წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი აგრძელებს ტრადიციას და ქართულ ენაზე გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის 2013 წლის საშობაო ეპისტოლეს და შობას ვულოცავთ იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთ და ყველა მორწმუნეს , რომლებიც დღეს, 25 დეკემბერს ეგებება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სპეციალურად საიტისათვის: თარგმანი ბერძნულიდან ეკა ჭყოიძისა

წყარო

 ოქმის ნომერი 1109

ბართლომე, ღვთის მოწყალებით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ბეთლემს შინა შობილი ქრისტე მხსნელის მადლი, წყალობა და მშვიდობა თქუენ ზედა

* * *

ძმანო და დანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო,
„შეგვეძინა შვილი და მოგვეცა ძე“! (ესაია, 9.5)

ამას ენთუზიაზმითა და სიხარულით სავსე წინასწარმეტყველი ღვთივგანბრძნობილად გვამცნობს და ბევრი საუკუნით უსწრებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიერ ყრმა იესოს შობას. რა თქმა უნდა, მაშინ, ავგუსტუს კეისრის დროს აღწერის პერიოდში, ვერ მოიძებნა ადგილი, რომელიც გახდებოდა თავშესაფარი სულიწმიდის მადლით წმიდა ქალწულის მიერ მუცლადღებულისთვის და ამიტომ მისი დამწინდველი წმიდა იოსები იძულებული შეიქნა მას გამოქვაბულისკენ გაძღოლოდა, ცხენების ბაგაში, „რათა ეშვა ყრმაჲ იგი“.
მას ცა და დედამიწა ეგებება შემოქმედისადმი მადლიერებით: „ანგელოზნი გალობას სწირავენ, ცანი ვარსკვლავთ, მოგუნი ძღუენს, მწყემსნი სასწაულს, მიწა გამოქვაბულს, უდაბნო ბაგას, ჩუენ დედასა ყოვლად წმიდა ქალწულს“. მწყემსნი მღვიძარებენ „სამწყოსა მას ზედა“ და დაიცვენ „მცველსა ღამისასა“, და ანგელოზნი აღტკინებით უგალობენ საიდუმლოსა მას (შობის მწუხრის საგალობლებიდან).
სამყარო შობის წმინდა ღამის სიტკბოებითაა კვლავ მოცული. და ადამიანური ნამოქმედარისა თუ სატკივარის, კრიზისისა თუ კრიზისების, ვნებებისა და დაპირისპირებების, შფოთისა და იმედგაცრუებების პერიოდი წარმოაჩენს ისე, როგორც არასდროს ცხადად და დროულად ღვთის სიტყვის განკაცების საიდუმლოს. სიტყუა გარდამოხდა და მარადის ქალწულ მარიამის საშოში დაემკვიდრა ვითარცა მარცუალი მდელოსა შინა, „რათა გამოაბრწყინვოს სიმართლე და მრავალი მშვიდობა“ (ფსალ. 71.7).
შობის საღვთო ღამის სიჩუმითა და სიმშვიდით, იესო ქრისტე- დაუსაბამო, უხილავი, მიუწვდომელი, უხორცო, მარადმყოფი და უცვალებელი, ევლინება ისტორიის დრამას ვითარცა ხორცშესხმული, უაზნო (ეს უმნიშვნელოს სინონიმად ვიხმარე ე. ჭ.), მდაბალი, უპოვარი, უცხო. ევლინება იმავდროულად ვითარცა „ნებისა დიდისა ანგელოზი, მრჩეველი საოცარი… მბრძანებელი და მთავარ და მამა მომავალთა საუკუნეთა“ (ისაია 9.6. ეს ციტატა არ ემთხვევა ე.ჭ.). დიახ, მოდის ვითარცა ადამიანი ქალწულისა დედისაგან, რათა განხსნას უსჯულოებისა სირთულე, და მოგვცეს მადლითა მისითა წყალობა მისი წყდიადისგან თავის დასაღწევად, გახდეს ადამიანური თავგადასავლისთვის მიმართულების მიმცემი, გახადოს ის ფასეული და შინაარსიანი, გახდეს მისაბაძი და ზნეობით სამაგალითო.
უფალმა სრულად შეიმოსა ადამიანური ბუნება და განწმინდა ის. საუკუნო (ორიგინალში საუკუნეთა წინარე წერია ე.ჭ.) ღმერთმა თავი დაიმდაბლა და ჩვენს მსგავსად ჩაისახა და მუცლად-ღებულ იქნა ღვთისმშობლის საშოში. მან პავივ-სცა ადამიანურ ცხოვრებას ამ საწყის სტადიაში და ადამიანებს ასწავლა პატივისცემა თავისი ჩასახვის დასაწყისიდანვე. შემოქმედი ყოველთა მოგვევლინა, რათა დაბადებულიყო ვითარცა ყრმა და გამოკვებილიყო ქალწულის რძით. ამით მან პატივ-სცა ქალწულებასაც და დედობასაც, სულიერსაც და ბუნებრივსაც. ამიტომაც წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი გავუწყებს: „დედანო, იყავით ქალწულ , ვითარცა ქრისტეს მშობელნი დედანი“ (სიტყვა 38 ნათლისღებასა ზედა, PG 36, 313A).
ასე დააწესა უფალმა მეუღლეობა მამრისა და მდედრისა კურთხეულ ოჯახში. ქრისტიანული ოჯახის ეს ტრადიცია ცხოვრების უჯრედია, საწყისია ჩვილის სულიერი და ხორციელი თვალსაზრისით ჯანმრთელად განვითარებისთვის. ამიტომაც წარმოადგენს ეკლესიის საზრუნავსა და ამავე დროს, თითოეული ხალხის ხელისუფალთა მოვალეობას, რომ გააძლიეროს ყველა საშუალებით ოჯახის ინსტიტუტი.
ბავშვი რომ გაიზარდოს ჯანმრთელად და შეუმცდარად აუცილებელია ოჯახი, სადაც მამაკაცი და ქალი ცხოვრობენ ჰარმონიულად, ერთხორც ვითარცა ერთი სხეული, ერთი სული, ურთიერთის მორჩილებით.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა სულიერი და საეკლესიო წინამძღვარნი მღვიძარებენ ვითარცა მწყემსნი და ჩვენი სამყაროს მბრძანებელნი იცნობენ და აღიარებენ ღვთის ჭეშმარიტებას და ამ რეალობას, რომელსაც ვქადაგებთ მსოფლიო საპატრიარქოდან წლევანდელ ქრისტეშობასაც. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია მხარი დავუჭიროთ ფიზიოლოგიური ოჯახების შექმნასა და არსებობას, რათა გამრავლდნენ სულიერად ჯანმრთელი და სიხარულით აღსავსე მოქალაქენი, რომელთა სრულად ექნებათ უსაფრთხოების განცდა, აღიზრდებიან ძლიერი მამისა და მზრუნველი და ერთგული დედას წიაღში, ანუ ისეთ ოჯახი, სადაც თვით ღმერთი ჰპოვებს განსასვენებელს. მოვუწოდებთ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, რათა იყოს მათი ყოველი ქმედება მიმართული ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად.
დანო და ძმანო, „ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა“ (რომ. 13.12). მწყემსნი მიიჩქარიან ბეთლემისკენ სასწაულის საქადაგებლად და მოგვიწოდებენ გავყვეთ მათ, ვითარცა სხვანი იგი „ვარსკვლავთმრიცხველნი მოგუნი სიხარულით მოსილნი“ (ქრისტეშობის დღესასწაულის ცისკრის მეოთხე გალობის ტროპარი). მივართვათ მას „ძღვენი პატიოსანი“, „ოქრო რჩეული, ვითარცა საუკუნისა მეუფესა და საკმეველი, ვითარცა ღმერთსა ყოველთასა, სამი დღის მკვდრეთით აღმდგარსა და უკვდავსა (ანატოლიოსი, ქრისტეშობის დღესასსწაულის მწუხრის სტიქარონი). ანუ ჩვენი სიყვარულისა და რწმენის ძღვენი, ქრისტიანული და მართლმადიდებლური მოთმინებით განმტკიცებული მიძღვნილია ზნეობისა და ტრადიციის, მამათა სწავლების მიხედვით ეკლესიურ ოჯახის განსამტკიცებლად, რომელიც იყო ყოველთვის სწორად მავალი, ყოველთა საუკუნეთა და დღესაქამომდე ჩვენი კურთხეული საზოგადოების საყრდენი, რომლის განვითარების უმთავრესი უჯრედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ოჯახი.

ძმანო და დანო, შვილნო ჩემნო:
2013 წელი გავიდა ქრისტეს ხორციელად შობის შემდეგ;
2013 წელი და ქრისტე როგორც მაშინ, კვლავ იდევნება ვითარცა უძლური ჰეროდეს მიერ და თანამედროვე ჰეროდეთა მიერ;
2013 წელია და ქრისტე იდევნება სირიის და არამხოლოდ სირიის ქრისტიანთა სახით;
2013 წელია და ქრისტე ილტვის ვითარცა ლტოლვილი არა ეგვიპტისკენ, არამედ ლიბანში, ევროპაში, ამერიკაში და სხვაგან, რათა ჰპოვოს უსაფრთხოება ამ დაუცველ სამყაროში;
2013 წელია და ჩვილი იესო საპყრობილეშია სირიის მღვდელმთავრებთან პავლესთან და იოანესთან ერთად, მართლმადიდებელ მონაზვნებთან და სხვა ბევრ უცნობ თუ ცნობილ ქრისტიანთან;
2013 წელია და ქრისტე ჯვარს ეცმის მათთან ერთად ვინც იტანჯება და იკვლება, რათა არ გასცენ და არ დათმონ თავიანთი რწმენა მისადმი;
2013 წელია და ქრისტე ყოველდღიურად იკვლება ათასობით ემბრიონთან ერთად, რომელთაც მათი მშობლები არ აძლევენ დაბადების ნებას;
2013 წელია და ქრისტე განიქიქება იმ უბედურ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახის კრიზისის, უპოვარებისა და უსახსრობის გამო იტანჯებიან.
. ადამიანური ტკივილით, მწუხარებით და ვნებებით მოვიდა და მოდის წლევანდელ შობას უფალი, რომელმაც ბრძანა: „ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ (მათე 25, 40-41). ამისათვის მოვიდა ქალწულისაგან, ამისათვის იშვა, ჯვარს ეცვა და აღდგა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომაც ყველა ჩვენთაგანმა თავისი პირადი ჯვარი აღიღოს, რათა მისი შეწევნის მძებნელთა ვპოვოთ მადლი და წყალობა, რათა ვთქვათ „ჩვენთან არს ღმერთი“, შობილი ემანუელი, მხსნელი და უფალი, ამინ.

ქრისტეშობა 2013

ბართლომე, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი
მვედრებელი თქვენ ყოველთა უფლისა მიმართ