ცნობიერების მეტაფიზიკა XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე

22/02/2021
By

(timeსტატიების ციკლიდან თეისტურ ევოლუციაზე)

ავტორი: იოანე კაზარიანი

„ცნობიერება ფიზიკური სამყაროს სურათში ვერ ჯდება“

როჯერ პენროუზი

თეისტური ევოლუციის საკითხისადმი მიძღვნილ ჩვენს წინა სტატიებში (1) ჩვენ ზოგიერთ ბიბლიურ ნეოჰერმენევტიკულ საკითხებს შევეხეთ და ამავე ასპექტში ანთროპოლოგიური საკითხიც განვიხილეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის არსის უხილავ მხარეზე – გონიერ სულზე, ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე. ამავე საკითხებს ვეხებოდით ჩვენს ერთ-ერთ წინა ნაშრომში (2). ამ სტატიაში გვსურს, უფრო ღრმად შევეხოთ ადამიანის ცნობიერების საკითხს. რათქმაუნდა, ადამიანის ცნობიერების ონტოლოგიას ჩვენ ბოლომდე ვერ ამოვწურავთ (ეს საკითხი დღემდე რჩება გადაუწყვეტად). ჩვენ მხოლო ჩვენთვის საინტერესო თემაზე დავსვამთ აქცენტებს.

სამეცნიერო საზოგადოებაში დღემდე არ წყდება კამათი ცნობიერების საკითხზე. რა არის ცნობიერება? ნეირობიოლოგები ადამიანის ცნობიერებას ადამიანის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებთან აიგივებენ. ცნობიერების პრობლემა „ახალ დროში“ გაჩნდა. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ფრანგმა მეცნიერმა და მოაზროვნემ, რენე დეკარტმა (XVII ს.), რომელმაც სული და სხეული ეთიკური საფუძვლებით დაჰყო: ხორცი გვაბნელებს, ხოლო სული, როგორც გონივრული საწყისი, სხეულის აფექტებს ებრძვის. ამგვარად, სულისა და სხეულის ურთიერთდაპირისპირება ადამიანურ სამყაროს ორ დამოუკიდებელ სფეროდ ყოფს. მაგრამ სული და სხეული ურთიერთქმედებენ და ამას ჩვენი ორგანიზმი ცხადყოფს: როდესაც ვჭამთ ან ვლაპარაკობთ, ჩვენი კუნთები იკუმშება, მოძრაობს ენა და ა.შ. ეს ფიზიკური მოვლენებია. ჩვენს ყოველ მოძრაობას/მოქმედებას თავისი მიზეზი გააჩნია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ ახდენს ფიზიკურ პროცესებზე გავლენას ის, რაც არ იმყოფება სივრცეში? ამგვარად, ადამიანურ სამყაროზე წარმოდგენებში არსებობს კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ნეირობიოლოგები ამ კითხვას მარტივად სცემენ პასუხს. მათი აზრით, ცნობიერება არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პროცესების წარმოებულია. თუ ასეთ გადაწყვეტას კრიტიკულად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ცნობიერებისა და სხეული ურთიერთმიმართების პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება.

ცნობიერება, როგორც ფენომენი, არაფიზიკურია; სხვა ანატომიური ფენომენებთან შედარებით, რომლებიც ფიზიკურია, ცნობიერება სულიერია. ფიზიკური ფენომენები სუბიექტშორისია და ამიტომაც ყველასთვის მისაწვდომი, ხოლო რაც შეეხება ცნობიერებას, თითოეულ ჩვენგანს მისდამი შინაგანი პიროვნული წვდომა აქვს და არა პიროვნებათშორისი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვა ადამიანის ცნობიერებასთან პირდაპირი წვდომა არ გაგვაჩნია. და ამიტომ ეს არის – საიდუმლო. ჩვენ ვერ ავხსნით ცნობიერებას ბუნებისმეტყველების სტანდარტული მეთოდებით. ცნობიერების გამოცდილების პრივატულობა იმაშია, რომ თქვენ ვერ ხედავთ იმას, თუ როგორ გხედავთ მე. ჩემი ხედვა – ყოველთვის უნიკალურია, ვინაიდან დაფუძნებულია ჩემს პირად ცნობიერებაზე. ჩვენ ვწერდით (3), რომ ტვინის და მისი ნეირონების ფიზიკურად ხილვა შესაძლებელია (მაგ. ქირურგიული ჩარევის დროს), მაგრამ შეუძლებელია ცნობიერების და გონების ასე დანახვა, რადგან ეს ადამიანის ინდივიდის აბსოლუტური პრივატულობაა. მეცნიერები სვამენ კითხვას: როგორ დავამტკიცოთ, რომ ცნობიერება არ არის ტვინი? ჩვენ არ გვესმის, კონკრეტულად როგორ არის ცნობიერება ჩართული ბუნებაში. ცნობიერებას აქვს რეალობის სუბიექტური თვისება. არავის ესმის, თუ როგორ ვლინდება სუბიექტურობა ობიექტურ სამყაროში. იმისათვის, რომ ცნობიერება გავიგოთ, ჩვენ ის შიგნიდან უნდა ვნახოთ. მაგ., სანამ არ გავიგებთ, როგორ მუშაობს კატის ან მაიმუნის ყველა ნეირონი, ჩვენ ვერ მივხვდებით, რას ნიშნავს იყო კატა ან მაიმუნი. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, როგორ გავიაზროთ ეს პირველი პირის (მაგ., იგივე კატის ან მაიმუნის) პოზიციიდან. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, როგორ აღიქვამს თავის თავს ცხოველი, ადამიანის შემთხვევაში კი ვერ გავიგებთ, როგორ აღიქვამს თავის თავს სხვა კონკრეტული ადამიანი, რადგან თითოეული ინდივიდის ცნობიერება შიდასუბიექტურია.

 

ცნობილი რუსი ღვთისმეტყველი და ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დეკანოზი კირილ კოპეიკინი, თავის ლექციებში ხშირად სვამს ცნობიერებასთან დაკავშირებული კითხვებს: რა არის ცნობიერება? ცნობიერება ინტენციურია და საიდან ჩნდება ფიზიკურ სამყაროში ინტენციურობა? ჩვენ ხომ ვგრძნობთ, განვიცდით, საიდან მოდის ეს ყოველივე? როგორ იტევენ ტვინის ატომები ცნობიერებას და როგორ ურთიერთქმედებენ მასთან? მამა კირილე ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსის J. Searle-ს მოსაზრებას აღნიშნავს და წერს, რომ: „იმის დაჟინებული მცდელობა, რომ ცნობიერების პრობლემა მატერიალისტური პარადიგმის ფარგლებში გადაწყდეს, განპირობებულია არა მეცნიერული, არამედ „იდეოლოგიური“  მიზეზებით. ეს არის „ფსიქიურობის“ სინამდვილის დაშვების შიში, რადგან აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯია „სულიერის“ რეალობის აღიარებამდე“ (4). ეს კი ნიშნავს, რომ ცნობიერება ტვინისგან დამოუკიდებლად არსებობს, რაც პირდაპირი მინიშნებაა ადამიანურ ბუნებაში და მის გარეთ არსებულ მეტაფიზიკურ რეალობაზე. აქ ადამიანი დგება არჩევანის წინაშე: მან უნდა აირჩიოს ან მატერიალიზმი (რომელიც ცნობიერების პრობლემას ვერ წყვეტს) ან რელიგია (რომელიც ამ პრობლემას რელიგიურ ჭრილში წყვეტს), მაგრამ ჩვენ ხომ მეცნიერებისა და რელიგიის სინთეზის მომხრეები ვართ. ეს სინთეზი ცნობიერებისა და თვითშეგნების პრობლემისადმი უფრო ნდობით სავსე დამოკიდებულებას ჩაგვინერგავს. მეცნიერებისა და რელიგიის ასეთი თანამშრომლობის პერსპექტივა, ჩვენი აზრით, ყველაზე სწორი და ისტორიულად განპირობებულია (5). წმინდა წერილი ღვთის გამოცხადებაა. ასეთივე გამოცხადებაა ბუნება, ანუ კოსმოსი, რომელიც ასევე წერილია – ხელთუქმნელი წიგნია და ამ „წიგნიდან“ თუ გავიგებთ საკუთარ თავსა და ცნობიერებას. თუმცა, საკუთარი თავისა და გარესამყაროს შემეცნება ამ შემთხვევაშიც შიდასუბიექტურია. ცნობიერების საკითხს ადამიანი დადებითად გადაწყვეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერებისა და რელიგიის მონაცემების სინთეზს მოახდენს, თუმცა არც ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. სამყარო არის ტექსტი, რომლის წაკითხვაც უნდა შეგვეძლოს, წმინდა წერილის მსგავსად. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ როდის წარმოჩნდა ცნობიერება ადამიანის ევოლუციაში, როდის დავიწყეთ საკუთარი თავის გააზრება გონიერ არსებებად? რამ მოახდინა გავლენა ადამიანის კოგნიტიურ განვითარებაზე და გააძლიერა მასში ცნობიერება? ამ საკითხებს, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ წინა სტატიებში შევეხეთ. აქ კი გვსურს ზოგადად აღვნიშნოთ, რომ ბიოლოგიური ევოლუციის პრობლემა მრავალ კითხვას მოიცავს კოგნიტიურ განვითარებასთან დაკავშირებით და ამ საკითხების გადაწყვეტა ადამიანის თვითშეგნებისა და ცნობიერების პრობლემის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, რაც მთელ ქმნილს სამყაროში განგვასხვავებს. ბიოლოგიური ევოლუციის ფონზე გონიერების განვითარების საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთ აზრს გამოვთქვამთ (რომელსაც ხშირად ეხებიან ანთროპოლოგები): ზედა პალეოლითის ხანაში, ჩვენს წინაპრებში ტვინის განვითარებასთან ერთად (რაც ხდებოდა სხვადასხვა ბუნებრივი თუ კულტურული ფაქტორების გავლენით) მათი სხეულის კუნთები სუსტდებოდა (რაც წინა სტატიებშიც ვახსენეთ), რადგან ტვინი სხეულის სხვა ორგანოებთან შედარებით ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს, რის გამოც ჩვენს ორგანიზმში ძალების გადანაწილება მოხდა; ტვინი და გონებრივი მოქმედება ძლიერდებოდა, რაც გონივრული ცნობიერების ფაქტორზე აისახა. ინგლისელი ღვთისმეტყველი კონორ კანინჰემი აღნიშნავს, რომ: „როდესაც ევოლუციის შედეგად ადამიანური ცნობიერება წარმოიქმნა, რელიგიის გამოჩენაც გარდაუვალი იყო – სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო. S. Mithen-ის თანახმად: „კოგნიტიური დენადობის წარმოქმნასთან ერთად რელიგია ადამიანური საზოგადოების აუცილებელ ელემენტად იქცა და, სავარაუდოთ, მუდამ ასეთად დარჩება“ (6). ადრე ჩვენ ავღნიშნავდით, რომ ადამიანში გონივრულობის (უფრო ზუსტად კი გონივრულობისკენ მიმავალი გზის) წარმოქმნა მატერიალურ პროცესსაც მოიცავდა, თუმცა, შედეგად ვიღებთ, რომ გონების სრული ჩამოყალიბება ღვთის ნიჭია (7). ღვთის ნიჭი – ზებუნებრივია. კ. კანინჰემი საუბრობს ადამიანის ცნობიერებაზე: „ჩვენთვის არაფერია ცნობილი ჩვენი შემეცნებითი უნარების ევოლუციის შესახებ და სავარაუდოთ ამას ვერასოდეს გავიგებთ სრულად“ (8).  „ევოლუციის ასობით მილიონმა წელმა ასობით ათასი სახეობა შექმნა, რომელთაც გააჩნიათ ტვინი; ათობით ათასობით სახეობა, რომლებიც ქცევის რთული მოდელებით გამოირჩევიან და აღქმისა და სწავლის და აღქმის განვითარებულ უნარებს ფლობენ. მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანს გაუჩნდა კითხვა სამყაროში თავისი ადგილის შესახებ, რადგან ევოლუციის შედეგად მხოლოდ ამ ერთს გაუჩნდა ამის უნარი“ (9). ადამიანის კოგნიტიურ შესაძლებლობებზე საუბრისას კ. კანინჰემს ცნობილი ფსიქოლოგის, Colin Martindale-ის, ამონარიდი მოჰყავს: „ჩვენ არა მხოლოდ ნორმალური, მღვიძარე ცნობიერება, არამედ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები უნდა გამოვიკვლიოთ. ჩვენ [ლაბორატორიული] სუბიექტის არა მხოლოდ რაციონალური აზროვნება, რომელიც რომელიმე ლოგიკური ამოცანის ამოხსნით არის დაკავებული, არამედ პოეტის „ირაციონალური“ აზროვნებაც უნდა შევისწავლოთ; ჩვენ არამხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში ცნებების ჩამოყალიბება, არამედ რეალურ სამყაროში იდეათა ისტორიული ევოლუცია უნდა შევისწავლოთ. და ბოლოს, რადგან ადამიანები არ არიან კომპიუტერები, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: როგორ მოქმედებენ ემოციური და სამოტივაციო ფაქტორები ცნობიერების პროცესზე?“ (10). კ. კანინჰემი აღნიშნავს: „ჩვენი ცნობიერება წარმოადგენს ბუნებრივისა და ზებუნებრივის მჭიდრო ურთიერთკავშირის პროდუქტს, თანაც, ზუსტად რომ ანთროპოლოგიური და არა რაიმე სხვა გაგებით“ (11).

 

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნეირონებს შორის პოტენციალთა სხვაობა იცვლება და ასე წარმოიშვება ცნობიერება. მაგრამ როგორ წარმოიქმნება ამ ობიექტური პროცესებისგან ცნობიერებისთვის დამახასიათებელი სუბიექტურობა? ჩვენთვის ეს უცნობია. როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი ცნობიერების გაგების მხრივ? ამის ახსნას ბევრი მეცნიერი ცდილობს. იყო იმის მცდელობებიც რომ კომპიუტერული საფუძვლებით აეხსნათ ეს პროცესები. კომპიუტერული მეცნიერების განვითარებით, მანქანური სწავლებით, ხელოვნური ინტელექტით და ბიოლოგიის განვითარებით (კერძოდ, ნეირობიოლოგიის) მეცნიერება ცდილობს ამ საკითხის გადაწყვეტას. ეს გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. საბალოოდ მეცნიერება მივიდა დასკვნამდე, რომ ორგანიზმები წარმოადგენენ ალგორითმებს და მათ გაშიფვრას ცდილობს. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ მეცნიერებმა ბიომეტრიული სენსორის შემუშავება დაიწყეს, რომელიც ადამიანის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს ელექტრონულ სიგნალებად გარდაქმნის და რომელთა გაანალიზება კომპიუტერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.  ეს არის ბიოინჟინერიის ამოცანა, რომელიც გარკვეულ დონემდე ახდენს ალგორითმების გაშიფვრას და მათ საფუძველზე რაღაც ახალს და ხელოვნურად ბიოლოგიურს ქმნის, მაგრამ ცნობიერებისა და პიროვნების პრობლემა მეცნიერების ფარგლებს (მეცნიერების ამ ეტაპზე) სცდება, რადგან ამ სფეროზე დაკვირვება შეუძლებელია. პიროვნება არის ცნობიერი. ჩვენ შეგვიძლია მისი გამოვლენები დაკვირვების ან გამოცდილების მეშვეობით შევისწავლოთ, მაგრამ მეცნიერებას ჯერ არ ძალუძს პიროვნების ონტოლოგიაზე მსჯელობა.  ერთი მხრივ ფსიქოლოგია, მეორე მხრივ კი ნეირობიოლოგია ტვინისა და ცნობიერების გამოვლენებს სწავლობენ (თითოეული თავის დონეზე), მაგრამ პიროვნების ონტოლოგიის მთელს ერთობლიობაზე ვერ სცემენ პასუხს.

 

რელიგია ამტკიცებს ცნობიერების არსებობას როგორ ორგანულ, ისე არაორგანულ (სიკვდილის შემდგომ) მდგომარეობაში. მაგრამ ამოუხსნელი რჩება თავად ცნობიერების საიდუმლოება: ჩვენ დღემდე არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რა არის ეს და როგორ ჩნდება ადამიანში. ებრაელი მეცნიერი იუვალ ნოე ჰარარი აღმიშნავს, რომ მეცნიერთა საერთო მოსაზრება ამგვარია, რომ ცნობიერება მოთავსებულია ტვინში და თუ მასში „შევაღწევთ“ და გავიგებთ როგორ მუშაობს მილიარდობით ნეირონი, რომლებიც ქმნიან გამოცდილებასა და ემოციებს, გრძნობებს, განცდებს და ა.შ., მაშინ მეცნიერება შეძლებს ამ ყოველივეს რეალიზებას სხვა „მასალის“ საფუძველზე (12). მაგრამ განა ეს მილიარდობით ნეირონი ქმნის ჩვენს გამოცდილებასა და ემოციებს? თუ ნეირონები მხოლოდ ალგორითმების მწკრივს ქმნიან, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ითვისებს? შესაძლებელია თუ არა ეს მეტაფიზიკურ მდგომარეობაში? შესაძლებელია თუ არა გავზომოთ ჩვენი გონების ძალა, რომელიც ცნობიერების ტვინის ფუნქციიდან მომდინარეობს? ეს სადისკუსიო კითხვებია. ექნება თუ არა მეცნიერებას ალგორითმები, რომელთა მეშვეობითაც საკუთარ თავს უკეთ გავუგებთ, ვიდრე ახლა გვესმის? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს და უცნობია, თუ როდესმე მივიღებთ ამ პასუხებს. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ადამიანი არის გონიერი არსება (ღვთის ხატი), რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს. ზუსტად ამის მეშვეობით აღწევს ადამიანი ღვთაებრივ პროტოცნობიერებამდე, რის შესახებაც ადრე ვწერდით (13). ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ცნობიერება არსებობს. ამ მხრივ, საინტერესოა ცნობილი ინგლისელი მეცნიერის როჯერ პენროუზის მოსაზრება, რომ ცნობიერებისთვის ბუნებრივ სამყაროში ადგილი ვერ მოიძებნება, მაგრამ ჩვენ მას ვერ უარვყოფთ და ეს სხეულის გაცნობიერების პრობლემის საკვანძო დრამატული საკითხია (14). ბიოლოგიური ევოლუცია კოგნიტური განვითარების საკითხში ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დამოკიდებულია ადამიანის ცნობიერებისა და თვითშეგნების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტაზე. ეს კი მთელ შექმნილ სამყაროში გამორჩეულობას გვანიჭებს. სანამ არსებობს ადამიანი, ადგილი ექნება ადამიანის ბიოლოგიური ევოლუციის პროგრესს. მაგრამ ამ პროგრესის შემთხვევაშიც განა შესაძლებელი იქნება ცნობიერების პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტა? რ. პენროუზის თქმით ხომ ცნობიერების ადგილი არ არის ბუნებრივ სამყაროში, თუმცა ჩვენ ამის გამო მას ვერ უარვყოფთ. ჩვენი აზრით, ცნობიერების ეს საიდუმლოება თავის მეტაფიზიკურ პროტოცნობიერებამდე მიდის და ამ ხილულ კოსმოსში საიდუმლოებად დარჩება.

_ ­­_ _ _ _

 

  1. იხ.: „ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება“ ნაწილი I:  http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia2/; „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  2. იხ.: „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  3. იქვე.
  4. იხ.: Прот. Кирилл Копейкин. Что есть реальность? Размышления над произведениями Эрвина Шредингера. СПб., 2014. С. 35.
  5. იხ.: „სამეცნიერო ათეიზმთან დიალოგის პერსპექტივებსა და მეთოდიკაზე“: http://www.orthodoxtheology.ge/dialogue-with-scientific-atheism/
  6. იხ.: К. Каннингем. Благочестивая идея Дарвина. М. ББИ., 2018. С.
  7. იხ.: „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  8. К. Каннингем. Благочестивая идея Дарвина. М. ББИ., 2018. С.
  9. იქვე.
  10. იქვე, გვ. 322.
  11. იქვე, გვ. 322.
  12. იხ.: http://godnev.com.ua/portfolio/vozmozhno-my-odno-iz-poslednikh-pokoleniy-homo-sapiens/
  13. იხ.: „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/, ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  14. რ. პენროუზის ამ საკითხთან დაკავშირებით ნაშრომი, როგორც ასეთი, ძალიოან საინტერესოა, იხ.: Пенроуз Р. Тени разума: В поисках науки о сознании / Перевод с англ. А.Р.Логунова, Н.А. Зубченко. М.: Ижевск: ИКИ, 2011.

 

 

გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა:

 

– А. Ляпунов. Проблемы теоретической и прикладной кибернетики. М.: Наука. 1980. С. 320–323.

– В. Несмелов. Наука о человеке. В 2-ух томах. Опыт психологической истории и критики основных вопросов жизни. Казань, 1905.

– Пенроуз Р. Тени разума: В поисках науки о сознании / Перевод с англ. А.Р. Логунова, Н.А. Зубченко. М.: Ижевск: ИКИ, 2011.

– Прот. Кирилл Копейкин. Что есть реальность? Размышления над произведениями Эрвина Шредингера. СПб., 2014.

– К. Каннингем. Благочестивая идея Дарвина. М. ББИ., 2018.

– Юваль Ной Харари. Возможно, мы одно из последних поколений Homo Sapiens http://godnev.com.ua/portfolio/vozmozhno-my-odno-iz-poslednikh-pokoleniy-homo-sapiens/

 

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.