ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?

church+calendarავტორი: ზურაბ ჯაში

ჩვენს ბლოგზე განთავსებულმა სტატიამ „კალენდრული საკითხის შესახებ“, სადაც ავტორი აბათილებს დეკანოზ ბიძინა გუნიას მიერ თავის პუბლიკაციაში მოყვანილ ასტრონომიულ არგუმენტებს იულიუსის კალენდრის სიზუსტის თაობაზე, პატივცემულ დეკანოზში გამოიწვია უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საკითხის განხილვა მხოლოდ წმინდა ასტრონომიული ხასიათის. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ნახსენები პუბლიკაციის ავტორი არის ასტროფიზიკოსი და ამიტომ მან მამა ბიძინას სტატიის კრიტიკული ანალიზი მეცნიერების თვალთახედვით შემოგვთავაზა, ფაქიზად აუარა გვერდი საღვთისმეტყველო მხარეს, რითიც შეინარჩუნა ჩვენი ბლოგის შესაძლო მაქსიმალური კომპეტენციის პრინციპი. ახლა გვსურს ეს ხარვეზიც აღმოვფხვრათ და შემოგთავაზოთ აღნიშნული პუბლიკაციის კრიტიკული განხილვა ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკის და საეკლესიო კანონიკის კონტექსტში.

ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?

ქრისტიანობა დაიწყო სწორედ ადამიანის ღირებულების რჯულის წესებზე მაღლა დაყენებით. სახარებებში მაცხოვარი ყველაზე თვალსაჩინო მოძღვრებას გვაძლევს ამ საკითხთან დაკავშირებით. პავლე მოციქულის თითქმის ყველა ეპისტოლეს მსჯელობის ძირითადი საგანიც ეს გახლავთ. და ამაზე მოწმობს მთელი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ტრადიციაც. მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისტორიაში მავანთა უპასუხისმგებლობის გამო ღვთის ცხოველმყოფელი ცეცხლისთვის ნაცრის წაყრა და მისი საღვთო ნიჭის მიწაში დამარხვა, ისე რომ საუკუნეების შემდეგ უკვე ძალიან ძნელი ხდება მისი ხელახლა აღდგენა. ასეთი ტრაგიკული შედეგები მივიღეთ კალენდრული სისტემის საეკლესიო ლიტურგიულ ცხოვრებაში გამოყენებასთან დაკავშირებითაც. უკვე თითქმის მთელი საუკუნეა მართლმადიდებელი ეკლესიის საუფლო კვართის დახევას ლამობენ ადამიანები, რომლებიც არათუ უბრალოდ არ იცნობენ საეკლესიო გადმოცემას ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ საჭიროდაც არ თვლიან კითხვით მიმართონ ეკლესიის მრავალ საუკუნოვან ისტორიულ ცნობიერებას: “როგორც მე ვფიქრობ, ასე ფიქრობდნენ წმინდა მამები და თვით სულიწმინდაც” _ ეს არის მათი მსჯელობის ერთადერთი ლოგიკა.

დიახ, სწორედ თვით ღმერთს მიაწერენ თავიანთ ცთომილებას, როგორც ეს ასე ღიად არის გამოცხადებული დეკანოზ ბიძინა გუნიას წერილში “იულიუსის კალენდრის საკითხისათვის”. აქ ავტორს პირველივე გვერდზე მისი პოზიციის სრული შეუვალობის დასამოწმებლად მოაქვს ციტატა სახარებიდან: “და ყოველმან, რომელმან თქუას სიტყუა ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობელსა არა მიეტეოს” (ლუკ. 12, 10). ასეთ მგმობელთა შორის იგი შერაცხს არც მეტი არც ნაკლები ახალი მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიმდევრებს, რომელთა მიერ სულიწმინდის გმობა “ორი ნიშნით ხასიათდება და ნიშნავს: პირველი _ ღვთაებრივ საქმეთა (რომელთა აღსრულება მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება), აშკარა ჭეშმარიტებათა უარყოფას, და მეორე _ განბოროტებით ამ საქმეთა შეურაცხყოფას, მათ აღმსრულებლად ბელზებელის (დემონის) მიჩნევას” (იულიუსის კალენდრის საკითხისათვის, . . გვ. 7).

მამა ბიძინა აქ გულისხმობს ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში გამოთქმულ ეჭვს აღდგომის ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამ სტატიაზე, და ეს არც არის ამჯერად მნიშვნელოვანი. მთავარი არის ის, რომ პატივცემული დეკანოზი ცეცხლის გადმოსვლის სასწაულს მიიჩნევს იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ მხოლოდ იულიუსის კალენდარი არის ღვთისთვის სათნო და ამდენად ამ კალენდრის უარყოფა სულიწმინდის გმობის ტოლფასია.

ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის ისტორიის განმავლობაში უამრავი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სადავო საკითხი იქნა წამოჭრილი (არა მხოლოდ ასეთი წვრილმანი პრაქტიკული არამედ დოგმატური მნიშვნელობის), მაგრამ არასოდეს არცერთ წმინდა მამას ან საეკლესიო კრებას არ გამოუყენებია სასწაული მწვალებლების წინააღმდეგ მათი პოზიციის მართლმადიდებლურობის დასამტკიცებლად. ამასთან დაკავშირებით უპრიანი იქნება მოვიყვანოთ წმინდა მაკარი ეგვიპტელის სწავლება, საიდანაც ნათელი გახდება, რა შეზღუდვები აქვს სასწაულის გამოყენებას ადამიანის თავისუფლების სასარგებლოდ:

მოციქულები შედიოდნენ რომელ ქალაქშიც შედიოდნენ, იქ ატარებდნენ გარკვეულ დროს და ზოგიერთ სნეულს კურნავდნენ, ზოგიერთს არა. თვითონ მოციქულებს ეწადათ ყველა აღედგინათ მკვდრეთით და ყველა სნეული განეკურნათ, მაგრამ მათი სურვილი არ სრულდებოდა. მსგავსადვე პავლესაც, როდესაც ერის მმართველის მიერ იქნა დატუსაღებული, მასთან მყოფ მადლს რომ მოესურვა, როგორც ადამიანს, ვისშიც მკვიდრობდა სულიწმინდა, შეეძლო შეემუსრა როგორც ერის მმართველი, ასევე კედლებიც; მაგრამ ამის ნაცვლად მოციქული დაწნული კალათით გაიპარა (2 კორ. 11, 33). მაშ, სად არის მასში მყოფი ძალა? ეს ხდებოდა ღვთის განგებულებით, რომ ზოგჯერ მოციქულები ჩადიოდნენ სასწაულებს, ზოგჯერ კი უძლური იყვნენ: რათა ასე წარმოჩენილიყო რწმენის სხვაობა მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის, გამოცდილიყო ადამიანის თავისუფლება და გამოაშკარავებულიყო, თუ ვინ ბრკოლდებოდა მათი უძლურებით. მოციქულებს რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც მათ სურდათ, მაშინ ნიშნებით და მათი ნება-სურვილით განამტკიცებდნენ ადამიანებს ღვთისმოსავობაში როგორც რამ თავისუფლების შემზღუდველი ძალადობით, და ადგილი არ ექნებოდა არ რწმენას და არც ურწმუნოებას. ქრისტიანობა კი არის ლოდი დაბრკოლებისა და ლოდი საცთურის. (Преп. Макарий Египетский, Творения, Москва, 2002, с.386)

აქედან ჩანს, რომ სასწაული არის სხვა არაფერი თუ არა დიალოგი ღვთის განგებულებისა და ადამიანის თავისუფლების, და არა რაიმე ბუნებრივი ობიექტური მოვლენა, რომელიც ხდება იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს მასზე. მაგალითად, ქარი ქრის, ან მეხი ეცემა სადმე ჩვენი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად. მაგრამ როდესაც ქრისტე კურნავდა სნეულებს, ყოველთვის ეკითხებოდა: გწამს? ასე რომ, თუ რაიმე აუცილებელი გარემოებების გამო ეკლესიის კრებული შეცვლის ამა თუ იმ დღესასწაულის აღნიშვნის დღეს (რაც ხდებოდა კიდევ ეკლესიის ისტორიის განმავლობაში), მადლიც და სასწაული მოვა ამ ცვლილებასთან შესაბამის თანხმობაში.

ჩვენს ინტერნეტ საიტზე უკვე ორი სტატია გამოქვეყნდა საეკლესიო კალენდრის საკითხთან დაკავშირებით, ერთი საღვთისმეტყველო (მღვდელ ვლადიმირ ხულაპის ავტორობით), მეორე სამეცნიერო-ასტრონომიული ხასიათის (პროფესორ ზაზა ოსმანოვის ავტორობით), რომლებშიც ნათლად არის წამორჩენილი გრიგორიანული კალენდრის როგორც საღვთისმეტყველო გამართლება მართლმადიდებლური ტრადიციის თვალსაზრისით, ასევე მისი ასტრონომიული სიზუსტე იულიუსის კალენდართან შედარებით. თუმცა, მამა ბიძინამ არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია სტატია საღვთისმეტყველო პოზიციებიდან. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ კვლავ გამოვხმაურებოდით ზემოხსენებულ ნაშრომს და დეტალურად გაგვეცა პასუხი მასში წამოყენებული არგუმენტებისათვის.

ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადია, ამ ნაშრომის არცერთი არგუმენტს არ გააჩნია რამდენადმე მყარი საფუძველი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო და კანონიკურ ტრადიციაში. მეტიც, ასეთი აგრესიული და შეუვალი პოზიცია ე.წ. რეფორმირებული თანამედროვე საეკლესიო კალენდრის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია დღევანდელი მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობაში, არის მსოფლიო ეკლესიაში შფოთისა და განხეთქილების შემომტანი.

ჩვენი მსჯელობა თანმიმდევრულად განიხილავს მამა ბიძინას საღვთისმეტყველო არგუმენტებს (ჩვენ არ დავიბრალებთ ასტრონომობას და არ შევეხებით ნაშრომის ფსევდო-მეცნიერულ არგუმენტებს). ამრიგად, პირველად ვაჩვენებთ მისი პოზიციის წმინდა წერილით დასაბუთების სრულ უსაფუძვლობას. შემდეგ ჩვენი მსჯელობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა რჯულის კანონის და ეკლესიის ისტორიის საღვთისმეტყველო გამოცდილებას. ბოლოს, დავჯერდებით მხოლოდ ავტორის მიერ ციტირებული დიდი წმინდა მამის, იოანე ოქროპირის ხელახლა ციტირებით და დასკვნების გამოტანას ტექსტიდან ისედაც ცხადი ისტორიული კონტექსტის მოშველიებით.

  1. დასაბუთება წმინდა წერილზე დაყრდნობით.

თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთვის გაუგებარია ავტორის მიერ თავის მსჯელობაში წმინდა წერილის გამოყენების ლოგიკა. იგი საერთოდ არ ახსენებს წმინდა წერილს კალენდართან დაკავშირებით, არამედ მას უფრო მისი სავარაუდო ოპონენტების დასაშინებლად იყენებს და მოაქვს ზემოთ შესავალში ციტირებული ადგილები სახარებიდან. ამიტომ, ვეცდები ჩვენ შევავსოთ ეს ნაკლი და მოვიძიოთ შესაბამისი ადგილები წმინდა წერილიდან, რომლებიც შეიძლება მისადაგებულ იქნას ჩვენი პრობლემატიკისადმი.

წმინდა ოქროპირმა მშვენივრად შენიშნა, თუ როგორ შემზადებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელის ერს მხსნელის მისაღებად, როდესაც მათ საღვთო მცნებების აქცენტი რჯულის წესების შესრულებიდან მოწყალების გაღებაზე გადაიტანეს. მართლაც, კარგად ჩანს, თუ როგორ თანდათან კარგავს მოსეს დროს დადგენილი მსვერპლშეწირვის და დღესასწაულების ტაძრული კალენდრის მიხედვით აღნიშვნა თავის ღირებულებას უფლის თვალში, და მისთვის სხვა ღირებულებები ხდება უფრო ფასეული. ასე ვკითხულობთ წინასწარმეტყველ ამოსთან (5-ე თავში):

  1. მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს. 11. ამისთჳს მის წილ, რომელ დაჰქენჯნიდეს გლახაკთა და ძღუენთა რჩეუთა შეიწყნარებდით მათგან, სახლნი ხუეწილნი აშენენით და არ დაემკჳდრნეთ მათ შინა; ვენაჴოვანნი გულისსათქმელნი დაჰნერგენით და არა ჰსუათ ღჳნოჲ მათი, 12. რამეთუ ვცნენ მრავალნი უთნოობანი თქუენნი და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი, დამთრგუნველნი მართლისანი, მიმხუმელნი საცვალებელთანი და დავრდომილთანი შორის ბჭისა მიმდრეკელნი 13. ამისთჳს, რომელი გულისჴმა-ჰყოფდეს, მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს 14. გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რათა სცხონდეთ და იყოს ესრეთ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, თქვენ თანა, ვითარსახედ სთქუთ. 15. უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი. 16. ამისთჳს, – ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, შორის ყოველთა უბანთა ტყება, და შორის ყოველთა გზათა ითქუას: ვაჲ, ვაჲ. წოდებულ იქმნეს მუშაკი გლოვად და ტყებად და მეცნიერთადმი გოდებისათა, 17. და ყოველთა ზედა გზათა ტყება, რამეთუ განვვლო საშუალ შენსა, თქუა უფალმან. 18. ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ. 19. ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან. 20. არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა 21. მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა 22. მით, რამეთუ, უკუეთუ მომართუნეთ მე ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი თქუენნი, არ შევილწყნარე და სამაცხოვარობოსა ზედმჩენისა თქუენისასა არა მივჰხედნე. 23. გარდაადგინე ჩემგან ოხრაჲ საგალობელთა შენთაჲ და ფსალმუნი ორღანოთა შენთაჲ არა ვისმინო 24. და აღგორდეს, ვითარცა წყალი, საშჯელი და სიმართლე, ვითარცა მდინარე წიაღუვალი

მსგავსი მკაცრი განაჩენი გამოაქვს უფალს წინასწარმეტყველ ოსიას პირითაც (6-ე თავი):

  1. ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს. 6. მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.

სწორედ ამ უკანასკნელ ციტატაში მოყვანილ ღვთის მცნების ფორმულირებას (ჩვენს მიერ ხაზგასმული) მიმართავს თვით მაცხოვარი იესო ქრისტე, როდესაც მას და მის მოწაფეებს დაადანაშაულებენ შაბათის ძველი აღთქმის რჯულის მიხედვით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესის დარღვევაში (გავიხსენოთ, ეს წესი არის მესამე მცნება ათი მცნებიდან):

  1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. 2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. 3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? 4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? 5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? 6. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. 7. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. 8. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

(მათ. 12)

იგივე სწავლება მარკოზის სახარებაში (თავი 2), სრულდება ეკლესიისათვის ყველა დროში სახელმძღვანელო მცნებით:

  1. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. 28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ვფიქრობთ, წმინდა წერილიდან აქ მოყვანილი ადგილები სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ახალი აღთქმის განსაკუთრებულობა ძველ აღთქმასთან მიმართებაში მდგომარეობს რჯულის ადამიანისთვის დაქვემდებარებულობაში. ეს დებულება შესანიშნავად აქვს გამოთქმული პავლე მოციქულს (გალ. 3):

  1. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. 24. ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. 25. ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ. 26. რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

აქედან ცხადია, რიტუალური წესები და მცნებები, მხოლოდ წარმავალი მნიშვნელობისაა და იმას ემსახურება, რომ ჩვენ მოგვცეს საწყისი მიმართულება ღვთისკენ მიმავალ გზაზე, რის შემდეგაც ადამიანი უკვე თავისი ფეხით უნდა გაუდგეს ამ გზას. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ წესები წარმოადგენს ჩვენი სულიერი ტაძრის ხარაჩოებს, რომლებიც, როგორც კი მშენებლობა დასრულდება, ამოწურავს თავის დანიშნულებას და უნდა მოიხსნას შენობისაგან. სწორედ ამ ქრისტიანობისთვის ფუძემდებლური პრინციპით ხელმძღვანელობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებები და წმინდა მამები, როდესაც აღდგომის დღესასწაულს იუდაური ფესახის დღესასწაულს არ ამთხვევდნენ და მისი დადგომიდან მოგვიანებით ზეიმობდნენ. ახლა უკვე ნათელი გახდება მკითხველისთვის ჩვენი წერილის მომდევნო ნაწილში განხილული საეკლესიო კრებების განჩინებების საზრისი. ამიტომ, მათი გამოყენება ახალი კალენდრის მიმდევრების წინააღმდეგ სრულ წინააღმდეგობაში მოდის მათ ღრმა საღვთისმეტყველო განზრახვასთან: რჯულის წესებისგან ქრისტეს მიერ მონიჭებული თავისუფლება თვითონ იქცევა ასეთივე რჯულის წესად და უპირისპირდება ამავე თავისუფლებას _ ეს არის ქრისტიანობის აშკარა დაბრუნება ძველ აღთმაში, ქრისტე ამაოდ მოსულა და უღვაწია ჩვენი ხსნისათვის.

  1. დასაბუთება საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით.

მამა ბიძინა თავის შეხედულების დასასაბუთებლად მოიხმობს წმინდა მოციქულთა VII კანონს, ანტიოქიის კრების I კანონს და პირველი მსოფლიო კრების კანონს (ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტორი არ აზუსტებს კერძოდ რომელ კანონს). ჩვენ თანმიმდევრულად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

დავიწყოთ მოციქულთა კანონებით. კარგად არის ცნობილი, რომ ისინი სრული იმ სახით, როგორადაც ის დღეს არის ჩვენამდე მოღწეული, შეუძლებელია გამოსულიყო მოციქულთა ხელიდან. მათში გადმოცემული საეკლესიო მოწყობის მრავალი მომენტი არ უნდა ასახავდეს IV საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელ ისტორიულ რეალობებს. მკვლევარები მის საბოლოო ვარიანტს ათარიღებენ 341-400 წ.წ.-ებით. ამ აზრის საილუსტრაციოდ ვფიქრობთ, საკმარისი იქნება სწორედ ზემოთაღნიშნული VII კანონის მოხმობა.

პირველ რიგში გარკვევიდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ ასევე სხვა დანარჩენ საეკლესიო კანონებში საერთოდ არ არის ნახსენები რაიმე აკრძალვა ზოგადად საეკლესიო კალენრულის სტილის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს რომ ასე ყოფილიყო, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა დღეს გვქონოდა საეკლესიო კალენდარი თავის ციკლების რთული სისტემით, რომლის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას საუკუნეები დაჭირდა.

მაშ, რა სახის აკრძალვაზეა საუბარი VII კანონში? მამა ბიძინა, ბუნებრივია, ადასტურებს, რომ აქ მხოლოდ აღდგომის იუდეველებთან ერთად აღნიშვნაა აკრძალული. ამ აკრძალვის მიზანიც ჩვენი მსჯელობის წინა ნაწილიდან ცხადი ხდება: საჭირო იყო სიმბოლურ დონეზე ასახულიყო ქრისტეს პასექის როგორც რჯულისეული ფესახის შემდგომი და მისი რჯულის წესებისგან გამანთავისუფლებელი მოვლენის მნიშვნელობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტემ მოიტანა თავისუფლება ძველი აღთქმის რჯულის წესებისგან, სიმბოლული მნიშვნელობებს მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა აქვთ და ისინი იცვლება ეკლესიაში ისტორიული და კულტურული კონტექსტების შესაბამისად. ამიტომ მსგავსი სახის დადგენილებებს არასოდეს ენიჭებოდა ეკლესიაში აბსოლუტური მნიშვნელობა. ეს წარმოჩნდება თვით ამ წესთან დაკავშირებული საეკლესიო გამოცდილებიდან.

საეკლესიო ისტორიის მამად წოდებული ევსები კესარიელი გვაწვდის ადრეულ უნიკალურ წყაროს ამ საკითხთან დაკავშირებით. თავისი “საეკლესიო ისტორიის” V წიგნის XXIII-XXV თავებში იგი აღწერს II საუკუნის მიწურულს ეკლესიაში წარმოშობილ დავას პასექის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით. პაპი ვიქტორის დროს რომსა და პალესტინაში გაიმართა ადგილობრივი კრებები, რომლებმაც განაჩინეს აღდგომის აღნიშვნა ბუნიობის შემდეგ სავსემთვარეობის პირველ კვირა დღეს, რამაც მოგვიანებით IV საუკუნიდან მოყოლებული საყოველთაო აღიარება მოიპოვა ეკლესიაში. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ მცირე აზიის ეპისკოპოსები ეპისკოპოს პოლიკრატეს მეთაურობით, რომლებიც აღდგომას იუდეველთა ფესახის დროს აღნიშნავდნენ.

პოლიკრატე ამ ტრადიციის დაწესებას მცირე აზიის ეკლესიებში მიაწერს თვით იოანე და ფილიპე მოციქულებს. ამავეს ადასტურებს მცირე აზიული წარმომავლობის ლიონის ეპისკოპოსი, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა ირინეოსიც. ეს ფაქტი მით უფრო ყურადსაღებია, რომ თვითონ ირინეოსი იზიარებდა რომაულ ტრადიციას. ევსებიმ შემოგვინახა მისი მეტად ძვრიფასი ეპისტოლე მიწერილი რომის პაპ ვიქტორისადმი, რომელსაც თავის უნიკალური მნიშვნელობის გამო სრულად მოვიტანთ:

დავა არ ეხება მხოლოდ აღნიშვნის დღეს, არამედ ასევე მარხვის შენახვის ყველა წესს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ უნდა იმარხულონ ერთი დღე, სხვები _ ორი დღე, სხვები კი _ უფრო მეტი; ხოლო ზოგიერთი ანგარიშობს ორმოც დღეს და ღამეს. და მარხვის დაცვის ეს განსხვავებები არ წარმოშობილა ჩვენს დროში, არამედ გაცილებით ადრე, ჩვენი წინაპრების დროს. ჩანს, ისინი არ იცავდნენ მკაცრ სიზუსტეს და ჩამოაყალიბეს ჩვეულება მათი უბრალოებისა და თავისებურებების მიხედვით. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ცხოვრობდა ერთმანეთთან მშვიდობაში. და უთანხმოება მარხვასთან დაკავშირებით განამტკიცებს თანხმობას სარწმუნოებაში (ხაზი ჩვენია, ზ.ჯ.). . . . მათ შორის იყვნენ ხუცესები სოტერამდე, რომელიც თავმჯდომარეობდა იმ ეკლესიას, რომელსაც აწ შენ განაგებ. ჩვენ ვგულისხმობთ ანიკეტუსს, პიუსს, ჰიგინიუსს, ტელესფორუსს და ქსისტუსს. ისინი არ იცავდნენ მარხვის ასეთ წესს (ე.ი. იუდეველებთან ერთად აღდგომის აღნიშვნას, ზ.ჯ.), არც ნებას იძლეოდნენ, მათ მონაცვლეებს, რომ ასე დაეცვათ. მაგრამ თუმცა ისინი ასე არ იცავდნენ, მაინც მშვიდობას იცავდნენ მათთან, რომლებიც ჩამოდიოდნენ მათთან იმ სამრევლოებიდან, სადაც ასე იცავდნენ წესს; მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა მათ, რომლებიც მას არ იცავდნენ. ასევე როდესც ნეტარი პოლიკარპე იმყოფებოდა რომში [პაპ] ანიკეტუსის დროს, მათ მოუვიდად გარკვეული უთანხმოება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ დაუყოვნებლივ მშვიდობა დაიცვეს ერთმანეთში, და არ დაიწყეს დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან ვერც ანიკეტუსმა დაარწმუნა პოლიკარპე, რომ არ დაეცვა ის წესი, რასაც ის ყოველთვის იცავდა უფლის მოწაფე იოანესთან და იმ სხვა მოწაფეებთან ერთად, რომლებსაც ის იცნობდა. ვერც პოლიკარპემ დაარწმუნა ანიკეტუსი, რომ მისებურად დაეცვა [აღდგომის აღნიშვნის] წესი, რადგან მან განაცხადა, რომ მისდევდა წინანდელი პრესვიტერების წეს-ჩვეულებებს. და თუმცა, ყველაფერი ასე დარჩა, მათ ჰქონდათ ერთმანეთთან თანაზიარება და ანიკეტუსმა მონაწილეობა მიიღო წირვის აღსრულებაში პოლიკარპეს ეკლესიაში აშკარა პატივისცემის ნიშნად. და ისინი დაშორდნენ ერთმანეთს მშვიდობით, ორივე მათგანი, ისიც, რომელიც იცავდა ამ წესს და ისიც, რომელიც არ იცავდა მას; ასე განამტკიცებდნენ მშვიდობას მთელ ეკლესიაში.

ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, V, XXIV.

ვფიქრობთ, აქ კომენტარი ზედმეტია, იმდენად სრულად არის გადმოცემული აღნიშნული პრობლემატიკის ისტორია და სათანადო საღვთისმეტყველო მსჯავრიც უცხადესად არის გამოტანილი: “უთანხმოება მარხვასთან (ანუ საპასექო მარხვასთან და მის დასასრულ აღდგომის დღის აღნიშვნასთან, ზ.ჯ.) დაკავშირებით განამტკიცებს თანხმობას სარწმუნოებაში”.

ამის შემდეგ მსჯელობის გაგრძელება შეიძლება საჭირო აღარ ყოფილიყო, რომ არ ხდებოდეს საპირისპირო პოზიციის დასაბუთების მცდელობა პირველ მსოფლიო კრებაზე აპელირებით.

მართლაც 341 წელს თვითონ ანტიოქიის ადგილობრივი კრებაზე მიღებული I კანონი, რომელსაც ასევე ეყრდნობა მამა ბიძინა, სხვა არაფერს წარმოადგენს თუ არა მანამდე უკვე დადგენილი კანონის ხელახლა გამეორებას და დამტკიცებას. ამ კანონის მიხედვით ეს დადგენილება არის “ნიკეაში ყველაზე ღვთისმოყვარე კონსტანტინეს ღვთისმოსავობის თანდასწრებით გამართული წმინდა და დიდი კრების” და ის ეხება “მაცხოვნებელი პასექის წმინდა დღესასწაულს”. აქაც, რა თქმა უნდა, სიტყვაც არ არის დაძრული საეკლესიო კალენდრის სტილის როგორც ასეთის შესახებ, არამედ ზემოხსენებული მოციქულთა კანონების მსგავსად კრძალავს “პასექის აღსრულებას იუდეველებთან ერთად”. ამ კრების კანონსაც მხოლოდ ადგილობრივ მნიშვნელობას მივანიჭებდით, როგორც ეს მოციქულთა კანონის და ზემოხსენებული რომისა და პალესტინის კრების განჩინებების შემთხვევები გვქონდა, რომ არა აქ მოხსენიებული I მსოფლიო კრება. მაგრამ საინტერესოა, რომ მსგავსი კანონი საერთოდ არ გვხვდება ნიკეის კრების კანონებს შორის. ეს ასევე აღნიშნული აქვს საეკლესიო კანონების ისეთ ავტორიტეტულ კომენტატორს, როგორიც იყო ზონარა: “პირველი კრების კანონებში პასექის შესახებ განჩინებული არაფერი მიპოვება, ხოლო თუ რაიმე პრაქტიკული წესი განაგეს ამ კანონების გარდა ასეთი წესის არარსებობის გამო, მე ამის უმეცარი გახლავართ” (საღვთო და წმინდა კანონების სინტაგმა, გამოც. გ. ა. რალე და მ. პოტლე, ტ. III, ათენი, 1853, გვ. 124). ცნობა ამ განჩინების ნიკეის კრებაზე მიღების შესახებ გვხდება მხოლოდ ევსები კესარიელის “კონსტანტინეს ცხოვრებაში” ციტირებული იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ეკლესიებისთვის დაგზავნილ ეპისტოლეში, საიდანაც მამა ბიძინას მოაქვს ამონარიდი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით ადვილია დავასკვნათ, რომ აღდგომის აღნიშვნის ერთი წესის საყოველთაოდ გავრცელება მხოლოდ რომის იმპერატორის ინტერესებში შედიოდა: სურვილი, რომ სახელმწიფო იდეოლოგიად ექცია ქრისტიანობა, ბუნებრივია, საჭიროს ხდიდა, მისი წესები ისეთივე საყოველთაო-სავალდებულო მნიშვნელობის ყოფილიყო როგორც სახელმწიფო კანონები. ამიტომ იყო, რომ რომისა და ბიზანტიის იმპერატორები ხშირ შემთხვევაში არა იმდენად ჭეშმარიტებაზე რამდენადაც იმპერიაში უთანხმოების აღმოფხვრაზე ზრუნავდნენ, რისთვისაც ფიზიკური ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ. ასე ხუთგზის გადაასახლეს ამ იმპერატორებმა წმ. ათანასე დიდი. პირველად თვითონ კონსტანტინე დიდმა გადაასახლა იგი, როდესაც წმინდა მამამ უარი განაცხადა არიოზის თანაზიარებაში მიღებაზე და ასე ხელი შეუშალა იმპერატორისთვის სანუკვარი თანხმობის დამყარებას ჭეშმარიტების დათმობის ფასად.

ამრიგად, ჩვენ შესაძლოა დავუშვათ, რომ ნიკეის კრებამ მართლა განაჩინა რომაული ეკლესიის პრაქტიკის საყოველთაოობა იმპერიის ფარგლებში იმპერატორის მოთხოვნით, მაგრამ ვინაიდან ის არ გვხვდება ამ კრების კანონთა კრებულში, ის წარმოადგენს, როგორც ზონარა განმარტავს, კანონების გარეთ არსებულ განგებულებას და “პრაქტიკულ რამ წესს”. ამიტომ, ეს წესი არ შეიძლება აყვანილ იქნას მსოფლიო კრების კანონების რანგში.

ბოლოს, განსახილველი გვრჩება მამა ბიძინას მიერ მოყვანილი წმ. იოანე ოქროპირის შესანიშნავი ციტატა.

  1. დასაბუთება წმინდა მამებზე დაყრდნობით.

წმ. ირინეოს ლიონელი ზემოთ ციტირებული ეპისტოლიდანაც აშკარაა როგორ ფიქრობდნენ წმინდა მამები აღნიშნულ საკითხზე, რომლებიც განსხვავებულ საკალენდრო პრაქტიკის დანერგვას თვით მოციქულებს მიაწერენ. მაგრამ საჭიროა უყურადღებოდ არ დავტოვოთ ისეთი ავტორიტეტული წმინდა მამის მოსაზრებაც, როგორიც არის იოანე ოქროპირი.

ზემოთ გადმოცემული ისტორიული კონტექსტის შუქზე იმდენად ნათელი ხდება წმინდა მოძღვრის სიტყვების მნიშვნელობა, რომ ჩვენ ისღა დაგვრჩენია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე სრულად გადმოვიტანოთ მისი ციტატები მამა ბიძინას წერილიდან:

საერთო თანხმობის შენარჩუნება პასექის დღესთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროთა სწორი ათვლა!

თუნდაც რომ შემცდარიყო ეკლესია პასექის დროის განსაზღვრაში, მაშინაც კი იმდენად საქებარი არ იქნებოდა დროთა ზუსტი დაკვირვება, რამდენადაც განკიცხვის ღირის განყოფა და განხეთქილება.

“მარხვა ამა თუ იმ დროის არ არის საძრახისი, მაგრამ განყოფა ეკლესიისა, ცხოვრება უთანხმოებაში, განხეთქილების შემოტანა და მუდმივად გადახრა საეკლესიო კრებულისაგან ყოვლად შეუწყნარებელია და დასაგმობი, და თანმდები უმძიმესი სასჯელისა”.

“ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვთხოვოთ ჩვენს ძმებს დაბრუნდნენ ჩვენთან, შეიყვარონ მშვიდობა, თავი დაანებონ უგუნურ სიჯიუტეს და დაუტევონ რა ნაკლებმნიშვნელოვანი, განიმსჭვალონ ამაღლებული და მნშვნელოვანი აზრებით, გათავისუფლდნენ დღეთAდაკვირვებისაგან, რათა ჩვენ ყველამ ერთსულოვნად, ერთიანი პირით განვადიდოთ უფალი”.

გვ. 11-12

ამ ციტატების სულისკვეთება არის ზუსტად იგივე, რაც დავინახეთ წმინდა ირინეოს ლიონელის ეპისტოლეში. საჭიროა მხოლოდ გარკვეულობის შეტანა, რომ აქ იოანე ოქროპირი საუბრობს არა კალენდრული აღრიცხვის რაიმე ახალ ასტრონომიულ სტილზე (იმ დროისთვის იულიუსის კალენდრის გარდა წარმოუდგენელიც კი იყო სხვა რაიმე სტილის არსებობა), არამედ, როგორც იგივე ირინეოსი, კვლავ აღდგომის აღნიშვნის იუდაურ წესზე.

წმინდა იოანესთვისაც ერთმნიშვნელოვნად მთავარი არის არა კალენდრული სტილი, არამედ მშვიდობა და ერთსულოვნება ეკლესიაში.

ბოლოს, ვიკითხოთ: ვინ არღვევს მშვიდობას ეკლესიაში? მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ მიიღო ახალი რეფორმირებული კალენდრული სისტემა, მაგრამ არცერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია თანაზიარება გაეწყვიტა იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, როგორებიც არიან მხოლოდ იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთის და რუსეთის ეკლესიები, რომლებიც კვლავ იულიუსის კალენდარს მისდევენ. მეორე მხრივ, არც უმცირესობაში მყოფი ეკლესიების კანონიერი იერარქია გამოთქვამს რაიმე სახის კრიტიკას რეფორმირებული კალენდრის მიმართ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად რუსეთის ეკლესია, ნებას აძლევს საზღვარგარეთ არსებულ თავის სამრევლოებს, მისდიონ ახალ კალენდარს.

მაშ ვის პოზიციას გამოხატავს პატივცემული დეკანოზი, როდესაც ასეთი სრული შეუვალობით განაქიქებს თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი ნაწილის საეკლესიო პრაქტიკას? სწორედაც რომ იმ ადამიანების პოზიციას, რომლებსაც შემოაქვთ შფოთი და განხეთქილება ეკლესიაში, და არ ცნობენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვა მრავალი მართლმადიდებელი ეკლესიების მადლმოსილებას. მათი წყალობით საბერძნეთში შვიდამდე სინოდი შეიქმნა, რომლებიც არ აღიარებენ ერთმანეთს. ასეთივე წყლულები მიაყენეს ქრისტეს სხეულს ბულგარეთშიც და სხვა ეკლესიებში წამოქმნილმა განხეთქილებებმა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, სადამდე მიიყვანს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ჩვენთანაც ფეხი მოიკიდა იმ სულისკვეთებამ, რაც გამოსჭვივის მამა ბიძინას უკიდურესად უკომპრომისო პოლემიკური წერილიდან.

 

Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *