David Tinikashvili

დავით თინიკაშვილი2004 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა „რელიგიური საკითხების შემსწავლელ ცენტრში“ (2005-6 წწ.). 2006-10 წლებში თანამშრომლობდა სახალხო დამცველის ოფისის ჟურნალთან „სოლიდარობა“, რომელშიც რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს რელიგიურ უმცირესობებზე.

2009 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტში (CIPDD) ერთი წლის მანძილზე მუშაობდა სახელმძღვანელოზე „მსოფლიო რელიგიები“ (ზურაბ ჯაშთან თანაავტორობით). სახელმძღვანელო 2012 წელს გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

2009-11 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ქრისტიანული თეოლოგიის მიმართულებით, რომლის დამთავრებისა და თეოლოგიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, 2012 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2014-15 წლებში მუშაობდა გენტის უნივერსიტეტში (ბელგია), სადაც საბოლოოდ დაასრულა სადოქტორო დისერტაცია. თემა: „ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ-პოლიტიკური ურთიერთობა XI-XIII საუკუნეებში“ (ხარისხი: ისტორიის დოქტორი).

2010-11 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კ. კეკელიძის სახელობის სტიპენდიანტია, როგორც ილიაუნის წარმატებული მაგისტრანტი. კონკურსი ითვალისწინებდა ერთ სტიპენდიას სრულიად საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის.

2012 წელს აქტიურად ბლოგერობს ჟურნალ „ლიბერალის“ ვებ-გვერდზე, სადაც გამოაქვეყნა 20-ზე მეტი საავტორო სტატია ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე. აღნიშნულ სტატიათა ციკლისთვის ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს (16 ნოემბერი 2012), სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, მედია-კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ ფარგლებში, განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა (HP-ს ნოუთბუქი).

2011-13 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჟურნალ „მასწავლებლის“ ვებ-გვერდისთვის (mastsavlebeli.ge) მოამზადა (შედგენა/თარგმნა) 30-მდე სტატია სასკოლო განათლების საკითხებზე.

2013 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის (ინტერკულტურული განათლების კვლევა სკოლებში) ფარგლებში განახორციელა 17 სასკოლო სახელმძღვანელოს პროფესიული ანალიზი რელიგიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მრავალი სამეცნიერო სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. ჯამში გამოქვეყნებული აქვს 50-მდე საავტორო სტატია და 40-მდე თარგმანი ჟურნალებში “კადმოსი”, “ცივილიზაციური ძიებანი”, “სემიოტიკა”, “ემაოსი”, “დიალოგი”, “არჩევანი”, „ზღვარი“, “სოლიდარობა”, “ლიბერალი”, “ტაბულა” და “მასწავლებელი”.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისთვის ინგლისური ენიდან თარგმნა სახელმძღვანელო: ევანსი, ჯილიან. ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში (რედაქტორი: თეიმურაზ ბუაძე). სახელმძღვანელო გამოიცა 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

ამჟამად უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს რელიგიის კვლევებისა და თეოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (დაარსებულია რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (ალმა-მატერ).

პროფესიულ ინტერესთა სფერო: რელიგიისა და ათეიზმის ისტორია, ბიზანტოლოგია, რელიგიის ფსიქოლოგია, ბიბლეისტიკა, მისტიკა, პატრისტიკა, ნეიროთეოლოგია და Near Death Experience Studies.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბლოგს: davidtinikashvili.wordpress.com

Print Friendly

Comments are closed.