Homo-sapiens-ების პრეისტორიული საზოგადოება, როგორც ეკლესიური თემის (ἐκκλησία) წინასახე (ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)
ავტორი: იოანე კაზარიანი
„ღვთისმეტყველება, რომელიც კაცობრიობის ბედსა და ისტორიის აზრს უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს, გარდაუვალად შეხვდება იმ სამყაროს, რომელშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენ… დღევანდელი ღვთისმეტყველება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ კაცობრიობა და კოსმოსიც თავის საგნად აქციოს; მან როგორც კაცობრიობის მისწრაფებანი, ისე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები უნდა მიიღოს მხედველობაში“
დუმიტრუ სტანილოე
სტატიის დასაწყისშივე გვსურს მისი სათაურის დაზუსტება, რათა ეს თემა ჩვენთვის საჭირო მიმართულებით განვიხილოთ. ჩვენთვის საინტერესო თემა ეხება ეკლესიურ თემს, როგორც იმ მოვლენის სისავსის აღსრულებას (ეფეს. 1, 23), რომელიც იმთავითვე კაცთა, განსაკუთრებით კი ჰომო-საპიენსთა მოდგმის (მის ჩანასახოვან მდგომარეობაში) იმანენტური იყო, ანუ ერთად ცხოვრება, როგორც სოციალური ორგანიზების სახე. სიტყვა ἐκκλησία (ბერძნ. ეკლესია) არა მხოლოდ მიწიერ, არამედ ზეციურ პერსპექტივასაც მოიცავს, რადგან ეკლესია ღმერთ-კაცობრივი ორგანიზმია.