ქრისტიანობა და ანტისემიტიზმი

12/03/2018
By

    phpThumb_generated_thumbnail (ებრაელობის რელიგიური ბედი)

     ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი.

I.

მგზნებარე კათოლიკე ლეონ ბლუა წერდა: „დავუშვათ, ირგვლივ ადამიანებს გამუდმებით დიდი ზიზღით ელაპარაკათ თქვენს დედ-მამაზე, მათ მიმართ მხოლოდ დამამცირებელი სალანძღავი სიტყვები და სარკაზმები ეხმარათ, როგორ იგრძნობდით თავს? არადა, სწორედ ასე ექცევიან უფალ იესო ქრისტეს. ივიწყებენ ან არ სურთ ცნონ, რომ ჩვენი განკაცებული ღმერთი ებრაელია, ბუნებით უპირატესად ებრაელია, რომ დედამისი ებრაელია, ყვავილი ებრაული რასისა, რომ მოციქულები ებრაელები იყვნენ. ისევე როგორც ყველა წინასწარმეტყველი და, ბოლოს ჩვენი ლიტურგია ხომ ებრაული წიგნების მიხედვით არის შედგენილი. როგორღა შეიძლება გამოიხატოს ის საშინელი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რასაც ებრაელი რასის დამცირება ჰქვია“?

ეს სიტყვები ძირითადად ქრისტიანი ანტისემიტებისადმი არის მიმართული და მათ მიერ უნდა იქნას შესმენილი. ჭეშმარიტად, განმაცვიფრებელია ზერექვერობა ქრისტიანებისა, რომელთაც შესაძლებლად მიაჩნიათ ანტისემიტები იყვნენ. ქრისტიანობა თავისი ადამიანური ძირებით ებრაული, ე.ს. მესიანურ-წინასწარმეტყველური ტიპის რელიგიაა. მსოფლიო რელიგიურ ცნობიერებაში ებრაელმა ხალხმა მესიანურ-წინასწარმეტყველური სული შემოიტანა. ასეთი სული უცხო იყო ბერძნილ-რომაული კულტურისათვის, ისევე როგორც ინდოელთა კულტურისათვის. „არიული“ სული არც მესიანურია, არც წინასწარმეტყველური, მისთვის უცხოა ისტორიის ებრაელებრივი დაძაბული გრძნობა, უცხოა ისტორიაში მესიის მოსვლის მოლოდინი, მეტაისტორიის გაჭრა ისტორიაში. ფრიად საგულისხმოა ის გარემოება, რომ გერმანული ანტისემიტიზმი ანტიქრისტიანობაში გადადის. მსოფლიოს მოაწყდა ანტისემიტიზმის ტალღა, რაც წალეკვით ემუქრება სულ ახალ და ახალ ქვეყნებს, თავდაყირა აყენებს XIX საუკუნის ჰუმანისტურ თეორიებს. გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში ანტისემიტიზმი ბაირამობს. მაგრამ ის ფრთებს შლის საფრანგეთშიც, ჰუმანისტური იდეებით ყველაზე უფრო გაჯერებულ ქვეყანაში, სადაც დრეიფუსი საქმის შემდეგ მან მარცხი განიცადა. შეიძლება მივუთითოთ ისეთ საგანგაშო სიმპტომებზე, როგორიცაა სელინის წიგნის გამოსვლა, სადაც აშკარაა მოწოდება დარბევებისაკენ. იზრდება რიცხვი ფრანგებისა, რომელნიც ვერ ეგუებიან ლეონ ბლიუმის ებრაელობას, მიუხედავად იმისა, რომ ლეონ ბლიუმი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატიოსანი, იდეალისტი და კულტურული პოლიტიკური მოღვაწეა. ანტისემიტიზმი ძალიან მკვეთრად მჟღავნდება პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, რის შესახებაც ყოველდღიურად ვკითხულობთ გაზეთებში. მაგრამ ებრაული საკითხი უბრალოდ პოლიტიკის, სამართლის ან კულტურის საკითხი არაა. იგი განუზომლად ღრმა, რელიგიური საკითხია და კაცობრიობის ბედის საკითხს ეხება. ესაა ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს რელიგიის ისტორია. მიუწვდომელია და რაციონალურად აუხსნელი ამ ხალხის გადარჩენა. ჩვეულებრივ ისტორიისმიერ ახსნათა მიხედვით ებრაელ ხალხს დიდი ხანია არსებობა უნდა შეეწყვიტა. მსოფლიოს ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებდა მსგავს ისტორიულ ბედს. ებრაელი ხალხი უპირატესად ისტორიის ხალხია, რომელმაც ადამიანური ცნობიერების ისტორიაში თავად ისტორიულის კატეგორია შემოიტანა. ხოლო ისტორია უწყალო აღმოჩნდა ამ ხალხის მიმართ. ეს იყო დევნისა და უმარტივეს ადამიანურ უფლებებზე უარის თქმის ისტორია. ხანგრძლივი ისტორიის შედეგად, ძალთა უკიდურეს დაძაბულობას რომ მოითხოვდა გადასარჩენად, ამ ხალხმა თავისი განუმეორებელი სახე შეინარჩუნა. სხვა ხალხებში გაბნეულთ ამ სახის წყალობით ადვილად გამოარჩევენ, შეიძულებენ და შეაჩვენებენ. მსოფლიოში ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებდა ასეთ ხანგრძლივ დაქსაქსულობას, ალბათ საკუთარ სახეს დაკარგავდა და სხვა ხალხებში გაითქვიფებოდა. მაგრამ ღვთის მიუწვდომელ ზრახვათა გამო ეს ხალხი უნდა დარჩეს დროის აღსასრულამდე. ისტორიის მატერიალისტური გაგების პოზიცია, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლებ შეგვაძლებინებს ებრაელობის ბედის ახსნას. აქ ჩვენ ისტორიის საიდუმლოს ვეხებით.

ებრაელობის საკითხი სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება იქნას განხილული. მაგრამ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, როგორც შინაგანად ქრისტიანულ საკითხს. წარსულში ანტისემიტიზმი უმთავრესად ქრისტიანებმა შექმნეს, ვისთვისაც ეს ყველაზე შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ებრაელი ხალხის წინაშე ქრისტიანებს დიდი ცოდვა ადევთ, ეს ცოდვა განსაკუთრებით მძიმე იყო შუა საუკუნეებში, როცა ფეოდალი რაინდები სდევნიდნენ და მუსრს ავლებდნენ ებრაელებს, მათთვის რომ ვალი არ გადაეხადათ. ახლა ებრაელთა დაცვა სწორედ ქრისტიანთა საქმეა. გერმანიაში ეს უკვე ხდება. აქ კარგი იქნება გავიხსენოთ ვლ. სოლოვიოვი, რომელიც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ქრისტიანული თვალსაზრისით ებრაელთა დაცვას მიიჩნევდა. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ებრაელთა საკითხი სულაც არ ეხება იმას, კარგები არიან თუ არა ებრაელები, არამედ – ჩვენ, ქრისტიანები, კარგები ვართ თუ ცუდები. მწუხარებით მიხდება იმის თქმა, რომ ამ საკითხში ქრისტიანები გამოდგნენ ძალიან ცუდები. ქრისტიანული ცნობიერების სიმაღლიდან თუ განვსჯით, ისინი ჩვეულებრივ ებრაელებზე გაცილებით უარესები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ბევრად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, კარგი ვარ თუ არ მე, ვიდრე იმისა, კარგია თუ არა ჩემი მეზობელი, რომელსაც მსურს რაღაც დავაბრალო. ქრისტიანებს და ქრისტიანულ ეკლესიებს ბევრი რამის მონანიება უხდებათ არა მარტო ებრაელების, არამედ საზოგადოების, ომის, უსაზიზღრეს სახელმწიფოებრივ წყობასთან განუწყვეტელი კონფორმიზმის საკითხებში. არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ებრაელების ნაკლოვანებათა საკითხს. საჭირო არაა ამ ნაკლთა უარყოფა, ისინი ბევრია. ებრაელებს დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, რაც გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამის ახსნა შეიძლება. ეს ხალხი დამცირებული იყო სხვა ხალხთა მიერ, რის კომპენსაციასაც საკუთარი რჩეულობისა და უმაღლესი მისიის შეგნებით ახდენს. ასევე, ომის შემდეგ წლების მანძილზე დამცირებული გერმანელი ხალხი თავს იმის დაჯერებით უწევს კომპენსაციას, რომ იგი უმაღლესი რასაა და მოწოდებულია მსოფლიოში საბატონოდ. კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც ყველაზე მეტად დამცირებული კლასი, პროლეტარიატი, კომპენსაციას იმის შეგნებით ახდენს, რომ მას მესიანისტური მოწოდება აქვს – გაათავისუფლოს კაცობრიობა. ებრაელი ხალხი პოლარულად დაპირისპირებულ თვისებათა მატარებელია, ამაღლებული მასში მდაბალს ერწყმის, სოციალური სამართლიანობის წყურვილი – მოგებისა და კაპიტალისტური დაგროვების სწრაფვას. თავისი პოლარული ბუნებითა და მესიანისტური ცნობიერებით რუსი ხალხი ებრაელ ხალხს ჰგავს. ანტისემიტებს ძალიან უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ ბიბლია ებრაელი ხალხის ულმობელობასა მოწმობს. მაგრამ რომელი ხალხი არ ყოფილა ულმობელი? განა ბაბილონელები, ასურელები, ეგვიპტელები, სპარსელები ულმობელები არ იყვნენ? განა აუტანელი თვისებები არ გააჩნდათ ბერძნებს, რომელთაც მსოფლიოში უდიდესი კულტურა შექმნეს? ყოველ ხალხზე უნდა ვიმსჯელოთ მათი სიმაღლეების და არა მათი სიმდაბლეების მიხედვით. გერმანელი ხალხი უნდა შეაფასო მისი უდიდესი ფილოსოფოსების, მისტიკოსების, მუსიკოსების, პოეტების და არა პრუსიელი იუნკერებისა და მედუქნეების მიხედვით. ებრაელ ხალხზეც, რელიგიური მოწოდების ხალხზე, უნდა ვიმსჯელოთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და არა ებრაელ მევახშეთა მიხედვით. ყველას აქვს უფლება თავისი ეროვნული სიმპატიები და ანტიპატიები გააჩნდეს. არიან ადამიანები, რომელთაც არ უყვართ გერმანელები, პოლონელები ან რუმინელები. აქ ვერას გააწყობ. სიყვარული ძალით არ იქნება, უაზრო ანტიპატიის დაძლევა ძნელია. მაგრამ მთელი ხალხის სიძულვილი ცოდვაა და მოძულემ პასუხი უნდა აგოს. ებრაელების მიმართებისას საკითხი უფრო რთულია. ებრაელებს მხოლოდ ეროვნებას ვერ უწოდებ. ერის მთელი რიგი ნიშნები მათ არ გააჩნიათ.  სამაგიეროდ აქვთ ისეთი ნიშნები, რასაც სხვა ერები მოკლებულნი არიან. ებრაელი ხალხი თავისებური, გამორჩეული რელიგიური ბედისწერის ხალხია. ღვთის რჩეულ ხალხს, ვისი წიაღიდანაც მესია გამოვიდა და ვინც მესია დაგმო, არ შეიძლება სხვა ხალხების მსგავსი ისტორიული ბედი ჰქონდეს. ეს ხალხი შეკრულია და გაერთიანებული არა იმ თვისებებით, რაც ჩვეულებრივ კრავს და აერთიანებს ხალხებს, არამედ – თავისი რელიგიური ბედის გამორჩეულობით. ქრისტიანები იძულებულნი არიან ებრაელი ხალხის ღვთის მიერ რჩეულობა აღიარონ, ამას მოითხოვს ქრისტიანული მოძღვრება. მაგრამ ამას უხალისოდ აკეთებენ და ხშირად ივიწყებენ. ჩვენ ვცხოვრობთ მხეცური ნაციონალიზმის, უხეში ძალის წარმართობასთან მიბრუნების ეპოქაში. მიმდინარეობს ადამიანურ საზოგადოებათა ქრისტიანიზაციისა და ჰუმანიზაციის უკუღმა პროცესი. ქრისტიანულ ეკლესიიებს უნდა შეეჩვენებინა ნაციონალიზმი, როგორც ერესი. კათოლიკური ეკლესია შორს არაა ამგვარი შეჩვენებისაგან, მაგრამ ებრაელები მხოლოდ ნაციონალიზმის მსხვერპლნი არ არიან. ანტისემიტიზმის მიზეზები უფრო ღრმაა. უეჭველია, არსებობს მისტიკური შიში ებრაელთა წინაშე. ოღონდ ამ შიშს ჩვეულებრივ განიცდიან საკმაოდ დაბალი კულტურული დონის ადამიანები, რომელთა შორისაც ადვილად ვრცელდება უაზრო, მდარე მითები და ლეგენდები.

II.

არაჩვეულებრივად პარადოქსულია ებრაელთა ბედი: მიწიერი სამეფოს დაუცხრომელი ძიება და უქონლობა საკუთარი სახლელმწიფოსი, რაც სრულიად უმნიშვნელო ხალხებსაც კი გააჩნდათ;  საკუთარი რჩეულობის მესიანური ცნობიერება და სხვა ხალხთა მხრიდან მათი აბუჩად აგდება და დევნა;  მათ მიერ ჯვრის, როგორც ცდუნების, უარყოფა და მთელი ისტორიის მანძილზე ამ ხალხის ჯვარცმა. შესაძლოა, ყველაზე საოცარი ისაა, რომ ჯვრის უარმყოფელი თავად ეზიდება მას, ხოლო ჯვრის მაღიარებელი ხშირად სხვას აკრავს მასზე. არსებობს ანტისემიტიზმის რამდენიმე ტიპი, რომელთაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, გაერთიანება და ერთმანეთისთვის მხარის დაჭერა. მე არ შევჩერდები იმ ემოციურ-ობივატელურ ანტისემიტიზმზე, რომელიც მცირე როლს არ თამაშობს ანტისემიტურ მოძრაობებში, მაგრამ პრინციპულად საინტერესო არაა. მასთანაა დაკავშირებული ებრაელთა დაცინვა.  ებრაელის კომიკური ტიპის დახატვა, ზიზღი ებრაელთადმი, რომელთა მიმართ ადამიანური თანასწორობის დაშვება არ სურთ. ჩვეულებრივ ამას რაიმე იდეოლოგია არ უკავშირდება. ანტისემიტიზმის ნამდვილი იდეოლოგია მასობრივი ანტისემიტიზმის იდეოლოგიაა და ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ებრაელთა მტრობისა. გერმანია ამ იდეოლოგიის კლასიკური ქვეყანაა. მას შეიძლება შეხვდეთ უდიდეს გერმანელებთან, მაგალითად ლუთერთან, ფიხტესთან, ვაგნერთან, ებრაელებს აცხადებენ დაბალ, მთელი დანარჩენი კაცობრიობისაგან გარიყულ და მტრულ რასად. მაგრამ ეს დაბალი რასა, როგორც კი მოხვდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება, ჯაბნის სხვა რასებს.

ქრისტიანული თვალსაზრისით რასობრივი ანტისემიტიზმი სრულიად დაუშვებელია. იგი ვერ ურიგდება ქრისტიანულ თვალსაზრისს. გერმანიაში კათოლიკეების დევნა გამოწვეულია იმით, რომ კათოლიკობა უნივერსალისტურია. ქრისტიანობამ გამოაცხადა ის ჭეშმარიტება, რომ არ არის ელინი და არ არის იუდეველი. იგი მიმართულია მთელი კაცობრიობისადმი და ყოველი ადამიანისადმი განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, კლასისა, და საზოგადოებაში ადამიანის მდგომარეობისა. არა მარტო რასობრივი ანტისემიტიზმი, არამედ საერთოდ რასიზმი ვერ უძლებს კრიტიკას სამი თვალსაზრისით: რელიგიურით, მორალურით და მეცნიერულით.

იგი დაუშვებელია ქრისტიანისათვის, რომელიც ყოველ ადამიანში ღვთის ხატსა და მსგავსებას უნდა ჭვრეტდეს. ქრისტიანული სინდისისათვის არა მარტო რასიზმი, ნაციონალიზმიც მიუღებელია. მაგრამ იგი მუღებელია ზოგადადამიანური, ჰუმანისტური, მორალური ცნობიერებისათვისაც! რასიზმი არაადამიანურია, იგი უარყოფს ადამიანური პიროვნების ღირებულებას და უშვებს, რომ პიროვნებას შეიძლება მოექცე როგორც მტერს, რომელიც განადგურებას იმსახურებს. რასიზმი მატერიალიზმის ყველაზე უხეში ფორმაა. გაცილებით უხეში ვიდრე ეკონომიკური მატერიალიზმი. რასიზმი არის დეტერმინიზმის უკიდურესი ფორმა და თავისუფალი სულის უარყოფა. შერისხულ რასათა წარმომადგენლებზე სისხლის ფატუმი მძლავრობს და მათთვის ხსნა არაა. ეკონომიკა მაინც ფსიქიკურის სფეროა და არა ფიზიოლოგიისა და ანატომიისა.  ხოლო ეკონომიკით განსაზღვრა მაინც არაა ტოლფარდი თავის ქალითა და თმის ფერით განსაზღვრისა. რასობრივი იდეოლოგია გაცილებით მეტი ხარისხითაა დეჰუმანიზაცია, ვიდრე პროლეტარული იდეოლოგია. კლასობრივი თვალსაზრისით ადამიანმა შეიძლება თავს უშველოს იმით, რომ შეიცვალოს შეგნება, მაგალითად, შეითვისოს მარქსისტული მსოფლმხედველობა, თუნდაც რომ წარმოშობით თავადი ან ბურჟუა იყოს, მას შეუძლია სახალხო კომისარიც გახდეს. არც მარქსი, არც ლენინი პროლეტარები არ ყოფილან. რასობრივი თვალსაზრისით ებრაელისათვის ხსნა არაა, მას არც ქრისტიანობის მიღება უშველის, არც ნაციონალ-სოციალისტური მსოფლმხედველობის შეთვისება, მას მუდამ თან სდევს სისხლის ფატუმი. მაგრამ რასიზმი წმინდად მეცნიერული თვალსაზრისითაც უსაფუძვლოა. თანამედროვე ანთროპოლოგია მეტად საეჭვოდ მიიჩნევს თავად რასის ცნებას. რასიზმი ეკუთვნის მითოლოგიის და არა მეცნიერების სფეროს.  თავად არიული რასის არსებობას თანამედროვე მეცნიერება არ ცნობს. არავითარი ოთხი რასა არ არსებობს. რასა ზოოლოგიური კატეგორიაა და არა ანთროპოლოგიური. ისტორიამ იცის მხოლოდ ეროვნებანი, რომელნიც სისხლთა რთული შერევების შედეგია.  რჩეული არიული რასა გობინოს მიერ შეთხზული მითია. გობინო იყო შესანიშნავი მხატვარი, დახვეწილი მოაზროვნე, რომელიც აფუძნებდა არა ანტისემიტიზმს, არამედ არისტოკრატიზმს. მაგრამ როგორც მეცნიერი ანთროპოლოგი მეტისმეტად მოიკოჭლებდა. რჩეული რასა ისეთივე მითია, როგორც – რჩეული კლასი. მაგრამ მითს შეუძლია ძალიან ქმედითი იყოს, თავში მოიცვას ამაფეთქებელი დინამიკური ენერგია, აამოძრაოს მასები, რომელნიც არას დაგიდევენ მეცნიერულ ჭეშმარიტებას და საერთოდ ჭეშმარიტებას. ჩვენ ვცხოვრობთ მეტისმეტად მთისმქმნელ ეპოქაში. მაგრამ ამ მითების ხასიათი მეტისმეტად სულმდაბალია. ერთადერთი სერიოზული რასიზმი, რომელსაც ისტორიაში უარსებია, ებრაული – რასიზმია. რელიგიის შერწყმა სისხლთან და ეროვნებასთან, ხალხის რჩეულობის რწმენა, რასის სიწმინდის დაცვა, – ყველაფერი ეს ძველებური წარმოშობისაა, ებრაელების შემოტანილია. არ ვიცი, ხვდებიან თუ არა გერმანელი რასისტები, რომ ისინი ებრაელებს ბაძავენ. რასიზმში „არიული“ სწორედაც რომ არაფერია. ინდუსი და ბერძენი „არიელები“ ინდივიდუალიზმისკენ იხრებოდნენ. მაგრამ არის სხვაობა ებრაულსა და გერმანულ რასიზმს შორის. ებრაული რასიზმი იყო უნივერსალურ-მესიანური, იგი უნივერსალურ რელიგიურ ჭეშმარიტებას შეიცავდა. გერმანული რასიზმი კი აგრესიული, მსოფლიოსმპყრობელური პარტიკულარიზმია. ამჟამად რასიზმი დექრისტიანიზაციას და დეჰუმანიზაციას ნიშნავს, ბარბაროსობისა და წარმართობისაკენ  მიბრუნებას.

არსებობს ეკონომიკური და პოლიტიკური ანტისემიტიზმის ისეთი ტიპები, როცა პოლიტიკა ეკონომიკის იარაღია. ანტისემიტიზმის ამ ტიპს საკმაოდ სულმდაბალი ხასიათი აქვს, იგი დაკავშირებულია კონკურენციასთან და ბატონობისათვის ბრძოლასთან. ებრაელებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი წარმატებით ეწევიან სპკულაციას და ეკონომიკურ კონკურენციაში ყველა სხვა ხალხის დაჯაბვნით ჯიბეებს ისქელებენ. მაგრამ ბრალმდებლებს ეტყობათ, თავად რომ უნდათ ებრაელებს აჯობონ ფულის ხვეტაში. ებრაელთა სიძულვილი ხშირად განტევების ვაცის ძიებაა. როცა ადამიანები თავს უბედურად გრძნობენ და პირად უბედურებას ისტორიულ უბედურებას უკავშირებენ, იწყებენ დამნაშავის ძებნას, რომელსაც ყველა უბედურების სათავედ გამოაცხადებდნენ. ეს ადამიანის ბუნებას ღირსებას არ ჰმატებს. მაგრამ ადამიანი მშვიდდება და კმაყოფილებას განიცდის, როცა დამნაშავე მიგნებულია, შეუძლია მასზე სიძულვილი გადმოანთხიოს და შური იძიოს. არაფერია იმაზე იოლი, დაბალი შეგნების ადამიანები დაარწმუნო, რომ ყველაფერში დამნაშავე ებრაელები არიან. ემოციური ნიადაგი მუდამ მზადაა შექმნას მსოფლიო ებრაულ შეთქმულებაზე, „ჟიდომასონურ“ ფარულ ძალებზე და ა.შ. ჩემი ღირსების შელახვად მიმაჩნია „სიონელ ბრძენთა ოქმების“ უარყოფა ყოველი კაცისათვის, ვისაც უმარტივესი ფსიქოლოგიური გუმანი არ დაუკარგავს; ამ მდარე დოკუმენტის კითხვისას ცხადი ხდება, რომ ებრაელების მოძულეთა უტიფარ ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ამასთან დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი პოლიციის დეპარტამენტშია შეთითხნილი და განკუთვნილია „რუსი ხალხის კავშირის“ – რუსი ხალხის ამ ნაყარნუყარის საჩაიეების დონისათვის. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ემიგრაციაში, კულტურულ ფენად რომ მიიჩნევა, „რუსი ხალხის კავშირი“ თავს ზემოთ წევს, ფიქრობს და განსჯის ყოველი სახის მსოფლიო საკითხებზე. როცა იმ ადამიანებთან მიხდება შეხვედრა, რომელნიც ყველა უბედურების დამნაშავეს ეძებენ და მზად არიან ასეთებად ებრაელები, მასონები და ა.შ. გამოაცხადონ, კითხვაზე: ვინაა დამნაშავე, ვპასუხობ ხოლმე: ვინა და, ცხადია შენ და მე.  მთავარი დამნაშავე ჩვენ ვართ-მეთქი. დამნაშავის ამგვარი მიგნება ყველაზე ქრისტიანული მგონია. არის რაღაც ძალიან დამამცირებელი იმაში, რომ ებრაელებისა ეშინიათ და სძულთ. ისინი ძალიან ძლიერებად წარმოუდგენიათ, თავიანთი თავი კი – ძალიან სუსტებად. ებრაელებთან თავისუფალი ბრძოლა ვერ წარმოუდგენიათ. რუსები თავს ძალიან სუსტებად თვლიდნენ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებდა უზარმაზარი სახელმწიფო ჯარით, ჟანდარმერიითა და პოლიციით, ებრაელებს კი – ძლიერებად და ბრძოლაში დაუჯაბნელებად, როცა ისინი მოკლებულნი იყვნენ უმარტივეს ადამიანურ უფლებებ და იდევნებოდნენ. ებრაელთა დარბევა არა მარტო ცოდვიერი და არაადამიანური საქციელია, არამედ მაჩვენებელია სისუსტისა და უუნარობისა. ანტისემიტიზმის საფუძველი უნიჭობაა.  პრეტენზია, რომ ფარდობითობის თეორიის აღმომჩენი აინშტაინი ებრაელია, ფროიდი ებრაელია, ბერგსონი ებრაელია, არის უნიჭობის განმაცხადებელი პრეტენზია. ეს უბადრუკობაა. არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება მეცნიერებასა და ფილოსოფიაში ებრაელთა დიდი როლის შესაკვეცად: თავად მოახდინეთ უდიდესი აღმოჩენები, იყავით უდიდესი მეცნიერები, და ფილოსოფოსები. კულტურაში ებრაელთა მომძლავრებასთან ბრძოლა შეიძლება მხოლოდ კულტურის საკუთარი შემოქმედებით. ეს თავისუფლების სფეროა. თავისუფლება სულის გამოცდაა. დამამცირებელია იმის ფიქრი, რომ თავისუფლება მუდამ ებრაელებს უწყობს ხელს, ხოლო არაებრაელებს – აბრკოლებს. ებრაელთა წინააღმდეგ კიდევ ერთ ბრალდებაზე უნდა შევჩერდეთ. მათ ადანაშაულებენ იმაში, რომ შექმნეს კაპიტალიზმი და სოციალიზმი. მაგრამ სასურველი იქნებოდა, როგორც კაპიტალიზმის, ისე სოციალიზმის მომხრეებს „არიელებისთვისაც“ დაეტოვებინათ რაიმეს შექმნის პატივი. ხომ არ შეიძლება ყველაფერი ებრაელებს დაუთმო? გამოდის, ებრაელებს ეკუთვნით ყველა მეცნიერული აღმოჩენა. შესანიშნავი ფილოსოფოსებიც ისინი ყოფილან. მათ შეუქმნიათ კაპიტალისტური წარმოება, მსოფლიო სოციალისტური მოძრაობა, რომელიც იბრძვის სამართლიანობისათვის და მშრომელთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ ხელშია ყველა საზოგადოებრივი აზრი, მსოფლიო პრესა და ა.შ. გამოგიტყდებით, მე როგორც „არიელს“,  გული მწყდება და არ ვეთანხმები ასეთი ზომით ებრაელებისათვის ყველაფრის მიწერას. შევჩერდები კაპიტალიზმის და სოციალიზმის ებრაელთა მიერ შექმნაზე. პირველ რიგში, თუ ეს ბრალდებაა, იგი ერთ კაცს არ მიეყენება. კაპიტალიზმის მომხრეებისათვის კაპიტალიზმის ებრაელთა მიერ შექმნა ებრაელთა დამსახურებაა. ისევე როგორც სოციალიზმის მომხრეებისათვის ებრაელთა მიერ სოციალიზმის შექმნა არის მათი დამსახურება. უნდა ამოვირჩიოთ ბრალდება. კაპიტალიზმის შექმნაში რომ ებრაელებს მიუძღვით უპირატესი როლი, ზომბარტის ცნობილი  წიგნის თეზისია. უდავოა, რომ ებრაელები ამ პროცესში პატარა როლს არ თამაშობდნენ; უდავოა, რომ მათ ხელში დიდძალი კაპიტალი იყრიდა თავს.  ამას ხელს უწყობდა ებრაელთა ისტორიულად გამომუშავებული თვისებები. შუა საუკუნეებში ებრაელები ეწეოდნენ მევახშეობას – ერთადერთ საქმიანობას, რის უფლებასაც მათ აძლევდნენ. ებრაელმა ხალხმა შექმნა მევახშისა და ბანკირის სახე. ორონდ მანვე შექმნა ტიპი იდეალისტისა, იდეის თავგადაკლული მსახურისა, ღატაკისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ინტერესებით ცხოვრობს. მაგრამ კაპიტალიზმის შექმნას და კაპიტალისტურ ექსპლუატაციას „არიელებმაც“ შეუწყვეს ხელი. ისინი, ვინც კაპიტალიზმის შექმნაში ებრაელებს ადანაშაულებენ, ჩვეულებრივ, კაპიტალიზმის მოწინააღმდეგენი კი არ არიან, უბრალოდ, კაპიტალისურ კონკურენციაში სურთ ებრაელებს აჯობონ, მათზე მეტი კაპიტალი ჰქონდეთ. განსაცვიფრებელია, რომ კ. მარქსი, ებრაელი და სოციალისტი, გარკვეული აზრით ანტისემიტი იყო. ებრაელთა საკითხზე დაწერილ სტატიაში, ბევრს რომ ეჩოთირება, მან ებრაელი ხალხი მსოფლიო კაპიტალისტური ექსპლუატაციის გამტარებელად გამოაცხადა. სხვათა შორის, მარქსის რევოლუციური ანტისემიტიზმი აბათილებს ლეგენდას ებრაელთა მსოფლიო შეთქმულებაზე. ებრაელები: მარქსი და როტშილდი შეურიგებელი მტრები არიან და ერთ შეთქმულებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. მარქსი იბრძოდა კაპიტალის ძალაუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ებრაული კაპიტალის წინაღმდეგაც. ებრაელების მიმართ მეორე ბრალდება, რომ მათ მოიგონეს სოციალიზმი და მთავარი მონაწილენი არიან რევოლუციური სოციალისტური მოძრაობებისა, ცხადია, მხოლოდ იმ პირთაგან მომდინარეობს, ვისაც კაპიტალიზმი არ ეთაკილება და კაპიტალისტური წყობილების შენარჩუნება სურს. რუსი ანტისემიტებისათვის ეს ბრალდება დაიყვანება იმაზე, რომ რუსული კომუნისტური რევოლუცია ებრაელებმა მოახდინეს. ფაქტიურად ეს მცდარია.  ლენინი ებრაელი არაა: რევოლუციის ბევრი ბელადიც არაა ებრაელი, ებრაელები არც მუშათა და გლეხთა უზარმაზარი მასები იყო, რევოლუციას გამარჯვება რომ მოუტანა. მაგრამ ებრაელები, რა თქმა უნდა, მცირე როლს არ თამაშობდნენ რევოლუციაში და მის მომზადებაში. რევოლუციებში მუდამაც დიდ როლს შეასრულებენ დაჩაგრული ეროვნებანი და დაჩაგრული კლასები. პროლეტარიატი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციებში. ეს ებრაელთა დამსახურებაა, რომ უფრო სამართლიანი სოციალური წყობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მაგრამ ებრაელთა წინააღმდეგ ბრალდბანი ბოლოს და ბოლოს ერთ ძირითადზე დადის: ებრაელები ესწრაფიან მსოფლიო ძლიერებას, მსოფლიო სამეფოს. ამ ბრალდებას ზნეობრივი გამართლება ექნებოდა იმათთვის, ვინც თავად არ ელტვის ძლიერებას და ყოვლად ძლიერ სამეფოს არ ესწრაფის. მაგრამ „არიელები“ და არიელი ქრისტიანები, მაღიარებელნი იმ რელიგიისა, არაამქვეყნიური სამეფოსაკენ რომ მოუწოდებდა მათ, მუდამ ესწრაფოდნენ ძლიერებას და მსოფლიო სამეფოსა ქმნიდნენ. ებრაელებს არა თუ მსოფლიო, ციცქნა სამეფოც არ გააჩნიათ. ქრისტიანებს კი ჰქონდათ უძლიერესი სამეფოები და ესწრაფოდნენ ექსპანსიას და მბრძანებლობას.

გადავდივარ ანტისემიტიზმის ყველაზე სერიოზულ რელიგიურ სახეობაზე, რომელიც ერთადერთია, განხილვას რომ იმსახურებს. ქრისტიანები რელიგიური მოტივების გამო იყვნენ ანტისემიტები. ებრაელობა შერისხულ და კრულ რასად ითვლებოდა არა იმიტომ, რომ სისხლის მიხედვით დაბალი რასაა და მთელ დანარჩენ კაცობრიობას ემტერება, არამედ იმიტომ, რომ მათ ქრისტე უარყვეს. რელიგიური ანტისემიტიზმი არსებითად ანტიიუდაიზმი და ანტითალმუდიზმია. ქრისტიანული რელიგია, რანაირადაც ის გამოკრისტალდა მას მერე, რაც ებრაელებმა ქრისტე არ ცნეს მესიად, რომელსაც ელოდნენ, ნამდვილად მტრულია ებრაული რელიგიისადმი. ქრისტემდელი იუდაიზმი და ქრისტეს შემდგომი იუდაიზმი სრულიად განსხვავებული მოვლენებია. არის ღრმა პარადოქსი იმაში, რომ ქრისტეს გამოცხადება, ე.ი. განღმრთობა და ღვთის განკაცება ებრაელი ხალხის წიაღში მოხდა. ებრაელებს ძლიერ უჭირდათ ღვთის განკაცება ეღიარებინათ, ეს წარმართებს უფრო ეიოლებოდათ. ღმერთი ადამიანად იქცა. ებრაელთათვის ეს იყო მკრეხელობა, ხელყოფა ხვთის დიდებულებისა და ტრანსცენდენტურობისა. ძველი ებრაული ცნობიერებით ღმერთი განუწყვეტლივ ერევა ადამიანის ცხოვრებაში, უკანასკნელ წვრილმანებშიც კი, მაგრამ არ უკავშირდება და არ ერწყმის ადამიანს, არ იღებს ადამიანის სახეს. აქ უფსკრულია ქრისტიანულსა და იუდაისტურ ცნობიერებას შორის. ქრისტიანობა ღმერთკაცობის და ტრინიტარიზმის რელიგიაა, იუდაიზმი კი წმინდა მონოთეიზმია. მთავარი რელიგიური ბრალდება, რომელსაც ებრაელები ქრისტიანებს უყენებენ, ისაა, რომ ქრისტიანობა მონოთეიზმს ღალატობს, ერთი ღმერთის ნაცვლად სამებას ცნობს. ქრისტიანებმა თავისი რელიგია იმაზე დაფუძნეს, რომ ისტორიაში გამოცხადდა კაცი, რომელმაც თავი ღმერთად, ღვთის ძედ გვამცნო. იუდაისტური ჩაკირული ცნობიერებისათვის ეს მკრეხელობას წარმოადგენდა. ადამიანი არ შეიძლება ღმერთი იყოს. იგი შეიძლება ღმერთის წინასწარმეტყველი, მესია იყოს, მაგრამ – არა ღმერთი. ის, ვინც თავის თავს ღმერთი უწოდა, არ შეიძლება ნამდვილი მესია იყოს. ამაშია მსოფლიო რელიგიური ტრაგედიის კვანძი. წარმართებს ბევრი ღმერთკაცი ჰყავდათ ანუ კაცღმერთები. ღმერთები კოსმოსის და ადამიანური ცხოვრების იმანენტურები იყვნენ. წარმართულ ცხოვრებას სულ არ უჭირდა ღვთის განკაცება ეცნო. იგი შეესაბამებოდა წარმართული ჭვრეტის ხატოვანებას. მაგრამ ებრაელთათვის ეს საშინელება იყო. არავის შეეძლო ღვთის სახე ეხილა და ცოცხალი დარჩენილიყო. ამ დროს, უცებ გამოაცხადეს, ღმერთს ადამიანის სახე აქვსო. ჯვარცმული ღმერთი ებრაელთათვის უდიდესი მკრეხელობაა. ღმერთი მხოლოდ დიდებული და ყოვლადძლიერი შეიძლება იყოს. ღმერთის სიკვდილი მკრეხელობად, ღმერთის დაუსაზღვრელობისა და დიდების ძველი რწმენის ღალატად ესახებოდათ. ასეთია ებრაელების რელიგიურ რწმენათა გაქვავებული ნიადაგი. აქედან ამოიზარდა ქრისტეს უარყოფა და აი, მთელი ქრისტიანული ისტორიის მანძილზე ისმის ბრალდება, რომ ებრაელებმა ჯვარს აცვეს ქრისტე. ამის მერე ებრაელი ხალხიშერისხულია. ებრაელმა ხალხმა თავად შერისხა თავი, იგი დაყაბულდა, მასა და მის შვილებზე ქრისტეს სისხლი გადმოსულიყო. მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ამით ისარგებლეს ებრაელთა მტრებმა. ებრაელებმა ქრისტე იმიტომ დაგმეს, რომ იგი არ აღმოჩნდა მესია, რომელსაც ისრაელის სამეფო უნდა განეხორციელებინა. იგი აღმოჩნდა რაღაც ახალი ღმერთი, ტანჯული და დამცირებული, არაამქვეყნიური სამეფოს მქადაგებელი. ებრაელებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც სწამს მთელ ქრისტიანულ სამყაროს. ასეთია ბრალდება. მაგრამ განა იმავე ებრაელებმა არ იწამეს იგი პირველად? მოციქულები ებრაელები იყვნენ. პირველი ქრისტიანული თემიც ებრაული იყო. რატომ ამისათვის ქებას არ შეასხამენ ებრაელებს? ებრაელი გაჰყვიროდა: „ჯვარს აცუ ეგე“. მაგრამ ყველა ხალხსა აქვს დაუოკებელი წყურვილი, ჯვარს აცვას თავისი წინასწარმეტყველები, მოძღვრები და დიდი ადამიანები. წინასწარმეტყველთ ყველგან და ყოველთვის ქვას ესროდნენ. ბერძნებმა სოკრატე მოწამლეს – ბერძენი ხალხის უდიდესი შვილთაგანი, ნუთუ ამის გამო უნდა შეირისხოს ბერძენი ხალხი? არა მარტო ებრაელებმა აცვეს ჯვარს ქრისტე. ქრისტიანები ანუ თავს რომ ქრისტიანებს უწოდებდნენ, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე თავიანთი საქმეებით ჯვარს აცვამდნენ ქრისტეს, თავიანთი ანტისემიტიზმითაც ჯვარზე აკრავდნენ, თავიანთი მძულვარებითაც და თავიანთი ძალადობითაც, ძლიერთა ამა ქვეყნისათა მსახურებითაც, საკუთარი ინტერესების გამო ღალატითაც და ქრისტეს ჭეშმარიტების დამახინჯებითაც. „არიელებმაც“ დაგმეს ქრისტე და ახლაც გმობენ. ხოლო ამას სჩადიან თავ-თავისი სამეფოებისათვის. სჯობია, პირდაპირ და უშუალოდ რომ გმობენ ქრისტეს, ვიდრე ქრისტეს სახელს ამოფარებულნი საკუთარ სამეფოებს რომ აშენებენ. როცა ებრაელებს შერისხავენ და დევნიან იმის გამო, ქრისტე ჯვარს აცვესო, მაშინ აშკარად დგებიან გვაროვნული შურისძიების ნიადაგზე, რაც ერთობ ახასიათებდათ ძველ ხალხებს. მათ შორის ებრაელებსაც. მაგრამ ერუვნული შურისძიება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ცნობიერებისათვის. იგი სავსებით ეწინააღმდეგება პიროვნული ღირსებისა და პიროვნული პასუხისმგებლობის ქრისტიანულ იდეას. ქრისტიანული ცნობიერება არ უშვებს არანაირ შურისძიებას: არც პირადს და არც გვაროვნულს. შურისძიების გრძნობები ცოდვიერია და მათი მონანიება აუცილებელია. გვარი, სისხლი, შურისძიება – ეს ყველაფერი უცხოა წმინდა ქრისტიანობისათვის და შემოღწეულია გარედან, ძველი წარმართობიდან.

III.

ებრაელობასთან დაკავშირებულია ორმაგი ჰილაიზმის ისტორიოსოფიული თემა: ღვთაებრივი სამეფო მხოლოდ მიღმაა, არ ეკუთვნის ამ ქვეყანას, თუ შეიძლება აქაც, ამ მიწაზე დაველოდოთ და მისთვის მოვემზადოთ? ქრისტემ თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამა ქვეყნისა“. ამას ჩვეულებრივ ისე განმარტავდნენ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო არა ეღონათ-რა ამ ქვეყნად ღვთის საუფლოს განსახორციელებლად. დე, ეს ქვეყანა ეკუთვნოდეს ამ ქვეყნის თავადს. ხოლო ამ თავადს ქრისტიანები რაღაც უცნაურად დიდ პატივს მიაგებდნენ და ამას ეფუძნებოდა ქრისტიანული სახელმწიფო, რომელშიც არანაირი ქრისტიანული სიმართლე არ ხორციელდებოდა. ქრისტეს სიტყვები შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ღვთის სამეფო ამქვეყნიურ სამეფოს არ ჰგავს. მისი საფუძვლები სხვაგვარია, მისი სიმართლე ამ ქვეყნის კანონს უპირისპირდება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები ამ ქვეყნის თავადს უნდა ემორჩილებოდნენ და ღვთიური სამეფოს სიმართლეს არ მისდევდნენ, ე.ს. არ შეცვალონ ეს ქვეყანა. ფრანგული თომიზმის ბელადმა და ქრისტიანული ინტეგრალური ჰუმანიზმის დამცველმა ჟან მარიტენმა ებრაელობაზე დაწერა შესანიშნავი სტატია; იგი გამოთქვამს საინტერესო აზრს ორი მისიის განცალკევების თაობაზე. ქრისტიანებმა მიიღეს ქრისტიანობის ზებუნებრივი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ზეცის შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტა გააკეთეს ადამიანთა სოციალურ ცხოვრებაში სიმართლის განსახორციელებლად. ისინი თავიანთ ჭეშმარიტებას საზოგადოებას არ მიუყენებენ. ებრაელებმა არ მიიღეს ქრისტიანობის ზებუნებრივი ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტებას მიწაზე, სიმართლეს ადამიანთა სოციალურ ცხოვრებაში განახორციელებდნენ. და მართლაც, სოციალური სამართლიანობის იდეა ადამიანურ ცნობიერებაში უმთავრესად ებრაულთა წყალობით შემოვიდა. „არიელები“ ადვილად ეგუებოდნენ სოციალურ უსამართლობას. ინდოეთში რელიგიური ცნობიერებით სანქცირებული კასტების რეჟიმი შეიქმნა. საბერძნეთში უდიდესი ფილოსოფოსები ვერ მაღლდებოდნენ მონობის გაკიცხვამდე. ძველმა ებრაელმა წინასწარმეტყველებმა პირველად მოითხოვეს სიმართლე, სამართლიანობა ადამიანთა სოციალურ ურთიერთობებში.  ისინი იცავდნენ ღატაკებსა და დაჩაგრულებს. ბიბლია გვამცნობს, როგორ ხდებოდა პერიოდულად სიმდიდრის გადანაწილება, რათა იგი ერთი კაცის ხელში არ აღმოჩენილიყო და მდიდართა და ღარიბთა შორის მკვეთრ განსხვავებას არ ეარსება. ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობაში, რომელიც მიმართული იყო კაპიტალის ძალაუფლების წინააღმდეგ. ებრაელობის ნიშანი ორმაგია: ფული და სოციალური სამართლიანობა. ქრისტიანებს უყვართ თქმა, რომ ღვთის სამეფო ჯვრის გარეშე განუხორციელებელია და ამაში ქრისტიანები ცამდე მართლები არიან, ღვთის საუფლოში შესვლის წინ ამ ჩვენს ცოდვილ მიწაზე ყველაფერი ჯვარს უნდა ეცვას. ისინი მაშინ ცდებიან როცა ამ უდიდეს ჭეშმარიტებას, ქრისტეს სიმართლის განხორციელების ყოველგვარ მცდელობას მიწაზე ადამიანთა სოციალურ ურთიერთობებში წინ ეღობებიან. უბედურება ისაა, რომ ქრისტიანებმა კი მიიღეს ჯვარი, მაგრამ სულ არ ესწრაფოდნენ ღვთის სამეფოს, თუმც, რა თქმა უნდა, ამ სამყაროში ღვთის სამეფოს საბოლოო განხორციელება შეუძლებელია. იგი გულისხმობს სამყაროს გარდასახვას, ახალ ცასა და ახალ მიწას. ამასთან ისტორიული ქრისტიანობის წარმომადგენლებს, ე.ს. იმათ, ვინც შეგუებულნი იყვნენ ამ სამყაროს პირობებს, სულ არ ეჩოთირებოდათ ამქვეყნიური სამეფო, კეისრის სამეფო. პირიქით, კეისრის სამეფოს საკუთრად მიიჩნევდნენ, ახდენდნენ მის საკრალიზებას. ხოლო ის კეისრის სამეფო შორს იყო როგორც ქრისტიანული, ისე უბრალოდ ადამიანური სიმართლისგანაც, არ სცნობდა სამართლიანობასა და ადამიანურობას.  ასეთი იყო წარსულში „ქრისტიანული სახელმწიფოები“, აღმოსავლური და დასავლური თეოკრატიები.

ქრისტიანობას ჩვეულებრივ იმაში ედავებიან, რომ იგი რეალიზებადი არაა და რომ იგი ქრისტიანებს არასოდეს განუხორციელებიათ. ქრისტიანობა თავის თავში ისეთ ამაღლებულ მცნებებს მოიცავს, ადამიანურ ბუნებას რომ არ შეესაბამება. განსაკუთრებით განუხორციელებელი და არაპრაქტიკულია ქრისტიანობა სოციალურ ცხოვრებასთან მიმართებაში, რომელიც არასოდეს მსგავსებია იმას, რისკენაც ქრისტე მოუწოდებდა.  ამ ჩვეულებრივ შედავებას განსაკუთრებით აწვებოდა სალვადორი, გამოჩენილი ფრანგი ებრაელი მწერალი და მეცნიერი XIX საუკუნის შუა ხანებისა, ავტორი იესო ქრისტეს ერთ-ერთი ცხოვრებისა. განსხვავებას იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის საინტერესოდ აყალიბებს შესანიშნავი ებრაელი რელიგიური ფილოსოფოსი ახლახანს  გარდაცვლილი როზენცვაიგი, რომელმაც მარტინ ბუბერთან ერთად გერმანულ ენაზე ბიბლია თარგმნა. იგი ამბობს, რომ ებრაელი თავისი რელიგიით მოწოდებულია, დარჩეს ებრაულ სამყაროში, რომელშიც დაიბადა, აღამაღლოს და სრულყოს თავისი ებრაელობა. მას არ მოეთხოვება საკუთარი ბუნების უარყოფა. სწორედ ამიტომაა ებრაული სარწმუნოება რეალიზებადი. ქრისტიანი კი თავისი ბუნებით წარმართია (ებრაელების გავრცელებული შეხედულება). მან რომ თავისი სარწმუნოება აღასრულოს, თავისი სამყაროდან უნდა გავიდეს, უარყოს თავისი ბუნება, დაგმოს ბუნებითი წარმართობა. ამასთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის განხორციელების სიძნელე. გამოდის, რომ ებრაელების გარდა ყველა წარმართია. ამ  შეპირისპირების ნიადაგზე როზენცვაიგი იუდაიზმის უპირატესობას ასკვნის. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ქრისტიანობის უპირატესობაა. ღვთაებრივი გამოცხადება სხვა სამყაროდან მოდის. იგი რთულია ამ სამყაროსათვის, მოითხოვს მოძრაობას დიდი წინააღმდეგობის მიმართულებით. ქრისტიანებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებს იგი განუხორციელებად რელიგიად გამოეცხადებინათ. ქრისტიანობის ამ მიწაზე განუხორციელებლობის აზრს ისინი ძალიან ბოროტად იყენებდნენ, თავი საშინელი სირთულით დაიმშვიდეს. ადამიანის ცოდვილი ბუნების მოძღვრებიდან ქრისტიანებმა ყველაზე უგვანი დასკვნები გამოიტანეს. ეს შეიძლება გამოიხატოს ასე: ისინი ცოდვას შეურიგდნენ და ცოდვასთან შეგუების სისტემა შექმნეს. ამ მიმართებით ძალიან საყურადღებოა კონსტანტინე ლეონტიევი – უაღრესად გონებამახვილი და წრფელი მოაზროვნე. მან ქრისტიანობა სულთა მიღმიურ ხსნაზე დაიყვანა. იმაზე, რასაც თავად ტრანსცენდენტურ-ეგოიზმს უწოდებდა. მოხარული იყო იმისა, რომ ქრისტიანული სიმართლე მიწაზე ვერასოდეს განხორციელდებოდა, რადგან ეს განხორციელება ეწინააღმდეგებოდა მის წარმართულ ესთეტიკას. როზენცვაიგის ტერმინოლოგიით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ კ.ლეონტიევი თავის ბუნებრივ წარმართულ სამყაროში დარჩა. რაც შეეხება პირადად მისი სულის მიღმურ ხსნას, მხოლოდ ბერობისა და ასკეზის გზით თუ შესძლებდა წარმართული ბუნების გადალახვას. მაგრამ ყველა ეს ბრალდება ეკუთვნის ქრისტიანებს და არა – ქრისტიანობას.

IV.

გადაწყდება კი ებრაელობის საკითხი ისტორიის საზღვრებში? ეს კითხვა ტრაგიკულია. იგი ვერ გადაწყდება უბრალო ასიმილაციის გზით. XIX საუკუნეში სჯეროდათ, რომ იგი გადაწყდებოდა. რაც საუკუნის ჰუმანურობაზე მეტყველებს. მაგრამ ჩვენ ჰუმანურ ეპოქაში არ ვცხოვრობთ. ჩვენი დროის მოვლენები არ იძლევა იმის იმედს, რომ ებრაელთა საკითხი მოგვარდება მათი სხვა ხალხებთან შერწყმითა და გათქვეფით.  თანაც ეს მომასწავლებელი იქნებოდა ებრაელობის გაქრობისა. დიდი იმედი არც იმისი უნდა გვქონდეს, რომ იგი დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნით, ე.ს. სიონიზმის გზით გადაწყდება. ებრაელები თავიანთ ძველ მიწაზეც დევნას განიცდიან. თან ასეთი გადაწყვეტაც ებრაელი ხალხის მესიანურ ცნობიერებას არ ეთანხმება. ებრაელი ხალხი რჩება ღარიბ ხალხად. შეიძლება გვეთქვა, რომ ებრაელი ხალხის ბედი ესქატოლოგიურია. მისი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დროის აღსასრულის პერსპექტივაში, მაგრამ ეს სულაც არა ხსნის ქრისტიანებს ებრაელებისადმი ქრისტიანული და ჰუმანური მოპყრობის ვალდებულებას. მოციქულ პავლეს აქვს საიდუმლო სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოხდება მთელი ისრაელის ხსნა. ამ სიტყვებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, რადგან ისრაელის ქვეშ იგულისხმება არა მარტო ებრაელი ხალხი, არამედ ქრისტიანი ხალხიც, ე.ს. ახალი ისრაელი; მაგრამ მეტად დამაჯერებელია, რომ მოციქულ პავლეს მხედველობაში ჰქონდა ებრაელთა ქრისტეს რჯულზე მოქცევა და ამ მოქცევის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ჩვენ ვცხოვრობთ არა მარტო მხეცური ანტისემიტიზმის, არამედ სულ უფრო მეტი და მეტი ებრაელის გაქრისტიანების ეპოქაში. რასობრივი ანტისემიტებისათვის ეს საკითხი უინტერესოა, მათთვის უფრო ყურადსაღებია სისხლის მატერიალური, ვიდრე სარწმუნოების სულიერი ფაქტი. მაგრამ რაც შეეხება რელიგიურ ანტისემიტებს, ისინი ებრაელთა საკითხის ერთადერთ გადაწყვეტას შეიძლება ებრაელი ხალხის ქრისტეს რჯულზე მოქცევაში ხედავდნენ. ჩემი აზრით, ამაში დიდი სიმართლეა. მაგრამ ებრაელთა საკითხის ასეთი გადაწყვეტის მოთხოვნა შეიძლება მორალურად ორაზროვანი და ყალბი გამოდგეს. თუ ქრისტიანი ანტისემიტები ებრაელებს ყელთან დანას მიადებენ და გაქრისტიანებას მოსთხოვენ, უარეს შემთხვევაში კი ბუნებრივად ჩათვლიან მათ დარბევას, მაშინ ეს იქნება მორალური უმსგავსობა, რასაც ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. რატომ არ უნდა მოვთხოვოთ გაქრისტიანება სხვადასხვა „არიელ“ ხალხს, რომლებიც სავსებით მოსწყდნენ ქრისტიანობას ანდა მხოლოდ გარეგნულადღა ინარჩუნებენ მას? ქრისტეს რჯულზე მოქცევა უაღრესად პირადული საქმეა და საეჭვოა, მომავალში ხალხებზე, როგორც ქრისტიანებზე და არაქრისტიანებზე, ილაპარაკონ. ებრაელთა გასაქრისტიანებლად მეტად მნიშვნელოვანია, თვითონ ქრისტიანები მოექცნენ რჯულზე, ე.ს. ფორმალურად კი არა, რეალურად ქრისტიანები გახდნენ. მოძულენი და ჯვარზე გამკვრელები, რამდენიც არ უნდა ახალონ მიწას თავი, არ შეიძლება ქრისტიანებად იწოდებოდნენ. მთავარ დაბრკოლებას არაქრისტიანული აღმოსავლეთის – ინდუსებისა და ჩინელების – ქრისტეს რჯულზე მოქცევის გზაზე თავად ქრისტიანები წარმოადგენენ. ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა გაუთავებელი ომებით, ეროვნული სიძულვილით, კოლონიური პოლიტიკით, მშრომელი კლასების ჩაგვრით არის უდიდესი მკრეხელობა. სწორედ ყველაზე მემარჯვენეები, ყველაზე ორთოდოქსები, ღვთისმოსავ ქრისტიანებად რომ მიიჩნევენ თავს, ახლა მცირეთა ამათ მიმართ უდიდეს ცოდვას ჩადიან. ებრაელთათვის მათსა და ქრისტეს შორის ქრისტიანები ჩამდგარან და ქრისტეს სახეს ჩრდილავენ. ებრაელებმა შეიძლება ქრისტე თავიანთ მესიად აღიარონ, – ასეთი მოძრაობა შეიმჩნევა ებრაელთა შიგნით, – ქრისტეს გმობა შეიძლება საბედისწერო შეცდომად სცნონ. მაგრამ მაშინ ისინი ჯვარცმულ მესიას და ჯვარცმული მესიის სახით დამცირებულ ღმერთს აღიარებენ.

თანამედროვე ანტისემიტიზმი რომ ფორმებს იღებს, ქრისტიანული თვალსაზრისით უკვე ანტისემიტიზმის განაჩენია. ეს გერმანული რასიზმის „დამსახურება“ გახლავთ, რომელსაც გერმანიაში ღრმა, მაგრამ სავსებით არაქრისტიანული ფესვები გააჩნია. გაცილებით უარესია მართლმადიდებლური ანტისემიტიზმი, მაგალითად, რუმინეთში იგი სახელს უტეხს ქრისტიანობას და სერიოზულ შედავებასაც არ იმსახურებს. ანტისემიტიზმი აუცილებლობით გადადის ანტიქრისტიანობაში და თავის არაქრისტიანულ ბუნებას ავლენს: ეს წორედ ახლა ხდება. ამის შესაბამისად თავად ქრისტიანობაში მიმდინარეობს განწმენდის პროცესი. ქრისტიანული ჭეშმარიტების განთავისუფლება ათასწლოვანი დანალექებისაგან, რაც შედეგი იყო შეგუებისა სახელმწიფოს გაბატონებულ ფორმებთან, გაბატონებულ კლასთა სოციალურ ინტერესებთან, სოციალურ ყოველდღიურობასთან, ცნობიერებისა და კულტურის დაბალ საფეხურთან, მეტისმეტად მიწიერი მიზნებით ქრისტიანობის გამოყენებასთან.  ქრისტიანობის განწმენდის ამ პროცესს, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ქრისტიანების დევნასთან, მივყავართ თითქოსდა ორი ქრისტიანობის გამოაშკარავებასთან: ერთია ძველი ქრისტიანობა, რომელიც ქრისტიანობის დამახინჯებას ვერ ელევა, მეორე – ახალი ქრისტიანობა, რომელიც ამ დამახინჯებათაგან ათავისუფლებს და სურს, ქრისტეს და სახარებისეული ღვთის საუფლოს გამოცხადების ერთგული იყოს. ფორმალური, ნომინალური, პირობითი, პირობით-რიტორიკული კი არა, ნაღდი ქრისტიანები ყოველთვის უმცირესობად დარჩებიან. „ქრისტიანული სახელმწიფო“, უდიდესი სიცრუე, უდიდესი გადაგვარება მეტი აღარ იქნება. ქრისტიანები სულიერად იბრძოლებენ და ამიტომ ექნებათ შინაგანი გავლენა, რაც დაკარგული ჰქონდათ. ისინი შეძლებენ დარწმუნებას. ქრისტიანებს შეჰფერით პირველ რიგში დაიცვან სიმართლე და არა – ძალა, რაც მათ ქვეყნად ახეირებდა. სწორედ ქრისტიანებს შეშვენით დაიცვან ადამიანის ღირსება, ფასი ადამიანის სახისა, ყოველგვარი სახისა, განურჩევლად რასისა, კლასისა, საზოგადოებაში მდგომარეობისა. სწორედ ადამიანს, ადამიანის სახეს, ადამიანის სულის თავისუფლებას ყოველი მხრიდან ესხმის ქვეყანა; მათ შორის ანტისემიტური მოძრაობაც, რომელიც კაცობრიობის ერთი ნაწილის გულის მოსაგებად ადამიანურ ღირსებასა და ადამიანურ უფლებებს უარყოფს. ებრაელთა საკითხი ქრისტიანული სინდისის და ქრისტიანული სულის ძალის გამოცდაა.

ქვეყნად ყოველთვის იყო და არის ორი რასა. რასათა ეს დაყოფა სხვა ყველა დაყოფაზე მნიშვნელოვანია. არიან ჯვარსმცმელნი და არიან ჯვარცმულნი, მჩაგვრელნი და ჩაგრულნი, მოძულენი და შეძულებულნი, მტანჯველები და ტანჯულები, მდევნელები და დევნილები. არაა საჭირო იმის განმარტება, ვის მხარეზე უნდა იდგნენ ნამდვილი ქრისტიანები. ისტორიაში როლები შეიძლება შეიცვალოს. ახლა ქრისტიანებს ისევე დევნიან, როგორც პირველ საუკუნეებში. ახლა ებრაელებიც ისევე იდევნებიან, როგორც არა ერთხელ იდევნებოდნენ. ისტორიაში ამაზე დაფიქრება აუცილებელია. რუსი ანტისემიტები, რომლებიც აფექტის მდგომარეობაში ცხოვრობენ და მანიაკალური იდეით არიან შეპყრობილნი, აცხადებენ: რუსეთს ებრაელები მართავენ და იქ ქრისტიანებს დევნიან. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მებრძოლი უღმერთოების სათავეში უპირატესად ებრაელები სულაც არ იდგნენ. რუსები მასში ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ. მე იმასაც ვფიქრობ, რომ არსბობს რუსული მებრძოლი ათეიზმი, როგორც სპეციფიკური რუსული მოვლენა. რუსი თავადი ბაკუნინი მისი უკიდურესი და ნიშანდობლივი გამომხატველი იყო. ამგვარი იყო ლენინიც. დოსტოევსკიმ სწორედ რუსულ ათეიზმზე, მის შინაგან ეგზისტენციალურ დიალექტიკაზე გააკეთა უდიდესი აღმოჩენები. მცდარია ისიც, თითქოს რუსეთს ებრაელები მართავენ. მთავარი მმართველები ებრაელები არ არიან. გამოჩენილი ებრაელი კომუნისტები დახვრიტეს ანდა ციხეებში სხედან. ტროცკი სიძულვილის მთავარი ობიექტია. ებრაელებმა დიდი როლი შეასრულეს რევოლუციაში. ისინი რევოლუციური ინტელიგენციის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. ეს სრულიად ბუნებრივია და განსაზღვრული იყო მათი დაჩაგრული მდგომარეობით. ებრაელები რომ თავისუფლებისათვის ირძოდნენ, ამას მე დამსახურებად ვთვლი. ტერორსა და დევნას ებრაელებიც რომ მართავდნენ, ებრაელთა სპეციფიკურ თავისებურებად არ მიმაჩნია, არამედ – რევოლუციის სპეციფიკად და მის უსაზარლეს თავისებურებად განვითარების გარკვეულ სტადიაზე. იაკობინელთა ტერორში ხომ ებრაელებს არავითარი როლი არ უთამაშიათ. ემიგრაცია სავსეა ებრაელებით. მახსენდება საბჭოთა რუსეთში, გაცხარებული კომუნისტური რევოლუციის ხანაში, ჩემი სახლის პატრონი შეხვედრისას ხშირად მეტყოდა ხოლმე: „რა უსამართლობაა, თქვენ პასუხს არ მოგთხოვენ, რომ ლენინი რუსია. მე კი პასუხი უნდა ვაგო, ტროცკი რომ ებრაელია“. შემდგომში მან პალესტინაში წასვლა მოახერხა. მე თანახმა ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა ლენინის გამო. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რეალობები და ფაქტები არ არსებობს იმათთვის, ვის აზროვნებასაც განსაზღვრავს resentment* აფექტები და მანიაკალური იდეები. მკურნალობა ყველაზე უფრო აქაა საჭირო.

 

 

*resentment (ფრანგ) – (ბოღმა, გაავება)

წყარო – („რუსი ფილოსოფოსები დემოკრატიასა და რევოლუციაზე“. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. რედაქტორი და შესავალი წერილების ავტორი: გ. ნოდია მთარგმნელები: ზ. სარაძე, ა. ჯოხაძე.თბ., 1994. გვ., 191-207)

ტექსტის მოწოდებისათვის განსაკუთრებული მადლობა ოთარ მუშკუდიანს.

 

ნიკოლაი ბერდიაევის სხვა სტატიები ჩვენს საიტზე:

შემოქმედების თავისუფლების შესახებ

ღმერთის არსებობის ადამიანური მტკიცებულება

მიწიერი სამეფოს ხიბლი. სახელმწიფოს ორმაგი სახე

შემოქმედება და ყოფიერება

მორჩილება თუ მონობა?

ფანატიზმის, მართლმორწმუნეობისა და ჭეშმარიტების შესახებ

ფანატიზმის შესახებ

ქრისტიანობის ღირსებისა და ქრისტიანთა უღირსების შესახებ

Print Friendly

Comments are closed.