ავტორი: წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა კბ-სა კვირიაკესა
და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ!
შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათა
დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსა
და განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯები
მე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.16, 24)
ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.
რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად, უსარგებლოდ მცონარეობასა შინა: კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა, და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.
ამის მეტი არაფერი არ არის თქმული მას სახარებასა შინა. არა სჩანს, რომ მას რაიმე სხვა საქმე ეკეთებინოს კეთილი, ანუ ბოროტი. იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. არც ის არის თქმული, რომ იგი ყოფილიყოს ძვირისმოქმედი ანუ კაცის მკვლელი, ანუ ღვთის შეურაცხმყოფელი, ანუ სხვა სულის წარმწყმედი საქმის დამნაშავე. მაშასადამე მიზეზი მისისა ფიცხელისა სასჯელისა იყო, როგორც ვსთქვით, მხოლოდ ის, რომ მან უქმად და უსარგებლოდ განატარა ეს ცხოვრება. სჩანს, ძმანო ჩემნო, რომელ სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყმედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა. რისთვის არის ესრედ? ღირს, რომ ამაზე ვსთქვათ ორიოდე სიტყვა.
Read more »