ეპისკოპოსი მაქსიმე: COVID -19-ს თანამედროვე ცივილიზაციაში ხელახლა შემოაქვს უდაბნოს განზომილება

vladika-maksimგასაოცარია, თუ როგორ შეძლო ერთმა უხილავმა ვირუსმა დიდი ქალაქების ხმაურის შეცვლა. ახლა, პირველად რაც ადამიანს ხვდება ყურში არის სიჩუმის ძალა. ცარიელია არა მხოლოდ ტაიმზსკვერი, არამედ ჰოლივუდიც. კალიფორნიაში დაინფიცირებულთა რიცხვი ათი ათასზე დიდია, აქედან ორი ათას ხუთასზე მეტი სანფრანცისკოს ყურეშია. გუბერნატორი ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია, მოსახლეობის ნახევარის დაინფიცირება მომდევნო რვა კვირის განმავლობაში. დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი მაქსიმე ვასილევიჩი (სერბეთის საპატრიარქო) ჩვენს გაზეთთან (Danas) საუბარში ამბობს, რომ ერთმა ვირუსმა ფარდა ახადა უძლიერესი სახელმწიფოს გამოფიტული ორგანიზმის სტაბილურობას, რაც გამოიწვია ანტისხეულის უქონლობამ.  

  • მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით აშშ დედამიწაზე ერთერთი ყველაზე დაინფიცირებული ქვეყანაა. როგორი მდგომარეობაა დასავლეთ ამერიკის ეპარქიაში?
  • 2020 წლის აპრილის დასაწყისია და COVID-19 ჯერ კიდევ ყველაზე საშინელი ამბავია მთელს პლანეტაზე. ეს პანდემია გაუტოლდა ჭირს, რომელიც წააგავს უგრძნობ slow motion ტრაგედიას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხოვრებისეული პრიორიტეტები და ღირებულებათა იერარქია ნელ-ნელა უბრუნდება თავის ადგილს. ადამიანებმა ისე, როგორც არასდროს, გააცნობიერეს, რომ საჭიროა სხვა დაიცვან საკუთარი თავისაგან; ახლა უფრო აფასებენ იმ სიახლოვეს, რომელიც ადრე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად ითვლებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აქ კორონა-ვირუსით დღის განმავლობაში ათასამდე ადამიანი კვდება. პრესტიჟულმა სამეცნიერო ჯგუფმა აუწყა თეთრ სახლს, რომ ეს საშინელი ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საუბრითაც და უშუალო სიახლოვისას სუნთქვითაც კი. მიუხედავად ვირუსის სისასტიკისა, არსებობს მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ერთი თვის შემდეგ დაიწყებს კლებას. ამ უზარმაზარ გეოგრაფიულ სივრცეში თავდაცვის ზომები იცვლებოდა შტატიდან შტატში; თუმცა, ახლა უკვე ყველგან გამკაცრებული მდგომარეობაა. სხვათა შორის, სერფერები და მოცურავეებიც ვალდებულნი არიან ოკეანისგან შორს დაიჭირონ თავი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც მთლიანად პანდემიის ჩრდილში მოექცა. სიკვდილის წინა ნიშნების დროსაც კი, იოლად გაქრა მასმედიის ინტერესი პოლიტიკის მიმართ, რომელიც ადრე გრძნეულებრივი ყურადღების საგანი იყო.
  • ვირუსისაგან თავდაცვის ზომები თუ ახდენს ეპარქიის ცხოვრებაზე ზეგავლენას, მითუმეტეს ახლა, როდესაც დიდი მარხვა მიმდინარეობს?
  • მთელი მსოფლიო ერთგვარ კარანტინშია, ეს არის ორმოცდღიანი თვითიზოლაცია, რომელიც წელს დაემთხვა პასექისათვის მოსამზადებელ პერიოდს. COVID-19-ს თანამედროვე ცივილიზაციაში ხელახლა შემოაქვს უდაბნოს განზომილება. იგივე ხდება ამერიკაშიც. ერთადერთი გაურკვეველი საკითხი რჩება – თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს კარანტინი, რადგან ქრისტიანები ვსვამთ კითხვას: როგორ და რა პირობებში უნდა აღვნიშნოთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მხოლოდ აღდგომას შეუძლია დაგვანახოს, რომ სიკვდილმა ჩვენს შორის ვერ ჰპოვა იდეალური სამყოფელი. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია დავიძინოთ მართალის (მშვიდი) ძილით. უფრო კონკრეტულად, ეპარქიის სამღვდელოებასთან ხშირად ვმართავთ ტელეკონფერენციებს, რომ გვქონდეს რეალური წარმოდგენა შექმნილ სურათზე. ამის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეტყობინება უნდა გადასცეს სამღვდელოებამ მორწმუნე ერს. ეს შეტყობინებები ძირითადად არის გამამხნევებელი და მხარდაჭერის ხასიათის, რაც ძალიან სჭირდება დღეს ადამიანებს. მანუგეშებელია ის, რომ ამერიკელი სამღვდელოება შესაშურ დონეზე აჩვენებს ზრუნვას იმ ხალხის მიმართ, ვისაც სურს ეკლესიური ცხოვრება. ამასთან, ჩვენმა ეპარქიამ შეუკვეთა ნიღბების და სხვა სანიტარული საშუალებების დიდი რაოდენობა, რომლის დარიგებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. კულტურის სფეროში შესამჩნევი ხდება, რომ ბევრი რამ იცვლის ფორმას, ბევრმა კი შეიძლება საერთოდ დაკარგოს მნიშვნელობა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია, რომ მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჰიგიენას, ამაში ასევე ვგულისხმობ ჰიგიენას ადამიანთა შორის ურთიერთობაში. უკვე გახდნენ ადამიანები უფრო მოზომილები და ყურადღებიანები განცხადებებში, სიტყვებში, ჟესტებში… ძალიან ბევრი დაფიქრდა იმაზე, რომ სამჯერ უნდა გაზომოს, ვიდრე რაიმე საჯარო განცხადებას გააკეთებს. იგი რაც კარგია დღეს, არ ივარგებს სამ დღეში. იგი რაც ივარგებს სამ დღეში, აღარ ივარგებს ერთ კვირაში. რადგან შევეხეთ სიფრთხილეს და უფრო აქტიურ მოქმედებას, მინდა აღვნიშნო, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მომავალ დღეებთან და საღვთისმსახურო გამოწვევებთან. ამის კარგი მაგალითია ჩვენი მოძმე ეკლესიები საბერძნეთსა და რუსეთში. ასევე მინდა დავამატო: უნდა განვაგდოთ ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ჩვენი მართმადიდებლური სარწმუნოება და სახარებისეული სასოება თითქოსდა ერთ-ერთი რელიგიაა რელიგიათა ბაზარზე. ეკლესიამ ახლა თავი უნდა დააღწიოს ცხონების შესახებ იურიდიულ წარმოდგენის საფრთხეს. ეს საფრთხე კი იმალება წმინდა ზიარების საიდუმლოს განმარტების სხვადასხვა შემოთავაზებული ვარიანტების უკან. საჭიროა დონ ჯუსეპე ბარალდელისეული ღიმილი. იგი იყო იტალიელი მღვდელი, რომელიც, ვიდრე არ იმსხვერპლა საშინელმა ვირუსმა, ეხმარებოდა მრევლს და ადიდებდა ღვთის სახელს, რასაც, სხვათა შორის, მისი სახელის – იოსების თარგმანი აღნიშნავს. ასევე გვაკლია ვალევოელი ეპისკოპოსის მილუტინის მდაბალი და მშვიდი სახე.
  • როგორია მორწმუნეების რეაქცია იმ ზომების მიმართ, რომელსაც სახელმწიფო და ეპარქია ატარებს ვირუსისაგან თავის დასაცავად? როგორ გადაწყდა თქვენთან წმინდა ზიარების მიღების საკითხი? როგორც აღმოჩნდა სმე (სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია) ეპარქიებში არსებობს ამ საკითხთან სხვადასხვა მიდგომა.
  • ლიტურგიული ერთობა არანაირად არ არის რაიმე კერძო წესი, არამედ იგი არის საერთო საქმე. ამას მოწმობს ლიტურგიული ლოცვებიც, რომლებიც ყოველთვის მრავლობით ფორმაში წარმოითქმებიან, მხოლოდ ერთი გამონაკლისისა . ეს მდგომარეობა შეგვახსენებს ჭეშმარიტებას, რომ ევქარისტიული ღირსება განუყოფელია მოყვასის სიყვარულისაგან. წმინდა იოანე ოქროპირი საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენი მოყვასი არის მეორე საკურთხეველი; ასევე სხვაგან ამბობს – ცოცხალი საკურთხეველი ქრისტეს სხეულისა. covid – 19 გვაფიქრებს, რომ ხელახლა გავიაზროთ ჩვენი ევქარისტიული ღვთისმოშიშება. უნდა გავიხსენოთ, რომ ლიტურგიის ცნება თავის თავში გულისხმობს ლიტურგიამდე მომზადებას და იმასაც, რაც შემდეგ ახლავს (მოსდევს) მას (ლიტურგიას) – მისი ზემოქმედება საერთო ცხოვრებაზე. ახლა უკვე ვხვდებით ამას. არ არის ლიტურგია მხოლოდ ის, რასაც წმინდა ბარძიმისაგან ვღებულობთ, არამედ იგი არის მთელი ქმნილების მონაწილეობა ამ სასმისში -ერთი კოსმიური ევქარისტია. ზოგიერთისათვის ევქარისტია არის რაღაც საგანი, ნივთი, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს ქიმიურ ანალიზსაც კი. ლიტურგიასთან ასეთ დამოკიდებულებაში არ გვაქვს კრებულის (ერთობის) და კოსმოსის ერთობის განზომილება. როგორც წმინდა იუსტინე ჩელიელი ამბობდა, ქრისტე არის მთელი სამყაროს მაცხოვარი. ნორმალურია ისიც, რომ ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული მიდგომები. თუკი რომელიმე პრაქტიკა ძველია, მაგრამ არ წარმოადგენს მორწმუნის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ საშიშროებას, მაშინ არ არის საჭირო მეწვრილმანეობა ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით. დროა მივხვდეთ, რომ ეკლესია ცხოვრობს ადგილობრივი გარდამოცემის (საჭიროების) მიხედვით ისე, როგორც იყო ეს ძველად.
  • ამბობენ, რომ აშშში მილიონობით ადამიანი კარგავს სამსახურს. რამდენად ეხმარება სახელმწიფო ადამიანებს ამ კრიზისის გადალახვაში. როგორი არის მდგომარეობა სერბულ დიასპორაში. აქვს თუ არა ეპარქიას შესაძლებლობა დაეხმაროს ხალხს ნებისმიერი სახით?
  • ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ყველანი მოუმზადებლები აღმოვჩნდით. ალბათ 50 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ეს იწვევს ძალიან დიდ პანიკას, რადგან ამერიკელები არიან ძალიან გულუბრყვილო ადამიანები. ეპარქიას არ გააჩნია ფინანსური საშუალება უსამსახუროდ დარჩენილი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოკრძალებული ფონდები ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველაზე შევიწროებულთათვის. თუკი სახარებისეული საფუძვლების მეშვეობით, შევძლებთ საერთო ძალისხმევით დავეხმაროთ საზოგადოებას, მაშინ შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ ხალხმა არ დაკარგოს რწმენა ეკლესიის მიმართ. მაშინ ხალხი ირწმუნებს, რომ ეკლესია ნამდვილად გვიწვდის პურს, რომელიც „მარადის იჭამების და არა დაილევის“. მრწამს, რომ თუკი შევძლებთ სწორად აღვშენდეთ ლიტურგიაში, რომელიც არის საიდუმლო ყოველთა და ყოვლისათვის, შევძლებთ აღვასრულოთ სიყვარულის მოვალეობა ამ პლანეტის ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ხოლო გაუაზრებელი და ზედაპირული საქციელით, როგორც ეს სწორად აღნიშნა რუსმა იერარქმა ტიხონ შევკუნოვმა, შეიძლება გავხდეთ თავზეხელაღებული მკვლელები.
  • ეპიდემიის ეპიცენტრში იტალია ხელახლა სწავლობს სიყვარულსთუ ახერხებთ თვალი ადევნოთ მასმედიას? როგორ ავრცელებს ინფორმაციას პანდემიის შესახებ ამერიკის მასმედია? ოფიციალური განცხადებების გარდა, თუ არსებობს ინფორმაციები და განცხადებები, რომლებიც სხვა კუთხით საუბრობენ ვირუსზე, მის გავრცელებასა თუ განკურნებაზე, როგორიც ჩვენთან უმთავრესად სოციალურ ქსელებში გვხდება?
  • ვადევნებ თვალს მასმედიას და ყველაზე მეტად საინტერესოა განცდა, რომელსაც კორონა-ვირუსის პანდემია ჰქმნის პირადი და ადამიანთა შორის ურთიერთობის პლანზე. ცოტა ხნის წინ გავიხსენე იტალიელი ფსიქოლოგი ლუიჯი ზოა, რომელმაც ათოდე წლის წინ დაწერა წიგნი „მოყვასის სიკვდილი“. ამ წიგნში ის საუბრობს, რომ ცივი ომის შემდეგ, გლობალიზაციამ ერთმანეთთან კონტაქტში მოიყვანა შორს მყოფი სუბიექტები, მაგალითად ფეისბუქ-მეგობრები. ანუ ერთმანეთს დაამეგობრა აბსტრაქტული პიროვნებები, რის ხარჯზეც ჩვენ ჩვენი ცხოვრებიდან განვდევნეთ ის მოყვასი, რომელზეც ვართ პაუხისმგებელი. მაშასადამე, ამ თანამედროვე კომუნიკაციის საფასურს იხდის ჩვენი მეზობელი ანუ მოყვასი, როგორც ამას აღწერს იუდეო-ქრისტიანული გარდამოცემა. დამაინტერესა, რას ამბობს ზოა დღევანდელ კრიზისზე. მისი ნათქვამი ჟღერს ოპტიმისტურად, მისი თქმით – ეპიდემიის ეპიცენტრში იტალია ხელახლა სწავლობს სიყვარულს. მეც მინდა, რომ ასე ჟღერდეს ეს ჩვენი საუბარიც.
    წირვა ტელე-ტრანსლაციის გარეშე. ჩვენს ეპარქიაში მსახურებები არ გადაიცემა ვიდეო სტრიმინგის საშუალებით. არ შეიძლება იმის ტელე-ტრანსლაცია, რაც ცათა სასუფეველში ხდება. თუკი არსებობს ცათა სასუფევლის გადაცემის რაიმე საშუალება, ეს არის მხოლოდ წმინდა ლიტურღია, რომელიც მოითხოვს ცოცხალ, უშუალო ურთიერთობას. ზოგი რას აკეთებს ახლა? გვიწვდიან გადაცემის გადაცემას. პლატონი სახელმწიფოში აკრიტიკებს ხელოვნებას და ამბობს, რომ იგი ჩვენ უფრო გვაშორებს ჭეშმარიტებასთან, რადგან არ გვიწვდის ჭეშმარიტების სურათს (სახეს), არამედ სურათის სურათს. აქ არ ვგულისხმობ იმ მარტივ შენიშვნებს, მაგალითად როგორიც არის – ადამიანები სხედან სავარძელში სვამენ ყავას და უყურებენ წმინდა ზიარებას, არა ვგულისხმობ უფრო სუპტილურს, რომელიც ეხება საიდუმლოს დაცვის დისციპლინას. ძველი ქრისტიანები, ასევე IV–V საუკუნეების ქრისტიანები, დიდი ყურადღებით იცავდნენ ლიტურგიას კათაკმევლებისაგან, ანუ იმათგან, ვისაც უკვე მიღებული ჰქონდა მონათვლის გადაწყვეტილება. ჩვენ კი ახლა ამ ყველაფერს სინით მივართმევთ ყველას. იმათაც კი, ვინც დაცინვით უყურებს ქრისტიანობას. ვფიქრობ, რომ ეს არ არის იკონომიის კარგი მაგალითი. ალიასკიდან მექსიკამდე და კოლორადოდან ჰავაიმდე
    დასავლეთ ამერიკის ეპარქიას აქვს ორმოცამდე სამრევლო, რომელიც განლაგებულია ცამეტ შეერთებულ შტატში და დროის ოთხ ზონაში. ამ საოცრებით შექმნილ უზარმაზარი სივრცის გეოლოგიურ ფორმებში ცხოვრობს დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი. კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში, კალიფორნიის რანჩოებში და ვენახებში ცხოვრობს სერბული დიასპორის უდიდესი ნაწილი. აქვე არის ქალაქი ფრეზნო, რომელიც მდებარეობს ათასწლოვანი სექვოიების ახლოს. ასევე მორწმუნეები ცხოვრობენ დიდ ქალაქებში, მაგალითად როგორიც არის ფინიქსი და ლას ვეგასი. ასევე არიზონასა და ნევადას უდაბნოებშიც. ურბანული სან ფრანცისკოს მრევლი არ გრძნობს მხოლოდ ცივ ქარის ძალას, არამედ ლიბერალიზმის ტალღებსაც, რომლებიც ამ ქალაქში განსაკუთრებულად დომინირებს. მონტანას, იუტას, აიდაჰოს და კოლორადოს მორწმუნე მოსახლეობა უმზერს კლდოვანი მთების ხედებს. ამ დროს სამხრეთ კალიფორნიის სან დიეგოსა და ლოს ანჯელესის მორწმუნეებს პაციფიკის ძლიერი წვიმა ასველებს. ორეგონის ტყეებში მცხოვრები მორწმუნეთათვის წვიმიანი დღეები უფრო მეტია, ვიდრე სიეტლში მცხოვრები მორწმუნეებისათვის. მცირე ნაწილი ბერებისა და მორწმუნეებისა იღწვის მოშორებით – ალიასკაზე. ჰავაიზე, ჰონოლულუში გვაქვს წმინდა ლაზარე კოსოველის მცირერიცხვოვანი სერბული სამრევლო.

სერბულიდან თარგნა ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა

 

Print Friendly

Tags: , , , , , , ,

Comments are closed.