ავტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (ორიგინალი)
(გაგრძელება)
გიორგი გველესიანის თარგმანი (ჟურნალი “გული გონიერი”)
ბიზანტიური თეოლოგიის მემკვიდრეობა
არასწორი პერიოდიზაციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ბიზანტიის თეოლოგიური მემკვიდრეობა. ახლა, როდესაც დასავლეთში პატრისტიკა აღორძინდა, შეგვიძლია ვაღიაროთ წმინდა მამების მარადიული ავტორიტეტულობა, მაგრამ ყველანი მივისწრაფვით აღიარებული მამების წრის შემოსაზღვრას და ჯერ კიდევ აშკარად არ ვართ მზად, მათ რიგში `ბიზანტიელი მამებიც~ მივათვალოთ. ჩვენ მივისწრაფვით, რომ გავავლოთ მკვეთრი საზღვარი პატრისტიკასა (მეტნაკლებად ვიწრო გაგებით) და ბიზანტინიზმს (Byzantinism) შორის. ჩვენ ისევ მივიჩნევთ ბიზანტიურ ეპოქას, როგორც დაკნინებულ დამატებას მამათა ეპოქაზე. ჩვენ ისევ ვეჭვობთ, აქვს თუ არა მას რამე მნიშვნელობა საღვთისმეტყველო აზროვნებისთვის. ბიზანტიური თეოლოგია არ იმეორებს მამათა ღვთისმეტყველებას: არ შეიძლება თქმა, რომ თითქოს ეს უფრო დაბალ საფეხურზე დგას `ქრისტიანულ სიძველესთან~ შედარებით. ბიზანტიური თეოლოგია ორგანულად აგრძელებს წმინდა მამათა ეპოქას. სად არის აქ წყვეტა? ნუთუ რომელიღაც მომენტში, რომელიც ძნელია განისაზღვროს, აღმოსავლური ეკლესიის სტილი რადიკალურად შეიცვალა და მის შემდგომ განვითარებას აღარ ჰქონდა ავტორიტეტი? ისინი, რომლებიც აღიარებენ მხოლოდ VII მსოფლიო საეკლესიო კრებამდელი მამების ავტორიტეტს, შეიძლება ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ფიქრობენ. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმინდა გრიგოლ პალამა ამოვარდნილი არიან ისტორიიდან. XIV ასწლეულის დიდი ისიქასტური კრებები დავიწყებულია. შეუმჩნეველია მათი ავტორიტეტი და ადგილი ეკლესიაში.