აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი) გაგრძელება

11/04/2017
By

3249333776 აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი) დასაწყისი იხილეთ აქ

XI

17. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და უკვე მესმოდა, რომ არსებობს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც აღგვეთქვა იმის წყალობით, რომ უფალმა ღმერთმა ჩვენმა დაიმცრო თავი და არ ითაკილა ჩვენს ქედმაღლობამდე დამდაბლებულიყო. მე მისი ჯვრის ნიშნით ვიყავი აღბეჭდილი და მისივე მარილით ნამარილევი [37] დედის საშოდან გამოსვლისთანავე, ხოლო დედაჩემის ყველაზე დიდი სასოება უფალი იყო. ხომ შენი თვალით გინახავს, ღმერთო, როგორ დამრია ერთ დღეს ხელი სრულიად უმწეო ბალღს მუცლის საშინელმა გვრემამ, რომელმაც ლამის სიკვდილის პირას მიმიყვანა; ხომ შენი თვალით გინახავს, ღმერთო ჩემო, რადგანაც იმთავითვე შენ იყავი ჩემი მფარველი, – რა გულმხურვალედ ვევედრებოდი ღვთისმოსავ დედაჩემსა და ყველა მორწმუნის საერთო დედას – ეკლესიას, სასწრაფოდ მოვენათლეთ შენი ქრისტეს, ჩემი ღმერთისა და უფლის სახელით. და ჩემი ხორციელი დედა, ვის უმანკო გულშიაც არაფერს შეეძლო ჩაექრო ჩემი საუკუნო ხსნის იმედი და შენდამი ურყევი რწმენა, მწუხარებისაგან შეშლილი სახით ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად მოვენათლე, რათა შენს წმინდა საიდუმლოს ვზიარებოდი და ამრიგად ჩამომერეცხა ჩემი ცოდვები, – რომ მოულოდნელად მოვმჯობინდი და სააქაოსაკენ ვიბრუნე პირი. ამრიგად, ჩემი განწმენდა გადაიდო, თითქოს აუცილებელი იყო, რომ, რახან ცოცხალი დავრჩი, უფრო მეტად ამოვსვრილიყავი მწვირეში; როგორც ჩანს, ასე ინება თვითონ განგებამ, რადგანაც განწმენდის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა მწვირე უფრო მძიმე შეცოდებად შემერაცხებოდა. ამრიგად, მე უკვე მწამდა, სწამდა დედაჩემსაც და მთელ სახლეულსაც, გარდა მამაჩემისა, თუმცა მან ვერ დამავიწყებინა ღვთისმოსაობის დედისეული გაკვეთილები და ვერც ქრისტეს რწმენაზე ამაღებინა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო იყო მისთვის. დედაჩემის ძალისხმევას უნდა ვუმადლოდე, უფალო, რომ მამად უმალ შენ მეგულვი, ვიდრე ჩემი ხორციელი მამა, და ეს შენი შეწევნით მოხდა, შენ მიეც ძალა ქმრის ძლევისა, ვისაც, თავისი ზნეობრივი უპირატესობის მიუხედავად, უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რადგანაც ამით ის გმორჩილებდა შენ, რომელმაც ქმრების მორჩილება უბრძანე ცოლებს [38].

18. მითხარი, ღმერთო ჩემო, მინდა ვიცოდე, რა მიზნით გადაიდო მაშინ ჩემი ნათლობა: ჩემდა სასიკეთოდ მოხდა თუ სავალალოდ, რომ ჩემი უკეთური მიდრეკილების სადავე მიშვებულ იქნა? ან, იქნებ, არც მიუშვიათ? რატომაა, რომ დღესაც ყურს მიბურღავს ხან ერთი და ხან მეორე მოყვასის მისამართით თქმული სიტყვები: გაუშვი, რაც უნდა, ის ქნას, ჯერ კიდევ მოუნათლავიაო. როცა საქმე სხეულის ჯანმრთელობას ეხება, მაშინ ხომ არავინ იტყვის: გაუშვი, თავში ქვა უხლია, ჯერაც არ მორჩენილაო. რამდენად უფრო უმალ და უკეთ განვიკურნებოდი, ამაზე მე თვითონ რომ მეზრუნა, ჩემიანებთან ერთად, რათა შენი მფარველობით მეხსნა სული, რადგანაც მხოლოდ შენა ხარ ჩვენი მხსნელი და მფარველი. რა თქმა უნდა, ასე აჯობებდა. მაგრამ რა საშინელმა ქარიშხალმა უნდა გადაიქროლოს იმის თავზე, ვინც უკან იტოვებს ბავშვობის ასაკს, ეს დედაჩემმა უკვე იცოდა, და ამიტომაც ამჯობინა, რომ ქარიშხალს თავის სათამაშოდ ექცია მტვერი, რომელიც შემდეგ შეიძლებოდა კაცად ქცეულიყო, – ვიდრე ხატება ღვთისა [39].

_________________________________

[37] – „ეს იყო ეგრეთ წოდებული „ნათლობისწინა რიტუალის აღსრულება“, რაც შემდეგნაირად ხდებოდა: ბავშვს ახნა მოზრდილს ჯვარს გადასახავდნენ და მარილის მწიკვს მისცემდნენ. ის, ვისზედაც ამ რიტუალს აღასრულებდნენ, უკვე კატიხუმენთა, ესე იგი, იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც შეეძლო ნათლისღების საიდუმლოს ზიარებოდა. ბავშვს, ჩვეულებრივ, სრულწლოვანების მიღწევამდე არ ნათლავდნენ: მიაჩნდათ, რომ ნათლისღებით მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევებოდა ადამიანს და ამიტომაც არ ჩქარობდნენ მის მონათვლას. მაგრამ IV ს. ეკლესიის მამებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ ბავშვებიც მოენათლათ, და V საუკუნეში უკვე ჩვევად იქცა მათი მონათვლა“ (იხ. „აღსარებათა“ რუსული თარგმანის შენიშვნები, დასახ. გამოც. გვ. 229).

[38] – იხ. I პეტრე, III, 1.

[39] – შდრ. დაბად. II, 7: „და შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან“. „აღსარებათა“ ბოლო თავში (XIII, XII, 13) ნეტარი ავგუსტინე, ალეგორიული მეთოდის თანახმად, „მიწას“ აიგივებს „ხორციელ კაცთან“, წმიდა მოძღვრების წყალობით რომ იღებს „ფორმას“, რაც ნათლით მოსავს და სულიერებას ანიჭებს მას.

 

XII

19. ჩემს სიყმაწვილეში, რომელიც ნაკლებ შიშს მინერგავდა, ვიდრე სიჭაბუკე, გულს ვერ ვუდებდი სწავლას, თუკი არ მაიძულებდნენ მემეცადინა. იძულებით კი, იცოცხლე, მაიძულებდნენ, და ეს სასიკეთო გამოდგა ჩემთვის, თუმცა მე თვითონ ცუდად ვიქცეოდი: რომ არ ვეიძულებინეთ, საერთოდ ხელს ავიღებდი სწავლაზე. ვინ აკეთებს რაიმეს კარგად, თუ ეს მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება, – კარგ საქმესაც რომ აკეთებდეს? ცუდად იქცეოდა ყველა, ვინც მაიძულებდა მემეცადინა, მაგრამ თუ ეს იძულება სასიკეთო გამოდგა ჩემთვის, ამას მხოლოდ შენ უნდა გიმადლოდე უფალო. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ: საშუალება მოეცათ ჩემთვის, რამენაირად დამეცხრო სიხარბის უძღები სურვილი და მათხოვრული სიმდიდრისა და სამარცხვინო დიდების მოსახვეჭად გამომეყენებინა ის, რის სწავლასაც მაიძულებდნენ. შენ კი, „ვისაც ჩვენი თმებიც სათითაოდ დათვლილი გაქვს“ [40], ჩემს სასარგებლოდ იყენებდი მათ შეცდომას, ვინც მაიძულებდა მესწავლა, ხოლო ჩემს საკუთარ ცთომილებას – სიზარმაცეს – საიმედოდ, რომ დაგესაჯე, რასაც სავსებით ვიმსახურებდი, მე – პატარა ბიჭი და დიდი ცოდვილი. ასე, იმათი მეშვეობით, ვინც ცუდად იქცეოდა, მევე მწყალობდი, ხოლო ჩემი საკუთარი ცოდვებისთვის სამართლიანად მომაგებდი სანაცვლოს. აკი შენ ბრძანე, – და ასეცაა, – რომ ყოველი აღვირახსნილი სული თავის თავშივე იმარხავდეს საკუთარ სასჯელს [41].

_________________________________

[40] – მათე, X, 30.

[41] – ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, სასჯელი არასოდეს არ არის თვითნებური და ზეგარდამო მოვლენილი: ის ბრალის იმმანენტურია და მისგანვე იღებს დასაბამს.

 

XIII

20. მაგრამ რა იყო იმის მიზეზი, რომ ასე ძალიან მძულდა ბერძნული, რომლითაც სიყრმიდანვე მჭყიპავდნენ? მართალი გითხრათ, დღესაც არ ვიცი. ლათინური კი მიყვარდა, მაგრამ არა ის, რასაც დაწყებით სკოლებში ასწავლიან, არამედ ეგრეთწოდებულ გრამატიკოსთა გაკვეთილები [42]. წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლა თავდაპირველად ისევე ძნელი და აუტანელი მეჩვენებოდა, როგორც ბერძნული [43]. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა ცოდვა და ცხოვრებისეული ამაოება? რადგანაც მე ვიყავი „ხორცი და ცთომილი სული, უკან რომ არ შემოიქცევა“ [44]. და მაინც, ეს პირველდაწყებითი სწავლა, რამაც, ბოლოს და ბოლოს, საშუალება მომცა სხვისი ნაწერიც მეკითხა და თვითონაც მეწერა, რაც კი მომეპრიანებოდა, გაცილებით უფრო უკეთესი და სასარგებლო იყო, ვიდრე ის გაკვეთილები, სადაც მაიძულებდნენ დამეზუთხა ვიღაც ენეასის [45] ხეტიალი და, ამრიგად, დამევიწყებინა ჩემი საკუთარი ხეტიალი ცოდვისა და ცთომილების გზით; მდუღარე ცრემლებით დამეტირებინა დიდონა [46], სიყვარულის გამო რომ მოიკლა თავი, მაშინ როდესაც მე უბედურს ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია ჩემი სულიერი სიკვდილის გამო, რაშიაც ბრალი მიუძღოდა ამ აბდაუბდას, შენს თავს რომ მაშორებდა, ღმერთო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო.

21. ვინ იქნება იმ საბრალოზე უფრო საბრალო, ვისაც თავისი თავი კი არ ებრალება, არამედ დიდონას დასტირის, ენეასადმი სიყვარულის გამო რომ მოიკლა თავი; დიახ, დიდონას დასტირის და არა თავის საკუთარ სიკვდილს, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ არ მიყვარდი, უფალო, ჩემი გულის ნათელო, ჩემი სულის პურო, ჩემი გონების ცხოველმყოფელო ძალავ და აზრის სიქადულო. არ მიყვარდი და გღალატობდი, ხოლო ჩემს ღალატს სიხარულის ყიჟინით ხვდებოდა ხალხი. საწუთროს სიყვარული შენი ღალატია [47], და როცა ამ ღალატს სიხარულის ყიჟინით ეგებებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ კაცს შერცხვეს, ვაითუ ისე არ ვიქცევი, როგორც იქცევიან სხვებიო. ჰოდა, მეც ჩემს უბედურებას კი არ დავტიროდი, არამედ დიდონას, რომელმაც „დანა დაიცა და მიაშურა ჩვენს უკანასკნელ ადგილსამყოფელს“ [48]; მეც ასევე ვეშურებოდი შენს უკანასკნელ ქმნილებათა შორის ტრიალს, – მე, შენთვის ზურგის მქცეველი, მიწა, მიწადვე მიქცეული. ჩემი წამება მაშინ გენახათ, ამნაირი არაკების კითხვა რომ აეკრძალათ, რადგანაც ვერ შევძლებდი მეკითხა წიგნი, რომელიც გამაწამებდა. და მთელი ეს სიშლეგე უფრო მეტად ფასობს და უფრო ღრმა განსწავლულობის ნიმუშად ითვლება, ვიდრე წერა-კითხვის შესწავლა.

22. უფალო, ახლა კი, დაე, აიმაღლოს ჩემს სულში ხმა და მითხრას შენმა სიმართლემ: „არ არის ასე, არ არის ასე“. არა, დაწყებითი განათლება უმჯობესია. მე, ჩემდა თავად, მზადა ვარ უმალ დავივიწყო ენეასის ხეტიალი და სხვა მისთანანი, ვიდრე წერა და კითხვა, გრამატიკოსთა სკოლების ბჭეზე ფარდებია ჩამოშვებული, მაგრამ ეს მოწიწების აღმძვრელ საიდუმლოებათა ნიშანი როდია, არამედ ცთომილების საბურველი [49]. დაე, ნუ აყაყანდებიან ჩემს წინააღმდეგ ისინი, ვისიც უკვე აღარ მეშინია, ვიდრე აღსარებას გეუბნები, ღმერთო ჩემო, და გიმჟღავნებ, რა სურს ჩემს სულს: მე ვმშვიდდები, როცა ვგმობ ჩემი ცთომილების გზას, რათა შენი წრფელი გზა შევიყვარო. დაე, ნუ აყაყანდებიან ჩემს წინააღმდეგ კაზმულსიტყვაობის ნიმუშთა მყიდველნი და გამყიდველნი: მე რომ ავდგე და ამ კითხვით მივმართო მათ, ენეასი ოდესღაც მართლა ჩავიდა კართაგენში, როგორც პოეტი ამტკიცებს-მეთქი, ნაკლებად განათებულნი მიპასუხებენ, არ ვიცითო, უფრო ღრმად განსწავლულნი კი დაბეჯითებით იტყვიან, არა, არ ჩასულაო. მაგრამ თუ ვიკითხე, რა ასოებით იწერება სახელი „ენეასი“, წერა-კითხვის ყოველი მცოდნე სწორ პასუხს გამცემს, იმ შეთანხმების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა დაადგინეს ამ ნიშნების მნიშვნელობა [50]. ხოლო თუ ამ კითხვასაც დავუსვამ მათ: რა უფრო საზიანო იქნება თქვენთვის, წერა-კითხვის დავიწყება, თუ ამ პოეტური გამონაგონისა-მეთქი, განა თავისთავად ცხადი არ არის, რასაც მიპასუხებს ყველა ჭკუადამჯდარი კაცი?

მაშასადამე, პატარაობისას ვცოდავდი, რაკიღა ცრუ არაკები მერჩია ჩემთვის ესოდენ სასარგებლო გაკვეთილებს, ან, უფო სწორად, როცა მიყვარდა პირველნი და მძაგდა მეორენი. „ერთი და ერთი ორია; ორი და ორი – ოთხი“, – ჭირის დღესავით მძულდა ეს იწილო-ბიწილო [51], სამაგიეროდ წარმოსახვა ტკბებოდა ფუჭი და მაცთური ხილვებით: ხის ცხენი, შიგ მიმალული მეომრები, ტროის ხანძარი და „თვით კრეუსას აჩრდილი“ [52].

_________________________________

[42] – რომის იმპერიაში (მეტროპოლიაშიც და პროვინციებშიც) სწავლა-განათლების სრული კურსი სამ საფეხურს, სამ ეტაპს მოიცავდა: ეს იყო – ა) დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლობდნენ წერა-კითხვას და არითმეტიკას; ბ) გრამატიკული სკოლა, სადაც ძირითადად კითხულობდნენ რომაული და ბერძნული მწერლობის კლასიკოსებს და საფუძვლიანად არჩევდნენ მათ ტექსტებს, რასაც უშუალოდ ერწყმოდა გრამატიკის, სტილისტიკის, მეტრიკის, მუსიკის, ისტორიის, რელიგიის, მითოლოგიის, გეოგრაფიისა და სხვა საგანთა სწავლება; და ბოლოს, გ) რიტორიკული სკოლები, სადაც ჭაბუკები მჭევრმეტყველების ხელოვნებას ეუფლებოდნენ და ორატორის პრესტიჟული კარიერისათვის ემზადებოდნენ (დაწვრილებით იხ. М. Сергеенко, Жизнь древнего Рима, М.-1, 1964, стр. 169-191).

[43] – „დღემდე დაობენ იმის თაობაზე, იცოდა თუ არა ნეტარმა ავგუსტინემ ბერძნული. თვითონვე ამბობდა ხოლმე, თითქმის სრულიად არ ვიცი ეს ენაო („პეტილიანეს წინააღმდეგ“, 2, 38, 91). მაგრამ საეჭვოა, რომ ეს მართლაც ასე ყოფილიყო. გრამატიკული სკოლებიდან მოყოლებული სწავლება ორენოვანი იყო, და ავგუსტინეც, ეს ნიჭიერი ჭაბუკი, იმდენად მაინც დაეუფლა ბერძნულ ენას, რომ ცოდნის ეს მარაგი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რათა შემდეგ ერთმანეთისათვის შეედარებინა ბიბლიის ლათინური თარგმანი და ბერძნული ორიგინალი (სამოცდაათი განმმარტებლის თარგმანი). თუმცა ბერძნული ყოველთვის უცხო იყო მისთვის, ისევე, როგორც ელინისტური კულტურა: ბერძენ კლასიკოსებს საერთოდ არ კითხულობდა, წარმართი ფილოსოფოსებისა და აღმოსავლური ეკლესიის მამათა თხზულებებიდან კი მხოლოდ იმას იცნობდა, რაც ლათინურად იყო თარგმნილი“ (იხ. „აღსარებათა“ რუსული თარგმანის შენიშვნები, დასახ. გამოც. გვ.230).

[44] – ფსალმ. 77,39.

[45] – ენეასი – ვერგილიუსის „ენეიდას“ მთავარი გმირი, ქალღმერთ აფროდიტესა და დარდანიელთა მითიური მეფის ანქისის ძე, ტროას მეფის პრიამოსის სიძე: ცოლად ჰყავდა მისი ასული კრეუსა, ვისგანაც შეეძინა ასკანიოსი (იოლოსი – რომაელ იულიუსთა საგვარეულოს ლეგენდარული მამამთავარი). ტროას დამხობის შემდეგ თავისი ღვთაებრივი დედის რჩევით ცოლ-შვილითა და ახლობლებითურთ მიატოვა ცეცხლმოდებული ქალაქი, რათა თავისი შორეული წინაპრების ოდინდელ საშობლოში – იტალიაში გადასახლებულიყო. გზაში დაეღუპა მამა და მეუღლე. კართაგენს ჩასული დიდი პატივით მიიღო იქაურმა დედოფალმა დიდონამ, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა იგი. ქალი ყოველნაირად ცდილობდა სამუდამოდ კართაგენში დაეტოვებინა მიჯნური. მაგრამ თავისი აღთქმის ერთგულმა ენეასმა ყურად არ იღო ქალის ვედრება და იტალიისაკენ გასწია. სასოწარკვეთილმა დიდონამ ვერ აიტანა მიჯნურთან განშორება და თავი მოიკლა.

[46] – დიდონა – იხ. ზემო შენიშვნა.

[47] – შდრ. იაკ. IV, 4: „…ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა“.

[48] – იხ. ვერგილიუსი, „ენეიდა“, VI, 457.

[49] – თავის ზემოთ დასახელებულ წიგნში „ძველი რომის ცხოვრება“ (გვ. 169-170) მ.სერგეენკო ასე აგვიწერს დაწყებითი სკოლის მასწავლებლის უღიმღამო და უბადრუკ ყოფას: „…მას არა აქვს უფლება „მასწავლებლად“ (ლათ. professor იწოდებოდეს). ის მხოლოდ „სასკოლო ზედამხედველი“ თუ „სკოლის უფროსია“ (magister). მაღალზურგიანი სავარძელი და კათედრა მისი საქმე არ არის: ამნაირ სავარძელში მხოლოდ „გრამატიკოსი“ ან რიტორი თუ შეიძლება იჯდეს. მასზე არ ვრცელდება პრივილეგიები, რომლებსაც საშუალო თუ უმაღლესი სკოლის მასწავლებლებს ანიჭებს იმპერატორი. მისი ხელფასი უბადრუკია, და მასწავლებელმა აქედანაც უნდა გამოყოს თანხა, რათა შენობა დაიქირავოს თავისი სკოლისათვის. რა თქმა უნდა, ამნაირ სკოლაში ამაოდ დაუწყებთ ძებნას მყუდროებას და ვერც თვალისთვის სასიამოვნოს ჰპოვებთ რასმე: მასწავლებელი ფარდულსა თუ სახელოსნოს იქირავებს, სადაც თავისთვის სკამს დაიდგამს, შეგირდებისთვის კი მერხებსა თუ ტაბურეტებს ჩამოამწკრივებს; პატარებს მაგიდებიც არა სჭირდება: მერხებზე მსხდომთ მუხლებზე ფირფიტები უდევთ და ასე წერენ. ზოგჯერ მასწავლებელს თვით ამნაირი შენობის დასაქირავებლადაც არ ჰყოფნის ფული, და მაშინ პირდაპირ ღია ცის ქვეშ, ფორუმის პორტიკთან ხსნის თავის სკოლას, ხოლო მის მოწაფეებს ყურადღება რომ არ გაეფანტოს, ფორუმისაგან ფარდით გამოჰყოფს სასწავლებელს. სწორედ ამნაირ სკოლას ვხედავთ პომპეის ერთ-ერთ ფსკერზე…“ ამ ფარდებჩამოფარებულ საკლასო „ოთახს“ ნეტარი ავგუსტინე ირონიულად ადარებს წარმართული ტაძრების საიდუმლო სენაკებს (cellae), სადაც სათაყვანებელ ღვთაებათა გამოსახულებებს დგამდნენ.

[50] – იგულისხმება ასო-ნიშნები.

[51] – დაწყებით სკოლებში მოწაფეებს ამ მეთოდით ასწავლიდნენ თვლას და ანგარიშს.

[52] – იხ. ვერგილიუსი, „ენეიდა“, II, 772.

 

XIV

23. მაშ, რატომ მძულდა ბერძნული მწერლობა, რომელიც ამნაირი არაკებითაა სავსე? ჰომეროსი ხომ ისე ოსტატურად თხზავს მათ და, მთელი თავისი ამაოების მიუხედავად, ჯადოქრული ხიბლითა და უებრო სიტკბოებით გვაბრუებს [53], მაგრამ ჩემთვის, პატარა ბიჭისათვის, ის მაინც მწარე იყო. მე მგონია, ასეთივე მოეჩვენებოდათ ბერძენ ბიჭუნებს ვერგილიუსიც, თუკი აიძულებდნენ ისევე ესწავლათ იგი, როგორც მე მაიძულებდნენ ჰომეროსის სწავლას. ჩემის აზრით, სიძნელე, რომელიც განუხრელად თან ახლავს უცხო ენის შესწავლას, დიახ, სწორედ სიძნელე იყო, რომ მიწამლავდა და თითქოს ნაღველს ურევდა ბერძნული არაკების სიტკბოებას. ჯერ ერთი ბერძნული სიტყვაც არ ვიცოდი, მე კი ნამდვილი სულთამხუთავებივით მადგნენ თავზე და მაიძულებდნენ სასწრაფოდ მესწავლა ეს ენა, ისე, რომ სულის მოთქმის საშუალებასაც არ მაძლევდნენ და თანაც სასტიკი სასჯელით მემუქრებოდნენ [54].

იყო დრო, როცა, სულ პაწაწინამ, არამცთუ ბერძნული, ერთი ღერი ლათინურიც არ ვიცოდი, მაგრამ ჩემით ამოვიდგი ენა, გადიების ხვევნა-კოცნასა და სიცილ-კისკისში, გადიებისა, ენას რომ მიჩლექდნენ, გულში მიკრავდნენ და მიალერსებდნენ. ასე, თითქოს თამაშ-თამაშით ვისწავლე ლაპარაკი, ყოველგვარი შიშისა და ძალდატანების გარეშე; მხოლოდ გული მაიძულებდა სიტყვით გამომეხატა სათქმელი, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ის სიტყვები რომ არ მესწავლა, რომელთა მეშვეობითაც ჩემიანებს ვაგებინებდი, რასაც ვფიქრობდი; მაგრამ ამას მასწავლებლებს კი არ ვუმალავდი, არამედ ჩემს ახლობდლებს, რომელთ ლაპარაკიც ყოველდღე ჩამესმოდა ყურში. აქედან აშკარაა, რომ ენის შესწავლისას თავისუფალი ცნობისმოყვარეობა გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მრისხანე აუცილებლობა. მაგრამ პირველს ჰბოჭავს და გასაქანს არ აძლევს მეორე, თანახმად შენი კანონისა, უფალო, რომელიც, მასწავლებლის წკეპლით დაწყებული და მარტვილის ცთუნებით დამთავრებული, თანაბრად განსაზღვრავს ყველაფერს და იძულების მწარე წამალს ჩვენდა სასიკეთოდ უზავებს განცხრომის ტკბილ საწამლავს, რომელიც შენგან გვაშორებს.

_________________________________

[53] – ჰომეროსის სწავლება სავალდებულოდ ითვლებოდა როგორც დაწყებით, ისე გრამატიკულსა და რიტორიკულ სკოლებშიც. „ყველაფრის დასაწყისი, შუაგული და დასასრული არის ჰომეროსი; – წერდა დიონ ქრისოსტომი (ოქროპირი), – ყმაწვილსაც, მოწიფულსაც და ბერიკაცსაც ის აძლევს იმდენს, რამდენის მიღებაც შეუძლია თვითულ მათგანს. ლირიკა, ელეგია, იამბები, დითირამბები ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს; მაგრამ ვისაც განუზრახავს, ერთსა და იმავე დროს, პრაქტიკულ მოღვაწეობას მისდიოს, გაიფართოვოს სარბიელი და გაიმდიდროს ცოდნა, ყველაფრისათვის ნამდვილად არ ეყოფა დრო“ („სიტყვიერების ხელოვნებაში გაწაფვისათვის“, 8).

[54] – საუკუნეების შემდეგ სასწავლებლებში გამეფებულ სისასტიკეს, დაუნდობლობას და ცემა-ტყეპას ასევე გადაჭრით გმობდა დიდი ფრანგი ჰუმანისტი და მოაზროვნე მიშელ მონტენიც (1533-1592 წ.): „ჩვენი კოლეჟები ხომ ნამდვილი სატუსაღოებია, სადაც ჩვენი მომავალი თაობა გვყავს გამომწყვდეული. საბრალო მოსწავლეებს განუკითხავად ამახინჯებენ და ასახიჩრებენ, ვინაიდან მანამდე სჯიან, სანამ სანაშაულის ჩადენას მოასწრებდნენ. კეთილ ინებეთ და მეცადინეობისას შეაღეთ ნებისმიერი კოლეჟის კარი: ვერაფერს გაიგონებთ, ყვირილის გარდა; ყვირიან მოსწავლეები, რომლებსაც წკეპლით უჭრელებენ ზურგს, ყვირიან რისთვის ცნობამიხდილი და გაცოფებული მასწავლებლები. განა შეიძლება ამ გზით სწავლის სიყვარული აღუძრა ნორჩებს? განა სეიძლება წკეპლით ხელში და რისხვით შეშლილი სახით მწყემსო და წინ წაუძღვე შემკრთალსა და შეშინებულ უმანკო სულებს? დამაქცევია ეს გზა და დამღუპველი! აქვე მინდა შეგახსენოთ კვინტილიანეს სავსებით სამართლიანი შენიშვნა: მასწავლებელს ამ უსაზღვრო და შეუზღუდავ ძალაუფლებას საშინელი შედეგი მოსდევს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა სასტიკი განაჩენის გამოტანის უფლებაც ეძლევა მას. რამდენად უფრო მართებული იქნებოდა ფოთლებითა და ყვავილებით მოგვეფინა საკლასო ოთახების იატაკი, გასისხლიანებული წკეპლების ნაცვლად! ჩემი ნება რომ იყოს, განკარგულებას გავცემდი, სიხარულის, სახალისის, ფლორასა თუ გრაციების გამოსახულებით შეემკოთ საკლასო ოთახების კედლები, როგორც ფილოსოფოს სპევსიპეს შეუმკია თავისი სკოლა“ („ესსეები“, I, XXVI, ბავშვების აღზრდისათვის).

 

XV

24. „შეისმინე, უფალო, ჩემი ვედრება“ [55]: დაე, ნუ შედრკება ჩემი სული შენი სიმკაცრის წინაშე; დაე, ნუ შევდრკები მე, როცა შენს წინაშე ვაღიარებ შენსავე გულმოწყალებას, რომლის მეოხებითაც განმარიდე ყოველგვარი საცთურს. იყავ ჩემთვის ყველა ცთუნებაზე უტკბესი [56]; დაე, შეგიყვარო მთელი ჩემი არსებით; დაე, გული შევაწებო შენს მოწყალე ხელს. მიხსენი ყოველგვარი ცთუნებისაგან თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე [57]. აჰა, უფალო, „მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო“ [58]: დაე, გემსახუროს ყოველივე კეთილი, რაც სიყმაწვილისას შემისწავლია, ჩემი სიტყვაც, წერა-კითხვაც და ანგარიშიც, როცა ფუჭსა და ამაო მეცნიერებას ვეუფლებოდი, შენ მიწინამძღვრე და მომიტევე ჩემი ცოდვები: პატივმოყვარული გატაცება მთელი ამ ამაოებით. მე ხომ ასე ვისწავლე ბევრი სასარგებლო სიტყვა, თუმცა შეიძლებოდა სხვანაირადაც მესწავლა, ისე, რომ ამდენი დრო არ შემეწირა ესოდენ ფუჭი საქმისათვის; აი, წრფელი გზა, რომელსაც უნდა მიჰყვებოდნენ ბავშვები.

_________________________________

[55] – ფსალმ. 60, 2.

[56] – შდრ. ნეტარი ავგუსტინე, „მუსიკისათვის“, 6, 16, 52: „სიყვარული ყოველივე წარმავალისადმი შეიძლება ამოძირკვო მხოლოდ იმის საშუალებით, რომ შეიგრძნო სიტკბოება წარუვალისა“.

[57] – შდრ. I კორ. I, 8.

[58] – ფსალმ. 5, 3.

 

XVI

25. ვაი შენდა, კაცთა ჩვეულებების შმაგო ნაკადო! ვის შეუძლია წინ აღგიდგეს? როდის, მაინც როდის დაშრები? როდემდის წარიტაცებ ევას ნაშიერთ, რათა უკიდეგანო და ბობოქარ ზღვას შერთო ისინი, რომლის გადასერა თვით ხომალდზე [59] მსხდომ ზღვაოსნებსაც კი უჭირთ? განა შენს ტალღებში მოტივტივე არ ვკითხულობდი მეხთამტეხი და მემრუშე იუპიტერის ამბებს? შეუძლებელია ერთიც იყო და, იმავდროულად, მეორეც, მაგრამ ასეა დაწერილი, რათა მისაბაძ ნიმუშად გვქონდეს ნამდვილი მრუშობა ყალბი მეხთატეხის მაჭანკლობით [60].

ოჰ, რამდენნი არიან ეს გრძელმოსასხამიანი მასწავლებლები, მაგრამ ვინ, რომელი მათგანი ათხოვებს ყურს მათსავით წარმართული მტვრისაგან მოზელილი კაცის სიტყვებს: „ეს ჰომეროსის გამონაგონია, რომელმაც ღმერთებზე გადაიტანა ადამიანთა თვისებები, მე კი მერჩია ჩვენზე გადმოეტანა ღმერთების სიდიადე!“ [61] მაგრამ ის უფრო სწორი იქნებოდა, რომ ეთქვა: დიახ, ეს ჰომეროსის გამონაგონია, მაგრამ ბიწიერ კაცთათვის რომ მიგვეწერა ღვთაებრიობა, არავითარი დანაშაული აღარ ჩაითვლებოდა დანაშაულად, და მისი ჩამდენი გადაგვარებულ კაცთა მიმბაძველი კი არ იქნებოდა, არამედ ცის ბინადარი ღმერთებისაო.

26. და მაინც, ჯოჯოხეთის ნაკადო [62], შენს ტალღებში ყრიან ადამის ძეთ, რათა ისწავლონ მთელი ეს უკეთურება, და თანაც სწავლის საფასურიც გადაიხადონ! რა დიდი საქმე კეთდება საჯაროდ, რა დიდი საქმე კეთდება ფორუმზე, ჩვენი კანონების პირისპირ [63], რომლებიც, შეგირდების მიერ გაღებული საფასურის გარდა, ქალაქსაც უწესებენ გასამრჯელო აძლიოს მასწავლებლებს [64]. შენი ტალღებით ეხეთქები კლდოვან კბოდეებს და ზათქით გვამცნობ: „აქ სწავლობენ სიტყვებს; აქ ეუფლებიან მჭევრმეტყველებას, რომელიც აუცილებელია საიმისოდ, რომ კაცთა დარწმუნება და შენი აზრების გამოხატვა შესძლო“. ჩვენ მართლაც ვერსად ვისწავლიდით ამნაირ სიტყვებს: „ოქროს წვიმა“, „წიაღი“, „შეცდენა“, „ციური ტაძარი“ და სხვა მისთანანი, ტერენციუსს თავის პიესაში რომ არ გამოეყვანა ერთი აღვირახსნილი აშიკი, რომელსაც – მას შემდეგ, რაც თვალი შეავლო კედლის მოხატულობას, სადაც უკვდავთა და მოკვდავთა მამა, დანაიდას შეცდენის მიზნით, ოქროს წვიმად ეფრქვევა ქალწულის პოხიერ წიაღს, – იუპიტერი დაუსახავს მრუშობის მისაბაძ ნიმუშად. ერთი უყურეთ, რანაირი სიტყვებით აღაგზნებს თავის ბილწ ვნებებს, ციური მოძღვრის მიერ განსწავლული:

„თუ ამას სჩადის უკვდავი ღმერთი, გრგვინვით ცის თაღის შემარყეველი, რად არ მივბაძო მეც მის მაგალითს, უბადრუკმა და უჩინო მღილმა?“ [66]

არა, არ არის სწორი, ღმერთმანი, არ არის სწორი, თითქოს ეს სიტყვები უფრო ადვილად გვამახსოვრდებოდნენ მათი ბილწი შინაარსის წყალობით. დამახსოვრებისა რა მოგახსენოთ და უფრო ადვილად კი ჩაგვადენინებენ იმავე სიბილწეს. მე თვით სიტყვებს კი არა ვგმობ, ამ ძვირფასსა და რჩეულ ჭურჭელს, არამედ შიგ ჩასხმულ ცთომილების ღვინოს, რომლითაც გვიმასპინძლდებოდნენ შეზარხოშებული მასწავლებლები. რომ არ დაგველია, გაგვწკეპლავდნენ და იმის ნებასაც არ მოგვცემდნენ, რომ ფხიზელი კაცი მოგვეწვია მსაჯულად. და მაინც, ღმერთო ჩემო, მე შემიძლია შენს წინაშე მშვიდად და აუმღვრევლად გავიხსენო ყოველივე ეს: მე უბედური სიამოვნებით ვსწავლობდი ამ მაცთურ არაკებს და ვტკბებოდი კიდეც მათი ხიბლით, ამიტომაც იყო, რომ სკოლის იმედს მეძახდნენ და დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ.

_________________________________

[59] – დედანშია lignum – „ძელი“ – მეტონიმური აღნიშვნა ხომალდისა; „ზღვა“ ჩვეულებრივი მეტაფორაა, ცხოვრებას, „ცხოვრებისეულ ზღვას“ რომ გულისხმობს. ხომალდი, რომლითაც შეიძლება ეს ზღვა გადაცურო, ეკლესიასა და ქრისტეს ჯვარს ნიშნავს. ამ ადგილის საუცხოო კომენტარია ნეტარი ავგუსტინეს „იოანეს განმარტებისათვის“, 2, 4: „რატომ აცვეს ჯვარს? იმიტომ, რომ შენთვის აუცილებელია ეს ძელი (lignum) მისი დამდაბლებისა. შენი ამპარტავნების გამო გეშინოდა მისი და ამიტომაც მშობლიური მხარიდან შორს გაგიტაცა დინებამ. საერო ტალღებმა გადარეცხეს მისკენ დასაბრუნებელი გზა; მხოლოდ ამ ხომალდით (lignum) თუ შესძლებ შინ დაბრუნებას. ის თვითონ იქცა გზად, მაგრამ ეს გზა ზღვაზე გადის, ფეხით კი ზღვას ვერ გადალახავ, მხოლოდ ხომალდით თუ გადასერავ მას, მხოლოდ „ძელით“ (ე.ი. „ჯვრით“). გწამდეს ჯვარცმა და შენ დაბრუნდები“ (იხ. რუსული თარგმანის შენიშვნები, დასახ. გამოც. გვ. 230).

[60] – კომენტატორთა აზრით, ნეტარი ავგუსტინე აქ ნართაულად უნდა გულისხმობდეს მის თანადროულ რომელიღაც ფარსს.

[61] – ეს სიტყვები ციცერონს ეკუთვნის („ტუსკულუმური საუბრები“, I, 26, 65).

[62] – „ჯოჯოხეთის ნაკადოო“ რომ ამბობს, ნეტარი ავგუსტინე კლასიკური განათლების ჩვეულებრივი პროცესს გულისხმობს.

[63] – სასწავლებლებს უპირატესად ფორუმზე ხსნიდნენ (იხ. აქვე, შენ. 49)… ფორუმზევე ჰკიდებდნენ კანონთა ასლებს.

[64] – ქალაქი, რომელიც მასწავლებელს იწვევდა, იმპერატორის საგანგებო ბრძანებით დაწესებულ ხელფასს უხდიდა მას; გარდა ამისა, მასწავლებელი შეგირდებისგანაც იღებდა სწავლის საფასურს.

[65] – ტერენციუსი – სახელგანთქმული რომაელი კომედიოგრაფი (დაახლ. 195-159 ძვ.წ.ა).

[66] – ტერენციუსის ერთ-ერთ კომედიაში „ევსუქი“ ჭაბუკი ქერეა ევნუქის ტანსაცმელში გამოწყობილი შეიპარება ჰეტერა თაისის საწოლ ოთახში, რათა სიყვარული აუხსნას ქალს, და როცა კედელზე ზემოთ აღწერილ სურთას შეავლებს თვალს, იუპიტერის მიბაძვით, მტკიცედ გადაწყვეტს დაუყოვნებლივ ისარგებლოს ესოდენ ხელსაყრელი შემთხვევით („ევნუქი“, 585-605).

 

XVII

27. ნება მიბოძე, გაგიმჟღავნო, უფალო ჩემო, რანაირ აბდაუბდას ვალევდი შენს მიერ ნაწყალობევ ნიჭსა და უნარს. ისეთ დავალებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ მთელ სულს მიმღვრევდა და მიფორიაქებდა: ასე მაგალითად, მე უნდა წარმომეთქვა განრისხებული იუნონას სიტყვა; ქალღმერთის რისხვა იმით იყო გამოწვეული, რომ „ვერ შესძლო იტალიისათვის თავიდან აეცილებინა ტევკრების მეფის შეჭრა“ [67]. თუ დავალებას ღირსეულად გავართმევდი თავს, ჯილდოდ ქების შესხმა მელოდა, თუ არა და, სასჯელიც ცნობილი იყო: გაბიაბრუება და გაწკეპვლა. მე საერთოდ არ გამიგია, რომ იუნონას ოდესმე წარმოეთქვას ამნაირი სიტყვა, მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ პოეტურ გამონაგონთა კვალდაკვალ გვებორიალა და პროზაული სიტყვით გადმოგვეცა ის, რაც პოეტს ლექსად გამოეთქვა. განასკუთრებით აქებდნენ იმას, ვინც შესძლებდა ზუსტად და ხატოვნად წარმოესახა ღვთაების რისხვა თუ მწუხარება, მისი ღირსების შესაბამისად, და სათანადო სიტყვების გარსში მოექცია თავისი აზრი. რა შავ ქვად მინდოდა ყოველივე ეს, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო?! რა თავში ვიხლიდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს უფრო ერთსულოვანი ტაშით ხვდებოდნენ, ვიდრე ჩემი ტოლებისას თუ თანაკლასელებისას? რა არის ეს, თუ არა კვამლი და ქარი? განა სხვა თემა არსად იყო, რომ იმაში გამეწაფა ჩემი ენაც და გონებაც? შენი ქება-დიდება, უფალო, შენი ქება-დიდება, შენივე წერილის მიხედვით, – აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო – ვაზის ლერწებისა! მაშინ ხომ ასე ადვიალდ ვეღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს, მეამბოხე ანგელოსებს ხომ სულ სხვადასხვანაირად სწირავენ მსხვერპლს [68].

_________________________________

[67] – „ტევკრები“ ეწოდებოდათ ტროელებს, მათი პირველი მეფის ტევკროსის სახელის მიხედვით… „ტევკრების მეფედ“ აქ ენეასი (ინ. შენ. 45) იგულისხმება. ტროელების მიმართ მტრულად განწყობილი იუნონა (ბერძნული მითოლოგიით – ჰერა) ყოველნაირად ცდილობდა, რომ ენეასს თავისი თანამგზავრებითურთ ვერ მიეღწია იტალიისთვის, სადაც მას, ბედის წინასწარგანჩინებით, დიადი სამეფო უნდა დაეარსებინა… ამნაირი „დავალება“, რომელსაც ესოდენ უსიამო გრძნობით იხსენებს ნეტარი ავგუსტინე, ჩვეულებრივი რამ იყო დაწყებითსა თუ გრამატიკულ სკოლებში. მოწაფეს არა მარტო პროზად უნდა „გარდაეთქვ“ „ენეიდის“ მოცემული ნაწყვეტი (I, 36-75), არამედ, სახელგანთქმული რომაელი ორატორის კვინტილიანეს (დაახლ. 35-100 წ.) სიტყვებით რომ  ვთქვათ, „მჭევრმეტყველური ძალმოსილებაც მიენიჭებინა პოეტის აზრისათვის, გაესრულებინა ნაკლული ადგილები, სხარტად და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ის, რაც ბუნდოვანი ჩანდა… ეს უნდა ყოფილიყო პოეტთან პაექრობა და ჭიდილი“ („შეგონებანი ორატორის მიმართ“, X, 5, 4-5).

[68] – ანალოგიის აზრი გამჭირვალეა: ნეტარ ავგუსტინეს არ ჰქონდა რწმენა, ანუ „ჭიგო“ თუ „საყრდენი“. ამიტომაც იყო, რომ მის გულს ისევე ადვილად იტაცებდნენ დაცემული ანგელოზები, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს მიწაზე დაცვენილ ყურძნის მარცვლებს. „ეს ამაყი და უკეთური სულები – ამბობდა ავგუსტინე მათზე, – კეთილსურნელოვანი კვამლით კი არ საზრდოობენ, როგორც ჰგონია ზოგიერთ ბრიყვს, არამედ ადამიანთა შეცდომებით“ („ფაუსტუსის წინააღმდეგ“, 20, 22).

 

XVIII

28. მაშ, რა გასაკვირია, რომ ნაფოტივით მიმაქანებდა ამაოების ნაკადი, და მე თანდათან გშორდებოდი, ღმერთო ჩემო, რათა გარე სამყაროში დავნთქმულიყავი [69]. მე ხომ ნიმუშად მისახავდნენ ადამიანებს, რომლებსაც სირცხვილისაგან ჭირის ოფლს ასხამდათ, თუ ვინმე შენიშნავდა, რომ თავიანთ ქველმოქმედებაზე ლპარაკისას ბარბარიზმი ან სოლეციზმი [70] წამოსცდათ, მაგრამ სიხარულით ცას ეწეოდნენ და მედიდურად იბღინძებოდნენ, თუ ვინმე შეუქებდათ სიტყვის სინატიფეს, ენაწყლიანობასა და მჭევრმეტყველებას, როცა თავიანთ სასიყვარულო თავგადასავლებს იხსენებდნენ.

შენ ხედავ ამას, უფალო, ხედავ და დუმხარ, „სულგრძელო, გულმოწყალევ და სამართლიანო“ [71]. აი, ახლაც საზარელი უფსკრულიდან ამოგყავს სული [72], რომელიც გეძებს, რადგან შენი სიტკბო სწყურია, და გულში ამბობს: „შენს სახეს ვეძებდი, უფალო; და კვლავაც განუწყვეტლივ უნდა ვეძებო“ [73]. მაგრამ რა შორსაა შენი სახისაგან ის, ვინც ვნების პირქუშ მორევში დანთქმულა. როცა გშორდებიან და ხელახლა გიბრუნდებიან, აქ არც მათი ნაბიჯები იგულისხმება და არც თქვენი გამყოფი სივრცე. განა შენი უმრწემესი ძე ცხენებს, ეტლს ან ხომალდს ეძებდა? განა ხილული ფრთებით გაფრინდა, ან ფეხით გაუდგა გზას, რათა შორეულ მხარეში გაეფლანგა და გაენიავებინა მთელი თავისი ავლადიდება, რომელიც წასვლის წინ უბოძე, ტკბილო მამაო, რათა უფრო მეტად შეგეტკბო უკანვე შემოქცეული? [74] არა, ბილწი ვნებების მორევში იყო დანთქმული, და ამიტომაც შორს იყო შენი სახისაგან.

29. უყურე, უფალო, შენი ჩვეული მოთმინებით უყურე, რა გულმოდგინედ ცდილობენ ადამის ძენი მკაცრად დაიცვან ეს წესები, ასოებსა და მარცვლებს რომ ეხებიან, წესები, რომლებიც თავიანთი მასწავლებლებისაგან შეითვისეს, და როგორ უგულებელყოფენ სულის ხსნის იმ მარადიულ აღთქმას, შენგან რომ მიუღიათ [75]. თუ კაცმა, რომელიც იცნობს, ან სხვებს ასწავლის ამ ძველისძველ წესებს ასოებისა და მარცვლების შესახებ, გრამატიკული კანონების საპირისპიროდ, უმშვინველად წარმოსთქვა სიტყვა „ჰომო“-ს პირველი მარცვალი [76], ეს უფრო მეტად აღაშფოთებს ხალხს, ვიდრე ის ამბავი, რომ ადამიანმა, შენი აღთქმის საპირისპიროდ, შეიძულოს ადამიანი. თითქოს თვით მოსისხლე მტერიც კი უფრო საშიში იყოს, ვიდრე მის მიმართ გულში მბორგავი სიძულვილი! თითქოს დევნილი მტერი შეიძლება ვინმემ უფრო სასტიკად მოწყლას, ვიდრე მდევრის გული – მრისხანებამ დევნილის მიმართ! რა თქმა უნდა, გრამატიკულ წესებს გულში უფრო ღრმად როდი აქვთ ფესვი გადგმული, ვიდრე იმის შეგნებას, რომ სხვას არ უნდა მოექცე ისე, როგორც არ ისურვებდი შენ თვითონ მოგქცეოდნენ სხვები [77].

რა იდუმალი ხარ „მაღალთა შინა“ მდუმარედ დამკვიდრებულო ღმერთო, ერთადერთო და დიადო, შენი ურყევი კანონის ძალით სიბრმავეს რომ უვლენ სასჯელად ბილწ გულისთქმათა მონებს! კაცს სურს სახელი მოიხვეჭოს მჭევრმეტყველებით; და, აი, მეორე კაცის – მსაჯულის წინაშე და უამრავი ხალხის თანდასწრებით, გაშმაგებული სიძულვილით უტევს თავის მტერს, და თუ საერთოდ უფრთხის რაიმეს, მხოლოდ იმას, რომ არაფერი შეეშალოს, ვთქვათ, უმშვინველად არ წარმოსთქვას სიტყვა „ჰომო“-ს პირველი მარცვალი [78], მაგრამ არას დაგიდევთ სულის სიშმაგეს, რასაც შეუძლია ადამიანთა სიიდან ამოშალოს ადამიანი.

_________________________________

[69] – სწორედ ამ „გარე სამყაროში დანთქმასა“ თვლიდა სულიერი დაცემის მიზეზად დიდი ნეოპლატონიკოსი პლატონი (204-270 წ.), რომელმაც პლატონთან (427-347 ძვ.წ.ა.) ერთად გადამწყვეტი ზემოქმედება მოახდინა ნეტარი აგვუსტინეს მსოფლმხედველობის ფორმირებაზე… „წარმოვიდგინოთ მახინჯი სული – უსამართლო, აღვირახსნილი, ათასი ქვენა გრძნობით სავსე, მხდალი, ჯაბანი, ღვარძლიანი, მხოლოდ ხრწნადისკენ, წარმავლისკენ მიქცეული, მრუდედ მავალი, ხორციელ ვნებებს დამონებული, უწმინდურ განცხრომათა ტრფიალი, ლირწებაში ჩამყაყებული. ვიტყვით თუ არა ჩვენ, რომ ეს სიმახინჯე მიემთხვა და მიეტმასნა სულს, როგორც ამ ქვეყნად შეძენილი რამ ბოროტება, რომელმაც ბიწით შესვარა ის და ამრიგად მოსწყვიტა სიწმინდეს მისი სიცოცხლე და მისი გრძნობები; ვიტყვით თუ არა ჩვენ, რომ ბოროტებასთან შეხებამ და შერევამ შემუსრა მისი ნათელი და უღიმღამო არსებობისთვის, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ლასლასისთვის გასწირა იგი. ამიტომაა, რომ ვეღარ ხედავს იმას, რასაც უნდა ხედავდეს სული; ამიტომაა, რომ აღარ ძალუძს თავის თავში განმარტოება, რადგან ვნებები გარეთ ეწევიან ვნებულს, სიმდანლისა და სიბნელისაკენ“ („ენნეადა“, I, 6,5).

[70] – ბარბარიზმი („ბარბაროს“ – ასე უწოდებდნენ ბერძნები ყოველივე უცხოს, უკულტუროს, ველურს, არაცივილიზებულს) – ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი, სხვა ენის ნორმების მიხედვით შექმნილი, ან უცხოურიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა… სოლეციზმი (წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „სოლოიკისმოს“, საიდანაც დასაბამს იღებს ლათინური „სოლეციზმუს“ – კილიკიის ქალაქ „სოლოი“-ს მცხოვრებთათვის ნიშნეული მეტყველება) – ბარბარიზმის ერთ-ერთი კერძო სახე, ამა თუ იმ ენის სინტაქსისათვის შეუფერებელი, მახინჯი ფორმა.

[71] – ფსალმ. 102, 8.

[72] – შდრ. ფსალმ. 85, 13.

[73] – ფსალმ. 26, 8.

[74] – ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს სახარებისეული იგავი ძე შეცდომილის შესახებ (ლუკა, XV, 11 და შმდ.) და პლოტინის „ენნეადების“ ერთი პასაჟი (I, 6, 8). ავგუსტინეს ზოგიერთი ფრაზა თითქოს სიტყვასიტყვით თარგმანია პლოტინის ტრაქტატის მითითებული პასაჟისა: „ამიტომ ის იქნება უკეთესი მრჩეველი და კეთილისმყოფელი ჩვენი, ვინც გვირჩევს, გავიქცეთო ჩვენს სამშობლოში. მაგრამ რას ნიშნავს ეს „გავიქცეთ“? როგორ გავიქცეთ? როგორც ოდისევსი, რომელიც გრძნეულ კირკეს გაექცა და გრძნეულ კალიფსოს, მიუხედავად მთელი სილამაზისა, რასაც ისინი მის მზერას აღუთქვამდნენ და ფიანდაზად უშლიდნენ ფეხქვეშ. ჩვენი სამშობლო კი იქაა, საიდანაც მოვსულვართ, და იქვეა მშობელი ჩვენი. უნდა გავიქცეთ, მაგრამ არა ფეხთა სისწრაფით, რომელთაც მიწის ერთი კუთხიდან მეორეში გადავყავართ მხოლოდ, ან ეტლითა თუ კეთილმავალი ნავით; არა, უნდა დავხუჭოთ თვალი, სხვა რამით შევცვალოთ ხორციელი მზერა და გავაღვიძოთ ის ფარული უნარი, რომელიც ყველა ჩვენგანში თვლემს, მაგრამ რომელსაც ცოტანი იყენებენ მხოლოდ“.

[75] – შდრ. ბლეზ პასკალი: „კაცის გრძნობელობა ყოველგვარი წვრილმანებისადმი და მისი სრული უგრძნობლობა ყოველივე დიადის მიმართ – სულის უცნაური გახრწნილების ნიშანია“ („აზრები“, დასახ. გამოც. გვ. 238).

[76] – ესე იგი „ჰომო“-ს მაგივრად რომ წარმოეთქვა „ომო“. რომაელი სწავლულის ნიგიდიუს ფიგულუსის (I ს. ძვ.წ.ა.) აზრით, მშვინვის ნიშნის უგულებელყოფა მეტყველებისას კულტურის დაბალ დონეს მოწმობდა.

[77] – შდრ. მათე, VII, 12.

[78] – იხ. შენ. 76.

 

XIX

30. აი, რანაირი ცხოვრების ზღრუბლზე ვიდექი, მე სვედავსილი, და რანაირ ასპარეზზე ვასპარეზობდი. უფრო მეტად იმისაი მეშინოდა, ვაითუ ბარბარიზმი წამომცდეს-მეთქი, ვიდრე იმისადმი შურისა, ვისაც ამ მხრივ, ჩემზე უკეთ შეეძლო თავი გაერთმია სათქმელისათვის. შენ გეუბნები ამას, უფალო, და ვაღიარებ, რომ მაშინ მე მაქებდა ის ხალხი, ვისი მოწონებაც ღირსეული ცხოვრების საწინდრად მიმაჩნდა. მათი ქებით თვალდავსილი ვერ ვხედავდი სიბილწის უფსკრულს, რომელშიაც დანთქმული ვიყავი „შენს ღვთაებრივ მზერას მოწყვეტილი და მოშორებული“ [79]. და მართლაც, რა საზიზღარი უნდა ვყოფილიყავი, თუკი თვით ამნაირ ხალხსაც ვაბეზრებდი თავს, რადგანაც ურცხვად ვცრუობდი აღმზრდელების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე, მხოლოდ იმიტომ, რომ თამაში მიყვარდა, გატაცებით ვუყურებდი უაზრო სანახაობებს და ყმაწვილური საინცითა და დაუდგრრომლობით ვბაძავდი მათ. სურსათ-სანოვაგეს ვიპარავდი მშობლების საკუჭნაოდან და ტკბილეულიც ამიწაპნია სუფრდან, რომ პირი ჩამეკოკლოზინებინა, ან სათამაშოები მათ ჩემზე ნაკლებ როდი უყვარდათ. თამაშში ხშირად ცბიერებით ვაღწევდი გამარჯვებას, თვითონ პირველობის ფუჭი სურვილით ძლეული და დამარცხებული. მოკლედ, ისე ვექცეოდი სხვებს, რომ ღმერთის მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, თუ თვითონაც იმითვე არ მიხდიდნენ სამაგიეროს. მაგრამ თუ დავინახავდი, რმო არც ისინი მრჩებოდნენ ვალში, უშვერი სიტყვებით ვლანძღავდი და ვაგინებდი ჩემს მიერ მხილებულთ; ხოლო თუ სხვები აქეთ მამხელდნენ, სიშმაგე მიპყრობდა, ნაცვლად იმისა, რომ პეტიება მთხოვა მათთვის [80].

და ამას ჰქვია ბავშვური უმანკოება? [81] არა, უფალო, არა და არა! ნება მიბოძე, გულახდილად მოგახსენო: ყოველივე ეს ერთია: ბავშვობისას – აღმზრდელები, მასწავლებლები, კაკლები, ბურთები და ბეღურები; მოწიფლობისას – პრეფექტები, მეფეები, ადგილ-მამული, ოქრო-ვერცხლი და მონები, – დიახ, ყოველივე ეს ერთი და იგივეა, მხოლოდ გაწკეპვლას უფრო საშინელი წამება ცვლის.

როდესაც შენ თქვი, მეუფეო: „ამნაირებისაა ცათა სასუფეველი“ [82], მხოლოდ ის გსურდა, რომ თვინიერების სიმბოლურ ნიმუშად დაგესახა ჩვენთვის პატარა ბალღი.

_________________________________

[79] – ფსალმ. 30, 23.

[80] – ერთი სიტყვით, ნეტარი ავგუსტინე ბავშვობაში აშკარად ვერ აკმაყოფილებდა მიშელ მონტენის დიდაქტიკურ მოთხოვნებს: „სიტყვაძუნწობა და თავმდაბლობა სხვებთან ურთიერთობისას ფასდაუდებელი თვისებებია. ყმაწვილი უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ძუნწად და ხელმომჭირნედ ხარჯავდეს მის მიერ შეძენილ ცოდნას; კამათის საგნად არ აქცევდეს მისი თანდასწრებით წამოროშილ როყიო სიტყვას, სიბრიყვეს თუ სისულელეს, რადგანაც იმის ხელაღებით გმობა, რაც არ მოგვწონს, უკადრისი საქციელია. დაე, თავისი თავის გამოსწორებას დასჯერდეს და სხვას ნუ ჰკიცხავს იმის გამო, რაც თვითონვე საძრახისად მიაჩნია; დაე, წინ ნუ აღუდგება საყოველთაოდ გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს. „შეიძლება მრავლისმცოდნე იყო ქედმაღლობისა და ამპარტავნების გარეშე“. ნურავინ შეატყობს ყოყოჩობასა თუ ყოყლოჩინობას; დაე, თავი აარიდოს ბავშვურ პატივმოყვარეობას, ანუ ტოლ-სწორებში გამორჩევისა და მათი დაჩრდილვის სურვილს…“ („ესსეები“, I, XXVI, ბავშვების აღზრდისათვის).

[81] – შდრ. ჟან დე ლა ბრუიერი: „ბავშვები კადნიერნი არიან, თავხედნი, გულფიცხნი, შურიანნი, ცნობისმოყვარენი, ანგარიშიანნი, ზარმაცნი, თავქარიანნი, მხდალნი, თავშეუკავებელნი, ცბიერნი, გულჩათხრობილნი; სულ მცირე რამის გამო ტირიან ან იცინიან; უმნიშვნელო წვრილმანიც საკმარისია, რომ უსაზღვო აღტაცებამ თუ მწუხარებამ შეიპყროთ; ტკივილს ვერ იტანენ, სხვას კი დაუფიქრებლად მიაყენებენ ტკივილს; უკვე ადამიანები არიან“ (ფრანსუა დე ლა როშფუკო, მაქსიმები. ბლეზ პასკალი, აზრები. ჟან დე ლა ბრუიერი, ხასიათები, ფრანგულიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, თბ. 1994, გვ. 260).

[82] – მათე, XIX, 14.

 

XX

31. და მაინც, მადლობას გწირავ, უფალო, სამყაროს უზენაესო და უკეთესო შემოქმედო, არსთა გამრიგევ; მადლობას გწირავ და იმ შემთხვევაშიაც კი შემოგწირავდი, სულაც რომ არ გენებებინა, უკან მომეტოვებინა ყრმობის ასაკი. რადგან მე მაშინავ ვარსებობდი, ვცოცხლობდი, ვგრძნობდი და იმაზედაც ვზრუნავდი, რომ ჩემი თვითმყოფადობა შემენარჩუნებინა: ნიშატი იმ უიდუმალესი ერთობისა, საიდანაც ვიღებ დასაბამს [83]; შინაგანი გრძნობის კარნახი ვცდილობდი უზრუნველმეყო ჩემი გრძნობების ცხოველმყოფელობა [84]; მე შევხაროდი ჭეშმარიტებას: ჩემი უბადრუკი აზრით მიღწეულ არანაკლებ უბადრუკი საგნების ცოდნას. არ მინდოდა შევმცდარიყავი, საუცხოო მეხსიერება მქონდა, გულმოდგინედ ვეუფლებოდი სიტყვას, მხიბლავდა მეგობრობა, გავურბოდი ტკივილს, სიძულვილს, უმეცრებას. ვითომ რა არ არის ამნაირ არსებაში განცვიფრებისა და აღტაცების ღირსი?

და ყოველივე ეს შენი წყალობაა, უფალო; მე ხომ არ მიმიცია ჩემი თავისთვის; ყოველივე ეს კარგია, და ყოველივე ესა ვარ მე. მაშასადამე, კეთილია, ვინც შემქმნა, და თვითონვეა ჩემი სიკეთე. ამიტომაც მადლობას ვწირავ ყველა იმ სიკეთისათვის, რომელთა წყალობითაც ვარსებობდი სიყრმითგანვე. მაგრამ ვცოცავდი, რადგან თვით მასში კი არ ვეძებდი სიამოვნებას, სიმაღლეს და ჭეშმარიტებას, არამედ – მის ქმნილებებში: ჩემსავე თავში და სხვებში, რაც სხვა არა იყო რა, თუ არა ტანჯვის, მშფოთვარების და ცთომილების სათავე [85].

მადლობას გწირავ, ნეტარებავ ჩემო, ღირსებავ ჩემო, სასოებავ ჩემო, ღმერთო ჩემო! მადლობას გწირავ ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მიწყალობე; მაშ, შემარჩინე და შემინარჩუნე ისინი; ასე შემინარჩუნებ მეც, და ამრიგად იმატებს და სრულქმნილებას მიაღწევს ის, რაც ჩემთვის გიბოძებია; და მე სამუდამოდ შენთან ვიქნები, რადგან თვით სიცოცხლეც შენ მიწყალობე.

_________________________________

[83] – შდრ. მარკუს ავერლიუსი: „ყოველთვის უნდა იაზრებდე სამყაროს, როგორც ერთ არსს – ერთარსებას და ერთი სულით მოსილს; ყოველთვის უნდა გახსოვდეს, როგორ დაიყვანება ყველაფერი მის ერთ შეგრძნებამდე, როგორც მოიქცევა ყოფად ყოველი მისი ერთ სწრაფვად ქცეული ნებით, როგორ იქცევა ყველაფერი ის, რაც არის, თანამიზეზად იმისა, რაც უნდა იქნას, და დასასრულ, როგორია კავშირი და თანაფარდობა საგანთა შორის“ („ფიქრები“, IV, 40). „ყველაფერი ერთმანეთს ეწვნის, ყველაფერს წმინდა კავშირი ჰკრავს, და არა არის რა, შეიძლება ითქვას, რაიმე უცხო და უთვისტომო საგანთა და მოვლენათა ხომლში. რადგან ყველაფერს ერთი და იგივე წესრიგი აწესრიგებს და ყველაფერი ერთსა და იმავე სამყაროს ამკობს. და მართლაც, ერთია ყოვლისმომცველი სამყარო, ერთია ყოველისგანმწონი ღმერთი, ერთია არსი, ერთია კანონი, ერთია სული და გონება ყველა სულდგმულის და ერთია ჭეშმარიტება, რაკი ერთია ყველა ერთგვაროვანი და ერთსა და იმავე გონებასთან წილნაყარი არსის სრულყოფილება“ („ფიქრები“, VII, 9)… „ყველაფერი იმდენად არსებობს, რამდენადაც ერთს მიელტვის. ერთობა ქმნის თანხმობას და ერთსულოვნებას… მარტივი, რაკიღა ერთიანია, თავისთავად არსებობს, ხოლო ის, რაც რთულია, ნაწილთა თანხმობით ესწრაფვის ერთიანობას, და იმდენად არსებობს, რამდენადაც ამას ახერხებს“ (ნეტარი ავგუსტინე, „მანიქეველთა ზნეობისათვის“, 6).

[84] – „ნეტარი ავგუსტინე გულისხმობს არისტოტელესეული და სტოიცისტური ფსიქოლოგიის „საერთო გრძნობას“: ესაა გრძნობა, რომელიც გრძნობის ორგანოებით მიღებული შთაბეჭდილებების კორელირებას ახდენს. მაგრამ ნეტარი ავგუსტინე თავის წინამორბედებზე უფრო შორის მიდის და ამ გრძნობას არა მარტო გარეშე შთაბეჭდილებათა კორელირებს ფუნქციას მიაწერს, არამედ ინდივიდის მიერ საკუთარი თავის, როგორც სუბიექტის, შეგრების უნარსაც, სუბიექტისა, როემლიც აღიქვამს ამ შთაბეჭდილებებს და მათ კორელირებას ახდენს. „ჩემთვის ცხადია, რომ ეს შინაგანი გრნობა არა მარტო აღიქვამს იმას, რასაც ხუთი გარეგანი გრძნობა აწვდის, არამედ იმასაც გრძნობს, რომ გარედან მიწვდილი მასალა კიდეც აღიქმება მის მიერ“ („მანიქეველთა ზნეობისათვის“, 2, 4, 10). – იხ. რუსული თარგმანის შენიშვნები, დასახ. გამოც. გვ. 231.

[85] – „ვინც საგანთა მშვენიერებას ჭვრეტს, – ამბობს პლატონი, – უნდა იცოდეს, რომ ის ხატია მხოლოდ და მხოლოდ, მხოლოდ ჩრდილი და ნაკვალევი მისი, რას ხატადაც შეიქმნენ მშვენიერი საგნები. ამიტომ კი არ უნდა მიელტვოდეს, პირიქით, უნდა გაურბოდეს მათ. რადგან ვინც მათ მიელტვის, იმ ჭაბუკის ხვედრს გაიზიარებს უცილოდ, რომელმაც, როგორც მითი გვაუწყებს, მდინარეში თავისი მშვენიერი სახის ანარეკლს რომ მოჰკრა თვალი, წყლის სიღრმეში ჩაყვინთა მის დასაჭერად და… უჩინარ იქნა. მის მსგავსად, ისიც, ვინც მონუსხულივით უმზერს სხეულთა მშვენიერებას და წამითაც ვერ სწყდება მას, სხეულით კი არა, სულით დაინთქმება გონებისათვის უსაზარლეს, ურჩხულივით პირაშკმულ უფსკრულში, და სამუდამოდ იქ დარჩება თვალდაშრეტილი, აჩრდილთა შორის, როგორც ჰადესში“ („ენნეადა“, I, 6, 8).

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ

 

 

Print Friendly

Comments are closed.