რობერტ ტაფტი: მოწამეთა კულტი

image011

ეპიგრაფიული ნიმუში დომიტილას კატაკომბებიდან, III ს. შდრ. ფს 22:1-2: “უფალი ჩემი მწყემსია… ხასხასა მოლზე დამასვენებს”

თავდაპირველი ქრისტიანული  ხედვა [რომ ყველა ნათელღებული წმინდაა] ნელ-ნელა იცვლებოდა მოწამეთა კულტის განვითარებასთან ერთად, რაზეც მოწმობს „წამება პოლიკარპე სმირნელისა“ (დაახ. 160). ასე იქმნებოდა ცხონებულთა განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც დევნათა ეპოქის დასრულების შემდეგ განივრცო აღმსარებლებზეც, ასკეტებზეც, მღვდელმთავრებზეც და სხვ.

მოწამეთა კულტი წარმოადგენდა მიცვალებულთა პატივისცემის ერთ-ერთ ელემენტს. ქრისტიანები იკრიბებოდნენ საფლავის გარშემო, საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსახსენებლად, ხშირად ევქარისტიაში, განსაკუთრებით გარდაცვალების წლისთავებზე. და რამდენადაც ადგილობრივი მოწამეები იყვნენ გმირები მთელი ქრისტიანული თემისათვის, გარდაცვალების წლისთავებზე მათ იხსენიებდნენ არა მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები, არამედ მთელი ქრისტიანული თემი.

მოწამეთა კულტი სხვა მიცვალებულთა კულტს გამოეყო მხოლოდ III საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამავე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც მოწამეთა თაყვანისცემა ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა გამორჩეულ მოვლენას, საფლავის ქვის პალექრისტიანული მინაწერები და გრაფიტები ამოწმებენ, რომ პირველი ქრისტიანები განურჩევლად ლოცულობდნენ მიცვალებულებზე, მათ შორის მოწამეებზეც, რათა მოეპოვებინათ მათი მეოხება. ამავე დროს მორწმუნეები ლოცულობდნენ მოწამეებისათვისაც, რომელთა საპატივცემულოდაც აწყობდნენ მოსახსენებელ ვახშმებს [აღაპებს], ზუსტად ისე, როგორც სხვა ქრისტიანი მიცვალებულებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ გამოცხადების (6:9-11) თანახმად მოწამეები აღწევდნენ განსაკუთრებულ ღვთიურ ნეტარებას უშუალოდ მარტირიის ღვაწლის აღსრულების შემდეგ, მეორე, უმცირესობის შეხედულებით ისინი, მიუხედავად იმისა, რომ განისვენებდნენ ნათლისა და ნეტარების განსაკუთრებულ ადგილას, რაც ჩვეულებრივ მიცვალებულს არ ჰქონდა, ჯერ კიდევ უნდა დალოდებოდნენ მკვდრეთით აღდგომასა და საბოლოო განკითხვას, როდესაც მათი განსასვენებელიც გადაწყდებოდა, როგორც ნებისმიერი სხვისა. ასე რომ პირველ ქრისტიანებს შეეძლოთ ელოცათ მოწამეებისადმი და მოწამეებისათვის, რაიმე სახის თვითწინააღდეგობის გარეშე.

სტატიიდან R.F. Taft, «Liturgia e culto dei santi in area bizantino-greca e slava. Problemi di origine, significato e sviluppo», in Id. A partire dalla liturgia, Roma 2004, 211-214, თარგმნა ლეონიდე ებრალიძემ.

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.