მსოფლიო პატრიარქი ბართლომე – ქადაგება, წარმოთქმული სამი მღვდელმთავრის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის დღესასწაულზე

a35b9a1e939112245f37e8e746493744

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

ეკლესიამ დასაწყისიდანვე, მოციქულთა დროიდან, მიიღო ბერძნული ლიტერატურიდანა და ფილოსოფიიდან მომავალი კეთილი გავლენა და შეცდომა არის ამ ეპოქის ყველა ქრისტიანი პროტაგონისტის უწიგნურად მიჩნევა.

მაგალითად, მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი გახლდათ პითაგორიზმის შესანიშნავი მცოდნე და განსწავლული ბერძნულ ფილოსოფიაში ელინისტი ფილოსოფოსის, ფილონის მეშვეობით. მისი ლოგოსის თეოლოგია, სახარების პროლოგში ეხმიანება პლატონისა და ფილონის ფილოსოფიას.

მოციქული პავლე გახლდათ საუკეთესო ბერძნული კულტურის მატარებელი.   მოციქულნი პეტრე და ანდრია იყვნენ ბერძნული ენის შესანიშნავი მცოდნენი, რასაც პეტრეს ორი კათილიკე ეპისტოლე გვიდასტურებს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ მახარებელ ლუკაზე, რომელიც ექიმიც კი იყო. პირველი ქრისტიანული ტექსტები, რომლებიც შეიცავენ ჩვენი რწმენის საძირკვლის, იესო ქრისტეს საქმეებსა და სიტყვებს, ფორმათა თვალსაზრისით ენათესავებიან ქსენოფონტესეულ “მოგონებები სოკრატეზე”, და ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა ნამუშევრებს. იმისთვის, რომ მივხვდეთ ამ ყველაფერს, საჭიროა ახალი აღთქმის შესწავლა.

ანტიკურ სამყაროში დაიბადა სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობა: აკადემია, პერიპატეტიკოსთა სკოლა, სტოა, პითაგორიზმი. აკადემია, ანუ პლატონის სკოლა, წარმოადგენდა განათლებული ელინიზმის თეოლოგიურ ავტორიტეტს და ქადაგებდა ღმერთს, როგორც უმაღლეს იდეას. ტერმინი “თეოლოგია” პლატონურია და პირველად მას პლატონის “რესპუბლიკაში” ვხვდებით.

პერიპატეტიკოსთა, ანუ არისტოტელეს სკოლა, ქადაგებდა თეოლოგიას, როგორც პირველად მეცნიერებას და ღმერთს, როგორც ყოველივეს უმაღლეს ფორმას, როგორც წმინდა აქტს, უპირველეს უძრავ მამოძრავებელს.

სტოიციზმი ქადაგებდა ღმერთისა და სამყაროს ბუნებით ერთობას, სადაც ღმერთი სამყაროს ლოგოსი ან სულია, რომელიც გამსჭვალავს ყოველივეს. ჯერ პოსიდონი, შემდეგ კი სენეკა, ქადაგებდნენ რომ ღმერთი არის პიროვნული, სენეკა უფრო შორსაც მიდიოდა და ამბობდა რომ ღმერთი ადამიანის მამაა და ადამიანმა უნდა შეიცნოს ის, მიბაძვითა და სიკეთეში წარჩინებით. გარდა ამისა, სტოა, ანუ სტოიციზმი, მხარს უჭერდა თანასწორობასა და ძმობას ადამიანთა შორის და ქადაგებდა მორალური მოქცევის (კონვერსაციის/მეტანოიის) აუცილებლობას, ირაციონალური იმპულსებისგან გათავისუფლების გზითა და სიბრძნითი უშფოთველობის (უვნებობის) მდგომარეობის მიღწევით.

პითაგორიზმი წარმოადგენდა რელიგიისა და მეცნიერების თანხმობას. კინოვიალური ცხოვრება იყო შესაძლებლობა სათნოებათა მოხვეჭისა. ეს სკოლა ასწავლიდა ხორცისა და ღვინისაგან მარხვას, აკრიტიკებდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვას. ეწეოდა ფილოსოფიურ მდუმარების, ასკეტური სამოსის შემოსვისა და მატერიალურ სიკეთეთა გაზიარების პრაქტიკას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პასუხისმგებლობის გრძნობას, პიროვნულ ღირსებასა და თვითკონტროლს. ცნობილია პითაგორიანელების საკუთარი სინდისის გამოცდის ფორმულა: “რა ვერ გავაკეთე? რა გავაკეთე? ჩემი რომელი ვალდებულება ვერ განვახორციელე?”

ნეოპლატონიზმი, პლოტინის პირით, ქადაგებდა ერთ ღმრთაებრიობასა და სამ ღვთიურ იპოსტასს, ხოლო ადამიანის უმაღლეს მოწოდებად განიხილავდა ღმერთთან ერთობას რთული მომზადებისა და ასკეზის მეშვეობით.

ამ სკოლებსა და მათ სწავლებებში შეიძლება აღმოვაჩინოთ ქრისტიანული თეოლოგიური ჭეშმარიტების მრავალი გაბნეული მარცვალი, ისევე როგორც ცალკეული პრაქტიკა, რომელსაც ქრისტიანობა უფრო მაღალი დანიშნულებისა და ღრმა გამოცდილების კონტექსტში ახორციელებს, სძენს რა მათ ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქრისტიანობამ მრავალი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი მიიზიდა თავიდანვე.

გარდა ნახსენები ფილოსოფიური სკოლებისა, არსებობდნენ სხვა მიმდინარეობებიც, როგორიცა იყვნენ ეპიკურელები და სკეპტიკოსები, რომელთა სწავლებასა და პრაქტიკასაც არ გააჩნდათ არაფერი საერთო ქრისტიანულ სულთან, ამიტომ ეკლესიამ თავიდანვე დაიკავა მკაცრი პოზიცია მათ მიმართ.

გარდა სკოლებისა, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობებისა, არსებობდა აგრეთვე სკოლები, როგორც აკადემიური დაწესებულებები, რომელთაგანაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ათენის სკოლა, რომელმაც აღზარდა ორი მამა, იმ სამიდან რომელთა ხსენებსაც დღეს ვდღესასწაულობთ: ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი, ასევე როგორც არეოპაგეტული კორპუსის ავტორიც და არაპირდაპირი გზით ბასილი დიდის ძმა, გრიგოლ ნოსელიც.

ალექსანდრიის სკოლამ შობა იოანე ფილოპონი და ბრძენი ქრისტიანები ღაზადან, რომელიც ერთობ ნაგვემი ქალაქია ჩვენს დროში. ანტიოქიაში კი იყო ლიბანიუსის სკოლა, რომლის მოწაფეც ბასილისა და გრიგოლის გარდა, იოანე ოქროპირიც გახლდათ. ეს სკოლები ეკლესიის გამორჩეულ პირებში ბადებდნენ იდეას ანალოგიური სკოლების, უფრო ზუსტად კი ქრისტიანული ინსტიტუტების შექმნისა, სადაც ისწავლებოდა კიდეც “ჭეშმარიტი ფილოსოფია” ანუ თეოლოგია.

ასე შეიქმნა ალექსანდრიის თეოლოგიური სკოლა, პანთენის, კლიმენტი ალექსანდრიელისა და ცნობილი ორიგენეს მიერ, რომელმაც მოგვიანებით კესარიაშიც დააარსა მსგავსი სკოლა, სადაც სწავლობდნენ გრიგოლ საკვირველმოქმედი, კაბადოკიელები და ევსები კესარიელი. თავისი აყვავების მეორე ფაზაში ალექსანდრიის სკოლამ შვა ათანასე დიდი, დიდიმე ბრმა, ისიხი იერუსალიმელი და კირილე ალექსანდრიელი.

იუსტინიანედან და იპოლიტედან მოყოლებული დაარსდა სკოლები რომშიც. ანტიოქიაში კი არსებობდა ლუკიანესა და დიოდორე ტარსელის სკოლა, რომლის საუკეთესო მოწაფეებიც იყვნენ იოანე ოქროპირი და თეოდორე მოფსუესტელი. სხვა სკოლა დაარსდა ღაზაში, ენეას მიერ, სხვა კი ლიკიაში, მეთოდეს მიერ.

ამ სკოლებში ისწავლებოდა ქრისტიანობამდელი ფილოსოფიაც – თვინიერ ათეისტური მიმდინარეობებისა – რამდენადაც ეს სწავლებანი ქრისტიანობაში შესავლად ითვლებოდა. როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: “ფილოსოფია, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე საჭირო იყო ბერძენთათვის სამართლიანობის მისაღწევად, ახლაც საჭიროა ღვთის თაყვანისცემის მისაღწევად, ის არის შესავალი მათთვის, ვისაც სურს რწმენამდე მივიდეს რაციონალური მოწმობით. ფილოსოფია ზრდიდა ელინურ სამყაროს ქრისტესთვის ისევე, როგორც ებრაელებს რჯული… ღვთის ნებით არის, რომ [ფილოსოფია] დაინერგა კაცთა შორის” (1.5,28; 7,37).

საეკლესიო ნაწარმოებებმა და ეკლესიის მამებმა, ვიდრე ფოტი დიდამდე, ნიკოდიმოს მთაწმინდელამდე და ნექტარიოს პენტაპოლისელამდე (იმისთვის, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ძველ მამებზე საუბრით), უდიდესი სარგებელი მიიღეს არაქრისტიანული ცოდნიდან, ფილოსოფიიდან, ბერძნული პოეზიიდანა ლიტერატურიდან, ასევე ძველი ბერძნული ენიდან, მისი სიმდიდრით, მისი მოქნილობით, მისი უნარით მოხდენილად გამოთქვას ყველაზე ფაქიზი და ამაღლებული აზრები.

მამათა ტექსტებში განბნეულია ფრაზები, სიტყვები და ტერმინები ჰომეროსის, სოფოკლეს, ევრიპიდეს, ქსენოფონტეს, ისკორატეს, დემოსთენეს, თუკიდიდეს, პინდაროს, ზენონის, ერაკლიტეს, პლატონის, არისტოტელეს, პითაგორას, ხერემონის, პლუტარქის, ლუკიანესა და სხვათა ნაშრომებიდან.

საეკლესიო პოეტები და ჰიმნოგრაფები სწავლობდნენ ანტიკურობის ხანის პოეტთაგან, მათგან იღებდნენ შთაგონებას მეტრიკაში, სტილში, გამოთქმაში და სხვ. ასევე იქცეოდნენ და ძველი ორატორებისგან სწავლობდნენ საეკლესიო ორატორებიც და ა.შ.

როგორც ვნახეთ, ყველა ეს ელემენტი მიიღო ქრისტიანობამ და გამოიყენა ისინი, განწმინდა და მათი მეშვეობით გამოთქვა თავისი სწავლების უღრმესი შინაარსი.

 

+ ბართლომე კონსტანტინოპოლელი

30 იანვარი, 2009.

 

Print Friendly

Tags: , , , , , , ,

Comments are closed.