არ არის უინძორი, არამედ მაუტპეტენ-უინძორი! დედოფლის მეუღლის გვარმა შემდგომი ინგლისის მეფეების სადინასტიო გვარი შეცვალა!) საფრანგეთში, ბურბონების დინასტია რომ ავიღოთ, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში დაამთავრა ქვეყნის მართველობა, ისიც საკმაოდ ხანგრძლივი დინასტია ითვლება. თვითონ სიტყვა “ბურბონი” შეიძლება არ არის ხანგრძლივი მეფობის რანგში, მაგრამ თუკი ჩვენთან არის განშტოებები, ვთქვათ მუხრანელი, გრუზინსკი, ასევე იყო ბურბონიც, ასევე იყო ვალუაც, თორემ ვალუას დინასტია საფრანგეთში და ბურბონების დინასტიაც და კაპეტიც ერთი ძირიდანაა, რომელიც არის კაპეტინგების დინასტია, რომელსაც მეცხრე საუკუნის დასაწყისში გუგო კაპეტმა დაუდო სათავე და მისი პირდაპირი შთამომავლები საფრანგეთს მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე მართავდნენ, ანუ დაახლოებით 1000 წელი! ე. ი. დიდი ხნისა ბურბონების დინასტია. მით უმეტეს, მათი ერთი შტოც ახლაც კი მეფობს ესპანეთში.
მეცხრე საუკუნეში გამეფდა ჰუგო კაპეტი საფრანგეთში პირველად და მას შემდეგ დღემდე მისი დინასტიაიის შთამომავლები მეფობენ. ამ გაგებით ევროპაში თუ შევადარებთ, ყველაზე ძველი ბურბონები არიან, მარგამ თუ ჩვენ მაინცდამაინც ვიტყვით, რომ ბაგრატიონები არიან მამიდან შვილზე გადაცემული დინასტიის უწყვეტი შტო, არც ასე იქნება სწორი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს წყვეტები ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ეს სხვა თემაა. მე მხოლოდ მემკვიდრის ძიებაში ატეხილ სკანდალს შევეხები. რა თქმა უნდა, ვინც არაა ჩახედული ისტორიაში, მისთვის საქართველოს მედია-საშუალებებიდან მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ არაობიექტურია და ვერ გამოიტანს ადამიანი სწორ დასვკნებს, მაგრამ ადამიანი ოდნავ მაინც თუ ჩახედულია ჩვენს ისტორიოგრაფიაში, მაშინ სხვა რეალობა დადგება ჩვენს თვალწინ. რა რეალობაა ეს? ფაქტიურად, საქართველოს მონარქიამ არსებობა შეწყვიტა 1801 წელს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო მოგვიანებით შეწყვია არსებობა იმერეთის სამეფომ. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვაპელირებთ და ხაზს ვუსვამთ არა ისტორიულ სიმართლეს, არამედ სამწუხაროდ, რაღაც ფსევდო-პატრიოტულ გრძნობებს უფრო ვახალისებთ ხოლმე და ამის გამოვლინებაა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საზიზღარმა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოში მონარქია და მოახდინა მთლიანად საქართველოს ოკუპაცია. ოკუპაციის ფორმულირებაში სწორია, რომ საქართველოს არ ჰყოლია რუსეთის გარდა ისეთი მტერი, რომელსაც საქართველოს მთლიანი შეერთება და შთანთქვა მოეხდინოს, მაგრამ რაც შეეხება მონარქიის გაუქმებას, ამაზე მაინცდამაინც სწორ ინფორმაციას არ ვაჟღერებთ ხოლმე. რაც შეეხება გადაცემას, ხშირად აპელირებენ ხოლმე გეორგიევსკის ტრაქტატზე, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ დაიდო სხვა ტრაქტატი, რომელიც ასეთივე ცნობილი არ არის და არასახარბიელოდ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და მონარქიას საზოგადოების თვალწინ. ეს ტრაქტატი დადო გიორგი XII-მ რუსეთის საიმპერატორი კართან. სამწუხაროდ, ამგვარი ტრაქტატიც არსებობს. მაშინ ეძახდნენ გიორგი XIII-ს. პლატონ იოსელიანი თავის წიგნში “გიორგი XIII-ის ცხოვრება” შეგიძლიათ წაიკითხოთ ამგვარი მუხლები, რომ გიორგი მეფე თავისი ნებით გადააბარებს თავის გვირგვინს რუსეთის ხელმწიფეს. (მართალია ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამ ტრაქტატის არსებობას ნაყალბევად მიიჩნევს, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულებები მაინც არ არსებობს) გასაგებია, რომ რუსეთი დამპყრობია, მაგრამ მას ჰქონდა მეტ-ნაკლებად იურიდიული უფლება: მიტაცებული, ძალით გამორთმეული თუ მოტყუებული. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსეთის საიმპერატორო გვარის ტიტულატურაში შედიოდა სწორედ ამგვარი ტიტული- ხელმწიფე ივერიისა. საოცარია, 1917 რევოლუციის დღემდე მას ეს ტიტული ჰქონდა. უფრო მეტიც, ეს ტიტული საიმპერატორო ოჯახის წევრებს ჰქონდათ რევოლუციის შემდეგაც. როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზის ოჯახი დაიხვრიტა და ვინც პარიზში ემიგრაციაში წავიდა, მათ იგივე ტიტული შეინარჩუნეს იმიტომ, რომ როგორც რუსეთის საიმპერატორო კარის მემკვიდრეებს, მათაც იგივე ტიტული გააჩნდათ. ეს ისტორია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შემდგომ ჰპოვა განვითარება, მაგრამ იქამდე ვიტყვი, თუ რა მდგომარეობა იყო ბაგრატიონების შიგნით.
მართალია, რუსეთის საიმპერატორო კარმა მოახდინა ანექსია ჩვენს ქვეყანაზე და შეიერთა, მაგრამ რუსეთის სამეფო კარი კომპენსაციის სახით საკმაოდ დიდ პენსიონს უხდიდა ორ საგვარეულოს. ეს იყო გრუზინსკების საგვარეულო (ნუგზარ გრუზინსკის წინაპრების საგვარეულოს) და ე.წ იმერეტინსკების საგვარეულოს იმის სანაცვლოდ, რომ მათი სამეფოები შეიერთა რუსეთმა. მხოლოდ ეს ორი სამეფო სახლი იღებდა რუსეთის იმპერიიდან კომპენსაციას რევოლუციამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ აშკარა პრეტენზიები გააჩნიათ მუხრანელებს სამეფო ტახტზე. საიდან გაუჩნდათ ეს სურვილი? რა თქმა უნდა, ქართული ფეოდალური მონარქიის წესების მხრივ ეს სამეფო პატივი მათ არ აქვთ იმიტომ, რომ გიორგის მეფობის პერიოდში ისინი ჩვეულებრივი თავადები იყვნენ და როდესაც შეუერთდა საქართველო რუსეთის იმპერიას, ისინი ეწერნენ ჩვეულებრივ თავადებად, როგორც , მაგალითად, ციციშვილები. მართალია, მათ სისხლში იყვნენ მეფეები, ვახტანგ VI და ვახტანგ V, შაჰნავაზად წოდებული, მაგრამ რეალობა ამგვარი იყო. საიდანღაც გაუჩნდათ ეს პრეტენზია მუხრანელებს. ეს არის დაკავშირებული რუსეთის საიმპერატორო კართან და აი, რატომ.
მოგეხსენებათ, ემიგრაციაში რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა, კირილე რომანოვმა ცოლად მოიყვანა ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ასევე პარიზში ცხოვრობდა. რას ნიშნავდა ეს? საიმპერატორო სახლის წარმომადგენელს არ შეეძლო მოეყვანა ჩვეულებრივი თავადის ასული. მას აუცილებლად უნდა მოეყვანა სამეფო გვარის მატარებელი ქალბატონი. რადგან მუხრანალები არ იყვნენ სამეფო სახლის წარმომადგენლები, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა კირილემ მუხრანელებს საქართველოს სამეფოს გვირგვინი უბოძა, ანუ თავისი გვირგვინიდან მოიხსნა ივერიის ხელმწიფების წოდება და მისცა მუხრანელებს. აი, სწორედ აქედან გაუჩნდათ მუხრანელებს საქართველოს მეფობაზე პრეტენზია. მეოცე საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი. ისევ და ისევ რომანოვებმა უწყალობეს ბაგრატიონებს ეს ტიტული, მაგრამ ამაში არაა საქმე. ჩვენ თუ ვაბრალებთ რუსეთს, რომ მან გააუქმა მონარქია, მაშინ რატომ შეეგუვნენ ეს ბაგრატიონები თავისი სამეფოს დაკარგვას? კი, იყო ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყება, მაგრამ ძირითადი მასა, ფაქტია, რომ შეეგუა. 1832 წლის შეთქმულების მცდელობის შემდეგ ქართული არისტოკრატია იმპერიის მაშტაბით განცხრომას მიეცა. ხოლო ბგრატიონთა ორი საგვარეულო კი დიდი პენსიონითაც სარგებლობდა. მსოფლიო ისტორიაში შეუგუებლობის მრავალი ფაქტია და ერთ-ერთი არის ინგლისი, როდესაც სტიუარტების დინასტია მეორეჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან რელიგიური მოტივით, რადგან ისინი კათოლიკეები იყვნენ და ინგლისის მოსახლეობა კი პროტესტანტი იყო და მათ ნაცვლად მიიწვიეს გერმანული დინასტია ჰანოვერების საჰერცოგოდან ინგლისის ტახტზე. სტიუარტებმა რომ დატოვეს ინგლისი, მათ წაიღეს თავისი რეგალიები და არ ცნობდნენ ინგლისის შემდგომ სამეფო დინასტიებს მეფეებად. მართლაც, ტახტი სტიუარტებს ეკუთვნოდათ. მხოლოდ ახლახანს აღიარეს და დაუბრუნეს იტალიაში მცხოვრებმა სტიუარტებმა სამეფო რეგალიები დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს. ჩვენი ბაგრატიონები კი შეეგუვნენ ამ მდგომარეობას .
ჩვენი მედია საშუალებები, სამწუხაროდ, არ იკვლევენ, თუ ვინ არის მემკვიდრე. მართალია, ისინი გრუზინსკებს შეეხნენ, მაგრამ ვანკითელი ბაგრატიონების მომენტი, ეს ცოტა გადაჭარბებულია იმიტომ, რომ ამ დროს იმერეტინსკები ვინც არიან დღეს, არც კი გამოჩენილან ტელეეკრანებზე. ახლახან გარდაიცვალა პირდაპირი შტოს წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ბაგრატიონი და მისი შვილები არიან ჯაფარიძეები. მართალია, გვარი სხვა არის იმიტომ, რომ იმერეთის სამეფოს შთამომავალი ქალი დარჩა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამეფო მემკვიდრეობა ჩვენშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც, ქალიდან შვილებზე გადადიოდა. თამარის ან რუსუდანის ისტორიები თუ გახსოვთ, ამაში პრობლემა არ ყოფილა. იმერეთის ტახტის მემკვიდრეობის ნამდვილი მატარებლები არიან დღეს უკვე ჯაფარიძეები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, პეკინის ქუჩაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მათით დაინტერესება არ ხდება. მე იმის თქმა მინდა, რომ ატეხილი მონარქიული ისტერია ეს ერთია. მეორეა, რამდენად შეესაბამება ეს ჩვენს რეალობას და მესამეა, თუ რამდენად გამართლებულია ეს თეოლოგიურად. თეოლოგიური კუთხით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქრისტიანი მონარქიულ წყობილებაში იცხოვრებს თუ – არამონარქიულში. ხოლო მოკლე ისტორიული რეალობა ამგვარი იყო, რომ ეს ბაგრატიონები შეგუებულები იყვნენ მდგომარეობას და აღიარებდნენ, რომ საქართველო ეკუთვნოდა რუსეთის საიმპერატორო გვირგვინს და ბაგრატიონები პენსიას იღებდნენ სწორედ რუსეთიდან. დღეს რესტავრაცია რა ცვლილებებს მოიტანს საქართველოში? რამდენად საჭიროა, ეს სხვა თემაა.
როდესაც საუბრობენ პოლიტიკაზე, რომ უფრო სტაბილური გახდება ჩვენი პოლიტიკა კონსტიტუციური მონარქიული მმართველობის პერიოდში, ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ევროპის გამოცდილებაზე. მართლაც, ევროპული ქვეყნების თითქმის უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიული წყობისაა, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი რეალობა,თუნდაც ბრიტანეთში ან ესპანეთში. ბრიტანეთში, მართალია კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ მას არ აქვს “სათამაშო” დანიშნულება. ეს არის მთლიანად ტრადიციაზე აგებული ქვეყანა და იქ მონარქია არ არის ფიქცია. აქ მონარქია რეალურია თავისი არისტორატიული კლასით, თავისი ქონებით, მამულებით, შემოსავლებით, გავლენის წყაროებით და ა. შ. ხოლო ესპანეთის მეფეს პირდაპირ გადასცა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ძალაუფლება დიქტატორმა ფრანკომ. ამ მონარქმა კი თავისი ნებით მოიხსნა ეს აბსოლუტური ძალაუფლება და დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ანუ მონარქია მაინც იყო ერთგვარი ძალაუფლების წყარო, ხოლო მონარქმა ინება და წავიდა დემოკრატიული მმართველობისკენ. ასეა ლუქსემბურგის საჰერცოგოსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ამგვარ ძალაუფლებას ატარებენ მონარქები.
როდესაც ჩვენ ვედრებით ამ მაგალითებს, გვავიწყდება არსებული რეალობა ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში უკვე 200 წლიანი წყვეტაა, რომელიც განპირობებულია არა მარტო ფიზიკური წყვეტით, არამედ _ მენტალური წყვეტითაც. დღეს ქართველი ერისთვის მონარქი პრინციპულად მიუღებელია. შეიძლება ეს მკაცრი ნათქვამია, მაგრამ ეს რეალობაა. ქართველი კაცის ცნობიერებაში მონარქის ადგილი არ არის. მე მონარქის გარეგნული სახე ძალიან მომწონს და ამ მხრივ პატრიარქის ინიციატივაც გასაგები და მისაღებია, მაგრამ პირადად მე ეს დღეს არსებულ ვითარებაში დაუშვებლად მიმაჩნია. ეს იმიტომ კი არა, რომ პატრიარქს არ ვეთანხმები. პატრიარქის ეს ინიციატივა დღევანდლობისთვის არაა გათვლილი. სწორედ ჩვენი პატრიარქი ამბობდა იმას, რომ ჯერ უნდა მოხდეს ერის ცნობიერების შეჩვევა მონარქიასთან. რამდენად შეეგუება, ეს სხვა თემაა, მაგრამ დღეს ამ საკითხებზე მანიპულირება ჩემთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, დღეს რომ მოხდეს მონარქიის რესტავრაცია, ეს იქნებოდა ჩვენი ერის ცნობიერებაზე ხელოვნურად მოხვეული, რადგან მონარქის პატივისცემა, თაყვანისცემა თუ დანიშნულების მოძებნა ჩვენი ერის ცნობიერებაში გაჭირდება. ნებისმიერი ხელოვნური ორგანიზმი თუ ატრიბუტი ქრისტიანული კუთხით არასწორია იმიტომ, რომ არაფერი ხელოვნური და უაზრო ქრისტიანმა არ უნდა გააკეთოს. პირიქით, თუკი მონარქია რამენაირად შეუწყობდა ხელს ჩვენი ქვეყნის კონსოლიდაციას, მენტალურ გაერთიანებას, ქრისტიანობის განვითარებას, მაშინ თანახმა ვიქნებოდი, რომ ეს ინსტიტუტი ყოფილიყო, მაგრამ განვითარების არანაირი ხელშემწყობი ფაქტორი ამ ინსტიტუციას, ჩემი აზრით, დღეს არ შეუძლია. ქრისტიანობა კი არ არის დამოკიდებული მონარქიაზე, მაგრამ ზოგს ჰქონია, რომ მირონცხებული მეფე ჩვენი ერის წამალია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ასე არ არის. მეფეების მირონცხების რიტუალი კი შემოღებულია საკმაოდ გვიან საუკუნეებში და არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობის სათავეებთან. თუკი ვამბობთ, რომ არც ამ საკითხში უწყობს ხელს და არის თავიდან ბოლომდე დღვანდელი ვითარებისთვის ხელოვნური ინსტიტუტი, მაშინ რატომ ხდება ამ საკითხების აქტუალიზაცია და შემდეგ მათი რეკლამირება და პროპაგანდა, თანაც დამახინჯებული კუთხით? შემდეგ მიდის იმის განხილვა, ვინ ვისი საყვარელი იყო და ა. შ. ეს იმის მიჩვენებელია, რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ მას თავზე მოახვიონ ეს ხელოვნური ინსტიტუტი. ქრისტიანთა საყურადღებოდ ვამბობ ამას, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წყობილებას. ჩვენ შევეხეთ ბიბლიას და ვთქვით, რომ მონარქიული წყობა არის იძულებითი დაშვება ღვთისგან, თორემ იდეალური არის თეოკრატიული წყობილება. თუკი ვეძებთ იდეალს, დავუბრუნდეთ მაშინ თეოკრატიას. გადასარევი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც საამისო მზაობაა დღეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყოველი ხელმწიფება არის ღვთისგან და ის ნიშნავს მარტოოდენ იმას, რომ ქრისტიან ადამიანს შეუძლია ცხონება ნებისმიერ ვითარებაში. თუ ნებისმიერ ვითარებაში შემიძლია რელიგიური მოთხოვნა დავიკმაყოფილო, მაშინ ჩემთვის გარეგნულ პოლიტიკურ ვითარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი პოლიტიკური ვითარება ჩვენს გარშემო ცუდია, არც ესაა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, ქრისტიანი თუ პატიოსნად და ერთგულად აღასრულებს თავის მოვალეობას, ამ ყველაფერს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლაც შეუძლია. ასე იყო რომის იმპერიაშიც, სადაც იყო მონათმფლობელური წყობილება. ერთი სიტყვაც არ უთქვამს იესო ქრისტეს ამგვარი წყობილების საწინააღმდეგოდ, მაგრამ სწორედ ამ ქრისტიანების რუდუნებით, ლოცვით, მარხვით და მოღვაწეობით დაემხო ეს წყობილება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ქრისტიანულად ცხოვრება, ქრისტიანული ცნობიერება. უფრო კომფორტულია ქრისტიანობაზე საუბარი, ვიდრე ქრისტიანულად ცხოვრება. უფრო კომფორტულია სახელმწიფოებრივ მოწყობაზე საუბარი, ვიდრე ამ სახელმწიფოს ერთგულება, სიყვარული და კარგი მოქალაქეობის გამოჩენა. უფრო ადვილია მართლმადიდებლობაზე ოცნება, მაგრამ ქრისტიანული სიმდაბლით ცხოვრება და ქვეყნის ერთგულება უკვე რთულია. ჩვენ მუდამ ვეძებთ გამოსავალს ინსტიტუციების შეცვლით, ვეძებთ მხსნელებს, მაგრამ უკვე მოსული მხსნელი, იესო ქრისტე, სამწუხაროდ, არ გვინდა ხოლმე. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სიახლეებს, მაგრამ რაც უკვე მოძებნილია, გამოცდილია და მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, მისი არც დანახვა გვინდა და არც- გაგონება. კიდევ ვიმეორებ, მონარქია, ეს არის გარეგნულად ლამაზად შეფუთული ფიქცია და ვისაც უნდა ამ ფიქციის რეანიმირება, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორე პრობლემაა, ვისაც მართლა ეშინია ამ ფიქციის რეანიმირების. ეს უკვე დღვანდელი ხელისუფლებაა და რომ ეშინია, ფაქტია იმიტომ, რომ მაშინვე შავი კამპანია აუგორეს. ორივე მხარე საშინელ მდგომარეობაშია, რადგან არც ერთი მდგომარეობა არ არის მართებული. მართებული კი ერთია- იესო ქრისტე, რომლის გაგონებაც არავის არ უნდა.
შევაჯამებ ჩემს მოკლე ექსკურსს მონარქიაზე და ვიტყვი ერთს, რომ თუკი ჩვენ ვიქნებით კარგი ქრისტიანები, მაშინ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ როგორი წყობა იქნება ჩემს გარშემო. მეორეს მხრივ, თუ მონარქიაზეა საუბარი, რატომ მაინცდამაინც ბაგრატიონები? ხომ შეიძლება, სხვა დინასტიაც იყოს? თუკი ვახტანგ გორგასალი არ იყო ბაგრატიონი, ცუდი მეფე იყო? ან ფარნავაზი თუ სხვა დინასტიის წარმომადგენელი იყო, ცუდი მეფე იყო? ეს, ცხადია, ხუმრობით. არ შეიძლება, მოვიწვიოთ ინგლისის ერთ-ერთი პრინცი და ახალ დინასტიას დავუდოთ სათავე? მოვნათლოთ მართლმადიდებლურად, იყოს მეფე და ეს უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევრო-ინტეგრაციას. გაგახსენებთ კიდევ ერთ გარდამოცემას ან ლეგენდას-როგორც ზოგიერთები უწოდებენ, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის შთამომავლები და ამიტომაც ჩვენთან მხოლოდ ბაგრატიონები უნდა იყვნენ მეფეები. ეს თეორია პირველად გააჟღერა ბაგრატიონების ისტორიკოსმა, დავით სუმბატის ძემ. აპელირებენ გრიგოლ ხანძთელზეც, რომელიც აშოტ კურაპალატს ლოცავს, მაგრამ ნათქვამი “ღვთივკურთხეული” მაინცდამაინც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობას არ ნიშნავს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნებისმიერი ხელმწიფება არის ღვთივკურთხეული.
საერთოდ, ევროპის ბევრ მონარქიულ ოჯახს ჰქონდა თავისი საგვარეულოსთვის მეტი ელფერისა და ღვთივ წარმომავლობის მინიჭების მცდელობები. მაგალითად, ავსტრიის იმპერიის წარმომადგენლები (ჰაბსბურგები) კინაღამ ჰიტლერის მსხვერპლნი გახდნენ იმის გამო, რომ მათ მოინდომეს თავიანთი გენეალოგიურ ხეში ჩაერთოთ ცნობილი იტალიური საგვარეულო კოლონებიდან წარმომავლობა. კოლონები ებრაელები იყვნენ, რის გამოც ჰაბსბურგები ძლივს გადაურჩნენ ჰიტლერს. იულიუს კეისარიც კი ამბობდა, რომ იგი ვენერას შთამომავალი იყო. ასე რომ, ამგვარი მცდელობები მარტო ბაგრტიონებს არ ახასიათებდათ. ამიტომ, გენეალოგიური არგუმენტი არასწორია. მართალია, ბაგრატიონებმა მოახერხეს და მაშინდელ ისტორიულ გარემოში კარგად გამოიყენეს ეს ლეგენდა, მაგრამ დღესაც რომ იგივე არგუმენტებით ვიხელმძღვანელოთ, ცოტა არასწორი დამოკიდებულება იქნება.
პეტრე მოციქულისა და პავლე მოციქულის ეპისტოლეს ვეყრდნობი და ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილია ქრისტიანთა მოღვაწეობა. უნდა დავემორჩილოთ ნებისმიერ მთვრობას, სახიერთაც და უსახურთა, რადგან ყოველი ხელისუფლება არის ღვთისგან. იქნება ეს მირონცხებული მეფე ბაგრატიონების დინასტიიდან, ნერონი თუ კარაკალა. ყველა ძალაუფლება არის ღვთივკურთხეული და მისაღები იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ მარადიული ცხოვრებით იესო ქრისტესთან და ამ გზაზე დამაბრკოლებელი არ არის არც ერთი მმართველობითი ფორმა.
სხვა საკითხია, ვინ როგორ იყენებს ძალაუფლებას. ეს საკმაოდ დიდი თემაა და თუ მოვახერხებთ, მასზეც ვისაუბრებთ.

Print Friendly

Comments are closed.