ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ

equinox1ხშირად გვსმენია, რომ თუ ქრისტიანული აღდგომა ებრაელთა პასექს დაემთხვა, მაშინ აღდგომის დღესასწაული გადატანილ უნდა იქნას მომდევნო კვირადღეზე. ეკლესიის ისტორიიდან კი არა ერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ხსენებული ორი დღესასწაული ერთ და იმავე კვირადღეს აღინიშნებოდა. მაშ რა საფუძველი უდევს “ერთი კვირით გადატანის” იდეას? სწორედ ამ საკითხთან და აგრეთვე აღდგომის თარიღის გამოთვლასთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის დიმიტრი ოგიცკის (1908 – 1994) სტატიიდან “მართლმადიდებლური პასქალიის კანონიკური ნორმები და აღდგომის თარიღის პრობლემატიკა ჩვენს პირობებში“. ნაშრომი საგანგებოდ ბლოგისათვის რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

 

აღდგომის დათარიღების თაობაზე და, კერძოდ კი, აღდგომის ” μετά των ιουδαίων” (”იუდეველებთან ერთად”, [1]) აღნიშვნის აკრძალვაზე კანონიკურ განმარტებებზე არასწორ მსჯელობას უპირველეს ყოვლისა ვხვდებით მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ისეთ ცნობილ კანონისტებთან, როგორიცაა იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი, მათე ვლასტარი [2]. ყველაზე მეტად სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჩვენს მართლმადიდებლურ სივრცეში ასეთი მსჯელობების პოპულარიზაციას.

მოციქულთა მე-7 კანონის განმარტებისას ზონარა წერს: ”ამ წესის მცნება მდგომარეობს შემდეგში: ქრისტიანებმა არ უნდა იზეიმონ აღდგომა იუდეველებთან ერთად, ანუ არა ერთიდაიმავე დღეს; რამეთუ მათი არა სადღესასწაულო დღესასწაული წინ უნდა გვისწრებდეს, და მხოლოდ მის შემდეგ უნდა სრულდებოდეს  ჩვენი აღდგომა. სამღვდელო პირი, რომელიც ამას არ ასრულებს, დაყენებულ უნდა იქნეს.” იგივე განსაზღვრა ანტიოქიის კრებამაც ზონარას პირველ კანონში, ხოლო მათ მსგავსად სხვა კანონისტებიც წესების მათეული განმარტებებით ქრისტიანული აღდგომის ვადებს ებრაელთა პასექის ვადებთან პირდაპირ დამოკიდებულებში საზღვრავენ. ჩვენში კანონიკური წესების ასეთ განმარტებას რაღაც უპირობო, თითქმის აქსიომის სახე მიეცა. ასეთ მიდგომას იზიარებენ ისეთი გვიანდელი გამოჩენილი კანონისტები, როგორიცაა ეპისკოპოსი ნიკოდიმ მილაში [3]. დღესაც ბევრი ოპერირებს ასეთი განმარტებებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წამოიჭრება შეკითხვები კალენდრის და პასქალიის შესწორების თაობაზე.

სინამდვილეში კი ყველაფერი რაც ჩვენთვის ცნობილია ნიკეის კრების დამოკიდებულებაზე აღდგომის თარიღის განსაზღვრებასთან დაკავშირებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აღდგომის შესახებ კანონიკური წესების ასეთ ინტერპრეტაციასთან.

მაშ, რას გულისხმობდნენ ეს წესები, რომლებიც ქრისტიანებს უკრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას μετά των ιουδαίων (”იუდეველებთან ერთად” – მთარგმ.)? ქრისტიანულ და იუდეველთა დღესასწაულების შემთხვევით თანხვედრას ერთ და იმავე დღეს? თუ კი, იბადება შეკითხვა – რატომ არ შეიძლება ასეთი თანხვედრა? იმიტომ ხომ არა, რომ დღესასწაულის აღნიშვნა ერთ და იმავე დღეს დაარღვევდა ისტორიულ თანამიმდევრობას – ჯერ სჯულისმიერი და მერე კი ახალი პასექი? თუმცა ცნობილია, რომ ეკლესიებისთვის, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით  მიიღეს ნიკეის დადგენილება, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ასეთი თანხვედრები და ისინი აღდგომას იუდეველებთან ერთად ერთ და იმავე დღეს ზეიმობდნენ თვით ნიკეის კრების შემდეგაც – 328, 343, 347, 370, 394 წლებში და უფრო მოგვიანებითაც [4]. თუ მოთხოვნა იყო მოვლენათა თანმიმდევრობის დაცვა და ქრისტიანენი ვალდებულნი იყვნენ ყურადღება მიექციათ იმისათვის, რომ მათი აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ უნდა ყოფილიყო, მაშინ გაუგებარია, რატომ არსად კანონებში არაა აკრძალვა ქრისტიანული აღდგომის ებრაელთა პასექამდე აღნიშვნაზე. იბადება ასეთი შეკითხვაც: ზონარას და მისი თანამზრახველების აზრით რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ქრისტიანები თუ, დავუშვათ, ჩვენს დროში ებრაელები შეცვლიდნენ თავის პასქალიას და თავიანთი პასექის თარიღს ჩვენსას მიუახლოვებდნენ – განა იძულებულნი ვიქნებოდით მაშინ, რომ ”გავქცეულიყავით” მათგან ჩვენი თარიღებით და, შესაბამისად, შეგვეცვალა ჩვენი პასქალია?

გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნიკეის დროინდელ პასქალური დავების ისტორიას ეხება, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეიძლება: ნიკეის მამებმა უარყვეს ქრისტიანული აღდგომის ნებისმიერი  დამოკიდებულება ებრაული პასექის თარიღებზე. განსაკუთრებით ეს ხაზგასმულია იმპერატორ კონსტანტინეს მიმართვაში: ”პირველ რიგში უღირსად მიიჩნიეს, რომ ეს უწმინდესი დღესასწაული იუდაური ჩვეულების მიდევნებით აღსრულებულიყო… ნებადართულია, რომ მათი ჩვეულებები ამოიძირკვოს, და დადგინდეს უფრო ჭეშმარიტი წესით და მომავალი საუკუნეებისათვისაც მისი მიდევნებით აღსრულება”. ცდილობს რა განაწყოს ყველა ქრისტიანი ამ წესის მისაღებად, ამ მიმართვის ავტორი დაბეჯითებით მოუწოდებს ქრისტიანებს ებრაელებთან არანაირი საერთო არ ჰქონდეთ პასექის თარიღის დადგენაში. ”რამეთუ, – ამბობს იმპერატორი, – ნამდვილად ყველაზე უფრო უჯერო არის, რომ ისინი იქადოდნენ, თითქოს მათი მოძღვრების გარეშე ამის დაცვა არ ძალგვიძს”. ამასთან ერთად, ის ცდილობს ებრაული კალენდრის დისკრედიტაციას, რომლის მიხედვითაც იმ დროს პასექს გაზაფხულის ბუნიობამდეც აღნიშნავდნენ ხოლმე. იმპერატორის ეპისტოლეში ასეთი შემთხვევები შეფასებულია როგორც ერთ და იმავე წელს პასექის ორჯერ აღნიშვნა [4].

არც კანონებში, არც სხვა თანამედროვე და ნიკეის კრებასთან დაახლოებულ დოკუმენტებში, რომლებიც ნიკეის კრების განმარტებების იძლევიან, არაა საუბარი, რომ გამორიცხული იყოს შესაძლებლობა ქრისტიანული აღდგომისა და ებრაული პასექის შემთხვევით თანხვედრისა, ანუ შესაძლებლობა ამ უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნისა იუდეველებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს. აგრეთვე ვერსად ვერ ნახავთ აკრძალვას, რომ ქრისტიანული აღდგომა იზეიმებოდეს ებრაელთა პასექამდე. ასეთი აკრძალვა ნიშნავდა ქრისტიანული აღდგომის თარიღების დამოკიდებულებას ებრაული პასექის თარიღებზე. ხოლო ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ცნობილია ნიკეის კრების დადგენილების თაობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ნიკეის საეკლესიო კრების მამები ამ საკითხში ქრისტიანების ებრაელებზე ნებისმიერი ფორმით დამოკიდებულების  წინააღმდეგნი იყვნენ.

მაშასადამე, ნიკეის კრებამ აკრძალა ქრისტიანული აღდგომის თარიღის ებრაული პასექის თარიღთან არა შემთხვევითი თანხვედრა, არამდე პირველის მეორეზე პრინციპული დამოკიდებულება. μετά των ιουδαίων (”იუდეველებთან ერთად” – მთარგმ.) გამოთქმის გამოყენებით კანონები გულისხმობდნენ ”აღმოსავლეთ” ქრისტიანთა იუდეველებთან პრინციპულ თანხმობას ნისანის 14 თარიღის დადგენაში, და არა თარიღების და გამოთვლების ამა თუ იმ შემთხვევით თანხვედრას.

ზონარას და სხვა კანონისტების შეცდომა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობდა μετά των ιουδαίων (”იუდეველებთან ერთად” – მთარგმ.) ფრაზის არასწორ, ზედაპირულ და საკმაოდ სიტყვა-სიტყვით გაგებაში ყოველგვარი კონკრეტული ისტორიული პირობის გაუთვალისწინებლად, ანუ იმ პირობისა, საიდანაც ეს ფორმულა წარმოიშვა. მეორეს მხრივ, ეს იყო შედეგი იმისა, რომ ისინი თანამედროვე პასქალური მონაცემებიდან არასწორ დასკვნებს აკეთებდნენ. საქმე იმაშია, რომ მათ დროში ჩვენი პასქალური ცხრილები, რომლებიც იულიუსის კალენდარს ეფუძნებიან, ასტრონომიული მონაცემებისა და ებრაული გამოთვლებისაგან (რომლებიც, სხვათაშორის, იმ დროისათვის საკმაოდ ზუსტი გახდა) იმდენად ჩამორჩებოდნენ, რომ ქრისტიანულ აღდგომასა და ებრაულ პასექს შორის გაზრდილი დაშორება საერთოდ გამორიცხავდა ამ თარიღების თანხვდენას. ფაქტიურად, ზონარას დროს ქრისტიანული აღდგომა ებრაული პასექის შემდეგ იყო. სწორედ ამ სიტუაციაში კანონისტები ყოველთვის ხედავდნენ ქრისტიანთათვის ამ თანმიმდევრობისა და ქრისტიანულ და ებრაულ დღესასწაულებს შორის დისტანციის დაცვის თავიანთი განმარტებების მტკიცებას.

ამჟამად, როდესაც პასქალიის განხილვის საკითხი დგას [5], ჩვენთვის აუცილებელია კანონების ასეთ არასწორ განმარტებებს მკაცრად გავემიჯნოთ და ვიმსჯელოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონები არ გულისხმობენ არანაირ პრინციპიალურ დამოკიდებულებას ჩვენი აღდგომის თარიღებისა ებრაელთა პასექის თარიღებზე.

მაშ, როგორია ამ საკითხში ჭეშმარიტად კანონიკური მოთხოვნები?

აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, ანუ პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას მოსდევს ანდა მას ემთხვევა. ეს რომ თანამედროვე კალენდრის ენაზე გადმოვიტანოთ, ვიტყოდით, რომ აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს იმ სავსემთვარეობის შემდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ახალი სტილით 21 მარტიდან 19 აპრილამდე.

აქედან გამომდინარეობს, რომ კანონების მიხედვით ყველაზე ადრეული შესაძლებელი თარიღი აღდგომისათვის არის 22 მარტი (იმ შემთხვევაში, თუ სავსემთვარეობაა შაბათს, 21 მარტს).

რაც შეეხება ყველაზე გვიანდელ თარიღს, ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოება.  სავსემთვარეობა 18 აპრილს ყოველთვის იქნება პირველი გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ. სავსემთვარეობა 19 აპრილს შეიძლება იყოს როგორც პირველი (თუ მის წინა სავსემთვარეობა იყო 20 მარტს) ასევე მეორეც (თუ წინა სავსემთვარეობა იყო 21 მარტს). სავსემთვარეობა 20 აპრილს ყველა შემთხვევაში იქნება მეორე. შესაბამისად, ნისანის 14-ის ყველაზე გვიანი შესატყვისი იქნება 19 აპრილი, ხოლო პასქალური კვირადღის ყველაზე გვიანდელი თარიღი (იმ შემთხვევაში, თუ სავსემთვარეობაა 19 აპრილს), შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს 26 აპრილი ახალი სტილით.

კვირადღე, რომელიც უფრო გვაინდელ პერიოდშია (ახალი სტილით 27 აპრილი და მის შემდგომ), ყოველთვის იქნება კვირადღე გაზაფხულის მეორე სავსემთვარეობის შემდეგ. ვინაიდან ასეთი კვირადღე უკვე ნისანის 14-საგან დაშორებულია მეორე სავსემთვარეობით (14 იარი, ნისანის შემდგომი თვე), მას ნისანის 14-თან უკვე ყველანაირი კავშირი დაკარგული აქვს და არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს თარიღად, რომელიც პასუხობს ნისანის 14-ის მერე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციულ მოთხოვნილებებს [6].

ამ დროს კი, ვინაიდან ჩვენს პასქალიასა და აქტუალურ ასტრონომიულ მონაცემებს შორის არსებული დაშორება პროგრესირდება, უკვე ჩვენს დროში ჩვენი აღდგომის თარიღი აშკარად დაგვიანებულია [7]. და ეს ხდება საკმაოდ ხშირად, რამეთუ ჩვენთან აღდგომის ყველაზე გვიანდელი თარიღი განსაზღვრულია როგორც 8 მაისი ახალი სტილით.

პროფესორი დიმიტრი ოგიცკი

——————————————————-

შენიშვნები (მთარგმნელისაგან)

[1] ”თუ ვინმე, ეპისკოპოსი, ანდა პრესვიტერი, ანდა დიაკვანი წმინდა აღდგომის დღეს გაზაფხულის ბუნიობამდე იუდეველებთან ერთად იზეიმებს, დაე დაყენებულ იქნას სამღვდლო დასიდან”, წმინდა მოციქულთა დადგენილებები, VII კანონი.

[2] იოანე ზონარა – XII საუკუნის ბიზანტიელი ბერი-ღვთისმეტყველი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი,  ისტორიკოსი და კანონისტი; თეოდორე ბალსამონი – XII საუკუნის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტი და ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქი; მათე ვლასტარი – XIV საუკუნის ბიზანტიელი მღვდელმონაზონი და კანონისტი.

[3] ნიკოდიმ მილაში – სერბი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მართლმადიდებელი კანონისტი.

[4] “… ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო”. კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა, მღვდელი ვლადიმირ ხულაპი.

[5] სტატია გამოიცა 1971 წელს .

[6] როგორ ჩანს აქ ავტორი საუბრობს ნისანის 14-ზე როგორც ასტრონომიულ მოვლენაზე.

[7] ამ მხრივ საინტერესოა თუ განვიხილავთ აღდგომის თარიღს 2013 წელს. ამ წელს მართლმადიდებლურმა და კათოლიკურ/პროტესტანტულმა სამყარომ აღდგომა აღნიშნა სხვადასხვა კვირადღეს – 5 მაისს და 31 მარტს, შესაბამისად. ამდაგვარად, თარიღებში განსხვავებამ შეადგინა 5 კვირა. ეს განსხვავება ცვალებადია წლიდან წლამდე და, მაგალითად, 2014 წელს ის მთლიანად გაქრება, რის გამოც აღდგომას 2014 წელს მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროში აღვნიშნავთ ერთსა და იმავე კვირადღეს – 20 აპრილს. მოდით განვიხილოთ თუ რითაა განპირობებული 5 კვირიანი განსხვავება 2013 წელს და ვნახოთ თუ როგორ გამოითვლება ეს თარიღები მართლმადიდებლურ და კათოლიკურ/პროტესტანტულ სამყაროში:

აღდგომა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: პირველი კვირადღე, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობას.

2013 წლის ასტრონომიული თარიღები
ასტრნომიული გაზაფხულის ბუნიობა – ახალი სტილით 20 მარტი, ოთხშაბათი.
ასტრონომიული პირველი სავსემთვარეობა ბუნიობის შემდეგ – ახალი სტილით 27 მარტი, ოთხშაბათი.
პირველი კვირადღე ამ სავსემთვარეობის შემდეგ – ახალი სტილით 31 მარტი, კვირა.

2013 წლის აღდგომის თარიღები
კათოლიკურ/პროტესტანტული სამყარო – ახალი სტილით 31 მარტი, კვირადღე.
მართლმადიდებლურ სამყარო – ახალი სტილით 5 მაისი, კვირადღე.

აღდგომის თარიღის ფორმულის გამოყენება მართლმადიდებლურ სამყაროში
ალექსანდრიის პასქალიაში გაზაფხულის ბუნიობად მიჩნეულია უცვლელი თარიღი – 21 მარტი იულიუსის კალენდრით, ანუ ახალი სტილით (XXI საუკუნეში, ანუ მაშინ როდესაც კალენდრებს შორის ჯერ კიდევ 13 დღეა განსხვავება) 3 აპრილი. თავის დროზე, როდესაც პასქალურ ცხრილებს ადგენდნენ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თარიღი რეალურ ასტრონომიულ თარიღს დასცილდა იულიუსის კალენდარში არსებული ცდომილების გამო.

შესაბამისად, 2013 წელს პირველი სავსემთვარეობა ძველი სტილით 21 მარტის (ახალი სტილით 3 აპრილის) შემდეგ იყო 25 აპრილს, ხუთშაბათს. თუმცა ეს უკვე მეორე სავსემთვარეობაა რეალური, ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ (შეგახსენებთ, რომ პირველი სავსემთვარეობა ასტრნომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ იყო 27 მარტს ახალი სტილით). ხოლო პასქალური სავსემთვარეობის ცხრილების მიხედვით, რომლის ცდომილების კორექტირება არ მოხდა, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა გრიგორიუსის კალენდარში, პასქალური სავსემთვარეობა უკვე რამოდენიმე დღით (4-5) დაშორდა რეალურ ასტრონომიულ სავსემთვარეობას. შესაბამისად, პასქალური სავსემთვარეობა 2013 წელს იყო 28 აპრილის (კვირადღე, რომელიც მოსდევდა ასტრონომიულ სავსემთვარეობას – 25 აპრილს) შემდეგ. ამიტომ, 2013 წელს აღდგომის თარიღი მართლმადიდებლურ სამყაროში იყო არა 28 აპრილი, არამედ მისი მომდევნო კვირადღე – 5 მაისი.

——————————————————-

მონაცემები 2014 წლისათვის

2014 წლის ასტრონომიული თარიღები
ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა – ახალი სტილით 20 მარტი, ხუთშაბათი.
ასტრონომიული პირველი სავსემთვარეობა ბუნიობის შემდეგ – ახალი სტილით 15 აპრილი, სამშაბათი.
პირველი კვირადღე ამ სავსემთვარეობის შემდეგ – ახალი სტილით 20 აპრილი, კვირა.

როგორც ვხედავთ, 2014 წელს 15 აპრილის სავსემთვარეობა იქნება პირველი როგორც მართლმადიდებლური ასევე კათოლიკურ/პროტესტანტული სამყაროსათვის. რის გამოც (პასქალური სავსემთვარეობის ცხრილების ცდომილებასაც თუ გავითვალისწინებთ) ჩვენი უფლის აღდგომის თარიღი 2014 წელს იქნება იგივე მთელ ქრისტიანულ სამყაროში.

——————————————————-

იმის გამო, რომ 2013 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 5 მაისს აღვნიშნეთ, მართლმადიდებლური სამყაროს იმ ნაწილში (მაგ. კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, პოლონეთის,  ბულგარეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები), სადაც უძრავი დღესასწაულებისათვის შესწორებული იულიუსის კალენდარი (რასაც ხშირად არასწორად მოიხსენებენ როგორც “ახალ სტილს”) გამოიყენება, პეტრე-პავლობის მარხვა უქმდება. ხშირად ამ ფენომენს მხოლოდ შესწორებული იულიუსის კალენდრის გამოყენებას უკავშირებენ და, ამიტომ, ხაზს უსვამენ მის უვარგისობას. სინამდვილეში კი პეტრე-პავლობის მარხვის გაუქმება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ აღდგომის (მოძრავი დღესასწაული) გამოთვლაში ფიგურირებს ძველი, ანუ იულიუსის კალენდარი, ხოლო წმინდა მოციქულთა თავთა – პეტრესა და პავლეს ხსენება აღინიშნება შესწორებული იულიუსის კალენდრით (უძრავი დღესასწაული). სწორედ ამ, ასე ვთქვათ შეზავების შედეგია, რომ მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილში ზოგ წელს პეტრე-პავლობის მარხვა უქმდება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მსოფლიოს მომავალი საეკლესიო კრება განიხილავს საეკლესიო კალენდრებთან დაკავშირებულ ყველა სირთულეს და  ყველასათვის სასურველ შედეგს გამოიტანს.

 

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.