ბონავენტურა

20/11/2015
By

saint bonaventure  3ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

 

ბონავენტურა ორდენისმიერი თანამოძმეების მიერ შერქმეული სახელია ჯოვანი ფიდანცასი (Giovanni Fidanza), პიროვნებისა, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს დასავლური თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში. თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი ღვთისმეტყველების მწვერვალად თომა აკვინელის მოძღვრება აღიარა, ბონავენტურა თავის სახელგანთქმულ თანამედროვეს, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მკვლევართა შეფასებით, აზრის სიმაღლით, წვდომის სიღრმითა და ანალიზის სიმძაფრით არ ჩამოუვარდება.

იგი 1217 თუ 1221 წ. დაიბადა ბონიარეაში (დღევანდელი ბანიორეჯო, ტოსკანა), შეძლებული ექიმის ოჯახში. ჯოვანი (იოანე) ნათლისღებისას დაარქვეს, შემდგომში კი მას სხვადასხვა სახელებს ეძახდნენ: Bonaventura, Bona Ventura, Bona Adventura, Bonafortuna, რომელთაგან საბოლოოდ პირველი მათგანი შერჩა. ბავშვობაში მას მძიმე სენი შეყრია და წმინდა ფრანცისკე ასიზელის მეოხებით განკურნებულა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა განაპირობა შემდგომში მისი ბერად შედგომა და ფრანცისკელთა ორდენის წევრად გახდომა. 1225-1234 წწ. ბონავენტურა ფრანცისკანულ მონასტერში სწავლობდა. 1234 წელს პარიზში ჩადის და უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ხდება, მალე მაგისტრის წოდებას იღებს. 1234 წელს ბონავენტურამ დაიწყო მოღვაწეობა პარიზის ფრანცისკანულ მონასტერში ალექსანდრე ჰალესელის ხელმძღვანელობით, მისი სიკვდილის შემდგომ კი სწავლა ოდო რიგალთან და ვილჰელმ მელიტონელთან გააგრძელა, 1248 წელს ბიბლიური ბაკალავრი გახდა და წმინდა წერილის კურსის კითხვა დაიწყო, 1253 წელს, მას შემდეგ, რაც პეტრე ლომბარდიელის სენტენციების კომენტარები შეადგინა, პარიზის უნივერსიტეტის კანცლერისაგან ღვთისმეტყველების დოქტორის ტიტული მიიღო. 1257 წელს ბონავენტურას ფრანცისკანელთა ორდენის გენერლად ირჩევენ, რის გამოც იგი საბოლოოდ ანებებს თავს პედაგოგიურ საქმიანობას და მთელ თავის ძალისხმევას ორდენის საქმიანობას უკავშირებს როგორც პარიზში, ისე იტალიაში. იგი იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპებთან – ალექსანდრე IV-სთან, ურბან IV-სთან და კლიმენტი IV-სთან. ამ უკანასკნელმა ბონავენტურა იორკის არქიეპისკოპოსად დანიშნა, თუმცა თავისივე თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დარჩა. 1237 წ. ის პაპმა გრიგოლ X-მ ალბანის ეპისკოპოსად დაადგინა და კარდინალის ხარისხი მიანიჭა. 1274 წელს იგი პაპს ლეონ II-ს საეკლესიო კრების მომზადებაში ეხმარებოდა. ამ დროს მოულოდნელად გაცივდა და კრების ერთ-ერთი სხდომის დროს (15 ივლისს) გარდაიცვალა. ბონავენტურა კანონიზირებულ იქნა 1482 წ. 14 აპრილს, პაპ სიქსტუს IV-ის ინიციატივით. პაპმა სიქსტუს V-მ იგი 1588 წლის 14 მარტს ეკლესიის მასწავლებლად დაადგინა, ხოლო პიუს X-მ მას ძველი წოდების – doctor devatus (ერთგული დოქტორი) – ნაცვლად doctor seraphicus (სერაფიკული დოქტორი) წოდება მიანიჭა. ის კათოლიკურ ეკლესიაში იხსენიება 15 ივლისს.

ბონავენტურას 30-მდე ნაშრომი ეკუთვნის. მათ შორის მისი საღვთისმეტყველო თხზულებებიდან აღსანიშნავია: 1. ,,Commentari in Quattor libros Sententiarum Petri Lombardi” (პეტრე ლომბარდიელის სენტენციათა კომენტარები). იგი 1250-52 წწ. დაიწერა, მის პირველ თავში განხილულია საკითხი ღვთის შემეცნების შესახებ, გადმოცემულია სწავლება ღმერთზე, სამებაზე, მე-2-ში ლაპარაკია შესაქმესა და ცოდვით დაცემაზე, მე-3 ქრისტოლოგიასა და სოტერიოლოგიას ეთმობა, ხოლო მე-4 – საკრამენტოლოგიას. 2. ,,Quaestationes disputatae” (საკამათო საკითხები) დაახ. 1257 წ. დაიწერა. მასში სამი საკითხია განხილული: descientia Cristi (ცოდნა ქრისტესი) ანუ ქრისტეში კაცობრივი ცოდნის არსებობის შესახებ, ყოვლადწმიდა სამების შესახებ, სახარების ოთხი სათნოების შესახებ (სიმდაბლე, უპოვარება, თავშეკავება, მორჩილება). 3. ,,Brevi loquium” (საღვთისმეტყველო დებულებათა მოკლე გადმოცემა – 1257 წ.), რომელიც შვიდი ნაწილისაგან შედგება. 4. ,,De reductione atrium ad theologiam” (ხელოვნებათა დაყვანა თეოლოგიაზე – დაახ. 1257 წ.). ამ ნაშრომში ბონავენტურა განიხილავს ექვს მეცნიერებას, როგორც ექვს სინათლეს (lumina), რომელიც ადამიანის ცხოვრებას ანათებს, ეს სინათლეებია: წმინდა წერილის, გრძნობადი შემეცნების, ხელოვნების, ლოგიკის, ფიზიკისა და ეთიკის. ყოველი მათგანი ღმრთაებრივი მადლის თანდათანობით განათებას წარმოადგენს. 5. ,,Collationes de decem praecentis” (საუბარი ათ მცნებაზე – 1267 წ.); 6. ,,Collationes in Hexameron” (საუბარი სულიწმიდის 7 ნიჭის თაობაზე – 1268 წ.); 7.,,Sermones selecti de rebus theologicis” (რჩეული ქადაგებანი საღვთისმეტყველო თემებზე).

ბონავენტურას ეგზეგეტიკური თხზულებებიდან აღსანიშნავია ძველი აღთქმის (ეკლესიასტე, სიბრძნე) და ახალი აღთქმის (იოანეს და ლუკას სახარებათა ) კომენტარები. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მისტიკურ-მჭვრეტელობითი ხასიათის შრომები, რომელთაც მას ყველაზე დიდი აღიარება მოუპოვეს. ამგვარი ხასიათის თხზულებები გვხვდება მის ქადაგებებსა და ,,Opuskula”-ში (მცირე შრომებში), რომელთაგან აღსანიშნავია: ,,Vitis mystica” (საიდუმლო ვენახი), ,,De sex alis seraphim” (სერაფიმთა ექვსი ფრთისათვის), ,,Meditationes vitae Christi” (მედიტაციები ქრისტეს ცხოვრებაზე), ,,De septum gradibus virtutum” (სათნოებათა შვიდი ხარისხისათვის), ,,Itinerarium mentis ad Deum”(გონების გზა ღმერთისკენ), ,,De septem itineribus aeternitatis” (მარადისობის შვიდი გზისათვის), ,,Incendium amoris” (სიყვარულის სახმილი), ,,deseptum gradibus contenplationis” (ჭვრეტის შვიდი ხარისხისათვის) და სხვ.

ბონავენტურას 475 ქადაგება ეკუთვნის. მისი ისტორიული თხზულებებიდან აღსანიშნავია ,,Apologia pauperum” (ღარიბ-ღატაკთა აპოლოგია, 1270 წ.), წმინდა ფრანცისკეს ვრცელი და მოკლე ცხოვრებები, სამონაზვნო ორდენის წესდებები, დადგენილებები და სხვა. მასვე, მისი დიდი ავტორიტეტის გამო, სხვა ავტორთა ბევრი შრომაც მიეწერება.

 

ბონავენტურას მოძღვრება

თეოლოგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართება

 

ბონავენტურა მკვეთრად ასხვავებს რწმენის ორ ობიექტს: წმინდა წერილისეულსა და რწმენისას, როგორც შემეცნების საგანს (credibile ut credibile / credibile ut intellegibile). ეს უკანასკნელი გულისხმობს კვლევის ისეთ მეთოდს, რომელიც რწმენის ჭეშმარიტებასა და წმინდა წერილის ავტორიტეტს რაციონალურ არგუმენტებს უმატებს. იგი რწმენის შინაარსის კვლევისას იყენებს არა მარტო ლოგიკას, არამედ ყველა სხვა საერო მეცნიერებასაც. ამ მიზნით, თეოლოგია ფილოსოფიისაგან სესხულობს ყოველივე აუცილებელს, რათა ჩამოაყალიბოს სრული წარმოდგენა ღმერთზე, სამყაროსა და ადამიანზე. ბონავენტურასათვის თეოლოგია ძალზე ფართო მეცნიერებაა, რომელიც ფილოსოფიასაც მოიცავს. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგად იცნობდა არისტოტელეს ფილოსოფიას, მაინც მკვლევართა მიერ აღიარებულია, რომ ბონავენტურა ავგუსტინესეული პლატონიზმის მიმდევარია. მას მისი თანადროული კათოლიკური არისტოტელიკოსებისაგან, პირველ რიგში, თომა აკვინელისაგან განასხვავებს არა მარტო პლატონური ტრადიციისადმი (ავგუსტინეს გავლენისაგან გამოწვეული) ერთგულება, რომელიც სულიერია და ქრისტიანობასთან შესაბამისია, ვიდრე არისტოტელეს რაციონალიზმი, არამედ გაცილებით ნაკლებ ოპტიმისტური შეხედულება ადამიანის ,,ბუნებრივი“ შემეცნების შესაძლებლობებზე, ე.ი. წარმართულ აზროვნებაზე. ბონავენტურას აზრით, საღვთო გამოცხადების გარეშე ფილოსოფია განწირულია ცდომილებისათვის, თვით საკუთრივ ფილოსოფიურ, არათეოლოგიურ პრობლემატიკაშიც კი.

 

მოძღვრება ღმერთზე

 

ბონავენტურა, ამ მხრივ, სამ საკითხს გამოყოფს. ესენია: 1. ღვთის არსი, ყოფიერება და თვისებები; 2. ტრიადოლოგია; 3. ქრისტოლოგია. პირველი საკითხის შესახებ მას ღვთის არსებობის სამი მტკიცებულება მოჰყავს, რომელიც სათავეს ადრეული სქოლასტიკური ტრადიციისგან იღებს. პირველი მათგანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის არსებობის შესახებ ცოდნა თანდაყოლილი ცოდნაა, რომელიც თვისობრივია, არსებითია ყოველი ადამიანისათვის, რომელსაც გააჩნია ,,ბუნებითი მისწრაფება, ცოდნა და ხსოვნა მისი, ვის ხატად და მსგავსადაცაა შექმნილი. თვით კერპთაყვანისმცემელსაც კი სწამს ღმერთის არსებობა, თუმცაღა არ ესმის, არ იცის, თუ რა არის ღმერთი“. მეორე მტკიცებულება ქმნილი ყოფიერების თვისებებიდან გამომდინარეობს, რომელიც ღვთის არსებობას ,,ხმამაღლა აცხადებს“. მესამე მტკიცებულება ანსელმ კენტერბერიელის ონტოლოგიურ დასაბუთებას ემყარება, რომელიც, თავის მხრივ, გამოძახილია ნეტარი ავგუსტინესეული ჭეშმარიტების მარადიულობის მტკიცებულებისა, რომელიც მოკლედ და სხარტად გამოითქმის შემდეგი ფორმულით: ,,თუ ღმერთი ღმერთია, მაშასადამე არსებობს“ (De mysterio Trinitatis, II 29.5;15). ამ დებულების თანახმად, მხოლოდ აპრიორული, ინტუიტური ცოდნით იძენენ ძალას აპოსტერიორული დასკვნები, ანუ ღვთის წვდომა გულის მეშვეობით უფრო სასურველია, ვიდრე გონების ძალისხმევით. ბონავენტურას აზრით, ღმერთი თავისი არსით არის საკუთარი თავიდან გამომდინარე არსება. არისტოტელესა და თომა აკვინელის კვალად, მას მიაჩნია, რომ ღმრთაებრივი არსება არსების წმინდა აქტია (purus actus entis), ანუ იგია ,,ყოფიერება როგორც ასეთი“ (ipsum esse), ანუ ის რაიმე კერძო ან აბსტრაქტული არსი (ყოფიერება) კი არაა, არამედ იგია წმინდა, მარტივი და აბსოლუტური ყოფიერება (არსი), და ამდენად მარადიული, უაქტუალურესი, უსრულყოფილესი, უცვალებელი და უმაღლესი ხარისხის მქონე ერთი. ღმერთი, – წერს ბონავენტურა, – ,,ყოვლისშემძლე, ყოვლადსამართლიანი, უმშვენიერესი, ყოველივეზე აღმატებული (უაღმატებულესი) უნეტარესი სულია“ (Brevil.1.2), ანუ უზენაესი სიკეთეა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ნაკლოვანებას. ღმერთია ყოველივეს პირველი და უკანასკნელი, საწყისი და საბოლოო მიზეზი. იგი მოიცავს და განმსჭვალავს ყოველ საგანს, ერთდროულად იმყოფება მათ მიღმაც და მათშიც, თავად უძრავი ამოძრავებს სამყაროს. ღმერთი სამყაროში მყოფობს არა თავისი უცვალებელი არსით, არამედ მისგან მომდინარე გავლენის ძალით (Brevil. V.1). ბონავენტურას ამგვარი შეხედულება აშკარა მსგავსებას იჩენს ღვთის და სამყაროს ურთიერთმიმართების მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, კერძოდ, წმინდა გრიგოლ პალამას მიერ ჩამოყალიბებულ სწავლებასთან ღვთის არსისა და შეუქმნელი ენერგიების შესახებ.

 

 

ტრიადოლოგია

 

ყოვლადწმიდა სამების შესახებ ბონავენტურას სწავლება ორ საღვთისმეტყველო ტრადიციას აერთიანებს: ერთია დასავლური, რომელიც ავგუსტინესთან იღებს სათავეს და ანსელმ კენტერბერიელისა და რიშარ სენ-ვიკტორელის მეშვეობით ვრცელდება, და მეორე – აღმოსავლური – ,,აეროპაგიტიკიდან“ და იოანე დამასკელისაგან მომდინარე. პირველი მათგანის გავლენით ბონავენტურა ავითარებს ყოვლადწმიდა სამების ფსიქოლოგიურ ანალოგიას: ადამიანის სული, რომელიც ღვთის ხატადაა შექმნილი, წარმოადგენს სამერთიანობას მეხსიერებისა (memoria), აზროვნებისა (inteligentia) და ნებისა (voluntas), ანუ არჩევანის უნარისა (elective potentia). ღმერთი, როგორც სრულყოფილი სული, სამივე მათგანს ფლობს, რომელიც შეესაბამება მამას, ძესა და სულიწმიდას. ვინაიდან ნება ერთმანეთთან აკავშირებს მეხსიერებასა და აზროვნებას, ამდენად, იგი შეიძლება სიყვარულად სახელვდოთ (amor, caritas). აქედან გამომდინარე, ღვთაებრივი ნება (სულიწმინდა) არის სიყვარული, მამისა და ძის შემაკავშირებელი, და, ამდენად, ორივე მათგანიდან გამომდინარე (გამომავალი). ავგუსტინეს კვალად, ბონავენტურა ყოვლადწმიდა სამების სხვა მსგავს ფორმულირებასაც იძლევა: მარადისობა, ჭეშმარიტება, მადლი, სიბრძნე, ნეტარება, საწყისი, ხატი, ნიჭი და სხვ. (Brevil. I.1). ყოვლადწმიდა სამების ჰიპოსტასთა ამგვარი გაგება – როგორც ერთიანი ღმერთის ბუნებითი თვისებებისა თუ უნარებისა – ბონავენტურას სერიოზულ საფუძველს აძლევს, ამტკიცოს, რომ ყოვლადწმიდა სამება არის სამი თანამარადიული, თანატოლი (თანაზომიერი) და ერთარსება პიროვნება და თითოეული შეურევნელად მყოფობს დანარჩენ ორში, ,,იმავდროულად სამივე ერთი ღმერთია“ (Itin III.5). ყოვლადწმიდა სამების პირებს განუყოფელი ბუნება, ძალა და მოქმედება გააჩნიათ (Brev.I.5). ჰიპოსტასური თვისებებიდან (propria, proprietates personarum) ბონავენტურა ასახელებს მამის ,,არშობილობას“ (უშობელობას, innascibilitas, ingenitus), ძის ,,შობილობას“ (familiaritas, filiacio, generatio) და სულიწმიდის ,,შთაგონებას“ (spiratio), ,,გამომავლობას“ (Brevil. I 3. Itin.III. 6) . პირველი პირი (ჰიპოსტასი) არავისგან არ მომდინარეობს, მეორე იშვება (შობის მეოხებით მოევლინება – per generationem ), მესამე – პირველისა და მეორისაგან გამომავლობით, ანუ შთაგონებით (per spirationem sive processionem) ვლინდება (Brevil. I, 2).

უნდა ითქვას, რომ ტრინიტარული პრობლემისადმი ფსიქოლოგიურ მიდგომას აქვს თავისი როგორც დადებითი, ისე ნაკლოვანი მხარეები და განსხვავებულია მართლმადიდებლური სწავლებისაგან.

აღმოსავლური ღვთისმეტყველების გავლენა ბონავენტურაზე ,,არეოპაგეტიკის“ ლათინურმა თარგმანმა განაპირობა[1], რომლის მსგავსად, მას მიაჩნია, რომ ,,ღმრთაებრივი მადლისათვის ნიშანდობლივი თვისება გადმოღვრაა“ (Itin VI.2 Brevil.I.3). ასეთი წარმოდგენა ბონავენტურამ ღმრთაებრივი განგებულებიდან ღმრთაებრივ არსზე გადაიტანა. მისი აზრით, ღმერთი არ იქნებოდა უმაღლესი სიკეთე, თუ იგი მთლიანად არ გარდმოღვრიდა თავის თავს. ეს ,,თვითგადმოღვრა“ (diffusio, emanatio) ერთდროულად არის ,,მოქმედი და შინაგანი, არსობრივი და ჰიპოსტასური, ბუნებითი და ნებელობითი, თავისუფალი და აუცილებელი, მოუკლებელი და სრულყოფილი“ (Itin. VI.2). ღმერთში, როგორც უმაღლეს სიკეთეში, მარადიულად აღესრულება მოქმედი, არსობრივი და ჰიპოსტასური პროცესი ,,წარმოებისა“ (productio), რომლის შედეგად ძისა და სულიწმიდის ჰიპოსტასები ყოფიერებას იღებენ, რომელთაც მამა გადასცემს ჰიპოსტასურ ყოფიერებას მთელ არსებასა და ბუნებასთან ერთად. ამასთან, ძე იღებს ყოფიერებას ,,შობის სახით“, ხოლო სულიწმიდა – ,,სუნთქვის სახით“. ძე მამის ,,საყვარელია“, სულიწმიდა – ,,თანასაყვარელი“. ეს ყოველივე უფრო მკვეთრად წარმოაჩენს პირთა ჰიპოსტასურობას, ვიდრე ავგუსტინესეული სწავლება და ამის გამო უახლოვდება მართლმადიდებლურ დოგმატიკას. ამ შემთხვევაში ღმრთაებრივი სიყვარული სიკეთის სინონიმია, რომელიც ,,ბუნებითი და ნებელობითი სახით“ გადმოიღვრება სიტყვის (ძის) და ნიჭის (სულიწმიდის) სახით (per modum Verbi et per modum Doni). ბონავენტურას ტრიადოლოგიის მეორე თავისებურებაა წარმოდგენა მამის პირველობაზე, რაც ასევე მართლმადიდებლობასთან სიახლოვეზე მიგვანიშნებს (შდრ. Areop. D. N. I. 5-7). მამა ღმერთი პირველობს არა მარტო იმის გამო, რომ იგი თვით არავისგან იღებს ყოფიერებას, არამედ იმიტომაც, რომ ის ,,ყოვლადსავსე წყაროა“ (plenitude fontalis), ,,პირველი მწარმოებელია“, რომლისგანაც იღებს საწყისს ძე და სულიწმიდა. და ბოლოს, წმინდა იოანე დამასკელის კვალად, ბონავენტურას შემოაქვს სწავლება ღმრთაებრივ პირთა პერიხორესისზე, ანუ მათ უზენაეს ერთობაზე, რომლის წყალობითაც, ერთი პირი აუცილებლობით თანამყოფობს სხვა პირში უსრულყოფილესი ურთიერთგანმსჭვალვის გზით, რაც ყოვლადწმიდა სამების პირთა ერთიან ქმედებას განაპირობებს, როდესაც ერთი პირი მოქმედებს სხვა პირებთან ერთად მათი არსის, ძალისა და ქმედების სრული განუყოფლობით.

 

ქრისტოლოგია

ბონავენტურას თანახმად, იესო ქრისტე განკაცებული ღვთის სიტყვაა. ,,განკაცება არის სამების ქმედება, რომელშიც ღმრთეებამ ხორცი შეისხა და მას შეუერთდა“. ეს არამარტო ადამიანური სხეულის, არამედ გონიერი სულის მიღებაცაა, ყველა მისი თვისებებითურთ. აღმოსავლელ მამათა მსგავსად, ბონავენტურაც ასწავლის, რომ მაცხოვარმა ,,ყველაფერი მიიღო, რათა ყველაფერი განკურნოს“. მისი ხორცის თავისებურება მისი უბიწოდ ჩასახვის გამო უცოდველობა, სრულყოფილი სიწმინდე და უბიწოებაა. ქრისტეს ადამიანური ბუნების სისავსესა და სრულყოფილებას ბონავენტურა უკავშირებს მაცხოვრის ადამიანური სულის ,,მადლისმიერი ნიჭების სისავსეს“. იგი, ისევე როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამტკიცებს, რომ ხორცის შეერთება ღმრთაებასთან ,,გონიერი სულის მეშვეობით“ მოხდა. ღმრთაებრივ და კაცებრივ ბუნებათა შეერთება ქრისტეში აღესრულა არა მათი შერევის ან ერთმანეთში გადასვლის გზით, რაღაც მესამე განსხვავებული ბუნების შექმნით, არამედ ერთ ღმრთაებრივ ჰიპოსტასში ორი ბუნების შეურევნელი, შეურწყმელი, განუყოფელი და განუყრელი (განუცალკავებელი) ერთობით. ჰიპოსტასური ერთობის გამო ერთი და იგივეა ძე ღვთისა და ძე კაცისა და რაც ითქმის პირველზე, იგივე ითქმის მეორეზეც. ამაში მდგომარეობს, ბონავენტურას თქმით, ,,თვისებათა ურთიერთმიმართება“ (communicatio idiomatum), ამიტომაც ყოვლადწმიდა ქალწული ჭეშმარიტად იწოდება ღვთისმშობლად. როგორც ვხედავთ, ბონავენტურას ქრისტოლოგიის უმთავრესი დებულებები მთლიანად თანხვდება ქრისტოლოგიური დოგმატის მართლმადიდებლურ გაგებას.

 

 

სწავლება შესაქმესა და ქმნილ ყოფიერებაზე

ბონავენტურა, ისევე როგორც, ზოგადად, ქრისტიანული სწავლება, ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა არაფრისაგან, რაც თავისთავად გამორიცხავს მატერიის მარადიულობასა და შეუქმნელობას. მატერიაზე მსჯელობისას ბონავენტურა თომა აკვინელისაგან განსხვავებულ აზრს ავითარებს. ავიცებრონისა და ალექსანდრე ჰალესელის კვალად, მას მიაჩნია, რომ მატერია სულიერი არსებებისთვისაცაა ნიშნეული, ვინაიდან, რადგან იგი შექმნილია, უკვე აღარაა აბსოლუტურად მარტივი (ასეთი მხოლოდ ღმერთია). იგი პოტენციისა და აქტისაგან შედგება, მაგრამ შეიძლება ეს ცნებები მატერიისა და ფორმის ცნებებით იქნეს შეცვლილი, ასე რომ, სულიერი არსებებიც მატერიისა და ფორმის ნაერთებად გვევლინებიან. ნებისმიერი არსება ფორმის წყალობით ეზიარება განსაზღვრულობასა და ნამდვილ ყოფიერებას, რასაც თავისი მტვირთველი, სუბსტრატი ესაჭიროება და სწორედ ესაა მატერია. აქედან გამომდინარე, თუ სულიერი არსება ნამდვილი და განსაზღვრული არსებაა, მატერიის გარეშე ვერ იარსებებს. მართალია, სულიერ არსებებში მატერია წარმოქმნისა და ხრწნილების პროცესს არ ექვემდებარება და არც რაოდენობის კატეგორიაზე დაიყვანება, მაინც, საბოლოოდ, სულიერი მატერია სხეულებრივისაგან არ განსხვავდება. ერთი და იგივე მატერია გვევლინება როგორც სულიერ, ისე სხეულებრივ არსებათა საფუძვლად. ამიტომაც ყველა არსებაში მატერიის ერთიანობა უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არა მისი იგივეობა. მაგალითად, თუ ოქროს ერთი და იმავე ზოდისგანაა გაკეთებული სხვადასხვანაირი ჭურჭელი, მაგრამ ოქრო, რომლისგანაც გაკეთებულია ერთი ჭურჭელი, იგივე როდია, რომლისგანაც მეორე ჭურჭელია გაკეთებული. ასევე ყველა სულიერი და სხეულებრივი არსების მატერია ერთნაირია, მაგრამ ის სხეულებრივ არსებებში იგივე როდია, რაც სულიერში.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბონავენტურა უარყოფს სამყაროს მარადიულობისა და დაუსაბამობის შესაძლებლობას. თუ ვაღიარებთ, – ამბობს ის, – რომ მატერია, რომლისგანაც შექმნილია სამყარო, მარადიულად არსებობს ღმერთის გარეთ და მისი შეწევნის გარეშე, მაშინ იძულებულნი ვიქნებით, სამყაროს მარადიულობა და დაუსაბამობაც ვაღიაროთ. მაგრამ ეს ვარაუდი მცდარია. შეუძლებელია მატერია მარადიული იყოს. სამყარო ფორმითაც და მატერიითაც ღმერთმა არაფრისგან შექმნა. რაც უფრო მაღალი და სრულყოფილია მიზეზი, მით უფრო სრულია მისი მოქმედება. უზენაესი და უსრულქმნილესი მიზეზიდან კი მოქმედებაში უნდა გადავიდეს ყოველივე ის, რასაც ეს მიზეზი იმარხავს, ანუ ეს ნიშნავს, რომ უზენაესი მიზეზის მოქმედება ფორმაზეც ვრცელდება და მატერიაზეც. მათ ღმერთი ქმნის. და თუ ეს ასეა, მაშინ ვარაუდი, რომლის თანახმადაც სამყარო მარადიული და დაუსაბამოა, გონებასა და ჭეშმარიტებას უპირისპირდება, რადგან შინაგანი წინააღმდეგობის შემცველია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მარადიული არსებობა მიეწერება იმას, რასაც წინ უსწრებს არარსებობა. მაგრამ სწორედ ამნაირია ღმერთისაგან შექმნილი სამყარო. გამოთქმა ,,არაფრისაგან“ შეიძლება მარტოოდენ გარკვეულ რიგს აღნიშნავდეს, ე.ი. იმას, რომ უწინ არაფერი ყოფილა და მხოლოდ შემდეგ, ღმერთის წყალობით, რაღაცა ეზიარა არსებობას. ამრიგად, სამყაროს არსებობას ნამდვილად წინ უსწრებდა არარსებობა. ასე რომ, ვარაუდი, რომლის თანახმადაც, სამყარო მარადიულია და დაუსაბამო, აშკარად შინაგანი წინააღმდეგობის შემცველია, – დაასკვნის ბონავენტურა.

 

ღმერთი არის სამყაროს მოქმედი (efeciens), ფორმალური (exemplaris) და მიზნობრივი (finalis) მიზეზი. ბონავეტურა ამ სამ მიზეზს სამ ქმედებას უკავშირებს: ქმნადობას (creatio), განყოფას (distinctio) და შემკობას (ornatus), რომელსაც, თავის მხრივ, ქმნილი სამყაროს შემდეგი თვისებები შეესაბამება: ერთიანობა (unitas), ჭეშმარიტება (veritas) და სიკეთე (bonitas). იმის გამო, რომ ღმერთს სამყარო საკუთარი თავიდან არ შეუქმნია, ეს უკანასკნელი მისგან ძირეულად განსხვავებულია. თავისი არსით, იგი (ქმნილება) შემთხვევითია, შედგენილია და ღმერთზეა დამოკიდებული.

 

ქმნილი საგნები თავის თავში ღმერთს ასახავენ, რადგან ისინი ღვთის მარადიული იდეების, ანუ ნიმუშების მიხედვით არიან შექმნილნი. ეს იდეები, ანუ უნივერსალიები, ბონავენტურას მიხედვით, სამგვარად არსებობენ: საგნებამდე (მარადიულ ღვთაბერივ ჩანაფიქრში), საგნებში (მატერიაში) და შემმეცნებელ გონებაში (სულში). მთელი მატერიალური სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა, რათა ეს უკანასკნელი მისგან ღმერთამდე ამაღლდეს. ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, სული – პოტენციისა და აქტისაგან. ამგვარი ორგვარობა ხელს არ უშლის სულისა და სხეულის ერთობას. სულს სამი მთავარი ძალა გააჩნია: მცენარეული, გრძნობადი და გონებრივი (Brevil. IV.2).

 

ამარტოლოგია და სოტერიოლოგია

ცოდვა, როგორც ნაკლულოვანება და ბიწიერება (defectus et corruptela), ბონავენტურას მიხედვით, კეთილ ადამიანში აღმოცენდა (წარმოიშვა) მაშინ, როცა მისმა თავისუფალმა ნებამ თავდაპირველი ზნეობრივი წესრიგი დაარღვია და ჭეშმარიტ სიკეთეს (ღმერთს) განუდგა. ცოდვით დაცემა შედეგია ადამის მიერ ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა, რასაც სასჯელი – სიკვდილი მოჰყვა. ადამიანის სულიერი მდგომარეობა მშვინვიერითა და ხორციელით შეიცვალა. ბონავენტურა, ავგუსტინეს კვალად, ამბობს, რომ ადამიანური გონება უმეცრების ტყვედ იქცა, ნება – ურჩობისა, სხეული კი – ხორციელი ტკბობისა. ,,პირველქმნილი დანაშაული“ (culpa originalis) პირველკაციდან მთელ კაცობრიობას გადაეცა, რომელმაც ამას თავისი პიროვნული ცოდვები დაუმატა (peccata actualia). ამგვარი მდგომარეობიდან ადამიანის აღდგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დაუბრუნდებოდა: 1. სულის უმანკოება (mentis innocentiam), 2. მეგობრობა (Dei amicitiam) ღმერთთან და 3. აღმატებული მდგომარეობა (excelentiam), რომლებიც მას მაშინ გააჩნდა, როდესაც მხოლოდ ღმერთს ემორჩილებოდა (soli Deo suberat).

 

პირველი პირობა დანაშაულის მიტევებით (demiss culpa) აღმოიფხვრებოდა. იგი ,,საკმარისი დაკმაყოფილების“ (satisfactionem condigram) გზით იყო შესაძლებელი. მისი აღსრულება ღვთის გარდა არავის შეეძლო, მაგრამ ამ აქტში მონაწილეობა უნდა მიეღო ადამიანსაც, რომელმაც შესცოდა, ამიტომ უმაღლესი მიზანშეწონილობა (congruentisssimum) იქნებოდა, რომ ეს ყოველივე ღმერთკაცის მიერ აღსრულებულიყო. ასევე, ღმერთკაცებრივი ქმედება იყო საჭირო მეორე და მესამე პირობათა აღსასრულებლად. სამივე პირობა განკაცებული ძე ღვთისას მიერ აღესრულა, რითაც მიენიჭა სრული აღდგენა (reparatio) და ხსნა (salus). წმინდა ათანასე დიდის მსგავსად, ბონავენტურა იტყვის, რომ როგორც ყოველივე შექმნა ღმერთმა თავისი შეუქმნელი სიტყვით, ისევე ააღორძინა და განკურნა ყოველი თავისი განხორციელებული, განკაცებული ძის მიერ. ხსნის ნაყოფის მისაღებად ადამიანს, ბონავენტურას აზრით (ავგუსტინეზე დაყრდნობით), ოთხი ფაქტორის არსებობა სჭირდება: მადლის გადმოღვრა, დანაშაულის ამოძირკვა, შემუსვრილობა გულისა და თავისუფალი არჩევანის უნარი (infusio gratiae, expulsio culpae, contritio et motus liberi arbitri – brev. V.3). უფლის მადლი ადამიანზე მხოლოდ ამ უკანასკნელის თავისუფალი თანხმობის შემდეგ გადმოდის, ცოდვა მადლის მიერ წარიხოცება და არა ადამიანის თავისუფალი არჩევნით, მაგრამ არა მის გარეშე.

 

 

მოძღვრება შემეცნებაზე

ბონავენტურას გნოსეოლოგია უმჭიდროვესად უკავშირდება მის მისტიკას, რომელიც ავგუსტინესა და ,,არეოპაგეტიკას“ ემყარება. მისი მისტოლოგია ყველაზე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული თხზულებაში – ,,გონების გზა ღმერთისაკენ“. სენ-ვიქტორის სკოლის წარმომადგენლების (უპირველეს ყოვლისა, რიშარ სენ-ვიქტორელი) ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე, რომელთა თანახმადაც, ერთმანეთისაგან განირჩევა განსჯა (cogitatio), აზროვნება (meditatiao) და ჭვრეტა (contenplatio), წარმოსახვის, გონებისა და ინტელექტის შესაბამისად, ბონავენტურამ ჩამოაყალიბა სწავლება, რომელშიც იგი ცდილობს, თვალი გაადევნოს ჭვრეტის გზას და გვიჩვენოს მისი თანდათანობითი აღმასვლა. ჭვრეტის წინაპირობად, ღმერთის მხრივ, მადლი გვევლინება, ადამიანის მხრივ კი – გულმხურვალე ლოცვა და წმინდა ცხოვრება. სწორედ ამ ორი პირობის ერთობაა ჭვრეტის სათავე, დასაბამი. ჭვრეტის გზა იგივეა, რაც, ზოგადად, შემეცნებისა, რომელიც ქმნილი საგნებით იწყება და საფეხურებრივად თანდათან ღმერთამდე მაღლდება. ზეაღმავალი კიბის ქვედა საფეხურად სხეულებრივი საგნები გვევლინებიან, ზედა საფეხურად – სულიერი, ხოლო მესამე – უმაღლეს საფეხურზე – ჩვენ უშუალოდ ღმერთთან გვიწევს შეხება. ამის შესაბამისად, ჭვრეტაც სამ საფეხურს გაივლის: თავდაპირველად იგი გარეშე სხეულებრივი სამყაროსკენაა მიმართული, რათა მასში განვჭვრიტოთ ღმერთი, რომლის ნაკვალევიც ამ სამყაროში ვლინდება. შემდეგ საკუთარ თავს უნდა მივუბრუნდეთ და ჩვენსავე სულში განვჭვრიტოთ უფალი. და ბოლოს, უშუალოდ უზენაესს უნდა მივაპყროთ მზერა.

 

ამ სამი საფეხურიდან თითოეული, თავის მხრივ, ორად იყოფა. საბოლოოდ ვიღებთ ჭვრეტის ექვს საფეხურს, რომელიც წყვილ-წყვილად ჯგუფდება: 1. გონება ღმერთს ჭვრეტს ნაკვალევის მიხედვით (per vestigium). ის გარე სამყაროში ყველგან საგანთა ზომას, წონას, რიცხვსა და, მათი სრულქმნილების მიხედვით, უწყვეტად აღმავალ რიგს ხედავს, რაც გონებას ღვთაებრივი ძალმოსილების, სიბრძნისა და სიკეთის ჭვრეტად მიაქცევს; 2. გონება ღმერთს ჭვრეტს ნაკვალევში (in vestigio), როდესაც ვუკვირდებით, თუ როგორ იბადებიან ჩვენში გარეგან საგანთა ხატებანი და მათი ჭვრეტით აღძრული სიამოვნების გრძნობა, ჩვენი სული მაღლდება ძე ღვთისას – მამის ჭეშმარიტი გამოხატულების ჭვრეტამდე და იმ უსასრულო ნეტარებამდე, რომლითაც მამა ტკბება ძეში, ძე კი – მამაში; 3. გონება ჭვრეტს ღმერთს ხატის მიხედვით (per imaginem). როდესაც ჩვენსავე სულს ვაკვირდებით და მის ინტელექტუალურ ძალებსა და ქმედითობაზე ვახდენთ ყურადღების კონცენტრირებას, ჭვრეტა აუცილებლობის ძალით მაღლდება ღმერთამდე.

ბონავენტურას მიხედვით, ინტელექტუალური აზროვნება (ჭვრეტა) ცნებით, მსჯელობითა და დასკვნით გამოიხატება, რომელთა გულდასმით განხილვას ღმერთამდე მივყავართ.

ცნებაში ჩვენ მხოლოდ განსაზღვრულ არსებობას ვწვდებით, რაც იმის გამოა შესაძლებელი, რომ გონება საერთოდ (ens perse) ფლობს არსებობის ცნებას, და რადგან არსებულს შევიცნობთ არა მარტო როგორც სრულყოფილს, არამედ როგორც არასრულყოფილსაც, არა მარტო როგორც უცვლელს, არამედ როგორც ცვალებადსაც და ა. შ., და რადგან უარყოფითი მხოლოდ დადებითის მეშვეობით შეიმეცნება, ჩვენ უსათუოდ უნდა გაგვაჩნდეს უსრულქმნილესი არსების ცნება, რათა შეგვეძლოს არსებულის შემეცნება საერთოდ. ასე რომ, მარტოოდენ ცნებაც კი მიგვითითებს უსრულქმნილესი არსებისაკენ – ღმერთისაკენ[2].

იგივე ითქმის მსჯელობაზეც. ესა თუ ის დებულება ჩვენთვის მხოლოდ მაშინაა სარწმუნო, როცა თვალნათლივ ვხედავთ, რომ საქმე სწორედ ისეა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და არა სხვაგვარად, ანუ ჩვენ მიერ გამოთქმული დებულება აუცილებელი და უცვლელი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამ უცვალებლობასა და აუცილებლობას ჩვენ ვერ ვპოულობთ საკუთარ გონებაში, რადგან ის შემთხვევითია და ცვალებადი. ამიტომ ჩვენ ჭეშმარიტებას შევიცნობთ მხოლოდ აუცილებელსა და უცვლელ ნათელში, ,,რომელი განანანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (ინ. 1.9). ასე რომ, მსჯელობასაც ღმერთთან მივყავართ.

და ბოლოს, თუ გონება ამტკიცებს, რომ ის ხედავს აუცილებლობას, რომლითაც დასკვნა წანამძღვებიდან გამომდინარეობს, მაშინ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიდან იღებს ეს აუცილებლობა დასაბამს? რა თქმა უნდა, არა საგნებიდან, რადგან ისინი შემთხვევითნი არიან. მაშასადამე, გონება ამ აუცილებლობას მხოლოდ საგანთა იმ მარადიულ პირველნიმუშთა შორის შეიძლება ჭვრეტდეს, რომელნიც ღმერთში მყოფობენ და საკუთარ თავში შეიცავენ საგანთა აუცილებელ თანაფარდობებს. ამრიგად, აზროვნების ამ ქმედითობასაც ღმერთამდე მივყავართ[3].

ის, რაც ინტელექტუალურ ქმედითობაზე ითქმის, ნებელობის მოქმედებასაც ესადაგება. არჩევანს ყოველთვის განსჯის საფუძველზე ვახდენთ, რისი მეშვეობითაც განვსაზღვრავთ, უამრავ სიკეთეთა შორის რომელია უპირატესი. მაგრამ რაკი სიკეთე მხოლოდ იმის წყალობითაა მეორე სიკეთეზე უპირატესი, რომ უფრო ახლოს დგას ყველაზე უკეთესსა და სრულქმნილთან, ამიტომ აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს ყველაზე უკეთესისა და ყველაზე სრულქმნილის ცნება, რათა შეფასება და არჩევანი შევძლოთ. მაშასადამე, ნებელობის განხილვასაც ღმერთთან მივყავართ.

უფრო მაღალ საფეხურზე გონება ღმერთს ხატებაში ჭვრეტს. ამ დროს იგი თავის ყურადღებას სულის ბუნებრივი სიცოცხლისაკენ მიმართავს. სულს ებოძა ისეთი სათნოებანი, როგორიცაა: რწმენა, სასოება და სიყვარული. ამის მეშვეობით გონება აზრით სწვდება იმას, ვინც სულის ამ ზებუნებრივი სიცოცხლის მიზეზად გვევლინება.

და ბოლოს, უმაღლეს საფეხურებზე გონება თავს ზემოთ ჭვრეტს ღმერთს. ის უკან იტოვებს ნაკვალევსაც, ხატებასაც და უშუალოდ უზენაესის ჭვრეტად მიმართავს სულიერ მზერას.

მისტიკური ჭვრეტის გზა ადამიანის სულის ამაღლების სამ საფეხურს მოიცავს: 1. განწმენდა (purgatio), 2. განათება (illumanitio) და 3. სრულქმნილება (perfectio).

ჭვრეტის უმაღლეს საფეხურად ექსტაზი გვევლინება, რომლის დროსაც გონება გადალახავს თავის საზღვრებს, გრძნობადი თუ ინტელექტუალური შემეცნების ყველა უნარზე მაღლდება, უკან იტოვებს ყოველგვარ გრძნობადისა თუ ზეგრძნობადის, ყოფიერებისა თუ არყოფნის, არსისა თუ არარსის სფეროს და მთლიანად ინთქმება ღმერთის იმ უზენაესი ერთობის ჭვრეტაში, რომელიც ყოველგვარ არსებობასა თუ ცოდნაზე უმაღლესია. არავინ იცნობს ამ მდგომარეობას, გარდა იმისა, ვისაც თვითონვე განუცდია იგი, ვისთვისაც ღმერთს უბოძებია ეს მადლი.

 

ბონავენტურას პრაქტიკული მოღვაწეობა და გავლენა

ბონავენტურას ფრანცისკანელთა ორდენის მეორე დამაარსებლად მიიჩნევენ. ეს სახელი მან უფრო იმის გამო კი არ დაიმსახურა, რომ მოახდინა ორდენის წესდების რეფორმა, არამედ იმიტომ, რომ გააანალიზა ფრანცისკე ასიზელის ცხოვრება და იდეალები, მოძღვრებითად ჩამოაყალიბა და საკუთარ პრაქტიკულ ცხოვრებაში დანერგა. ქრისტიანული ცხოვრება ბონავენტურასათვის ,,ქრისტეს მიბაძვაა“ (imitatio Chriti). ამ პრინციპის დამკვიდრებისათვის ის ავგუსტინესეულ ,,ეგზემპლარიზმს“ მიჰყვება, რომლის არსიც შემდეგია: როგორც მარადიული და შეუქმნელი სიტყვა ღვთისა არის ნიმუში, რომელთან თანხმობითაც იქმნება სამყარო, ასევე განკაცებული სიტყვა თავისი მიწიერი ცხოვრებით არის მაგალითი, რომელსაც ქრისტიანმა უნდა მიბაძოს. ღმერთმა სამყარო მარადიული პირველნიმუშის შესაბამისად შექმნა, რამდენადაც არც ერთ ქმნილებას ძალუძს ღვთაებრივი პირველნიმუშის მთლიანი, სრულყოფილი გამოხატვა, ამდენად ისინი განსხვავებული დონით არიან ნაზიარები უმაღლეს სიკეთეს. მსგავსად ამისა, ღვთის განკაცებულ სიტყვას, როგორც მადლის, სიწმინდისა და სიბრძნის წყაროს, ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა სტადია შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სრულყოფილებასთან ყველა ადამიანია წილნაყარი, მისი მიღწევა მთლიანად, სრულად, არავის ხელეწიფება. ამის შესაბამისად, ქრისტესადმი მიბაძვის სხვადასხვა საფეხური არსებობს. სწორედ ამის გამო სამონაზვნო ცხოვრებაც კათოლიკური ეკლესიის წიაღში მრავალფეროვანია, ვინაიდან არც ერთ სამონაზვნო ორდენს არ შეუძლია ქრისტეს სრულყოფილების სრული ასახვა, გამოხატვა. მიუხედავად ამისა, კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, ყოველი სამონაზვნო ორდენი არის სრულყოფილების სკოლა, რომელიც ისწრაფვის ბერი ქრისტეს მიამსგავსოს.

ბონავენტურას ფრანცისკე ასიზელის ცხოვრება ქრისტესადმი მიბაძვის კონკრეტულ მაგალითად მიაჩნდა. იგი, როგორც ორდენის გენერალი, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ბერთა ცხოვრების გარეგნულ მხარეებსა და ორგანიზაციას. მისი ძალისხმევა შინაგანი ლოცვისმიერი ძალის აღზევებისაკენ იყო მიმართული.

ბონავენტურამ დიდი გავლენა მოახდინა XIII-XIV სს-ების ღვთისმეტყველებზე. იგი განიხილებოდა, როგორც სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელი და მასწავლებელი, განსაკუთრებით, ჩრ. ევროპაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.

ბონავენტურას მოძღვრება ავგუსტინიზმის ტრადიციის გაგრძელებაა, რომელმაც სათავე დაუდო შუა საუკუნეების სქოლასტიკის ფრანცისკანულ მიმდინარეობას, როგორც თომიზმიდან დაპირისპირებულს. მიუხედავად დასავლეთის სქოლასტიკაში ამ უკანასკნელის აღზევებისა და გაბატონებისა, ბონავენტურას დაუცხრომლად მიმართავდნენ მისტიკური ორიენტაციის მქონე ფილოსოფოსები და თეოლოგები, რომელნიც თომისტური რაციონალიზმის ექსპანსიის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

 

————–

 

[1] ,,არეოპაგეტიკული კორპუსი მე-9 საუკუნეში ლათინურად იოანე სკოტუს ერიუგენამ (810-877 წწ.) თარგმნა.

[2] ჩვენი აზრით, ბონავენტურას ეს მსჯელობა ღვთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

[3] როგოც ვხედავთ, აქ აშკარად იგრძნობა პლატონის გავლენა.

 

მსგავსი სტატიები:

ეტიენ ჟილსონი

ტეიარ დე შარდენი

Print Friendly

Comments are closed.