აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი)

28/02/2017
By

3249333776ნეტარი ავგუსტინეს “აღსარებანი” ლათინურ ენაზე ინგლისურენოვანი კომენტარებით იხილეთ ამ ბმულზე:

წიგნი პირველი 

ლათინურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ
წყარო

I

1. „დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ [1]. და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; კაცს, თავისი მოკვდავობით მოსილსა და თავისივე ცოდვით აღბეჭდილს, რომელიც მოწმობს, რომ შენა ხარ „მზვაობართა წინააღმდგომი“ [2]. და მაინც, შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს. თვითონვე აღძრავ საიმისოდ, რომ შენი ქებით დატკბეს, რადგანაც შენთვის შეგვქმენი; და არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? შენმა ვერმცნობმა შენ კი არა, შეიძლება სხვას უხმოს. ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? ან როგორ ირწმუნებენ მქადაგებლის გარეშე? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“ [3]. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე  მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. შენ გიხმობს, უფალო, ჩემი რწმენა, რომელიც მომეცი მე, რომელიც შთამაგონე მე შენი განკაცებული ძის მეოხებითა და შენი მქადაგებლის [4] მსახურებით.

_________________________________

[1] – ფსალმ. 144, 3; 146, 5.

[2] – იხ. იაკ. IV, 6; პეტრე V, 5.

[3] – რომ. X, 14; ფსალმ. 21,27.

[4] – ზოგიერთის კომენტატორის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდეს მამათაგანი, მილანის არქიეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი (მილანელი; 340-397 წ.), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეტარი ავგუსტინეს მოქცევაში.

II

2. მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას, ღმერთსა და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას, მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, „რომელმაც შექმნა ცა და მიწა?“ [5] უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენს მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს [6]; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღაც გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? „ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები“ [7]. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, საერთოდ არ ვიქნებოდი, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; შენში, „ვისგანაცაა ყოველი, ვისი მეოხებითაცაა ყოველი, ვის არსშიცაა ყოველი“ [8]. ჭეშმარიტად ასეა, უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ასე. სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხვალ ჩემში? სად წავიდე, ვინც ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: „მე ვავსებ ცასა და მიწას“ [9].

_________________________________

[5] – დაბად. I, 1.

[6] – შდრ. ნეტარი ავგუსტინე, „შესაქმისათვის“, 4, 12, 22: „შემოქმედისა და მძლეთა-მძლე ყოვლისმპყრობელის ძალმოსილება,  – აი, მიზეზი ყოველი ქმნილების არსებობისა“.

[7] – იხ. ფსალმ. 138, 8.

[8] – შდრ. რომ. XI, 36.

[9] – იერ. XXIII, 24.

 

III

3. მაშ, გიტევენ თუ არა ცა და მიწა, რაკიღა შენა ხარ მათი აღმვსები? ან იქნებ ავსებ და მაინც რაღაცა რჩება შენგან, რომ ვერ გიტევენ? კი მაგრამ, სადა ღვრი მაგ შენს ნაშთს, თუკი ცასა და მიწასაც ავსებ? იქნება სულაც არ გჭირდება დამტევი, ყველაფრის დამტევს, ვინაიდან რასაც ავსებ, თვითონვე იტევ. შენით აღსავსე ჭურჭელნი როდი განიჭებენ სიმყარეს: დაე, დაიმსხვრნენ, შენ მაინც არ დაიღვრები. ხოლო როცა ჩვენში იღვრები, კი არ ემხობი, არამედ ჩვენ აღგვაზევებ; კი არ იფანტები, არამედ ჩვენი გვკრებ. და ყველაფერს, რასაც ავსებ, მთელი შენი არსებით ავსებ? იქნებ საგნები, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანად დაგიტიონ, მხოლოდ შენს ნაწილს იტევენ, და ყველა ერთად ერთსა და იმავე ნაწილს იტევს? თუ თვითეული მათგანი თავის შესაბამის ნაწილს იტევს: დიდი  – დიდს, მცირე კი – მცირეს? მაშ, შენი ერთი ნაწილი უფრო დიდია, მეორე კი უფრო მცირე? თუ ყველგან მთლიანი ხარ და არცერთ საგანს არ შეუძლია მთლიანად დაგიტიოს? [10]

_________________________________

[10] – „აღსარებათა“ ფრანგი გამომცემლის, მთარგმნელისა და კომენტატორის, პუატიეს უნივერსიტეტის პროფესორის პიერ დე ლაბრიოლის შენიშვნით, „კითხვითი ფორმით გადმოცემული ამნაირი მსჯელობანი იმდენად ხშირია ნეტარი ავგუსტინეს თხზულების ფილოსოფიურ ნაწილში, რომ მკითხველისათვის ზოგჯერ მოსაბეზრებელიც კი ხდება“ (Saint Augustin, Confessions, t. I, Paris, 1925, p.4).

IV

4. ვინა ხარ, ღმერთო ჩემო? გეკითხები, ვინა ხარ-მეთქი, თუ არა უფალი ღმერთი ჩემი? „ვინ არის უფალი, გარდა უფლისა, ან ვინ არის ღმერთი, გარდა ჩვენი ღმერთისა?“ [11] უზენაესო, უკეთილესო, მძლეთა-მძლეო, ყოვლად ძლიერო, ყველაზე გულმოწყალევ და ყველაზე სამართლიანო, ყველაზე იდუმალო და ყველგან მყოფო, უმშვენიერესო და უმტკიცესო, უძრავო და გონებამიუწვდომელო, თვით უცვლელო და ყოვლის მცვლელო, მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და „აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს“ [12]; მარად ქმედითო და მარადიულ სიმშვიდეში დავანებულო, რომელიც ჰკრებ ყველაფერს, თუმცა არა გჭირდება რა; მოგაქვს, ავსებ და ფარავ; ქმნი, ზრდი და სრულყოფ; ეძებ, თუმცა ყოვლის მფლობელი ხარ; გიყვარს, მაგრამ როდი მღელვარებ; ეჭვობ, მაგრამ არ შფოთავ; სასოებ, მაგრამ როდი ვალალებ; მრისხანებ, მაგრამ აუმღვრეველი ხარ; საქმეს იცვლი, მაგრამ არა ზრახვას; ყველაფერს აგროვებ, რასაც პოულობ, და არაფერს კარგავ; არ იცი, რაა ნაკლულოვანება და მოგებით ხარობ; არა ხარ ხარბი და ვახშს კი მოითხოვ; მეტს გაძლევენ, ვიდრე მართებთ, რათა მათი მოვალე იყო, მაგრამ ვისა აქვს რამე ისეთი, რომ შენი არ იყოს? ვალს იხდი, მაგრამ არავისი არა გმართებს რა; სესხს აბრუნებ, მაგრამ არაფერი გაკლდება [13]. მეტი რა შეიძლება ითქვას, უფალო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო, წმიდათა-წმიდა სიხარულო ჩემო? მეტი რა შეიძლება ითქვას შენზე საუბრისას? მაგრამ ვაი მათ, ვინც დუმილით გივლიან გვერდს, რადგან თვით შენზე მეტყველნიც კი მუნჯნი არიან [14].

_________________________________

[11] – ფსალმ. 17, 32.

[12] – იხ. იობი, IX, 5 (ნეტარი ავგუსტინე იზიარებს „ვულგატის“ მცდარ ინტერპრეტაციას).

[13] – ეს მხატვრული სახეები ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებიდან იღებენ დასაბამს (დაწვრილებით იხ. Исповедь Блаженного Августина, епископа Иппонского, Примечания, – Богословские труды, сб. 19, М., 1978, стр. 228. прим. 13).

[14] – შდრ. ნეტარი ავგუსტინე, „იოანეს სახარებისათვის“, 13,5: „ღმერთზე შეიძლება ყველაფერი ითქვას, მაგრამ ვერაფერს ვიტყვით ისეთს, მისი ღირსი რომ იყოს“.

 

V

5. ვინ მაღირსებს, რომ შენში დავივანო? ვინ მაღირსებს, რომ ჩემს გულში შემოხვიდე და დაათრო იგი, რათა დავივიწყო ჩემი ბოროტება და გულში ჩაგიკრა ჩემი ერთადერთი სიკეთე? რა ხარ შენ ჩემთვის? შემიწყალე და მათქმევინე, ან მე თვითონ რაღა ვარ შენთვის, რომ მიბრძანებ მიყვარდე, და მრისხანებ, თუ შენს ბრძანებას არ ვასრულებ? მრისხანებ და საშინელ უბედურებას მიქადი! განა საშინელი უბედურება არ არის, არ მიყვარდე შენ? ვაიმე, ბედკრულს! მითხარი, შენი გულმოწყალებით, რა ხარ შენ ჩემთვის. უთხარი ჩემს სულს: „მე ვარ ხსნა შენი“ [15]. ამის გაგონებისთანავე მოგაშურებ და მოგეახლები. ნუ მარიდებ პირს: მოვკვდები თუ არ მოვკვდები, მაინც მეჩვენე [16].

6. ვიწროა ჩემი სულის სახლი, ვერ დაეტევი: მაშ, განავრცე. ინგრევა: შეაკეთე. ვიცი და ვაღიარებ, რამდენი რამაა შიგ, რასაც შეუძლია შეურაცხყოს შენი მზერა, მაგრამ ვინ დაგვის და დაასუფთავებს? ან ვის შევღაღადო, თუ არა შენ: „გამწმინდე ჩემი ფარული უწმინდურებისაგან, უფალო, და დაიფარე მაცთურთაგან მონა შენი“ [17]. მწამს და მიტომაც ვამბობ [18]: „უფალო, შენ იცი“. განა შენს წინაშე არ ვადანაშაულებდი საკუთარ თავს „ჩემი ცოდვების გამო“, ღმერთო ჩემო. „და განა შენ არ მიუტევე უკეთურება ჩემს გულს?“ [19] არა, სამსჯავროდ როდი გიხმობ შენ, ვინც იწოდები ჭეშმარიტებად, რადგანაც „თუ დახედავ უსამართლობას, უფალო, უფალო, ვინღა გაუძლებს გამოცდას?“ [20].

_________________________________

[15] – ფსალმ. 34,3.

[16] – შდრ. გამოსვლა, 33, 20, სადაც უფალი ღმერთი ეუბნება მოსეს: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“.

[17] – ფსალმ. 18, 13-14.

[18] – შდრ. ფსალმ. 115, 1.

[19] – ფსალმ. 31, 5.

[20] – შდრ. ფსალმ. 129, 3.

 

VI

7. და მაინც, ნება მიბოძე, უფალო, მე „მტვერსა და ფერფლს“ [21], შენი გულმოწყალების წინაშე ვილაპარაკო; ნება მიბოძე შენს გულმოწყალებას მივმართო და არა კაცს, რომელიც მასხრად ამიგდებს; ვინ იცის, იქნებ შენც დამცინო, მაგრამ ჩემდამი მოქცეული მაინც შემიწყალებ. რისი თქმა მსურს, უფალო ღმერთო ჩემო? – მხოლოდ იმისი, რომ არ ვიცი, საიდან მოველ ამ ქვეყნად [22], ანუ ამ მკვდარ სიცოცხლეში თუ ცოცხალ სიკვდილში [23]. არა, არ ვიცი. მხოლოდ შენმა გულმოწყალებამ მცა ნუგეში, როგორც გავიგე ჩემი ხორციელი მშობლებისაგან, რომელთა მეშვეობითაც შემქმენი დროში; პირადად მე კი არ მახსოვს. ჩემი პირველი ნუგეში იყო რძე, რომლითაც დედაჩემი, ან ძიძა თუ გადია კი არ ივსებდნენ ძუძუებს, არამედ მათი მეშვეობით შენ სთავაზობდი საზრდოს ჩემს სიყრმეს, თანახმად შენი განწესებისა, ცით ნაწყალობევ სიმდიდრეს რომ უნაწილებს თვით შენს უბადრუკ ქმნილებებს. შენ ჩამაგონე, არ მომეთხოვა იმაზე მეტი, ვიდრე შენ აძლევდი მათ. რადგანაც შენს მიერვე ჩანერგილი სიყვარულის წყალობით მზად იყვნენ უშურველად მოეძღვნათ ჩემთვის, რაც შენგან მიეღოთ. მათი სიკეთე იყო ის, რომ ჩემთვის მოეძღვნათ სიკეთე, რომელსაც შენგან იღებდნენ, ღმერთო, რადგანაც მთელი სიკეთე, მხოლოდ შენგან იღებს დასაბამს, და შენვე ხარ, ღმერთო ჩემო, ჩემი ერთადერთი მხსნელიც. ყოველივე ეს შემდეგ გავიგე, თუმცა შენ მაშინაც მიხმობდი ყველა იმ ნიჭის წყალობით, რასაც გარედან მანიჭებდი და შინაგანაც მავსებდი. თუმცა ჩვილს სხვა რა შემეძლო, გარდა იმისა, რომ ძუძუ მეწოვა, ნეტარებით გატრუნულს, ანდა მეტირა, ტკივილით გაწამებულს? ეს იყო და ეს.

8. მერე სიცილიც დავიწყე, ჯერ ძილში, შემდეგ კი სიფხიზლეშიც. ასე მეუბნებოდნენ და მე მჯერა მათი, რადგან თვითონაც მინახავს, რომ ასევე იქცევიან სხვა პატარებიც: ჩემდა თავად კი არაფერი არ მახსოვს. და აი, თანდათანობით გავიგე, სად ვიყავი, მინდოდა ჩემი სურვილები გამეგებინებინა იმათთვის, ვისაც მათი შესრულება შეეძლო, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რადგანაც ჩემი სურვილები ჩემშივე იყვნენ, ხოლო ისინი, ვისაც მათი შესრულება შეეძლო, – გარეთ, და ვერანაირი გრძნობით ვერ შემოაღწევდნენ ჩემში. მე ვფართხალებდი და ვიჭაჭებოდი, ვცდილობდი, როგორც შემეძლო და რამდენადაც შემეძლო, სხვადასხვა ნიშნით გამომეხატა ჩემი საწადელი, მაგრამ ვერცერთი ნიშანი ზუსტად ვერ გამოხატავდა ჩემს სურვილს. და რაკი ყურს არ მიგდებდნენ, არ ვიცი, იმიტომ, რომ ვერ მიგებდნენ, თუ არ უნდოდათ რაიმე ევნოთ ჩემთვის, – ვბრაზდებოდი, რომ დიდები არ მემორჩილებოდნენ, არც მონებივით მემსახურებოდნენ თავისუფალნი, და ვცდილობდი ტირილით მეძია შური. უფრო გვიან, როცა შემეძლო თვითონვე დავკვირვებოდი პატარებს, მივხვდი, რომ ასეთია ყველა ბავშვი, და ასეთივე ვიყავი მეც [24]; ამ მხრივ მათ, ანგარიშმიუცემლად, უფრო მეტი რამ მასწავლეს, ვიდრე ჩემმა გონიერმა აღმზრდელებმა.

9. და, აი, ჩემი სიყრმე რა ხანია მოკვდა, მე კი კვლავ ვცოცხლობ. უფალო, რომელიც მარად ცოცხალი ხარ, და არაფერი არ კვდება შენში, ვინაიდან საუკუნეთა უწინარეს და უპირველეს ყოვლისა, რაზედაც შეიძლება ითქვას „უწინ“, შენა ხარ ყოველივე იმის ღმერთი და უფალი, რაც შენ თვითონვე შეჰქმენი. შენშია მყარი მიზეზი ყოველივე არამყარისა, უცვლელი საწყისი ყოველივე ცვალებადისა, მარადიული წესრიგი უწესრიგოსი და წარმავალისა; მითხარი, ღმერთო, შენს მახვეწარს და მავედრებელს, გულმოწყალების გამო მითხარი შენს საწყალობელ მსახურს, ჩემი სიყრმე რომელიღაც სხვა – მასზე უწინ მკვდარ ასაკს მოჰყვა, თუ მას წინ უსწრებდა მხოლოდ ის დრო, რაც დედის საშოში დავყავი? ზოგი რამ ამაზედაც მსმენია, და ჩემი თვალითაც მინახავს ფეხმძიმე ქალები. კი მაგრამ, მანამდე რაღა იყო, სიხარულო ჩემო, უფალო ჩემო? სადმე მაინც თუ ვიყავი, ან ვინ ვიყავი? ვერავინ მეტყვის: ვერც დედამ შესძლო ეს და ვერც მამამ;  ვერც სხვისმა გამოცდილებამ მაუწყა რამე და ვერც ჩემმა მეხსიერებამ [25]. იქნება კიდეც დამცინი, ამას რას მეკითხებაო, და მიბრძანებ გაქო იმის გამო, რაც ვიცი; გაქო და აღსარება გითხრა.

10. აღსარებას გეუბნები, „ცისა და მიწის უფალო“ [26], ქებას გიძღვნი ჩემი დასაბამისა და სიყრმისათვის, რაც აღარ მახსოვს, მაგრამ შენ შეაძლებინე კაცს სხვების მიხედვით დაესკვნა, თუ რა იყო თავად, და ბევრი რამ გაეგო თავის თავზე უბირი ქალებისაგან. დიახ, მე ვიყავი და ვცხოვრობდი მაშინ, და ჩემი სიყრმის დამლევს უკვე ვეძებდი ნიშნებს, რათა სხვებისთვის გასაგები გამეხადა ჩემი გრძნობები. საიდან უნდა იღებდეს დასაბამს ამნაირი არსება, თუ არა შენგან, უფალო? განა არსებობს ოსტატი, თავისავე თავს რომ ქმნიდეს? განა შეიძლება სხვაგან დიოდეს წყარო, საიდანაც ჩუხჩუხით იღვრება ჩვენში არსებობა და სიცოცხლე? არა, შენა გვქმნი, უფალო, ვისთვისაც ერთია არსებობა და სიცოცხლე, რადგანაც შენა ხარ უზენაესი არსებობა და უზენაესი სიცოცხლე. დიახ, უზენაესი ხარ და უცვლელი; დღევანდელი დღე არასოდეს მთავრდება შენში, თუმცა არა, მაინც მთავრდება, რადგანაც ყოველი დღე შენშია; და ვერცერთი დღე ვერ გაიკვლევდა გზას, შენში რომ არ ყოფილიყო. ხოლო რაკი „შენი წლები წარუვალნი არიან“ [27], სწორედ ეს წლებია დღევანდელი დღე. ვინ მოთვლის, ჩვენი წინაპრების რამდენ დღესა და წელს გაუვლია შენი დღევანდელი დღის გავლით, რომლისგანაც შეუძენიათ ელფერი და ზიარებიან არსებობას, ანდა რამდენი გაივლის კვლავაც, რამდენი შეიძენს იმავე ელფერს და ეზიარება იმავე არსებობას. „შენ კი ერთი და იგივე ხარ“ [28]: ყოველივე ხვალინდელსა თუ ზეგინდელს, ყოველივე გუშინდელსა თუ გუშინწინდელს „დღევანდელად“ აქცევ, როგორც აქამდე გიქცევია [29]. რა ვქნა, თუ ვერავინ გამიგებს? დაე, იხარონ და გულში თქვან: „რა არის ეს?“ დაე, იხარონ და უფრო მეტად დატკბნენ იმით, რომ ნამდვილად კი არ უპოვნიხართ, არამედ ჰგონიათ, რომ გიპოვნეს, ვიდრე იმათ, რომ ეგონოთ, თითქოს ვერ გიპოვნეს, თუმცა სინამდვილეში ნაპოვნი ჰყავხართ.

_________________________________

[21] – დაბად. 18, 27.

[22] – შდრ. ბლეზ პასკალი: „მე არ ვიცი, ვინ წარმომგზავნა ამ ქვეყნად, არ ვიცი, რაა სამყარო, არ ვიცი, ვინა ვარ მე. ო, საშინელი და სრული უმეცრება ჩემი. მე არ ვიცი, რა არის ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც მე ვამბობ…“

„როდესაც ვხედავ კაცთა სიბრმავეს და სისაწყლეს, როდესაც ვუმზერ მუნჯ სამყაროს და ნათლისაგან განძარცულ, თავისი თავის ამარა შთენილ და სამყაროს ამ უბადრუკ კუთხეში ჩაკარგულ მოყვასს, რომელმაც არ იცის, ვინ მოიყვანა აქ, რისთვის მოვიდა, ან რა ელის სიკვდილის შემდეგ, – თავზარდაცემული ვძრწი, როგორც კაცი, რომელიც მძინარე ასწიეს და უკაცურსა და უდაბურ კუნძულზე გადაიყვანეს“ (იხ. ბლეზ პასკალი, აზრები, ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. ბრეგვაძემ, თბ. 1981, გვ. 235, 306).

[23] – პლატონს თავის „გორგიაში“ (492e) მოაქვს ციტატა ევრიპიდეს დაკარგული ტრაგედიიდან „პოლიიდე“ (ფრაგმ. 638):

„ვინ იცის, იქნებ სიკვდილია სიცოცხლე ჩვენი,
ხოლო სიცოცხლე არის სიკვდილი?“

ამ სიტყვებს დიალოგში წარმოთქვამს სოკრატე და იქვე (493a) დასძენს: „იქნებ ჩვენ მართლაც მკვდრები ვართ? ღმერთმანი, ერთი ბრძენკაცისაგან გამიგონია, რომ ჩვენ ამჟამად მკვდრები ვართ და სხეულია ჩვენი საფლავი“.

[24] – შდრ. პოლ ვალერი: „მომენტი, როცა პატარა ბავშვი თავისი ტირილის ძალას შეიცნობს, არაფრით არ განსხვავდება იმ მომენტისაგან, როცა ის ამ ძალას ზემოქმედებისა და ძალადობის იარაღაც აქცევს“ (იხ. პოლ ვალერი, სულის კრიზისი, ფრანგულიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, თბ. 1993, გვ.35).

[25] – „სულის წარმომავლობის საკითხი ერთი იმ საკითხთაგანია, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ სტანჯავდა და აწამებდა ავგუსტინეს, რომელმაც სიცოცხლის დამლევსაც კი ვერ შესძლო მისი გადაჭრა, როცა თავის თხზულებას „Retractationes“ („უარყოფანი“) წერდა, რათა თავისი საბოლოო დასკვნები შეეტანა მასში“ (პიერ ლაბრიოლის შენიშვნა, იხ. „აღსარებათა“ ზემოთ დასახელებული გამოცემა, გვ.8).

[26] – მათე, XI, 25.

[27] – ფსალმ. 101, 28.

[28] – იქვე.

[29] – დროის ეს ორიგინალური კონცეფცია პლატონის „ტიმეოსიდან“ იღებს დასაბამს: „ტიმეოსის“ მიხედვით, კოსმოსის მოწესრიგებული და ჰარმონიული მოძრაობა, გრძნობად-კონკრეტული სამყაროს დინამიზმი სხვა არა არის რა, თუ არა იდეალური სინამდვილის უძრაობის, მისი სტატიურობის პროეცირება ქმნადობის წიაღში; ზუსტად ასევე, დროც – ამქვეყნიურ საგანთა და მოვლენათა არსებობის, მათი მოძრაობისა და ცვალებადობის ფორმა – უცვლელი და უძრავი მარადისობის ანალოგიურ პროექციად გვევლინება. „მარადისობა“ („აიონ“) პლატონისათვის ძირეულად განსხვავდება ამ სიტყვის ჩვენი თანადროული გაგებისაგან. ამ ტერმინით „ტიმეოსში“ აღინიშნება არა ბუნდოვანი, გაურკვეველი და ჯერ კიდევ არ არსებული მომავლიდან აწ უკვე აღარ არსებული წარსულისაკენ ცალსახად და უკუმოუქცევლად მედინი „დროის“ („ხრონიოს“) უსასრულო ოდენობა, რომელიც წინ უსწრებს ან მოსდევს აწმყოს, არამედ ერთგვარი ექსტრატემპორალური (დროის მიღმური, დროის გარეშე არსებული) რეალობა (ჩვენი „უჟამო ჟამი“, ალბათ, ყველაზე სრულად და ამომწურავად გამოხატავს ამ ცნების შინაარსს). დღევანდელი გაგებით „დრო“ სასრულია, მარადისობა კი უსასრულო, მაშინ როდესაც პლატონის აზრით, ამ ორ ცნებას შორის რაოდენობრივი (კვანტიტატური) კი არა, თვისობრივი (კვალიტატური) სხვაობა არსებობს.

„ტიმეოსის“ მარადისობა ინტეგრალური, ცალკეულ მომენტებად (წარსული, აწმყო, მომავალი) განუწილველი დროა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მარადიული, წარუვალი აწმყო, რომელიც ხასიათდება ერთადერთი პრედიკათით – „არის“. და პირიქით, საკუთრივ დრო ცალკეულ მომენტებადაა განწილული. მას თავისი ნაწილები („მერე“) და თავისი სახეები („ეიდე“) აქვს. დორის ნაწილებია დღეები და ღამეები, თვეები და წლები, სახეები კი – „იყო“ და „იქნება“ (ე.ი. წარსული და მომავალი). „არის“, პლატონის მიხედვით, მარტოოდენ მარადისობის ატრიბუტია; რაც შეეხება დროის იმ მომენტს, რომელსაც აწმყოს ვუწოდებთ ჩვენ, ის თითქოს კიდეც არსებობს და არც არსებობს, რაკიღა მხოლოდ და მხოლოდ წარსულისა და მომავლის ერთმანეთისაგან გამმიჯნავ ზღვრად, მსწარფლწარმავალ წამად თუ დროული ნაკადის ერთვარი „ატომად“ გვევლინება. შეადარე არისტოტელე: „ამრიგად, რამდენადაც „ახლა“ (არისტოტელეს „ახლა“ იგივეა, რაც პლატონის „არის“, – ბ.ბ.) სხვა არა არის რა, თუ არა ზღვარი, ის არ არის დრო და მხოლოდ თანხვდომითაა ნიშნული დროისათვის, ვინაიდან ზღვარი ეკუთვნის მხოლოდ იმას, რის ზღვრადაც ის გვევლინება“. – ბ.ბრეგვაძე, „ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი“ (იხ. წიგნში: პლატონი, „ტიმეოსი“, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბ.ბრეგვაძემ, თბ. 1994, გვ. 235-236).

 

VII

11. მისმინე, ღმერთო, ვაი ცოდვილსა და შემცოდეს! ამას ამბობს კაცი, და შენ გებრალება იგი, რადგანაც შენ თვითონ შეჰქმენი, თუმცა მისი ცოდვები კი არ შეგიქმნია. ვინ გამახსენებს ჩემს სიყრმისდროინდელ ცოდვას? რადგანაც არავინაა უცოდველი შენს წინაშე, თვით ახალშობილიც კი, მხოლოდ ერთი დრე რომ უცხოვრია [30], ვინ გამახსენებს? ახალშობილი, რომელიც მიჩვენებს იმას, რაც მე თვითონ აღარ მახსოვს. კი მაგრამ, რა იყო ჩემი ცოდვა მაშინ? ის, რომ ვტიროდი და ხარბად ვეტანებოდი ძუძუს? ახლაც რომ ასე მოვიქცე და ხარბად დავაცხრე რძეს კი არა, ჩემი ასაკისთვის შესაფერ საჭმელს, უთუოდ მასხრად ამიგდებენ და სამართლიანად დამგმობენ. მაშინაც გმობის ღირსი ვიყავი, მაგრამ რაკი ვერაფერს გავუგებდი მგმობელს, არც ჩვეულება და არც გონიერება არავის რთავდა ჩემი გმობის ნებას. რაც უფრო მეტად გვემატება წლები, თვითონვე აღმოვფხვრით ჩვენს თავში და უკუვაგდებთ ამ უკეთურ ზნე-ჩვეულებებს, არასოდეს მინახავს კაცი, სარეველას რომ თხრიდეს და ჯეჯილიც შეგნებულად ზედ მიაყოლოს, – მერედა, კარგი იყო, თუნდაც სიყრმეში, ტირილით მომეპოვებინა ის, რაც ჩემთვისვე იქნებოდა საზიანო, თუკი ნებას დამყვებოდნენ და საწადელს ამისრულებდნენ? გაშმაგებულს დამეწიოკებინა თავისუფალი, თავისი თავის ბატონ-პატრონი, მოწიფული და ჭკუადამჯდარი ხალხი, მათ შორის, ჩემი მშობლებიც, მხოლოდ იმიტომ, რომ საწადელს არ მისრულებდნენ? პაწაწინა მუშტები მებაგუნებინა და დაუნდობლად დამეკაწრა ისინი, იმის გამო, რომ უარს ამბობდნენ ჩემი ბრძანების შესრულებაზე, რომლის შესრულებაც თვით ჩემთვისვე იქნებოდა სავალალო?

ასე რომ, ჩვილი უმწეოა მხოლოდ თავისი ასოების სისუსტით, და არა სულით. ჩემი თვალით მინახავს და დავკვირვებივარ ეჭვებით შეპყრობილ ყრმას: ჯერ კიდევ არ შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ, მრისხანებით გაფითრებული, რანაირი მძულვარებით და გაშმაგებით მისჩერებოდა თავის მეძუძურ ძმას. თუმცა ეს ყველას კარგად მოეხსენება. ვინ იცის, რა ხერხს აღარ მიმართავენ დედები და ძიძები ამ ბიწის აღმოსაფხვრელად. როდესაც დედის ძუძუდან ესოდენ უხვად გადმოსჩქეფს რძე, განა შეიძლება უბიწოება ეწოდოს იმას, რომ ვერ იტანდე ძუძუმტეს, რომელიც მხოლოდ ამ რძითა ცოცხლობს? და მაინც, ამ ბიწს უდრტვინველად იტანენ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უმნიშვნელოა და უბადრუკი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს ზრდასთან ერთად კნინდება, რასაც შენ თვითონ გვიდასტურებ, რადგანაც იგივე ბიწი ყოველად აუტანელი გვეჩვენება, თუ კაცი მოწიფულობაშიც ინარჩუნებს მას.

12. უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეცი ყრმას სიცოცხლე და სხეული, რომელიც აღჭურვე გრძნობებით, მტკიცედ შეჰკარი მისი ასოები, უხვად შეამკე და ყოველი ცოცხალი არსებისათვის ნიშნეული სწრაფვაც ჩაუნერგე, სწრაფვა სიცოცხლის შენარჩუნებისა და სრულქმნილებისაკენ. შენ მიბრძანებ ქებას გასხამდე ამის გამო, „აღსარებას გეუბნებოდე და ვუგალობდე შენს სახელს, უზენაესო!“ [31], რადგანაც შენ ხარ ყოვლისშემძლე და კეთილი, რაკიღა შესძელი იმის ქმნა, რაც შენს გარდა ვერავინ შესძლო. ო, ერთადერთო, ვისგანაც იღებს დასაბამს ყოველი ზომა; ო, უმშვენიერესო, რომელიც ამშვენიერებ და აწესრიგებ ყველაფერს, შენივე კანონის თანახმად. ეს ასაკი, რომელსაც ვეღარ ვიხსენებ, უფალო, და მხოლოდ სხვების მონაყოლით თუ მონათხრობით ვიცნობ, ან კიდევ სხვა უმწეო ყრმებზე დაკვირვებით თუ შემიძლია დავასკვნა, რომ ოდესღაც მეც მათნაირი ვიყავი, – რაგინდ სარწმუნოც უნდა იყოს ჩემი დასკვნა, მაინც არ მინდა ეს ასაკი ჩემი ამქვეყნიური სიცოცხლის ნაწილად მივიჩნიო. წყვდიადი, რომელიც მას მოსავს ჩემი მეხსიერების სიღრმეში, ერთმანეთის ტოლფარდსა ხდის სიყრმის ასაკს და იმ დროს, დედის საშოში რომ დავყავი, და თუ „უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით მზრდიდა დედაჩემი თავის საშოში“ [32], მაშინ სადღა ვიყავი მე, უფალო, შენი მონა, გეკითხები, სადღა ვიყავი, ან როდისღა ვიყავი უბიწო? არა, მე დუმილით ვუვლი გვერდს ამ ასაკს; რა მესაქმება მასთან, თუკი მის ვერავითარ ნაკვალევს ვეღარ ვპოულობ?

_________________________________

[30] – „ავგუსტინე დარწმუნებული იყო ადამიანის ბუნების თანდაყოლილ ხრწნილებაში, ბუნებისა, რომელიც იმდენად შებღალა დასაბამიერმა ცოდვამ, რომ უკეთური მიდრეკილებები აკვანშივე იჩენენ თავს ჩვილის სულში“ (პიერ დე ლაბრიოლის შენიშვნა, იხ. „აღსარებათა“ დასახ. გამოც. გვ.9).

ამ კონცეფციიდან დასაბამს იღებს საკმაოდ პირქუში დოქტრინა, რომელსაც საუკუნეების შემდეგ ააღორძინებს ჟან კალვინი (1509-1564 წ.). „ავგუსტინეს მოძღვრების თანახმად, ცოდვითდაცემამდე ადამს ჰქონდა თავისუფალი ნება და შეეძლო თავი შეეკავებინა ცოდვისაგან. მაგრამ როცა მან და ევამ იგემეს ვაშლი, მათში შევიდა ხრწნილება, რომელიც შემდეგ მთელ მათ შთამომავლობას გადაეცა. ასე რომ უვკე აღარავის შეუძლია საკუთარი ძალით თავი შეიკავოს ცოდვისაგან. მხოლოდ ღვთის მადლი აძლევს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ სიქველის გზას მისდიონ. რაკი ყველანი ადამის ცოდვის მემკვიდრენი ვართ, ამიტომ ყველა საუკუნო წყევლისა და შეჩვენების ღირსია. ყველას, ვინც მოუნათლავი კვდება, თვით ყრმებსაც კი, ჯოჯოხეთში დაუსრულებელი ტანჯვა-წამება ელის. ჩვენ უფლება არა გვაქვს ვდრტვინავდეთ ამის გამო, რადგანაც ყველანი ბოროტები ვართ… თუმცა ღვთის თავისუფალი მადლის წყალობით, მონათლულთა შორის გამოირჩევიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც სასუფევლის ღირსნი ხდებიან, მაგრამ არა მათი სიკეთის გამო: ჩვენ ყველანი მთლიანად ჩავმყაყდით ბიწიერებაში და შეგვიძლია მართალნი ვიყოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას გვაძლევს ღვთიური მადლი, რასაც იმსახურებენ მატროოდენ რჩეულნი. შეუძლებელია იმისი ახსნა, თუ რატომაა ხსნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი დაწყევლილია. ამას ღვთის არამოტივირეული გადაწყვეტილება განაპირობებს. შეჩვენება ღვთის მართლმსაჯულების მაუწყებელია, ხსნა კი – მისი გულმოწყალება. ორსავე შემთხვევაში თავს იჩენს მისი მადლი“. – Б. Рассел, История Западной философии, М., 1959, стр. 310-311.

[31] – ფსალმ. 91, 2.

[32] – ფსალმ. 50,7.

 

VIII

13. განა ჩემი ახლანდელი ასაკისაკენ მომავალმა სიყრმიდან სიყმაწვილეში არ გადავაბიჯე? თუ, უფრო სწორად, სიყმაწვილე თვითონვე მოვიდა ჩემთან და სიყრმე შეცვლა? სიყრმე არ გამქრალა: მაგრამ სად წავიდა? და მაინც, ის აღარსად იყო. მე უკვე აღარ ვიყავი ყრმა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, არამედ – ტიკტიკა ყმაწვილი. ეს კი მახსოვს, ხოლო შემდეგ იმასაც მივხვდი, თუ როგორ ამოვიდგი ენა. უფროსები როდი მასწავლიდნენ, და არც გარკვეული წესრიგით დალაგებულ სიტყვებს მთავაზობდნენ, როგორც უფრო გვიან – ანბანის შესწავლისას. მე ვმოქმედებდი ჩემივე გონების კარნახით, რომელიც შენ მიბოძე, ღმერთო. როდესაც ვცდილობდი ტირილითა თუ ყვირილით, ან ხელებისა თუ ფეხების ქნევით გამომეხატა ჩემი სანუკვარი სურვილი, რათა დიდები დამორჩილებოდნენ ჩემს ნებას, ვერც იმას ვახერხებდი, რომ მიმეღო ყველაფერი, რაც მსურდა, და ვერც იმას, რომ ყველასათვის გამეგებინებინა ჩემი გულისნადები. ამიტომაც მეხსიერებაში ვიბეჭდავდი ყველა სიტყვას, რომლითაც დიდები ამა თუ იმ საგანს ასახელებდნენ; ამ სიტყვის გაგონება და ხსენებული საგნისკენ ჩემი შეტრიალება ერთი იყო. ვხედავდი და ვიმახსოვრებდი: წარმოთქმული სიტყვა სწორედ ამ საგანს აღნიშნავდა. დიდებს რომ მისი დასახელება სურდათ, ამას მათი მოძრაობებიც მოწმობდა, ყველა ხალხის ეს ბუნებრივი ენა, სახის გამომეტყველებისაგან, თვალის ჩაპაჭუნებისაგან, მინიშნებებისა და სულიერი მდგომარეობების გამომხატველი ბგერებისაგან რომ ითხზვის, იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს, რისკენ მიილტვის, რას უარყოფს ან გაურბის სული. მე თანდათანობით ვხვდებოდი, რის ნიშნებად გვევლინებოდნენ სხვადასხვა წინადადებაში თავიანთ ადგილას ხმარებული სიტყვები, ესოდენ ხშირად რომ ჩამესმოდა ყურში. თანდათანობით შევაჩვიე ჩემი ბაგეები მათ წარმოთქმას, და ვცდილობდი მათი მეშვეობით გამომეთქვა ჩემი სურვილი. ასე ვისწავლე ამ ნიშნებით სარგებლობა, რათა ჩემი გულისნადები გამეგებინებინა ახლობლებისათვის, ასე რომ, სულ უფრო და უფრო ღრმად ვიჭრებოდი ადამიანთა ბობოქარი ცხოვრების მორევში, თუმცაღა კვლავ უფროსების ნება-სურვილზე ვიყავი დამოკიდებული.

 

IX

14. ღმერთო ჩემო, ღმერთო, რამდენი უბედურება და დამცირების გადატანა მომიხდა მაში, როცა პატარა ბიჭს მაიძულებდნენ ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჯერ არს: უსიტყვოდ დავმორჩილებოდი ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც მირჩევდნენ, ისე მეცხოვრა, რომ წარმატებისათვის მიმეღწია ამ ქვეყნად და სიტყვიერების ხელოვნებაში გამეწაფა თავი, რისი წყალობითაც იხვეჭენ სახელსა და მაცთურ სიმდიდრეს. ამიტომაც მიმაბარეს სკოლაში, რომ წერა-კითხვა მესწავლა. საუბედუროდ, არ მესმოდა, რა საჭირო იყო ეს, და თუ გულს ვერ ვუდებდი სწავლას, სასტიკად მსჯიდნენ. უფროსებს მოსწონდათ ეს ჩვეულება. ვინ მოსთვლის, ჩვენზე უწინ რამდენ თაობას გაუკვალავს ეს ნარეკლიანი გზა, რომელიც აწ ჩვენ იძულებით უნდა გაგვევლო; რამდენ თაობას უმრავლებია ადამის ძეთა ურვა და ტანჯვა-ვაება [33]. ამ გზაზე მე შეხვედრია, უფალო, შენს მიმართ მლოცველი ხალხი. მათგან გავიგე და, შეძლებისდაგვარად, კიდევაც მივხვდი, რომ შენა ხარ ვიღაც დიადი, რომელსაც შეუძლია შეისმინოს ჩვენი ვედრება და შეგვეწიოს, ისე, რომ ჩვენი გრძნობებისათვის მიუწვდომელი დარჩეს. და მეც, თითის ტოლა ბიჭუნამ, შენს მიმართ დავიწყე ლოცვა, „ჩემო მეოხო და თავშესაფარო“ [34]. შენ გიხმობდი და ამის წყალობით დავძლიე ჩემი ენაბრგვილობა. პატარა ვიყავ, მაგრამ დიდი მოწიწებით და გულმხურვალედ გევედრებოდი, რომ მასწავლებლებს არ ვეცემე. და რაკი შენ არ გესმოდა ჩემი ვედრება, – რაც, ბოლოს, სასიკეთო გამოდგა ჩემთვის, – უფროსებს, ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებსაც ნამდვილად არ უნდოდათ, რომ ავი რამ შემმთხვეოდა, მიუხედავად ამისა, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ეს ცემა-ტყეპა, ჩემი მაშინდელი სიმწარე და სასოწარმკვეთი უბედურება.

15. თუ მოიძებნება, უფალო, იმდენად დიდსულოვანი კაცი, ენითუთქმელი სიყვარულით რომ გემსჭვალვის, თუ მოიძებნება-მეთქი, გეკითხები, კაცი, რომელიც ისე მაღლა აეზიდოს საღვთისმოსაო გზნებას, რომ არაფრად უჩნდეს ძელზე გასმა, რკინის მარწუხებით ხორცის გლეჯა და სხვა მისთანანი (რადგანაც ზოგჯერ თვით სიჩლუნგეც კი ამნაირ შედეგს აღწევს), რომელთაგანაც თავის დახსნას მთელი დედამიწის ზურგზე თავზარდაცემულნი შეგთხოვენ საწამებლად განწირულნი? ანდა თუ შესძლებდა ამნაირი კაცი, სასაცილოდაც არ ჰყოფნოდა მათი ძრწოლა, როგორც ჩემს მშობლებს – ის საშინელი წამება, რითაც სულს მხდიდნენ სკოლაში? მით უმეტეს მეშინოდა ჩემი მასწავლებლებისა და დღენიადაგ გევედრებოდი, ამ მტანჯველებისაგან მიხსენი-მეთქი. გევედრებოდი და თან ვცოდავდი, რადგანაც ნაკლებ დროს ვუთმობდი წერა-კითხვას და გაკვეთილების მომზადებას, ვიდრე ჩემგან მოითხოვდნენ. არც მეხსიერება მაკლდა და არც ნიჭი, უშურველად რომ მიწყალობე, მაგრამ თამაში მიყვარდა და ამის გამო მსჯიდნენ ისინი, ვინც ჩემსავით თამაშით იქცევდა თავს. დიდების თავშექცევას საქმე ჰქვია; ბავშვების თამაშიც საქმეა [35], მაგრამ დიდები მათ სჯიან ამის გამო, და არავის ებრალება არც პატარები და არც დიდები. მოიწონებდა თუ არა მართლად გამრიგე მსაჯული იმ ცემა-ტყეპას, რასაც მე ვიტანდი იმის გამო, რომ ბურთს ვთამაშობდი და თამაშში გართულს საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ წერა-კითხვა უნდა მესწავლა, რითაც, უკვე მოწიფული, გაცილებით უფრო უხამსი თამაშით ვიქცევდი თავს. მასწავლებელი, რომელიც მცემდა, განა ჩემზე უკეთ იქცეოდა? საკმარისი იყო, ყოვლად უბადრუკ პაექრობაში დაეჯაბნა მის სწავლულ კოლეგას, რომ ისევე ახრჩობდა შური და ბოღმა, როგორც მე, როცა ბურთის თამაშში ჩემივე თანაგუნდელი თუ მოწინააღმდეგე მჯობნიდა.

_________________________________

[33] – „ბავშვებს ხშირად სასჯელის შიშით აიძულებენ ისწავლოს, – შენიშნავდა სხვაგან ნეტარი ავგუსტინე („ღვთის ქალაქისათვის“, XXI, 14) – და ეს იმდენად საზარელია, რომ მათ, არცთუ იშვიათად, სასჯელი ურჩევნიათ სწავლას. ამიტომ ვის არ შეაძრწუნებდა ხელახლა დაეწყო ბავშვობა, და არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ვინ არ ამჯობინებდა სიკვდილს?“

[34] – ფსალმ. 93, 22.

[35] – სენეკასაც მიაჩნდა, რომ ბავშვების თამაშსა და უფროსების საქმიანობას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს („დიალოგები“ 2, 12, 1-2)… გულისშემძვრელია ისააკ ნიუტონის სიტყვები, სადაც გენიალური ინგლისელი სწორედ პატარა ბავშვს ადარებს თავს, ოკეანის პირას რომ თამაშობს და უხარია, თუკი შემთხვევით ლამაზ კენჭს, ან ფერად ნიჟარას იპოვის, მაშინ როდესაც მის წინაშე გადაშლილია ჭეშმარიტების უკიდეგანო ოკეანე (იხ. В.Гейзенберг, Шаги за горизонт, М., 1957, стр. 291).

 

X

16. და მაინც, მე ვცოდავდი, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლის გამრიგევ და ყოველი ბუნებრივი საგნის შემქმნელო, გარდა ცოდვისა, რომელიც კი არ შეგიქმნია, არამედ შენს მარადიულ წესრიგს დაუმორჩილე. დიაც, ვცოდავდი, უფალო ღმერთო ჩემო, რადგანაც ყურად არ ვიღებდი მშობლებისა და მასწავლებლების რჩევას. აკი შემდეგ ჩემდა სასარგებლოდ გამოვიყენე ის ცოდნა, რომელსაც, ჩემი ახლობლების ნება-სურვილით, მიუხედავად იმისა, თუ რას ისახავდნენ მიზნად, უთუოდ უნდა დავუფლებოდი. ურჩი ვიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უფრო სასიკეთო საქმის კეთებას ვირჩევდი, არამედ იმიტომ, რომ თამაში მიყვარდა. მიყვარდა, როცა ვიმარჯვებდი შეჯიბრში და ვამაყობდი ამ გამარჯვებით. ჩემს ყურს საამოდ ელამუნებოდნენ ცრუ არაკები, რომლებიც მხოლოდ მიღვივებდნენ ფუჭ ცნობისწადილს, და მე დღითი-დღე მიმძაფრდებოდა სურვილი, საკუთარი თვალით მენახა ჩემთვის უცნობი სანახაობა – მოწიფულთა თამაშობანი. ამ სანახაობათა გამმართავნი ისეთ დიდ წარმატებას აღწევენ [36], რომ ერთია თითქმის ყველას საფიქრალი და საზრუნავი: ადრე თუ გვიან, თავიანთ ადგილას იხილონ საკუთარი ნაშიერნი, მაგრამ, ამასთანავე, სულაც არ აწუხებთ ის ამბავი, რომ მათ საყვარელ ნაშიერთ ცემითა ხდიან სულს, თუკი ამ სანახაობათა გადამკიდენი სწავლაში მოიკოჭლებენ. რადგანაც მშობლების მიზანი მხოლოდ ისაა, რომ სწავლა-განათლებამ, როცა იქნება, მათ შვილებსაც შეაძლებინოს ამნაირ სანახაობათა გამართვა. დახედე ამას, უფალო, შენი მოწყალე თვალით დახედე, და გვიხსენი შენი მხმობელნი; ჩვენც და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ არ გიხმობენ; რათა გიხმონ და, ამრიგად, იხსნა ისინიც.

_________________________________

[36] – გლადიატორთა ბრძოლებსაც და საცირკო ასპარეზობებსაც ქალაქის უმაღლესი მოხელენი აწყობდნენ.

 

Print Friendly

Comments are closed.