საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია

avtokefalia5ავტორი: ბატონიშვილი ილამაზ დადეშკელიანი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია
(კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი)

თარგმანი
ვლადიმერ ნარსიასი

Prince ILAMAZ DADESHKELIANI
The Autocephaly of the Orthodox Church of Georgia.
Article published in “The Christian East”. July 1922. Vol. III. N. 2 and October 1922 Vol. III. N. 3, – London.
Translated by Vladimer Narsia

მთარგმნელისაგან

ამა წლის (2011) მარტის თვეში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მივაკვლიე ინგლისურ ენაზე შედგენილ სტატიების კრებულს ბატონიშვილ ილამაზ დადეშკელიანის ავტორობით. კრებულში განხილულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხები, რომელსაც ფონად გასდევს კანონიკურ-სამართლებრივი შინაარსის მსჯელობა და შეფასებები.

წინამდებარე ნაშრომის თარგმნა ქართველი მკითხველისათვის სწორედ ამ ნიშნით მივიჩნიე საყურადღებოდ. თუმცა, კრებულის არსებობა იმთავითვე საინტერესო ფაქტია, როგორც მე-20 საუკუნის ქართული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო მნიშვნელობის მქონე პრობლემათა ანალიზის, სადაც გადმოცემულია სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ხედვა როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტისადმი. ნაშრომიდან ცხადად ჩანს, რომ ავტორი მიზნად არ ისახავს განსახილველი საკითხის ღრმა სამეცნიერო ანალიზს. იგი უმთავრესად ცდილობს დასავლური საზოგადოებისათვის ნათელი გახადოს ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო იმდროინდელი საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფო დამოუკიდებლობის ისტორიულ პერიპეტიებთან.
სტატიების კრებული მკითხველისათვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება წინამდებარე ნაშრომის სახით საინტერესო მსჯელობის მოწმე გახდება, რაც გაამართლებს კრებულის თარგმნის მიზანს.

ვლადიმერ ნარსია

***

1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ) ქართველი ეპისკოპოსების; სამღვდელოებისა და საერო პირთა მონაწილეობით გამოიცა დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს (ივერიის) მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასწლიანი ლოდინის შემდეგ კვლავ მოიპოვა თვითმართველობის უფლება. (ავტოკეფალია. იერარქიული დამოუკიდებლობა სხვა საეკლესიო ავტორიტეტებისაგან).
ორი კვირის შემდეგ 1917 წ. 27 მარტს (ძვ. სტ) რუსეთის დროებითმა მთავრობამ გამოსცა კანონი: ”საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით გამოწვეული იურიდიული შედეგების რეგულირების შესახებ”. აღნიშნული კანონის თანახმად რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლება:

1. როგორც დაინტერესებული აღნიშნული ფაქტით, სცნობდა, აღიარებდა და ადასტურებდა 12 მარტის დეკლარაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ.

2. არეგულირებდა სახელმწიფოსათვის ავტოკეფალიის აღდგენით გამოწვეულ იურიდიულ შედეგებს.

3. აღადგენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იმ შესაძლებლობების გამოყენების უფლებას რომელსაც იგი, როგორც ავტოკეფალური ეკლესია, ფლობდა ოდითგანვე. და,

4. დასრულებულად გამოაცხადა ის ანტიკანონიკური წესრიგი რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს ქმედების გამო.

საქართველოში მონარქიის გაუქმების შემდეგ (1801) მართლმადიდებელ ეკლესიას ფაქტობრივად ჩამოერთვა თვითმართველობის უძველესი უფლება. ვამბობ ფაქტობრივად, რადგან წესით, საეკლესიო კანონიკის მიხედვით, (იურიდიულად – საეკლესიო მნიშვნელობით) ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიისათვის არასოდეს გაუქმებულა. რუსეთის დროებითი მთავრობა, რომელიც დაარსდა რევოლუციის შემდგომი პერიოდის საწყისს იდეალისტურ ხანაში საკუთარ მოწოდებად რუს ხალხზე ზრუნვას მიიჩნევდა. ჩამოყალიბებიდან რამდენიმე დღეში ძველი რეჟიმის ნაკლოვანებებისა და დანაშაულების გამოსწორების პირველსავე ცდაზე დროებითმა მთავრობამ სცნო პოლონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და იმავე სულისკვეთებით მისი მოღვაწეობის პირველსავე თვეს აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაც. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის იდეას მხარდამჭერები ძველი რეჟიმის კონსერვატორული ფრთის რუს პოლიტიკოსთა შორისაც გამოუჩდა (მაგ: დურნოვო), რადგან ისინი საქართველოს (ივერიის) მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უძველეს ეკლესიად განიხილავდნენ, რომელსაც ისეთმა მართლმადიდებლურმა სახელმწიფომ როგორიც იყო რუსეთი ანტიკანონიკური გზით გაუუქმა თვითმართველობის უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ჩამოერთვა მართლმადიდებლური კანონიკური პრინციპების უხეში დარღვევით, ე.ი. არა ავტორიტეტული საეკლესიო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ საერო ხელისუფლების, კერძოდ: იმპერატორების პავლე I და ალექსანდრე I უკანონო მოთხოვნით, საქართველოში იძულებითი წესით შეცვლილიყო არსებული საეკლესიო მმართველობის ფორმა მარტივი ეპარქიული მმართველობით. ამ გზით საქართველოს ეკლესია დაემორჩილა მასზედ ახალგაზრდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამ სტატიაში ზოგადად არის განხილული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და ნაჩვენებია ადგილობრ ავტოკეფალურ ეკლესიათა ურთიერთობებში უფროს-უმცროსობობის წესის დაცვის უძველესი ტრადიცია. ასევე, ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის მოპოვებასთან დაკავშირებით ყურადღება გავამახვილებულია კანონიკური სამართლის უმთავრეს პრინციპზე, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ეკლესიები თვითმართველობას (ავტოკეფალიას) მოიპოვებენ:

1. მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა გადაწყვეტილებით, ან

2. იმ ეკლესიის გადაწყვეტილების საფუძველზე რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენდა იგი ავტოკეფალიის სტატუსის შეძენამდე.

შესაბამისად, გაკეთებულია ლოგიკური დასკვნა, რომ ადგილობრივმა ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ავტოკეფალია ან, მსოფლიო ეკლესიების გადაწყვეტილების საფუძველზე, ან თავად საკუთარი მოთხოვნით, რომელიც განხილული იქნება უფლებამოსილი კანონიკური ორგანოს მიერ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი ხაზგასმით შევნიშნავთ, რომ არათუ რომელიმე ავტოკეფალურ ეკლესიას ოდესმე განუხილავს საკითხი საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ჩამორთმევის შესახებ, არამედ ეს საკითხი არც არასოდეს წამოჭრილა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ჩამოერთვა საერო ხელისუფლების ბრძანებულებით, რომლის საფუძველზეც იგი დაექვემდებარა რუსეთის სინოდალურ მმართველობას. ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, იმავე უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო (საერო) ხელისუფლების მიერ 1917წ. 27 მარტს როდესაც რუსეთის დროებითმა მთავრობამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
1917წ. 27 მარტის კანონმა წინ გაუსწრო რუსეთის მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნლელოვან დადგენილებას, რომლის ძალითაც დარეგულირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა რუსეთის სახელმწიფოში და აღსდგა ის განსაკუთრებული უფლება რომელსაც ეს ეკლესია ფლობდა ისტორიულად (იგულისხმება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება. ამ დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი იყო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე). ეს დადგენილება შემუშავდა და გამოიცა 1917წ. 25 ივლისს, რომელსაც ეწოდა: ”საქართველოს ეკლესიის დროებითი მართვის წესები რუსეთის სახელმწიფოში.” დროებითი მთავრობის ეს ორი საკანონმდებლო აქტი (1917წ. 27 მარტის კანონი და 1917წ. 25 ივლისის ”დროებითი მართვის წესები”), რომელიც ეხებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საფუძვლად დაედო ერთ სახელმწიფოში ორი ეკლესიის თანაარსებობის რეჟიმის შექმნას. აღნიშნული საკანონმდებლო აქტები საყურადღებოა იმ ნიშნით, რომ მათ საფუძველზე დროებითმა მთავრობამ შეინარჩუნა საეკლესიო კრებების მოწვევისა და ამომრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების უფლება და რიგ საკითხებში (მაგ: სასულიერო პირთა დანიშვნა) იმის გამო, რომ სახელმწიფო აფინანსებდა რელიგიურ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამთავრობო კონტროლი ეკლესიაზე.
ქვემოთ შემოთავაზებულ მსჯელობაში ჩვენ ცხადად დავინახავთ, რომ ეს ორი კანონი, რომლებმაც თუმცა აღადგინეს ფუნდამენტალური უფლებები საქართველოს ეკლესიისათვის, მაინც შორს იყვნენ სრულყოფილებისაგან რადგან ავლენდნენ შინაგან წინააღმდეგობებს იმ პრინციპებთან რომელსაც თავად აღიარებდნენ. ამჯერად კი შევეცდებით საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან წარმოვადგინოთ ის ფაქტები რომლებიც მოწმობენ მისი ავტოკეფალიის მოპოვებისა და განვითარების კანონიკურ პროცესზე.
***
მსოფლიო ეკლესიების წინაშე მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვაწლი, რაც არაერთი ისტორიული ფაქტით დასტურდება. მაგრამ, ქართველი ერისათვის ეს ეკლესია უფრო სხვა და განსაკუთრებული ადგილის მქონეა, ისეთი როგორიც გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ დაახასიათა: ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდებისა და ძლიერების განმსაზღვრელი ფაქტორია ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის.”
მათ ვისაც აინტერესებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ვთავაზობთ საყურადღებო ლიტერატურას ამ საკითხებთან დაკავშირებით: ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე
(უპირველესად: ”L’Eglise georgienne des origines jusqu’a nos jours, “by Michael Tamarati – Rome, 1910, and “Sketches of Georgian Church History” by Archedeacon Dowling D.D. – London, 1912) ასევე, განსაკუთრებული პუბლიკაციები ფილოლოგიური, კანონიკური, და პატროლოგიური ანალიზით1
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ადგილობრივი ეკლესიების დაარსება-განვითარების ტიპიური ისტორიაა. მეზობელი ქრისტიანული ეკლესიის მისიონერებისაგან ”ახლადგანათლულმა” ქართულმა სამწყსომ მოღვაწეობის პირველი პერიოდი მის მაკურთხეველ (დედა) ეკლესიასთან კანონიკურ დაქვემდებარებაში გაატარა. როცა ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრება მეტად დაიხვეწა და იერარქიაც გაძლიერდა საქართველოს ეკლესიამ რიგ საკითხებში მოიპოვა ავტონომიურობა (და არა ავტოკეფალია! ვ.ნ), რითაც შეასუსტა სუბორდინაცია მის მაკურთხეველ ეკლესიასთან. დროდადრო ასეთი ნომინალური სუბორდინაცია უფრო სიმბოლური ხასიათის მატარებელი გახდა, ვიდრე პრაქტიკულის რაც ვლინდებოდა ისეთი ფაქტებით როგორიცაა ადგილობრივი უმაღლესი იერარქების დაწინაურებისთვის მაკურთხეველი ეკლესიის თანხმობა; ზოგიერთ მიტროპოლიას ეგზავნებოდა ეკლესიების შემოსავლის გარკვეული ნაწილი; საეკლესიო მსახურებებზე ხდებოდა მაკურთხეველი ეკლესიის მოხსენიება; სავალდებულო იყო მირონის მიღება მაკურთხეველი ეკლესიისაგან და სხვა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა მისი მაკურთხეველი ეკლესიისაგან. ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის მოპოვების ორი გზის შესახებ: 1. მსოფლიო საეკლესიო კრებათა გადაწყვეტილებით, ან 2. მაკურთხეველი ეკლესიის თანხმობით. ამ უკანასკნელი გზით საქართველოს გარდა ავტოკეფალია მოპოვებული აქვს კვიპროსის ეკლესიას [შენ.1]; უფრო მოგვიანებით კი, საბერძნეთის, რუმინეთის, სერბეთის, მონტენეგროს და ბუკოვინა-დალმატიის ეკლესიებს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღმოცენდა ორი გავლენიანი ეკლესიის – კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის ისტორიული პროცესების დინებაში. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა ამ ეკლესიის ისტორია უკავშირდება წმ. ქალწულის ნინოს სახელს, რომელიც საქართველოში ბიზანტიიდან შემოვიდა 326წელს ქართველთა ქრისტიანობაზე მოსაქცევად. მოგვიანებით კი ცამეტი ასურელი მამის მოღვაწეობის (წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის) ისტორიას, რომელთა მიზანი იყო საქართველოში ქრისტიანობის პროპაგანდის ხელშეწყობა და საეკლესიო იერარქიის გაძლიერება. ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ უადრესი მოწმობაა ქართველი ეპისკოპოსის პანთოფილეს მონაწილეობა 381 წლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, სადაც გადაწყდა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებიდან საქართველოს ეკლესიის გადასვლის საკითხი ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციაში. 458 წელს კი ქართლის მეფის ვახტანგ გორგასალისა და ბიზანტიის იმპერატორ ანასტასი I დროს მცხეთის მთავარეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათოლიკოსის ხარისხში. (ამ ტიტულს ატარებდა  ქრისტიანული  აღმოსავლეთის ეკლესიის მეთაურნი)[შენ.2].
ანტიოქიის პატრიარქმა პალადიუსმა[შენ.3], რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს (ივერიის) ეკლესია დაექვემდებარა ანტიოქიის ეკლესიას, მცხეთაში პირველად მოავლინა ეროვნებით ბერძენი კათოლიკოსი პეტრე. ამ დროიდან შიდასაეკლესიო საქმიანობაში საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა გარკვეული ავტონომია, მაგრამ ჯერ კიდევ მის მეთაურად რჩებოდა ეროვნებით ბერძენი კათოლიკოსი, რომელიც იკურთხებოდა ანტიოქიაში. 553 წელს კი, ქართლის მეფის ფარსმანის მეფობის დროს ქართველ იერარქთა შორის ქართველი სამღვდელოების მიერ არჩეული იქნა მცხეთისა და სრულიად ქართველთა კათოლიკოსი, რომელიც ეკურთხებოდა ანტიოქიაში.
VIII საუკუნეში ქართლის კათოლიკოს ბართლომეს გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე, კათოლიკოსი იოანე, გაემგზავრა ანტიოქიის საეკლესიო კრებაზე რომელსაც ხელმძღვანელობდა ანტიოქიის პატრიარქი თეოფილაქტე, ვინც საქართველოს ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია[შენ.4]. XI საუკუნეში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში და ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მოგვიანებით დადასტურებული იქნა: 1). XI საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის მიერ (როცა განიხილებოდა საკითხი მირონის მომზადების შესახებ). 2). ანტიოქიის კრების მიერ (XI საუკუნეში), რომელსაც ხელმძღვანელობდა პატრიარქი პეტრე. 3). და ისევ XI საუკუნეში, მისი მემკვიდრის (იგულისხმება პატრიარქი პეტრე. ვ.ნ.) თეოდოსის მიერ. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი კანონისტი, ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებზე საუბრის დროს ნაშრომის მეორე თავში აღმოსავლეთ ეკლესიათა შორის ახსენებს საქართველოს ეკლესიას და მიუთითებს, რომ ივერიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანტიოქიის კრების მიერ აღიარებულია დამოუკიდებელი უფლების მქონედ. გარდა ამისა, ბიზანტიელი კანონისტი მათე ბლასტარიც, რომელმაც შეადგინა ”ანბანური სინტაგმა”, აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია არ არის დაქვემდებარებული აღმოსავლეთის არცერთ პატრიარქზეო.
ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიზიარა აღმოსავლეთის ეკლესიების პროტოკოლური ცხოვრების წესი. ის მიწვეულ იქნა და მონაწილეობას ღებულობდა:
1. ბაზელის საეკლესიო კრებაზე
2. ფლორენციის საეკლესიო კრებაზე, სადაც ქართველი წარმომადგენლები: მიტროპოლიტები იოანე-გრიგოლი და დოსითეოსი უკან იქნენ გაწვეულები იმპერატორ იოანე VI მიერ საეკლესიო კრებაზე განსახილველ საკითხთა მიუღებელობის გამო.
3. 1666 წელს მოსკოვის კრებაზე, რომელიც მოწვეული იქნა რუსეთის პატრიარქ ნიკონის საქმის განსახილველად, სადაც საქართველოს ეკლესია წარმოდგენილი იყო მიტროპოლიტ ეპიფანესა და არქიმანდრიტ პახომის სახით.
***
საქართველოს ეკლესიის კანონიკურად ჩამოყალიბება-განვითარების პროცესი ავტოკეფალიის მოპოვებით არ დასრულებულა. საქართველოს სამეფოს დეცენტრალიზაციამ და ახალი პოლიტიკური ავტონომიების წარმოქმნამ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, განაპირობა ამ რეგიონის ეპისკოპოსთა შორის უპირატესის გამოკვეთისა და მისთვის კანონიკური ავტონომიის მინიჭების აუცილებლობა. ეს პროცესები დასრულდა 1390 წელს ბიჭვინთის (აფხაზეთის) მთავარეპისკოპოსისათვის ავტოკეფალიის მინიჭებით, რომლის ტიტული ჯერ მოიხსენებოდა როგორც კათოლიკოსი აფხაზეთისა და ბიჭვინთისა, ხოლო 1444 წლიდან კი კათოლიკოსი აფხაზეთის, იმერეთისა და დასავლეთ საქართველოსი, რომლის იურისდიქციის საზღვრები ვრცელდებოდა მთელ დასავლეთ საქართველოზე (იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი)[შენ.5]. 1657 წელს კი დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო ტახტი გადავიდა გელათში (ქუთაისის მახლობლად)[შენ.6]. საქართველოს ეკლესიის ორ საკათალიკოსოდ დაყოფის ეს კანონიკური წესი აღიარებული იქნა აღმოსავლეთის ეკლესიათა პატრიარქების მიერ, რაზეც მოწმობს ანტიოქიის პატრიარქი მაკარი და იერუსალიმის პატრიარქები დოსითეოსი და ქრიზანთოსი, რომლებიც საკუთარ წერილებში ზემოთ ნახსენებ ორ კათოლიკოსის ტიტულს მოიხსენებენ მათთვის დადგენილი საგანგებო წესების დაცვით.
დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს არსებობა 1390 წლიდან გაგრძელდა XVIII საუკუნის დამლევამდე.
ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ათასწლიან ომში გადაღლილმა საქართველომ დახმარებისათვის ჩრდილოელ მეზობელ, ერთმორწმუნე რუსეთს მიმართა. 1783 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II -სა და საქართველოს მეფე ერეკლე II -ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთი აცხადებდა მზადყოფნას დაეცვა საქართველო უცხო ქვეყნის აგრესიისაგან. ასევე, ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო ქვეყნის სუვერენული უფლება შიდასახელმწიფოებრივი მმართველობით საქმიანობაში და ქართული სამეფო დინასტიის (ბაგრატოვანთა) მმართველობის ხელშეუვალობა. თუმცა, ეს ხელშეკრულება არ მოიცავდა საეკლესიო მმართველობით საქმიანობას, რადგან როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, კანონიკური სამართალი არ შეიძლება იყოს არც საერთაშორისო და არც კონსტიტუციური სამართლის რეგულირების საგანი. ამიტომ, გვსურს კიდევ ერთხელ მივუთითოთ, რომ 1783 წლის ხელშეკრულება არ შეხებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს და იგი კანონიკური თვალსაზრისით უცვლელი დარჩა [შენ.7]!
1783 წლის ხელშეკრულებიდან თორმეტი წლის შემდეგ, საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლის ფაქტით გაღიზიანებული სპარსეთის შაჰი, აღა-მახმად-ხანი, შემოიჭრა და სრულიად დაარბია ქვეყანა. რუსეთმა ამჯერადაც არ შეასრულა 1783 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესახებ, რის გამოც ქვეყანა აღმოჩნდა იმაზე უარეს მდგომარეობაში ვიდრე იგი თემურ ლენგის შემოსევების დროს იყო.
შემდგომ პერიოდში კი საქართველოს ისტორია ასე განვითარდა: მეფე ერეკლე II ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლეში ვერც იხილა თავისუფალი საქართველო. ერეკლეს შემდეგ კი სამწელნახევარი მისი ვაჟი გიორგი XIII მეფობდა. გიორგი XIII გარდაცვალების შემდეგ კი სპარსეთის შემოსევით დასუსტებული საქართველო იმერატორების პავლე I და ალექსანდრე I მიერ ანექსირებულ იქნა და გამოცხადდა რუსეთის იმპერიის ნაწილად, რითაც დაირღვა 1783 წელს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს მფარველობისა და სუვერენულობის ხელშეუვალობის შესახებ. სწორედ ამ დროს, იძულებითი და ანტიკანონიკური წესით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის საერო ხელისუფლებისაგან ჩამოერთვა თვითმართველობის უფლება. 1801 წელს იმპერატორი პავლე I წერდა, ”ჩემი სურვილია საქართველო დაექვემდებაროს რუსეთის უმაღლეს სენატს, ხოლო ყველაფერი რაც დაკავშირებულია საეკლესიო მმართველობასთან რუსეთის სინოდს.”
1811 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი II გაწვეული იქნა რუსეთში სადაც ის გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა უფლება საკუთარი მწყემსთმავრის, კათოლიკოს-პატრიარქის, არჩევის და მის მმართველად რუსეთის სინოდის მიერ პეტერბურგიდან მოვლენილი იქნა ექზარქოსი, რომელსაც დაევალა საქართველოს ეკლესიის წინამძღოლობა.
ამ სტატიაში მიზნად არ ვისახავ გავაკრიტიკო იმპერატორ პავლე I ეს განზრახვა, ვინაიდან შესაძლოა ის თვლიდა რომ ამ გზით სიკეთეს აკეთებდა საკუთარი იმპერიისათვის, მაგრამ, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილ არცერთ დადგენილებას არ გააჩნდა კანონიკური მნიშვნელობა და რჩებოდა მხოლოდ საერო ძალის მქონე წესებად. შესაბამისად, საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას (როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნეთ) არასოდეს ჩამორთმევია თვითმართველობის უფლება, არამედ მხოლოდ მისი ფიზიკური გამოყენების შესაძლებლობა იქნა შეზღუდული და თავად ეს ეკლესია კი ყოველთვის ინარჩუნებდა ავტოკეფალური მართვის კანონიკურ უფლებას. შესაბამისად, ის რუსი ეპისკოპოსები, რომლებიც საერო, და არა კანონიკური, დადგენილების საფუძველზე ახორციელებდნენ საქართველოს ეკლესიის მართვას ხელყოფდნენ ეკლესიის კანონიკურ წესებს და მოქმედებდნენ საეკლესიო სამართლის წესების უხეში დარღვევით.
არსებობის ას წელზე მეტი საქართველოში მოქმედი რუსული საეგზარქოსო კავკასიის რეგიონში მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსულ პოლიტიკას და წარმოადგენდა სახელმწფიფო აპარატის ნაწილს. მაგრამ, ჩვენ აქ თავს შევიკავებთ ექზარქოსთა საქმიანობის დეტალური შეფასებებისაგან, უპირველესად იმიტომ, რომ ისედაც ცხადია მათი სახელმწიფო პოლიტიკასთან კავშირი, რომელიც რუსეთის მთავრობის დაკვეთით ხორციელდებოდა, და მეორეც, იმიტომ რომ სინოდალურ საექზარქოსოს არსებობა საქართველოს ეკლესიაში იმთავითვე უსამართლო და ანტიკანონიკური იყო. ამიტომ, შეუძლებელია ამ ფაქტზე ისაუბრო სამართლისა და კანონის თვალსაწიერიდან. მაგრამ, რამდენიმე მაგალითის მოყვანა მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ იმისათვის, რომ მეტი სიცხადით გამოგვეაშკარავებინა ექზარქოსების რეჟიმის მავნებლობა საქართველოში, რომელსაც იძულებით დაექვემდებარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.
ვიდრე საქართველოს ეკლესიაზე იძულებით განხორციელებოდა ექზარქოსთა ”მეურვეობა”, ეკლესიის ქონება შეადგენდა ას მილიონზე მეტ მანეთ ოქროს, რომელიც სრულად იქნა კონფისკირებული საექზარქოსო მმართველობის პერიოდში; ქართული ენა მუდმივად განიცდიდა შევიწროებას და მის ნაცვლად ადგილს სლავური იჭერდა, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ეს ენა არ ესმოდა; ქართულ გალობას ”თხების კიკინი” უწოდეს და იგი სლავური საგალობლებით ჩაანაცვლეს, რომელიც საერთოდ გაუგებარი იყო ქართველი მრევილისათვის; გადასახლებული იქნა არაერთი ქართველი იერარქი, მათ შორის ეპისკოპოსები და ა. შ. რუსეთის სინოდის მმართველობა საზიანო სხვა ნიშნითაც იყო. ექზარქოს ევსევის თანხმობით გაძარცვული იქნა XI საუკუნის უნიკალური გელათური სახარება; იგივე ჩაიდინეს მცხეთის, ალავერდისა და ბოდბის საკათედრო ტაძრების საგანძურთა გაძარცვით; ასევე, უძველესი ისტორიული წიგნები და ხელნაწერები თანდართული მდიდრული მინიატურებით გატანილი იქნა ქვეყნიდან; მეტიც, თბილისის მეტეხის ტაძარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (ორმოცდაათი ათასი მანეთი ოქროს ღირებულების) იძულებით ჩამოართვეს. ექზარქოს პალადის დადგენილებით ბატონ საბინგუსმა რესტავრაციის მიზნით საქართველოდან გაიტანა ყველაზე ძვირადღირებული ქართული ხატი, მაგრამ ნაცვლად დაპირებისა სრულად გაძარცვა. გარდა ამისა ადგილი ქონდა ქართველი სასულიერო პირების, ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების რეპრესიებს, განსაკუთრებით მათ ვინც უკომპრომისოდ იცავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის იდეას. ეპისკოპოსების კირიონისა და ლეონიდეს, და ასევე, არქიმანდრიტ ამბროსის გადასახლების ისტორია ტიპიური შემთხვევებია ამ სავალალო პერიოდის ილუსტრირებისათვის.
ქართველი სასულიერო პირების მიმართ უსაზღვრო ნდობის, რომლებიც იმავდროულად ეკლესიის ავტოკეფალიის მებაირაღენი იყვენენ, გამოხატულებაა ის ფაქტიც, რომ მათ მოთხოვნებს არასოდეს გამოუწვევია პროტესტი კავკასიაში კონფესიურად და რელიგიურად განსხვავებულ ჯგუფების მხრიდან, რადგან მათი მოთხოვნები არ სცილდებოდა ზომიერების ფარგლებს და არასოდეს უქმნიდა საფრთხეს ეკლესიის ინტერესებსა და პრესტიჟს. პირიქით, მაშინ როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის არაკანონიერად გაუქმების გამო ქართველი სასულიერო პირები დაპირისპირებულები იყვნენ რუსეთის სინოდთან ქართველი და რუსი სამღვდელოება მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად ერთად ეწეოდა მისიონერულ პროპაგანდას ოსეთის მაღალმთიან რეგიონებში. ცნობისათვის, მისიონერული პროპაგანდა ოსეთის მაღალმთიან რაიონებში XII საუკუნეში დაიწყო დავით აღმაშენებლემა და ეს პროცესი გაგრძელდა XVIII საუკუნემდე მანგლისის ეპისკოპოს იოანესა და სხვა ქართველ მოღვაწეთა მიერ,ხოლო შემდეგ რუსეთის საექზარქოსოსთან თანამშრომლობით.
რუსეთის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე გაბედული პროტესტი ქართველმა სასულიერო და საერო დასმა 1902 წელს გამოხატა. მას შემდეგ რაც ქართველ იერარქთა შევიწროება უკიდურეს დევნაში გადაიზარდა საქართველოს საეკლესიო საზოგადოებამ პეტიციით მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს და მოითხოვა საკუთარი შელახული უფლებების დაცვა.
1906 წელს, რუსეთში პოლიტიკური და მორალური კრიზისის პერიოდში, დღის წესრიგში დადგა საეკლესიო კრების მოწვევის საკითხი. რუსეთის სინოდის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური მოსამზადებელი კომისია რომელსაც დაევალა კრებაზე განსახილველ საკითხთა შემუშავება. მაგრამ, როგორც რუსეთის სინოდის, ასევე ხელისუფლების დიდი სურვილი იყო კომისიას აღნიშნულ საკითხთაგან გამოერიცხა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა, თუმცაღა მათ ამის უფლება არ ჰქონდათ.
ქართველი ეპისკოპოსები, ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის სულით შთაგონებულები, იმედოვნებდნენ რა ეკლესიის კანონიერი უფლების აღდგენას გადაწყვიტეს მონაწილება მიეღოთ საეკლესიო კრებში და დაეცვათ საქართველოს ეკლესიის ინტერესები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნაში ქართველ ეპისკოპოსებს მხარს გამოჩენილი ქართველი პროფესორები ნ. მარი და ა. ცაგარელი, უჭერდნენ, რომლებიც მზად იყვნენ საეკლესიო კრების სხდომებში მონაწილეობისათვის, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე არ მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა, რის გამოც ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა კრება.
***
1917 წლის თებერვლის დასასრულს რუსეთის ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა. იმავე წლის 12 მარტის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც მომზადებული იქნა ქართველი სასულიერო და საერო პირების მიერ,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურად გამოცხადდა. 1917 წ. 27 მარტს კი რუსეთის დროებითმა მთავრობამ გამოცსა კანონი ”საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით გამოწვეული იურიდიული შედეგების რეგულირების შესახებ”, რომლის თანახმადაც აღსდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია. 1917 წლის 25 ივლისს კი გამოიცა კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი: ”საქართველოს ეკლესიის დროებითი მართვის წესები რუსეთის სახელმწიფოში.”
როგორც სტატიის დასაწყისში ავღვნიშნეთ დროებითი მთავრობის მიერ გამოცემული ეს ორი დოკუმენტი საფუძველი გახდა რუსეთის სახელმწიფოში ორი ეკლესიის (საქართველოსა და რუსეთის) თანაცხოვრების სრულიად ახლებური რეჟიმის შექმნის. ასევე ამ დოკუმენტებმა შეინარჩუნა და გაახანგრძლივა რუსული სამთავრობო კონტროლი იმეპრიაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებზე. თუმცაღა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც 1917 წლის 27 მარტის დადგენილება, ასევე 25 ივლისის ”დროებითი მართვის” წესები გახდა კომპრომისის საფუძველი საქართველოს ეკლესიის კანონიერი უფლებების აღდგენის გზაზე და ასევე, იმ რადიკალური ცვლილებების საყრდენი, რომელიც შემდგომ განხორციელდა რუსეთის სინოდს დე ფაქტოდ დაქვემდებარებულ საქართველოს ეკლესიაში. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხსენებული ორი დოკუმენტი ავლენდა შინაგან წინაღობებსა და დაბრკოლებებს ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ასევე, ამ უფლების არასრული და არასწორი ფორმით განხორციელების მიზეზიც გახდა. კერძოდ, იმისათვის რომ თავიდან აეცილებინათ რუსეთსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ტრანსკავკასიურ ტერიტორიული საზღვრების საფუძველზე წარმოშობილი დავები, რუსეთის დროებითმა მთავრობამ სრულიად მოულოდნელად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალიის მანამდე უცნობი და მართლმადიდებელი კანონიკისათვის სრულიად გაუგებარი სახის დამოუკიდებლობა ნაციონალური, და არა-ტერიტორიალური ავტოკეფალია. (ამ ცვლილების საფუძველზე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის უძველესი ტიტული: ”სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი” შეიცვალა: ”სრულიად ქართველთა კათოლიკოს –პატრიარქით”. იხ: 1917 წ. 25 ივლისის ”დროებითი მართვის წესების” მე-5 მუხლი). აღნისნული ფაქტის არათანმიმდევრულობა, როგორც ლოგიკური ასევე კანონიკური თვალსაზრისით აშკარაა. ლოგიკური თვალსაზრისით იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიის სტატუსის აღდგენა, status que ante, იმ სახით რა სახითაც ის არსებობდა ინტერვენციის განხორციელებამდე იმთავითვე გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ საზღვრებში მისი პირვანდელი უფლების აღდგენას და არა სხვა რამიე ტიპის ავტოკეფლიას. ხოლო, კანონიკური თვალსაზრისით იმიტომ, რომ ასეთმა ხრიკმა დაარღვია მართლმადიდებლური კანონიკის ფუნდამენტალური პრინციპი რადგან დაუშვა შესაძლებლობა ერთიდაიგივე ტერიტორიაზე ორი ეკლესიის უფლებამოსილების განხორციელებისა.
ერთი ეპისკოპოსის სამრევლოში მეორე ეპისკოპოსის შეჭრა და ასევე, ნებისმიერი სტატუსის მქონე საეკლესიო ავტორიტეტის (მიტროპოლიტის, პატრიარქის, ან სინოდის) მხრიდან სხვისი საეკლესიო იურისდიქციის ხელყოფა მკაცრად იკრძალება ეკლესიის წმ. კანონებით. გარდა ამისა, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოქმედებს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ერთეული – ეპარქია, ამავე ტერიტორიის საზღვრებში გაუგებარია მეორე, მისი მსგავსი და თანაბარუფლებიანი დამოუკიდებელი საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა. ამ ფუნდამენტალური წესიდან გამონაკლის შემთხვევებში გადახვევის შესაძლებლობას იძლევა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკა თუ ასეთის აუცილებლობა განპირობებულია იმ მოტივით, რომ ერთი ეკლესიის ტერიტორიულ საზღვრებში შეიქმნას სხვა ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი მმართველის, ე.ი. პატრიარქის: მისია; სამრევლო; ან, მონასტერი, გარკვეული ფაქტობრივი ან ისტორიული მიზეზების გამო. მართლმადიდებელი კანონიკისათვის უცნობია ადგილობრივი ეკლესიების არატერიტორიალური სტატუსით არსებობის პრაქტიკა. წმ. კანონები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სჯის მათ ვინც არღვევს ტერიტორიული პრინციპის ხელშეუვალობის კანონიკურ წესს, რადგან ეს წესი საეკლესიო ორგანიზაციული მმართველობის ფუნდამენტია.
ძირითადი საფრთხე ამ ფუნდამენტალური წესების დარღვევისა მდგომარეობს ეროვნული ცნობიერებისა და საეკლესიო ცხოვრების ურთიერთგაუმიჯნაობაში, როცა ერთიდაიმავე საეკლესიო იურისდიქციაში შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდეს განსხვავებული ეროვნული ინტერესები და მისწრაფებები. 1872 წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ბულგარეთის სქიზმის შემთხვევა) მკაფიოდ განმარტა საკუთარი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ: საეკლესიო მმართველობაში ნაციონალური პრინციპები მიზეზი ხდება დაპირისპირებების. ერთიდაიგივე ტერიტორიულ იურისდიქციაში სხვადასხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა ეპისკოპოსების მოღვაწეობა, რომლებიც მართავენ განსხვავებული ეროვნების მქონე სამრევლოებს (ბულგარეთის მაგალითი), არაერთხელ იქნა დაგმობილი, როგორც მცდარი მოძღვრება (ფილეტიზმი).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დროებითი მთავრობის კანონები, მიუხედავად იმისა, რომ მოკლებულნი იყვნენ კანონიკურ საფუძვლებს, გამოხატავდა რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების ნებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იძულებითი და ანტიკანონიკური წესით ჩამორთმეული ავტოკეფალიის აღგენასთან დაკავშირებით. ეს ავტოკეფალია აღდგენილი იქნა status que ante ფარგლებში, რაც ნაკლოვანი იყო, მაგრამ საქართველოს ეკლესია, შთაგონებული რა ღვთის იმედისა და მშვიდობიანი მოღვაწეობის სურვილით, დათანხმდა ავტოკეფალიის არასრული უფლებით აღდგენის შეთავაზებას, ვინაიდან ითვალისწინებდა დროებითი მთავრობის მიერ გამოცემული კანონის გარდამავალ ბუნებას.
1917 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც მოახდინა დროებითი მთავრობის 12 მარტის დეკლარაციისა და ასევე, სხვა დადგენილებების რატიფიცირება.
გარდა ამისა, შეიმუშავა საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციული მართვის სტრუქტურა და კანონიკური წესები. ამავე კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების თანხმობის შემდეგ (”დროებითი მართვის წესების” მე-6 მუხლი), 1917 წლის 1 ოქტომბერს, აღსაყდრებულ იქნა მცხეთის სამოციქულო საკათალიკოსო ტახტზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით სრული დუმილი არჩია რუსეთის ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ – წმინდა სინოდმა, ვინაიდან არც რაიმე ფორმით გაუპროტესტებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტი და არც არაფერი უთქვამს დროებითი მთავრობის იმ კანონების შესახებ რომელიც ამ საკითხს ეხებოდა.
ამასობაში რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ოქტომბრის თვეში, მოსკოვში საეჭვო ვითარებაში მოწვეულ იქნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც მთლიანად ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში მოუწია მუშაობა. მიუხედევად ამისა, ამ კრებამ შეძლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურული რეორგანიზება და რუსეთში აღადგინა საპატრიარქო მმართველობა, რაც დასრულდა 1918 წლის 21 თებერვლას მიტროპოლიტ ტიხონის პატრიარქად არჩევით.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ რუსეთის ოფიციალურმა საეკლესიო კრებამ, მსგავსად წმინდა სინოდისა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე კომენტირებას დუმილი ამჯობინა. თუმცა, რუსეთის საპატრიარქო ტახტის აღდგენიდან ერთი თვის შემდეგ პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა საგანგებო ეპისტოლით მიემართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქისათვის, სადაც ის პროტესტს გამოთქვამდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტთან დაკავშირებით. ეპისტოლეში პატრიარქი ტიხონი კანონიკური ნორმის იმ ნაწილს განმარტავდა სადაც საუბარია ეპისკოპოსის ვალდებულებაზე დაემორჩილოს მის უმაღლეს იერარქიულ ინსტანციას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სასჯელს ექვემდებარება.
პატრიარქი ტიხონი ადანაშაულებდა ქართველ ეპისკოპოსებს რუსეთის ექზარქოსის დაუმორჩილებლობაში. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეპისტოლე სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე არც რუსეთის წმინდა სინოდსა და არც საეკლესიო კრებას ამ საკითხებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ამავე პერიოდს უკავშირდება რუსეთის სამღვდელოების მცდელობა კავკასიაში ცრუ ხმების გავრცელებასთან დაკავშირებით, თითქოსდა აღმოსავლეთის არცერთი პატრიარქი – განსაკუთრებით მსოფლიო პატრიარქი, არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში აქ საკითხი ავტოკეფალიის ცნობას კი არ ეხებოდა, (რაც სრულიად განსხვავებული კანონიკური პროცედურაა. ვ.ნ) არამედ უძველესი დროიდან საყოველთაოდ აღიარებული უფლების კვლავ აღდგენას, რომელიც საქართველოში საექზარქოსო მმართველობის გამო არაკანონიკური გზით იქნა გაუქმებული. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბატონ გოგოლაშვილს დაავალა გასაუბრებოდა მსოფლიო საპატრიარქოს დროებით წარმომადგენელს, მიტროპოლიტ დოროთეს. ამ შეხვედრაზე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, კატეგორიულად იქნა დაგმობილი რუსი სამღვდელოების მცდელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ისეთ ცხად და ნათელ საკითხს როგორიც იყო საქართველოს ეკლესიის კანონიკური უფლება აღედგინა საკუთარი ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიამ დაუშვებლად მიიჩნია რუსეთის პატრიარქთან კამათში შესვლა და ამ მოტივით უპასუხოდ დატოვა მისი ეპისტოლე [შენ.8].
***
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი მართვის წესები, როგორც ეს დამტკიცდა მის მიერ ბოლოს მოწვეულ კრებაზე, შესაძლოა ასე შევაჯამოთ:
საქართველოს ეკლესიის მართვის კანონიკური უფლებამოსილება სრული სისავსით ეკუთვნის საეკლესიო კრებას, რომელიც იკრიბება პერიოდულად და მართავს ეკლესიას კათოლიკოს-პატრიარქის მეშვეობით. კათოლიკოს-პატრიარქი აირჩევა კრების მიერ უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე.
კათოლიკოს–პატრიარქის უფლებამოსილება ხორციელდება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით, რომელიც წარმოდგენილია ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და საერო პირების მიერ. ასევე, საეკლესიო სასამართლოს უფლებამოსილებას ახორციელებს კათოლიკოს–პატრიარქი საკათალიკოსო ტრიბუნალის (კოლეგიალური სასამართლო ორგანო ვ.ნ.) შუამდგომლობით. კათოლიკოს–პატრიარქი ეკლესიის მართვის შესახებ დაწვრილებით ახსნა-განმარტებას აწვდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრებას.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა, ისევე როგორც საკათალიკოსო საბჭოსა და სასამართლო ტრიბუნალის წევრების დანიშვნა და მათი ფუნქციონირება რეგულირდება კანონით რომელსაც გამოსცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება.
საქართველოს ეკლესია დაყოფილია ეპარქიებად:
1. თბილისის მიტროპოლია (გორისა და ალავერდის დამხმარე ეპისკოპოსებით)
2. ქუთაისის მიტროპოლია
3. ჭყონდიდის მიტროპოლია
4. ბიჭვინთისა და აფხაზეთის სამთავარეპისკოპოსო.[შენ.9]
იმ საკითხთა გადაწყვეტა, რომელიც ეხება რუსული საექზარქოსოების მიერ საქართველოში დაარსებული რუსული სამრევლოების ადმინისტრირებას, საქართველოს ეკლესიისა და რუსეთის ეკლესიის ორმხრივი შეთანხმებით რჩება რუსი ეპისკოპოსის უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მოღვაწეობს ბაქოში (აღმოსავლეთ კავკასია).
***
1918 წლის ზაფხულში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონი II. მის ნაცვლად, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე, საქართველოს საეკლესიო კრებამ გამოირჩია თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე.
ამ პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ვითარება სწრაფად განვითარდა. 1918 (26 მაისი) წელს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფო დამოუკიდებლობა. 1919 წლის მარტში შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელმაც გამოსცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ. 1921 წლის (იანვარი 27) საქართველოს დამოუკიდებლობა”დე იურედ” იქნა აღიარებული. მეტიც, ერთი წლით ადრე (1920წლის 7 მაისი ) საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მაგრამ, 1921 წლის თებერვალში, ამ ხელშეკრულების სრული უგულვებელყოფით, ასევე, ყოველგვარი საბაბის გარეშე და ომის გამოუცხადებლად, რუსეთის საბჭოთა ჯარები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად ქართული ჯარისა და ერის თავგანწირული წინააღმდეგობისა მათ დაიპყრეს საქართველოს ტერიტორია.
საქართველოს ეროვნული მთავრობა, რომელიც საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ ხელისუფლების განხორციელების სრული უფლებამოსილებით სარგებლობდა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და განმანთავისუფლებელი მოძრაობა უცხოეთიდან გაეგრძელებინა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდე I, როგორც ჭეშმარიტმა მწყემსმა, არ მიატოვა საკუთარი სამრევლო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში დარჩა. იგი მსხვერპლი გახდა რუსული ბოლშევიკური არმიის მიერ საქართველოში შემოტანილი ქოლერის ეპიდემიისა, რის გამოც 1921 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.
საქართველოს საეკლესიო კრებამ მის ნაცვლად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ამბროსი I აირჩია, როგორც უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიისაგან საკუთარი ხალხის ხსნის ერთადერთი იმედი. 1922 წლის 7 თებერვალს მან დაპყრობილი თბილისიდან, ყოველგვარი შიშის გარეშე წერილით მიმართა გენუის კონფერენციას, რომელშიც გამოააშკარავა ქართველი ერის ტრაგედია და მოითხოვა ბოლშევიკური სამხედრო ოკუპაციიდან მისი განთავისუფლება.
ტანჯვით დაქანცულ ქართველ ერს ჯერ კიდევ არ მოშუშებია ისტორიის ტკივილიანი იარები. თანამედროვე ცივილიზაციის ეპოქაში იგი მსხვერპლი გახდა მონღოლთა და თათართა ბარბაროსული აგრესიის. მაგრამ, ღმერთმა განსაცდელთან ბრძოლაში, როგოც მას, ასევე მის ეკლესიას მიანიჭა სიმტკიცე და აღუდგინა დამოუკიდებლობა პატრიოტი ქართველი მამულიშვილების თავდადებით.
დაე უფალმა, როგორც ყოველთვის, დღესაც მიმადლოს მხნეობა საქართველოს ეკლესიას მის მრევლთან ერთად, რათა კვლავ განამტკიცოს ისე, როგორც საუკუნეთა მანძილზე ამტკიცებდა უძველეს კოლხ ხალხს ”ოქროს საწმისის” დარ სულიერებისა და ეროვნული კულტურის გადარჩენისათვის ბრძოლაში.

__
1 “ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული საზოგადოების” გამოცემები; “საქართველოს ეკლესიის მუზეუმის” გამოცემები; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა (”ტექსტები და კვლევები სომხურ-ქართული ენათმეცნიერების შესახებ”); პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (”კრებულები იაფეტურ ენათმეცნიერებაში”); თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა ”სიძველენი საქართველოსი” და პროფესორების: მარის, თაყაიშვილის, ცაგარელის, კეკელიძის შრომები.

2 ტერმინი ”ივერია” დღემდე ნარჩუნდება ანტიოქიის პატრიარქის ტიტულატურაში, რაც აღნიშნული ფაქტის ერთგვარი კონსტანტაციაა.

3 ეს ბრძანებულება გამოიცა 1811წ. 10 ივნისს და მასში მითითებულია, რომ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქის ”კათოლიკოსის” სტატუსი შეუთავსებელია რუსეთის წმ. სინოდის მართვის წესდებასთან.

______________

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის სარედაქციო ჯგუფის შენიშვნები:

რამდენადაც ილამაზ დადეშქელიანის ეს  სტატია დაწერილია 1920–იან წლებში, მასში რამდენიმე ისეთი დებულებაა გატარებული , რომელიც შემდგომი სამეცნიერო კვლევა–ძიების შედეგად შეიცვალა და დღევნდელ ისტორიის მეცნიერებაში განსხვავებულად ფასდება , ასევე  რამდენიმე საკითხი დეფექუტრადაა გაშუქებული, ამიტომ დავურთავთ რამდენიმე აუცილებელ შენიშვნას:

შენ.1 – აქ ავტორი არასწორად აფასებს კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიის წარმოშობის საკითხს. ამ ეკლესიის ავტოკეფალია მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს, ხოლო მისი დამტკიცება და აღიარება საბოლოოდ გაფორმდა  ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე 432 წელს (იხ. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს  ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი I, გვ 277, თბ. 2007).

შენ.2,3,4– გადმოცემული შეხედულბები ასევე უარყოფილია ძირითადად თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში. დღეს მიღებულია შეხედულება, რომ მეხუთეს საუკუნის მეორე ნახევარში, ანტიოქიის პატრიარქ პეტრე პირველისა და ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის, ანუ  იბერიის ეკლესიამ მიიღო სრული ავტოკეფალია (იხ. ქსე, ტ.9, სტატია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“, ავტორი ბ.ლომინაძე, გვ.:176) . უარყოფილია ეფრემ მცირისა და მიქაელ ბრეკის ცნობები მერვე საუკუნიში თეოფილაქტე ანტიოქიელის მიერ საქართველოსათვის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ბოძების შესახებ, ხოლო პროფ. ვ. გოილაძის საინტერესო ჰიპოთეზით ეს  ნარატივი სინამდვილეში ასახავს აფხაზეთის (ანუ დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს ჩამოყიბების პერიპეტიებს (იხ.: მისი „ქართული ეკლესიის სათავეებთან“,თბ.,1991 წ.).

შენ.5– დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდაა მიღებული შეხედულება, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბება IX-X  საუკუნეებში უნდა მომხდარიყო,ყოველ შემთხვევაში  XII საუკუნეში უკვე  ფიქსირებული ფაქტია (იხ. ბ. ლომინაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ.1, სტატია „აფხაზეთის საკათალიკოსო“, გვ.253–253, თბ.,1997 წ.).

შენ.6– აფხაზეთის კათოლიკოს–პატრიარქთა რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში უფრო ადრე, კერძოდ 1560–70–იან წლებში გადადის (იხ. იქვე).

შენ.7– აქ ავტორი რამდენადმე არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულის თანახმად საქართველოს კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, რუსეთის მღვდელმთავართა შორის პატივით მერვე, თუმცა ინარჩუნებდა თვითმმართველობის უფლებებს.

შენ.8–ავტორი არასწორ ინფორმაციას იძლევა, მართალია პატრიარქ ტიხონის წერილი პატრიარქმა კირიონ მეორემ უპასუხოდ დატოვა, მაგრამ მომდევნო , 1919 წელს მას ვრცელი დასაბუთებული ეპისტოლეთი უპასუხა კათოლიკოს–პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). (იხ.: ს. ვარდოსანიძე,” სრულიად საქართველოს–კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე”, თბ., 2009)

შენ.9– აქ ავტორი არასწორად ასახელებს 1917 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულებით განსაზღვრულ ეპარქიების სიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკლესია დაიყო  13  ეპარქიად, რომელთაგან იმ ეტაპზე ამოქმედდა შვიდი ეპარქია: კათოლიკოს–პატრიარქის  მცხეთის სამთავარეპისკოპოსო ეპარქია, თბილისის სამიტროპოლიტო, ქუთაისის სამიტროპოლიტო, ჭყონდიდის სამიტროპოლიტო, ცხუმ –ბედიის, ურბნისის, ალავერდის საეპისკოპოსო ეპარქიები (ამ  დებულების მიხედვით საპატიო სამღვდელმთავრო ტიტულები ეძლეოდა კათედრას, განსხვავებით საქართველოს ეკლესიაში 1920–იანი წლებიდან დღემდე  მოქმედი მოდელისა, რომლის მიხედვითაც ეს წოდებები მღვდელმთავარს პიროვნულად ენიჭება, განურჩევლად ეპარქიისა). (იხ. მიტრ. ანანია ჯაფარიძე, საქართველოს საეკლესიო კრებები, ტომი I, თბ., 2003 )

 

Print Friendly

Comments are closed.