ანგელოლოგია და ანთროპოლოგია

25/01/2021
By

ანგელოლოგია და ანთროპოლოგია: ანგელოზებისა და ადამიანების შექმნის საკითხის შედარებითი ანალიზი თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით

(ბიბლიური ჰერმენევტიკული პერსპექტივა XIX საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანიtouchingthevoid4601

„ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის. იგი ითქმის უსხეულოდ და უნივთოდ ოდენ ჩვენთან შედარებით, რადგან უდარებელია მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო, რის გამოც მასთან შედარებით ყოველივე განხშოებულია და ნივთიერი“

წმ. იოანე დამასკელი

ჩვენს წინა სტატიებში (1) ჩვენ ვსაუბრობდით წმინდა წერილის კოსმოლოგიური და ამარტოლოგიური  ასპექტებისადმი ნეოჰერმენევტიკული მიდგომის შესახებ (ბიოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით). სტატიებში, თანამედროვე მეცნიერების მონაცემებისა და თანამედროვე კულტურიდან გამომდინარე, თანამედროვე ჰერმენევტიკული მიდგომის შესახებ ალტერნატიული შეხედულება გამოვთქვით. ამ სტატიაში ხსენებულ საკითხებს აღარ დავუბრუნდებით. ამჯერად, ჩვენ გვაინტერესებს ანგელოზების შექმნის საკითხი (მისი შედარებითი ანალიზი) ადამიანის შექმნასთან მიმართებაში. ჩვენი თვალსაზრისით, წმინდა წერილი, ანგელოზებისა და ადამიანის შექმნის მხრივ განსხვავებას გვიჩვენებს. თუ ბიბლიური ანთროპოლოგიური ასპექტი ადამიანის შექმნაში გარკვეულ თანმიმდევრობას და პროცესს აღწერს (ეს გასაგებიცაა, რადგან ადამიანი რთული შედგენილი ორგანიზმია, ბიოლოგიური ევოლუციის თეორია კი ამას პირდაპირ და დაწვრილებით აჩვენებს მთელი რიგი ბიოლოგიური მუტაციების საფუძველზე), შექმნის ანგელოლოგიური ასპექტი, წერილის თანახმად, საკმაოდ მარტივია. წერილი ამას პირდაპირ გვიჩვენებს. როდესაც ადამიანის შექმნის შესახებ მუხლებს ვკითხულობთ, ვხედავთ ქმედებების თანმიმდევრობას, რომლებმაც ადამიანი საბოლოო ფსიქოსომატურ ჩამოყალიბებამდე მიიყვანეს. წერილის თანახმად, ღმერთი თავდაპირველად 1) ქმნის „ცას და მიწას“ (დაბ. 1, 1), ამ შემთხვევაში, მაგალითად, წმ. ბასილი დიდისთვის „ცა და მიწა“ მთელი ხილული კოსმოსის აღმნიშვნელია და არა რომელიმე კონკრეტული სტიქიის, რადგან ეს სტიქიები „მიწაში“ იგულისხმება (PG 29, Col. 20), შემდეგ, 2) ყალიბდება მიწა, გამოეყოფა წყალს, ხმელეთს კი მიწა ეწოდება (დაბ. 1, 2-10); მერე, 3) “მიწის მტვერისაგან” უზენაესი ღმერთი ადამიანს ქმნის (დაბ. 2, 7) და მხოლოდ ამის შემდეგ 4) „შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2, 7). ამგვარად, ბიბლიის თანახმადაც კი (ბიოლოგიური ევოლუციის თეორიაზე რომ არაფერი ვთქვათ) ადამიანის შექმნა არის რთული და დროში გაწელილი პროცესი. ბიბლიის ავტორისთვის „დღეები“ (ებრ. დღე – יום) ნიშნავს როგორც ერთ დღეს, ისე დროში გაწელილ დიდ მონაკვეთს (შესაძლოა ათასობით წლების პერიოდს). მაშასადამე, ყველაფერი რთულად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად ხდება. სახეზეა ღვთაებრივი ქმედებებით და ბუნების მოქმედებებით ადამიანის შექმნის პროცესის ეტაპები. დავარქვათ ამას ანთროპოლოგიური „ბიბლიური ევოლუციონიზმი“. ასეთივე „ბიბლიური ევოლუციონიზმი“ მთელი შექმნილი სამყაროს მიმართებაშიც ჩანს. ეს არის ღვთაებრივი შემოქმედებით პროცესის ეტაპები. ეს არ არის წამიერი პროცესი. ეს ყოველივე პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო, მთელი თავისი ასპექტებით, არასრულყოფილია, მაგრამ როგორც ადამიანს, ისე კოსმოსის მთელ ბუნებრივ განვითარებას სრულყოფილებისკენ სწრაფვა ახასიათებს, რის შესახებაც ჩვენს წინა სტატიებში ვწერდით (2).

ახლა, შევხედოთ, როგორ ხდებოდა ანგელოზური სამყაროს შექმნა. ყველაზე საინტერესოა, რომ წერილი დუმს ანგელოზების შექმნის შესახებ. თითქოს, დაბადების წიგნის პირველ თავებში ანგელოზების შექმნაზე უნდა ეწეროს, მაგრამ წერილი დუმს. თუმცა, არის ერთი ადგილი, სადაც ანგელოზების შექმნაა ნახსენები – ფსალმუნთა წიგნი, რომელშიც წერია: „რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი – ალად ცეცხლისა“ (ფსალმ. 103, 4). 103-ე ფსალმუნის კონტექსტი ღვთაებრივ კოსმოლოგიაზე მოგვითხრობს, ანუ როგორ აყალიბებდა ღმერთი სამყაროს. თუმცა კი, დაბადების წიგნი ანგელოზების შექმნაზე დუმს, ფსალმუნების წიგნში არის ალუზია იმაზე, რომ ანგელოზებიც სამყაროს შემქნის პირველ „დღეებში“ შეიქმნენ. საინტერესოა, რომ ისაკ ასური პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთმა ანგელოზები „დუმილში“ შექმნა – დუმილში, ანუ იდუმალებაში (3). ეს იდუმალება/საიდუმლოება წერილის მიხედვით ანგელოზების შემქნის აქტის პრობლემას თავისთავად ხსნის. ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს საიდუმლოება, ანუ ღმერთმა ანგელოზების სამყარო შემქნა და არ გვიჩვენა ამ აქტის თანმიმდევრობა და ეს გასაგებიცაა, რადგან ანგელოზების ბუნება მარტივია. თუ წერილი ამის თაობაზე დუმს, ჩვენ ვერ გვეცოდინება, როგორ და რა „მასალისგან“ შემქნა ღმერთმა ანგელოზები. ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ ანგელოზების სამყარო კოლექტიურად იქმნება, ანუ ერთი ანგელოზური პიროვნება კი არ იქმნება, როგორც ბიბლიურ ანთროპოლოგიაში, არამედ ნათქვამია მრავლობით რიცხვში (ფსალმ. 103, 4) და ეს ადამიანისა და ანგელოზების შემქნის აქტში აშკარა განსხვავებაა. იქნებ, ეს უკავშირდება ანგელოზების შექმნის დროის მიღმიერ პერიოდს? წმ. ბასილი დიდისთვის, ღმერთის მიერ ანგელოზების შემქნის პერიოდი არის გარკვეული დროის მიღმიერი პირობა (PG 29, Col. 13), მაგრამ ასეთი მდგომარეობა არ არის სრულად დროის მიღმიერი – ის მხოლოდ დროის ჩვენებურ კატეგორიებს აღემატება: ეს არის მარადისობა შექმნის ხატით, როგორც ვ. ლოსკი აღნიშნავს (4). წმ. მამების ნაწილს მიაჩნდა, რომ „ზეცის“  შექმნაში ანგელოზების (როგორც ზეცის მკვიდრთა) შექმნაზეა მითითება (შეად. 3 მეფ. 22, 19; მათე. 18, 10 და სხვ.). თუმცა, ჩვენ წმ. ისაკ ასურის თვალსაზრისს გავიზიარებთ, რომ ანგელოზების შექმნა „დუმილში“ მოხდა, რადგან წერილში ამ საკითხზე არანაირი პირდაპირი მითითება არ არის. წერილი ამის თაობაზე დუმს.

ადამიანის ბუნების სირთულეს კარგად აჩვენებს მოლეკულური ბიოლოგია და ფიზიკა, რომლებიც ჩვენს ბუნებას უმცირეს ნაწილაკებად ანაწევრებენ და კვარკებს აღწევენ. ადამიანის ორგანიზმის ბირთვებამდე დაყოფა მას უფრო მცირე ნაწილაკებად – გენებად, უჯრედებად და ა.შ. – ანაწევრებს, რომლებიც ადამიანის რთულ ორგანიზმთან მიმართებაში შეიძლება მარტივნი, მაგრამ თავისთავად საკმაოდ რთულები არიან. ანგელოზების ბუნება კი მარტივი და სულიერია, ადამიანი კი შედგენილია – ის ხორცისა და სულისგან შედგება. ადამიანი ფიზიკურად შექმნილი მიწიერი მასალისგან, რომელიც თავადაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და ევოლუციის რთულ ეტაპებს გადიოდა (რაც დღემდე არ დასრულებულა), ამიტომ ადამიანი შედგენილია და რადგანაც ის სხვადასხვა მიწიერი სტიქიებისაგან შედგება, ექვემდებარება მიწიერ სირთულესა და ევოლუციის პრინციპს. ანგელოზების შემთხვევაში ჩვენ ასეთ სურათს ვერ ვაკვირდებით, რადგან ანგელოზები არიან სულები და თუმცა კი შექმნილ სამყაროს განეკუთვნებიან, ეს სამყარო ხარისხობრივად სხვაა, უფრო დახვეწილია თავისი ბუნებით, მაშინ როდესაც ევოლუციას გრძნობითი-ფიზიკური ბუნება ექვემდებარება. ადამიანი, როგორც ამ რთული მატერიალური სამყაროს ნაწილი (როგორც წმინდა წერილის, ისე ევოლუციის თანახმად), წარმოიქმნება მას მერე, რაც ამ რთულმა სამყარომ, თავისი ცხოველური და მცენარეული შემადგენლით, არსებობა დაიწყო. ამიტომ, ამ რთული სამყაროს სტიქიებისადმი ადამიანის ზიარება სამყაროს ლოგიკურ სირთულეს სრულიად შეესაბამება. კოსმოსის ასეთ რთული მოწყობა მოითხოვს, რომ ღმერთის შემოქმედებით პროცესს მივუდგეთ არა როგორც ფანტასტიკას, არამედ, როგორც რეალურ შემოქმედებით აქტს, სირთულეებით აღსავსე პროცესს (თითოეული არსების შიდასახეობრივი პროცესები) და მრავალ ეტაპიან თანმიმდევრობას. ღმერთი არ ქმნის სამყაროს, უხეშად რომ ვთქვათ, „ხელის ერთი მოსმით“, როგორც სამწუხაროდ დღესაც ჰგონია ბევრ ჩვენთაგანს. ღმერთი იმ ფიზიკური ნივთიერების კანონების შესაბამისად იქცევა, რომელიც თავადვე შექმნა, რათა ქმნილება თავისუფლად განვითარებულიყო და თავისუფლად ეღიარებინა თავისი შემოქმედი. შემოქმედებისას, ღმერთი რეალურად იქცევა და არა ფანტასტიურად. წერილის მიხედვითაც კი ჩანს, რომ სამყარო ნაწილ-ნაწილ და ეტაპობრივად იქმნებოდა. ღმერთი ბუნებას აძლევს საშუალებას, რომ მან თავად იმოქმედოს და შექმნას და რაღაც მომენტში უფალი ბუნების შემოქმედებით პროცესი დამკვირვებელი ხდება, პროცესისა, რომლის შემოქმედიც თვითონვეა, თუმცა თავადვე ერევა ამ პროცესში, როდესაც და როგორც ჩათვლის ამას საჭიროდ. ადამიანი რომ წამში, არაეტაპობრივად შექმნილიყო, მაშინ ეს 1) შეეწინააღმდეგებოდა ხილული კოსმოსის მოწყობის სირთულეს (რომლის ნაწილიც გახდა ადამიანი თავისი ფიზიკური ბუნებით), 2) ეს არ შეესაბამებოდა ღვთაებრივი შემოქმედების რეალობას და 3) ადამიანის თანდაყოლილ არასრულყოფილებასთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში, არადა წმინდა მამებისა და ევოლუციის თანახმად ადამიანი არასრულყოფილია. ადამიანის მყისიერი წარმოქმნა მისი ფიზიკური შექმნის დასრულებულობას, ანუ მისი ბუნების სრულყოფილებას იგულისხმებდა, მაგრამ საქმეზე საპირისპიროს ვხედავთ. აქვე ჩნდება კითხვა ანგელოზებთან დაკავშირებით: რადგან ისინი მყისიერად შეიქმნენ, ე. ი. სრულყოფილნი არიან? ანგელოზები შეიქმნენ „დუმილში“ და წერილი მათ შექმნაზე დუმს და თუნდაც დავუშვათ, რომ ისინი ეგრევე სულიერ არსებებად შეიქმნენ, ეს მათი ბუნების სიმარტივეზე მიუთითებს და არა სირთულეზე, როგორც ადამიანების შემთხვევაში. მათი სულიერებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მათი ბუნება სრულყოფილებასთან ახლოა, თუმცა სრულყოფილად არ შექმნილა. მეორე ის გახლავთ, რომ ანგელოზები, როგორც გონიერი ქმნილებები, თავისუფალნი არიან და ამ თავისუფლებაში ღვთის სიყვარულში გამყარდნენ და როგორც ვ. ლოსკი აღნიშნავს (წმ. მაქსიმე აღმსარებელსა და წმ. გრიგოლ ნოსელზე დაყრდნობით), ანგელოზებს: „უსასრულოდ, შეუძლიათ მარადიული სიკეთეების მოხვეჭა“ (5), რაც ღვთის მადლში მათ მუდმივ სრულყოფაზე (ზრდაზე) მიუთითებს; „მათი ღმერთისადმი უცვალებელი მიჯაჭვულობა ან მათი ღმერთისგან განდგომა მყისიერად და საუკუნოდ მოხდა, მათი შექმნის მომენტშივე“; ისინი დროის მიღმიერ პირობებში შეიქმნენ (თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს დროის მიღმიერებაც ფარდობითია) და ამიტომ მათ არ შეუძლიათ ცოდვის ჩადენა (6).

ანგელოზები თავისი სულიერი ბუნებით არიან უკვდავნი, მაგრამ ეს უკვდავება ღვთის მადლით აქვთ. ადამიანები, რომლებიც ორი ბუნებისგან შედგებიან, მხოლოდ სულით არიან უკვდავები, რაც ასევე ღვთის მადლის მიერაა, ჩვენი სხეულის აღდგინება კი მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში მოხდება (1 კორ. 15, 51-54). მიწიერი ცხოვრების პირობებში, ადამიანები, როგორც ფიზიკური ბუნების მატარებელნი, მოკვდავები არიან. ადამიანის სიკვდილის შემდეგ დანაწევრების პროცესი იწყება; ადამიანის სხეული ელემენტებად იშლება, რომლებიც იმ სტიქიებს შეესაბამება, რომლებისგანაც ჩვენი სხეული შედგება. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამგვარად, ჩვენი ფიზიკური საწყისი, ისევე როგორც ჩვენი ფიზიკური სხეულის აღსასრული მოიცავს რთულ პროცესებს. ეს პროცესები იმიტომ არის რთული, რომ თავად სამყარო, რომელშიც შევიქმენით, მრავალი სირთულისგან შედგება. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანურის მსგავსად, მრავალ ელემენტად იშლება. ეს ბუნებრივი ფაქტი ადასტურებს, რომ ადამიანი თავისი ფიზიკური შემადგენლით ჩვენი პლანეტის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან არაფრით განსხვავდება. ადამიანის სხეული წარმოქმნისა და დაშლის პროცესები ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვა (არაგონიერი) ცოცხალი ორგანიზმების შემთხვევაში (განსაკუთრებით ემბრიონულ სტადიაზე). ჩვენ მათთან საერთო ბიოქიმია, ერთი და იგივე ფიზიოლოგიური პროცესები გვაქვს. ეს ჩვენი საერთო ფიზიოლოგიის რეალობაა. ეს რეალიზმი ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ თეისტური ევოლუცია ბიბლიურ ანთროპოლოგიას ბიბლიური ევოლუციის ასპექტში სავსებით სწორად და სამართლიანად განიხილავს. თუმცა, ანგელოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენ კრეაციონისტული პოზიციებიდან ვფიქრობთ და ყველა ჩვენი ზემოთ მოყვანილი არგუმენტი, ჩვენი აზრით, ამას საკმაოდ ნათლად აჩვენებს.ხოლო ადამიანის ბუნების ფიზიოლოგიურ ასპექტში, ანუ ანთროპოლოგიური საკითხში ჩვენ ევოლუციონისტურ შეხედულებას ვემხრობით, ოღონდ თეიზმის ფარგლებში, რადგან ადამიანის გონიერი სული ღვთის ნიჭია.

_ _ _ _ _

  1. იხ.: „ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება“ ნაწილი I:  http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia2/; „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  2. იქვე.
  3. იხ.: „Таинство веры. Введение в православное богословие / Митрополит Илларион (Алфеев). Изд. 8-е. Москва: Эксмо: Изд-во Московской Патриархии Русской Православной Церкви, 2012. С. https://azbyka.ru/otechnik/Ilarion_Alfeev/tainstvo-very-vvedenie-v-pravoslavnoe-dogmaticheskoe-bogoslovie/4_1
  4. იხ. В.Лосский. Мистическое богословие Восточной Церкви. М., 1991. С. 78.
  5. იქვე, გვ. 79.
  6. იქვე.

 

 

შემოკლებების სია:

  • PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66.
  • გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა და წყაროები:
  • Таинство веры. Введение в православное богословие / Митрополит Илларион (Алфеев). Изд. 8-е. Москва: Эксмо: Изд-во Московской Патриархии Русской Православной Церкви, 2012.
  • В.Лосский. Мистическое богословие Восточной Церкви. М., 1991.
  • Св. Иоанн Дамаскин. Источник знания. СПб., 2006.

 

 

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.