Blog Archives

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი: ეკლესია წმინდა ევქარისტიის გარეშე, უკვე აღარ არის ეკლესია

imageსერბულმა ინტერნეტ-ჟურნალმა САБОРНИК  (საბორნიკ), გამოაქვეყნა ინტერვიუ გამოჩენილ ბერძენ ღვთისმეტყველთან, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან. საუბრის თემა გახლდათ – წმინდა ევქარისტიასთან საღვთისმეტყველო, სამოძღვრო და პრაქტიკული მიდგომა კორონავირუსის ჟამს.

კორესპონდენტი: გვსურს, მოვისმინოთ თქვენი შეფასება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან თქვენი ღვთისმეტყველება თამაშობს ძალიან დიდ როლს ამ მეტად აქტუალური კრიზისის დროს.

მიტროპოლიტი იოანე: ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩემი თეოლოგია ვერ გამოდგება. საბერძნეთში უკვე დაკეტეს ეკლესიები და აღარ აღევლინება ლიტურღია. სერბეთში აღავლენენ?

Read more »

Covid-19 და ქრისტიანული (?) დუალიზმი

generico-2018-789585.610x431

ავტორი:  – არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

ამ პატარა ჩანაწერში შევეცდები ავხსნა, თუ რას ეყრდნობა ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გადადება ზიარების გზით შეუძლებელია.

ეს რწმენა ეფუძნება იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი წარმოადგენს აბსოლუტურ სიკეთეს, მაშინ, როდესაც ვირუსი არის ბოროტი ინფექცია. სიკეთემ, მაშასადამე, შეუძლებელია გადასდოს ბოროტება.

თუმცაღა, ვირუსი ინფექციაა მხოლოდ ჩვენთვის; მეტიც, არა ყოველი ჩვენთაგანისთვის, რადგან მრავალი ადამიანი გადაიტანს მას, ისე რომ ვერც მიხვდება. თავისთავად ეს ვირუსიც, ისევე როგორც ნებისმიერი მიკრო ან მაკრო ორგანიზმი, წარმოადგენს ღვთის შესაქმის ნაწილს. როგორც ფიზიკური მოცემულობა და ბუნების ნაწილი, ვირუსი ონტოლოგიურად „კეთილია“, სხვა ნებისმიერი ქმნილების მსგავსად. ჩვენ ბოროტებად მიგვაჩნია წყალდიდობები, ტაიფუნები, ვულკანები, მაგრამ ისინი ბუნებრივი პროცესების ნაწილნი არიან, ანუ არ წარმოადგენენ ონტოლოგიურ ბოროტებას.

Read more »

ლიტურგია ჟამიანობისას

264557065_640 ლიტურგია ბერძნული ტერმინია და ნიშნავს სახალხო საქმეს[i]. ვიწრო გაგებით, ეკლესიის ლიტურგიას წარმოადგენენ საღვთისმსახურო განგებები, რომლებიც წმინდა წერილზე დაყრდნობით ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ კონკრეტულ ეპოქასა და კულტურაში. ფართო გაგებით, ტერმინი ლიტურგია გულისხმობს ეკლესიის ნებისმიერ საქმიანობას, იქნება ეს კულტურული, სოციალური თუ სხვა. ეკლესიის ცხოვრების ყველა ასპექტი ლიტურგიულია, ანუ სახალხო, სადაც ყველას აქვს თავისი მსახურება, იგივე ლიტურგია, როგორც ამას წმ. კლიმენტი რომაელი წერს, ჯერ კიდევ I საუკუნის მიწურულს[ii].

Read more »

გერონდა ზაქარია – სანუგეშო სიტყვა პანდემიის დროს

90759681_146673590003911_9159028487548305408_nარქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ, წმ. სოფრონი სახაროვის სულიერი შვილი, თეოლოგიის დოქტორი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სტავროპიგიალური მონასტერი, ესექსი, ინგლისი

    *.   *.   *

მრავალი ადამიანი დაბნეულია, მრავალი კი პანიკაშია კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ვფიქრობ, ეს არასწორია, რადგან რასაც ღმერთი ჩვენზე მოავლენს, მოავლენს ჩვენი სიყვარულით.  ღმერთი ქრისტიანთა კეთილი, მოწყალე და კაცთმოყვარეა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა განპირობებული იყო მისი სიკეთით, რათა ჩვენთვის გაეზიარებინა მისი სიცოცხლე და თვით თავისი დიდებაც კი. როდესაც ცოდვაში ჩავვარდით, ღმერთმა კვლავ თავისი უსაზღვრო სიკეთით, საკუთარი ნებით დაუშვა სიკდილის შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში, რათა  არ ვყოფილიყავით უკვდავნი ჩვენს უძლურებაში, არამედ გვეპოვა გზა ხსნისა.

Read more »

მსოფლიო პატრიარქ ბართლომესოსის გზავნილი Covid-19-თან დაკავშირებით

Patrძმანო მღვდელთავარნო და უფლისმიერ საყვარელო შვილებო,

ფანარიდან, ქალაქთა დედოფლის გულიდან, დიდი ეკლესიისა და აგია სოფიას ქალაქიდან, ჩვენ გეხმიანებით თითოეულ თქვენთაგანს – ქალებს, კაცებსა და ბავშვებს – უპრეცედენტო მდგომარეობისა და გასაჭირის გამო, რომლის წინაშეც ჩვენ, ადამიანთა მოდგმა, დაგვაყენა გლობალურმა საფრთხემ, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსული პანდემიით, სახელწოდებით Covid-19.

ასეთ დროს, ეკლესიის ხმას, დედა ეკლესიის ხმას არ შეუძლია იყოს მდუმარებაში. ჩვენი სიტყვები იძენს იმ ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ და გამოიხატება: ლიტურგიასა და სწავლებაში, გამხნევებასა და ნუგეშში.

ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავგანწირვით იბრძვის,  ხშირად საკუთარი თავისა და მათი ოჯახების უარყოფის ხარჯზეც კი, მათ შორის:

– სამედიცინო და საექთნო პერსონალს წინა ხაზზე, ჩვენი ტანჯული და-ძმების გვერდით.

– მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც ეძებენ სათანადო მედიკამენტებს და ვაქცინას ამ ვირუსისგან თავის დასაღწევად.

– ასევე ყველას, ვინც აქტიურად მუშაობს ამ პანდემიის პრობლემის გადასაწყვეტად.

თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. ეს არის ძღვენი მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის მსხვერპლი, რომელიც იმსახურებს პატივსა და მადლიერებას. თითოეული ჩვენთაგანი მადლობას გიხდით და ტაშს გიკრავთ, არა მხოლოდ ჩვენი სახლების ფანჯრებიდან, არამედ ყველგან და ნებისმიერ დროს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა.

ამ ბრძოლაში შესაბამის სახელმწიფოებს, მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს აქვთ უპირველესი პასუხისმგებლობა კრიზისული ვითარების დაგეგმვის, წინააღმდეგობის გაწევისა და გადალახვისა. ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ ისინი, როგორც სარდლები ბრძოლის ველზე უჩინარი, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მტრის წინააღმდეგ, მტერისა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის. პასუხიმგებლობის ტვირთი, რომელსაც ისინი თავიანთ მხრებზე ატარებენ, აუცილებლად მოითხოვს ყველა ჩვენთაგანის თანამშრომლობას. ახლა დროა პირადი და სოციალური პასუხისმგებლბისა.

ამიტომ, ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან გათავისუფლება კი მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ ეს მკვეთრი ზომები ძირს უთხრის, ან ზიანს აყენებს ჩვენს რწმენას.

თუმცა, ის რაც საშიშროების წინაშე დგას

არის არა რწმენა, არამედ მორწმუნე,

არა ქრისტე, არამედ ჩვენი ქრისტიანები,

არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანი.

ჩვენი რწმენა მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში. ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა და არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ან ჩაახშოს იგი. ის კი, რაც უნდა შეიზღუდოს ამ საგანგებო მდგომარეობაში, არის შეკრებები და  დიდი თავყრილობები. მოდით, დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ჩვენს გარშემო მყოფნი. და იქ, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სულიერი ერთიანობის განმტკიცებით, დაე თითოეულმა ჩვენთაგანმა ვილოცოთ მთელი კაცობრიობისთვის.

ამ პერიოდს გავივლით უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, სადაც მეცნიერება, ღმრთის წყალობით, გადალახავს ამ ვირუსს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ლოცვების მეშვეობითაც, მეცნიერება ნამდვილად გაიმარჯვებს. ასე რომ, ჩვენთვისვეა კარგი, ვიყოთ ერთსულოვანნი, რადგან ვაგრძელებთ მონანიებისა და სიწმინდის ბრძოლას.

ვხედავთ, თუ როგორ განიცდიან ჩვენი მეზობლები ვირუსის შედეგებს, ზოგი მათგანი უკვე დაეცა და წავიდა ჩვენგან. ეკელსია იმედოვნებს და ლოცულობს დაავადებულთა განკურნებაზე, დაღუპულთა სულებზე და დაზარალებული ოჯახების სიმამაცესა და სიმტკიცეზე.

ესეც ჩაივლის. ცა გადაიწმინდება და სამართლიანობის მზე აღმოფხვრის ვირუსის სასიკვდილო ეფექტს, მაგრამ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ეს გამოცდა ჩვენი უკეთესობისაკენ შეცვლის შესაძლებლობაა, სიყვარულისა და სოლიდარობის გამყარების მიმართულებით.

უფლისმიერ საყვარელო შვილებო, უფალის კურთხევა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით, გვიძღოდეთ ამ მოგზაურობაში, გარდაქმნას ნებაყოფილობითი იზოლაცია ნამდვილ თანაზიარებად და აქციოს ჩვენი ლოცვა და მიზანი მისი მნიშვნელობის დაფასებად, რათა დავუბრუნდეთ იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც ღმრთისთვის საამურია!

სიმამაცე გქონდეთ! დაე უფალი იყოს ჩვენთან!

თარგმნა დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ

მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება (18.03.2020)

90086453_2532882260267647_8086692161531150336_n

 

რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხდებს:

  1. მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დაცვისათვის.
  2. აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სეფორში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის.
  3. ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ.
  4. მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დღეს აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.
  5. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.
  6. იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განარგძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის.

18 მარტი, 2020 წ.

წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან

თარგმნა ლევან ბუკიამ

ფოტო: მსოფლიო პატრიარქის იერარქებთან შეხვედრისას./მსოფლიო საპატრიარქო / Νίκος Μαγγίνας

 

 

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

patriarchates-logoთარგმნა დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ

 

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, რომელიც ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის თავჯდომარეობით იქნა მოწვეული, სხვა საკითხებთან ერთად, საფუძვლიანად განიხილა Covid-19 (კორონა) ვირუსის გარშემო არსებული ფაქტები და სამოძღვრო (პასტორალური) პასუხისმგებლობის სულისკვეთებით ხაზი გაუსვა შემდეგს:

1) მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა, მნიშვნელოვანია სიფრთხილე, მოთმინება და პანიკის თავიდან აცილება.

2) ეკლესიამ უკვე აჩვენა და კვლავაც აგრძელებს პატივისცემას სამედიცინო მეცნიერების მიმართ. ამრიგად, ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მითითებები, ასევე, შესაბამისი მითითებები და სამართლებლივი რეგულაციები, რომელიც გამოსცა შესაბამისი ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლებამ.

3) მსოფლიო საპატრიარქო მადლობას უხდის ყველას, ვინც თავგანწირვით მუშაობს ჯანმრთელობის ყველა სფეროში – იქნება ეს სამედიცინო, საექთნო თუ კვლევითი – რათა დამარცხდეს ახალი პანდემია.

4) ქრისტეს წმინდა და დიდმა ეკლესიამ თავისი ორიათასწლიანი მწირობის გამოცდილებით იცის, რომ წმინდა ზაიარება არის „სიკვდილის საწინააღმდეგო საშუალება“ და მართლმადიდებელი სწავლება წმინდა ევქარისტიაზე კვლავაც უცვლელი რჩება.

5) თავისთავად ცხადია, რომ ღმერთის რწმენა, როგორც გადალახვა ადამიანური გონიერებისა და არა მისი გაუქმება, ლოცვასთან ერთად აძლიერებს თითოეული ქრისტიანის სულიერ ბრძოლას. მაშასადამე, კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს მთელ მსოფლიოში, რათა გააძლიერონ თავიანთი ლოცვები, რომ ღმრთის შეწევნითა და ნათლით ეს თანამედროვე გასაჭირი დაძლეულ იქნას.

11 მარტი, 2020 წ.

წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან

ზიარების მიღების ძველი ფორმები და თანამედროვე გამოწვევა

იაკობის ჟამისწირვაზე ეპისკოპოსი ამბროსი აზირებს მრევლს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში.

იაკობის ჟამისწირვაზე ეპისკოპოსი ამბროსი აზირებს მრევლს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში.

დღეს, როდესაც მსოფლიოს განსაკუთრებით აშფოთებს ახალი ვირუსის საფრთხე, ეკლესიის წინაშე დგას ევქარისტიული შეკრების ფორმებთან დაკავშირებული გამოწვევა.

კორეის მართლმადიდებელმა სამიტროპოლიტომ 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მორწმუნეებს სთხოვს, რომ წირვაზე მივიდნენ ნიღბებით, თავი შეიკავონ ერთმანეთთან და ხატებთან ფიზიკური კონტაქტისაგან. ამავე პერიოდში იტალიის მართლმადიდებელმა სამიტროპოლიტომ მღვდელმსახურებს დაუგზავნა შეტყობინება, სადაც მოუწოდებს დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და ე.წ. წითელ ზონებში, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრა აკრძალულია, არ ჩაატარონ საჯარო წირვები. ჰონგ-კონგის მართლმადიდებლური ტაძრები კი 31 დეკემბრამდე დაიკეტებიან, ადგილობრივი სამღვდელოების გადაწყვეტილებით.

 

Read more »

გრიგოლ დიდი – ეპისტოლე მელიტი აბატს

COPERTINA-Gregorio-Magno-detta-i-suoi-canti-a-un-monaco-benedettino-miniatura-Cleveland-Museum-of-Art.

 

გრიგოლ დიდის (540-604) სახელს უკავშირდება ადრეული შუა საუკუნეების უდიდესი სამისიონერო აქტივობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. გთავაზობთ წერილს, რომელიც წმინდა პაპმა 601 წელს გაუგზავნა ინგლისში მის მიერ მივლენილ მისიონერ ბერს, მელიტის, მოგვიანებით კენტერბერიის ეპისკოპოსს (+ 640), სადაც კარგად ჩანს გრიგოლ დიდის ის შესანიშნავი მისიონერული ხედვა, რომელმაც განსაზღვრა ევროპის ქრისტიანული ისტორია.

 

უტკბეს შვილს, მელიტი აბატს, გრიგოლი, ღვთის მსახურთა მსახური.

მას შემდეგ, რაც გაემგზავრეთ ჩვენი შესაკრებლის წევრებთან ერთად, ფრიად შეწუხებული ვიყავი, რადგან არ მოსულა სიახლეები თქვენი მგზავრობის შესახებ, არც ის ვიცოდი, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის შემწეობით მიაღწევთ ჩემს ძმასთან, უღირსეულეს ეპისკოპოს ავგუსტინესთან, უთხარით მას ის, რაც მე გადავწყვიტე დიდი განსჯის შემდეგ (cogitans tractaui), ანგლებთან დაკავშირებით (de causa Anglorum), ანუ ის, რომ [ქრისტიანებმა] არ უნდა გაანადგურონ მათი ღმერთების ტაძრები, არამედ მხოლოდ კერპები, რომლებიც იქ დგანან. შემდეგ კი აიღონ ნაკურთხი წყალი, ასხურონ ამ ტაძრებს, აღმართონ საკურთხევლები და დაასვენონ წმინდანთა ნაწილები. დიახ, თუ ეს ტაძრები კეთილად არის ნაშენები, საჭიროა მათი გარდაქმნა, რათა იქცნენ დემონის კულტიდან ჭეშმარიტი ღვთის დიდების ადგილებად (necesse est ut a cultu daemonum in obsequio ueri Dei debeant commutari). ამ გზით, ის ადამიანები, ვერ ნახავენ საკუთარ ტაძრებს დანგრეულს, განდევნიან შიშს საკუთარი გულიდან და დაიწყებენ ჭეშმარიტი ღვთის შეცნობასა და თაყვანისცემას, იმ ადგილებში, რომლებიც მათთვის შინაურია (ad loca quae consueiut familiarius concurrat).

რაც შეეხება საქონელს, რომლებსაც ისინი დიდი რაოდენობით ხოცავდნენ დემონების სამსხვერპლოდ (in sacrificio daemonum multos occidere), საჭიროა რომ აქაც განხორციელდეს დღესასწაულებთნ დაკავშირებული ზოგიერთი ცვლილება: ტაძრის კურთხევის წლისთავებზე (die dedicationis), ან იმ წმინდა მოწამეების ხსენების დღეს, რომელთა წმინდა ნაწილებიც იქ განისვენებენ (quorum illic reliquiae ponuntur), ხის ტოტებით მოაწყონ კარვები (tabernacula) მათი ძველი, გარდაქმნილი (commutatae) ტაძრების გარშემო, და აღნიშნონ ერთად რელიგიური დღესასწაულები (religiosis conuiuiis sollemnitatem celebrant); ნუღარ დაკლავენ (immolent) საქონელს ეშმაკისათვის, მაგრამ დაკლან საქონელი თვიაანთ საკვებად (in esu suo), ღვთის დიდებისათვის, და მადლობა შესწირონ საკვებისათვის (de satietate sua gratias referant) ყოვლიმომცემელ ღმერთს: ისინი გაცილებით ადვილად მიაღწევენ შინაგან სიხარულს (interiora gaudia), თუ მათ ექნებათ გარეგანი სიხარულის (exterius gaudia) საშუალებაც. ეჭვი არაა, რომ შეუძლებელია მარტივი გონების (duris mentibus) მქონე ხალხს ყველა [ცუდი ჩვეულება] ერთბაშად მოაშორო (omnia abscidere): ისიც, ვინც ცდილობს მაღლა ასვლას, ადის ნაბიჯ-ნაბიჯ და არ ნახტომებით. ასე განეცხადა უფალი იესრაელის ერს ეგვიპტეში და ეშმაკისათვის მირთმეული მათი მსხვერპლები საკუთარ კულტად გარდაქმნა (in cultu proprio reseruauit), უბრძანა მათ ცხოველთა სამსხვერპლოდ დაკვლა, რათა შეცვლილი გულებით, მათი ცერემონიებიდან რაღაცეებზე უარი ეთქვათ, რაღაცეები კი შეენარჩუნებინათ (იხ. ლევ. 17:1-9). [ამიტომ] მიუხედავად იმისა, რომ იგივენი იყვნენ ცხოველები (etsi ipsa essent animalia), რომლებსაც [ებრაელები] ჩვეულებისამებრ წირავდნენ მსხვეპრლად [კერპებს], მათი ღმერთისთვის და არა კერპებისთვის შეწირვით, თავად მსხვერპლი აღარ იყო იგივე (iam sacrificia ipsa non essent).

აუცილებელია, რომ შენმა ღირსებამ მოახსენოს ეს ყოველივე ჩვენს ძმას [ავგუსტინეს], რათა შეძლოს და ადგილზე შეაფასოს, დიდი სიფრთხილით, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები, ცალკეულ შემთხვევბში.

ღმერთმა უვნებლად დაგიცვას, საყვარელო შვილო.

18 ივლისი, 601 წ.

ლათინური ტექსტისათვის იხილეთ: Gregorii Magni, Registrum Epistularum, XI, 56 (CCSL 140/a, 961-962).

თარგმნა და შენიშვნები დაურთო მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

სიმპოზიუმი თესალონიკში – დიალოგი არის ქრისტიანული პასუხისმგებლობა

61337967_2449243598440087_6835275666573754368_o2019 წლის 22-28 მაისს, მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს საღვთისმეტყველო ცენტრის (CEMES) ორგანიზებით საბერძნეთში გაიმართა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და ბერძენი თეოლოგების სიმპოზიუმი.

22-25 მაისს სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები და ივერონის მონასტერში შეასრულეს წმინდა წირვა ქართულ ენაზე.

მომლოცველობის დასრულების შემდეგ, თესალონიკში 26-28 მაისს ძმური თანაზიარებისა და ნაყოფიერი დიალოგის გარემოში გაიმართა სიმპოზიუმის სამეცნიერო ნაწილი, რომელსაც ქართულ ენაზე აღვლენილი საკვირაო წირვა უძღოდა წინ. მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ ქადაგებაში ხაზი გაუსვა დიალოგისა და შეხვედრის ქრისტიანულ მნიშვნელობას:

 

“ყოველი საქმე, უნდა იწყებოდეს ღვთის დიდებითა და მისი წყალობის მოხმობით და მადლობა ღმერთს, რომ გვეძლევა საშუალება ჩვენი შეხვედრაც დავიწყოთ ჩვენი შეკრების მიზნისა და მიზეზის – ყოვლადწმინდა სამების განდიდებით.

აქ შევიკრიბეთ დიალოგისათვის, რომელიც არის დიდად საპასუხისმგებლო საქმე, რადგან თუ დიალოგი არ იწყება ღმერთით და არს სრულდება ღმერთში, მას სავალალო შედეგების გამოღება შეუძლია. შეგვიძლია გავიხსენოთ დიალოგები პირველი ადამიანისა – გველთან, სალომეასი – ჰეროდესთან, იუდასი – სინედრიონთან; ეს დიალოგები მიმართულნი იყვნენ საკუთარი მიზნებისაკენ, საკუთარი თავისაკენ, ანუ ისინი იქცნენ მონოლოგებად, რადგან ნამდვილი დიალოგი არის საკუთარი თავიდან გამოსვლა და მზად ყოფნა, გახსნილობა მეორე ადამიანისათვის, ამიტომ იქცნენ დასახელებული დიალოგები მონოლოგებად, ბოროტებად, რადგან არ იყო მათში გახსნილობა ახალი, კეთილი შესაძლებლობებისათვის, არ იყო მათზე ღვთის კურთხევა.

დიალოგი, რომელიც ნამდვილად ღვთისგან არის, მიმართულია ღვთის სიტყვის ქადაგებისაკენ და მისი სასუფევლის დამოწმებისაკენ. ეს არის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი! სანამ ღმერთი დააგვირგვინებდეს შესაქმეს ადამიანის შექმნით, ის დიალოგშია. ღმერთი ქმნის სიცოცხლეს დიალოგში.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს იესო ქრისტეს სამარიელ დედაკაცთან შეხვედრის ამბავს, სადაც ვხედავთ, თუ როგორ შექმნა იესო ქრისტემ დიალოგში ახალი ცხოვრება – როგორ მისცა დიალოგში ამ დედაკაცს სიცოცხლის წყარო, მიანიჭა ახალი ცხოვრება. ეს დიალოგი სამი, მზარდი ეტაპისაგან შედგება: ის იწყება ძალიან მარტივი, ცხოვრებისეული საკითხით: “წყალი დამალევინე” – ითხოვა იესომ. ცხოვრებისეული დიალოგი გადაიზარდა რელიგიურში, ქალი კითხულობს, თუ სად არის თაყვანისცემის ადგილი, ხოლო იესო პასუხობს, რომ თაყვანისცემა აღესრულება სულითა და ჭეშმარიტებით. მესამე საფეხური არის გამოცხადება ჭეშმარიტებისა – იესო თანამოსაუბრეს თავს განუცხადებს როგორც მესიას, როგორც მხსნელს.

ჩვენც შეგვიძლია, ღვთის შეწევნით, ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ ყველაზე მარტივი თემებით და ეს საუბარი გავზარდოთ და ვაქციოთ მნიშვნელოვან სულიერ გამოცდილებად, გაზიარებად, თანაზიარებად.

იესომ შექმნა დიალოგში ახალი სიცოცხლე და თუ დავფიქრდებით, ჩვენც ვიყავით მასთან მსგავს დიალოგში. შეიძლება აღარც გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენც გვესაუბრა ის, როდესაც მოვინათლეთ და დავიბადეთ სიცოცხლის წყაროდან, როდესაც ვიყავით მასთან დიალოგში და დავუდეთ აღთქმები ნათლობისა.

როგორც სამარიელი ქალის შემთხვევაში, იესომ ჩვენს შემთხვევაშიც შექმნა ახალი ცხოვრება, ახალ ადამიანებად გარდაგვქმნა, მოგვანიჭა ახალი ქმნილებობა სიცოცხლის წყაროდან, დიალოგში! ჩვენ გვქონდა იესო ქრისტესთან ეს დიალოგი.

ამიტომ ნათლობით, თავად ჩვენი ქრისტიანად ყოფნით, ვართ ვალდებულები ვიყოთ ერთმანეთთან დიალოგში, რადგან ეს არ არის უბრალოდ კეთილი ნება, ერთგვარი კლას-გარეშე საკითხავი, დამატებითი რამ, ეს არის ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობის ნაწილი. ეს არის პასუხისმგებლობის ნაწილი არა როგორც ღვთისმეტყველებისა, არა როგორც მკველვარებისა, არამედ როგორც ქრისტიანებისა, რადგან ჩვენ დიალოგში ვიშვით სიცოცხლის წყაროდან და ვალდებულები ვართ დიალოგში დავრჩეთ ღმერთთან, ერთმანეთთან და მთელ მსოფლიოსთან – ეს არის ვალდებულება და მოწოდება.

ის ვინ არ არის დიალოგში და ადგება იზოლაციისა და გაბუტვის გზას, ის ვინც ქრისტიანულ თემს მიიჩნევს მხოლოდ საკუთარი კლანის ან საკუთარი თანამოაზრეების წრედ, შეიძლება ითქვას, რომ ღალატობს საკუთარ ნათლობას. ამიტომ ჩვენი შეკრება არის ნათლობისას აღებული პასუხისმგებლობის განხორციელება, როდესაც გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით ქრისტიანები. ჩვენი შეკრება არის სამარიელი დედაკაცის ხარება, რომელიც გაიქცა თავის ქალაქში და ყველას ახარა, რომ მან იპოვა მესია, მხსნელი. ეს ქალი, რომელიც აღზარდა მაცხოვარმა დიალოგში, შემდეგ თავად იქცა დიალოგის ინიციატორად, წავიდა და სხვებსაც მოუყვა თავისი გამოცდილების შესახებ.

ასევე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებაც: უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით, ჩვენ დიალოგში ვართ ღმერთთან, ერთმანეთთან და უნდა ვიყოთ გარე სამყაროსთანაც, რათა განვახორციელოთ ჩვენი ღმერთთან დიალოგის გამოცდილების მოწმობა, რათა ვახაროთ ღვთის სასუფეველი, რათა ჩვენი ნათლობა არ იყოს მხოლოდ რიტუალი და მან მართლაც შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

ეს არის უდიდესი პასუხიმსგებლობა ერთმანეთთან დიალოგისა, პასუხისმგებლობა ჩვენი ნიჭების, ჩვენი მოწოდებების დიალოგში დამოწმებისა. ამიტომ მოვიწვიოთ ღვთის კურთხევა ჩვენს შეხვედრაზე, ჩვენს სიმპოზიუმზე, რათა იყოს ნაყოფიერი და როდესაც დასრულდება ჩვენი დიალოგი, უფრო მეტი ძალით ვაუწყოთ სამყაროს ქრისტეს აღდგომა, რომლის გამოცდილებაც გვაქვს ნათლობითა და ევქარისტიით, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოციქულებივით აგრძელებენ ჭამას და სმას იესო ქრისტესთან, მას შემდეგ რაც ის მკვდრეთით აღდგა! ჩვენ დღემდე ვსვამთ და ვჭამთ ქრსტეთან ერთ ტრაპეზზე, მას შემდეგ რაც ის მკვდრეთით აღდგა, ამინ!”